ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სკოლის აჩრდილი

ღამდება. მშობლიური სახლის აივანზე შავი კალამი და სუფთა ფურცლები გამოვიტანე – არც ისე დიდი ხნის წინ დავიწყებული მონსტრის გახსენებას ვცდილობ. მონსტრი მემალება. ალბათ წყვდიადის ჩამოწოლას ელოდება. მისნაირები მაშინ იღვიძებენ, როცა ირგვლივ ვეღარაფერს არჩევ, როცა შუაღამის გული იწყებს ფეთქვას. წამოიშლებიან და შორიახლო ხმაურობენ.

სიტყვების გარჩევა ყოველთვის შეიძლება. ამ სიტყვებმა იციან, რა უნდა თქვან.

სკოლა ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზეა. სამსართულიანი შენობა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ინტერიერით. ცხრის ნახევარზე ვიღვიძებ, ან ცხრას რომ ოცი წუთი აკლია, და ყოველთვის მაგვიანდება. ხან თმადაუვარცხნელი მივდივარ, ხან – ნახევრად ჩაცმული, ხან – საერთოდ მძინარე. დერეფნებში მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებია. ბრძნული გამონათქვამები. დასურათებული ანბანი. აი თოხი. აი თხა. თხამ ვენახი შეჭამა.

არ ვიცი, რა არის დღეს იმ ადგილას, სადაც ადრე პიონერთა ოთახი იყო, ყველა სავალდებულო ნივთით და ნიშნით. ალბათ ერთ დღეს გაქრა წითელი დროშები, დაფდაფები და ვეება საყვირი, რამდენიმეგვერდიანი ბროშურები და სქელ-სქელი ტომები, ყელსახვევები, ნაპერწკლიდან ალის ანთების მოლოდინი, პიონერთახელმძღვანელის სკამი და მაგიდა, ოთხფურცლიანი გაზეთი პიონერთახელმძღვანელის ხელში, იდაყვში მოხრილი ხელი, გვერდზე ოდნავ გადაწეული თავი…

ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. სკოლა 1990 წელს დავამთავრე და ბოლო ზარზე მხოლოდ გადაღლას ვგრძნობდი – სიცარიელეს, არაფერს, მთელი თავისი სრულყოფილებით. მოწვეული ფოტოგრაფი სურათებს გვიღებდა, პირველკლასელების მერხებთან ვისხედით და კლასის დამრიგებელს ვუსმენდით. ვუსმენდით მასწავლებლებს, რომლებისაც ხან გვესმოდა, ხან – არა, რომლებიც ხან გვიყვარდა, ხან – არა. ვგრძნობდით, რომ ისევ არასწორ ადგილას მოვხვდით – ფეხებს ვერ ვშლიდით, მოხრილები ვისხედით, ისევ მორჩილად სმენა გვევალებოდა და სხვა არაფერი. ვიღაც-ვიღაცებს გული უჩუყდებოდათ – ცრემლებსაც ვხედავდი. მე მხოლოდ გადაღლას ვგრძნობდი.

სკოლის დამლაგებლებთან – თინასა და ტერეზასთან სურათები გადავიღეთ. არ უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ სჩვეოდათ. უსიტყვოდ დაგვიდგნენ გვერდით.

მომდევნო წლებში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ისევ მოსწავლე ვიყავი. სიზმრის დრო იდგა – ავის მომასწავებელი ბინდბუნდი. სკოლის ეზოში ბავშვებს ველაპარაკებოდი, ვიცინოდი. ცალი თვალით ვიღაცას ვუყურებდი – მისი სახის გამომეტყველება, მოულოდნელად, მეტად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ერთი სიტყვაც აღარ მესმოდა. მერე ქვემოთ ვიხედებოდი და ვხედავდი, რომ ფეხშიშველი ვიდექი გადამხმარ ბალახზე; ან დიდი ხნის წინ დაპატარავებული ტანსაცმელი მეცვა, ან ძველი, უშნოდ დალაქავებული პლედი მქონდა შემოხვეული.

სკოლის კიბე. სამი სართულის კიბეები. ვიწრო საფეხურები და გარდაუვალი შეჯახებები, მოსალოდნელი შედეგებით. ავრბივარ. ჩამოვრბივარ. გრძელი კაბის ბოლოს ვაფრიალებ. ისევ ფეხშიშველი ვდგავარ. ისევ ავის მომასწავებელი ბინდბუნდია.

აი თხა. აი თასი.

გამო, შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს!

უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი, სადაც მოხსენებას ვკითხულობ სრულიად უცნობ თემაზე, უცებ იქცევა საკლასო ოთახად. დაფასთან ვდგავარ და შეკითხვებს ვპასუხობ. შეკითხვები არ მთავრდება. დაღლილი ვიღვიძებ.

ისინი, ვისთანაც ამაზე მისაუბრია, აღიარებენ, რომ მსგავსი სიზმრები არაერთხელ უნახავთ. გამოუცდიათ სამარცხვინო სიშიშვლე, უსასრულო სიცილის შიში, უცაბედი მარცხის სიმწარე. სკოლაში სწავლის წლები მართლაც დაუვიწყარია. სკოლის აჩრდილი სიკვდილის წუთამდე თან გვდევს.

კარგის გახსენებაც შეიძლება, არა? მე მყავდა მასწავლებელი, რომელსაც მშვიდად შეეძლო ეთქვა: „არ ვიცი“ და თანამოსაუბრესთან ერთად დაეწყო ფიქრი, გამოსავლის ძებნა; სხვა მასწავლებელი, რომელმაც რუსული ლიტერატურის კითხვა დამაწყებინა და ტურგენევის რომანები სასკოლო ასაკში წამაკითხა; კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც მარწმუნებდა, რომ, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებისგან განსხვავებით, ისტორიასა და ლიტერატურას მუდმივად ემუქრებოდა თავდაყირა ამობრუნების საფრთხე – ნებისმიერ წუთს შეეძლოთ ეღალატათ, საკუთარი თავი რაღაც სხვად გაესაღებინათ და შრომაში გატარებული წლები წყალში ჩაეყარათ.

ღალატი და თვალთმაქცობა აჩრდილებმაც იციან. მონსტრი ხანდახან ისეთ უწყინარ სახეს იღებს, რომ ვეღარც კი ვცნობ. თითქოს არასდროს დაუშავებია რამე, არც შევუშინებივარ და არც შუახნის ცხოვრებამობეზრებული, შემზარავი მაკიაჟით მოსიარულე, ბავშვების დასჯით უზომოდ ნასიამოვნები, უმიზეზოდ აკივლებული ქალის სახით გამომცხადებია.

მე მას ვიცნობდი. სკოლის დერეფანში მისი გამოჩენა ყოველთვის თავზარს მცემდა.

გარდაცვლილზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.

დაღამდა. ყველა მწერი აივნის ნათურას შემოხვევია. ვცდილობ, უსიამოვნო მოგონებები კუთხეში მივიმწყვდიო და გულისმომკვლელ სიტყვებად ქცევის საშუალება არ მივცე. ხვალ, დღის შუქზე, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება.

ჩემი სახლიდან სკოლამდე ისევ ხუთი წუთის გზაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი