ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები. ნაწილი მეოთხე

პრაგმატული საჭიროებებიდან სოციალურ პასუხისმგებლობამდე. დუალური განათლების, როგორც პროფესიული განათლების ერთ-ერთი მოდელის, სინქრონული და დიაქრონული კვლევების საფუძველზე მეცნიერები გამოყოფენ მოტივაციის იმ ფაქტორებს, რაც კომერციულ ორგანიზაციებს საკუთარი საწარმოს ბაზაზე შეგირდების პროფესიული განვითარებისკენ განაწყობს. მეცნიერთა აზრით, კომპანიების დაინტერესებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს

  1. კონტრიბუცია წარმოებაში: კომპანიის საწარმოო საქმიანობაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, სწორედ, შეგირდები წარმოადგენენ (ლინდლი 1975);
  2. ინვესტირება რესურსების დაზოგვისათვის: კომპანიები შეგირდების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებას განიხილავენ რესურსების დაზოგვის მნიშვნელოვან წინაპირობად. კვალიფიცირებული მუშახელი, რომელიც თავის მხრივ, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გარანტია, ამასთანავე არის რესურსი, რომლის მდგრადი განვითარება უფრო და უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს

(მერილიზი 1983);

  1. კვლევითი მოტივი: კომპანიები საწვრთნელ პერიოდში ხანგრძლივად აკვირდებიან შეგირდებს და სწავლობენ მათ შესაძლებლობებს (სტივენსი 1994);
  2. სოციალური პასუხისმგებლობა: საწარმოში შეგირდების მიღებით კომპანიები ახალგაზრდებს აძლევენ შრომით ბაზართან ინტეგრირებისთვის აუცილებელ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც სახელმწიფოში საგრძნობლად ამცირებს ახალგაზრდების უმუშევრობის დონეს (ბიხტი 2004);
  3. კომპანიის რეპუტაცია: მეწარმეთა გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ მათი აზრით, კლიენტების, პოტენციური დასაქმებულებისა და მიმწოდებლების თვალში ბრენდის რეპუტაცია ამაღლდება, თუკი კომპანია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე (ნიდერალტი 2004).

კომპანიებს შორის ჩატარებული თანამედროვე კვლევებიც, რომლებსაც გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტი (BIBB) უძღვება, იმავეს მოწმობს. მეწარმეთა 83 %-ის მტკიცებით, მათი კომპანია შეგირდებს იმიტომ იღებს, რომ ბიზნესს კვალიფიციური, უნარიანი და სტაბილური მუშახელის დასაყრდენი ძალა შეუქმნას. მათი აზრით, ეს არა ცალკეული დამსაქმებლების, არამედ – მთელი სექტორის პრაგმატული ინტერესია. გარდა ამისა, მეწარმეთა 63 % მიიჩნევს, რომ შეგირდების შესაძლებლობების გაძლიერება არის ბიზნესისა და ინდუსტრიის საზიარო პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი სიკეთისათვის.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ 2012-2013 წლების მონაცემებით, წმინდად ფინანსური სარგებელი, თუნდაც, ერთ შეგირდზე, მთელი გერმანიის მასშტაბით კომპანიების მხოლოდ 12 %-ს მიუღია ფედერალური მთავრობიდან, ფედერალური შრომის სააგენტოდან, ან სექტორალური მოსაკრებლების (training levy) სისტემიდან. კომპანიები შეგირდების განათლებისთვის ირჯებიან იმის მიუხედავად, რომ ამ ინვესტიციის ორგანიზაციის ბაზაზე შენარჩუნების ბერკეტებს ისინი არ ფლობენ. ჰიპოთეტურად დასაშვებია, რომ შეგირდმა სწავლის დასრულების შემდეგ „მშობელი“ კომპანიის კონკურენტ საწარმოსთანაც კი გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, საგანმანათლებლო კონტრაქტი მათ ამ მხრივ არ ზღუდავს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში რკინიგზის გახსნა, მსხვილი ინვესტიციების შემოსვლა და ექსპორტის განვითარება პროდუქციის ხარისხისა და შესაბამისად, კვალიფიციური მუშახელის განვითარების გადაუდებელ საჭიროებას ავლენდა. შესაბამისად, მეწარმეთა საზოგადოებები, ამხანაგობები და ცალკეული საქმოსნები არაფორმალური და ფორმალური პროფესიული განათლების, როგორც კომერციული საქმიანობის წარმატების მთავარი წინაპირობის, მიმართ დიდ დაინტერესებას გამოხატავდნენ. მათ მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტები წინა პუბლიკაციებში განვიხილეთ.

თუმცა პროფესიული განათლება მხოლოდ კერძო სექტორის პრაგმატულ საჭიროებებზე არ იდგა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცალკეული საზოგადო მოღვაწეების – სწავლული მეურნეების, ინტელიგენციის წარმომადგენლების სოციალური პასუხისმგებლობა. ისინი არ იყვნენ კონცენტრირებულნი კონკრეტული კომერციული საქმიანობების გარშემო. მათი წვლილი უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეზე მიმართული გაცილებით შორსმიმავალი ძალისხმევა და გრძელვადიანი ინვესტიცია. ამ ადამიანებს ესმოდათ წარმოების სექტორში განათლების დონის ამაღლების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, ამიტომ სამეურნეო და ტექნიკური სკოლების დაარსებას მიიჩნევდნენ, როგორც საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობას და ნაციონალური, ეკონომიკური თუ სოციალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთგვარ ფორმას.

ილია წინამძღვრიშვილი და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა. მე-19 საუკუნე არ უჩიოდა ენთუზიასტი მოღვაწეების სიმწირეს, რომლებიც საგანმანათლებლო ინიციატივებს უანგაროდ, ნებაყოფლობით უთმობდნენ საკუთარ რესურსებს. ამ მხრივ უდაოდ გამორჩეული პერსონაა განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე, ილია წინამძღვრიშვილი, რომელმაც 1880 წელს საკუთარი ხარჯებით სამეურნეო სკოლის გახსნა გადაწყვიტა. კონცეფციის შემუშავების პროცესში წინამძღვრიშვილთან სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის კონცეფცია მისი ჩამოყალიბების პირველივე ეტაპზე დაიბეჭდა პრესაში და საჯარო განხილვის საგანი გახდა. მისი სრულყოფის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეციალისტები და დაინტერესებული პირები.

ილია წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 500 დესიატინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საუკეთესო სავარგულები და ტყიანი ნაკვეთები. გარდა ამისა, მან სკოლის ბაზაზე ააშენა თანამედროვე ტიპის მარანი და სარწყავი აუზი, რაც 30 000 მანეთი დაუჯდა. სკოლას ჰქონდა სანერგე, სადაც გამოყვანილი ნერგები სოფლის მოსახლეობას უფასოდ ურიგდებოდა. სასწავლებლის ბაზაზე მოქმედებდა საფუტკრე, სააბრეშუმე, ხეხილის ბაღი, ბოსტნები და საყვავილე. სკოლას ჰქონდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და სახელოსნოები, რომლებიც პერიოდულად ახალი მოწყობილობებით ივსებოდა. მდიდარი სამეურნეო ბიბლიოთეკა მასწავლებლებისთვის 3 447, ხოლო მოსწავლეებისთვის – 655 ერთეულს აერთიანებდა[1].

წინამძღვრიანთკარის სკოლას ჰქონდა ვაზის ადგილობრივი და ევროპული ჯიშებით გაშენებული ვენახები. პირველი მოსავლების ღვინოები აქ 1890-იანი წლების დასაწყისში დააყენეს. ცნობილია, რომ სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად 48 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებდა, რომელსაც ყიდდა და წარმოადგენდა კავკასიის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო გამოფენებში.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელი კომერციული პროექტი არ იყო. არც თავადაზნაურთა ინტერესებს ემსახურებოდა. სასწავლებელში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყო სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, გლეხების შვილებისათვის კი – უფასო. სკოლის მთლიან ხარჯებს ილია წინამძღვრიშვილი ფარავდა, მათ შორის, პანსიონერი მოსწავლეებისას, რომლებიც გლეხების ოჯახებს წარმოადგენდნენ.

თანამედროვე პროფესიული სასწავლებლის მსგავსად, სადაც დაკვირვებით და კეთებით სწავლობენ, სადაც ინფრასტრუქტურა იძლევა სხვადასხვა სასწავლო ველის (learning field) შესაბამისი სასწავლო სიტუაციების (learning situations) ორგანიზების საშუალებას, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაც ასეთსავე მიდგომებსა და ინფრასტრუქტურას სთავაზობდა სკოლის აღსაზრდელებს. თეორიული და  პრაქტიკული სწავლა სხვადასხვა ბლოკებში მიმდინარეობდა. ზაფხულის სეზონზე სასწავლო დღე 6-ის ნახევარზე იწყებოდა. დღის პირველ ნახევარში თეორიული გაკვეთილების შემდეგ ყმაწვილები დარგების მიხედვით შესაბამის მეურნეობებსა და სახელოსნოებში ნაწილდებოდნენ. თითოეულ მოსწავლეს თავისი ნაკვეთი ჰქონდა, სადაც ის წლის განმავლობაში საკუთარი მოსავლის მოყვანაზე, ანუ დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობდა.

სასწავლებლის პროგრამაში მეცნიერული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან იყო შეზავებული. პრობლემაზე დაფუძნებული და კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული სწავლა განაპირობებდა კურსდამთავრებულთა კონკურენტულობასა და მობილობას შრომით ბაზარზე. ყველაზე ხშირად ისინი მუშაობას იწყებდნენ სახელმწიფო მამულების მმართველებად, სხვადასხვა სამეურნეო სკოლის პედაგოგებად, დიდი მეღვინეობების სარდაფებში, საუფლისწულო მამულებში, უძღვებოდნენ საკუთარ სადურგლო სახელოსნოებსა და სამჭედლოებს, იყვნენ ერბოსა და ყველის ქარხნების გამგეები და სხვ.

დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობრივი და დარგობრივი წარმომადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის კურიკულუმის შემქმნელები მიყურადებულნი იყვნენ კერძო სექტორის „მაჯისცემაზე“და რელევანტურ კადრებს უმზადებდნენ შრომით ბაზარს.

სკოლის დამფუძნებლის ენთუზიაზმი და მისი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის გადამდები აღმოჩნდა. საბოლოოდ, მის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში სხვადასხვა მხარე და ცალკეული პირი იყო ჩართული. თითოეულმა თავისი წვლილი უანგაროდ გაიღო – პროფესიონალებმა (საგანმანათლებლო პროგრამის ავტორებმა, სკოლის დამპროექტებლებმა და მშენებლობის ხელმძღვანელმა) თავიანთი ინტელექტუალური თუ ფიზიკური შრომით; თავად-აზნაურებმა – სათავადაზნაურო ბანკიდან ყოველწლიური სუბსიდიით; გლეხობამ – მშენებლობაში ფიზიკური შრომით; საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მაგ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ – ფინანსური მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსებით და სხვ.

სასწავლებლის შენარჩუნების საქმეში საზოგადოების აქტიურ ინკლუზიაზე მეტყველებს თითოეული ის შემთხვევა, როდესაც სკოლა საარსებო გამოწვევების წინაშე დადგა. ასე მოხდა 1886 წელს, როცა ილია ჭავჭავაძემ პრესის საშუალებით ხალხს სასწავლებლის დახმარებისაკენ მოუწოდა. საზოგადოების შემოწირულობებმა 12 682 მანეთი შეადგინა, რამაც სკოლას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა.

გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დადგა სასწავლებელი, როცა 1889 წელს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა დირექციისა და მასწავლებლების შენობები. სკოლის დასახმარებლად აქტიური კამპანია წამოიწყო ტფილისურმა პრესამ. კავკასიის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში იმართებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები, საიდანაც შემოსული თანხა ხმარდებოდა სკოლის აღდგენას. სრულიად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის საყოველთაო სოლიდარობის შედეგად სკოლას სულ მალე ჩვეულ რეჟიმში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცა.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა, როგორც სახელმძღვანელო მაგალითი საქართველოში დუალურის ანალოგიური სისტემის დანერგვის საქმეში, მრავალი ასპექტით შეიძლება გახდეს  მეცნიერთა და განათლების პოლიტიკის შემქმნელთა დაინტერესების საგანი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს იყო საზოგადოებიდან ინიცირებული და მისი ძალისხმევითვე შენარჩუნებული პროექტი, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის – კერძო სექტორისა და შრომითი ბაზრის საჭიროებებს პასუხობდა.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში სწავლა დაბალანსებული იყო როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული კომპონენტებით. ყმაწვილების მიერ ყოველდღიურ საწარმოო გამოწვევებთან გამკლავება, მეურნეობებსა და სახელოსნოებში დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა, სასწავლებელში საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის წარმოება და სხვა მრავალი ასპექტი ზრდიდა ახალგაზრდების კონკურენტულობას და მათ ინტეგრირებას შრომით ბაზართან. ვფიქრობთ, შემთხვევითი არ არის, რომ პირველი დუალური პროგრამა, რომელიც საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით მომზადდა და 2016 წელს გაიარა აკრედიტაცია, ერთ-ერთი, სწორედ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის ბაზაზე ამოქმედდა.

ილია წინამძღვრიშვილის მსგავსად, სამეურნეო ცოდნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რესურსები გაიღეს სწავლულმა მეურნეებმა და განმანათლებლებმა – ერმილე ნაკაშიძემ, ისაია ფურცელაძემ, კოსტა ამირაჯიბმა, რომელთა კერძო ძალისხმევების შედეგად საქართველოს სხვადასხვა მხარეს ახალი სამეურნეო სკოლები შეემატა. აღნიშნულ სასწავლებლებს ადგილობრივ სოფლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, ისინი ხელმისაწვდომი იყო როგორც თავად-აზნაურების, ისე – გლეხთათვის, თუმცა პრივილეგიებით ეს უკანასკნელნი სარგებლობდნენ.

—–

დუალური განათლება არის გამოცდილება, რომლის მთავარი, მტკიცებულებებით დადასტურებული ეფექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არის ახალგაზრდების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი. პროფესიული განათლების ამ მოდელის წარმატების აუცილებელი წინაპირობა განვითარებული მეწარმეობაა, რის გამოც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს სისტემა უფრო განვითარებული ქვეყნების კუთვნილებაა. თუმცა დუალურ განათლებას, როგორც პროფესიული სწავლის ერთ-ერთ (და არა, ერთადერთ) მოდელს, განვითარებად ქვეყნებშიც აქვს არსებობის უფლება და მას შეუძლია წარმატებული მაგალითების სახით მოქმედებდეს იმ პრესტიჟულ საწარმოებში, რომლებიც ხარისხის მაღალ სტანდარტებზე გამოთქვამენ პრეტენზიას.

წინამდებარე კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სახელობო და ტექნიკური განათლების ადგილობრივი გამოცდილებისთვის დუალური სისტემის არაერთი ელემენტია ნაცნობი – ვაჭართა და ხელოსანთა გაერთიანებები, ოსტატისა და შეგირდის სოციალური და საგანმანათლებლო როლები, განათლების სფეროსა და ბიზნესს შორის სექტორალური კოლაბორაცია, სოციალური პარტნიორების ინკლუზია, თეორიული და პრაქტიკული სწავლის სინერგია. ეს გამოცდილებები, როგორც 70 წლის მანძილზე დავიწყებული მეხსიერება, ცალკეული პროგრამების შემუშავებამდე მართებულ რეფლექსიასა და პოპულარიზაციას საჭიროებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში დგას არა რომელიმე სახელმწიფოს პროფესიული განათლების სისტემური იმპორტის, არამედ – დუალური განათლების ანალოგიური ადგილობრივი გამოცდილებების რეკონსტრუქციის საკითხი.

[1] წინამდებარე სტატიაში განხილული მაგალითების წყაროა ორტომეული გამოცემა: „ინიციატივა ცვლილებისთვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე.“ თბილისი, 2015, 2016

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი