სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მწერლები სკოლებში. (ნაწილი პირველი)

დიახ, ის ხალხი, ვინც წერს მოთხრობებსა და ლექსებს, მიდიან სკოლებში და ბავშვებს მწერლობის შესახებ უყვებიან… გადავწყვიტე, გესაუბროთ სკოლებში მოწვეულ მწერლებზე. უფრო სწორად, მწერლების შეხვედრებზე მოსწავლეებთან, მათ მიერ წაკითხულ ლექციებზე თუ ჩატარებულ გაკვეთილებზე. ეს ბევრგან მიღებული და გამოცდილი პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ინგლისურენოვან ქვეყნებში. ახლგაზრდა თუ უფრო გამოცდილი და ხნოვანი მწერლები შეხვედრაზე უთანხმდებიან სკოლას ან მწერალს ბავშვებთან შესახვედრად სკოლა თავისი შეხედულებისამებრ იწვევს.  ასეთ ღონისძიებებს, როგორც წესი, აფინანსებს სახელმწიფო (განათლების სამინისტრო, რაიონული განყოფილება ან მსგავსი საჯარო ინსტიტუტი) ადგილობრივ მწერალთა კლუბები/ასოციაციები და სკოლები. მაგალითად, ირლანდიაში, პროგრამა სახელად Writers in Schools ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და პოპულარული ღონისძიებაა, რომელიც 1977 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ირლანდიელი მოსწავლეების თაობებსა და მწერლებს უკვე 500,000-ზე მეტი შეხვედრა აქვთ  ჩატარებული. მწერლებისა და ბავშვების შეხვედრები თუ გაკვეთილები მხოლოდ სკოლის შენობებში არ მიმდინარეობს. ხშირია სკოლის გარეთ აქტივობებიც, როგორებიცაა, შეხვედრები კაფეებში, მწერალთა სახლებში, კოლექტიური კითხვის საღამოები თუ მცირე კონკურსები სკოლის ასაკის მწერლებისა და პოეტებისათვის. როგორც ჩვენი თანამედროვე, ცნობილი ირლანდიელი საბავშვო მწერალი ქალი, შიონ პარკინსონი (Siobhán Parkinson) ამბობს,  „პროგრამა Writers in Schools  ბავშვებს საშუალებას აძლევს კლასიდან გაუსვლელად შეიძინონ შეუფასებელი ახალი გამოცდილება ლიტერატურაში. ქვეყანაში ყველა სკოლის ყველა მოსწავლეს წელიწადში ერთხელ მაინც ეძლევა საშუალება, შეხვდეს ცოცხალ მწერალს, მოისმინოს მისი საუბარი, მისი ისტორიები და შეეხოს სამყაროს მისეულ აღქმას. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა“.

ალბათ ვერაფერი შეედრება იმ პროცესს, როდესაც მწერალი ბავშვებთან საკლასო ოთახში მარტო რჩება. მრავალწლიანმა გამოცდილებამ სხვადასხვა ქვეყანის კულტურულ სივრცეში ნათლად აჩვენა, რომ ეს შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის, წერისა და შემოქმედებითი პროცესის მძაფრ აღქმას. ქვემოთ გთავაზობთ იმ შესაძლებელ შედეგებს, რომლებიც მწერლების ბავშვებთან შეხვედრებს შეიძლება მოჰყვეს:

კითხვის წახალისება

როდესაც მოსწავლეები წიგნის ან მოთხრობის „შიდა ისტორიების“ შესახებ იგებენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოიდგინონ ის სიძნელეები თუ სიხარული, რომელთანაც მწერალს წერის დროს, ტექსტის რედაქტირებისა და წიგნის გამოცემის პროცესში უწევს შეხება. ეს ისტორიები სულ სხვანაირად წარმოჩინდება მათთან, რადგან ისინი უშუალოდ ავტორისგან მოდის.

შეხვედრები საშუალებას იძლევა „დიდი წიგნების“ ავტორები მოსწავლეებისათვის რეალურ ადამიანებად იქცნენ. ეს მათთვის იმ სამყაროს ხსნის, რომელსაც მკითხველისა და მწერლის ურთიერთობა ჰქვია. მათ საკუთარი ყურით ესმით იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ავტორი კონკრეტულ წიგნს წერდა. მოსწავლეებს შეუძლიათ, გაიგონ იმ არჩევნისა თუ წინააღმდეგობების შესახებ, რომლის წინაშეც ავტორი მოთხრობის სიუჟეტის შექმნისას წიგნის გმირებთან ერთად იდგა. ეს მოსწავლეებს „კარგი მკითხველის“ დამახასიათებელი თვისებების განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა, ასოციაციები, მოთხრობილი ამბის შესაძლო დაბოლოება, სიუჟეტის განვითარების სხვადასხვა ვერსიების წინასწარგანჭვრეტა და სხვა.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ბავშვთან, რომელსაც „ჰარი პოტერის“ ციკლის წიგნები მრავალჯერ აქვს წაკითხული და უყვარს ამ საოცარი ზღაპრის გმირები, საკლასო ოთახში ჯოან კ. როულინგი მივიდეს და ჰარი პოტერის, პროფესორი დამბლდორის ან ჰერმიონა გრეინჯერის გმირების შექმნის პროცესის შესახებ მოუთხროს… დიახ, ეს დაუვიწყარი გამოცდილება და შთაბეჭდილება იქნება თქვენი შვილისთვის.  

წერის სურვილის წახალისება

როდესაც ავტორი საკლასო ოთახში შედის, მას შეუძლია ბავშვებს მოუთხროს მისთვის დამახასიათებელი სამწერლო „ხერხებისა” თუ მისი „საფირმო ეშმაკობების“ შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ეს მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და ახლგაზრდებს (არა მხოლოდ იმათ, ვისაც კითხვა უყვართ) რამის დაწერის სურვილს უღვივებს. იმის მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობდა ცნობილი მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრების პროცესი – ნაწარმოების იდეიდან გამოქვეყნებულ წიგნამდე – ბავშვებში ახლა უკვე უცნობ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას წარმოშობს. ხშირად მოსწავლეებს მოთხრობების ან ლექსების წერა, მწერლის ვიზიტიდან კარგა ხნის შემდეგ უცდიათ.

შემოქმედების პროცესისთვის „საიდუმლოების“ საბურველის მოხსნა – დემისტიფიკაცია

ავტორები – პოეტები თუ პროზაიკოსები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ხშირად, ჩვენ მათ, როგორც უნიკალური და გენიალური ტალანტის მქონეთ, მაღალ პიედესტალზე მივუჩენთ ხოლმე ადგილს. ამ დროს მწერალი ის ადამიანია, რომელიც ხშირად მარტოობაში ატარებს დღეებს და ძირითად დროს წერას უთმობს. მაგრამ იგივე მწერალი ჩვენსავით დგას სალაროს რიგებში, აგვარებს სახლის საქმეებს, თუ ცოცხით გვის ოთახებში დაგროვილ მტვერს… არის მცირე განსხვავებაც – ავტორები თავიანთი შეუპოვრობითა და მოთმინებით ხდებიან ავტორები. დიახ, ტალანტი, ნიჭიერება ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რომელიმე საქმე უფრო ადვილად გამოსდის, მაგრამ სიტყვების წერა და მათი ნაწარმოებად გადაქცევა არასდროს ყოფილა ადვილი საქმე. მწერლობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გეგმა, რომელიც გონებაში დაიბადა. მწერალი კედლებს ახლის თავს და ყოველთვის სურს თავი მიანებოს დაწყებულ ტექსტს. ყოველი ახალი ისტორია მას იმის მძაფრ შეგრძნებას უჩენს, რომ არ იცის, რას აკეთებს…

ეს ყველაფერი შემოქმედების პროცესია და ავტორებს ნამდვილად შეუძლიათ ამის ბავშვებისათვის მოყოლა.

რისკის წახალისება

როდესაც ბავშვები სასკოლო დავალებას წერენ, მათი მკითხველი აუდიტორია მხოლოდ მასწავლებელია. მოსწავლეები, უმეტეს შემთხვევაში იმას აკეთებენ, რაც საჭიროა ნორმალური შეფასების მისაღებად და ძირითადად, დამატებითი ძალისხმევით არ იწუხებენ თავს. მით უფრო, თუ ამ „დამატებით აქტივობას“  მასწავლებლის უკმაყოფილების გამოწვევა შეუძლია. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მწერლების (და არა მასწავლებლის) ბავშვებთან შეხვედრას, როდესაც იგი ახალგაზრდებს თვითონვე მოუთხრობს წერის პროცესზე, მის შეგრძნებებსა და განცდილ ემოციებზე, შეუძლია ბავშვებში მათი იდეების,  სამყაროსადმი დამოკიდებულებისა და, ზოგადად, მათი ფილოსოფიის ქაღალდზე გადატანის სურვილი გააჩინოს და წაახალისოს მოსწავლეები, რისკი გასწიონ: თავისებურად, საკუთარი სიტყვებით, მათ ხელთ არსებული სამწერლო „არსენალით“ აღწერონ მათი უნიკალური ისტორია; გამოხატონ განცდილი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი  ინდივიდუალური ფორმით.

შემოქმედებითი ენერგიის გამოვლინების წახალისება

სკოლაში ცნობილი მწერლის ვიზიტს არა მხოლოდ „სამწერლო პროექტების“ ხელშეწყობა, არამედ (როგორც ხშირად მომხდარა) ადამიანში არსებული ოცნების წახალისება შეუძლია. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უთქვამთ, რომ ავტორის ვიზიტის შემდეგ, მათ თავიდან გასჩენიათ სურვილი აესრულებინათ ის ოცნება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ რიგი მიზეზებისა თუ გარემოებების გამო მალავდნენ, ჩქმალავდნენ თუ თრგუნავდნენ მას.

ერთ შემთხვევაში, სკოლაში ჩატარებული შეხვედრის განხილვის შემდეგ, მასწავლებელი ავტორთან მივიდა და გაუმხილა, რომ თავს ვერ პატიობს, რომ აქამდე თვითონვე თრგუნავდა მასში არსებულ ხატვის სურვილს და ახლა აუცილებლად გახსნის აკვარელების ყუთს, რომელიც სხვენში იმტვერება.

სხვის მიერ განვლილი გზის შესახებ მოსმენილ ამბავს დიდი ძალა ახლავს თან.

განამტკიცებს მასწავლებლის რეპუტაციას

მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ის თემები, რომლებზეც მუდმივად „უჩიჩინებდნენ“ და უყვებოდნენ მოსწავლეებს, ბავშვებისთვის მისაღები და საყურადღებო მწერალთან შეხვედრის შემდეგ გამხდარა.

სასკოლო განათლების თავისებურებებისა და პროცესის ხანგრძლივი ფორმატის გამო, ხშირად მასწავლებელი მოსწავლისათვის ოჯახის წევრის მსგავს ადამიანად გადაიქცევა ხოლმე – ბავშვები ეჩვევიან სელექციურ მოსმენას (ერთ ყურში შეშვებას და მეორედან გამოშვებას), ან მასწავლებლისგან მომდინარე ინფორმაციის ფილტრაციას, რაც დროთა განმავლობაში ვითარდება. მაგრამ როდესაც იმავე საკითხს, ამბავს თუ თემას, სხვა ადამიანისგან (მწერლისგან, რომელიც მოსწონთ), მისივე ინტერპრეტაციით გაიგებენ, მათთვის ეს ინფორმაცია უფრო ფასეული და რეალური ხდება. ისინი თავიდან აღმოაჩენენ იმას, რაც უკვე გაგონილი ჰქონდათ, ოღონდ ყურადღების მიღმა დატოვეს.

წარმოშობს ახალ მეგობრობას

ბევრი ცნობილი მწერალი, სკოლებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ წერდა, რომ მათ ახალი მეგობრები შეიძინეს, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან ელექტრონული წერილები მიიღეს. მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა მწერლები „ფეისბუქზე“ და სხვა ელექტრონულ პლატფორმებზე მოძებნეს და იქ მისწერეს. ბავშვები იზრდებიან და მწერლებს უზიარებენ თავიანთ ნაწერს, ნახატებს, პერსონალურ ახალ ამბებს თუ თავს გადამხდარ ისტორიებს. მასწავლებლები კი ხშირად მხატვრული წერის გაკვეთილებზე იწყებენ სიარულს, იღებენ კონსულტაციებს „სამწერლო გაკვეთილების“ შესახებ, აგრძელებენ მწერლების საკლასო ოთახში მიწვევას გარკვეულ თემებზე სასაუბროდ და სხვა. მაგრამ ყველაზე ფასეული მწერლისთვის ალბათ ის არის, რომ ისინი ახალ ურთიერთობებს იწყებენ მოსწავლეებთან მათგან მიღებული ნაწერის კითხვით. მწერლებთან შეხვედრების შემდეგ ბევრ სკოლაში „სამწერლო კლუბები“, „კრიტიკოსების წრეები“ ან „ერთად წერის“ ჯგუფები გაჩენილა. მოსწავლეთა სურვილითა და თვითორგანიზებით ბავშვებს ახალი სამყარო გაუჩნდათ, სადაც მათ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების გარემოში თვითგამოხატვის საშულება მიეცათ; მათ თანამოაზრეები და „სულიერი“ მეგობრები შეიძინეს; მათ ახალი გატაცება და ვნება აღმოაჩინეს. ვნება კი ხშირად გადამდებია. გატაცებას, ცნობისმოყვარეობას, ნამდვილ ვნებას, ინტერესსა თუ სიყვარულს მთების გადაბრუნება შეუძლია. ბავშვების ბიოლოგიურად და ევოლუციურად განპირობებული ინტერესი, ლტოლვა ახლის გაგებისა და ერთად გართობისკენ, ადამიანის ალბათ ყველაზე ძლიერი მამოძრავებლები არიან. გატაცებას და ოცნებისკენ სიარულს, შემეცნებისა და ახლის სწავლის პროცესი შეუძლია სასურველი და საყვარელი გახადოს.

ხომ არ არის ეს ის, რაც ჩვენ ჩვენი ბავშვებისთვის გვსურს?

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

გამოყენებული წყაროები:

https://www.literary-arts.org/what-we-do/wits-home/students-teachers-parents-say/

https://deblund.com/debs-services/author-visits/benefits-of-author-visits/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“