კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

პროფესიული საგანმანათლებლო სკოლის დირექტორის საქმიანობა და განვითარების გზა გერმანიაში

პროფესიული საგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელობა გერმანიის ფედერალურ სახელმწიფოში დიდი პრესტიჟით სარგებლობს და საზოგადოება განსაკუთრებული პატივისცემითაა განწყობილი სასწავლებელთა დირექტორების მიმართ. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სათავეში მოექცეს, საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული გზა უნდა გაიაროს (რასაც ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ).

დირექტორის მოვალეობები და პასუხისმგებლობები

პროფესიული სასწავლებლის დირექტორი, სკოლის მართვასთან ერთად, მასწავლებლობასაც ითავსებს. იგი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, ხელს უწყობს მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში და პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტთა წარმატებულობაზე. „ჩემი საქმე ამით არ იწურება“ -ამბობს ბაიმსის პროფესიული სკოლის დირექტორი, „მე სტუდენტებთან აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოებაც მევალება“.  პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ასაკი 15-იდან 25 წლამდე მერყეობს. ისინი თითქმის ზრდასრულები არიან. შემდეგი კითხვის პასუხად კი, აღმზრდელობით საქმიანობას სასწავლებლის დირექტორი ასე განმარტავს: „ახალგაზრდებს შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა აწუხებდეთ, მაგალითად, გონებრივი შეფერხება ან ფსიქოლოგიური ბარიერი , არიან ასევე სტუდენტები ლტოლვილი ოჯახებიდან, არაგერმანული ოჯახებიდან, რომელთაც უჭირთ გერმანულად საუბარი და რა თქმა უნდა, სტუდენტები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებით“. მთელი ამ განსხვავებული სპექტრის სტუდენტებთან მუშაობა მასწავლებლისგან და პროფესიული სასწავლებლის დირექტორისგან დიდ გამოცდილებასა და პედაგოგიკაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. თუკი სტუდენტს აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, დირექტორი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში ფსიქოლოგის ჩართვას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის – სპეციალურ მასწავლებელს, ხოლო სხვადასხვა სახის კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად თავად იჩენს მზაობას. თუმცა აღმზრდელობითი მუშაობა სტუდენტებთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტებთან მუდმივად ხორციელდება მუშაობა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების განვითარებასა და რაც მთავარია, პროფესიული ეთიკის საკითხებზე. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება პროფესიული სწავლების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

დირექტორი აცნობიერებს პასუხისმგებლობას, როგორც სტუდენტების მიერ პროფესიის შესწავლაზე, ასევე მათთან სხვა სახის აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოებაზე. მუშაობს მათ ოჯახებთან, დიალოგებს მართავს მშობლებთან, თუ ახალგაზრდას განსაკუთრებული პრობლემა აქვს, დახმარების აღმოსაჩენად შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევაში მონაწილებს. „ჩვენი მთავარი მიზანია რომ სტუდენტს ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს, ეს არის უმუშევარი ახალგაზრდა ადამიანი“.

ვის შეუძლია გახდეს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი?

გერმანიაში (საქსონია-ანჰალტში), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მასწავლებლის განათლება და მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. ეს გულისხმობს, რომ დირექტორად მუშაობის კანდიდატს ჩაბარებული აქვს მასწავლებლობის სახელმწიფო გამოცდა, მინიჭებული აქვს მასწავლებლის აკადემიური ხარისხი და ნამუშევარი აქვს მასწავლებლად პროფესიულ სასწავლებელში. გერმანიაში მასწავლებლობის სხვადასხვა კარიერული ეტაპი არსებობს, დირექტორობის მსურველს კი გავლილი უნდა ჰქონდეს ყველა ის კატეგორია, რომელიც მასწავლებლის კარიერული ზრდისთვის არის შესაძლებელი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორს  უნდა ჰქონდეს პედაგოგის გამოცდილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ხოლო პროფესიული სასწავლებლის დირექტორობისთვის აუცილებელია მასწავლებლობის გამოცდილება პროფესიულ სასწავლებელში. იმისათვის, რომ პროფესიული სასწავლებლის  დირექტორობის ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს, მასწავლებელს,  5-წლიან პედაგოგიურ გამოცდილებასთან ერთად, ესაჭიროება  ყველა სავალდებულო კარიერული საფეხურის გამოცდილება. მასწავლებლის კარიერის უმაღლესი საფეხურებია: კოორდინატორი-მასწავლებელი და/ან დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ ენიჭება მასწავლებელს პროფესიული სასწავლებლის  დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

მასწავლებელთა ტიპები გერმანიაში

გერმანიაში მასწავლებელი შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან ხელშეკრულებით დაქირავებული პირი. საჯარო მოხელე მასწავლებელთა რაოდენობა სჭარბობს ხელშეკრულებით დაქირავებულთა რიცხვს. ორივე პოზიციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც საჯარო მოხელე, მასწავლებელი არის კანონით დაცული, მაგალითად სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მას აქვს მაღალი საპენსიო ანაზღაურება და მაღალი სოციალური სტატუსი. უარყოფითი მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, დაქირავებულ პირთან შედარებით,  დაბალი ანაზღაურება, თუმცა მათთვის დაწესებული გადასახადებიც შედარებით დაბალია. მასწავლებელს, რომელიც მუშაობს როგორც დაქირავებული პირი, აქვს უფრო მაღალი ანაზღაურება, თუმცა ამ შემთხვევაში გადასახადებიც უფრო მაღალია.  ასეთ პედაგოგს მობილობის უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვს, შეუძლია იმუშაოს მასწავლებლადაც და სხვა პროფესიითაც, მაშინ როცა მასწავლებელი-საჯარო მოხელე  სხვა პროფესიაში თუ გადაინაცვლებს, საჯარო მოხელის სტატუსს კარგავს. საბოლოო ჯამში, ორივე შემთხვევაში, მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის ერთმანეთს უტოლდება. გერმანიის მასშტაბით მასწავლებელთა ანაზღაურების დაანგარიშების ფორმულა არის საერთო მთელ ქვეყანაში, თუმცა ტარიფი ყველა მიწას (გერმანიაში არსებობს 16 სხვადასხვა მიწა/შტატი) გამოჰყავს ინდივიდუალურად ამ ფორმულიდან.

პროფესიული განათლების საკანონმდებლო რეგულირება

გერმანიის სხვადასხვა მიწაზე განსხვავებული საგანმანათლებლო ტრადიცია არსებობს, ზოგადი განათლების კანონი 16 მიწას/შტატს განსხვავებული აქვს. პროფესიული განათლების რეგულირება უფრო კომპლექსურად ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული განათლების დუალური სისტემა ორ მთავარ მოქმედ მხარეს მოიაზრებს – პროფესიული სასწავლებლები და ბიზნესი/საწარმოები, რეგულირებაც განსხვავებულ დონეებზე ხდება. პროფესიული სასწავლებლების საკანონმდებლო რეგულაციებს თავად მიწა/შტატი შეიმუშავებს, ხოლო ბიზნესის მხარეს რეგულაცია (კომპანიებში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) ფედერალურ დონეზე ხდება. ამით სტუდენტებს შრომით ბაზარზე მობილობის საშუალება ეძლევათ, მათი მიღებული ცოდნა რელევანტურია მთელი ფედერალური სახელმწიფოს მასშტაბით. ამგვარი მიდგომა განპირობებულია შემდეგი ფაქტორით: პროფესიული განათლება მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, შესაბამისად, პროფესიული განათლების კანონმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და თავად სტუდენტს, რათა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა. პროფესიული განათლების ამგვარი კანონი ხელს უწყობს და მოტივაციას აძლევს სტუდენტებს ან პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, ისწავლონ ისეთი საქმე/პროფესია, რომლითაც ისინი კონკურენტუნარიანი იქნებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ. პროფესიული განათლების გერმანული დიპლომი გზას უხსნის მფლობელს ევროპისა და მსოფლიო შრომის ბაზარზე.

პროფესიული სკოლის დირექტორის სავალდებულო აკადემიური კვალიფიკაცია

პროფესიული დაწესებულების დირექტორებისათვის გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ერთი დამატებითი საფეხურის გავლა გახდა სავალდებულო – ეს არის მოსამზადებელი კურსი სკოლის მენეჯმენტში. (საქართველოში მსგავსი პროგრამა ისწავლება უნივერსტეტებში, მას განათლების ადმინისტრირების პროგრამა ეწოდება).  თუ მანამდე პროფესიული სკოლის დირექტორები ხდებოდნენ მასწავლებლები, რომელთაც გავლილი ჰქონდათ ყველა შესაბამისი კარიერული საფეხური, დღესდღეობით ამას დაემატა განათლების მართვის სავალდებულო სამაგისტრო კურსი. სამაგისტრო კურსის გავლა ორგვარადაა შესაძლებელი: 1. მსურველმა გაიაროს ინტენსიური საუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამა, ან 2. პროფესიასთან  შეთავსებულად დაფაროს კურსი, რომელიც დროში უფრო ხანგრძლივია, თუმცა სწავლის შედეგი იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში. საუნივერსიტეტო პროგრამა სკოლის მენეჯმენტში შედგენილია მოდულების მიხედვით და მსურველს შეუძლია გაიაროს გახანგრძლივებული დროის განმავლობაში, მაგალითად 1 სემესტრში მხოლოდ 2 მოდული.

განათლების მენეჯმენტის კურსი ზოგადი და პროფესიული განათლებისთვის საერთოა, თუმცა მას აქვს დაშვების წინაპირობები. პირველი პირობა ასეთია: განათლების მენეჯმენტის კურსზე სწავლობენ ადამიანები, რომლებსაც სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში შესაბამისი გამოცდილება უკვე აქვთ. მეორე შემთხვევაში,  შესაძლებელია,  მსურველმა გაიაროს ჯერ განათლების მენეჯმენტი, მაგრამ პირდაპირ მაინც ვერ გახდება სასწავლებლის ხელმძღვანელი, სანამ მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 5-წლიან გამოცდილებას არ დააგროვებს. განათლების მენეჯმენტის ზოგადი კურსი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუკი პირს ან უკვე აქვს მასწავლებლობის გამოცდილება, ან სანამ დირექტორობას გადაწყვეტს მანამდე დააგროვებს მასწავლებლობის  5-წლიან გამოცდილებას. განათლების მენეჯმენტის კურსი სრულდება სამაგისტრო ნაშრომითა და წერილობითი და ზეპირი გამოცდით. კურსის გავლის შემდეგ პირს ეძლევა განათლების მართვის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

სკოლის მენეჯმენტის კურსი იმგვარადაა შედგენილი, რომ შესაძლებელია მისი ცალკეული მოდულების გავლა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა და ადმინისტრაციის წევრებისათვის. მაგალითად, თუ პირი სასწავლებელში ბუღალტრად მუშაობს, მას გავლილი უნდა ჰქონდეს სკოლის მენეჯმენტის შესაბამისი მოდული სკოლის ფინანსურ მართვაში, თუ პირი სასწავლო პროცესის ხელმძღვანელია, მაშინ უნდა გაიაროს მოდული სასწავლო პროცესის მართვაში, რომელიც სკოლის მენეჯმენტის კურსის შემადგენელი მოდულია.

გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი სკოლის დირექტორი ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პოსტიდან წასვლის შემთხვევაში მოიაზრებს  დირექტორობის კანდიდატებს.

პროფესიული სკოლის დირექტორი და სასწავლო პროცესი

გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ ნიშანდობლივ წესს წარმოადგენს მასწავლებლის ფუნქციის შენარჩუნება დირექტორად არჩევის შემდეგ. კოლეჯის დირექტორი ვალდებულია რომ ასწავლოს, თუნდაც 1 საგანი, კვირაში 2-4 საათი. დირექტორს საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს, ბევრი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია,  მაგრამ საგნის სწავლება მისი ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობათაგანია. შეკითხვაზე თუ რატომ? თავად პროფესიული სასწავლებლის დირექტორი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორს ჰქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან, სასწავლო პროცესთან და მასწავლებლობის პრაქტიკასთან. „ჩვენ უნდა ვმართოთ სასწავლო პროცესი, ჩვენ უნდა ვმართოთ სკოლა“ – ამბობს დირექტორი ინტერვიუში – „იმისათვის, რომ სწორად მართო სასწავლო პროცესი, შენ უნდა იცოდე, რა უჭირთ დღევანდელ ახალგაზრდებს, რა უადვილდებათ და როგორი მიდგომებია მათთან საჭირო“. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ნიშანდობლივად შეცვალა მოსწავლეებისა და სტუდენტების ურთიერთობის სტილი. ტრადიციული პედაგოგიური მიდგომებით სასწავლო პროცესის წარმართვა მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს განსაკუთრებულ შედეგს ვეღარ მოუტანს. მოსწავლეებსა და სტუდენტებს დღეისათვის ესაჭიროებათ გაცილებით მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, ვიზუალური მაგალითები, განსხვავებული მეთოდები, ვიდრე ეს იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ. სტუდენტების საჭიროებებზე საპასუხოდ დირექტორს მათთან უშუალო ურთიერთობა ეხმარება.

პროფესიული სკოლის დირექტორის არჩევნები და შერჩევის ეტაპები

პროფესიული სკოლის დირექტორის არჩევნები ძალიან კომპლექსური და წინასწარ დროში გაწერილი პროცესია. როგორც წესი, დაახლოებით 1 წლით ადრე ცხადდება ვაკანსია დირექტორის თანამდებობაზე და საჯაროდ ქვეყნდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები – თუ ვის აქვს დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება და შესაძლებლობა.

  • პირველი ეტაპი გულისხმობს პორტფოლიოების გადარჩევას, მოწმდება კანდიდატების განათლება და პროფესიული გამოცდილება.
  • მეორე ეტაპზე დირექტორობის კანდიდატი ატარებს გაკვეთილს და ხდება მისი შეფასება. ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ კანდიდატმა უნდა მოახერხოს გაკვეთილზე შერჩეული მეთოდებისა და მიდგომების დაცვა. მას მოუწევს გაკვეთილის გარჩევა საარჩევნო კომისიის წინაშე, რომლის შემადგენლობაში არიან მასწავლებლები, მოქმედი დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეული იყოს ნეიტრალური დამკვირვებელიც.
  • წარმატებით ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, დირექტორობის მსურველმა უნდა გააკეთოს მასწავლებლის მრჩევლის იმიტაცია, რითაც მოწმდება მისი უნარი მასწავლებელთა კონსულტირებაში.
  • მომდევნო ეტაპზე ხდება საკანონმდებლო ცოდნის დემონსტრირება, დირექტორობის მსურველმა უნდა გამოავლინოს ცოდნა კანონმდებლობაში – კანონი სკოლის შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ.
  • შემდეგ დგება გასაუბრების ეტაპი, რომლის შესაძლო თემება შეიძლება იყოს კონფლიქტების მართვა სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და სხვა.
  • გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ირჩევა ორი ან სამი კანდიდატი და მოხდება მათ მიერ განვლილი ეტაპების შეფასება და შეჯამება. ყველაზე მაღალი ქულების მქონე მონაწილე წარდგენილი იქნება დირექტორობის კანდიდატად. დირექტორს ირჩევს სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო თანამდებობაზე ნიშნავს ადგილობრივი ხელისუფლება.
  • შერჩეული კანდიდატი არსებულ დირექტორთან ერთად მუშაობს (დაახლოებით 6 თვე), რათა სრულად გადაიბაროს სამართავი პროცესები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კანდიდატი სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებს უვადოდ. ყოველ 5 წელიწადში სახელმწიფო აგზავნის სკოლაში შეფასების ჯგუფს, რომლის მთავარი ფუნქციაა სკოლის შეფასება და ანგარიში.  ჯგუფი ამორჩევით აფასებს რამდენიმე გაკვეთილს, გარემოს, ინფრასტრუქტურას, სკოლის ფუნქციონირებას და ამის შემდეგ წერს ანგარიშს. თუ  საჭიროება მოითხოვს , ანგარიშში გაცემულია  რეკომენდაციები სკოლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ შეფასების ჯგუფს აქვს განმავითარებელი  და არა სადამსჯელო ფუქნცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი