შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა არის გეოგრაფია

რა არის გეოგრაფია?

მავანისთვის მეცნიერებათა კომპლექსია, მავანისთვის – პროფესია, ჩემთვის კი – მთელი ცხოვრება. ეს პათეტიკა არ გეგონოთ, ეს ხედვაა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა. ყველგან და ყველაფერში გეოგრაფიას ვეძებ და ვხედავ. გეოგრაფიაა გარემოში, ადამიანთა ყოფასა და ქცევაში, არჩევნების ანალიზსა და ეკონომიკის განვითარებაში, ოლიმპიადის და ჩემთვის არცთუ საყვარელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანამორფული რუკების ანალიზი ხომ გეოგრაფიაა და სხვა არაფერი. ჩემმა ბავშვებმა ეს იციან და როცა მათთვის საინტერესო თემაზე სურთ საუბარი, კითხვას „გეოგრაფიულად” სვამენ, მერე კი ამაყი მზერით ელიან ჩემს გადაწყვეტილებას: „თავისუფალი” თემა თუ… რაღა დაგიმალოთ და მეც მიყვარს ასეთი გაკვეთილები. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული, ერთი იდეით არიან გაერთიანებულნი და ცდილობენ, თავიანთი მოსაზრება არგუმენტირებულად დაასაბუთონ. ეს უკანასკნელი, არგუმენტირებული დასაბუთება, კამათის წესების მთავარი მოთხოვნაა. და ვმსჯელობთ, ვკამათობთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, გეოპოლიტიკაზე, ისტორიულ მოვლენებსაც გადავწვდებით ხოლმე…

„არა, მაინც რა საოცრებაა ეს გეოგრაფია”; „მიყვარს გეოგრაფიის გაკვეთილი”; სახალისოა რა ეს გეოგრაფია…” – ამის მოსმენა, დამეთანხმებით, სასიამოვნოა.

ვცდილობ, ჩემი განწყობა და დამოკიდებულება ბავშვებსაც გადავდო, გეოგრაფიული აზროვნება ვასწავლო. მოვლენებისა და პროცესების გეოგრაფიული ანალიზი ბუნების მიმართ დამოკიდებულებასაც განაპირობებს, ქვეყნის სიყვარულსაც ასწავლის და ზოგადი განათლების მიზნებთანაც უშუალო კავშირი აქვს. ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მწერალი, პოლიტიკოსი და ესეის ჟანრის ფუძემდებელი მიშელ დე მონტენიც ხომ ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას გვირჩევს, რადგან ბუნება საუკეთესო წინამძღოლია.

მონტენი (1533-1592 წ.წ.) შუა საუკუნეების სქოლასტიკური (ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა) აღზრდის წინააღმდეგია. ის არ ეთანხმება მხოლოდ წიგნზე დამყარებულ სწავლებას, რომელიც არ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; მოითხოვს, თეორიას დაემატოს პრაქტიკა, წიგნებს – ცხოვრებასთან მჭიდრო კონტაქტი; უპირატესობას ანიჭებს საგნებსა და მოვლენებზე უშუალო დაკვირვებას, რადგან ბუნება საუკეთესო მასწავლებელია; დარწმუნებულია, რომ ყველა ბავშვშია სიკეთის ჩანასახი, რომლის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ბავშვს უნდა ვასწავლოთ გონებით მოქმედება, აზროვნება.

არც ისე ახალგაზრდა ყოფილა განათლების რეფორმა.

რას ნიშნავს გეოგრაფიული აზროვნება? ჩემთვის ეს ბუნებისა და ქვეყნის სიყვარულია. ვერ წარმომიდგენია ჭეშმარიტად განათლებული, კულტურული ადამიანი, გეოგრაფიის საფუძვლები რომ არ იცოდეს. სასწავლო გეოგრაფია აფართოებს ადამიანის თვალსაწიერს, ავითარებს ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, სხვა ქვეყნებისა და ხალხების პატივისცემას.

სწარაფად ცვალებად 21-ე საუკუნეში პრიორიტეტებიც იცვლება. ამასთან ერთად იცვლება მოთხოვნაც მასწავლებლების მიმართ. მთავარი პრობლემა, რომელსაც დღეს მასწავლებელი ეჯახება, ის არის, როგორ გაუღვიძოს მოსწავლეს ინტერესი საგნის მიმართ, ჩამოუყალიბოს საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და ანალიზის უნარი. მთავარი მიზანი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელიც შემდეგ თვითგანვითარებას შეძლებს.

სამწუხაროდ, დღეს გეოგრაფიული განათლება ვერ იყენებს თავის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პოტენციალს, ამიტომ ჩვენი მოსწავლეები მზად არ არიან დამოუკიდებლობისთვის, არ ძალუძთ, აქტიურად და შემოქმედებითად გამოიყენონ მიღებული ცოდნა (ტრანსფერი). ეს მაიძულებს, გამუდმებით ვეძებო გამოსავალი, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომ ჩემს მოსწავლეებს მუდამ ჰქონდეთ სიახლეების მოლოდინი.

„გაკვეთილზე არ მივდივარ შეშინებული და დათრგუნვილი, ვიცი, რომ ეს არ არის ტრადიციული გაკვეთილი, სადაც, იმიტომ, რაღაც ვერ მოვასწარი, ორიანს მივიღებ; ვიცი, რომ აქ თავისუფალი ვარ და ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ველი”, – ეს ჩემი მეცხრეკლასელების შეფასებაა.

„მას., თქვენ დათოს შანსი აღარ დაუტოვეთ. ის ყოველთვის სწავლობს გეოგრაფიას. ძალიან კარგად მოიქეცით, 10 რომ დაუწერეთ…” მეშვიდეკლასელების შეფასებით, მე სხვებს არ ვგავარ, იმიტომ რომ დაბალი ქულის შემდეგ უპრობლემოდ დავუწერე 10. მივხვდი, რომ ამით თითოეულის მოტივაცია გაიზარდა.

ასეთი შეფასებები მეც მიმაღლებს მოტივაციას და ვცდილობ, ვიპოვო ახალი ფორმები, გავახალისო გაკვეთილები, ვასწავლო ბავშვებს ფიქრი და აზროვნება, ყველაზე მარტივიდან გადავიდე რთულ, სააზროვნო დავალებებამდე, თუნდაც მწირი რესურსების საშუალებით, ტექნოლოგიების გამოუყენებლად. ყველაზე მეტად ასეთი სამუშაოები მომწონს, რადგან კომპიუტერს და სხვა დამხმარე რესურსებს ყოველთვის ყველგან ვერ გამოიყენებ. მარტო წიგნში მოცემული რუკებითაც შეიძლება სააზროვნო უნარების განვითარება. ერთი ასეთი დავალება მე-10 კლასში აზიის კონტინენტის შესწავლისას შევასრულეთ.

გთავაზობთ აქტივობას, რომლის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე რუკა: სახელმძღვანელოში მოცემული აზიის კონტინენტის რეგიონული, ქვეყნების განვითარების დონის მაჩვენებელი და პოლიტიკური რუკები.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია

დავალება შეიძლება განაწილდეს ჯგუფებში. თითოეულს ვარგუნებთ ერთ რეგიონს.
დავალება:

1. ამოწერონ რეგიონის ქვეყნები დედაქალაქებითურთ;

2. გაიხსენონ რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო მმართველობის ფორმები;

3. დაადგინონ რეგიონში შემავალი ქვეყნების განვითარების დონე (ჰუმანური განვითარების ინდექსი; ცხოვრების დონე);

4. ახსნან რეგიონის ქყვეყნების განვითარების დონის განსხვავების მიზეზები;

5. განსაზღვრონ თითოეული ქვეყნის როლი რეგიონში და განვითარების პერსპექტივები.

6. პრეზენტაციის შემდეგ გამოყონ ყველაზე დაწინაურებული 2 ან 3 რეგიონი და იმსჯელონ მიზეზებზე.

პირველი სამი დავალება გამოყენების დონეზეა. მოსწავლეებს აქვთ აზიის რეგიონებისა და ქვეყნების განვითარების დონის მაჩვენებელი რუკები, საიდანაც იღებენ ინფორმაციას და ახარისხებენ. ამავე დროს, ეს რუკები მათ ნომენკლატურის შესწავლაშიც ეხმარება.

მე-4, მე-5 და მე-6 დავალებები სააზროვნო დონეზე გამსვლელი დავალებებია, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური რუკისა და განვითარების მახასიათებლების დაკავშირებას, მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებას.

P.S. ეს წერილი კარგა ხანია დავწერე. გაზეთში გაგზავნას ვაყოვნებდი, ზედმეტად ხომ არ ვაქებ-მეთქი საკუთარ შრომას, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა, რადგან პარალელურად საკუთარ კლასებში დაკვირვებას ვაწარმოებდი: იქ, სადაც ინტერაქტიულ გაკვეთილებს ვატარებ, უკეთესი შედეგია, ვიდრე კლასებში, სადაც ტრადიციული მეთოდებით ვაგრძელებ მუშაობას. განსაკუთრებით მეთერთმეტეკლასელებმა გამიპროტესტეს: – შარშან ასე არ ვმუშობდით და ხომ გახსოვთ, ყველა ჩართული იყოო. გამიხარდა. თავად დავაგეგმვინე ის გაკვეთილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი