ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ბავშვის ადრეული განვითარება – მასარუ იბუკა: „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“

 

მცირეწლოვანი ბავშვების სწავლებისათვის მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს

 

აქამდე ვსაუბრობდი იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ბავშვის ადრეულ განვითარებაზე. ბევრ ოჯახში ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობას დედა იღებს. მაგრამ მე ვთვლი, რომ ის, რის შესახებაც საუბარს ვაპირებ, ეხება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს. აქ, რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის, თუ განვითარების რა საფეხურზეა პატარა.

მინდა გითხრათ, რომ ყველა რჩევა, რომლის მოცემასაც ვაპირებ, მშობლებმა უნდა მიიღონ როგორც გარკვეული იდეა, რომლის ბაზაზეც ნებისმიერ დედას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს კორექტივები. მიიღოს, ან სულაც უარყოს ის, საკუთარი შვილის ხასიათის, განვითარების დონის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. კეთილსინდისიერი, მზრუნველი მშობლები ყოველთვის, როდესაც მათ რეკომენდაციას ვუწევ, ვურჩევ, გარემო კარგი მუსიკით და საუკეთესო მხატვრობით აღჭურვონ. მეკითხებიან, თუ რას ვგულისხმობ „კარგ მუსიკაში“ და რას ვეძახი „საუკეთესო, ნამდვილ მხატვრობას“? ბეთჰოვენი თუ მოცარტი? ვან გოგი თუ პიკასო? არის შემთხვევები, როცა ჩვენ სპეციალისტების რჩევის გათვალისწინებით ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს ვიძლევით, მაგრამ უმჯობესია, მშობელმა თავად განსაზღვროს, რომელი რჩევა სჯობს საკუთარი შვილის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე და არ მიიღოს ყველა რჩევა, როგორც აუცილებლობა.

ბავშვის აღზრდაში, განსაკუთრებით მცირეწლოვნების შემთხვევაში, არ არსებობს მზამზარეული რეცეპტები.

 

დღეში ერთსაათიანი „მეცადინეობაც“ კი საოცარად შედეგიანია.

 

ამერიკაში გამოიცა წიგნი – „რევოლუცია მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდაში“. მასში აღწერილია შემდეგი ექსპერიმენტი: ვაშინგტონში სპეციალურად მომზადებულ მასწავლებლებს ღარიბი კვარტლის მცხოვრებ ბავშვებთან ყოველდღიური ვიზიტი დაევალათ. ფსიქოლოგი ერლი შეფერი აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტის მიზანი იყო 15 თვის ბავშვების ინტელექტისა და მეტყველების განვითარების სტიმულირება. ყოველდღიურად, გარდა კვირა დღისა, მასწავლებლები ერთ საათს ატარებდნენ პატარებთან. ეთამაშებოდნენ და ესაუბრებოდნენ მათ. როდესაც ექსპერიმენტული ჯგუფის ბავშვებს ორი წელი და სამი თვე შეუსრულდათ, გაზომეს მათი „ინტელექტუალური“ განვითარების დონე. აღმოჩნდა, რომ ის და განსაკუთრებით სამეტყველო უნარები საგრძნობლად უსწრებდა იმ თანატოლი ბავშვების შედეგებს, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იმ ბავშვების განვითარების დონის ამაღლებაც კი შესაძლებელია, რომელთა მშობლები საერთოდ ვერ უთმობენ დროს საკუთარი შვილების აღზრდასა და განვითარებას. ძნელი წარმოსადგენი სულაც არ არის, რა შედეგებს მიაღწევენ ის დედები, რომლებიც სისტემატურად ეთამაშებიან, ესაუბრებიან  საკუთარ შვილებს. უფროსები, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, რომ პატარას გონებაში აღიბეჭდება მისი დედიკოს უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვები და ქცევები. დედები, რომლებიც ბევრს ესაუბრებიან საკუთარ პატარებს, უდიდეს გავლენას ახდენენ მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე.

 

მამა უნდა ხშირად ურთიერთობდეს შვილებთან

 

ზრდასრულ ასაკში ჩვენი შვილები ხშირად დიდი სიხარულით იხსენებენ მამასთან ურთიერთობის ეპიზოდებს. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში  ასეთი ეპიზოდები საკმაოდ მწირია. დღესაც, ტრადიციულად, მამას ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, ოჯახური „წესრიგის დამცველის“ როლი აქვს და ამდენად ბავშვის აღზრდის ყოველდღიურ ზრუნვაში თითქმის არ არის ჩართული. თუ ბავშვი საკუთარი მამისაგან ძირითადად მხოლოდ „ნოტაციებს“ ისმენს, ის მას ისე აღიქვამს, როგორც „უცხოს, გვერდიდან დამკვირვებელს“. ეს სულაც არ უწყობს ხელს მამის, როგორც თბილი, მზრუნველი ადამიანის იმიჯის ჩამოყალიბებას. მამის როლი ბავშვის აღზრდაში არ უნდა იყოს მცირე.

 

ბავშვების ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა იყოს წახალისებული.

 

უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ბავშვი, რომელიც დედასთან ატარებს დღის უმეტეს ნაწილს, კარგად ივითარებს გონებრივ და ფსიქო-ემოციურ უნარ-ჩვევებს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს საკუთარი შვილების განვითარებას, თუ და-ძმის გარდა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებასაც მისცემთ. ასეთი ურთიერთობები პატარას შეჯიბრებითობის სურვილს უვითარებს.

როდესაც აშშ-ში მოღვაწე დოქტორ ჰარი ჰარლოუს მიერ მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტის (ექსპერიმენტში დოქტორი ჰარლოუ აღწერს, თუ რა შემაფერხებელ გავლენას ახდენს მაიმუნების განვითარებაზე სხვა მაიმუნებისგან იზოლაცია) შესახებ წავიკითხე, უფრო მეტად განმიმტკიცდა შეხედულება იმის შესახებ, რომ პატარა ბავშვი, რომელიც მოკლებულია სხვა პატარებთან ურთიერთობას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაცილებით ჩამორჩება თანატოლებს, როგორც გონებრივი ასევე, ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების მხრივ. ჩვენს ეპოქაში ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ეს გარემოება მომავალში უდავოდ დაამჩნევს კვალს ბავშვების გონებრივ განვითარებას.

 

„კინკლაობები“ ბავშვებს ურთიერთობების ჩვევას უვითარებენ

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი საზოგადოებრივი პროდუქტია და მას მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანს არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფში ცხოვრების ინსტინქტი ამოძრავებს, არამედ საკუთარი „მეს“ შეცნობა. ამიტომ, ის მუდამ ეძებს ჰარმონიას საზოგადოებრივსა და ინდივიდუალურს შორის. თუ ბალანსი ვერ მიიღწევა, მაშინ ადამიანი ვერ შეძლებს საზოგადოებასთან ადაპტირებას. ჰარმონიის მიღწევა უფრო მეტად ადრეულ განვითარებაზეა დამოკიდებული.

ჩემი აზრით, ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  ადრეული განვითარების ეტაპზე ჩამოყალიბებული აზროვნების ბაზაზე, რომელიც საკუთარი პიროვნების პატივისცემასა და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას დაეფუძნება. მსგავსი სტერეოტიპი შეიძლება შეიქმნას ბავშვებს შორის ურთიერთობით. დაახლოებით ორი წლის ასაკისათვის ბავშვს უკვე აღარ აინტერესებს მხოლოდ საკუთარ თავთან ურთიერთობა, ის იწყებს თამაშს სხვებთან. სწორედ ამ დროს სწავლობენ ბავშვები ჯგუფში ურთიერთობების წესებს. პატარამ შეიძლება იტიროს, თუ ვერ ახერხებს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებას და  უმრავლესობის აზრის გათვალისწინება უწევს.

სოციუმში ურთიერთობების სწავლა ხდება ყოველთვის: მაშინაც, როდესაც ბავშვები მშვიდობიანად თამაშობენ და მაშინაც, როდესაც ისინი ერთმანეთში კინკლაობენ. კინკლაობები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ავითარებენ პირად ინიციატივებს. ბავშვებს შორის კინკლაობები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. ბავშვი „ჯაბნის“ სხვებს;
  2. პატარა მიდის დათმობაზე;
  3. ბავშვი „ხურდას უბრუნებს“ მოწინააღმდეგეს.

სხვადასხვა ტიპის კინკლაობები სხვადასხვა ასაკში გვხვდება. მაგალითად, ორი წლის პატარა, სავარაუდოდ, კინკლაობის პასიური მონაწილეა. სამი წლისას უკვე შესაძლებელია თავად „მოახერხოს კონფლიქტის“ პროვოცირება. ეს უკვე ნიშნავს, რომ პატარა იწყებს საკუთარი „მეს“ გამომჟღავნებას.

ბავშვებს შორის გაუგებრობების გაჩენის სხვადასხვა საბაბი არსებობს: სათამაშოსათვის ბრძოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფები. ბავშვს აუცილებლად უნდა ავახსნევინოთ კინკლაობის მიზეზი, რათა პატარას განუვითარდეს თანამშრომლობის გრძნობა. მიმაჩნია, რომ ბავშვების კინკლაობაში ჩარევა ნიშნავს, ხელი შეუშალო მისი კოლექტივში ცხოვრების ინსტინქტის განვითარებას. ბავშვებს საკუთრი ლოგიკა აქვთ და ისინი ერთმანეთში ამ ლოგიკით ურთიერთობენ. თუ ბავშვურ კინკლაობებს საკუთარი, დიდის ხედვით მიუდგებით და ეცდებით მათ დარწმუნებას, რომ ჩხუბი ცუდია და ვინც სხვებს ეჩხუბება – ისიც ცუდია, მაშინ თქვენი პატარა საკუთარ თავში ჩაიკეტება და გაბოროტდება.  კინკლაობები ბავშვებისათვის – საზოგადოებაში ცხოვრების პირველი გაკვეთილებია.

 

ინტერესი – საუკეთესო მოტივატორი

 

ბავშვის სწავლისადმი ინტერესის გამოწვევა – სწორედ ეს არის საუკეთესო პედაგოგიური მეთოდი. ამიტომ თუ მშობლებს სურთ პატარას რაიმე ასწავლონ, უნდა გაუღვივონ ინტერესი. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თვლა ვასწავლოთ, სჯობს ის დავაინტერესოთ ციფრებით. წერის სწავლების ნაცვლად, უნდა გავუღვივოთ წერის პროცესისადმი ინტერესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლების მიზანი უნდა იყოს ბავშვის სწავლისათვის მომზადება. ინტერესის გასაღვივებლად კი მნიშვნელოვანია, შესაბამისი პირობების შექმნა. თუ გვსურს, მაგალითად, ბავშვში ხატვის მიმართ ინტერესის გაღვივება, მის გარშემო საკმარისი რაოდენობის ფანქრები და სახატავი ქაღალდი უნდა იყოს. უსარგებლოა, ველოდოთ პატარას რაიმეს სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივებას, თუ ამისათვის შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.

 

საინტერესო ამბები ბავშვებისთვის ასოცირდება მართებულთან, უინტერესო – არასწორთან.

 

ზრდასრული ადამიანები „კარგს“ და „ცუდს“ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საზღვრავენ. ისინი საყოველთაოდ მიღებულ მორალურ ნორმებსაც ითვალისწინებენ. პატარებს არ აქვთ გამოცდილება, რომელზე დაყრდნობას, „კარგისა“ და „ცუდის“ გარჩევას შეძლებენ.

იაპონელმა ბავშვთა ფსიქოლოგმა საიშირო აოკიმ სპეციალურად იკვლია, რას ნიშნავს ბავშვებისთვის ისეთი ცნებები, როგორიცაა – „კარგი“ და „ცუდი“ და დაასკვნა, რომ „კარგი“ პატარასათვის არის ის, რაც საინტერესო და სახალისოა. ასეთი კავშირი „კარგსა“ და „სასიამოვნოს“ შორის მხოლოდ ადრეული ბავშვობისთვისაა დამახასიათებელი. თანდათან ბავშვი გამოცდილებას იძენს და თვლის, რომ „კარგია“ ის, რის გამოც გაქებენ. და პირიქით, თუ პატარას სჯიან ან ეჩხუბებიან, ის ასკვნის, რომ ცუდად მოიქცა. უსიამოვნო შეგრძნებები ასოცირდება მცნებასთან „ცუდია“.

ამდენად, იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თავზე მოვახვიოთ „კარგის“ ან „ცუდის“ საკუთარი გაგებები, უმჯობესია, ვუზრუნველყოთ პატარას სასიამოვნო ემოციები, როდესაც რამეს კარგად აკეთებს და უსიამოვნო ემოციები – როცა რამეს არასწორად აკეთებს. თქვენი ბავშვის უნარ-ჩვევების ეფექტურად განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გამოიყენებთ აღზრდის პროცესში დასჯასა და წახალისებას.

 

ბავშვური ფანტაზიები ავითარებს შემოქმედებით უნარებს

 

ცნობილია, რომ ბევრ მშობელს აქვს სურვილი შვილი შემოქმედებით პიროვნებად აღზარდოს. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანის შემოქმედებითი წარმატებები სათავეს ბავშვობის დროინდელი სუბიექტურ-ემოციური აღქმიდან და ადრეული ბავშვობის გამოცდილებიდან იღებენ.

ბავშვური ფანტაზიები, რომლებიც დიდებს რეალური ცხოვრებისაგან ძალიან დაშორებულად ეჩვენებათ, სინამდვილეში შემოქმედების ჩანასახია. მაგალითად, თქვენ ბავშვს სათამაშოს ჩუქნით. ბავშვმა შესაძლებელია ამ სათამაშო ცხოველთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს და დაიწყოს მასზე ამბების შეთხზვა იმ ისტორიების გამეორებით, რომლებიც მას მოსმენილი აქვს.

უფროსი ხატავს ჩაიდანს, ბავშვი მასში პირდაღებულ თევზს ხედავს. ზრდასრულმა შესაძლებელია პატარას შენიშვნა მისცეს: „სისულელეს ნუ ამბობ, ეს ხომ ჩაიდანია“. უფროსი ადამიანის ასეთი რეაქცია მცდარია, რადგან შესაძლებელია ამით მან ჩანასახშივე ჩაუკლას ბავშვს ფანტაზია.

 

განუვითარეთ ბავშვს ინტუიცია (მეექვსე გრძნობა)

 

ცნობილია, რომ ადამინებს აქვთ ხუთი ძირითადი შეგრძნება, მაგრამ მათ აქვთ ინტუიციაც, რომელსაც „მეექვსე გრძნობას“ უწოდებენ. ინტუიცია ნებისმიერი სერიოზული მიღწევის  წინაპირობაა. ყველა დიდი გამომგონებელი ეყრდნობოდა საკუთარ ინტუიციას. სამ წლამდე ბავშვისთვის ძნელია ლოგიკურად აზროვნება და ამიტომ ის ძირითადად საკუთარ ინსტინქტებს ეყრდნობა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინსტინქტების განვითარების წახალისება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზრდასრული ადამიანის ლოგიკით პატარაზე ზემოქმედება და ამით მისი ინტუიციის ჩახშობა, რადგან ინტუიცია ყველა ხუთი შეგრძნების ერთობლიობაა. ამიტომ, ინტუიციის განვითარება აძლიერებს ყველა სხვა შეგრძნებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი