სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?

ერთი რეალური ისტორია უნდა გიამბოთ: საჯარო სკოლის დამამთავრებელმა კლასმა ბოლო ზარის დღისათვის დამოუკიდებლად მოამზადა არაკლასიკური მუსიკის (ვთქვათ, როკმუსიკის) საღამო. ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო სკოლის წარმატებული მოსწავლე და როკის ფანი ანა (პირობითად). ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ეს დღეც დადგა. ანა წამყვანი/დიჯეი უნდა ყოფილიყო! საღამოზე ანა ალისფერად შეღებილი თმითა და ახალი ვარცხნილობით მოვიდა – ცალ მხარეს აპარსული. თავი ძალიან მოსწონდა და ბედნიერად გამოიყურებოდა! ქალბატონ დირექტორს ანას ვარცხნილობამ წონასწორობა დააკარგვინა, წამყვანობა ჩამოართვა და სკოლიდან დაითხოვა – მაგ ვარცხნილობით გვარცხვენო!
საღამოს სხვა მოსწავლე გაუძღვა. როგორც აღმოჩნდა, ანა მაყურებლის სტატუსით მაინც შემოუერთდა საღამოს. დასრულების შემდეგ ითხოვა მიკროფონი, მადლობა გადაუხადა სკოლას, მასზე გაწეული ამაგისათვის, იმისათვის, რომ ასეთი გაზარდეს. ბოლოს კი დასძინა – ბოდიში, თუ თქვენი წესები დავარღვიეო.

სკოლის დაკონკრეტება საჭიროდ არ მიმაჩნია, რადგან სამწუხაროდ, მოსწავლეთა და კოლეგათა მიმართ ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულების მაგალითების მოძიება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროა ამ პრობლემაზე დაფიქრება და საუბარი.

ამ სიტუაციაზე კომენტარი ვთხოვეთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც.
ბექა ზანდუკელი, მოსწავლე: ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი რამ, მით უმეტეს, როდესაც ბავშვი სკოლას ამთავრებს. ასე არ შეიძლება მისი გაცილება. პირველი რამდენიმე წელი მოსწავლეებისთვის მასწავლებლები “მაგალითები” არიან, მერე თანდათან ხდება დაკვირვება მათზე და ისინი ამ წოდებას ხან ინარჩუნებენ, ხან ვერა. მადლობა ღმერთს, ჩვენს სკოლაში ასეთი ,,წესები” არ არის.
მარიამ კაბულაშვილი, მოსწავლე : ამ ამბავმა ერთი ისტორია გამახსენა. გოგონა, სახელად გვანცა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამყიდველის პოზიციაზე დასაქმდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მისი მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. გვანცას სამსახურში შემცირებებიც არ შეხებია. ერთ დღეს მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა. გვანცა იმავე დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს. როდესაც კითხვაზე – “რატომ?” – მან პასუხი ვერ მიიღო, მშვიდად შესთავაზა, რომ დღის ბოლომდე, მისი შემცვლელის გამოჩენამდე იმუშავებდა, რათა ის ობიექტი გამყიდველის გარეშე არ დარჩენილიყო. რამდენიმე დღეში მას იგივე სავაჭრო ცენტრიდან დაუკავშირდნენ და სხვა ადგილი შესთავაზეს სამუშაოდ. გვანცას ღირსეულმა საქციელმა მათ საკუთარი შეცდომა დაანახა და მისი გამოსწორებისკენ უბიძგა. დაახლოებით ჰგავს ეს ისტორია ანას ამბავს. დირექტორს შეეძლო მშვიდად აეხსნა ანასთვის სიტუაცია, შეეთავაზებინა სხვა გზა ან თუნდაც ერთად მოეძებნათ გამოსავალი, მაგრამ მან პირდაპირ გადაწყვიტა ანას სკოლიდან დათხოვა. მიუხედავად დაუმსახურებელი მოპყრობისა, მან სიკეთე გაიხსენა და მადლობა გადაიხადა. ვფიქრობ, არც დირექტორს დატოვებდა გულგრილად ანას მოქმედება. შესაძლოა, საღამოს შემდეგ მას ბოდიშიც კი მოეხადა საკუთარი ქმედებისათვის.

ქეთა, მოსწავლე: საშინელებაა, რა სიბნელეა! ყველაზე მეტად ბავშვებზე გავბრაზდი, როგორ არ დაუჭირეს მეგობარს მხარი? როგორ ჩაენაცვლა ახალი დიჯეი? არ შეეძლო უარი ეთქვა? ყველას ერთად უნდა ეთქვათ უარი და საერთოდ ჩაეშალათ საღამო. მაშინ უფრო კარგად მიხვდებოდა დირექტორი, რა შეცდომა დაუშვა და მეორედ ასეთ გადაწყვეტილებამდე დაფიქრდებოდა. მიკვირს ანასი, საერთოდ არ მივიდოდი იქ. ჩემი გვარი არ ჩაწეროთ, მერე დამიწყებენ…

მზია ბიჩინაშვილი, სკოლის დირექტორი: მსგავსი შემთხვევები ხშირია სკოლის ცხოვრებაში. ჩვენ ზრდასრულმა ადამიანებმა, პედაგოგებმა არ უნდა დავუშვათ შეცდომები ბავშვებთან მიმართებაში. არ უნდა დავუმახინჯოთ მათ სული. ჩვენ იმიტომ გვქვია აღმზრდელები, ისე უნდა აღვზარდოთ, რომ შეურაცყოფა და დამცირება არ მივაყენოთ პატარებს. თანადგომით, მეგობრული დარიგებით მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დირექტორი უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო მოსწავლეებთან. მათთან ერთად დაგეგმავდა ბოლო ზარის ღონისძიებასაც. მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებდა და ელდა აღარ ეცემოდა, ახალი ვარცხნილობით გამოცხადებულ ანას რომ დაინახავდა. რადგან მის გარეშე მოხდა ყველაფერი, აღარ უნდა ჩაემწარებინა ბავშვისთვის ბოლო ზარის ზეიმი, მით უმეტეს, ღონისძიება კარგად იყო მომზადებული. ანა კი აქტიური და ზრდილობიანი მოსწავლე ყოფილა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ღონისძიება ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო. არც გაიბუტა და მადლობაც კი გადაიხადა. ასეთ მოსწავლეებს უნდა გავუფრთხილდეთ!
თაკო, მასწავლებელი: ოთხი წელია სკოლაში ვმუშაობ და გადარეული ვარ! საერთოდ არ ესმით ბავშვების. საკმაოდ დიდი სკოლაა და სულ ოთხი-ხუთი პედაგოგია მოსწავლეში პიროვნებას რომ ხედავს და მისი პატივისცემა საჭიროდ მიაჩნია. ბავშვმა სკოლა დაამთავრა და თმას როგორ შეიჭრის, ეს მისი საქმეა. მაგრამ ზოგიერთ სკოლის დირექტორს იმ გარემოს მეფედ წარმოუდგენია თავი და უნდა მის გემოვნებას დაემორჩილოს დიდი და პატარა. მასწავლებლებიც მისი გემოვნებით უნდა ივარცხნებოდნენ… სხვათა შორის, სამეურვეო საბჭოც… სასკოლო გარემო ტოლერანტული, სამართლიანი უნდა იყოს… ზოგიერთს ტოლერანტობა მხოლოდ სხვა აღმსარებლობის მიმართ საჭირო დამოკიდებულებად მიაჩნია… არადა, ეს თვისება სკოლაში სწორედ ბავშვებთან ურთიერთობაშია საჭირო და აუცილებელი…
სიმართლე გითხრათ, 15-მდე პასუხიდან მხოლოდ ეს პასუხები ამოვარჩიე, რადგან დანარჩენი ან იმეორებდა ერთმანეთს, ან საერთოდ უპოზიციო იყო.
თავადაც, როცა ეს ისტორია მოვისმინე, მთელ საღამოს ანას განცდების გასიგრძეგანებას ვცდილობდი. ვუშვებდი სხვადასხვა ვარაუდებს. მინდოდა ამომეხსნა, როგორ მოერია პატარა გოგონა ამხელა წყენას. როგორ სძლია საკუთარ თავს და როგორ ჩაუტარა სკოლას ასეთი ,,დიდი გაკვეთილი”. უფროსი დაეხმარა? მარტო მოიფიქრა? გულწრფელი იყო თუ ირონიული? მოგვიანებით, თავად დირექტორის და პედაგოგების განცდებმაც დამაფიქრა. ნუთუ არცერთმა პედაგოგმა არ გამოთქვა აზრი, არ შეეცადა გადაერჩინა სკოლის ხელმძღვანელი ასეთი ნაბიჯისაგან? რას ფიქრობდნენ ბავშვები? გაუძნელდა თუ არა დანიშნულ დიჯეის მეგობრის ჩანაცვლება? და საერთოდ, რა ღირებულებებზე დაყრდნობით ყალიბდება სასკოლო „წესები”, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.
თუ ჩვენ შემწყნარებელი არ ვართ ჩვენი მოსწავლის მიმართ, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენგან განსხვავებული გემოვნება აქვს, შეიძლება კი ვიყოთ შემწყნარებლები სხვათა მიმართ?

ამიტომაც დასმული შეკითხვა „სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?” თანამდევი კითხვების ჯარს წამოშლის, რომ გვერდიდან შევხედოთ საკუთარ სასკოლო გარემოს და მის თითოეულ მონაწილეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“