კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

„მეცნიერებისკენ პასუხგაუცემელმა კითხვებმა მიბიძგა”

„საბოლოო წარმატების ფორმულაც სწორედ ესაა – ინტერესის დაუცხრომლობა” – ამბობს საბა შარიქაძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, სწავლობს და ასწავლის. საბა თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ერთ-ერთია იმ სამ სტუდენტს შორის, რომელმაც ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურა-დოქტორანტურის პროგრამებზე მოსახვედრად  GRE- ში მაღალი შედეგი აჩვენა. იგი ახლა იოვას მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის სტუდენტია და სწავლის პარალელურად პროფესორის ასისტენტადაც მუშაობს და სტუდენტებს ლექციებს უკითხავს. საბა წელს,  წლის საუკეთესო ასისტენტად აღიარეს.

 –  სკოლის მიზნები და ოცნებები თუ უკავშირდება ახლანდელ მდგომარეობას? რაზე ოცნებობდით და თუ შეძელით ამ სურვილების რეალიზება?

გულახდილი რომ ვიყო, თითქმის საერთოდ აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი სკოლაში. თავისუფალი უნივერსიტეტიდანაც კი ცხადად მხოლოდ საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობის პერიოდი მახსენდება. ახლანდელმა ფიქრმა და საზრუნავმა სულ გადამავიწყა ძველი მისწრაფებები. შეიძლება, მუდმივი ინტელექტუალური სტრესის ბრალია, მაგრამ სხვანაირად არც წარმომიდგენია, რომ ავდგე და შემეცნების საუკეთესო წლები სხვა საქმეს დავუთმო. რადგან ღმერთმა ერთგვარი ნიჭი მომცა, მინდა, სრული დატვირთვით ვიმუშაო მის გამრავლებაზე.

 

ერთი კი მახსოვს, სკოლის დამამთავრებელ წელს მეგონა, ფიზიკის პარალელურად შევძლებდი ლიტერატურის, ხელოვნების, ენების, ფილოსოფიის – მოკლედ, ზოგადი განათლების კარგად დაუფლებას. უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, მივხვდი, რომ შეუძლებელ საქმეზე ვოცნებობდი და ამ „მავნე“ ჩვევას თუ არ მოვიშლიდი, რასაც ზოგადი განათლებისთვის უხვად დროის დათმობა ჰქვია, ფიზიკას ამომწურავად ვერ დავეუფლებოდი.

 

რაც ამერიკაში სწავლა დავიწყე, უბრალოდ, პირდაპირი მნიშვნელობით ხელი ავიღე ფიზიკის ისეთ დარგებზე, როგორებიცაა: ასტროფიზიკა, ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და მთლიანად გადავერთე ჩემი კვლევის დარგზე – მყარი სხეულების ფიზიკაზე, უფრო სწორად, ამ დარგის ექსპერიმენტულ ნაწილზე. ახლა, იმის გაფიქრებაზეც კი მეცინება, რომ ოდესღაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეგონა, რომ ფიზიკის ყველა დარგში მექნებოდა ცოდნა.

 

ახლა, უკვე სულ მალე, ინტენსიურად ჩავერთვები კვლევაში და უკვე ვხვდები, იმისათვის, რომ ექსპერიმენტულ მყარ სხეულებში ამომწურავი ცოდნა მქონდეს, სულ მცირე 5 სიცოცხლე დამჭირდება. რეალურად, რაშიც ამომწურავად გავერკვევი, როცა ფიზიკის დოქტორის ხარისხს ავიღებ, ეს იქნება რკინა-ნაერთიანი ზეგამტარების წარმოქმნა და ფიზიკური თვისებები. თუ ძალიან მოვინდომებ, შეიძლება, მაქსიმუმ იშვიათ მიწა-მეტალებს გადავწვდე. აი, ეს არის მთელი ცხოვრება და, ეგრეთ წოდებული, პროფესიონალიზმი. ადამიანების ასეთ ვიწრო ცოდნაზე  დგანან განვითარებული ქვეყნები.

 

ასე რომ, მიზნებს რომ დავუბრუნდეთ – ერთია, რომ თითქმის არ მახსოვს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც მინდა გავიხსენო რა მიზნები მქონდა სკოლაში. საშუალება რომ მქონდეს, იმ დროში გადავიდე, როცა სკოლას ვამთავრებდი და ჩემს თავს სიმართლე მოვუყვე, ძალიან გულს დავწყვეტდი საკუთარ თავს, რადგან ყველაფრის ცოდნის პერფექციონისტულ ილუზიას და იმედს დავუმსხვრევ.

 

ეს ყველაფერი რატომ მოვყევი? იმიტომ, რომ, თუ ამ ისტორიას ნიჭიერი სკოლის მოსწავლე ან თუნდაც სტუდენტი წაიკითხავს, ეცოდინება, რისთვის უნდა იყოს მზად. ჩვენს ქვეყანას ახლა პროფესიონალები სჭირდება და არა, უბრალოდ, განათლებული ხალხი, რომელიც ყველაფერს ედება, როგორც მე ვაკეთებდი ამას ცოტა ხნის წინ. პროფესიონალები ქმნიან სხვადასხვა სახის სიმდიდრეს, რაც აუცილებელია სტაბილური ქვეყნისთვის. მესმის, რომ ყოვლისმცოდნეობა ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია.

 

–  როდის და რატომ დაინტერესდით ფიზიკით? რამ გიბიძგათ მეცნიერებისკენ?

როგორც წესი, ამგვარ შეკითხვებზე არ მაქვს ცალსახა პასუხი. საქმე ისაა, რომ არ არსებობს მკვეთრად განსაზღვრული დროის მონაკვეთი ან განმაპირობებელი მოვლენა, რომელმაც ჩემი ბიოგრაფია დაწერა და წერას აგრძელებს. სრული პასუხი მოიცავს თანდაყოლილ თვისებებს, მშობლებს, აღზრდის გარემოს, სოციალურ წრეს და გარეგან მოვლენებს – პიროვნებასთან მყისიერ ან ხანგრძლივ, უწყვეტ ურთიერთობაში მყოფს.

 

იმისათვის, რომ ადამიანში მეცნიერების, ანუ ზუსტი და დასაბუთებადი ცოდნის ინტერესი აღმოცენდეს, ბავშვობიდან უნდა იყოს წახალისებული მისი გულუბრყვილო და გულახდილი შეკითხვები. ასევე, უნდა ხედავდეს თავის გარშემო დაინტერესებულ ადამიანებს და, ზოგადად რომ ვთქვათ, ცხოვრების სტილი უნდა უზრუნველყოფდეს გონებაში ახალი კითხვების გაღვივებას. ხანგრძლივი დროის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, კითხვებს ბევრად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში ვიდრე პასუხებს –  ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ცხოვრება ძალიან იშვიათად იძლევა ერთი სწორი პასუხის ფუფუნებას და მეორეც, ოპტიმალური პასუხის ძიებაში ბევრ სხვა კითხვას და პასუხს გამოვედებით ხოლმე.

 

პირველ რიგში, მეცნიერებისკენ მეც პასუხგაუცემელმა კითხვებმა მიბიძგა, კერძოდ კი – ფიზიკისკენ. თეორიული ფიზიკა იმით გამოირჩევა სხვა მეცნიერებებისგან, რომ ცდილობს კომპლექსური ფუნდამენტური მოვლენები სულ რამდენიმე მათემატიკური ფორმულით აღწეროს, რასაც დამაჯილდოებელი ხასიათი აქვს. ესე იგი, ფიზიკა პასუხების მაძიებელს სიზუსტითა და სიმარტივის ესთეტიკით აჯილდოებს. ეს შეიძლება მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში, მართლა არ მახსენდება სხვა დარგი, რომელიც ამხელა ფუფუნებას სთავაზობდეს მის მფლობელს. მარტო ის რად ღირს, რომ ესოდენ ფუნდამენტურ ცოდნას (რომელიც სამყაროს მართავს) ასე ზუსტად, მარტივად და ლამაზადაც გაწვდის. (ეს სულაც არაა ცხადი, ხომ შეიძლება ისეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ, სადაც ნიუტონის კანონის დასაწერად რამდენიმე რვეულია საჭირო?!)  ამიტომაც, როგორც მომავალი ფიზიკოსი, თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ.

 

 –  რა წვლილი აქვს მასწავლებლებს თქვენს წარმატებაში? შეგიძლიათ გაიხსენოთ ის მასწავლებლები, რომლებმაც ინტერესი გაგიღვივათ ფიზიკის საგნის მიმართ?

არ მინდა ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, რადგან ეს პასუხი კრიტიკასაც შეიცავს, ხოლო სწორ და კონსტრუქციულ კრიტიკას დიდი სიფრთხილე და დაფიქრება სჭირდება. თუმცა, რამდენიმე სამაგალითო მასწავლებელი ნამდვილად მახსენდება. ჩემი დიდი სურვილია (არც თუ განუხორციელებელი), დადგეს დრო, როცა ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას ყველა საჯარო სკოლაში შესაბამისი დარგის დოქტორი ასწავლის. ამიტომაა, რომ ასეთი გართულება მაქვს პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. ჩემი პასუხების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ვინც წაიკითხავს, მოტივაცია გაუჩნდეს.

–  ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამის შესახებ და ამ მხრივ თქვენს გამოცდილებაზე რომ გვიამბოთ. რა შემოთავაზება იყო მათგან, რატომ დაინტერესდით?

ამერიკის განათლების სისტემას აქვს ერთი ძალიან კარგი სპეციფიკა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ საშუალებას იძლევა, ჩააბარო პირდაპირ გაერთიანებულ, 5-წლიან პროგრამაზე (მაგისტრატურა+დოქტორანტურა). თან ისე, რომ საკუთარი შემოსავალიც გქონდეს ფაკულტეტთან მუშაობიდან (რაც, თავის მხრივ, სწავლის გადასახადსაც ფარავს). მე, პირადად, მეუღლესთან ერთად წამოვედი და ხელგაშლილად ვერა, მაგრამ სტუდენტის კვალობაზე ნორმალურად ვცხოვრობთ.

 

უფრო დაწვრილებით რომ აღვწერო, თუ რა სტანდარტული პროცესების გავლაა საჭირო ჩასაბარებლად, დიდ დროს წაიღებს და არც იქნება ყველასთვის საინტერესო. თუმცა თუ დამიკავშირდება, მზად ვარ ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდის დაკვალიანებისთვის – თუნდაც სკოლის მოსწავლეები (პრინციპში, რაც ადრე დაიწყებენ გამოცდებისთვის მზადებას, შედეგიც და, შესაბამისად, მოხვედრის შანსიც გაიზრდება…).

 

დაინტერესებას რაც შეეხება, ეს ჩვენი ლექტორების – თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორების დამსახურებაა. მოტივაციაც და ძირითადი ინფორმაციაც სწორედ მათგან მივიღეთ. ბაკალავრიატის პირველივე კურსიდან ვიცოდით სტუდენტებმა, რომ თუ აკადემიური განვითარება გვინდოდა ამ სფეროში. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ არსებობს საქართველოში, რომ მეცნიერად ჩამოყალიბდე და ერთადერთი გზა სწავლის სხვაგან გაგრძელებაა. შესაბამისად, ბაკალავრიატის პერიოდშივე დავიწყეთ გამოცდებისთვის მზადება.

 

შემოთავაზებები, ცხადია, იმის მიხედვითაა, თუ შენ თვითონ რომელ უნივერსიტეტებში გაგზავნი აპლიკაციებს. რაც უფრო მეტგან გზავნი, მიღების შანსიც იზრდება. პირადად მე, საბოლოოდ ორ უნივერსიტეტს შორის მომიწია არჩევნის გაკეთება და გარდა შემოთავაზებებისა (რაც, ძირითადად, დაფინანსების საკითხებს ეხება ხოლმე), მთავარი ყურადღება, ცხადია, იმას მივაქციე, რომელი უფრო ძლიერი იყო ჩემს მიმართულებაში.

 

 –  რას იტყვით ფიზიკის, როგორც დარგის მნიშვნელობაზე? რა პრობლემებია ამ მხრივ საქართველოში?

თანამედროვე სამყარო წარმოუდგენლად მიმაჩნია ფიზიკის გარეშე. ადრე ფიზიკა ფილოსოფიასთან იყო შერწყმული და მისი ერთადერთი დანიშნულება იყო ცოდნა. ამ ცოდნას გამოყენებითი ხასიათი თითქმის არ ჰქონდა, რადგან აბსტრაქტული და ტრანსცენდენტული ხასიათის იყო, როგორც თვითონ ფილოსოფია. ალბათ, ადრინდელი საუბრები ფიზიკაზე ძალიან წააგავდა ადამიანის ცხოვრების მიზანზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარს (და არა, ვთქვათ – რა სიჩქარით უნდა გავაქანოთ ურიკა, რომ გორაკის თავზე ავიდეს?).

 

დღეს ჩვენთვის უკვე ცხადია, მაგრამ, ალბათ, ადრე ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ფიზიკა ფილოსოფიას გამოეყოფოდა და ინდუსტრიის ბირთვად გადაიქცეოდა (ლაპარაკია, ცხადია, ინდუსტრიული რევოლუციის ხანაზე, მე-18 საუკუნის მეორე და მე-19ს პირველი ნახევარზე), ანუ შეიძენდა წარმოუდგენლად დიდ გამოყენებით ხასიათს. რაც მე-20 საუკუნეში მოხდა, ადამიანისთვის იყო სრული შოკი – ფიზიკამ ყველა ჯაჭვი აიწყვიტა და ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში პირდაპირ ან არაპირდაპირ შეაღწია.

 

ინჟინერია – 21-ე საუკუნის ჰაერივით აუცილებელი დარგი, დღეს ფიზიკას უყურებს ხელებში და ელის, როდის გადაუგდებს პატარა ცოდნის ნაგლეჯს, რათა ისეთივე ახალი და გრანდიოზული შედევრები აწარმოონ, როგორიც, ვთქვათ, თავის დროზე კომპიუტერი იყო.

 

აი, აქ სწორედ აქ მივდივართ საქართველოს პრობლემებამდე. სინამდვილეში, ინჟინერიის დარგები რომ თავისით ვითარდებოდნენ და შეეძლოთ ახალ-ახალ საფეხურებზე თავისით გადასვლა, ფიზიკას ისეთივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორიც მე-18 საუკუნემდე ჰქონდა. ანუ, რომ დავსვათ შეკითხვა – ამჟამად, ამ მოცემულ მომენტში საქართველოს გასავითარებლად ინჟინერია უფრო საჭიროა თუ ფიზიკა? პასუხი ცალსახად ინჟინერიაა – ქვეყანაში რომ გვყავდნენ დიდი რაოდენობით ელექტრული, ქიმიური, კომპიუტერული, სასოფლო, ბიომედიცინური და ა.შ. პროფესიონალი ინჟინრები, ახლა ჩვენი ქვეყანა სულ სხვა დონეზე იქნებოდა და გაცილებით მეტ სიმდიდრეს შექმნიდა. ცხადია, აქ ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ფიზიკის გარეშე ინჟინერია ვერ განვითარდება და ფეხს ვერ მოიკიდებს, მაგრამ პრობლემაც ეგ არის, რომ ფიზიკა არ იძლევა ისეთივე სწრაფ შედეგებს, როგორსაც ინჟინერია. უფრო მეტიც, ფიზიკოსს სულაც არ აქვს ყოველთვის იმის გარანტია, რომ თეორია ან ექსპერიმენტი, რომელზეც ის მუშაობს, გაამართლებს.

 

იმის გამო, რომ ფიზიკა გრანდიოზულ შედეგებს ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში იძლევა, განვითარებად ქვეყნებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მაქსიმალურად წაახალისონ ეს დარგი. ამიტომ, აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ბევრი სტუდენტი წავიდეს საზღვარგარეთ და იქ მიიღოს განათლება, სადაც ამ დარგს დიდი ყურადღება ექცევა. ცხადია, ამერიკა ამ მხრივ ოპტიმალურია, რადგან უკვე ბაკალავრიატიდან შეგიძლია დოქტორანტურაზე გადასვლა. შემდეგ ასეთი ადამიანები ან უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და იმათ ასწავლონ, ვისაც წასასვლელი სახსრები არ გააჩნიათ, ან სხვა რაიმე გზა გამონახონ, რომ თავიანთი ცოდნა ქვეყანას მოხმარდეს.

 

  – სწავლის პარალელურად, პროფესორის ასისტენტადაც მუშაობთ. რა არის თქვენი კვლევის თემა და რატომ აირჩიეთ?

 

ჩემი კვლევის დარგი, როგორც უკვე ვახსენე, არის ექსპერიმენტული მყარი სხეულების ფიზიკა (Solid State Physics), ან, უფრო ზოგადად, ამ მიმართულებას ჰქვია კონდენსირებული გარემოს ფიზიკა (Condensed Matter). დარგი უზომოდ ფართოა და შეისწავლის ყველაფერს, რაც მყარია (აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება აგრეგატული მდგომარეობა და უფრო კონკრეტულად მყარი, როგორც რბილის ანტონიმი. კიდევ უფრო კონკრეტულად, ლაპარაკია კრისტალური სტრუქტურის მქონე ნივთიერებებზე).

 

პირველ რიგში, ეს დარგი იმიტომ ავირჩიე, რომ რეალურ გამოყენებასთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე, ვთქვათ, ნაწილაკების ფიზიკა. გამოყენებაში იმას ვგულისხმობ, რომ მყარი სხეულების ფიზიკასთან დაკავშირებული ინდუსტრიები მსოფლიოში ჭარბადაა. მეორე მხრივ, ავირჩიე ექსპერიმენტული და არა თეორიული მიმართულება, რითაც, სურვილის შემთხვევაში, კიდევ უფრო მარტივად შემეძლება, აკადემიური კარიერის ნაცვლად მოღვაწეობის ინდუსტრიაში გაგრძელება. ამ ეტაპზე რთული გადასაწყვეტია, საბოლოოდ რა გზას ავირჩევ, ვნახოთ, ჯერ ბევრი დროა.

 

 –  როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ამერიკული სწავლების წესზე, რა განსხვავებები დაინახეთ ქართული სწავლებასთან შედარებით? რა სიახლეები აღმოაჩინეთ?

განსხვავება, ცხადია, ბევრია. ძირითადი განსხვავება, ალბათ, მაინც კომპეტენტურ გარემოშია. როდესაც უამრავ, შენზე არანაკლებ მოტივირებულ და ნიჭიერ ხალხს უყურებ, შენი მოტივაციაც მეტად იზრდება. ჩემთვის, აქ სწავლა, ერთგვარ ეროვნულ ამოცანასაც წარმოადგენს – მთელ უნივერსიტეტში, მგონი, ერთადერთი ქართველი სტუდენტი ვარ და ამიტომ საერთოდ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ საქართველოზე ერთგვარ წარმოდგენას ვქმნი. დავუშვათ, სხვა ქართველმა რომ Iowa State-ში გამოაგზავნოს აპლიკაცია, დიდი ალბათობით, ჯერ ქართველების აქტივობას გადახედავს მიმღები კომისია (აშკარად, ბევრი არ ექნება გადასახედი) და შემდეგ გადაწყვეტს, ღირს თუ არა, მოცემული სტუდენტის მიღება.

სხვა მხრივ, უნივერსიტეტი მაქსიმალურ კომფორტს გიქმნის, რომ სწავლის ეფექტურობას რამემ არ შეუშალოს ხელი. დოქტორანტებს გვაქვს ჩვენ-ჩვენი ოფისის კუთხე, რომელსაც სურვილის მიხედვით მოვაწყობთ, შეგვიძლია წიგნების იაფად შეძენა, რაც მთავარია, კამპუსი არის იზოლირებული ადგილი და უმეტესობა საცხოვრებლებიდან ფეხის სავალ მანძილზე. ახლა ვხვდები, თუ როგორი დამთრგუნველია უნივერსიტეტის ქალაქის ცენტრში ყოფნა. მოკლედ, აქ სწავლისთვის იდეალური გარემოა.

 

 

 –   განათლების მიღების შემდეგ სად აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?  თუ ხედავთ თქვენი პროფესიული საქმიანობის საჭიროებას საქართველოში?

თუ აკადემიურ კარიერას ავირჩევ, აქ უფრო ხანგრძლივად გაჩერება მომიწევს. პროფესორი რომ გახდე, მარტო დოქტორის ხარისხი არ კმარა. დოქტორი თავის ვიწრო დარგში ამომწურავ ინფორმაციასა და გამოცდილებას ფლობს, თუმცა არ აქვს ცოდნა თავის დარგთან სხვა მიახლოებული დარგების კავშირებზე. იმისათვის, რომ დოქტორმა თვალსაწიერი გაიფართოვოს, აუცილებელია პოსტდოქტორული კვლევები თავისი დარგისგან ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ მიახლოებულ დარგში. ლაპარაკია ე.წ. „პოსტდოკზე“, რომლის ხანგრძლივობაც, დაახლოებით, 2 წელია. იმისათვის, რომ რომელიმე უნივერსიტეტმა პროფესორის პოზიციაზე მიგიღოს, საჭიროა, საშუალოდ, 2 პოსტდოკის ქონა და სასურველია ყოველი პოსტდოკის განსხვავებულ უნივერსიტეტში მიღება.

 

რაც შეეხება ინდუსტრიას, ამ მხრივ უფრო ხელგაშლილია. საქართველოში კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელება უფრო გამიმარტივდება, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.

რეალურად, სურვილიც და საბოლოო მიზანიც, ცხადია, საქართველოს უკავშირდება. მყავს ოჯახი და არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვინდა, სამომავლოდ შვილები საზღვრებს გარეთ გაიზარდონ. მაგრამ კონკრეტული გეგმების დასახვა ჯერ, უბრალოდ, შეუძლებელია.

 

–  ვფიქრობ, თქვენი წარმატება სხვებისთვისაც შთამაგონებელი და სტიმულის მიმცემი იქნება.  რას ეტყოდით და ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომელთაც  ფიზიკა აინტერესებს?

გახსოვდეთ, რომ ფიზიკოსები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი მათ პროფესიას არაჩვეულებრივად და ეგზოტიკურად აღიქვამს არის ის, რომ არ მისცეს თავს უფლება, ინტერესი გაქრობოდათ კითხვებზე გაუცემელი პასუხების გამო. საბოლოო წარმატების ფორმულაც სწორედ ესაა – ინტერესის დაუცხრომლობა. დასვით კითხვები, რაც არ უნდა სულელურად ეჩვენებოდეს სხვას და გული არ დაგწყდეთ, თუ მათზე პასუხს ვერ მიიღებთ! ასეთ შემთხვევაში დასვით კიდევ უფრო მეტი შეკითხვა! ეს ზოგადად, ხოლო, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ რამე, ადექით და მკითხეთ. რა უნდა ჩემს მოძებნას?!

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“