სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გაყინული ხინკლის საიდუმლო

თავის წიგნში „ტიციანი და მისი მეგობრები“ (ასე ჰქვია, თუ სწორად მახსოვს)

ნინა მაყაშვილი წერს, რომ, როცა მაიაკოვსკი თბილისში ჩამოვიდოდა და „ყანწელები“ კარგ რესტორანში მიიპატიჟებდნენ ბავშვობის მეგობარს, ის უარობდა და უახლოესი დუქნისკენ იწევდა, იმიტომ კი არა, რომ „ყანწელების“ ან მისი ჯიბე ელიტურ რესტორანს ვერ გასწვდებოდა (ჯიბის ფულის უქონლობას არც ერთი არ უჩიოდა), არამედ იმიტომ, რომ დუქანს მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ტიპური თბილისური დუქნის ხიბლი, რომელიც სახელოვნებო ბოჰემას ყოველთვის იზიდავდა.

შემორჩენილი ხიბლისა რა გითხრათ, მაგრამ ძველი შენობების სარდაფებსა და ნახევრადსარდაფებში გახსნილ დუქნის შვილიშვილებს სტუმრები არც დღეს აკლია, სიიაფის და ზაფხულობით სიგრილის გამო.

ამ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ძმაკაცი ორბელიანის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ერთ-ერთ ასეთ მოდუქნო დაწესებულებაში ჩავედით. სანამ შეკვეთის რიგში ვიდექით ლოყებღაჟღაჟა ძიაკაცთან, რუსი ტურისტების ორმა წყვილმა ხინკალი შეუკვეთა და კუთხის მაგიდასთან დაჯდა (ასეთ სარდაფებში უცხოელები არაერთხელ მინახავს, სიიაფესთან ერთად, მათთვის ალბათ ეგზოტიკაა ნესტის სუნი და შეულესავ კედლებზე დაკიდებული მტვრიანი ხალიჩები და ფარ-ხანჯლებიც), ჩვენც ხინკალი გვინდოდა, მაგრამ ხსენებულმა წითურმა ძიამ გვითხრა, ხინკალი არ გვაქვსო. კი გაგვიკვირდა, მაგრამ არ გაგვიპროტესტებია და სხვა რამე შევუკვეთეთ. მერე, როცა შეკვეთა მოგვიტანა, თავისი ჭკუით, ჯიგრულად გვითხრა: ბიჭებო, არ გეწყინოთ, ჩვენ ხინკალს არ ვახვევთ, მაღაზიაში ვყიდულობთო, მაგათი ასე და ისეო, – რუსებზე მიგვითითა, – მაგრამ თქვენ როგორ გაკადრებდით, ქართველები ხართო.

ჩვენი ამჟავებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მიტრიალდა და პირში ასანთისღერგარჭობილი, დარწმუნებული იმაში, რომ მორიგი ეროვნული საქმე ჩაიდინა, კმაყოფილი სახით წავიდა თავისი სადგომისკენ. ამასობაში ტურისტებსაც მოუტანეს შეკვეთილი ხინკალი, მედუქნე კი უტიფრად თვალმოწკურული აუვლ-ჩაუვლიდა და რუსულად დასძახოდა, ხო გემრიელიაო.

მე და ჩემმა ძმაკაცმა უგემურად ვჭამეთ მიმწვარი ქაბაბი და მლაშე სალათა, დავაყოლეთ გაზგასული, სავარაუდოდ, ბოთლებში ჩარჩენილი და მერე ერთ ბოთლში გადასხმული, პლასტმასის საცობით და ალუმინის ფურცლით კუსტარულად მოხუფული მსხლის ლიმონათი.

ამ ამბავმა ოთარ იოსელიანის კინოშედევრ „გიორგობისთვის“ ის ეპიზოდი გამახსენა, როცა რუსი ტურისტების ჯგუფს კაკო კვანტალიანის გმირი მჟავე ღვინოს ასმევს, შეზარხოშებულებს კი გიდი „სულიკოს“ ამღერებს. ვინმე შესაძლება შემომედავოს და მითხრას, რომ რუსები ჩვენგან ყველაფრის ღირსები არიან. არ მოვყვები პათეტიკურ შეგონებებს იმის თაობაზე, რომ სტუმარი ღვთისაა, სამაგიეროდ, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ იმ დუქნის კაცისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რუსები იყვნენ ისინი, უკრაინელები თუ ირლანდიელები – ნებისმიერ შემთხვევაში ისევე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელი უცხოელებისთვის ჰქონდა გადანახული გაყინული ხინკალი, ყბებგაწაფულ ქართველებს რომ ვერ აჭმევდა.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი ასეთია. მეტიც – მიმაჩნია, რომ ხშირად გადამეტებული სტუმართმოყვარეობით, კაცთმოყვარეობისა და ალტრუიზმითაც გამოვირჩევით, უბრალოდ, იმ მედუქნისნაირი არსებები, რბილად რომ ვთქვა, ცუდ გუნებაზე მაყენებენ. იმ დღესაც საშინელ განწყობაზე დავდექი და იმ ღაჟღაჟა კაცის დარცხვენილი თვალები, როცა მე და ჩემმა მეგობარმა რუსი ტურისტების დანახარჯიც გადავუხადეთ და დავუბარეთ, ფული არ გადაახდევინო და უთხარი, ასე ვიცით ქართველებმა პატივისცემაო, მაძლევს იმედს, რომ შუბლის ძარღვს ბოლომდე არ გაიწყვეტდა და მათაც არ გამოართმევდა უგემური ხინკლის და რამდენიმე კათხა ლუდის საფასურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“