სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„საგანმანათლებლო სისტემა კონცენტრირებულია გამოცდებზე, ცოდნა, არ არის პრიორიტეტი“.

ინდოეთის გამოცდილება და  განათლების პრობლემები

„ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა კონცენტრირებულია გამოცდებზე. ცოდნა, სამწუხაროდ, არ გახლავთ პრიორიტეტი“.

ინდური ქალაქის, მადურაის (ტამილ-ნადუს შტატის ცენტრი, სამხრეთი ინდოეთი), „არავინდის თვალის მზრუნველობის ჯგუფი -კოლეჯი და კლინიკა“ (Aravind Eye Care Group)  გენერალური დირექტორის, დოქტორი ნალპერუ მალსამის ინტერვიუ Outlook India-ს ჟურნალისტთან, არინდამ მუქერჯისთან.

ქ. მადურაის „არავინდის თვალის კლინიკა“ მსოფლიოში ცნობილია თავისი ფილანთროპიული საქმიანობით და ამას კლინიკა, მკაცრი და დაუნდობელი კომერციული მედიცინის სამყაროში კარგად ახერხებს. არავინდის კლინიკა მსოფლიო რეკორდსმენია თვალზე გაკეთებული ოპერაციებით, რომელთა რაოდენობამ 4 მილიონს (!) გადააჭარბა. ამ ოპერაციების უმეტესობა დაბალ ფასში ან სრულიად უფასოდ კეთდება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დოქტორი ნალპერუ მალსამი, რომელიც პადმა შრის/Padma Sri-ის მაღალ წოდებას ატარებს („პადმა შრი“-ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი ეროვნული სამოქალაქო ჯილდო, რომელიც გადაეცემათ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, სპორტში, მედიცინაში, წარმოებაში, სოციალურ სერვისებში და საჯარო სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინდოეთის ცხოვრებაში), ამ სამედიცინო დაწესებულების ლიდერი და მმართველია ათწლეულების განმავლობაში.

2010 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ დოქტორი ნალპერუ მალსამი, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის საპატიო სიაში შეიყვანა. Outlook India-თან ინტერვიუში 73 წლის ექიმი და მენეჯერი, ინდოეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მოქალაქე მთავრობას ურჩევს, გაამკაცროს კონტროლი კერძო სექტორის საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე და გააძლიეროს საჯარო სექტორის უნივერსიტეტები და კოლეჯები.

არინდამ მუქერჯი: რა არ მოგწონთ ინდოეთის საგანმანათლებლო სისტემაში? რა მიდის არასწორი გზით?

დოქტორი ნალპერუ მალსამი: ზოგადად, განათლების სისტემა ფოკუსირებულია გამოცდების ირგვლივ და დიდ ყურადღებას არ აქცევს მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადებას მომავლისათვის და მათი ცოდნის ობიექტურ შეფასებას. ამის გამო, სტუდენტები იძულებული არიან, ჩააბარონ გამოცდები, რომლებითაც სინამდვილეში, მხოლოდ მათი მახსოვრების უნარების განსაზღვრა ხდება და არა ცოდნისა. ფაქტობრივად, დღეს ინჟინერებს უჭირთ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ხოლო ახალგაზრდა ექიმები არ მიდიან იმ ხალხთან, ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება.

როგორ ფიქრობთ, ეს სისტემის ნაკლია თუ ასეთი დამოკიდებულებაა, ზოგადად, განათლებისადმი?

დღეს სტუდენტები მკაცრად არიან ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე, აბარებენ გამოცდებს, რაც განსხვავებულია ცოდნის შეძენისგან ან კვლევის უნარების ჩამოყალიბებისგან. ჩვენს უნივერსიტეტებში არის კარგი ინფრასტრუქტურა და გვყავს კარგი პროფესორები, მაგრამ არ გვაქვს მოტივაცია სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის. თვით მედიცინაშიც კი ძალიან ცოტა ხალხია დაინტერესებული სამეცნიერო კვლევებით. ძალიან იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელსაც კვლევის მოტივაცია აქვს. ყველაფერი გამოცდებზე და სამსახურზეა ორიენტირებული.

მაგრამ ესეც ხომ დღევანდელობის მოთხოვნებია.

დიახ, მაგრამ არა ხარისხიანი სწავლის ფასად. ინდოეთის განათლების სისტემა მხოლოდ კომერციულ შემოსავალს უყურებს და სტუდენტებსაც იმას ასწავლიან, როგორ იფიქრონ მონეტარულ მომავალზე. სასწავლო პროგრამები ისეა აგებული, რომ მათ გამოცდების ჩაბარება უზრუნველყონ და რომელიმე კონკრეტული პროფესიის დიპლომი მიიღონ. სამწუხაროდ, სწავლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს.

და რა არის ამ გაუგებრობისა და არეულობის მიზეზი?

მიზეზი განათლების რეგულირებასა და განათლების პოლიტიკის შემუშავებაში უნდა ვეძებოთ. თუ სისტემა იმ დონეზეა, რომ სწავლა, გამოცდების ჩაბარებისთვის „რბოლით“ შეიცვალა, მაშინ რეგულატორებსა და პოლიტიკის ანალიტიკოსებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი ამ ანომალიისადმი გულგრილობისა და მასზე დაგვიანებული რეაგირების გამო.  მარტო წესებისა და რეგულაციების ქონა არ არის საკმარისი განათლებისათვის. მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ხორციელდება ისინი პრაქტიკაში. სამთავრობო ერთეულები არ აკონტროლებენ ინსტიტუციებს და ვფიქრობ, ეს პრიორიტეტად უნდა გადაიქცეს. ასევე, კარგი ინსტიტუტები, რომლებიც რეალურად ასწავლიან ახალგაზრდებს და ხელს უწყობენ სწავლას, უნდა წახალისდნენ და მათ საქმიანობაში არავინ უნდა ჩაერიონ.

როგორ ფიქრობთ, სწორი მიდგომაა კერძო სექტორის თავისუფალი დაშვება განათლების სიტემაში?

სამედიცინო და საინჟინრო კოლეჯები და უნივერსიტეტების დიდი ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არიან, ინფრასტრუქტურულად არ არიან სათანადოდ აღჭურვილნი. ასევე მოიკოჭლებს მათი საპროფესორო შემადგენლობაც, რაც საბოლოოდ, განათლების ხარისხზე ახდენს გავლენას. უკეთესი ხარისხისა და რეპუტაციის სახელმწიფო ინსტიტუტები და უნივერსიტეტები კი ვერ აკმაყოფილებენ მათში სტუდენტთა მოხვედრის მზარდ მოთხოვნას. შესაბამისად, მოთხოვნა კერძო უნივერსიტეტებზე და სასწავლებლებზე სრულიად ბუნებრივია. ისინი ამ სიცარიელეს ავსებენ.

მაგრამ კერძო სასწავლო დაწესებულებები ძალიან მაღალ ფასს აწესებენ სწავლისთვის.

დიახ, კერძო უნივერსიტეტების დიდი ნაწილი სათავისოდ იყენებს ამ სიტუაციას და სწავლისათვის მაღალ საფასურს ითხოვს. რაიონებში ბევრი კარგი სტუდენტია, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ კარგი განათლება.

ზოგიერთ შტატში (ინდოეთში, ლ.ა.) მთავრობა არ ერევა სწავლის საფასურის რეგულირებაში, ტამილ ნადუს შტატის ჩათვლით.

დიახ, ასეა, მაგრამ ვფიქრობ, კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურებზე კონცენტრაციის ნაცვლად მთავრობამ უნდა გააძლიეროს და გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი სახელმწიფო უნივერსიტეტებში. როდესაც ეს მოხდება, ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და ყველა შეძლებს უმაღლესში სწავლას. დღეს ამ ინსტიტუტების სტანდარტები იმდენად დაბალია, რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის გამოკლებით, რომ იქ აღარავინ მიდის სწავლის გასაგრძელებლად. ყველა კერძო სასწავლებელს არჩევს, მიუხედავად ბევრად მაღალი ფასებისა.

რა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? როგორ შეიძლება მოწესრიგდეს სისტემა?

ერთი გზა არის საჯარო-კერძო სექტორების პარტნიორობა. ეს ბევრ სექტორში წარმატებულად მუშაობს და რატომ არ შეიძლება მისი განათლებაში დანერგვა?

კერძო სექტორს შეუძლია განავითაროს ინსტიტუტები და უზრუნველყოს ისინი ინფრასტრუქტურით, ხოლო მთავრობას შეუძლია შექმნას სასწავლო პროგრამა და დანერგოს იგი. საბოლოოდ, პოლიტიკის ანალიტიკოსები, პოლიტიკის განმახორციელებლები და მთავრობა ერთად უნდა დადგეს კარგი საგანმანათლებლო ინსტიტუტების შესაქმნელად.

უნდა არსებობდეს რაც შეიძლება ბევრი უნივერსიტეტი, რადგან ბევრ სტუდენტს არ აქვს საშუალება ისწავლოს კარგ სასწავლებელში. მაგრამ ამავე დროს, მთავრობამ უნდა შემოიღოს მკაცრი კონტროლი სწავლების პროცესის ყველა უბანზე, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, მასწავლებლების შემადგენლობა, საჭირო მოწყობილობები, შენობები და კურიკულუმი. ეს ყველაფერი დაფუძნების დღიდან უნდა შეიქმნას და გაკონტროლდეს.

უნდა შეიქმნას პერიოდული აკრედიტაციის სისტემა, რომლის მიხედვით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც აკრედიტაცია სურს, შემოწმდება რეგულატორის მიერ და უზრუნველყოფს ყველა არსებული ნორმის შესაბამისობას მოთხოვნებისადმი, რადგან ხშირად ინსტიტუტები აკრედიტაციის მიღების შემდეგ აშკარად იწყებს ამ ნორმების უგულვებელყოფას.

და არის კიდევ კორუფცია –  სახიფათო მოვლენა ინსტიტუტებისა და რეგულატორებისათვის?

დიახ, გეთანხმებით. ადგილები დღეს, დიდ ფულად იყიდება. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ კერძო ინსტიტუტები, ბევრ ფულს ხარჯავენ ინფრასტრუქტურაზე და ამავე დროს, ცდილობენ ეს ხარჯები, როგორმე დაიბრუნონ – კეთილსინდისიერად თუ უსინდისოდ. ეს ის საკითხია, რომელიც სრულიად უნდა მოისპოს და ამოიძირკვოს.

დღეს ბევრი საუბარია გაერთიანებულ ტექნიკურ გამოცდებზე. როგორ ფიქრობთ, ეს კარგი იდეაა?

ეს კარგი წინადადებაა და იგი უნდა გავრცელდეს სამედიცინო უნივერსიტეტებზეც. უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების გარეშე სოფლიდან წამოსულ ახალგაზრდებს დაბალი შანსები აქვთ იქ მოწყობის. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ ქალაქებში ხელმისაწვდომი რეპეტიტორების დახმარებისა და შესაბამისად, კარგი ნიშნების გამო. ერთიანი ეროვნული გამოცდის საშუალებით კი ყველა თანაბარ პირობებში ჩადგება.

თქვენი ინსტიტუტი, „არავინდის თვალის კლინიკა და კოლეჯი“(Aravind Eye Care Group) წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას – თქვენ, სამართლიან წესებზე დამყარებული საქმიანობით გამოირჩევით და ცალკე დგახართ დღეს არსებული ღირებულებებისა და სისტემისგან. როგორ ახერხებთ ასე გაგრძელებას?

ჩვენ ჩვენი საკუთარი სტანდარტები შევიმუშავეთ, რომლებიც ღირსებაზე, თვისებებზე და პროფესიონალიზმზეა დამყარებული და მათი ერთგული ვრჩებით. ჩვენთან სწავლის ღირებულება არ არის მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. ჩვენ გადასახადს ვახდევინებთ სწავლის შესაბამისად.  კურსის დაწყებამდე, კლინიკა-კოლეჯი ყველას უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებით და იმ ინფრასტრუქტურით და მოწყობილობა-დანადგარებით, რომლებიც აუცილებელია სწავლებისათვის. ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ სტუდენტს, რომელიც სასწავლად ჩვენთან მოდის, ბევრი მსხვერპლის გაღება უწევს. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ საკუთარი საქმიანობის პერიოდულ შეფასებას.

რისი თქმა გსურთ დღეს სტუდენტებისათვის?

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საუნივერსიტეტო განათლება ცოდნის საბაზო საძირკველს წარმოადგენს. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მათ სწავლა შეუძლიათ. როდესაც სასწავლებელს დატოვებენ, მათ პრაქტიკაში იმის კეთება მოუწევთ, რაც აქ ისწავლეს. მათ რეალურ სამყაროში სწავლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ამიტომაც, მათ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ ცოდნის მაქსიმუმი.

წყარო: https://www.outlookindia.com/magazine/story/our-education-system-is-only-focused-on-exams-knowledge-is-not-a-priority/281312

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“