სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ალტერნატიული შეფასების მეთოდები: პორტფოლიო

უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში ვისაუბრეთ შეფასების მიდგომებსა და ზოგად სტრატეგიებზე Don Kauchak-ისა და Paul Eggen-ის წიგნზე „learning and Teaching: Research-Based Methods“ დაყრდნობით. ამჯერად განვავრცობთ შეფასების ალტერნატიულ მეთოდს – პორტფოლიოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტორები პორტფოლიოს განიხილავენ ალტერნატიული შეფასების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად. შეფასების სხვა ფორმებისგან პორტფოლიოს ისინი ორი ნიშნით განასხვავებენ: პირველი – მასში ნამუშევრები გროვდება განსაზღვრული ხნის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა, თვალი მივადევნოთ მოსწავლის პროგრესს; მეორე – პორტფოლიო რთავს მოსწავლეებს მომზადების, შეგროვებისა და შეფასების პროცესში. ამასთან ერთად, ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პორტფოლიოს შედგენისა და მის შეფასებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას. ითქვა ისიც, რომ პორტფოლიოს აქტიურად იყენებენ ქართველი მასწავლებლები. დაწყებითი კლასის ერთ-ერთი მასწავლებელი ინტერვიუში ამბობს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ პორტფოლიოში ასახული სწავლის პროგრესი საკუთარი სიტყვებით, მაგრამ ობიექტურად აღწერა.

            პორტფოლიოს წარმოებასა და მის შეფასებაზე უფრო ფართოდ მსჯელობენ Roger Farr, Roger C. Farr და Bruce Tone წიგნში „Portfolio and Performance Assessment: Helping Students Evaluate Their Progress as Readers and Writers“. ავტორები განიხილავენ, როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს შეკრებილი მასალით პორტფოლიოს კონცეფციის განხორციელება გაკვეთილზე. ისინი პორტფოლიოს მოიაზრებენ ხარისხიანი სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ მოსწავლის მიერ შესრულებული ნამუშევრების შეგროვებას – მეორე და მნიშვნელოვანი ეტაპი მასწავლებელთან კონსულტაციაა. მასწავლებელი მწვრთნელის როლშია, რომელიც დამაზუსტებელი კითხვებით მოსწავლეებს აზრების ფოკუსირებაში ეხმარება: რატომ არ გამოვიდა პროექტი ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო? რა უნდა გავაუმჯობესოთ მომავალში?

ავტორები აღნიშნავენ, რომ პორტფოლიოში მასალებს ამატებენ როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი. ამ მასალების თავმოყრა შეიძლება საქაღალდეში, ყუთში ან, უბრალოდ, თაროზე. პორტფოლიო იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდების შეკვრა ან მისი სათავსი. ის მოსწავლის მუდმივად განვითარებადი აზროვნების შედეგად ნაფიქრი და გამოთქმული მოსაზრებების საცავია. ხანდახან მასწავლებელი მოსწავლეს ამა თუ იმ მასალის დამატებას ურჩევს და უხსნის, რატომ იქნება კარგი პორტფოლიოში მისი შენახვა. აქედან გამომდინარე, პორტფოლიო ხდება მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისა და დისკუსიის ცენტრალური პუნქტი. ავტორთა განმარტებით, პორტფოლიო არის მოსწავლის ნამუშევრების შენახვის პრაქტიკა, რაც საშუალებას აძლევს მასაც და მის მასწავლებელსაც, ამ კოლექციის თვალიერებით დააკვირდნენ მუშაობის პროცესს. შედარებით რთულად კი პორტფოლიოს განმარტება ასე შეიძლება: ეს არის კოლექცია, რომელიც ისეა ორგანიზებული, რომ ასახოს და წარმოადგინოს ინფორმაცია მოსწავლის აზროვნების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მან მასალებზე მუშაობისას გამოიყენა.

პორტფოლიოს შეფასება ეყრდნობა იმის გაცნობიერებას, რომ ეფექტური შეფასება მოსწავლით იწყება. თუ რომელიმე მოსწავლის აკადემიური მოსწრება გასაუმჯობესებელია, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლემ უნდა დაინახოს ამის საჭიროება. მას უნდა შეეძლოს თვითშეფასება და განსჯა იმისა, როგორ განვითარდეს შემდგომში, როგორ განსაზღვროს გასავარჯიშებელი და გასაუმჯობესებელი უნარები და სფეროები, რომლებზეც უნდა მოახდინოს ფოკუსირება – განათლების მიზანი ხომ სწორედ ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაა, რომელსაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მასწავლებლის მითითების გარეშე. პორტფოლიოც, უწინარეს ყოვლისა, ამ მიზნითაა შექმნილი და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის პროგრესი. თუ მასწავლებელი იყენებს პორტფოლიოთი შეფასების მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის როგორც თვითშემფასებლის განვითარებას, ის იქცევა გაკვეთილების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასწავლო კომპონენტად, ვინაიდან მოსწავლეებს ასწავლის იმ გზების ძიებაზე ფიქრს, რომლებითაც თავიანთი კომპეტენციები და უნარები უნდა გააუმჯობესონ.

ობიექტური თვითშეფასება პიროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თვითშეფასების კულტურის ადრეული ასაკიდანვე ჩამოყალიბება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით – საქართველოში, სადაც თავად პედაგოგები გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით, რაც სულაც არ არის მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრების პირდაპირპროპორციული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პედაგოგთა მიერ წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. დაწყებითი კლასების პედაგოგი ინტერვიუირების დროს დეტალურად აღწერს პორტფოლიოს გამოყენების პროცესს და შედეგებს, რასაც მესამეკლასელებთან მიაღწია. ის აღნიშნავს, რომ მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პორტფოლიოს წარმოებას. მასწავლებელმა მათ ნება დართო, თავად შეექმნათ და გაეფორმებინათ საქაღალდე. მოსწავლეებმა აირჩიეს კლასში ადგილი, სადაც თავიანთ პორტფოლიოებს განათავსებდნენ, ცდილობდნენ, წარმატებით შეესრულებინათ დავალებები, რათა შემდგომ ისინი საქაღალდეში მოეთავსებინათ. მასწავლებელი მათ აძლევდა პერიოდულ უკუკავშირს. დასასრულ, მათთვის გასაგები კრიტერიუმების გამოყენებით სთხოვა, შეეფასებინათ საკუთარი პორტფოლიო და დაეწერათ, რა ისწავლეს. „შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მესამეკლასელებს ასე ობიექტურად შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება“, – აღნიშნავს ის.

პორტფოლიო უნდა შეიცავდეს ყოველგვარ ნაწერს და მასალას, რომელიც უკავშირდება მოსწავლის მიერ წაკითხულ ან წასაკითხ ტექსტებს. პორტფოლიოში შესული მასალების ბალანსი დამოკიდებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებზე, აზროვნების ჩვევებზე, აზრების წყაროებზე და ა. შ. პორტფოლიოს მოხმარების „თავისუფალი“ შინაარსი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოსწავლე თავს გრძნობდეს თავისი კრებულის ჭეშმარიტ მფლობელად. პორტფოლიოში შეიძლება თავმოყრილი იყოს პირველადი და დაუსრულებელი სამუშაო ვერსიებიც და დასრულებული ნამუშევრებიც, ორიგინალური მოთხრობები, წასაკითხი ნაწარმოებების კატალოგები, მოსაზრებათა ჩამონათვალი, მოსწავლის ნახატები, ძველი გამოცემებიდან ამონაჭრები და სხვა მასალა. გარდა ამისა, მასში შეიძლება შევიდეს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ორგანიზაციული, შეფასებითი და ანალიტიკური ჩანაწერები და რჩევებიც, რაც ხელს შეუწყობს და მიმართულებას მისცემს პორტფოლიოს ცალკეული მასალებისა თუ დოკუმენტების ჯგუფების ანალიზს. ზოგი მათგანი ინფორმაციას აწვდის როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელსაც. ეს ქაღალდები მოიცავს კონსპექტებს, სარჩევებს, რეზიუმეებსა და შესაფასებელ ინსტრუმენტებს, მოსწავლის, მისი თანაკლასელებისა და მასწავლებლის შენიშვნებს, პორტფოლიოს შინაარსს.

რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, მოსწავლის პროტფოლიო გადაიტვირთოს ბევრი ფურცლითა და დავალებით, რაც სრულიადაც არ არის სასურველი. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა არ უნდა დაუწესოს მოსწავლეს ისეთი ლიმიტი, რომელიც მის თავისუფალ არჩევანს შეზღუდავს. გარდა ამისა, მან თვალყური უნდა ადევნოს იმ მოსწავლეებს, რომლებიც პორტფოლიოს შიგთავსის ანალიზის დროს გამუდმებით ეწევიან მასალების გადარჩევას. მაგალითად, გადათეთრებული ნამუშევრების სამუშაო ვერსიები პორტფოლიოში უნდა დარჩეს საბოლოო ვარიანტებთან ერთად, ისევე როგორც ნებისმიერი მასალა, რომელიც საფუძვლად დაედო რაიმე ნაწერს. მოსწავლემ – განსაკუთრებით ისეთმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს პორტფოლიოს მოწესრიგებას – შესაძლოა მიიჩნიოს, რომ აღარ სჭირდება გამოყენებული მასალა და შეცდომების შემცველი სამუშაო ვარიანტების გადაყრა მოიწადინოს, რაც დაუშვებელია, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი საბუთები, რომლებიც წარმოაჩენს პროცესს, რომლის ანალიზიც უნდა შეძლოს მოსწავლემ.

„თავდაპირველად შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ერიდებოდნენ პორტფოლიოში ნაკლებად წარმატებული დავალებების განთავსებას. მათ ეგონათ, რომ თუ ასეთ ნამუშევრებს საქაღალდეში შეიტანდნენ, ეს მათ საბოლოო შეფასებაზე აისახებოდა, ჩემი მიზანი კი მხოლოდ ის იყო, მათთვის თვითშეფასების კულტურის ჩანასახი გამეღვივებინა“, – აღნიშნავს პედაგოგი.

ჩემთვის როგორც ავტორისთვის სასიამოვნო სიახლედ იქცა ის ფაქტი, რომ საქართველოს რიგითი სკოლის მოტივირებული მასწავლებლის მიერ გამოყენებული მეთოდისა და მიდგომის ვრცელი ინტერპრეტაცია ვიპოვე თანამედროვე სახელმძღვანელოში, რომელზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. პორტფოლიოსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალებზე სტატიის მომდევნო ნაწილებშიც ვისაუბრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“