სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

“რთული მოსწავლე”- მარიამი

წელს პირველად შევაღე იმ საკლასო ოთახის კარი, სადაც მარიამი სწავლობს. ბავშვები ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით მიცქერდნენ, განსაკუთრებით – მარიამი, იგი მიღიმოდა. გაკვეთილი ჩვეულებრივად წარიმართა. უეცრად მარიამი ადგა, თავისი ავტოკალამი აიღო, მაგიდაზე დადო და მითხრა: „ამას თქვენ გაჩუქებთ, მასწავლებელო“. „მაია მასწავლებელს ყოველთვის ავტოკალმებს ჩუქნის, იმიტომ რომ ძალიან უყვარს!“ – თქვა ბელამ.

            ახალი საფიქრალი გამიჩნდა – მარიამი –  მიამიტი თვალებითა და მოღიმარი სახით. მივხვდი რომ, ამ შემთხვევაში, განსხვავებული სირთულე უნდა დამეძლია. თითქოს და აქამდე არც არაფერი იყო, მხოლოდ ახლა იწყებოდა! უამრავი ლიტერატურა და მასალა მოვიძიე, დღედაღამ ვკითხულობდი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, როგორ მემუშავა კლასთან, სადაც მარიამი სწავლობდა. როდესაც მარიამმა მონიტორზე ფერადი, ლამაზად გამოყვანილი ასოები დაინახა, აღტაცებით ყვიროდა: „ეს ვიცი, ამას ვწერ! ეს ასო არ ვიცი, ვერ ვწერ, –   და ასე დაიწყო…    მარიამი თვითონ მასწავლის როგორ უნდა ვიმუშაო მასთან, როგორი რესურსები შევუქმნა, როგორ წავუკითხო მოთხრობა, რომ მომისმინოს. მასწავლის როგორ დავაინტერესო; თითქოს  პოზიციები შევცვალეთ. მისი ხელი ხელში მეჭირა და დაფაზე ასო-ბგერა „ბ“-ს ვაწერინებდი (ვერ წერდა ამ ასოს). როდესაც წერა დავასრულეთ,  მისი გაოცებული მზერა დავიჭირე –  „როგორ ჰგავს ბალს!“- თქვა მან და კლასს გადახედა. მეორე დღეს მარიამს მერხზე ელაგა ფურცლებზე ამობეჭდილი ასო-ბგერები ბლებით, ვარდებით, ჩიტებით, მზით, ვარსკვლავებითა და მთვარით. ის ყოველთვის ბედნიერია, როდესაც მისთვის ლამაზად დასურათებული დავალებები მიმაქვს. სიხარულს და აღტაცებას არასოდეს მალავს და კლასსაც ასეთ განწყობას უქმნის. მელოდება, რომ რაღაც ახალს მივუტან, ისეთს, თვითონ რომ მოეწონება. მარიამი ცხოვრებისეულ სიტუაციებზე საუბრობს, მაგრამ არ შეუძლია ტექსტის გარშემო დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ან  ტექსტის რომელიმე მონაკვეთის თხრობა. შევეცადე, რომ ეს ბარიერი ერთად გადვაგველახა. ხშირად ვუკითხავდი ერთსა და იმავე მონაკვეთს, შემდეგ ვუყვებოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ვატყობდი, რომ მარიამი უფრო და უფრო ითრგუნებოდა და ხალისი ეკარგებოდა. ისევ ლიტერატურას ჩავუჯექი, მასალის ძებნა დავიწყე. ბოლოს სპეციალისტს ვთხოვე დახმარება. ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ სიტუაციები. ბოლოს მას მარიამის ნაშრომები ვაჩვენე: დაწერილი ასო-ბგერები, მარცვლები, სიტყვები, ერთი ფერით გაფერადებული სულიერი არსებითი სახელები, მეორე ფერით – უსულოები, დახარისხებული შინაური და გარეული ცხოველები, შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები და ა.შ. „ეს იცით,  როგორი მიღწევაა!“ – ამბობდა ჩემი კონსულტანტი. კმაყოფილი დავრჩი, ჩავთვალე, რომ რაც უნდა გამეკეთებინა, ვაკეთედი.

ჩვენი გაკვეთილები ჩვეულებრივად გაგრძელდა. მოსწავლეები განიხილავენ ტექსტებს, საუბრობენ, მსჯელობენ, სვამენ შეკითხვებს, თანმიმდევრულად გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს. მარიამი კი ამ დროს ზის, ხან ამოწერილ სიტყვებს წერს,  ხან აფერადებს, ხან მზეს ხატავს და მზეში თავის სახელს წერს. ის მხოლოდ მზეს ხატავს. ვერ ვისვენებ, ასე მგონია რაღაცას ვაშავებ. მარიამიც ჩუმადაა. რაღაც უნდა მოვიფიქრო ისეთი, რომ მარიამს მოთხრობის შინაარსი გავაგებინო. ერთმანეთისაგან გავარჩევინო მხიარული და მოწყენილი, კეთილი და ბოროტი პერსონაჟები. ყოველდღიური დაკვირვებით მივხვდი, რომ ბავშვი იმას ჰყვებოდა, რასაც ხედავდა. რაღაც მენიშნა, რაღაცას მივხვდი. პირველი ცდა „ტომ სოიერის“ ჩვენება იყო. საკლასო ოთახი დავაბნელეთ, დავსხედით და ერთად ვუყურეთ ფილმს. ფილმის ყურებისას მარიამი სწორად და თავისუფლად გამოხატავდა ემოციებს. ველოდებოდი, როგორი შედეგი გვექნებოდა. მეორე დღეს მარიამი ტომ სოიერსა და დეიდა პოლიზე საუბრობდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი