ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბიჭი

რიგში სულ რამდენიმე ადამიანი იდგა. შიგნით შესულები კარგა ხანს ყოვნდებოდნენ. იქიდან გამოსულებს ზოგს კამყოფილი სახე ჰქონდა, ზოგის სახეზე ვერაფერს ვერ ამოიკითხავდი. ამასობაში მალე მოუწია რიგმა. ოთახში შესულს სისუფთავე მოხვდა თვალში. ექიმებს და ექთნებს, ყველას თეთრი, ტკიცინა ხალათები ეცვათ და დაღლილობისდა მიუხედავად მაინც იღიმებოდნენ. ოთახი დაბალი ტიხარებით ოთხგან იყო გადატიხრული.

_ სიმაღლე?

_ 196 სანტიმეტრი.

_ წონა?

_ 66 კილო.

_ რა არის ბიჭო, დამწყვდეული ხომ არა ჰყავდი? _ უკბილოდ გაიხუმრა ექიმის თანაშემწე ექთანმა, რომელიც წონიდა და თან მის მონაცემებს იწერდა.

ბიჭს მაინც გაეღიმა, ექთანს თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო. ისე კი, თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა. ყველა პროცედურა გაიარა. ბოლოს, შევსებული თეთრი ფურცლები ახალგაზრდა, ლამაზმა ექთანმა გოგონამ აკინძა  და მთავარ ექიმს მიაწოდა. მთავარმა ექიმმა ყურადღებით გადაიკითხა ყველა ფურცელი, ბიჭს კიდევ ერთხელ ახედ-დახედა. მაღალია, მაგრამ ძალიან გამხდარი, ისე ჯანმრთელია, რა გინდა – გაიფიქრა თავისთვის. მერე ბეჭედი დაარტყა, – მშვიდობით მოგეაროსო – ღიმილით უთხრა და აკინძული ფურცლები მიაწოდა. დანარჩენებმაც გაუღიმეს და მათაც რაღაც ამდაგვარი უსურვეს. სულ რაღაც ნახევარი, ან იქნებ ერთი საათით შესულ ბიჭსა და დამხვდურ ექიმ-ექთნებს შორის, რაღაც ნათესაური თუ სულიერი ძაფები გაიბა. ბიჭმა დიდი მადლობა გადაუხადა, მთავარ ექიმს ხელიც კი ჩამოართვა და გამოვიდა. სახეზე კმაყოფილება ეწერა.

მერე დაიწყო გაუთავებელი წვრთნები. ხან აღმოსავლეთში იყო, ხან დასავლეთში. არა, კი არ უჭირდა, პირიქით, _ უკვე ძვალსა და რბილში გაუჯდა ვარჯიში. მეგობრები გაიჩინა. საქრთველოს ისტორიის წიგნები გამოაგზავნინა სახლიდან და თუ ცოტაც თავისუფალი დრო ჰქონდა, კითხულობდა. ისტორია სკოლაში შეუყვარდა.  თენგიზი მასწავლებელი ისე ემოციურად უხსნიდა გაკვეთილებს, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის, რომ შინ მისული ბიჭი მაშინვე ჩაუჯდებოდა და სწავლობდა. შეფასებაც საუკეთესო ჰქონდა. ისე, კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობდა. რა თქმა უნდა ისტორიული ჟანრისას. ერთხელ, იმ მეზობელმა, რომელსაც ხან თოხვნაში, ხანაც ბარვაში ეხმარებოდა მცირე საფასურის ფასად, – კითხვები დაუსვა. ბიჭი უშეცდომოდ, ფაქტებით პასუხობდა. მეზობელი გაოცდა. მიწიანი ხელები ჩქარ-ჩქარა, სახელდახელოდ ჩაიფერთხა, სახლში შევიდა და რამდენიმე წიგნი გამოუტანა. _ აი, შენი იყოს. ამ წიგნებს სკოლაში არ ასწავლიან. წაიკითხე. ვიცი მოგეწონება და მერე სხვებსაც მოგცემ. ჩემს შვილებს ოღონდ წიგნს ნუ გადააშლევინებ და გინდა მთელი დღე ტრაქტორის და მანქანის ქვეშ იგორავებენ, _ თითქოს დანანებით, მაგრამ კმაყოფილი სახით მიაჩერდა ბიჭს. ბიჭმა გადაფურცლა – “რომის ისტორია” ავტორი ლევან სანიკიძე – ეწერა გაყვითლებულ თავფურცელზე. რამდენიმე ტომი იყო. მეორე წიგნს ლევან გოთუა – “გმირთა ვარამი” – ეწერა. გაუხარდა. აღარ იცოდა მადლობა როგორ ეთქვა.

ოცმეთაურს მოსწონდა მისი ასეთი აქტიურობა. აქებდა ხოლმე სხვების თანდასწრებით. ბიჭს გულის – გულში უხაროდა კიდეც, მაგრამ ამხანაგების ერიდებოდა – თითქოს დამნაშავედ გრძნობდა თავს მათ წინაშე, მარტო მას რომ შეაქებდა უფროსი. ცოტა მოსუქდა – კვება კარგი იყო და საწუწუნო ამ მხრივაც არაფერი ჰქონდა. მაგრამ 4-5 თვე რომ გავიდა მიხვდა, რომ არ უნდა წამოსულიყო.

დენთის სუნით გაიჟღინთა მთლიანად. პირშიც დენთის გემოს გრძნობდა. ვერაფრით ვერ მოიცილა ეს შეგრძნება. საწვრთნელად გასულს, სულ ერთი და იგივე პეიზაჟი ხვდებოდა, – გაცრეცილი ტრამალი და გორმახები, რომლებიც წაქცეული აქლემების კუზებს ჰგავდნენ. მუდმივად ზუზუნებდა ნიავი, რომელსაც გატუსული ბალახის სუნი მოჰქონდა.

სუფთა ჰაერი და მთები მოენატრა. ხშირად ფიქრობდა სკოლაზე, თანაკლასელებსა და თენგიზი მასწავლებლის გაკვეთილებზე. დიდი ფიქრის და შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად ნაადრევად მიატოვა სკოლა. სკოლა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც თვალუწვდენელ ემოციებს, ოცნებებს და რეალურ–ირეალურ ფიქრებს ბადებდა მასში. ამ ყველაფერს თან ახლდა გაურკვევლობის ბურუსი– გრძნობდა, წიგნები, მასში აღწერილი ამბები(განსაკუთრებით ისტორიაში ) ბევრ რამეში ეხმარებოდა და გარკვეულწილად შეეძლო მისი მომავალი მკვეთრად შეეცვალა. მაგრამ რაღაც, თითქოს მთავარი რამ აკლდა ბიჭის ამ ოცნებებს – ირეალური, წარმოსახვითი სამყაროდან სინამდვილეში გადმოსვლა და მოქმედება გზის საძიებლად.

ბიჭი მიხვდა, რომ შეცდა. აღარ უნდოდა ჯარისკაცობა. აღარც ოცთმეთაურის თუ ამხანაგების შექებაზე გაჰკრავდა სიამოვნების ელვა გულში. სახეზეც ეტყობოდა მოწყენილობა. ოჯახის წევრებსაც იშვიათად ხედავდა. სუფთა ჰაერი და მთები სულ თვალწინ ედგა – ცხენების და თონის პურის სუნი. მამა დიდი ხანია ცუდად იყო – ცალი თირკმელით და მუდმივი შრომით გამოფიტული. დედას, ორ დას და მოხუც მამიდას ვინ მიხედავდა?!. სკოლიდან დაბრუნებულს, ხშირად მხოლოდ პური და მწვანილი დახვედრია. ხანდახან მეზობელი გააგზავნიდა ძროხის ჯერში თავის ნაცვლად და ფულს აძლევდა. ბიჭი გახარებული ბრუნდებოდა – დედასთან გარბოდა ბოსტანში. ქალი გულში იკრავდა მის გამხდარ ტანს, ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა და თან ტიროდა – შენი, შენი გამხდარი ხელების იმედზეღა ვართ.. გენაცალე.. გენაცვლე _ ტირილისგან აუდ-ჩაუდიოდა მკერდი. ბიჭი დაირცხვენდა, – კარგი რაა დედი, კარგი რაა – ამასღა ეტყოდა და გაიცინებდა გულუბრყვილოდ.

სკოლა როგორც კი მიატოვა, მაშინვე  ადგა და წავიდა ცხვარში. ქარში, წვიმაში, მზეში თუ თოვლში ნაბადში გახვეული, ფარის ღონიერ ძაღლებთან ერთად ცხვარს აძოვებდა. თეოზე რომ დაეყრებოდა ცხვარი, არსდროს იძინებდა – მთებს გაჰყურებდა, ნისლის ნაგლეჯებიდან ამოჩრილ მათ კლდეებს. იშვიათად არწივი გადაჰკვეთავდა ნაყაიჩოსკენ მიმავალი ცის უხილავ ბილიკს. ანდა შუნების გუნდი შედგებოდა მთის კლდოვან ნაშლიანებში ძაღლების ყეფაზე. დილის სისხამზე, მომნუსხველ სიჩუმეში სადღაც შორიდან, სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა ხევის შხუილი. სანამ ნისლი აიკრიფებოდა, სიცივისგან ძაგძაგებდნენ ყვავილები..  თითქმის ყოველ დღე ასეთ სურათს უყურებდა, მაგრამ არა სწყინდებოდა. შემგლისფერებულზე ბინისკენ მიჰყავდა ცხვარი. ბინაში მისული პურს აცხობდა, ხან ხინკალს აკეთებდა, ხან ყველს ჩაფშვნიდა ტაფაში ერბოსთან ერთად. ხან მჟავე რძეს სვამდა. ყველი და ერბო ამოჰყავდა. დაღლილს რამდენჯერ დასძინებია სახელდახელოდ შეკრულ სკამზე. მაგრამ დილით ისე წამოხტებოდა, თითქოს სამი ღამე გადაბმულად სძინებოდეს. თუ ვინმე შემცვლელი ამოუვიდოდა, პირიქითის ხეობის სოფლებში ჩავიდოდა. ხანდახან – ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს მოინახულებდა და მეორე დღესვე უკან ბრუნდებოდა. თუ ათნიგენობები იყო, ორ-სამ დღეს დარჩებოდა – ავიდოდა სალოცავში თანასოფლელებთან ერთად და ქეიფობდა.  ყველა დეტალსა და ნიუანსს იმახსოვრებდა: გარმონის ხმა.. სოფლის შუაში დანთებული კოცონი.. ქალები ხინკალს დგაფა-დგუფით ყრიან პირგანიერ, ღრმა ქვაბებში..  მთვრალი ბიჭ-ბუჭები ცხენებზე.. გაშმაგებული, ოფლიანი ცხენების ხვიხვინი და სკორის სუნი.. ქალების კისკისი.. ცა თავის მთვარე –ვარსკვლავებიანად.. უკვე გადამთვრალი, მობარბაცე კაცების ჩხუბი.. აყირავებული საალუდე და სახინკლე ქვაბები.. სტვენა.. ძაღლების წკმუტუნი.. ცხენების მოსართავებში არეული გავაზე დასაფენი თოქალთოები, აღვირ-უნაგირები, დასაჯდომ-დასაფენი პატარ-პატარა ჭრელი ნაბდები.. ნაბდებზე ქალაქიდან სტუმრად ჩამოსული, ერთმანეთს ჩახვეულ-ჩაკრული გოგო და ბიჭი. ბიჭის სახეზე გრძელი ნაიარევი. გოგოს თმები – გრძელი, წაბლისფერი, თივისა და სკორის ნაფხვენებაკრული.. არეულ-აბარბაცებული სოფელი. დგას ბიჭი უკვე აშლილ სუფრასთან. მოზვრის დაცლილი ყანწები ყრია მითელილ-მოთელილ ბალახში.  შეყვარებული გოგო და ბიჭი ისევ ისე ჩახვეულები მიგორავენ ფერდობზე, დაბლა ბოსლებისკენ. ახლა სოფლიდან ისმის სიმღერის და გარმონის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმები..კისკისი.. მთვრალების ხორხოცი და ტაში..

იქიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებზე დიდხან ფიქრობდა. თავიდან ბოლომდე თვალსა და გულს გადაავლებდა ნანახ-გაგონილს. თავად ნაკლებ მონაწილეობას იღებდა ათნიგენობების ამ ზრიალ-წკრიალში. გვერდიდან მაცქირალი უნდოდა ყოფილიყო.. ხანდახან თუ გააშველებდა მოჩხუბრებს, ან ქალებს მიეშველებოდა სახინკლე ქვაბების ცეცხლზე შედგმაში. ასე უფრო მოსწონდა. დრო ამ ფიქრებში გაჰყავდა. ამოვიდოდა ბარიდან შემცვლელი. სურსათ-სანოვაგეს და წერილებს ამოუტანდა და ამაოდ სთხოვდა დასვენებასა და ბარში ჩასვლას. ბიჭი კი, მასთან ერთად მიერეკებოდა მაინც ფარას. მთის ფერდობზე მიშლიდა ნაბადს და კითხულობდა.

დედის წერილები ვრცელი, ყოვლის მომცველი და სათუთად დაწერილი იყო. ბიჭის წასვლიდან მოყოლებული დღემდე, ყველა მოვლენას საინტერესოდ და მხატვრულად  აღწერდა. ბიჭს უყვარდა დედის წერილების კითხვა და თან უკვირდა საიდან ჰქონდა ამხელა ფანტაზია და გადმოცემის ასეთი უნარი დედას. ალბათ იმიტომ, რომ აქაური ყოფა შემიმსუბუქოსო–ფიქრობდა. განსაკუთრებით წვრილად იყო აღწერილი სკოლის ამბები, თანაკლასელების და თენგიზი მასწავლებლის სტუმრობები მათთან, საუბრების დეტალები სხვადასხვა თემებზე . ყველა წერილს მასწავლებლის გმოტანებულ ახალ–ახალ წიგნებში დებდა და ისე უგზავნიდა ბიჭს.

შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავადაც მონაწილე იყო იმ მოვლენებისა, რაც წერილებში და წიგნებში იყო აღწერილი და რაღაც შეუცნობელ მირაჟის ტბორში ტივტივებდა. მისი შემცვლელი თმა-წვერ გაბურძგნული კაცი კი, კომბალზე დაყრდნობილი, საეჭვო თვალით შეჰყურებდა ბიჭს და სინანული გადააქნევდა ხოლმე გაწეწელ თავს.

კითხულობდა დიდხანს და ბევრჯერ. მერე სანოვაგეს გახსნიდა და დედის გამოგზავნილ ნამცხვარს ბიჭი ხარბად, ერთი ამოსუნთქვით ჭამდა. ნამცხვარი ხან ქლიავის, ხან ალუბლის ხან კი გარგრის იყო, თეთრ კალკის ქაღალდში გახვეული. ბიჭი ფრთხილად, სათუთად შემოაცლიდა, კოხტად დაკეცავდა და მავთულზე ჩამოკიდებულ ფიცარზე, სადაც ჯამები იყო დამხობილი, ერთ-ერთი ჯამის ქვეშ მზრუნველად შეაცურებდა. რამდენიმე კვერცხში, ფქვილში და სოდა-ძმარში ათქვეფილ მასაში დედა ხან გაფრცქვნილ ქლიავს, ხან გარგრს, ხან კი ალუბლებს ჩაალაგებდა და ასე აცხობდა. პატარაობიდანვე ძალიან უყვარდა ეს უბრალო, მაგრამ ძალზე არომატული  ნამცხვარი. როცა სულ ცოტა საშუალებაც კი ჰქონდა, დედა მაშინვე ამას აცხობდა. ბიჭი იმ დღეს ბედნიერი იყო. ახლა აქაც, ამსიმაღლე მთებში გადმოკარგულს დედა მაინც უგზავნიდა. ბიჭი ხშირ-ხშირად გადმოიღებდა კალკის ქაღალდს თაროდან და ხარბად დასუნავდა.

წვრთნები გრძელდებოდა. პოლიგონიდან პოლიგონზე, ნაწილიდან ნაწილში, ტრამალიდან ტრამალზე, გორიდან გორზე გადადიოდნენ, ისროდნენ, ხოხავდნენ, ცოცავდნენ, დარბოდნენ.. უკვე კითხვისთვისაც აღარ რჩებოდა დრო. მხოლოდ ძილი და ვარჯიში. ბიჭისთვის უკვე აუტანელი გახდა ასეთი ყოფა. ერთ ღამესაც, კუჭის არეში  ძლიერმა ტკივილმა გამოაღვიძა. დილით, სანამ მოეწყობოდნენ ნაწილის ექიმი ნახა. ექიმმა დაკვირვებით გასინჯა. გარეგნული დათვალიერებით არაფერიაო – უთხრა _ შეიძლება კუჭი გაქვს გადიდებულიო და  ოცთმეთაურს სთხოვა სურათის გადასაღებად ჰოსპიტალში გაეგზავნათ. ოცთმეთაურმა მანქანა გამოუყო. წესისამებრ არ ეკუთვნოდა, მაგრამ მეთაურმა შინაურულად მოუთათუნა მხარზე ხელი, – მანქანის გაღებული კარისკენ უბიძგა. გამოჯანმრთელება უსურვა და _  შენნაირები განა ბევრი გვყავსო, _ თან მოაყოლა. ჰოსპიტალში ბევრი ხალხი დახვდა. უმრავლესობა სურათის გადასაღებად იდგა რიგში. საღამოს ძლივს ეღირსა შესვლა. გადაიღო და კიდევ ნახევარი საათი სურათს ელოდა. მძღოლს მთელი ეს დრო, არხეინად ეძინა მანქანის სავარძელზე გადაწოლილს. თავის ნაწილში დაბრუნებულმა მაშინვე მთავრ ექიმს შეუტანა სურათი. კუჭზე წყლული გაქვსო – ექიმმა. მაგრამ ნუ გეშინია, საგანგაშო არაფერია, წამლებს გამოგიწერ, ცოტა ხანი შვებულებასაც მოგარტყამ, დაისვენებ და კენჭივით იქნებიო – მხიარულად, თვალის ჩაკვრით დააიმედა. ბიჭს გაუხარდა. ცოტა ხანი მაინც მოსწყდებოდა აქაურობას, ამ მოსაწყენ პეიზაჟებს. სურათი და ექიმის დანიშნულება ოცთმეთაურს შეუტანა კაბინეტში. მაღალმა, ხმელ-ხმელმა და მკაცრი გარეგნობის ორმოცდაათიოდე წლის კაცმა წაიკითხა თუ არა დანიშნულება, მაშინვე ბრძანების და მიწერილობის ნებართვა გასცა. მდივანმაც ააკაკუნა კომპიუტერის კლავიატურა. მერე ხელი ძლიერად ჩამოართვა და, – ერთ თვეში გელოდებითო – უთხრა. ბიჭმა გახარებულმა, რამდენჯერმე მოუხადა მადლობა. დილით უკვე თავისუფალი იყო. საჭირო ნივთები ჩაალაგა, შხაპი მიიღო, პირი სუფთად გაიპარსა და მეგობრებს დაემშვიდობა. გარეთ ისევ ის მანქანა ელოდა, რომლითაც წინა დღეს ჰოსპიტალში გააგზავნეს.

ნოემბრის ბოლო კვირა იყო. მთებში ვერ ავიდოდა – თოვლს ჩაეკეტა გზები. ცხვარი შირაქის საძოვრებზე გაერეკათ. ერთი კვირით მაინც ჩავალო – გაიფიქრა ბიჭმა. დედა ეხვეწებოდა – სახლში, ჩვენთან იყავი, გავძღეთ შენი ყურებითაო. აკი ძალიან ენატრებოდა ოჯახის წევრები ბიჭს, განსაკუთრებით დედა, მაგრამ ამის ხმამაღლა, ცხადად გამოხატვის რცხვენოდა. თან ცხვარ-მეცხვარეებიც უნდოდა ენახა. დენთის სუნი შეგრძნება ძლივს მოიცილა და უხაროდა. წამლებს სვამდა. ხელფასიც მისცეს წამოსვლისას და სურსათ-სანოვაგით დატვირთული მივიდა სახლში. დედა და დები სულ საჭმელების კეთებაზე იყვნენ გადასულები. ნამცხვარიც გამოაცხვეს. თანაც ორი. მთელ სახლში ქლიავის და ვანილის არომატული სუნი იფრქვეოდა. ნახევარი შეჭამა ბიჭმა, ნახევარი კალკის თეთრ ქაღალდში გადაუხვია დედამ, ზურგჩანთაში ჩაუდო. ხაჭაპური, ცივად მოხარშული დედალი, პური, ვაშლები და ორლიტრიანით არაყიც ჩაუდგა. ბიჭი დილით, ბინდზე გავიდა, თანასოფლელის ორხიდიან  მძიმე,  ტალახში ამოგანგლულ მანქანას გაჰყვა შირაქისკენ.

ცხვრის ბინაში გაუხარდათ ბიჭის გამოჩენა. ავადმყოფი ბატკანი დაკლეს, ჩაქაფული გააკეთეს. იქეიფეს იმ ღამით. ბიჭს ჯარის ამბებს აყოლინებდნენ. არაო, არაო, ისევ მანდა სჯობიაო – წუწუნებდნენ ამდენი ჯაფისგან და წვიმა-თოვლში გარეთ წანწალისგან შებეზრებული მწყემსები – საჭმელი მაინცა გხვდებათ გაკეთებული და საწოლი მაინცა გაქვთ სუფთა და მშრალიო. მგელი მაინც არ დაგეცემათ და ფარას მოწყვეტილი ცხვრის ნოტო მაინც არა გყავთ საძებარიო. ცოლ-შვილს თვეობით, ხანაც მთელი წელი ვერა ვხედავთ, – ბალღები ვეღარ გვცნობენ, ასე თმა – წვერ გაბურძგნულებს რო დაგვინახავენ, შეშინებულები გვემალებიან და უკან ისე მოვდივართ ვერც კი ვეფერებითო. ერთი ამ ცხვარ-მეცხვარის მომგონიაცაო – იგინებოდნენ უკვე კარგად შეზარხოშებული მეცხვარეები. დაძარღვულ, ძლიერ ხელებს, ქარისგან გამომშრალ – გაწითლებულ სახეზე წამოზრდილ წვერზე, ხშირად აისვ- ჩაისვამდნენ..

მთელ ამ ცხვრის ბინაში, მარტო ბიჭი იყო კმაყოფილი. ჯერ ერთი, რომ დენთის სუნი მოიშორა, მეორეც, ისმენდა მეცხვარეების  თავშესაქცევ თავდაგასავლებს. ცხვარს აძოვებდა, საჭმელს აკეთებდა, ქეიფობდა.. გორმახები და უსიერი ველები აქაც იყო. უკვე ჩალისფერი დაჰკრავდა არე-მარეს. ცაზე ტყვიისფერი ღრუბელი ისე საგულდაგულოდ გაწოლილიყო, თითქოს მთელი ცხოვრება ასე იყო და მზე საერთოდაც არ ამოდიოდა. ნიავიც ქროდა, მაგრამ შეტუსული ბალახის სუნი არ მოჰქონდა. ფარის ძაღლები შემოიჩვია – ხორცის წვენს უსხამდა გეჯებში,, შაქარ-ყინულის ნატეხებს უყრიდა. სულ კუდში დასდევდნენ.

მობილური ტელეფონის ზარის ხმამ გამოაღვიძა. ოთახში თბილოდა. დანის ხშირ-ხშირი კაკუნი ისმოდა სამზარეულოდან. ნამგზავრს ისეთსავე გაუხდელს ჩასძინებოდა. ნომრისთვის არც დაუხედავს, ნახევრადმძინარემ უპასუხა.

_ მერაბი ვარ. სადა ხარ ბიჭო?

_ სად ვიქნები – მთქნარებით უპასუხა.

_ ჰოდა, მისმინე. ვიკრიბებით რაა ბიჭები. ხო იცი, ჩვენი ოცმეთაური რა ჯიგარია. გარიკა კარაპეტიანის დაბადების დღეა და ორი დღე გვაჩუქა.

_ ვააა – უცებ გამოფხიზლდა – აღარც მახსოვდა..

_ ჰოდა ოცოდე. რესტორანს ვნახავთ და კავშირზე იყავი. დაგირეკავ.

_ კაი. მაგარია. Mმოვდივარ. შენ ზარს ველოდები _ უკვე კარგად შეფხიზლებულმა უპასუხა.

ბიჭს გაუხარდა. მოენატრა მეგობრები. აღარც ახსოვდა გარიკას დაბადების დღე. მაშინ დიმა ჯაილოვაც იქნება. გარიკა და დიმა განსაკუთრებით უყვარდა. მერაბიც უყვარდა, დათოც, ფანცულაც, მის ნაწილში თითქმის ყველანი საიმედო და გამორჩეული ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ, მაგრამ დიმა და გარიკა რატომღაც ამოჩემებული ჰყავდა. თავიდანვე ამ ორს დაუმეგობრდა. ერთი სომეხი და მეორე აზერბაიჯანელი, მაგრამ სულით და გულით ქართველები, სამშობლოზე შეყვარებული ბიჭები იყვნენ. სხვა თუ არაფერი, დანარჩენ ქართველებზე უკეთესად იცოდნენ საქართველოს ისტორია. შეიძლება ამის გამო უფრო მოსწონდა ისინი. თანაც კარგად ახსოვდა თენგიზი მასწავლებლის შეგონებები, ომის დროს მხოლოდ საკუთარი თავის და ერთგული მეგობრის იმედი უნდა გქონდესო. და სწორედ გარიკა და დიმა ესახებოდა ასეთებად.

თენგიზი მასწავლებელს გაკვეთილზე ხშირად მოუყოლია ბავშვებისთვის აფხაზეთის ომის ამბები, სადაც მისი ბიძაშვილი გია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გიას თანამებრძოლები კი, ვინც გადარჩნენ, დღემდე დუმდნენ. ყვებოდა თენგიზი მასწავლებელი, როგორ “დააწერა” საქართველოს ულამაზესი კუთხე აფხაზეთი, “ერთმორწმუნე, დიდმა მეგობარმა” რუსეთმა. მერე როგორ ძარცვავდნენ სვანეთისკენ მიმავალ ქართველ დევნილებს ქართველივე “მარადიორები”. როგორ იყინებოდნენ უღელტეხილზე მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფები. ბიჭს გული ეთუთქებოდა ამ ამბების მოსმენისას. სამაჩაბლოს ომის ამბებიც იცოდა თავისი მეზობლის ბიძაშვილისგან მონაყოლი. ერთთავად იმაზე ფიქრობდა, როდის იქნება ჩემი სამშობლო ისევ ერთიანი, ისევ ისეთი, როგორსაც მასწავლებელი ეუბნებოდა – ულამაზესი აფხაზეთი, – ლურჯი ზღვით, მარადმწვანე კიპარისების ტევრებით, ხშირი ტყეებით, მანდარინის ზვრებით და მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით. თენგიზი მასწავლებელი თურმე ყოველ ზაფხულს აფხაზეთში, სოხუმში ატარებდა თავის მამიდასთან და სულ წვრილ-წვრილად ჰყვებოდა ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. ბიჭმა, ქუჩების, უბნების და ახლო-მახლო სოფლების სახელები და მისახვევ-მოსახვევები სულ ზეპირად იცოდა. მარტო რომ გაგეშვა, მიაგნებდა კიდეც.

გარიკას დაბადების დღე თითქოს დღესასწაულად გადაიქცა ბიჭისთვის. არ უღრეობიათ, იზეიმეს და ამ დღიდან სამი თვის მერე, იქ გაცნობილ გოგონაზე იქორწინა. უკვე ერთი წლის მერე კი, მამა გახდა და ცხოვრებამ სულ სხვანაირი ელ-ფერი შეიძინა მისთვის. თითქოს ხელახლა დაიბადა, თითქოს არც ყოფილა ისეთ გაჭირვებაში, თითქოს არც უცხოვრია ამ ქვეყნად და ახალი, ფერადი სხივებით განათებული სამყარო გადაიშალა მის თვალწინ თავისი, თოთო ბავშვის თვალების სახით.. უნდოდა კიდევ ბევრი შვილი, რომ სამყარო უფრო დიდი და ნათელი გამხდარიყო..

შვილთან ჩახვეულს ეძინა. ცოლმა ფრთხილად შეაღვიძა, ტელეფონი მიაწოდა. აღელვებული ხმით იხმობდნენ ნაწილში სასწრაფოდ. შვილს დახედა, პატარა ხელებზე ხელი გადაუსვა. მშვიდად, უდარდელად ფშვინავდა პატარა. წვრილ-წვრილი ოფლის წვეთებით დასცვარვოდა შუბლი და უპეები. გაღებული კარიდან ჩანდა, როგორ ფუსფუსებდა ფეხმძიმე ცოლი სამზარეულოში. დიდხანს უყურებდა. ძალზე შორეულ არსებად ეჩვენა – მზით განათებული მინდვრის უგრძესი ბილიკის ბოლოში წერტილივით მოძრავ არსებად.. მერე სასწრაფოდ ჩაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეჩქარებოდა, წვერი მაინც გაიპარსა, სარკეში უყურებდა თავის თავს. თითქოს ვიღაც უცხო, სრულიად სხვა ადამიანი შეჰყურებდა შიშჩამდგარი, დიდი თვალებით.

მათ ნაწილში ყველას მ-4-ები დაურიგეს. ოცმეთაურის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი, მხოლოდ მახვილი თვალისთვის ძლივს შესამჩნევად გაჰფითრებოდა ტუჩის კუთხეები. დიდი სამხედრო მანქანით დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. მეთაურმა სწრაფად, მაგრამ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით აუხსნა საქმის ვითარება. მერე ბრძანება გასცა და ხშირ ტყეს შეერივნენ. მდინარის გაღმა სოფელში, აქა-იქ ხანძრის ალი ჩანდა. შიგა და შიგ ავტომატის კაკანი ისმოდა. დაბომბვა დროებით შეჩერებულიყო და თუ კარგად მიაყურადებდი, კალიების ჭრიჭინსაც შეიგრძნობდი სიცხის ბუღში. ამისთვის კი ვის ეცალა. რამდენიმე მეტრში ფაშვგამოყრილი ძროხა ეგდო, იქვე პატრონი, ისიც იგივე მდგომარეობაში, თოკი ისევ შერჩენოდა ხელში. ვაშლის ბაღები გადაიარეს, – ტოტებდალეწილი, მსხმოიარე ვაშლის ბაღები. ბიჭს სულმა წასძლია და ერთს ჩაკბიჩა. ასეთი სურნელოვანი ვაშლი არასოდეს ეჭამა. დიმა და ფანცულაც ჭამდნენ. ალბათ დასცხათ და ყელი გაისველეს. რაციაში ოცმეთაური ხრინწიანი ხმით ბრძანების ტექსტს უმეორებდა. ვაშლის ბაღები დამთავრდა თუ არა, სიცხისაგან ოხშივარავარდნილი თემშარა გადაკვეთეს და სიმინდის ყანაში შევიდნენ. აქედან უკვე ერთი ხელის გაწვდნეზე იყო ქალაქი. ქალაქი რომლისთვისაც სისხლი უკვე დაღვრილი იყო და მაინც სისხლს ითხოვდა.

ბიჭს, მოულოდნელად ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა. მარცხნივ, ორასიოდე მეტრის მოშორებით დამშრალი, აჭაობებული არხი იყო. იმის იქით სახელდახელოდ გათხრილი სანგრები ჩანდა. ხმა თითქოს იქიდან ისმოდა.  ნაწილს  ჩამოვრჩებიო, _ გაიფიქრა, მაგრამ ტირილის ხმა კვლავ განმეორდა და არხისკენ გასწია. აშმორებული ბალახების და დადუმებული ბაყაყების გარდა არაფერი დახვდა. სანგრებიდანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. შვილი გაახსენდა. ფეხმძიმე ცოლი. გოგონას ელოდებოდნენ. სულ ოცნებობდა გოგონაზე -ნაწნავებს დავუწნავ, მხრებზე შევისვამ ხან ერთს, ხან – მეორეს, მერე მესამეს და მეოთხესაცო – ოცნებობდა. მაგრამ ეს ფიქრი მყისვე უკუაქცია, – ახლა თითქმის ღალატის ტოლფასი იყო ამაზე ფიქრი, მხოლოდ ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა.  ერთხელ კიდევ შეავლო მზერა გადათხრილ სანგრებს, სიცხისგან ფერდაკარგულ, გაცრეცილ ცას და უკანვე გამობრუნდა. თავისი ნაწილის ბიჭებს ვეღარსად მოჰკრა თვალი და გზა ალალბედზე განაგრძო. Uათიოდე წუთის მერე აფეთქების მძლავრმა ტალღამ შორს გაისროლა. გონზე მოსულს ვიღაც უცხოები მიათრევდენენ. რამდენჯერმე თოფის კონდახიც მოარტყეს სახეში გამოსაფხიზლებლად. წელს ზემოთ გაეშიშვლებინათ და ბეჭებზე, _ ქვებზე თრევისგან, აქა-იქ მოსდიოდა სისხლი. ხელები ზურგსუკან ჰქონდა გაკრული. შვიდი – რვა კაცი შემოხვეოდა. იცინოდნენ, კონდახებს მორიგეობით ურტყამდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. აუტანელი ტკივილისდა მიუხედავად, ყველას სახეს აკვირდებოდა. ერთს, ყველაზე სახეშეშლილს და გვარიანად გამობრუჟულს, ცალ ხელში არყის ნახევრად დაცლილი ბოთლი ეჭირა, მეორეში კალაშნიკოვის ავტომატი და რაღაც გაუგებარ სიმღერას მღეროდა. ორს, შავწვერას, ერთნაირი შავი ქუდები ეხურათ რუსეთის დროშის ემბლემით. არწივის ნისკარტებს მიუგავდათ ნესტოებდაბერილი ცხვირები. ყველაზე დიდი ჟინით და გამეტებით ხაკისფერკეპიანი გამოირჩეოდა, რომელიც ბიჭს დაუნდობლად ურტყამდა.  დიდი კაკლის ხის ქვეშ მიათრიეს. მხრებში თავჩარგულმა თვალი მოჰკრა, მეორე ხის ქვეშ სისხლით მოსვრილი ფანცულა და გარიკა ერთმანეთზე თოკებით მიებათ და ზედ აფურთხებდნენ. ბიჭმა დაიღრიალა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიფა და წამოხტა. მაშინვე მძიმე, სქელლანჩიანი ჩექმები ჩასცხეს. რუსულად და ბიჭისთვის რაღაც გაიგებარ ენაზე უყვიროდნენ. თითქოს წამიერად კარგავდა გონს და ისევ ახელდა თვალებს. რამდენჯერმე სახელი დაუძახეს გარიკამ და ფანცულამ. ალბათ გასამხნევებლად. ბიჭსაც უნდოდა იგივე ექნა, მაგრამ დააპირა თუ არა, იერთ-ერთმა, თავგადაპარსულმა ახმახმა სიცილით მიარტყა თოფის ლულა ტუჩებზე და რუსულად  უთხრა:

_ მიდი, მიდი, ეამბორე რუსეთის მიწას! ეს ჩვენია, გაიგე? ეამბორე და მადლობაც მოგვიხადე, რომ შენი ბინძური სხეულით ამ მიწაზე გდიხარ!  დავაი, დავაი, ეამბორე ძაღლო! _ დანარჩენებიც, დაახლოებით ასეთ რაღაცეებს ეუბნებოდნენ. ბიჭს ჩამტვრეული კბილებით და სისხლით აევსო პირი. გადმოფურთხებასაც ვერ ახერხებდა. გარშემო მყოფნი მორიგეობით წიხლების და კონდახების რტყმას აგრძელებდნენ. მერე იმ ერთმა ცხვირნისკარტა, შავქუდიანმა, გაქონილ-გაზინტლული ჟილეტის შიდა ჯიბიდან რაღაც დიდი ზომის თეთრი ნაჭერი ამოაძვრინა და ბიჭს წინ, მიწაზე გაუშალა. _ დავაი! დვაი! მიაფურთხე! მიაფურთხე შე მძორო! დახიე! გათელე და გასუნსულდიები შენი ვითომ ამაყი და გულადი ძმებისკენ! _ კონდახების რტყმით ცდილობდნენ ბიჭი ფეხზე წამოეგდოთ. ბიჭს  სისხლი აწვებოდა თვალებში. მის წინ გაფენილ, თავისი სამშობლოს დაჭმუჭნულ და დასვრილ დროშაზე გამოსახულ წითელ ჯვრებს თვალს არ აცილებდა და უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა, რომ ამ მგლების ხროვას არ დამორჩილებოდა.. ნეტავ სად იყვნენ დანარჩენები: დიმა, მერაბი, დათო, ოცმეთაური.. გადაურჩნენ აფეთქებას თუ ისინიც ტყვედ ჰყავდათ?!.. თავისი სახელი შემოესმა ისევ. ფანცულას ხმას მიამსგავსა. მერე ავტომატის მოკლე ჯერი გაისმა და სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭს გაგიჟებას ცოტაღა აკლდა, _ თვალებიდან ლამის სიმწრის სისხლმა გადმოხეთქა. უნდოდა წამომხტარიყო და თავისი მეგობრებისკენ გაქცეულიყო, მაგრამ სხეული ტყვიასავით დამძიმებოდა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიფა. წამოიწია თუ არა, გონი დაკარგა. სიმღერის ხმამ თითქოს შეაფხიზლა. ალბათ ის არყით მთვრალი მღერისო-გაიფიქრა, მაგრამ რაღაც სხვა, ტკბილი მელოდია იყო. აი, მთებში რო მღერიან – ისეთი. ნისლში ჩაიძირულმა მთების მწვერვალებს მოჰკრა თვალი. დედის გამომცხვარი ნამცხვრის სურნელი ტრიალებდა ჰაერში. სადღაც ზემოდან უყურებდა მთის ფერდობზე შეფენილ სოფელს. ხელი-ხელ გადახვეული მთვრალი კაცები მიბარბაცებდნენ, თავზე ყვავილების გვირგვინები ედგათ. გარმონს უკრავდა ერთი და დანარჩენები არეულად მღეროდნენ უტკბეს სიმღერებს. ერთ-ერთი სახლის ეზოში, ხარიხაზე გამობმული ჯედილა ბღაოდა. ეზოში ნაბდები, უნაგირები, ჭრელ-ჭრელი ხალიჩები, წინდები და საალუდე ქვაბები გაეშალათ. იქვე ქალები ტრიალებდნენ, _ ხინკალს ხარშავდნენ. ოხშივარში გახვეულიყო სოფელი. წამიერად თითქოს გამოფხიზლდა, თავის მიბრუნება უნდოდა მარცხნივ, თვალების გახელას ცდილობდა რომ თითქოს უფრო ნაცნობი და მშობლიური ხმები ჩაესმა, – თანაკლასელები სკოლის ეზოში შეკრებილიყვნენ და ისინიც მღეროდნენ. ბუნდოვნად  ჩანდა სკოლის შენობის სახურავი, ბავშვების სილუეტები და აზოში აღმართული ხუთჯვრიანი დროშა.

 ბიჭს უნდოდა ახლოს მისულიყო, გამოლაპარაკებოდა, მოსიყვარულებოდა ამ ხალხს, მაგრამ თითქოს ფეხებზე ბორკილები ედო, _ ადგილიდან ვერ იძვროდა. სიმღერის ხმაც მიწყდა  და მხოლოდ მაღალ ცას, ვარსკვლავებს და ყველაზე დიდ ვარსკვლავზე წამოდებულ ღრუბელს ხედავდა.. წამიერად გონსმოსულმა იმ ახმახის მოცინარე სახე, რამდენიმე ოქროს კბილი და ქუდის კეპზე სისხლის წვეთები დალანდა. ისევ სადღაც მიათრევდნენ. უნდოდა დაეყვირა თავის ბიჭების სახელები, მაგრამ ენა გასიებოდა და მხოლოდ გაურკვეველი ბგერები ამოსდიოდა.

ზაფხულის ხანგრძლივი ხვატის შემდეგ, რაც ასე უცხო იყო სოხუმისთვის, ძლივს მოვიდა შხაპუნა წვიმა. შიშხინებდა დასიცხული მიწა და მტვრის ოდნავ მოტკბო, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში. მეტისმეტი სიცხისგან გაფერმკრთალებული კიპარისები ახლა უკვე მწვანედ ხასხასებდნენ. ჰყვაოდნენ მაგნოლიები და ჟასმინები. გახარებული ტურისტები გუნდ-გუნდად სეირნობდნენ ქუჩებში. ყველა კუთხიდან სასიამოვნო შეძახილები და კსიკისი ისმოდა. ბიჭს თხელი, ცისფერი კუბოკრული პერანგი და თეთრი შორტები ეცვა. მხარზე თხელი პულოვერი დაუდევრად გადაეფინა და ღიმილით მიაბიჯებდა მთავარ ქუჩაზე. გამვლელები ხელის აწევით ესალმებოდნენ. ზოგი, უფრო ხანში შესული კაცები და ქალები მიდოდნენ და ხელს ართმევდნენ. რამდენიმე თამამმა, გამომწვევად ჩაცმულმა გოგონამ გადაკოცნა კიდეც. ეზოებში ნარდის და დომინოს თამაში გაეჩაღებინათ. ერთგან პატარა სუფრაც ჰქონდათ გაშლილი. ბიჭის დანახვაზე წამოდგნენ, თავაზიანად მიიპატიჟეს. ბიჭმა იუარა, მადლობა მოუხადა და გზა განაგრძო. ქუჩის კუთხეში, წყლის დასალევად დახრილს, გვარიანად შემელოტებულმა მენაყინემ, გახარებულმა, ნაყინებით სავსე პარკი მიაჩეჩა ხელში. ბიჭი გაოცებული უარს ეუბნებოდა, მაგრამ კაცმა ისე დანამუსა, _ გამოართვა. ბავშვების გუნდი დაინახა, იქვე ბაღში. დაუძახა და მათ მისცა. კისკისით მოუხადეს მადლობა და გაიქცნენ თავისი მეგობრებისკენ. მთავარი ქუჩიდან კიპარისების ხეივნისკენ გადაუხვა. მის მოპირადპირედ პატარა, სამიოდე წლის გოგონა მოდიოდა. ყვითელი, თეთრწინწკებიანი სარაფანი და ლურჯი ბასანოჩკები ეცვა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ბიჭს გაუკვირდა, ასეთი პატარა ბავშვი მშობლების გარეშე რატომ იყო მარტო, ქუჩაში. გოგონა მიუახლოვდა. ბიჭმა სახელი ჰკითხა.

_ ანა, ანა მქვია _ უპასუხა მკვეთრი, ჟღერადი ხმით პატარამ და თვალებით თავის მაჯაზე ანიშნა _ დედას გამოვეპარე, ღობეზე გადმოვძვერი და მაჯა გავიკაწრე. სულ ოდნავ გაჰკაწვროდა და სისხლის წვრილი ზოლი ეტყობოდა. ბიჭი დაიხარა, უნოდა ნატკენზე მოჰფერებოდა, დაეწყნარებინა, მაგრამ გოგონა შებრუნდა და უკანმოუხედავად გაიქცა. ბიჭმა მიმოიხედა. მხოლოდ ახლაღა ეუცხოვა ეს ქალაქი, ხალხი. ვერ მიმხვდარიყო, ასეთი აღფრთოვანებით რატომ ხვდებოდნენ. თანაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ადრეც იყო აქ ნამყოფი, თითქოს მშობლიური იყო ეს ქუჩები, ეს ხალხი, ასე გულწრფელად და სიყვარულით რომ ეგებობდნენ. მაგრამ ეს პატარა გოგონა კი, ყველაზე ახლობლად, თავის სისხლად და ხორცად მიაჩნდა ბიჭს. უნდოდა დასწეოდა, ჩახუტებოდა და გოგონას ძებნაში კიპარისების ხეივნიდან აღმართს აუყვა, უკან მოიტოვა წვიმისგან გახალისებული ქალაქი და ნელ-ნელა თვალს მიეფარა..

გაკვეთილზე სრული დასწრება იყო. მხოლოდ ერთი _ გაგოიძე აკლდა. ბიძა გარდაეცვალაო – კლასის ხელმძღვანელმა სამასწავლებლოშივე უთხრა. ისედაც, თითქმის ყოველთვის კარგი დასწრება იყო ისტორიის გაკვეთილზე. მხოლოდ გაზაფხულზე, როცა უკვე თბილი ამინდები დადგებოდა და ხეები ყვავილობდნენ, სულ გარეთ მიუწევდათ ბავშვებს გული. დღეს კი, თებერვლის ამ ჟინჟლიან დღეს, ვის ეხალისებოდა ტალახში სეირნობა და თბილ კლასში ჯდომა არჩიეს. თანაც, თენგიზი მასწავლებელი ისე ემოციურად და საინტერესოდ საუბრობდა მოსწავლეებისთვის ყველაზე უინტერესო თემებზეც კი, რომ ზარმაცებიცა და წარჩინებულნიც – ყველანი ყურადღებით უსმენდნენ.

_ დღეს 25 თებერვალია, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის დღე. ეს ყველა თქვენგანმა კარგად უნდა იცოდეს და მე მოვითხოვ, თითოეულმა ვრცლად და შინაარსიანად შეისწავლოს ის მოვლენები, რომელიც 1921 წლის თებერვალში ჩვენს სამშობლოში განვითარდა!

„საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელიწადში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის 11-ე არმიას ქართული ჯარი, სახალხო არმია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე- 11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია, სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები, დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი, 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს. 2010 წელს  საქართველოს პარლამენტმა  ერთხმად  მიიღო  დადგენილება, რომელიც ავალებს  მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით  ოკუპაციის  მსხვერპლთა  პატივსაცემად, რომლებიც  კომუნისტურმა  საოკუპაციო რეჟიმმა  პოლიტიკური ნიშნით  სიცოცხლეს  გამოასალმა,  დაუშვას სახელმწიფო  დროშები  და  გამოცხადდეს  წუთიერი დუმილი.“

თენგიზი მასწავლებელი ზედმეტად ღელავდა და ეს მოსწავლეებმაც შეამჩნიეს. მან ცხვირსახოცი სწრაფად ამოიღო პიჯაკის ჯიბიდან და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. გარეთ ისევ წვიმდა. მასწავლებელი ფანჯარასთან მივიდა და ჩაფიქრებული სახით, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო – განაგრძო:

_ აქვე აცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ შეიძლება ითქვას, ჩვენ გმირი იუნკერები უახლოეს ისტორიულ წარსულშიც გვყავს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომელიც საქართველოს ძირძველი ისტორიული კუთხეებია და რომელიც რუსული არმიის მიერ დღესაც ოკუპირებულია, ბევრი ახალბედა ქართველი ჯარისკაცი და ადგილობრივი დაიღუპა გმირულად, რომელთა გვარებს და სახელებს საქართველოს ისტორიის წიგნებში ვერ ამოიკითხავთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, გმირულად დაიღუპა თქვენივე თანასოფლელი, ჩემი ყოფილი, ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, გმირი თუში _ გიორგი ანწუხელიძე. იგი ბრძოლისას ტყვედ ჩავარდა. ხერხემალში გადატეხეს და წამებით მოკლეს. აიძულებლდნენ ფეხით გაეთელა ჩვენი სამშობლოს დროშა.

აქ კი, ხმა აუკანკალდა და ნამდვილად ვეღარ შეეძლო თენგიზი მასწავლებელმა ლაპარაკის გაგრძელება. მოსწავლეები შეშფოთდნენ – ცალკე მასწავლებლის მონაყოლით, ცალკე კი, _ ცუდად არ გახდესო – ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. მასწავლებელი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ უდარდელად და ზანტად აწვიმდა სკოლის ეზოს გადაღმა, მეორე მსოფლიო ომში დაღულულთა მემორიალს და  ცელოფნის პარკებით და სიგარეტის ნამწვებით სავსე პატარა ბაღს. ბაღის შუაში, „დიდი საბჭოთა“ ბელადის _. სტალინის ძეგლი იდგა. თითქოს მასაც, თებერვლის ამ უჟმური წვიმით გაბეზრებულს, ნაღვლიანი გამომეტყველება ჩასდგომოდა თვალებში და, ულვაშებზე და მხრებზე ვიღაც ხულიგნების მიერ მისხმული ვარდისფერი საღებავი უფრო მკვეთრად აჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი