კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან

განათლებისადმი თანამედროვე მიდგომები მშობელს მოიაზრებს საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტად და უფლებამოსილად, იყოს ინფორმირებული აღზრდის, სწავლა-სწავლების პრინციპების შესახებ, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო გადაწყვეტილებების მიღებაში. გადაწყვეტილება კი მაშინ შეიძლება იყოს სწორი და ეფექტური, როცა ის სრულფასოვან ინფორმაციას ეყრდნობა.

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარში პირველი შესაფასებელი სფერო „სკოლაში (მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“ ამ მიმართებით თვითშეფასებას მოიცავს.

მშობლებთან კომუნიკაციას და კეთილგანწყობილ თანამშრომლობას, პედაგოთა ერთი ნაწილის აზრით, საკმაო სირთულეები ახლავს. „საერთოდ არ კითხულობენ შვილების სწავლა-აღზრდის ამბებს“, „ჩვენი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტით მთავრდება, სულ პრეტენზიები აქვს შვილის აკადემიური მოსწრების გამო…“, „რომ ვუთხრა, რამე უნდა გასწავლოთ–მეთქი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, საკმარისი ვიცითო“, – აღნიშნავენ ისინი.

თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელს ახალ მოსწავლეებთან ერთად მათ მშობლებთანაც უწევს ურთიერთობის დამყარება. ეს საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით – კლასის დამრიგებლებისთვის, რომლებსაც სკოლასა და ოჯახს შორის მოკავშირის მოვალეობა აკისრიათ.

ბავშვის აღზრდის პროცესი ოჯახში იწყება, სკოლამდელ დაწესებულებაში გრძელდება და შემდეგ სასკოლო სივრცეში გადადის. რამდენად ეფექტურად თანამშრომლობენ სკოლა და ოჯახი, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული აღზრდისა და სწავლა-სწავლების შედეგები. დამრიგებელმა თავდაპირველადვე უნდა მოახერხოს მშობლის ამომწურავი და მკაფიო ინფორმირება სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე, სწავლა-სწავლების მიზნებსა და მეთოდებზე, შეფასების ფორმებზე, იმ მხარდამჭერ აქტივობებზე, რომლებშიც მშობლების მონაწილეობა აუცილებელია.

დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და პატივისცემას, ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერას. ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად საჭიროა ზრუნვა მშობლების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ განათლებაზე. ინფორმაცია ამ საკითხების შესახებ თითქოს ყველასთვის ხელმისაწვდომია და მშობლები, თუ დაინტერესდნენ, დამოუკიდებლადაც მოიძიებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია მშობელთა ის ნაწილი, რომელსაც ასეთ წყაროებზე ხელი არ მიუწვდება ან მათი გაცნობა არ სურს. დამრიგებლის სამუშაო გეგმა უნდა მოიაზრებდეს მშობელთა ინფორმირებას ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ამაღლების ხერხების, ინტერესების შესწავლისა და სწავლაში მხარდაჭერის ფორმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მიზნობრივად, კონკრეტულ მაგალითებთან მიმართებით, გამოცდილებაზე დაყრდნობით და პოპულარული ენით.

ურთიერთობები მშობელსა და სკოლას შორის დაწყებით საფეხურზე იწყება. აღზრდის პროცესი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას მოიცავს. სკოლის ვალდებულებაა, აღზარდოს ინფორმირებული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელსაც ექნება უნარი, სწორად დაგეგმოს თავის მომავალი ცხოვრება, შეაფასოს თავის გარშემო არსებული პრობლემები და ეძებოს მათი დაძლევის გზები, შეეძლოს მიღებული ცოდნი გამოყენება საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, როცა მშობელი და მასწავლებელი შეთანხმებულად უჭერენ მხარს მოსწავლეს.

მშობლებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვისას მასწავლებელმა ზრდასრულთა განათლების პრინციპები უნდა გაითვალისწინოს. ზრდასრულ ადამიანებს უკვე აქვთ თავიანთი წარმოდგენები აღზრდაზე და ეს ანგარიშგასაწევია. უპირველესი მაინც მშობლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათი ნდობის მოპოვებაა. მათ თავი პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ უნდა ვაგრძნობინოთ, დავინტერესდეთ მათი აზრით, ყურადღება მივაქციოთ მათ საჭიროებებს. ამით გაიზრდება მშობლის სურვილი და მოტივაცია, ხელი შეუწყოს პროცესში სხვა მშობლების მონაწილეობას, თავისი წვლილი შეიტანოს მათი ინტერესების გამოკვლევაში, შვილების ხელშემწყობ აქტივობებში. შემდგარი თანამშრომლობის პირობებში მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს ეხმარებიან, რათა შეიცნონ მოსწავლის სოციალური და ემოციური პრობლემები, ჩასწვდნენ მის წინაშე არსებული სირთულეების მიზეზებს, მერე კი ერთად დაგეგმონ, როგორ დაეხმარონ მას უკეთესი შედეგების მიღწევაში.

გამოცდილება მოწმობს, რომ მშობელსა და პედაგოგს შორის ურთიერთობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით. ზოგიერთი ფორმა ცნობილი და ნაცადია, მაგრამ კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით პედაგოგის განსხვავებულ, შემოქმედებითმა მიდგომამ შესაძლოა გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღოს. საბაზისო ფორმად ისევ მშობელთა კრება რჩება. ეს ფორმა მოხერხებულია, როცა მასწავლებელი და მშობლები უნდა გაეცნონ ერთმანეთს, მიიღონ საერთო ინფორმაცია, იმსჯელონ საერთო პრობლემებზე. მთავარია, კრებაზე გამოთქმულ ყველა კითხვას გაეცეს გასაგები და კონკრეტული პასუხი, მშობლების სურვილები და მოთხოვნები არ დავტოვოთ რეაგირების ან სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე.

შემდგომი კომუნიკაციის გასამარტივებლად, სადაც ეს შესაძლებელია, მოხერხებულია სოციალურ ქსელებში კლასის მშობელთა დახურული ჯგუფის შექმნა. აქაც გასათვალისწინებელი იქნება ის გარემოება, რომ საერთო სივრცე გამოვიყენოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმირებისთვის, ზოგადი სადისკუსიო თემების განსჯისთვის, სასარგებლო რესურსების შეთავაზებისთვის. ჯგუფის წევრებთან ერთად შევთანხმდეთ კორექტული დიალოგის აუცილებლობაზე. რაც შეეხება მოსწავლეთა პირად ინფორმაციას აკადემიურ თუ სხვა საკითხებზე, აქ კონფიდენციალურობა აუცილებელ პირობად რჩება და მშობელს მხოლოდ პირადად ვაწვდით ინფორმაციას.

კრებებს შორის მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა წარიმართება შეხვედრების, კონსულტაციების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრებისა და სხვა ფორმით. დამრიგებლები უწევენ ორგანიზებას მშობლებისა და საგნის მასწავლებლების შეხვედრას.

მშობელთა პედაგოგიური განათლების მოხერხებული და ეფექტური ფორმაა სკოლის დამრიგებელთა ან სულაც სკოლების თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში „მშობელთა სკოლის“ ჩამოყალიბება, რომელშიც საკუთარი სურვილით გაერთიანდებიან მოტივირებული მშობლები. წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც საინტერესო იქნება მსმენელებისთვის. ეს შეიძლება იყოს სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის უფლება-მოვალეობები, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, აღზრდისა და სწავლების თეორიები, ჯანსაღი ცხოვრების საკითხები, ინკლუზიური განათლება, არჩევითი პროგრამები და მრავალი სხვა თემა, რომლებიც გზადაგზა იჩენს თავს. რესურსების გაერთიანება სკოლას/სკოლებს საშუალებას მისცემს, შესთავაზონ მშობელს მაღალ დონეზე მომზადებული საუბრები, კონსულტაციები, ტრენინგები, დისკუსიები და სხვა. ასეთი ფორმა ეფექტური იქნება როგორც მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად და, ამის კვალობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად, ისე დამრიგებლების პროფესიული განვითარებისთვის, სკოლისა და თემის, სამოქალაქო საზოგადოების, უმაღლესი სასწავლებლების ურთიერთობის გაღრმავებისთვის. რაც მთავარია, ეს დადებითად აისახება მოსწავლისა და სკოლის შედეგებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი