კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები ნაწილი პირველი

მას შემდეგ, რაც 2015 წელს ოფიციალურმა პირებმა საქართველოში განაცხადეს, რომ განათლების სისტემის რეფორმირება გერმანული დუალური მოდელის კვალდაკვალ წარიმართებოდა, საზოგადოებაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები, ერთი მხრივ, აღნიშნული მოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, მეორე მხრივ კი – მისი სისტემური იმპორტის ვალიდურობასთან დაკავშირებით.

საქართველოში პირველმა დუალურმა პროგრამამ მევენახეობა-მეღვინეობაში, რომელიც GIZ-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა, უკვე 2016 წელს გაიარა აკრედიტაცია და ორ პროფესიულ კოლეჯში ამოქმედდა. მიმდინარეობს სხვა პროგრამებზე მუშაობაც. ამდენად დღეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისტორიული და თანამედროვე სოციოკულტურული წინაპირობების იდენტიფიცირება, იმ რესურსის (ინსტიტუტები, გამოცდილებები, ტერმინოლოგია) გააქტიურება, რამაც შესაძლოა გაამარტივოს ამ წარმატებული მოდელის გარკვეული ელემენტების ადგილობრივ კონტექსტზე ადაპტირება. წინამდებარე პუბლიკაციის მიზანიც სწორედ ეს არის.

დუალური სისტემის პირველი და ყველაზე ხელშესახები თავისებურებაა კურიკულუმის თეორიული და პრაქტიკული ცოდნით დაბალანსება და სასწავლო პროცესის დეცენტრალიზაცია. გერმანულ მოდელში პროფესიულ სასწავლებელში თეორიული სწავლება მხოლოდ მთლიანი სასწავლო პერიოდის 35-40 %-ს (გააჩნია პროფესიას) ითვალისწინებს. დანარჩენი 60-65 % პრაქტიკული ბლოკ-ტრეინინგების სახით საწარმოში მიმდინარეობს და მას სულ სხვა ტიპის მასწავლებელი – ოსტატი (Meister) უძღვება.

თეორიისა და პრაქტიკის, მეცნიერული ცოდნისა და ბიზნესის მოთხოვნების სინერგია გერმანიაში პროფესიული და ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის ნაწილია, რაც ყველა საგანმანათლებლო დონეზე ვრცელდება და რეგულირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. ამგვარი ინტერაქციის შედეგია, რომ თითოეულ საგანმანათლებლო პროდუქტში ჩანს როგორც დარგობრივი, ისე – ბიზნესის საჭიროებანი.

თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმებზე კერძო სექტორს წარმოადგენს ხელოსანთა და ინდუსტრიის პალატები, რომელთაც ისტორიულად, ერთ-ერთი მთავარი, სწორედ საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. პალატა, სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფოსთან თანამშრომლობს პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე – საწარმოს ჩარჩო კურიკულუმის მომზადებიდან სწავლის შედეგების მონიტორინგამდე. პროფესიული სწავლების თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო, სწორედ პალატაა, რომელსაც გერმანიაში ბოლო 25 წლის მანძილზე 10 მლნ კურსდამთავრებული ჰყავს გამოცდილი. პალატების დიდი ნაწილი თავადაც უძღვება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საწვრთნელ პროგრამებს, ჩართულია საწარმოების ხარისხის მონიტორინგში, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევებში და სხვ.

თუმცა ეს ყველაფერი გერმანიაში სახელმწიფოს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სექტორალური კოლაბორაციის მხოლოდ ერთი განზომილებაა, რომელსაც რეალურად ძალიან ღრმა კულტურული საფუძვლები აქვს ხელოსანთა და ვაჭართა გილდიების ინსტიტუტის სახით. ამ გამოცდილების შედეგია, რომ თვითმმართველი სამოქალაქო სუბიექტები – ხელოსანთა და ინდუსტრიული პალატები –  დღეს გერმანიაში, ფუნქციონირებს არა ნომინალურად, არამედ უკიდურესად დიდი გავლენით სარგებლობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, განათლებაში. გილდიებისგან განსხვავებით, რომელთა არსებობა ქალაქებზე იყო დამოკიდებული,  პალატა რეგიონული ორგანოა. გერმანიაში თითოეულ მხარეს დამოუკიდებელი ინდუსტრიული და ხელოსანთა პალატები ჰყავს.

ხელოსანთა და ვაჭართა გილდიიდან ხელოსანთა და ინდუსტრიის პალატამდე გილდიები ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, გერმანიაში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან ყალიბდება. როგორც აღვნიშნეთ, მათი არსებობა ქალაქურ ყოფას უკავშირდება. ცნობილია, რომ უკვე მე-15 საუკუნეში ქალაქ ჰამბურგს 100, ხოლო კიოლნს 80 გილდია ჰყავდა. არსებობდა ხელოსანთა და ვაჭართა გილდიები, რომლებიც განსაზღვრულ ქალაქებში წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებს აკონტროლებდა.

გილდია იყო პროფესიული გაერთიანება, რომელიც დღევანდელი პროფესიული ასოციაციების, პროფკავშირების, პალატების ფუნქციებს ითავსებდა, ამასთანავე შუა საუკუნეების რაინდთა ორდენებისა და საიდუმლო საზოგადოებების მსგავსად, გარკვეულ რელიგიურ და მისტიკურ ელემენტებსაც შეიცავდა. ეს იყო ადამიანების საძმო (რადგან გილდიები არსებითად პატრიარქალური მოვლენა იყო), რომლის პრაქტიკაში თავს იყრიდა როგორც პროფესიული, ისე –  სავაჭრო ინტერესები და შესაბამისი ღირებულებები.

თანამედროვე პალატამ გილდიის მრავალი ელემენტი შეინარჩუნა. პირველ რიგში, შეგირდობის ინსტიტუტი (Apprenticeship), რომლის საყრდენი ღერძი ყველა დროში ოსტატი (Master) იყო.

ოსტატს ისტორიულად ორი ძირითადი საქმიანობა ჰქონდა – საწარმოს ხელმძღვანელობა და შეგირდების განათლება. დღევანდელი ოსტატიც მისი ისტორიული წინამორბედის უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი,  თუმცა ინდუსტრიის ხასიათიდან გამომდინარე, დღეს დასაშვებია, რომ ოსტატი სხვისი კომპანიის მწვრთნელი იყოს.

შეგირდები 10-15 წლის ასაკიდან მიიღებოდნენ. ისინი ცხოვრობდნენ ოსტატთან, ასრულებდნენ მის დავალებებს და ოსტატის საქმიანობაზე დაკვირვებით, ან ქმედებით სწავლობდნენ. წლების მანძილზე შეგირდები ოსტატის საწარმოს მნიშვნელოვან სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ, რაც მოიაზრებოდა და დღესაც მოიაზრება შეგირდობის ინსტიტუტის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტად კერძო სექტორისთვის.

ოსტატის სტატუსის მოსაპოვებლად შეგირდებს შვიდწლიანი გამოცდილება, მაღალი კომპეტენციები და პერსონალური უნარები სჭირდებოდათ. დღეს ამ კვალიფიკაციას მე-5 დონის პროგრამები შეესაბამება, რაც არამხოლოდ პროფესიული, არამედ, პედაგოგიური კომპეტენციების განვითარებაზეცაა მიმართული. კურსდამთავრებულები არამხოლოდ თავიანთი საქმიანობის სფეროებში, არამედ პედაგოგიკაშიც გამოიცდებიან, რადგან კარგი პროფესიონალი a priori, კარგ მასწავლებელს არ ნიშნავს.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ კომპანიისთვის შეგირდების წვრთნა, უპირველეს ყოვლისა, არის კონტრიბუცია წარმოების სფეროში, ამასთანავე, ადამიანური რესურსების განვითარების ინსტრუმენტი, ბრენდის პრესტიჟულობის გარანტი, სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველაზე ნაკლებ – წმინდა ფინანსური სარგებლის მომტანი. პროფესიული განათლებისა და წვრთნის ფედერალური ინსტიტუტის (BIBB) ოფიციალური კვლევის მიხედვით, კომპანიების მხოლოდ 12 %-ს აქვს რაიმე სახის ფინანსური სარგებელი, თუნდაც, ერთი შეგირდის გადამზადებიდან.

ხელოსანთა და ვაჭართა ამქრები საქართველოში

ხელოსანთა პროფესიული გაერთიანებების – „მეჯადაგეებისა“ და „მეხამლეების“ არსებობა ქართლში ჯერ კიდევ „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ჩანს, რაც მე-6 საუკუნის მოვლენებს აღწერს. გვიანდელ შუა საუკუნეებში კი, სავარაუდოდ მე-17 საუკუნეში (ფილიპე გოგიჩაიშვილი), სპარსული „ჰამქრის“ გავლენით საქართველოში ყალიბდება პროფესიული გაერთიანება და თვითმმართველი საზოგადოება – ამქარი.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში 76 ამქარი ფუნქციონირებდა, რომელთაგან ზოგი ხელოსნობის ცალკეული დარგების მიხედვით იყო დაჯგუფებული, ზოგი კი – საერთო სახელოსნო ორგანიზაციების სახით. ამქარი, ისევე, როგორც ევროპული გილდია, ეკონომიკური და რელიგიური ხასიათის სამოქალაქო ორგანიზაცია იყო, სადაც მხოლოდ ვაჭრები და ხელოსნები, იშვიათად კი წარჩინებული მოქალაქეებიც შედიოდნენ.

ამქარს შეადგენდნენ ოსტატები, ქარგლები, შეგირდები და ოსტატის დამხმარეები, უხუცესები და უსტაბაში. გარდა ამისა, მას ჰყავდა ხაზინადარი და სასამართლო აღმასრულებელი. ამქარს იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ თუკი აღმასრულებელ ორგანოდ უხუცესთა საბჭო და უსტაბაში მოიაზრებოდა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აპელაცია ოსტატთა საერთო კრებაზე იყო შესაძლებელი. ოსტატს ამქარშიცა და საზოგადოებაშიც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.

ამქრის ძირითადი საქმიანობის სფერო წარმოება იყო. მისი ფუნქცია იყო, აგრეთვე განათლება, როგორც წარმოების განვითარების ინსტრუმენტი. ევროპული გამოცდილებების მსგავსად, ოსტატი შეგირდების გარეშე არც აქ არსებობდა. შეგირდი შეიძლება ყოფილიყო 9-დან 17 წლამდე ყმაწვილი, რომელიც ოსტატს ამ სტატუსით მიებარებოდა 3-დან 10 წლამდე. ამქრის მიერ შეგირდის მიღების ცერემონიას რიტუალური ფორმა ჰქონდა და მასში მაძიებელთან, მის მშობელთან / მეურვესთან და ოსტატთან ერთად მონაწილეობდნენ ამქრის უსტაბაში, უხუცესები და მღვდელი.

შეგირდს თავდაპირველად გამოსაცდელი ვადით – 6 კვირიდან 6 თვემდე იღებდნენ. იგი ცხოვრობდა ოსტატის სახლში და ჩართული იყო მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამქარში შეგირდის წვლილი იყო მიღების მოსაკრებელი და შრომითი კონტრიბუცია, სამაგიეროდ კი ის ეცნობოდა რეალურ სამუშაო გარემოს, მის ყოველდღიურ გამოწვევებს, აღიჭურვებოდა პრაქტიკული კომპეტენციებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაბამის გასამჯელოსაც იღებდა. გარდა ამისა, მას ეძლეოდა დაწინაურების შესაძლებლობაც.

შეგირდობის მომდევნო ეტაპი იყო ქარგლობა. ქარგალიც, შეგირდის მსგავსად, ოსტატის ხელქვეითად და მისი ნების შემსრულებლად ითვლებოდა, თუმცა მას შეგირდზე მეტი ჯამაგირი ეკუთვნოდა. არც შეგირდს და არც ქარგალს ოსტატისგან დამოუკიდებელი შეკვეთის მიღების უფლება არ ჰქონდათ. ქარგლად სამწლიანი მუშაობის შემდეგ ხელოსანს, რომელიც 21 წელს აღწევდა, შეეძლო გამხდარიყო ოსტატი.

თუმცა არც ოსტატთა უფლებამოსილებები იყო შეუზღუდავი. ამქრის წესდების თანახმად, ისინი, თავის მხრივ, უხუცესებსა და უსტაბაშს ემორჩილებოდნენ. მაგალითად, არ ჰქონდათ მათგან დამოუკიდებლად ნედლეულის შეძენის უფლება. ფასებს ნედლეულზე ამქრის წარმომადგენელი ადგენდა.

ზოგიერთ ამქარს ოსტატის ხელფასთან ქარგლის ჯამაგირის მიმართებაც ჰქონდა რეგულირებული, მაგ. ახალციხის დაბაღების კორპორაციაში ქარგლები ოსტატების მოგების 5 %-ს იღებდნენ. ამქარი არ ცნობდა კონკურენციის ლოგიკას. ოსტატებს არ ჰქონდათ სხვა ხელმძღვანელებისგან საუკეთესო ქარგლების გადაბირების უფლება.

როგორც ვხედავთ, ეს იყო ჩვეულებით სამართალზე დამყარებული, ქონებრივი და სოციალური წონასწორობის შენარჩუნებაზე მიმართული თვითმმართველი თემი. ამქარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქველმოქმედებას. საგანგებო ყურადღება ეთმობოდა გაჭირვებული ხელოსნების მატერიალურ დახმარებას; ობოლი შეგირდები, ოჯახის რჩენის ვალდებულებით, აქ დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ოსტატებსაც, ფინანსური პრობლემების შემთხვევაში, ამქარი ხშირად უმართავდა ხელს.

მე-19 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს სახელმწიფომ დაიწყო ამქრის რეორგანიზაცია და ეს ორგანო თბილისის გამგეობას დაუქვემდებარა. ერთი მხრივ, შემცირდა ამქართა რაოდენობა, მეორე მხრივ, გამარტივდა მიღების წესები, უხუცესებსა და უსტაბაშებს კი უფლებები შეუკვეცეს. 60-იანი წლების დასაწყისიდან უკვე შიდა პრობლემებმაც იჩინა თავი. ამქარს, როგორც ფეოდალურ საზოგადოებაში აღმოცენებულ ორგანიზაციას, საფუძველს აცლიდა, პირველ რიგში, რეფორმა და, ამასთან, ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარება.

მიუხედავად ამგვარი რყევებისა, ამქარმა სამოქალაქო გავლენა ინერციულად კარგა ხანს შეინარჩუნა. 1865 წელს მან შეძლო დღევანდელი თავისუფლების მოედანზე 10 000 ხელოსნის შეკრება, რომლებიც სახელმწიფო გადასახადების შემცირებას მოითხოვდნენ. გამოსვლებს მსხვერპლიც მოჰყვა, ხელოსუფლებამ აჯანყება ჩაახშო და აქტიური მონაწილეები ციმბირში გადაასახლა. ეს მოვლენა „ამქართა გამოსვლის“ სახელითაა ცნობილი.

გერმანიის გამოცდილებისგან განსხვავებით, სადაც გილდია არამხოლოდ ფეოდალურ მოვლენად დარჩა, არამედ კაპიტალიზმის გამოწვევებსაც მოერგო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების პირობებში ვერ შეიქმნა ამქრის გადარჩენისთვის ხელსაყრელი ინსტიტუციური გარემო. სამწუხაროდ, სამოცდაათწლიანმა საბჭოთა რეჟიმმა, რომელმაც პროფესიული განათლება სრულად ცენტრალიზებული გახადა, თვითმმართველ ორგანიზაციებსა და სოციალური პარტნიორობის პლატფორმებს განვითარების ყველა არხი მოუსპო. ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არსებული ადგილობრივი გამოცდილებების გარშემო ცოდნის გავრცელება და სამოქალაქო დიალოგი, თუ რა ელემენტების რეკონსტრუქცია არის შესაძლებელი არსებულ სოციოკულტურულ და ეკონომიკურ გარემოში. შევეცდებით, მომდევნო პუბლიკაცია იმ შემთხვევებს დავუთმოთ, რომლებიც საქართველოში ბიზნესის მოთხოვნებზე მიმართული და /ან კერძო სექტორიდან წამოსული საგანმანათლებლო ინიციატივების სანიმუშო მაგალითებად შეიძლება გამოდგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი