კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

ინკლუზიის ინსტრუმენტები. შემეცნებითი უნარების განვითარება უმცროს სასკოლო ასაკში

(მეორე ნაწილი)

ადამიანის თავის ტვინში შემავალი ინფორმაცია ცოდნის ბანკში შემეცნებითი პროცესების გავლის შემდეგ ხვდება. შემეცნებითი უნარების გაწვრთნა-განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია გონებრივი სავარჯიშოები, რომლებსაც ადამიანის ტვინი ფიქრისა და სწავლისთვის იყენებს. უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვი შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების უნებლიე ფორმიდან ფსიქიკური აქტივობის ნებისმიერ, დამოუკიდებელ ფორმაზე თამაშის ან პრაქტიკული აქტივობის დროს გადადის, რასაც თავისი მოტივი, მიზანი, განხორციელების ხერხები და საშუალებები აქვს. თითოეული ბავშვის განვითარება უნიკალური და, იმავდროულად, კომპლექსური მოვლენაა; ყოველი მათგანი განვითარების განსხვავებულ გზას გადის, რაც უმთავრესად იმ სოციოკულტურულ გარემოზეა დამოკიდებული, რომლის წიაღშიც იზრდება ბავშვი, იმ გამოცდილებაზე, რომელსაც აღნიშნულ გარემოში იღებს.

გოდ

უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია აღქმის განვითარება. ამისთვის მას დაკვირვება უნდა ვასწავლოთ. საგნის მასწავლებელსა თუ სპეცმასწავლებელს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს მას ნახატებს და აღქმის ორგანიზებაში დაეხმარება. მაგალითად, მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები განსაზღვრული თანმიმდევრობით, იპოვოს ესა თუ ის დეტალი, ააწყოს ნაწილებისგან მთელი და ა. შ.

უმცროს სასკოლო ასაკში ვითარდება სინთეზური აღქმა – აღქმული ობიექტის ელემენტებს შორის კავშირის დამყარების უნარი. თუ მანამდე ნახატის აღწერისას ბავშვი ასახელებდა მასზე გამოსახულ ობიექტებს, 6-7 წლისას უკვე შეუძლია ნახატის აღწერა, 8 წლისას კი ინტერპრეტაცია.

აქტივობა 1:

  • წიგნებსა თუ ბუკებში ვაჩვენოთ ბავშვებს ცისარტყელა.
  • თავდაპირველად ერთად დავთვალოთ ფერები, მერე – ცალ-ცალკე.
  • დავასახელოთ ფერები, ჯერ – ერთად, მერე – ცალ-ცალკე.
  • დავაკვირდეთ ფერების განლაგებას: რომელი ფერია ქვემოთ? რომელი ფერია ზემოთ? შესაძლებელია თუ არა ფერების შებრუნება? რა თანმიმდევრობით?

აღქმისთვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობა. ემოციური ქება ბავშვზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ნეიტრალური ტონით ნათქვამი „საქებარი“ სიტყვები.

აღქმის კიდევ ერთ თავისებურებად განიხილავენ მოქმედებასთან მის კავშირს. 6-7 წლის ბავშვებთან აღქმა მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკულ საქმიანობას. ბავშვისთვის საგნის აღქმა ნიშნავს აქტივობას ამ საგნის გამოყენებით, რაღაცის შეცვლას, ხელში აღებას. ამიტომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების სწავლებისას მეტი დრო უნდა დაეთმოს საგნებზე პრაქტიკულ ზემოქმედებას და თვალსაჩინო მასალაზე მუშაობას. ვითარდება აღქმის სოციალიზაცია, ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ადამიანისგან წამოსულ სიგნალებს.

აღქმის განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც საგნის თვალსაჩინო ორგანული მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში შეჰყავს, რადგან დასკვნა თვალსაჩინო გარეგნულ თვისებებზე დაყრდნობით გამოაქვს. მაგალითად, ამ ასაკის ბავშვისთვის თუ საგანი დიდია, ის მძიმეც უნდა იყოს.

5-6 წლის ასაკში აღქმა არასაკმარისადაა დანაწევრებული, რის გამოც ბავშვს ხანდახან ერთმანეთში ერევა მსგავსი მოხაზულობის ასოები და ციფრები (6 და 9, შ და წ, ძ და ხ). აღქმის განვითარებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს წერისა და კითხვის სწავლებისთვის. მიჩნეულია, რომ 6-9 წლის ბავშვები ხშირად ვერ ცნობენ ფიგურას, როცა ის სივრცეში განსხვავებულად მდებარეობს. მაგალითად, ზოგი ბავშვი სწორ ხაზსაც კი ვერ აღიქვამს სწორად, როცა ის დახრილია. ბავშვი აღიქვამს ნიშნის, სიმბოლოს ზოგად გამოსახულებას, მაგრამ ვერ ამჩნევს მის ელემენტებს. ამ ასაკის ბავშვის აღქმა, უპირველეს ყოვლისა, თავად ობიექტის მახასიათებლებით განისაზღვრება, ამიტომ ბავშვები საგანში ამჩნევენ არა მთავარს, მნიშვნელოვანს, არამედ მის თვალშისაცემ, მკვეთრ თვისებებს: ფერს, ფორმასა თუ ზომას [მელიქიშვილი 12, 2013].

აღქმა სწავლების შედეგად ანალიზური ხდება. ის იძენს ორგანიზებული დაკვირვების ხასიათს. საგნის მასწავლებელმა ან სპეცმასწავლებელმა უნდა ასწავლონ ბავშვს ობიექტის არსებითი ნიშნების, საგნებისა და მოვლენების თვისებათა გამოვლენა. აღქმის განვითარების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია შედარება. მაგალითად, როცა ბავშვებს აჩვენებენ ცალკეული ობიექტების (მგელი, მელა, ტურა, დათვი) ნახატებს, ისინი თითოეული მათგანის უფრო ნაკლებ მახასიათებელს ამჩნევენ, ვიდრე ერთდროულად ჩვენებისას.

უმცროს სასკოლო ასაკში დროისა და სივრცის აღქმას განსაზღვრული მახასიათებლები აქვს, რაც გასათვალისწინებელია ბუნების, ისტორიის, გეოგრაფიის სწავლებისას. დროისა და სივრცის აღქმა უმცროსკლასელებისთვის მჭიდროდ უკავშირდება მათ პირად გამოცდილებას, რომელიც ამ ასაკში საკმაოდ მცირეა. მაგალითად, ბავშვმა, რომელმაც იცის, რომ მისი პაპა 60 წლისაა, შესაძლოა ჰკითხოს მას, უნახავს თუ არა დინოზავრი, ვინაიდან მისთვის პაპის დაბადებაც და დინოზავრებიც ერთნაირად დიდი ხნის წინანდელი მოვლენებია. თუ ბავშვს ვკითხავთ, რამდენი კილომეტრია მის სახლამდე, შესაძლოა გვიპასუხოს, ათასიო, ვინაიდან მისთვის 1000 კილომეტრიც, 500–ც და 20–ც „ძალიან შორია“ [მელიქიშვილი, 2013].

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ხატვა, სურათების თვალიერება, მათი აღწერა, მსგავსება-განსხვავებათა პოვნა, ძერწვა, ზღაპრების, ლექსების, მოთხრობების მოსმენა და თხზვა, გამოცანების გამოცნობა. ეს აქტივობები ბავშვს აჩვევს ობიექტური მასალის გარდაქმნას და აიძულებს, ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ თვისებებს. შესაბამისად, აღქმა უფრო დანაწევრებული და ორგანული ხდება.

აქტივობა 2:

  • დავსვათ კითხვა: როგორ ჩნდება ცისარტყელა?
  • დავაზუსტოთ პასუხი.
  • ფერადი საღებავების, ფურცლების, ქსოვილების ან სხვა მასალის გამოყენებით გავითამაშოთ ცისარტყელა.
  • მოვიფიქროთ მოთხრობა ან ზღაპარი ცისარტყელაზე, მაგალითად, ასეთი:

 გოდ1

 

ყურადღება

სასწავლო პროცესი კარგად განვითარებულ ყურადღებას მოითხოვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სასწავლო ამოცანისკენ ყურადღების მიმართვა, განსაზღვრული ხნით ინტენსიური ყურადღების შენარჩუნება ან მისი გადატანა ერთი საგნიდან მეორეზე. მიჩნეულია, რომ 5-8 და 9-11 წლის ასაკში ყურადღება აღმოცენდება მხოლოდ ძალთა მობილიზაციისა და ძლიერი დაძაბულობის ან გარედან მოქმედი ძალისხმევის შედეგად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად მართვა.

უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. სამაგიეროდ, უნებლიე ყურადღება კარგად არის განვითარებული. ყოველივე ახალი, მოულოდნელი, საინტერესო ადვილად იქცევს ბავშვის ყურადღებას. შესაძლოა, ბავშვმა ყურადღება არაარსებით დეტალებზე შეაჩეროს. მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია მისთვის გაუგებარ, ბუნდოვან მასალაზე.

პირველკლასელებს და ნაწილობრივ მეორეკლასელებსაც არ შეუძლიათ ერთსა და იმავე საგანზე ყურადღების დიდხანს შეჩერება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო უინტერესო და მონოტონურია. შედეგად ბავშვი ვერ ასრულებს დავალებას, ტოვებს ასოებს სიტყვაში, სიტყვებს წინადადებაში. მიიჩნევენ, რომ 5-6 წლის ბავშვს ერთ საგანზე ყურადღების კონცენტრირება შეუძლია მხოლოდ 15-20 წუთით. რაკი I-II კლასებში ყურადღება გარე აქტივობის დროს უფრო ძლიერია, ვიდრე გონებრივი აქტივობის დროს, საჭიროა გონებრივი აქტივობის ჩანაცვლება პრაქტიკული აქტივობებით (ხატვა, ძერწვა, სიმღერა, ვარჯიში). მხოლოდ მესამეკლასელებს შეუძლიათ, ყურადღება მთელი გაკვეთილის განმავლობაში შეინარჩუნონ. ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებას ერთსა და იმავე ობიექტზე ფსიქოლოგიაში ყურადღების სიმტკიცე ეწოდება. უმცროს სასკოლო ასაკში ცუდი დისციპლინისა და სწავლის სირთულეების ერთ-ერთი მიზეზია ნებისმიერი ყურადღების სისუსტე, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მიმდინარეობს ნებისმიერი ყურადღების ფორმირება და როგორ შეიძლება მისი განვითარება. მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ყურადღება, უნებლიესგან განსხვავებით, არ არის ორგანიზმის მომწიფების პროდუქტი. ის ყალიბდება სოციალურ კონტექსტში, ბავშვისა და მოზრდილის ურთიერთობის შედეგად. ნებისმიერი ყურადღების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის აქტივობის ორგანიზება. თავდაპირველად ბავშვს ყურადღების ნებისმიერად წარმართვა შეუძლია იმ მიზანზე, რომელსაც უსახავს უფროსი, მერე კი იმაზეც, რასაც თვითონ დაისახავს მიზნად.

3 წლის ბავშვი 10 წუთის განმავლობაში თუ 4-ჯერ გადაიტანს ყურადღებას სხვა საგანზე, 6 წლისა – მხოლოდ ერთხელ. მარტივი, მონოტონური სამუშაოს დროს ბავშვის ყურადღება მეტად იხრება, ვიდრე რთული ამოცანის შესრულებისას. ბავშვები ყურადღებას აჩერებენ მათთვის საინტერესო საგანსა თუ მოვლენაზე, რომლის მიმართაც ემოციური დამოკიდებულება უჩნდებათ. ნებისმიერი ყურადღების გასანვითარებლად საჭიროა მოტივირება, მაგალითად, შექება, და სხვა ტიპის სტიმულაცია.

ყურადღების სიმტკიცის შესანარჩუნებლად შემდეგი რჩევები და რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ:

  1. გამოვიყენოთ სიგნალები. შევარჩიოთ სიგნალი, რომელიც ეუბნება მოსწავლეს, ყურადღება ჩვენ მოგვაპყროს. გამოვიყენოთ ვიზუალური და სმენითი სიგნალები, გადავინაცვლოთ ერთი ადგილიდან მეორეზე.
  • თავი ვარიდოთ ყურადღების გამფანტავ მოქმედებას (მაგალითად, საუბრის დროს ფანქრის თამაშს).
  • გავცეთ მოკლე და მკაფიო მითითებები გადაადგილებამდე და არა გადაადგილების დროს.
  • უმცროს მოსწავლეებთან ვიყოთ მხიარული და ემოციური.
  1. შევამციროთ მანძილი მოსწავლემდე.
  • მივუახლოვდეთ მოსწავლეს.
  • ვესაუბროთ მტკიცედ და დამაჯერებლად, მაგრამ არა მუქარით.
  • მივმართოთ სახელით.
  1. გავააზრებინოთ მოსწავლეებს დავალების მიზანი.
  • დავწეროთ ეს მიზანი დაფაზე.
  • დავუკავშიროთ ახალი მასალა წინა გაკვეთილებს.
  1. ახსნას შევძინოთ ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იმპულსი, მოულოდნელობა, მრავალფეროვნება.
  • დავსვათ კითხვები: „რა მოხდებოდა, რომ?..“; „ასე რომ მომხდარიყო?..“
  • გაკვეთილის დაწყების წინ ჩავატაროთ გასართობი (განმავითარებელი) აქტივობა.
  • გამოვიყენოთ მიმიკა, ხმის ტემბრი, ჟესტები, მოძრაობა.
  1. დავსვათ კითხვები და პასუხისთვის მივცეთ მითითებები.
  • ვკითხოთ მოსწავლეს, რატომ არის მასალა მნიშვნელოვანი, როგორ აპირებს მის სწავლას, რა სტრატეგიას გამოიყენებს სწავლისთვის.
  • ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. დავაწყვილოთ მოსწავლეები, რათა ერთმანეთის შეცდომები იპოვონ.

მეხსიერება

უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერების წამყვანი ფორმებია ემოციური მეხსიერება და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. თუ რაიმე მოვლენა ბავშვისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია და მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ამ შემთხვევაში უნებლიე მეხსიერებას დიდი სიზუსტე და სტაბილურობა ახასიათებს. ბავშვები ადვილად და მტკიცედ იმახსოვრებენ თვალში საცემ, ნათელ, საინტერესო მასალას. ხატოვანი მეხსიერების წყალობით კონკრეტული საგნები, მოვლენები, სახეები მათ უფრო უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე განმარტება, აღწერა, ახსნა. ამიტომ სასწავლო მასალის უკეთ დასამახსოვრებლად უხვად უნდა იქნეს გამოყენებული თვალსაჩინო მასალა. თუმცა დამახსოვრებულმა ხატმა შესაძლოა განსაზღვრული ხნის შემდეგ ცვლილებები განიცადოს. მეხსიერების ხატოვანი ფორმა ძნელად ექვემდებარება ნებისმიერ აღდგენას. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს კარგ მეხსიერებას. კარგი მეხსიერება, ტრადიციულად, სიტყვების, შინაარსის დამახსოვრებას გულისხმობს, ხოლო უმცროსი ასაკის მოსწავლეებს სიტყვიერი ინფორმაციის დასწავლისას მისი მექანიკური დამახსოვრება სჩვევიათ. ტექსტთან ახლოს შინაარსის აღდგენას უფროსები იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ბავშვმა კეთილსინდისიერად შეასრულა საშინაო დავალება და მაღალ შეფასებას იმსახურებს, ეს კი უბიძგებს ბავშვს, გადმოსცეს მასალა ტექსტთან რაც შეიძლება ახლოს.

უმცროს სასკოლო ასაკში საგნის მასწავლებელმა და სპეცპედაგოგმა ვერბალური და ლოგიკური ანუ სიმბოლური მეხსიერების განვითარებაზე უნდა იმუშაონ. ვერბალური მეხსიერება მეტყველებასთანაა დაკავშირებული და საბოლოდ 10-13 წლის ასაკში ფორმირდება. მისი მახასიათებელია შინაარსის ზუსტი აღდგენა საკუთარი სიტყვებით. ლოგიკური მეხსიერების მახასიათებელია ტექსტის დედააზრის დამახსოვრება, ამიტომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან. ლოგიკური დამახსოვრების ერთ-ერთი ხერხია მასალის აზრობრივი დაჯგუფება, რასაც უმცროსი ასაკის მოსწავლეები მასწავლებლის დაუხმარებლად ვერ ახერხებენ. საგნის მასწავლებელი ან სპეცპედაგოგი უნდა დაეხმარონ ბავშვს მეხსიერების ამ ფორმის განვითარებაში – უნდა მოხდეს მასალის ანალიზი, გამოიყოს ცალკეული (აზრობრივი, რთულად დასამახსოვრებელი) ნაწილები; მნიშვნელოვანია სასწავლი მასალის გაგება, სწავლის მოტივაციის ამაღლება.

თანდათანობით ნებისმიერი მეხსიერება იქცევა იმ შემეცნებით, ფსიქიკურ პროცესად, რომელსაც ეფუძნება სწავლა. მასალის დასამახსოვრებლად 8-10 წლის ბავშვები აქტიურად იყენებენ გამეორების ტექნიკას, რასაც 5-6 წლისები არ აკეთებენ. თუ ამ ასაკის ბავშვებს მასალის დასამახსოვრებლად გამეორების ტექნიკის გამოყენებას ვასწავლით, ისინი მას გამოიყენებენ, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს დამახსოვრებას, თუმცა ახალი მასალის მიწოდებისას ამის შეხსენება აუცილებლად დასჭირდებათ.

7-8 წლის ბავშვები დაჯგუფების ტექნიკასაც იყენებენ. მაგალითად, გვჭირდება 6 ციფრის დამახსოვრება: 3, 5, 4, 8, 7, 1. ადვილად დამახსოვრების მიზნით შეიძლება ისინი სამ ჯგუფად (35-48-71) ან ორ ჯგუფად (354-871) დავყოთ. ინფორმაციის დამახსოვრებაზე ნაწილების რაოდენობა ახდენს გავლენას და არა მოცულობა. ასევე შეიძლება დავაჯგუფოთ მსგავსი ობიექტები, მაგალითად, ხილი და ბოსტნეული. 5-6 წლის ბავშვმა შესაძლოა სპონტანურად გამოიყენოს ეს ტექნიკა, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება,  ვერ ხედავს სარგებელს. ამ მდგომარეობას შესაძლოა 8-9 წლის ბავშვებსა და მოზარდებთანაც წავაწყდეთ.

რჩევები და რეკომენდაციები:

  1. დავეხმაროთ მოსწავლეებს, ერთმანეთისგან განასხვაონ აუცილებელი და მეორეხარისხოვანი დეტალები.
  • ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე.
  • მნიშვნელოვანი აზრის გამოთქმისას მოვხდინოთ მისი პერიფრაზირება და გავიმეოროთ.
  1. დავეხმაროთ მოწავლეებს, დაუკავშირონ ერთმანეთს ახალი ინფორმაცია და ძველი ცოდნა.
  • გამოვიყენოთ თვალსაჩინოება, დიაგრამები, სქემები.
  • გავახსენოთ მოსწავლეებს ინფორმაცია, რომელიც დასჭირდებათ ახალი მასალის გასაგებად.
  • დავიწყოთ გაკვეთილი საშინაო დავალების მოკლე მიმოხილვით.
  • ჩავრთოთ გაკვეთილში ვარჯიში, თამაში, რომლითაც გამეორდება ნასწავლი მასალა.
  1. ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელობაზე და არა დამახსოვრებაზე.
  • ახალი სიტყვების სწავლებისას დავეხმაროთ მოსწავლეებს, ასოციაციურად დაუკავშირონ ახალი სიტყვა უკვე ნასწავლს. მაგალითად, სიტყვა „მეგობრობას“ იგივე ძირი აქვს, რაც სიტყვა „მეგობარს“.

 

 

აზროვნება

„მასწავლებელმა მოსწავლეს ფიქრი უნდა ასწავლოს… იმის ახსნა, რა არის ფიქრი, აზროვნება, ნიშნავს ფეხი შეადგმევინო ბავშვს იმ კიბის პირველ საფეხურზე, რომლის ბოლოც ცაში იკარგება“, – ასეთია რობერტ ფროსტისეული განსაზღვრება აზროვნებისა, რომელიც შემეცნებით ფსიქიკურ პროცესად განიხილება და რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრივი კავშირებისა და მიმართებების დამყარება გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის. ბავშვის შემეცნებითი აქტივობა და ცნობისმოყვარეობა გარემოს შემეცნებისკენაა მიმართული. აზროვნება უშუალოდაა დაკავშირებული მეტყველებასთან. რაც უფრო მაღალია ბავშვის გონებრივი აქტივობა, მით უფრო მეტ და მრავალფეროვან კითხვას სვამს იგი. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება, რომლის დროსაც ამოცანა აღქმისა და წარმოდგენის საფუძველზე გადაიჭრება. 6-8 წლის ბავშვი დამკვირვებელია. აზროვნებს „აქ“ და „ახლა“ კატეგორიებით. უჭირს დროის, სივრცისა და რიცხვის გაგება. ახალ მასალას მხოლოდ იმ შემთხვევაში აითვისებს, თუ ის მისთვის ნაცნობ ინფორმაციასთან იქნება დაკავშირებული. ბავშვები ხშირად მიმართავენ ანალოგიით მსჯელობას. ამიტომ პედაგოგმა კარგად უნდა იცოდეს, რა იცის ბავშვმა და ახალი ცოდნა ძველს დაუკავშიროს, მასალის ახსნისას მოიყვანოს ბავშვისთვის ნაცნობი ანალოგიური მაგალითები.

უნდა გვახსოვდეს, რომ 6-7 წლის ბავშვები ეგოცენტრულები არიან. ეგოცენტრიზმი არ აძლევს ბავშვს საშუალებას, გაიგოს სხვისი გამოცდილება. ამ სირთულის დაძლევაში დიდ როლს ასრულებს როლური თამაშები და ზღაპრებ, მაგალითად:

წიწილა სეირნობდა. მოსწყინდა მარტოს და ამხანაგის პოვნა გადაწყვიტა, რომ მასთან ეთამაშა. თავდაპირველად ჭიაყელას შეხვდა, რომელმაც თამაშზე უარი უთხრა – ძალიან დიდი ხარო. წიწილამ გზა განაგრძო და შეხვდა ხბოს, რომელმაც თამაშზე უარი უთხრა – პატარა ხარო. „როგორი ვარ სინამდვილეში?“ – ჰკითხა საკუთარ თავს დაბნეულმა წიწილამ და ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჭიაყელასთან შედარებით დიდი იყო, ხოლო ხბოსთან შედარებით – პატარა. /ნორვეგიული ზღაპარი /

თუ ბავშვებს ვთხოვთ, თავად მოიგონონ ამ ტიპის ზღაპარი, ეს მათ ეგოცენტრიზმის დაძლევასთან ერთად სხვა კოგნიტიური სქემების განვითარებაშიც დაეხმარება. კერძოდ, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა განვუვითაროთ ისეთი კოგნიტიური სქემები, როგორებიცაა: შექცევადობა, მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, სერიაცია. ეს სქემები წარმოადგენს ლოგიკური აზროვნების საფუძველს და მათში უმნიშვნელოვანესია შექცევადობის ოპერაცია, გაგება იმისა, რომ ყველა ფიზიკური თუ გონებრივი მოქმედება შეიძლება იყოს შექცევადი, ანუ ობიექტი შეიძლება დაუბრუნდეს პირვანელ სახეს. მაგალითად, ძაღლები და კატები ერთად შეიძლება განვიხილოთ როგორც „საყვარელი ცხოველების“ კატეგორია, ხოლო „საყვარელი ცხოველების“ კატეგორია ძაღლებსა და კატებს აერთიანებს, ან თუ Α მეტია B-ზე, მაშინ B ნაკლებია Α-ზე. როცა სველ ღრუბელს ვხედავთ, ვხვდებით,რომ ის წყალში დაასველეს, წყლიდან ამოღების შემდეგ კი ის გაშრება. შექცევადობით ოპერირება აუცილებელია რესურსოთახში, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ქვიშა, ქაფი, ბრინჯი და სხვა რესურსები.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ობიექტების იერარქიული კლასიფიკაცია და გავააზრებინოთ, რომ ობიექტი შეიძლება ეკუთვნოდეს სხვადასხვა დონეს. ეს მათ საშუალებას მისცემს, გაიგონ მიმართება ნაწილსა და მთელს, მთელსა და ნაწილს და მთელის ნაწილებს შორის.

აქტივობა:

  • ბავშვს ვაჩვენებთ წითელი და ლურჯი კვადრატების, შავი და თეთრი წრეეების ნაკრებს. თუ მას ესმის კლასისადმი მიკუთვნების მიმართება, მაშინ იტყვის, რომ ნაკრებში არის 2 ძირითადი კლასი (კვადრატები და წრეები). თითოეულ მათგანს აქვს 2 ქვეკლასი (კვადრატი არის წითელი და ლურჯი, წრე კი – შავი და თეთრი).
  • ვეკითხებით ბავშვს: როგორი ან რამდენი შეიძლება იყოს კვადრატი? წრე? რა არის ფორმა? რა არის ფერი? – და სხვ.

ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ სხვადასხვა ობიექტი უნდა გავაერთიანოთ ზომის, ფორმის, ფერის ან თუნდაც ასაკის მიხედვით და რომ ყოველი ობიექტი ერთდროულად შეიძლება მიეკუთვნებოდეს რამდენიმე კლასს. მაგალითად, ბავშვი შეიძლება ერთდროულად იყოს გოგონა, მეორეკლასელი, მოცეკვავე და ქერა.

ასევე მნიშვნელოვანია სერიაციის – ზრდადობა-კლებადობის მიხედვით ობიექტების დალაგების – უნარის განვითარება. მაგალითად, ატამი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მსხალი, მსხალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაშლი. ე. ი. ატამი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაშლი. აღნიშნული პერიოდის ძირითადი კოგნიტიური ამოცანაა კლასების, მიმართებებისა და რაოდენობის ცნებების დაუფლება. უნდა გვახსოვდეს, ბავშვს შეუძლია მხოლოდ ორი კლასით – მიმართებისთა და რაოდენობით – ოპერირება, ასევე – ინდუქციური ლოგიკის გამოყენება (კერძოდან ზოგადი დასკვნის გამოტანა), შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან ზოგად პრინციპზე გადასვლა, მისი აზროვნება კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენაა მიმართული.

9-11 წლის ბავშვებს მკვლევრის ტიპს მიაკუთვნებენ. მიიჩნევა, რომ ისინიც კარგი დამკვირვებლები არიან, მაგრამ უფრო ყურადღებით აკვირდებიან და ლოგიკურად აზროვნებენ. სვამენ ბევრ კითხვას და თავად შეუძლიათ მათზე პასუხის პოვნა. ისინი აგროვებენ საგნებს, თუმცა მნიშვნელობას ანიჭებენ არა ხარისხს, არამედ რაოდენობას. 11 წლამდე ბავშვი უფროსის დაუხმარებლად ვერ ახერხებს თავისი კოლექციის კლასიფიკაციას, თუმცა უკვე ესმის მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულება, აქვს დროის (ქრონოლოგიურისა და ისტორიულის) განცდა, სივრცის, ადგილმდებარეობის, მანძილის კარგი აღქმა. მსჯელობს იმის შესახებ, რასაც ხედავს და ესმის. თუ პირველკლასელისა და მეორეკლასელისთვის არგუმენტია კონკრეტული ფაქტი ან ანალოგია, მესამეკლასელს სწავლის შედეგად უკვე შეუძლია არგუმენტის მოყვანა და მარტივი დედუქციური დასკვნის გამოტანა.

რეკომენდაციები:

  • ცნებითი ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად საჭიროა ობიექტებს შორის მიმართებათა გაგება. შევცვალოთ ობიექტები და დავაკვირდეთ შედეგებს. ეს შესაძლებელია თამაშის, შრომის ან ექსპერიმენტის პროცესში.
  • დავსვათ კითხვები ახალნასწავლი ცნებებისა და პრინციპების გასააზრებლად.
  • პირდაპირ არ გავცეთ პასუხები მოსწავლეთა კითხვებს.
  • მივცეთ მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც მოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით შესრულებას მოითხოვს. ამ დავალებებისთვის თავდაპირველად კონკრეტული საგნები გამოვიყენოთ, მერე კი გავაცნოთ მათემატიკური სიმბოლოები.
  • მივცეთ დავალებები, რომლებიც რაოდენობის, წონის, მოცულობის პრინციპების ცოდნას მოითხოვს.
  • წავახალისოთ ბავშვები ჯგუფური მუშაობისა და საკუთარი აზრების გაზიარებისთვის.
  • ახალი მასალის ახსნისას გამოვიყენოთ ვიზუალური საშუალებები – ნახატები, სქემები, გრაფიკები, საგნები.
  • განვავითაროთ ლოგიკური აზროვნება – გამოვიყენოთ თავსატეხები, გამოცანები.
  • განვიხილოთ თავისუფალი თემები, მაგალითად: „როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს?“ – და ა.შ.

ზემოთ მოყვანილი რჩევები თუ აქტივობები შესაძლოა კარგად ნაცნობიც კი იყოს მკითხველისთვის, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მიუხედავად არსებული თეორიებისა და კვლევის შედეგებისა, ჩვენ, მოაზროვნე არსებებმა, უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გამოცდილება და ის სამომავლო პერსპექტივაში განვიხილოთ.

გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

  1. მანანა მელიქიშვილი, ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, თბ., 2013
  2. Donald Wilcox Thomas, School Mastery: Notes on Teaching and Learning, Massachusetts, 2006
  3. https://www.learningrx.com/brain-training-101/what-are-cognitive-skills/
  4. https://www.learningrx.com/cognitive-stages-for-child-development.htm
  5. https://www.pbs.org/parents/childdevelopmenttracker/six/

6.https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=cognitive%20skills

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი