სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პოზიტიური აზროვნება და ტექსტები

ლიტერატურულ ტექსტებს, რომლებსაც ვირჩევთ (ან ვარჩევთ სკოლებისთვის), იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამის წარმოდგენა ჩვენ შეგვიძლია. რადგან ტექსტები (განსაკუთრებით უმცროს სასკოლო ასაკში) დაუბრკოლებლად ჩაედინება ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერში და, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ქმნის „პროგრამებს”, რომლებიც მომავალში ჩვენს მსოფლხედვას განაპირობებს.

 

მკითხველს აუცილებლად გაახსენდება სკოლაში ლიტერატურული ტექსტებიდან მიღებული ემოცია: პოზიტიურც და ნეგატიურიც და გაანალიზების შემდეგ უთქვამს: რატომ ტანჯავდნენ ასეთი ტექსტებით ბავშვებს? მაგრამ აქ საქმე მხოლოდ ემოციებთან არ გვაქვს, არამედ იმ მატრიცასთან, რომელსაც რომელიმე ტექსტის იდეა ტოვებს ჩვენში. ზღაპრები და იგავებიც შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც „უნერგავს” მკითხველებს რაღაცას, როგორც „ჭეშმარიტებას”. შემდეგ ასეთი „სიბრძნეები” მსგავს შემთხვევებში ახსენდება ადამიანს და მოქმედებს (და ხშირ შემთხვევაში, არაცნობიერად) უკვე მზა ცოდნის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, იმის თქმა მინდა, რომ ცნობიერებაში ასეთი მოდელების არსებობა ყოველთვის ნეგატიური არ არის, არსებობს „სასარგებლო პროგრამებიც”; მნიშვნელოვანი სწორედ ესაა: გაარჩიო სასარგებლო და უსარგებლო ტექსტები, რომლებსაც ბავშვებს ვაწვდით.

გახსოვთ ხომ ის ზღაპარი: „- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო… რაო, ბატონო მელაო…? _ ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ…” და ფინალში: „რა უნდა ექნა საწყალ ჩიორას, ადგა და გადმოუგდო ბარტყი…” არაცნობიერში ამ ზღაპრით მოდელირდება პროგრამა: თავდაცვის გამო შვილები უნდა გასწირო… შენ მაინც რომ გადარჩე…

ამ ნიშნით დავით გურამიშვილის ტექსტი – „სწავლა მოსწავლეთა”- ასევე ნეგატიური პროგრამის მატარებელია, რადგან ვფიქრობ, რომ აგრესიით მიღებული ცოდნა პოზიტიური ვერასდროს ვერ იქნება.

„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი…”

ფრაზა: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” _ ასევე დაკავშირებულია ცოდნასთან, როგორც ტანჯვასთან და ორიენტირებულია მომავალზე (კენწეროზე), ვფიქრობ, რომ პოზიტიური განათლება ზეიმია და ეს ზეიმი ცოდნის მიღების პროცესს ახლავს თან და სადღაც მომავალში არ გველოდება.

თავის დროზე და შესაფერის კონტექსტში ნათქვამი: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია” – ზედმეტად შეისისხლხორცა ქართულმა კულტურამ და გამოდის, რომ არასდროს არ დგება მომავალი, რომელიც ჩვენია, სწორედ იმიტომ, რომ მომავალია.

არა მხოლოდ სასკოლო ტექსტები ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას, არამედ ის ფრაზებიც კი, რომლებსაც მშობლები, მასწავლებლები ხშირად გვიმეორებენ ვითომ ხუმრობით, მაგალითად: „დაიძინე, თორემ ბუა შეგჭამს”, „ჭამე, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს” და ბევრი ასეთი…

რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ „გუდიანი კაცი” არსებობდა, რომელსაც მშობლების ურჩი ბავშვები გუდით მიჰყავდა… ცნობიერებაში მყავდა ასეთი „გუდიანი”… საშინელი განცდა იყო ამის წარმოდგენა… მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს უწყინარი ხუმრობაა, თამაში, რომლებსაც შვილების „უკეთესი მომავლისთვის” სჩადიან, სინამდვილეში, ეს „შიშის ჩანერგვაა” და ამაზე უარესს ვერადროს გავაკეთებთ შვილებისთვის. ჩვენს ფსიქიკაში შექმნილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იწყებს „მოქმედებას” და როგორც კი ბავშვი „რამე ისეთს” ან „ისე” ვერ გააკეთებს, როგორიც უფროსებს მოეწონებათ, ირთვება ეს პროგრამა და უკვე დიდობაშიც, როცა არავინ გემუქრება „პრიუტში ჩაბარებით” და „ბუათი”, უკვე შენ თავად იწყებ საკუთარი თავის დასჯას გაუცნობიერებლად. ასე მომრავლებული სუიციდიც თვითდასჯაა, რომელიც, ვინ იცის, ასეთი აღზრდითაც იკვებება.

ბავშვობაში ასეთი ფრაზების „მავნებლობას” ასევე ინტუიციურად გრძნობდა ზოგიერთი მწერალი და ქმნიდა ისეთ ტექსტებს, რომლებიც მსგავს პროგრამებს წაუშლიდა ბავშვებს და პოზიტიურ განწყობაზე გადართავდა. ამიტომ გვავსებს ოპტიმიზმით, სიხარულით და პოზიტივით ნოდარ დუმბაძის საბავშვო ტექსტები. განსხვავებული სტილისტიკის მიუხედავად, დუმბაძე – ჩვენი ეკზიუპერია… გამუდმებულად „პატარა უფლისწულზე” მოფიქრალი… „პატარა უფლისწული” ეკზიუპერთანაც მეტაფორაა და ამ შემთხვევაშიც მეტაფორად გამოვიყენე, იმ სისუფთავის აღსანიშნად, რომელსაც პატარები ფლობენ და დიდები კარგავენ.

დარწმუნებული ვარ, ზეპირად იცით ნოდარ დუმბაძის ეს ლექსი:
_ბებომ იმდენი მაშინა, მოვა და შეგჭამს ბუაო,
მე მგონი, თვითონ შეშინდა და წნევამ გააბრუაო,
_ ნუ გეშინია, ბებიკო, მაგას ვასწავლი ჭკუასა

და შენი შეშინებისთვის მე თვითონ შევჭამ ბუასა.” („ბუა”)

ადამიანის ფსიქიკის ღრმად მცოდნე მწერალმა ასე გადაათამაშა ნეგატიური პროგრამა და შექმნა სრულიად სხვა ემოციის ტექსტი: იუმორით, ღიმილით, სიყვარულით სავსე. სწორედ ამგვარი ტექსტებია ძალიან მნიშვნელოვანი კულტურისთვის, სკოლისთვის, ადამიანებისთვის: ტექსტები, რომლებიც ხელს უწვდიან ადამიანს, გადაარჩინონ.

ასეთივე პათოსისაა ნოდარ დუმბაძის სხვა ლექსიც:

„ბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით,
დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი,
რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკნა ქოჩორი,
ბებიამ კი მიძახა გაუზრდელი ჩოჩორი.
იმას კი არა ვტირი, რომ დავფხრიწე წიგნები,

თურმე რომ გავიზრდები, დიდი ვირი ვიქნები”. („ჩოჩორი”)

ეს ალქიმიაა, რასაც ნოდარ დუმბაძე ამ ტექსტებით აკეთებს. ნამდვილად დიდი ძალა აქვს იუმორს (და არა ირონიას) და სიყვარულს ერთად: ერთი შეხედვით მძიმე სურათი: ბავშვი ხევს წიგნებს, დედა ქოჩორს აწიწკნის და სადილს არ აჭმევს, ბებია შეურაცყოფს… აი, ასეთ ამბავს აქცევს პოზიტიურ განწყობად, ამიტომ არის, რომ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსებს ბავშვები (და დიდებიც) ხალისით იმახსოვრებენ.

ნოდარ დუმბაძის ლექსებში ხშირად ვხვდებით ტრანსფორმაციას, ტრაფატების ჩანაცვლებას ახალი ტექსტებით… მწერალი ნეგატივის პოზიტივით დამთრგუნველია, ყოველთვის სიცოცხლის მხარესაა. გახსოვთ ზღაპრის ეს ფრაგმენტი ალბათ:

„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ღობეს ჩიტი მომკვდარიყო…”
მწერალთან ეს ფრაგმენტი ნახეთ როგორ ტრანსფორმირდა:
„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
წყალში ყინვა ჩამდგარიყო,
ღობემძვრალა ჭინჭრაქასთვის
ტყეში მოცვი გამქრალიყო,
მშიერი და გათოშილი
ფანჯარასთან მომდგარიყო
და ტირილით ეძახოდა:
– გამიღეო, ნოდარიკო!
სხვანაირად აბა, განა
შეიძლება მომხდარიყო?
ის ზარმაცი ღობემძვრალა
ნოდარისთან სტუმრად იყო.
სტუმრად იყო და შიმშილით
ჩიტი რომ არ მომკვდარიყო

დღეში სამჯერ ჩაის კოვზით

რძეს ასმევდა ნოდარიკო.” („ნოდარიკოს სტუმარი”)

მასწავლებლები ტექსტებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტექსტების იქით იდეებია… ჩვენ კი ვარჩევთ იდეებს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“