ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დუალური პროფესიული განათლება საქართველოში

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის საქართველოს ოფისისა და მაგდებურგის UNEVOC-ის ცენტრის ორგანიზებით თბილისში პროფესიული განათლების სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები იმართება. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში დუალური პროფესიული განათლების მეთოდოლოგიის დანერგვაა.

გერმანიაში, შვეიცარიაში, შვედეთსა და დანიაში დუალური განათლება წარმატებით ინერგება მთავრობის მხარდაჭერით და ამ ქვეყნებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. მისი წყალობით გერმანიაში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გერმანული ეკონომიკის წარმატებასაც – ის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა ევროპაში – სწორედ დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკას უკავშირებენ.

14711589_1395832963767778_567008649774145795_o

რა არის დუალური განათლება?

დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე.

რომელ კომპანიებში შეუძლიათ ხელობის დაუფლება სტუდენტებს?

სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამების დირექტორი მარიტა რიდელი ამბობს, რომ კერძო სექტორმა უნდა გამოხატოს კეთილი ნება და იკისროს სოციალური პასუხისმგებლობა – ხელი შეუწყოს პროფესიონალთა ჩამოყალიბებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ქალბატონი რიდელის თქმით, პირველ ეტაპზე აქცენტი ღვინის კომპანიებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სამშენებლო კომპანიებზე დაისმება. ეს იმიტომ, რომ მეღვინეობის, ტურიზმის მენეჯმენტისა და მშენებლობის პროფესიულ დონეზე შესწავლა ჩვენში პოპულარული არ არის, საქართველოს კი ამ პროფესიების მეტი ადამიანი სჭირდება.

20161012_123727

მარიტა რიდელი აღნიშნავს, რომ დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პირველი მხარდამჭერი და მთავარი ინიციატორი საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს. მან სხვადასხვა გზით უნდა წაახალისოს კერძო კომპანიები და საწარმოები, გაიღონ ხარჯი, შექმნან სამუშაო და სასწავლო გარემო მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა ისინი მეტი ენთუზიაზმით ჩაერთონ ამ პროცესში. ქალბატონი რიდელი დასძენს, რომ GIZ-ის ოფისს საქართველოში დუალური განათლების დანერგვის ხანგრძლივი გეგმა აქვს.

რა არის დუალური განათლების მეთოდოლოგიის დანერგვის მთავარი მიზანი და რა სარგებლობას მოიტანს ეს მიდგომა?

დუალური განათლების მეთოდი დაეხმარება სტუდენტებს, თეორიული პროფესიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულადაც დაეუფლონ სასურველ ხელობას. ეს მიდგომა ქვეყანას შესძენს მეტ პროფესიონალს ისეთ არაპოპულარულ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა, ელექტროინჟინერია, მეღვინეობა და სხვა.

ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, გახდნენ რომელიმე სფეროს პროფესიონალები და, იმავდროულად, იცოდნენ ხელობა. მათ ამ ორი სფეროს ერთმანეთთან სასარგებლოდ ინტეგრირება შეეძლებათ.

დუალური განათლების მხარდამჭერ კერძო კომპანიებს, თავის მხრივ, მიეცემათ საშუალება, უფრო მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი იპოვონ და დაიქირაონ.

დუალურ განათლებაზე საუბრის დროს მაგდებურგის უნივერსიტეტის განათლებისა და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ფრანკ ბუნინგს, მაგალითად ევროპის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს და ამბობს, რომ შვეიცარიამ და გერმანიამ ამ მეთოდოლოგიის დანერგვით საგულისხმო შედეგები მიიღეს:

20161012_121043

– დუალური განათლების წყალობით გერმანია და შვეიცარია პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ მსოფლიოში  დასაქმების მაჩვენებლით. ამჟამად გერმანიაში მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია დაუსაქმებელი, შვეიცარიაში კი –დაახლოებით 9%. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს, რომლებიც კონკრეტულ კომპანიაში იწყებენ მუშაობას, სწავლის დასრულების შემდეგ კომპანიები თავად სთავაზობენ სამუშაო ადგილებს, კურსდამთავრებული კი, თავის მხრივ, ახალ სამუშაო ადგილზე სხვა სფეროში მიღებული განათლების ინტეგრირებასაც ახერხებს. დუალური განათლება დამსაქმებლისთვის – პროფესიონალი კადრების იოლად პოვნის, დასაქმებულისთვის კი გამოცდილების იოლად მიღების საშუალებაა.

დუალური განათლების მეთოდოლოგიის მიხედვით, სასწავლებლის შემდეგ კონკრეტულ ორგანიზაციაში მუშაობა სტაჟირებას არ ნიშნავს. ამის შესახებ ჰარი შტოლტე, GIZ-ის ადამიანური რესურსების განვითარების უფროსი გვესაუბრება:

20161012_120339

– ყველა მოსწავლე, რომელიც კი დუალური განათლების მეთოდით ისწავლის, ორგანიზაციაში იმუშავებს. ეს სტაჟირებას არ ნიშნავს. ისინი დაქირავებულნი არიან საწარმოს ან კომპანიის მიერ და ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორიც სხვა თანამშრომლებს. კურსდამთავრებულებს კომპანიის ტრენერი შეაფასებს. რაც უფრო მაღალი იქნება შეფასება, მით უფრო მოიმატებს მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღების შანსი.

ვინ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დუალური განათლების მეთოდოლოგიის საზოგადოებისთვის გაცნობა და დანერგვა?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიდერის როლი აკისრია პროფესიული დუალური განათლების დანერგვის კუთხით, თუმცა, სამინისტროსა და სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დუალური განათლების გამავრცელებლები იქნებიან ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიარეს ხანგრძლივი ტრენინგი და მზად არიან, საზოგადოებას ეს მეთოდოლოგია გააცნონ. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ GIZ-ის საქართველოს ოფისსა და მაგდებურგის UNEVOC-ის ტრენინგცენტრთან ერთად დაინტერესებული პირებისთვის გამოაცხადა კონკურსი პროექტში მონაწილეობისთვის, რომლის ფარგლებშიც ზემოხსენებული ორგანიზაციები მსურველებს სიღრმისეულად შეასწავლიდნენ დუალური განათლების მეთოდოლოგიას. კონკურსის წესით შერჩეულ იქნა შვიდი აპლიკანტი, რომლებმაც საქართველოსა და გერმანიაში საერთაშორისო ლიდერობის ხუთთვიანი მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს და უკვე დაგეგმეს, როგორ გამოიყენონ საქართველოში ამ ხნის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

i30^cimgpsh_orig

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთევან ნინიძე, ტექნიკური და პროფესიული განათლების სპეციალისტია. ის მეღვინეობის სფეროში აპირებს მუშაობას. ქეთევანი ამბობს, რომ დუალური განათლების დანერგვა საუკეთესო საშუალებაა კერძო ბიზნესისთვის, თავად შეუწყოს ხელი პროფესიონალთა ჩამოყალიბებას.

თამთა კვინიკაძე პროფესიული განათლების მასწავლებელია. ის გერმანიაში შეისწავლიდა კომპანიის ტრენერთა სტანდარტსა და პროფესიულ განვითარებას. კომპანიის ტრენერი ერთ–ერთ წამყვან როლს ასრულებს დუალურ პროფესიულ განათლებაში, შესაბამისად, მისი სტანდარტი და პროფესიული განვითარების გეგმა დუალური პროფესიული განათლების დანერგვისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ზაირა ბერიძეს წინარე განათლება ავსტრიაში აქვს მიღებული ტურიზმის მიმართულებით. გერმანიაში ის ამავე სფეროში დუალური განათლების მეთოდოლოგიაზე მუშაობდა. ამჟამად ზაირა ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში ასწავლის, აპირებს, აქტიურად ითანამშრომლოს ბათუმის ტურიზმის განვითარების დეპარტამენტსა და სხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, სადაც ტურიზმთან დაკავშირებული პროფესიების დაუფლებაა შესაძლებელი.

მიხეილ მჭედლიშვილი ტექნიკური და პროფესიული განათლების ტრენერია. განათლება მან ესტონეთში მიიღო ლოჯისტიკის მიმართულებით. საქართველოსთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს დარგი ძალზე პერსპექტიულია. გერმანიაში მიღებული ცოდნის წყალობით მიხეილმა უკვე შეიმუშავა პროექტი დუალური ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების შესახებ ლოჯისტიკისა და ტვირთის გადაზიდვის სფეროში.

დავით ქურდაძე შრომის ფსიქოლოგი და ბიზნესკონსულტანტია. დუალური განათლების შესახებ მიღებულ ცოდნას ის კოლეჯების მართვის კუთხით გამოიყენებს – განათლების ამ მეთოდოლოგიას კოლეჯების დირექტორებსა და წამყვანი რგოლის მენეჯერებს გააცნობს.

ეკა პატიეშვილი პროფესიული კარიერის დაგეგმვის მენეჯერია. ის აპირებს, დუალური განათლების მეთოდისთვის გამოსადეგი შეფასების სქემის შექმნაზე, განვითარებასა და გავრცელებაზე იმუშაოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მეთოდოლოგიით მოსწავლეს აფასებს არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ კომპანიის ტრენერიც. შესაბამისად, საჭიროა შეფასების საერთო სქემა, კრიტერიუმები, რომელთა  მიხედვითაც მასწავლებელი და კომპანიის ტრენერი ერთობლივად შეაფასებენ სტუდენტს. სწორედ ამ სქემას შეიმუშავებს ეკა.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე ამბობს, რომ საქართველომ წარმატებით გაიარა მოსინჯვის ეტაპი, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, იმუშავებდა თუ არა აქ დუალური განათლების მეთოდოლოგია. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კერძო კომპანიებთან მეთოდოლოგიის გასაცნობად და დასაინტერესებლად. ნინო ელბაქიძეს იმეი აქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება.  ნინო ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის თანამდევ სირთულეებზეც ლაპარაკობს:

– დუალური განათლების მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში მასწავლებელი შეეჯახება ახალ რეალობას – ის ერთადერთი ლიდერი კი აღარ იქნება, არამედ ერთ–ერთი, რადგან აქტიურად მოუწევს თანამშრომლობა კომპანიის ტრენერთან. მათ ერთად უნდა შეაფასონ სტუდენტები და ერთად იმუშაონ მათი წარმატებისთვის.

უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განვითარების გეგმაზე, რომელიც დუალური განათლების მეთოდოლოგიის დანერგვის მთავარი წინაპირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი