ადვოკატი, რომელიც თავის ექვსნიშნა ანაზღაურებას იმის გამო შეელია რომ მასწავლებელი გამხდარიყო, თავისი მოსწავლეების 95%-ს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად აგზავნის. ამ შემთხვევაში გაგზავნა დაფინანსებას არ გულისხმობს – მუსანის მოსწავლეები გამოცდების ჩაბარების შედეგად, თავად ხვდებიან საუკეთესო უნივერსიტეტებში.
მუსან იზმაილმა სამსახური ნორტონ როუზ ფულბრაითში დატოვა და საკლასო ოთახს მიაშურა. ამჟამად ის აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ნიუჰემის კოლეჯის დირექტორია. ერთწლიანი მუშაობის შედეგად, მისი 200 მოსწავლიდან 190-მა წარმატებით ჩააბარა Russell Group-ის უნივერსიტეტებში. Russell Group-ში მოხვედრა ბრიტანეთში არსებული უნივერსიტეტებსთვის მეტისმეტად პრესტუჟულია. საქმე ისაა, რომ ყოველწლიურად ამ ქვეყანაში პროფესორები 24 უნივერსიტეტს გამოარჩევენ, კვლევის, სწავლების, გამოცდების შედეგებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით და საუკეთესო შედეგის მქონეებს Russell Group-ის სიაში ათავსებენ. მაგალითად, 2017 წელს ამ ჯგუფის სათავეში ბირმინგემის უნივერსიტეტი მოექცა, რომელსაც მიჰყვა ბრისტოლის, კემბრიჯის, კარდიფის უნივერსიტეტები და სხვა კიდევ ოცი სასწავლებელი.
38 წლის მუსან იზმაილმა სამსახური იმის გამო დატოვა, რომ გამოცდილება მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა, მათთვის მეტი ცოდნა გადაეცა, რომ მათაც მასწავლებლის მსგავსი წარმატებისთვის მიეღწიათ.
- მგონია, ხალხმა გააანალიზა, რომ მოსწავლეებსა და ზოგადად, ადამიანებს აღმოსავლეთ ლონდონიდან ნამდვილად არ ჰქონდათ საჭირო უნარები და კულტურული კაპიტალი იმისთვის, რომ მათ ისეთივე წარმატებისთვის მიეღწიათ ბრიტანეთის კომპანიებში, როგორც ცენტრალურ ლონდონში მაცხოვრებლებს – ამბობს იზმაილი The Independent-თან საუბრისას.
- მშობლებს დაუოკებელი სურვილი აქვთ, შვილებმა კარგად ისწავლონ, პროფესიული განათლება მიიღონ და დასაქმდნენ, თუმცა, ვერ აანალიზებენ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ საჭირო კონტაქტები, არ იციან როგორ მოხვდნენ საჭირო ადგილზე. და მე, როდესაც დავფიქრდი, რომ პროფესიულ მაქსიმუმს მივაღწიე, საკუთარ თავს ვკითხე – რას აკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეხმარო? – და მასწავლებელი გავხდი. ეს საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს დავეხმარო. ჩემი მოტივაცია და მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს შევუწყო ხელი ჩააბარონ და ისწავლონ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. საზოგადო აზრი ისაა, რომ თუ ღატაკი ქალაქიდან ხარ, ნაკლები შანსი გაქვს ის აკეთო, რაც გინდა. თუმცა, აქ იმდენი ჭკვიანი და შრომისმოყვარე სტუდენტია, ვიცი, რომ მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ, მოტივაციის ბიძგი – მიზნის მისაღწევად.
მუსანის სკოლის მოსწავლეები ზაფხულობით ადრეული ასაკიდანვე გადიან სტაჟირებას პრესტიჟულ კომპანიებში გამოცდილების მისაღებად. ასევე, ყოველკვირეულად აქვთ საშუალება მოუსმინონ პროფესიონალი ექსპერტების ტუტორიალებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იქმნება.
- ამას მხოლოდ აკადემიური წარმატებისთვის არ ვაკეთებ. ეს კორპორაციული მსოფლიოს, სამყაროს აღქმას ეხება, რომ მათ იცოდნენ საუკეთესო მაგალითები, იცნობდნენ ექსპერტებს, მომავალ კოლეგებს, მარტივად შეეძლოთ კომუნიკაციის დამყარება და თანმიმდევრულად, საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ზოგჯერ უკეთესია მოსწავლეს წინასწარ უჩვენო მოსალოდნელი საფრთხეები და ასწავლო მათი ამოხსნა, ვიდრე იჯდე და ელოდო როდის დაუშვებს შეცდომას – ამბობს იზმაილი.