სკოლაში ერთი ოთახი გვაქვს – თანამედროვე მედიათეკობა დავაკისრეთ, მართალია, ურბანული სივრცისგან სრულიად განსხვავებულ ადგილსა და შენობაშია – ირგვლივ უზარმაზარი მთები აქვს შემორტყმული, ახლოს მდინარე რიონი მოდგაფუნობს, ფანჯრიდან ტყე მოჩანს, მთელი თავისი იდუმალი სამყაროთი, მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ უშლის ხელს, რომ თანამედროვე სტანდარტებს „ეხმიანებოდეს“.
მედიათეკის ოთახზე სხვა დროს გიამბობთ. ამ წერილით ოთახის ჭერში რაც ხდება, ის ამბები უნდა აღვწერო.
შემოდგომაზე ერთ-ერთი ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით. ეს არის დრო, როცა ჩვენი გონება მაქსიმალური დაძაბვით მუშაობს და სიახლეებზე ფიქრობს. მაშინ მომაფიქრდა, დაგვეხატა პერსონაჟები და ჭერში ჩამოგვეკიდა. როგორც კი ეს მშვენიერი იდეა მოფრიალდა, მაშინვე გავუმხილე ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და სამოქმედო გეგმაც გაჩნდა:
- პერსონაჟების ამორჩევა;
- მათი დახატვა;
- ფორმა, რომელზეც გაცოცხლებულ ლიტერატურულ მეგობრებს დავხატავდით;
- ფერადი ძაფები;
- საღებავები
- კიბე.
ჩემი სამწლიანი მასწავლებლობის შედეგად ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ პატარა ადამიანებმა პრობლემების მართვა ისწავლეს. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც ხელს შეგვიშლის, რადგან წამოიჭრება თუ არა ის, მაშინვე მისი გადაჭრის გზებზე ვიწყებთ ფიქრს. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესოა ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, სადაც ყველაფერი ძნელად იშოვება.
პერსონაჟთა გალერეამ კიდევ იმაში დამარწმუნა, რომ პასუხისმგებლობების გადაცემის ეტაპმა წარმატებით მიაღწია განვითარების მწვერვალს. ადრე თუ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო, ახლა ასე აღარაა – პატარა მითითებები საკმარისია, რომ ბავშვებმა თვითონ გაართვან თავი საკმაოდ რთულ პროცესებს.
ერთი სიტყვით, დავსახეთ თუ არა გეგმა, მოქმედების დრო დადგა. პერსონაჟთა შერჩევა მათ მივანდე, შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და მალევე მომირბენინეს სია, რომელიც ასე გამოიყურება:
- ჯეინ ეარი;
- ჰარი, რონი და ჰერმიონი;
- ელისი საოცრებათა ქვეყნიდან;
- მალალა იუსაფზაი;
- ლოტა აურზაურის ქუჩიდან;
- ჯერუშა და გრძელფეხება მამილო;
- ბიძია თომა;
- პატარა პრინცი;
- ჰოლდენ კოლფილდი
- მეფე მათიუში;
- ოლივერ ტვისტი;
- ზურიკელა, ილიკო და ილარიონი;
- ბიულერბიელი ბავშვები.
საყოველთაოდ აღიარებული ხომ არის ის ფაქტი, რომ მასწავლებლებმა უნდა იარონ სპექტაკლებზე, გამოფენებზე, იკითხონ წიგნები, ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე თუ არ იმუშავე და თუ არ აგროვე შთაბეჭდილებები, რთულდება სწავლების ამბავიო, მე კი დავამატებდი იმას, რომ მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი შთაგონების წყაროა ბაზრობები, სადაც ათასნაირი და სხვადასხვა სახეობის ნივთი იყიდება, მაგალითად, ნაჭრებით, ძაფებით, თმისამაგრებით, შპალიერებით, ლურსმნებით, ღილებით, ჭიქებით, ნამცხვრის საცხობი ფორმებით აჭრელებულ დახლებში ბოდიალისას იდეები დაფრინავენ. მთავარია, რაღაცის შექმნისა და გამოგონების სურვილი წაიყოლო თან, დანარჩენი თავისით მოხდება.
ქალაქ ონში ერთი სამეურნეო საქონლის მაღაზიაა. შევდგამ თუ არა ფეხს ათასი წვრილმანითა და ლითონის სუნით გაჯერებულ ოთახში, გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე. იქ ვყიდულობ შპალიერის უკან გასაკრავ ქაღალდს. აქვე აღმოვაჩინე ბაწარი, რომელსაც თბილისში ვერაფრით მივაგენი. ამ ბაწარს სოფელში ბოჩოლების დასაბმელად იყენებენ, ჩვენ კი ინტერიერის გასაფორმებლად ამოვიჩემეთ.
ასე რომ, ონიდან ამოქროლებული ქაღალდის თოფები დავჭერით შესაბამის ზომებად, სიმყარისთვის რამდენიმე ფენა დავაწებეთ, ფერადი ძაფი გავუყარეთ და ხატვის დროც დადგა. არც ეს არის რთული, ზოგი პერსონაჟი წიგნის ყდიდან გადმოვხატეთ, ზოგი კი ინტერნეტში მოვძებნეთ. ხატვას რაც შეეხება, პირადი მაგალითის მომნუსხველი ძალის ამღიარებელი მასწავლებელი თავდაპირველად თვითონ შევეჭიდე პერსონაჟების ილუსტრირებას, მაგრამ ბოლომდე არ დამასრულებინეს, პროცესის წარმმართველებად მოსწავლეები გადაიქცნენ და ზოგმა ერთად, ზოგმა კი ინდივიდუალურად დაიწყო ხატვა. მეორეკლასელი თეკლადან დაწყებული მეათეკლასელი ნინოს (ციყვინას) ჩათვლით ყველამ შეიტანა თავისი წვლილი ამ პროცესში და ასე დაიბადნენ ჩვენი საყვარელი ლიტერატურული მეგობრები, რომელთაც წამსვე ღუმელის ქვეშ მივუჩენდით ხოლმე ბინას გამოსაშუშებლად და გამოსაშრობად.
ამის მერე დადგა დრო მხიარულებისა. სკოლის ალუმინის კიბე ამოვიტანეთ, დახმარება ბიჭებს ვთხოვეთ და მედიათეკის ოთახში ჩვეული ქაოსი შეიქმნა – არეულობის, რჩევების კითხვისა და მიღების, შეკითხვების, წვრილმანებით გახარების, მოლოდინის და სიცილის, ანუ ჩვენი საყვარელი დრო.
თავდაპირველად ფერადი ძაფების ჭერი ჩამოვკიდეთ, მერე პერსონაჟები ჩამოვამწკრივეთ და სხვადასხვა ქვეყნისა და დროის ადამიანებს ერთმანეთის მეზობლობა დავაკისრეთ.
ბოლოს დავდექით მათ წინ და ყურებით ვერ ვძღებოდით, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, კიდევ უფრო სასიხარულო იყო იმის გამო, რომ იდეა ხალისით აიტაცეს და ამასთანავე დამოუკიდებლად განახორციელეს. ჩავთვალოთ, რომ სიტყვა „დამოუკიდებლობა“ გასულიერებული დალივლივებდა ჩემსა და პერსონაჟებს შორის, თან თვალს მიკრავდა და პატარა ადამიანებზე მიმანიშნებდა.
გარდა იმისა, რომ პერსონაჟთა გალერეამ ოთახი გაალამაზა, შესვლისთანავე ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობისთვის განაწყობს ყველას, გვიანი შემოდგომის დღეები დაუვიწყრად აქცია, ამასთანავე, არ მასვენებდა სურვილი, რომ ბავშვების ხელით გაკეთებული რესურსისთვის ჭერში ყოფნის გარდა სხვა რამეც მომეფიქრებინა, გამექატიურებინა, გამეცოცხლებინა და ამ სურვილმა სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა გადამაწყვეტინა, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რჩევებისთვის მეგობრები შევაწუხე, საბოლოოდ, გეგმამ საინტერესო სახე მიიღო და დაუვიწყარი გაკვეთილიც გამოგვივიდა, თუმცა ამ ამბავს სხვა წერილისთვის შემოვინახავ.