უფროსები რომ პატარებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ, ვფიქრობ, უდავო და საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა.
ამ წერილში მინდა, საკუთრი ფიქრები და მოსაზრებები გაგიზიაროთ ბავშვებზე, მოზარდებსა და უფროსებზე. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის მეხსიერება მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად დაგროვილ ბევრ ბავშვურ და არცთუ ისე ბავშვურ ისტორიას ინახავს. რამდენიმე მათგანს ახლა მოგიყვებით. გასაგები მიზეზების გამო მონათხრობში მთავარი გმირების სახელები შეცვლილი იქნება.
გიორგი უკვე ზრდასრული ადამიანია, მას ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული ამბავი გადახდა, რომლის შესახებ თავად მომიყვა. ის ცდილობს, გააანალიზოს, ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, როდესაც მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო.
„მე ვიზრდებოდი წყნარ, მშვიდ ოჯახურ გარემოში. მამა ინჟინერი გახლდათ, დედა – დიასახლისი. ორივე მოსიყვარულე და მზრუნველი მშობელი იყო. კარგად ვსწავლობდი, ტექნიკური საგნები არცთუ ისე ძალიან მიყვარდა. სამაგიეროდ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სულ ფრიადებს ვიღებდი. სკოლაში მასწავლებლებსაც ვუყვარდი და თანაკლასელებსაც არ გამოუმჟღავნებიათ აგრესია ჩემ მიმართ.
მამა საღამოობით შინ რომ დაბრუნდებოდა, ივახშმებდა და სამსახურის ამბების მოყოლას იწყებდა. ახლა რომ ვიხსენებ, მას ყოველთვის „კაცური“ ისტორიების მოყოლა უყვარდა. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ერთხელ მისმა თანამშრომლებმა რაღაცაზე იჩხუბეს. ერთმა მეორეს შეაგინა, პირველმა ხელი გაარტყა და ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა. რა თქმა უნდა, გააშველეს. მამა აღფრთოვანებული იყო იმ კოლეგის საქციელით, რომელმაც საკუთარი ღირსება დაიცვა და უწმაწური სიტყვა არ შეარჩინა მეგობარს. ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები: „ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. მე მის ადგილას უარესს ვუზამდი იმ თავხედს. როგორ გაბედა და ამდენი ხალხის თანდასწრებით დედა შეაგინა მას. მსგავსი სიტყვებისთვის მე ალბათ მოვკლავდი, არავის დავინდობდი“.
მამა ჩემთვის ავტორიტეტი იყო და მის ყოველ სიტყვას, მის ნებისმიერ ქცევას ვაჟკაცობის მაგალითად აღვიქვამდი. ხოდა, როდესაც უბანში ერთი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი გადამეკიდა, რომელიც მომენტს არ უშვებდა, რომ დავეჩაგრე, სულ ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ მოიქცეოდა მამაჩემი ჩემს ადგილას. ერთ საბედისწერო დღეს კი, როდესაც იმ ბიჭმა სხვა უბნის ბიჭებისა და ჩემი შეყვარებულის თანდასწრებით შემაგინა, გონება გადამეკეტა, ჯიბეში დანა მქონდა და დავარტყი, თანაც რამდენიმეჯერ. სიმართლე გითხრათ იმ წუთებში მართლაც მისი სიკვდილი მინდოდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მე კი ბევრი წელი ციხეში გავატარე.
მას შემდეგ სულ ამ ამბავზე ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს არ ჰქონია განზრახული მე მოძალადედ და, მით უფრო, მკვლელად გავეზარდე, ზუსტად ასე გამოუვიდა. ახლა მე უკვე საკუთარი შვილები მყავს და ძალიან დაძაბული ვარ მათთან, რომ უნებურად რამე ისეთი არ ვთქვა მათი თანდასწრებით, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება სანანებლად მექცეს მეც და მათაც“.
ამ ისტორიას, იმიტომ გიყვებით, ძვირფასო უფროსებო, რომ ნათლად დაგანახოთ, რა შეუძლია გააკეთოს მშობლის დაუფიქრებელმა სიტყვამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქცევით გამოხატავს საკუთარ აგრესიას პატარების თანდასწრებით.
მშობლები და აღმზრდელები ფსიქოლოგებს ხშირად უსვამენ შეკითხვას, საიდან იღებს სათავეს ბავშვების აგრესიული ქცევა? ბავშვების აგრესიული ქცევის ძირითადი სათავე უფროსების მხრიდან გამოხატულ აგრესიულ ქცევაზე დაკვირვებიდან მოდის. მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს თანდაყოლილი მიმბაძველობის უნარი აქვთ და სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი მუდამ ისწრფვიან, გაიმეორონ უფროსების ქცევები. ბავშვებისა და მოზარდების ქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს გარემოდან მომდინარე არაკეთილსაიმედო ფაქტორები, რომლებსაც მშობლები/აღმზრდელები ხშირად საკუთარი წინდაუხედაობითა და დაუდევრობით ქმნიან. კერძოდ, უგულვებელყოფა, გულგრილი მოპყრობა, აღმზრდელობითი ღონისძიებების არათანმიმდევრული, გაუფრთხილებელი გამოყენება. ამას ემატება არასაკმარისი სიყვარული და უფროსების უმეცრება (ფსიქოლოგიური და აღმზრდელობით/პედაგოგიური უნარ-ჩვევების არქონა).
„ბავშვები საკუთარ და-ძმასთან (დანარჩენ სოციუმთან) ურთიერთობების გარკვევისას დაუფიქრებლად იმეორებენ მათ მიერ ოჯახში ნანახი კონფლიქტის „მოგვარების“ მშობლებისეულ მეთოდებს“.
აღზრდა – ეს არის მშობლების მხრიდან ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთნდობა, ნეგატიური გავლენების მინიმუმამდე დაყვანა. მკითხველი მიხვდება, რომ არ ვამტკიცებ თითქოს უარყოფითი განცდები სრულად უნდა აღმოვფხვრათ. ეს შეუძლებელიც არის და არასასურველიც, რადგან ბავშვებს მსგავს განცდებთან გამკლავებაც უნდა ვასწავლოთ.
ელენე, რომელიც მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მოხვდა, ამბობს, რომ პატარაობისას, ძალიან დამჯერი ბავშვი იყო. შემდეგ კი: „გავიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი მშობლები, რომლებიც სულ ჩამჩიჩინებენ ისწავლე, ისწავლეო, თურმე თავად სრულიადაც არ სჯერათ განათლების აუცილებლობისა. ერთ მშვენიერ დღეს გავიგონე, როგორ ეუბნებოდა დედაჩემი საკუთარ მეგობარს: სწავლა თორემ ერთბაშად რამეს არ მიაღწიო. აი, ხომ გახსოვს ჩვენი კლასელი სოფო, საერთოდ არ სწავლობდა და ახლა ისეთი მანქანით დადის და ისეთი გამოპრანჭულია… ხომ გაგიგია ანდაზა: იღბალი მომეცი დ სანაგვეზე გადამაგდეო… ეჰ, ეგრეა, ეგრე“.
ახლა ჩემს მშობლებს თავად სჭირდებათ ფსიქოლოგი, რათა აუხსნას მათ, რომ აღარაფერს დავუჯერებ, რადგან მე სხვა რამეს მიმტკიცებენ და თავად სულ სხვა რამე მიაჩნიათ მართებულად“.
ასეა, ძვირფასო მშობლებო, ელენე მართლია. ჯერ თავად უნდა ირწმუნოთ იმისი, რასაც საკუთარ შვილებს უნერგავთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ჯერ პატარაა და ამიტომ რასაც ეტყვით, იმას უპირობოდ დაგიჯერებთ, ძალიან სცდებით. ბავშვები იმაზე სწარაფად იზრდებიან, ვიდრე ეს უფროსებს წარმოუდგენიათ და ამიტომ მათ უგროვდებათ წყენა და ზოგ შემთხვევაში, აგრესიაც კი უფროსების მიმართ. ამას თან სდევს პროტესტის მრავალფეროვანი ფორმები – სიჯიუტე, თავნებობა, ნეგტივიზმი. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი მოზარდისადმი არასწორი აღმზრდელობითი მიდგომის შედეგია. ზოგჯერ თავს იჩენენ კონფლიქტები და კრიზისები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ფატალური და გარდაუვალი რამ.
ფსიქოლოგები გამუდმებით ვიმეორებთ, რომ უფროსებმა არ უნდა მოახდინონ მოზარდის ქცევის ჭეშმარიტი მიზეზების იგნორირება. მოზარდის ქცევის მხოლოდ გარეგნულ შედეგებზე რეაქცია არასწორია, მაგრამ გაცილებით უარესია, როდესაც უფროსები ბავშვის ქცევას არასწორ მოტივაციას მიაწერენ. ამგვარ შეცდომას შეუძლია გამოიწვიოს ბავშვის მხრიდან უფროსის აღმზრდელობით მცდელობების სრული იგნორირება.
რთულ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ის აღმზრდელები, რომლებიც ახერხებდნენ ბავშვებთან „შეჯიბრებითი“ („ვინ ვის“ ან „ამან მე როგორ უნდა მაჯობოს“) დამოკიდებულების დაძლევას, გაცილებით უკეთეს შედეგს აღწევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას ვერ ახერხებდა.
საჯარო სკოლების პედაგოგებსაც უნდა შევახსენოთ იგივე: ბავშვები მათი მტრები არ არიან. ადამიანები ხომ არ იბადებიან ეგოისტებად ან ალტრუისტებად, ტრაბახებად ან თავმდაბალ ადამიანებად, ათეისტად ან რელიგიურ ადამიანებად. ისინი ასეთებად შემდგომში ყალიბდებიან.
მოსწავლეების მდგომარეობა დღევანდელ სკოლებში საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ, პედაგოგები საკუთარი ავტორიტეტითა და უკიდეგანო ძალაუფლებით (სიმართლე უნდა ითქვას, ზოგიერთი მასწავლებლის პიროვნული თვისებები და პედაგოგიური კვალიფიკაცია ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე) აწვება ბავშვის ფსიქიკას და, მეორე მხრივ, საკუთრივ მოზარდების ასაკობრივი, ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები.
ნინო – მშობელი, რომლის შვილი დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მეორე კლასში სწავლობს. ნინომ ფსიქოლოგთან კონსულტაცია ითხოვა. მისი თქმით კლასში, რომელშიც მისი ლუკა სწავლობს, ერთი ჰიპერაქტიური მოსწავლეა. ის ხშირად ხელს უშლის გაკვეთილების მიმდინარეობას, რადგან მისი ქცევის მართვა მასწავლებლებს ძალიან უჭირთ. ნინოს თქმით, როდესაც მან და კიდევ სხვა რამდენიმე მშობელმა სცადა ჰიპერაქტიური ბავშვის მშობლისთვის აეხსნათ კლასში შექმნილი მძიმე სიტუაცია, არაფერი გამოუვიდათ, რადგან მშობელი სრულ იგნორირებას უკეთებს ამგვარ საუბრებს და მიიჩნევს, რომ მის შვილს არ აქვს პრობლემები. კლასის დამრიგებელიც არ აღიარებს ქცევითი თავისებურებების მქონე მოსწავლის განსაკუთრებულ საჭიროებებს და ცდილობს დანარჩენ მოსწავლეებს და მათ მშობლებს აუხსნას, რომ დათუნა ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვია. დათუნა კი ამ დროს ხან ერთ კლასელს „შემთხვევით“ წააქცევს სპორტის გაკვეთილზე, ხან მეორეს ჩანთიდან ასევე „შემთხვევით“ ნივთებს ამოაცლის და დახევს. ლუკას დედა კი წუხს, რადგან მას შვილმა უკვე შეკითხვა დაუსვა: დედიკო ნიჭიერი ადამიანები მართლა დათუნასავით ცუდად იქცევიან? შენ ხომ მეუბნები, რომ მეც ნიჭიერი ვარ, რადგან კარგად ვმღერი?“
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მკითხველისათვის, რაზე მიგვანიშნებს ეს შემთხვევა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ზოგადად ან უყვარდებათ სკოლაში სიარული, ან ეს ერთმნიშვნელოვნად მათი მასწავლებლების დამსახურებაა.