კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

მასწ? შეიძლება, გაკვეთილი მერე ჩაგაბაროთ? – საჯარო გამოსვლის შიში

0
Speaker Giving a Talk at Business Meeting. Audience in the conference hall. Business and Entrepreneurship. Copy space on white board.

გლოსოფობია, საჯარო გამოსვლის შიში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც. კვლევების თანახმად, ადამიანების დაახლოებით 75% დისკომფორტს განიცდის საჯარო გამოსვლისას. მოსწავლეებისთვის ეს შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან სასკოლო გარემო ხშირად მოითხოვს კლასის წინაშე პრეზენტაციის ჩატარებას, მოხსენების წაკითხვას თუ დისკუსიაში მონაწილეობას.

ალბათ, თქვენც გქონიათ შემთხვევა, როცა მოსწავლეს, შიშის, უხერხულობისა თუ თავდაჯერების ნაკლებობის გამო, უარი უთქვამს კლასის წინაშე გამოსვლაზე და უთხოვია, თავისი ნაწერი, ნაფიქრი, საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები თუ სხვა გაკვეთილის შემდეგ პირადად გაგიზიაროთ. გამოგონილ მიზეზსაც დაასახელებენ: „მასწ, არ დააინტერესებთ ამათ“, „არ მინდა კლასის წინაშე ამაზე საუბარი“, „ცუდად ვარ“ ან რამე ამგვარს. ამ მიზეზებზე ქვემოთ უფრო ვრცლად შევჩერდებით.

სინამდვილეში რატომ ეშინიათ მოსწავლეებს საჯარო გამოსვლის?

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, როგორ დავძლიოთ პრობლემა, მნიშვნელოვანია, მისი მიზეზი გავარკვიოთ. ეს შეიძლება იყოს:

  • შეფასების შიში – გამოსვლამ არ გამოიწვიოს თანაკლასელებისა და მასწავლებლების კრიტიკა ან უარყოფითი შეფასება.
  • წარუმატებლობის შიში – რამე რომ დამავიწყდეს? რამე რომ შემეშალოს?
  • ყურადღების ცენტრში ყოფნის დისკომფორტი – რა საშინელებაა, ყველა მე მიყურებს.
  • გამოცდილების ნაკლებობა – სახლში ყველაფერი კარგად გამომდის, კლასის წინაშე, „დაფასთან“, ვერაფერს ვახერხებ, არ არის ეს ჩემი საქმე.
  • პერფექციონიზმი – რა სამარცხვინო იქნება, თუ ყველაფერი კარგად არ გამომივიდა (ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი თავისთავად ზრდის სტრესს).

კიდევ რა მიზეზებს იგონებენ გამოსვლისთვის თავიასარიდებლად? ასეთი რამ თქვენც უამრავჯერ გექნებათ მოსმენილი:

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები:
    • „მასწ, დღეს თავი მტკივა, ცუდად ვარ“.
    • „ყელი მტკივა და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ“.
    • „გუშინ ავად ვიყავი და ვერ მოვემზადე“.
  • ტექნიკური პრობლემები:
    • „კომპიუტერი გაფუჭდა და პრეზენტაცია დაიკარგა“.
    • „დავალება სახლში დამრჩა“.
  • მოულოდნელი გარემოებები:
    • „დედაჩემმა/მამაჩემმა წაშალა შემთხვევით“.
    • „ჩემმა უმცროსმა დამ/ძმამ გამიფუჭა “.
    • „ვეღარ მოვასწარი დასრულება“.
  • შთაბეჭდილების შექმნა:
    • „ხვალ უკეთესად ჩაგაბარებთ, დღეს არ მკითხოთ“.
    • „ჯერ არ ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით“.
  • ოჯახური სიტუაციები:
    • „გუშინ სტუმრები გვყავდა“.
    • „სახლში პრობლემები გვქონდა“.
    • „ღამით ბებოსთან დავრჩი “.
  • პირდაპირი თხოვნ:
    • „შეიძლება, მარტო თქვენ მოგიყვეთ გაკვეთილის შემდეგ?“
    • „შეიძლება, მხოლოდ თქვენ გაჩვენოთ?“
    • „შეიძლება, დავწერო და არ გამოვიდე?“

კიდევ უამრავი მიზეზის გახსენება შეიძლება – ბავშვების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს…

თავდაჯერების ნაკლებობა ხშირად ქცევით ვლინდება და არა აღიარებით:  შეიძლება, მოზარდმა საკუთარი ნაშრომი დააკნინოს („კარგი არ გამომივიდა“; „ამაში ახალი და საინტერესო არაფერია“; ბოდიში, მასწ, ისეთი არ არის, როგორსაც ალბათ ელოდით“). შეიძლება, თვალით არ გვეკონტაქტოს, სწრაფად ან ჩურჩულით ილაპარაკოს, ითხოვოს, ჯერ სხვა გამოიძახონ ან მასწავლებელს სთხოვოს მაგალითის ჩვენება.

შეიძლება, პირდაპირ გამოხატოს საწინააღმდეგო დამოკიდებულება („რა აზრი აქვს საერთოდ ამ პრეზენტაციებს?“ „ვერ ვხვდები, ეს რატომ უნდა გავაკეთო“, „ეს საგანი მაინც არ მაინტერესებს“) ან სულაც აგრესიული ან უინტერესო პოზა მიიღოს პრეზენტაციის დროს.

ზოგჯერ ბავშვი ძალიან კარგად არის მომზადებული, მაგრამ თავდაჯერება მაინც აკლია („ყველაფერი ზეპირად ვიცი, მაგრამ ვაითუ დამავიწყდეს“; „ჩემი პრეზენტაცია ძალიან გრძელია, ალბათ ვერ ჩავეტევი დროში“.) პრობლემას ხშირად ისიც ქმნის, რომ მოსწავლეს პრეზენტაციის ტექსტი სიტყვასიტყვით აქვს დაზეპირებული და ერთხელ მაინც თუ შეფერხდა, საშინლად განიცდის და იბნევა, ზოგჯერ კი, პირიქით, ზედმეტად არის დამოკიდებული ფურცელზე.

ხშირად მოსწავლეები ყურადღების გადატანასაც ცდილობენ:

  • „შეიძლება, ჯგუფურად წარვადგინოთ?“ (პასუხისმგებლობის განაწილება)
  • „შეიძლება, ვიდეო გავაკეთო პრეზენტაციის ნაცვლად?“ (პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილება)
  • „შეიძლება, პრეზენტაციის დროს მუსიკა ჩავრთო?“ (ყურადღების აუდიოეფექტებზე გადატანა)
  • პრეზენტაცია ზედმეტად გადატვირთულია საილუსტრაციო მასალით (ყურადღების ვიზუალურ მხარეზე გადატანა).

მოკლედ, მიზეზი და არგუმენტი ყოველთვის მოიძებნება.

პრობლემის დაძლევაზე პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მასწავლებლებზე. ჩვენ დროულად უნდა ამოვიცნოთ ფარული ნიშნები, გავაცნობიეროთ, რომ ეს ხშირად თავდაჯერების ნაკლებობის გამოხატულებაა და არა უბრალოდ სიზარმაცე ან უპასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მოსწავლეს.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში?

პირველესად ალბათ იმით, რომ კლასში დადებითი, მხარდამჭერი ატმოსფერო შევქმნათ, მივაჩვიოთ მოსწავლეები, რომ მოუსმინონ ერთმანეთს და პატივი სცენ ერთმანეთის აზრს. ისიც ვასწავლოთ, რომ შეცდომა წარმატების წინაპირობაა, სწავლის პროცესის ნაწილია და არა მარცხი. ასევე მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად მივაჩვიოთ მოსწავლეები დიდ აუდიტორიას, მცირეთი დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ მსმენელთა რაოდენობა.

მოვამზადოთ მოსწავლეები წარმატებისთვის: მივცეთ ადეკვატური დრო დავალების შესასრულებლად (კარგად მომზადებული გამოსვლა ნაკლებ შფოთვას იწვევს), ვასწავლოთ ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები (როგორ მოამზადონ სტრუქტურა, როგორ მოიძიონ და დაალაგონ ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ ვიზუალური დამხმარე საშუალებები – სლაიდები, პოსტერები და სხვა თვალსაჩინოებები, რომლებიც მათ საკუთარი თავიდან ყურადღების გადატანაში დაეხმარება).

ხშირად გამოვიყენოთ მსგავსი აქტივობები, ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფებში, შევთავაზოთ როლური თამაშები, დებატები, იმპროვიზაციული სავარჯიშოები, ვთხოვოთ, ჩაიწერონ საკუთარი გამოსვლა და თავად შეაფასონ და დაინახონ პროგრესი, ხშირად ვთხოვოთ მოკლე ტექსტით გამოსვლა, რათა ამ ყველაფერს რეგულარული ხასიათი მიეცეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მივცეთ კონსტრუქციული უკუკავშირი კონკრეტული მაგალითებით.

აუცილებლად გავუზიაროთ სხვათა წარმატების ისტორიები: მოვუყვეთ ამბებს მათზე, ვინც დაძლია საჯარო გამოსვლის შიში და წარმატებას მიაღწია. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი ადამიანები (მსახიობები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები), ისე თქვენი ყოფილი მოსწავლეებიც.

როდის არის საჭირო პროფესიონალური დახმარება?

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება სპეციალისტის დახმარებაც დაგვჭირდეს, მაგრამ უმეტესად მასწავლებლის კომპეტენცია შესაძლებელს ხდის ამ გამოწვევის დაძლევას.

ერთ ცნობილ ფილმში სენატორი პატარა ბიჭს ასეთ ხერხს ასწავლის: ხელში დაიჭიროს რაიმე ნივთი, მაგალითად, კალამი ან სარჭი, და მთელი დაძაბულობა ამ ნივთზე გადაიტანოს, თვითონ კი თავისუფლად ისაუბროს. ფილმში ეს ხერხი ამართლებს და ბოლოს ბიჭი სამაგალითო სიტყვასაც იტყვის. ეს ხერხი თავადაც მომისინჯავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, შედეგიც მიმიღია.

ეს კინოა, თუმცა ცხოვრებიდანაც უამრავი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როდესაც ადამიანებმა საკუთარ თავზე მუშაობით თუ სხვების: მასწავლებლების, მენტორების, ოჯახის წევრების, – დახმარებით დაძლიეს ეს პრობლემა. განსაკუთრებით ცნობილ მაგალითებს შეგახსენებთ: უინსტონ ჩერჩილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენა ებმოდა და თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ბევრი იმუშავა, ხშირად იწერდა თავის გამოსვლებს, სარკის წინ ვარჯიშობდა ბევრს და შედეგმაც არ დააყოვნა – ჩერჩილი გახდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ორატორი. ემა უოტსონი – მსახიობი და აქტივისტი; ჯულია რობერტსი – მსახიობი, ადელი – მომღერალი, დემოსთენე – ძველი ბერძენი ორატორი, რომელმაც ისე მოინდომა და იმდენი იშრომა, საკუთარი გამოსვლებით თვით ფილიპე მაკედონელის დამარცხება შეძლო… კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ეს მაგალითები შეიძლება შთაგონების წყაროდაც ექცეთ ჩვენს მოსწავლეებს.

 

საჯარო გამოსვლის უნარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდებათ. ჩვენი ვალია, მათ ამ შიშის დაძლევაში დავეხმაროთ, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებითა და მხარდაჭერით ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებული საჯარო გამომსვლელები. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება პრაქტიკითა და გამოცდილებით და სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა მოსწავლეს შეუძლია ამ უნარის განვითარება.

საჯარო გამოსვლის შიში არ არის თანდაყოლილი – ის შეძენილია. შესაბამისად, შესაძლებელია მისი დაძლევაც.

ალბათ, ყველას გვახსოვს პირველი შიშის დაძლევის საკუთარი ისტორია. შეგრძნება, როცა პირველად დავსხედით ველოსიპედზე ან დამოუკიდებლად გავცურეთ, ანანან… ალბათ, ცოტა შეგვეშინდა კიდეც, მაგრამ თანდათან ვისწავლეთ და ბოლოს ეს ჩვენს საყვარელ გასართობად იქცა! საჯარო გამოსვლასთან მიმართებითაც ზუსტად ასეა – ეს არის უნარი, რომელიც ყველას შეუძლია შეიძინოს.

ჩვენი მოსწავლეები სავსე არიან პოტენციალით და უნიკალური იდეებით. მათი ხმა მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, მრავალ მათგანს აქვს საინტერესო აზრები და შეხედულებები, რომლებიც სამყაროს უნდა გაუზიარონ. როცა მათ საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში ვეხმარებით, ამით უვითარებთ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარს, არამედ საკუთარი თავის რწმენასაც, რომ მათი აზრები ღირებულია, მათი ხმა მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, ეს პროცესი მოითხოვდეს მოთმინებას – როგორც მოსწავლისგან, ისე ჩვენგანაც. იქნება წარმატებებიც და დაბრკოლებებიც, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.

ერთი რამ კი ალბათ ყველას უნდა გვახსოვდეს: ოდესღაც ჩვენც ვიყავით იმ მოსწავლის ადგილას – ვღელავდით და ვიძაბებოდით პირველი გამოსვლის წინ. ცოტა ემპათია, გულწრფელი მხარდაჭერა და სწორი სტრატეგიები ბევრ რამეს ცვლის. არ არსებობს „დაბადებით ორატორი“ – არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, ივარჯიშეს და დაძლიეს შიში.

როდესაც მოსწავლე პირველად გამოდის კლასის წინაშე და თავდაჯერებულად, წარმატებით ატარებს პრეზენტაციას – ეს ის მომენტი, რომელიც გვახსენებს, რისთვის ღირს ამ ყველაფრის კეთება: უნარები, რომლებსაც ისინი დღეს ივითარებენ, ჩვენს მოსწავლეებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

წიგნებისა და ბალიშების შესახებ

0

რამდენიმე დღის წინ სკოლაში ჩემი ხელით შეკერილი და წიგნების მიხედვით მოხატული 25 ბალიში მივიტანე. ამ დღისთვის 7 თვე ვემზადებოდი. ბალიშები 24 მერვეკლასელისა და მათი დამრიგებლისთვის შევკერე. ჩანაფიქრს საიდუმლოდ ვინახავდი. ამ სტატიაში გიამბობთ იდეის დაბადების, დასახული მიზნისა და პროცესის შესახებ.

მეოთხე შვილის დაბადების გამო ერთი წელი დეკრეტულ შვებულებაში გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვფიქრობდი ჩემს მოსწავლეებზე, სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლებში რთულია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობა, დრო კი ელვის უსწრაფესად მიქრის, ბავშვები იზრდებიან და მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მასწავლებლებს მყისიერი ქმედებისკენ გვიბიძგებს. ამ ფიქრების კვალდაკვალ იდეა დამებადა, თითოეული მოსწავლისთვის შემეკერა ბალიში და წიგნების მიხედვით მომეხატა. უთვალავჯერ წარმოვიდგინე, როგორ გავახარებდი ბავშვებს, პირველი ბალიშის შეკერვისას კი გადავწყვიტე, წაკითხული წიგნების შესახებ ვიდეო ჩამეწერა და ჩემს Youtube-არხზე ამეტვირთა – ამგვარად შემექმნა საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც კოლეგებს, მშობლებს, ბავშვებს წიგნის წაკითხვის სურვილს აღუძრავდა.

ასე რომ, გადაიკვეთა რამდენიმე მიზანი: 1. თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო, რომ მასზე ვფიქრობ, ვზრუნავ; 2. საგანმანათლებლო, საჭირო და საინტერესო რესურსის შექმნა; 3. წიგნიერების პოპულარიზაცია, რადგან ბალიშს, რომელსაც მოსწავლისთვის შერჩეული წიგნის მიხედვით ვხატავ, საჩუქრად გადავცემ მოსწავლეს და მასთან ერთად შინ ვატან წიგნს, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა წაიკითხოს, მერე კი ლიტერატურულ კაფეში წარადგინოს; 4. შვილებისა და მოსწავლეებისთვის იმის მაგალითის მიცემა, თუ როგორ შეიძლება თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება, შემოქმედებითი უნარების გამოყენებით ყოველდღიურობის გახალისება, წიგნის კითხვის გადატანა სხვა სივრცეში; 5. ჩემთვის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ერთგვარი თვითთერაპიაა, ავი ფიქრების განსადევნი საშუალება.

 

ბალიშები

კერვისას გამახსენდა, რომ ჩემი მასწავლებლობის 11 წლის განმავლობაში ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის მქონდა შეკერილი ბალიშები. ყველაფერი კი 10 წლის წინ დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში პოეტისა და საბავშვო მწერლის ლელა ცუცქირიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ვნახე. ლელას თავისი ხელით შეკერილი ბალიში მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით მოეხატა. ამ ამბავმა შთაგონებით ამავსო. დავიწყე ბავშვებისთვის ბალიშების კერვა და წიგნების მიხედვით მოხატვა.

ბამბის ფერად ნაჭრებსა და სინტეპონს ლილოში ვყიდულობ, ნაჭრის წყალგამძლე საღებავებსა და ფლომასტერებს კი – საკანცელარიო მაღაზიებში.

თავდაპირველად ვჭრი ბალიშის პირებს, ვაუთოებ, ვკერავ, მერე ზედ საგანგებოდ შერჩეულ ილუსტრაციას ვახატავ, ვაწერ წიგნის სათაურს, ავტორის სახელსა და გვარს, ციტატას წიგნიდან, ვავსებ სინტეპონით და ბოლო გვირისტს ვავლებ.

 

საკითხავი ლიტერატურის შერჩევა

ამჟამად ოთხ კლასს ვასწავლი: მეექვსე, მეათე და მერვე კლასებს, სულ – 107 მოსწავლეს. თავდაპირველად მერვეკლასელებისთვის დავიწყე წიგნების კითხვა. საკითხავი ლიტერატურა მათ ასაკობრივ ინტერესებზე, გაწაფული კითხვისთვის მზაობასა და ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიე.

ძალიან საინტერესო იყო ლიტერატურის შერჩევის პროცესი. წიგნები ჩემი სახლის ბიბლიოთეკიდან მოვაგროვე. ოცდახუთიდან მხოლოდ სამი არ მქონდა წაკითხული, დანარჩენი კი ხელახლა გულდასმით გადავიკითხე. საკითხავი ლიტერატურა მოიცავდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და კლასიკოს, ქართველ და უცხოელ ავტორებს, ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნს და ერთ საინფორმაციო ხასიათის ტექსტს.

 

წიგნების სათაურები და ავტორები

  1. „მომო“, მიხაელ ენდე
  2. „ჩემი მეგობარი ლარსი“, იბენ აკერლი
  3. „ჩუმად უნდა იჯდე“, თამარ გეგეშიძე
  4. „კუდამელა ბოგის თავგადსავალი“, მარიამ ჯამდელიანი
  5. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერა
  6. „მე, ქეთო და კოტე“, თეა ლომაძე
  7. „ნოემბრის მიწურულს“, ტუვე იანსონი
  8. „ჩემი გზა“, ემინემი
  9. „განძის კუნძული“, რობერტ ლუის სტივენსონი
  10. „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, ჯორდი სიერა ფაბრა
  11. „შეუჩერებლები“, იუვალ ნოა ჰარარი
  12. „სიყვარულით, ელლი“, კატო ჯავახიშვილი
  13. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, არნე სვინგენი
  14. „უფლისწული და მათხოვარი“, მარკ ტვენი
  15. „ჰობიტი“, ჯ. რ. რ. ტოლკინი
  16. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, დაიანა უინ ჯონსი
  17. „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, ნატო დავითაშვილი
  18. „გონების მიღმა“, შერონ დრეიპერი
  19. „ჩვენი საოცარი რეკორდი“, ჯენი პირსონი
  20. „ხიდი ტერაბითიაში“, ქეთრინ პატერსონი
  21. „ჯადოქრის ქუდი“, ტუვე იანსონი
  22. „ყაჩაღის ასული რონია“, ასტრიდ ლინდგრენი
  23. „ამბავი ლილე იროელისა“, ნატო დავითაშვილი
  24. „უჩინარი სახლი“, თეა თოფურია
  25. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, დიანა ანფიმიადი

 

ვიდეოჩანაწერები

Youtube-არხისთვის თითოეულ წიგნზე ვიდეოს ჩაწერა საინტერესო და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. პირველი ვიდეო 17 ოქტომბერს ავტვირთე და მსმენელს გერმანელი მწერლის მიხაელ ენდეს რომანი „მომო“ (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა) გავაცანი. გადავწყვიტე, 110 წიგნის შესახებ ჩამეწერა ვიდეო – 107 მოსწავლისა და სამი დამრიგებლისთვის. ამჟამად 26 წიგნის შესახებ გადაღებული ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული.

თითოეული ვიდეოს გადაღებისას საგულდაგულოდ ვემზადები. პროცესი ასეთია: წიგნის წაკითხვა, დღიურში საუბრის თემის შესახებ მოკლე ჩანაწერების გაკეთება, დროის გამოძებნა და ვიდეოს ჩაწერა.

ატვირთული ვიდეოჩანაწერების შესახებ თითოეული მსმენელის გამოხმაურება ძალიან მახარებს. ამასობაში უკუკავშირი მივიღე ნაცნობი და უცნობი კოლეგებისგან, მშობლებისგან, მოსწავლეებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდეოჩანაწერების ადრესატები ზრდასრული ადამიანები აღმოჩნდნენ, მათთვის ვსაუბრობ, მათ მივმართავ. ჩემი აზრით, საბავშვო ლიტერატურა მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მთავარი სამარჯვია და აღზრდის რთულ გზაზე უზარმაზარ დახმარებას გვიწევს, ამიტომ რაც უფრო მეტი მასწავლებელი წაიკითხავს საბავშვო ლიტერატურას, მით უფრო დადებითად აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესზე.

 

ბალიშები სკოლაში

და აი, შვიდი თვის შემდეგ, როგორც იქნა დადგა ბალიშების სკოლაში მიტანისა და ბავშვებისთვის საიდუმლოს გამხელის საოცნებო დღე. არცერთმა მერვეკლასელმა არ იცოდა ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. თავდაპირველად მინდოდა, ოთხივე კლასისთვის ერთდროულად მიმეტანა სკოლაში ბალიშები და ყველა ერთად გამეხარებინა, მაგრამ ზაფხულის არდადეგები კარს მოგვადგა, შინ კი ამდენ ბალიშს ვეღარ ვატევდი. წინასწარ სათითაოდ გავრეცხე და მეცხრე სართულის აივნის თოკებზე გამოვფინე მრავალფეროვანი ლიტერატურული გალერეა. ცაში მერცხლები დაფრინავდნენ, ქარი კი მოხატულ ბალიშებს აფრიალებდა.

ყუთში ერთ ბალიშთან ერთად მოვათავსე 25 წიგნი, საკლასო ოთახში შევიტანე და მოსწავლეებს ვთხოვე ვარაუდების გამოთქმა ყუთში დამალული 2 ნივთის შესახებ.

რა აღარ თქვეს: ჩირაღდანი, საშინაო დავალებების ძველი რვეულები, „ვეფხისტყაოსანი“, საკერავი მანქანა, ნაჭრები, „ბაში-აჩუკთან“ დაკავშირებული ნივთები…

დაფაზე დავწერე სიტყვა „სიხარული“ და ვთხოვე, თითოეულს ეთქვა ერთი რამ, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ახსენდებოდათ.

შემდეგ სიხარულის მნიშვნელობა განმარტეს.

საიდუმლოს გამხელის დრო რომ დადგა, კარზე კაკუნი გაისმა. გაღებულ კართან ვეებერთელა ატმისფერი ტომრები იდო. ასე შეიტყვეს ბავშვებმა სიურპრიზის შესახებ.

ბავშვებს სათითაოდ გადავეცი მოხატული ბალიში და წიგნი. შევთანხმდით, რომ ორ კვირაში შევიკრიბებოდით და ლიტერატურულ კაფეში წარადგენდნენ წაკითხულ წიგნს, წარდგენის ფორმად კი მოხატული ბალიში გვექნებოდა.

შინ რომ ვბრუნდებოდი, სკოლის კარში მერვეკლასელი გოგო-ბიჭები გადიოდნენ. ზოგს იღლიაში ამოეჩარა ბალიში, ზოგს თავზე შემოედო, ზოგს გულზე მიეხუტებინა, თითქოს ბალიშები გაცოცხლდნენ და დამოუკიდებლად მიემგზავრებოდნენ ახალი თავგადასავლებისკენ.

ახლა მეექვსე კლასისთვის დავიწყე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა და უკვე ორი ბალიში შევკერე.

სტატიას დავასრულებ ამერიკელი ფსიქოლოგისა და მოაზროვნის ერიხ ფრომის მოსაზრებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის ნაშრომში „სიყვარულის ხელოვნება“ ამოვიკითხე და, შეიძლება ითქვას, მასწავლებლობისას ჩემი მამოძრავებელი ძალა გახდა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური ნივთების, არამედ ადამიანურ ფასეულობათა გაცემაა. რას აძლევს ერთი ადამიანი მეორეს? აძლევს საკუთარ თავს, ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნია, საკუთარ სიცოცხლეს. აქ, არ არის აუცილებელი, იგულისხმებოდეს სიცოცხლის მსხვერპლად გაღება – არამედ მხოლოდ გაღება იმისა, რაც ცოცხალია ადამიანში. ის გასცემს საკუთარ ინტერესებს, გაგებას, ცოდნას, იუმორს, დარდს – ყველა გამოვლენასა და გამოხატულებას იმისა, რაც მასში ცოცხალია. ამგვარი ქმედებით სხვა ადამიანს ამდიდრებს, ზრდის მასში სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას ამ განცდის საკუთარ თავშივე გაზრდით. გასცემს უანგაროდ; გაღება თავისთავად მძაფრი სიხარულია. გაცემისას ადამიანს არ შეუძლია, გვერდი აუაროს სიახლის შეტანას სხვის ცხოვრებაში და შემდგომ, რასაც იგი წარმოშობს, მასზევე აირეკლება. […] ამრიგად, მეორე ადამიანსაც ეძლევა საშუალება, გასცეს და თავადაც გაიზიაროს ბედნიერება, გამოწვეული იმით, რაც მის ცხოვრებაში შემოვიდა. გაცემის ქმედებაში რაღაც იბადება და ორივე ადამიანი მადლიერია იმ სიახლისა, რომელიც მათთვის იშვა“. (ფრომი 2017, 36)

ეს კი ჩემი Youtube-არხია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოხატული ბალიშებით წარდგენილი წიგნების შესახებ ჩაწერილი ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/@%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ერიხ ფრომი, სიყვარულის ხელოვნება. მთარგმნელი – ეკატერინე შაქარაშვილი, რედაქტორი – ელენე სარალიძე. თბილისი, აზრი, 2017

ქელეხის ძაღლი

0

„გულის სიღრმეში ყველა მასწავლებელს ეშინია, მოსწავლეები ისე არ მოექცნენ, როგორც ის თავის მასწავლებელს ექცეოდა“.

პატარა ბიჭი მზისგან გადაყვითლებულ მინდორში, მიტოვებული სახლის წინ იდგა. ამბობდნენ, რომ ეს მღვდლის სახლი იყო. იმ დროში, როცა ხალხს ღმერთი ჯერ კიდევ სჭირდებოდა.

თუ ახლა ამ სახლს გადაწვავდა, ნახშირი დარჩებოდა და ამ ნახშირს მეზობელ დიდ ქალაქში გაყიდიდა. ყველა დროში არიან ადამიანები, თავის გადასარჩენად ცუდის გაკეთება რომ უწევთ. ის სუსტი იყო, თანასოფლელებივით ტყიდან მძიმე მორების თრევა არ შეეძლო.

ამიტომაც აირჩია სოფლისგან მოშორებით მდგარი ძველი სახლი, რომელსაც გორაკიდან თეთრი სალოცავი დასცქეროდა.

ბიჭმა ხმელი ბალახის ბღუჯას ცეცხლი მოუკიდა და სახურავზე შეაგდო. არ გაქცეულა – სახლი შორს იდგა და უპატრონო სალოცავის გარდა ხანძარს მოწმე არ ჰყავდა.

ფიჭვისგან გამოთლილი კოჭები და ფიცრები სწრაფად აბრიალდა. ამოვარდნილმა ალმა სახეში ამოჰკრა ბიჭს. ის შეხტა, ბალახზე ფეხი აუცურდა და ცეცხლში ჩავარდა.

უნაკვერჩხლოდ დაიფერფლა სახლი, ნაკვერჩხალს მხოლოდ ეკლიანი ხეები ტოვებენ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სკოლა რელიგიური იყო, მოსწავლეები გაკვეთილს ლოცვით იწყებდნენ და მწერლებთან ერთად წმინდანებიც დასცქეროდნენ თავზე. ხალხს ახლა ეპოვა თავისი წილი ღმერთი: უშნო, მანკიერი და სასტიკი.

 

სამასწავლებლოს კედელზე სოფლის მოძღვრის ფოტო ეკიდა, რომლის ნათქვამისა უპირობოდ სჯეროდა ხალხს. მოძღვარი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლისას სწორედ ამ სოფლის კლდოვანი გზით მოვიდოდა მაცხოვარი და სამსჯავროს სწორედ იმ ენაზე ჩაატარებდა, რომელზეც ამ სოფელში ლაპარაკობდნენ.

მოძღვარი ამბობდა, რომ მათი სოფელი ღვთისმშობლის წილხვედრი იყო და მისი მფარველობით გადარჩებოდნენ. ხალხსაც სჯეროდა. მასწავლებლებიც და მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ წმინდა მარიამი, მათ შვილებს კალთას გადააფარებდა. მღვდელი მიხრწნილი იყო, მნათე და დიაკვანი ამბიონზე დიდებული ტახტრევნით გამოაჩოჩებდნენ ხოლმე, როგორც აფრიკელი ტომები მკვდარ, გაფიჩხულ წინაპარს ქოხის წინ თაყვანის საცემად. სად იყო სამართალი, თორემ მოძღვარს კოცონში ჩაწვა ეკუთვნოდა მრევლის დაბრმავებისთვის. იქნებ თვითონაც არ უნდოდა, რომ გაეღმერთებინათ, მაგრამ დაჰყვა, შეიტკბო და შეიფერა.

ცოცხალ წმინდანად მოიხსენიებდნენ, თუმცა ის არც ცირკის არენაზე შეუგდია ვინმეს ლომების პირისპირ, არც სვეტზე მდგარა მშიერ-მწყურვალი. არა, მას ფუფუნება უყვარდა, უნახავის სიყვარულით. მისი შარავანდედით დაბრმავებული მრევლი ვერ ხედავდა მის მანკიერებას, ვერც იმას, რომ მღვდელი დიდი ხანია მკვდარი იყო. უბრალოდ, მნათე და დიაკვანი მალავდნენ ამას, რადგან მღვდელი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლა მის სიცოცხლეში მოხდებოდა.

ყველა მასწავლებელი მარხვის სათნოებაზე საუბრობდა. გახსნილებისას გემრიელად მიირთმევდნენ. ამ დროს ბავშვები მშივრები დალაწლაწებდნენ დერეფანში. იქ, იმ სოფელში, ფურებზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ბავშვებზე. კოჭლი მასწავლებელი ჯიბით უზიდავდა ბავშვებს მასწავლებლების მონარჩენ საჭმელს.

მასწავლებლებს ქვეყნის შორეული სალოცავების მოლოცვა უყვარდათ და ყველა განსხვავებულის ცეცხლში დაწვაზე ოცნებობდნენ. ერთადერთი, ვინც მათ არ დასდევდა, ხაზვის მასწავლებელი იყო. საერთოდაც, ის ერთადერთი იყო, ვინც ბავშვებს გაკვეთილს ლოცვით არ აწყებინებდა. ის სხვა მასწავლებლებივით არ დადიოდა ღმერთის დასაცავ ხმაურიან დემონსტრაციებზე. „რელიგიისგან გაუბედურებული ბევრი მინახავს, გაბედნიერებული კი ცოტა. თავიანთი წმინდა წიგნებით ისე იწამლებიან, რომ მზად არიან, სხვებს თვალები გამოსთხარონ“, – ამბობდა ის, როცა მოსწავლეებთან ერთად სვამდა ხოლმე. არადა, ყველა მასწავლებელზე მეტად მას სწამდა ღმერთის, უბრალოდ ღმერთის მსახურები სძულდა, რომლებიც ერთი პირით წყევლიდნენ ეშმაკს და მეორე პირით ემადლიერებოდნენ, რადგან ის აჭმევდათ.

მასწავლებელი კოჭლი იყო, ნამლევა, წრიპინახმიანი.

არ უყვარდა, რასაც ასწავლიდა, მაგრამ რა ექნა, კოჭლები იმ სოფელში შიმშილით იხოცებოდნენ.

ის ერთ, ამოჩემებულ წინადადებას იმეორებდა: „ცხოვრებაში სწორი ხაზების გავლება აუცილებელი არ არის“, – და ერთთავად ნახშირით ხატავდა ღუმელზე. როცა გაკვეთილი მშვიდად მიდიოდა, ხატავდა კლდეს და კლდის პირას, ფიჭვების ჩრდილში – ქოხს. როცა ბავშვები ტირილამდე ამწარებდნენ – ალში გახვეულ სახლს. მე მათზე ვფიქრობ, ისინი კი გულს მგლეჯენ, – ამბობდა ის. ჯერ კიდევ ვერ ესწავლა, რომ თუ გინდა, გული არ გაგისკდეს, ყურები უნდა დაიყრუო და თვალები დაიბრმავო.

ბავშვები მის გაკვეთილზე მხოლოდ გასართობად დადიოდნენ. ან რატომ უნდა მოეკლათ თავი იმ საგნის სწავლისთვის, რომლის მასწავლებელიც ამბობდა, რომ არასოდეს ეკეთებინათ საქმე, რომელიც არ მოსწონდათ? არადა მასწავლებლები სწორედ თავისუფლებას ვერ პატიობენ ბავშვებს, რადგან ის არასოდეს ჰქონიათ. თანაც ამ მასწავლებლის არ ეშინოდათ, მას, სხვებისგან განსხვავებით, ცემა არ შეეძლო. განსაკუთრებით ერთი ბიჭი უყვარდა. ეხვეწებოდა, ეხატა, რადგან ნიჭი ჰქონდა. თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ ბიჭი დასცინოდა და საერთოდ არ ფიქრობდა ხატვაზე. ბავშვები დიდებზე სასტიკები არიან, მაგრამ ეს არ იციან.

ბავშვები ამ მასწავლებელს იმის გამოც დასცინოდნენ, რომ მას მათი მშობლებიც იგდებდნენ აბუჩად. ცოლს ვერ იჭერს, ბავშვები როგორ უნდა დაიჭიროსო. მის გასაგონადაც ხშირად ამბობდნენ ამას. იმ სოფელში დიდი გული მხოლოდ უბედურებთან ჰქონდათ, ძლიერებს უჩუმდებოდნენ.

მასწავლებელს უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები, ამიტომ ხალხს მისი ნამდვილი სახელი დავიწყებოდა – ყველა „ქელეხის ძაღლს“ ეძახდა. შვილმკვდარ მამასავით ანგარიშმიუცემლად ჭამდა, თითქოს ეს მისი ბოლო ჭამა იყო და ამის შემდეგ უდაბნოში მიდიოდა სამარხულოდ.

სუფრაზე მორჩენილ თევზისა და ხორცის ნაჭრებს ფართხუნა პიჯაკის ჯიბეებში ილაგებდა. სახლისკენ მიმავალს, ორღობეში ეწუწებოდა ნაქურდალი საჭმლის წვენი. უბოროტოდ დასცინოდნენ – ის არ იყო ანგარიშგასაწევად წარმოსადეგი, ღვარძლიანად რომ დაეცინათ.

სკოლიდან მხოლოდ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ მოგვწონს, როცა მოწყალებას ვიღებთ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მის მოსწავლე „თევზს“ ეგონა, მისი მასწავლებელი ისევე ვერ აკავებდა ცოლს, როგორც ცოლი – ჩვილ ხბოს, რომელიც დედისკენ იწევდა ძუძუს საწოვად.

მასწავლებლის ცოლი კაციც იყო სახლში. ის დასდევდა ნოემბრის ნისლში მაჟალოს საჭმელად ტყეში გაპარულ ორ ძროხას. ის ხეთქავდა მძიმე, სქელპირა ცულით კუნძებს. ის აბრუნებდა ურწან მიწას კარტოფილის დასათესად. მიუხედავად ყველაფრისა, მხიარული ქალი იყო, ზარივით ისმოდა მისი სიცილი. დასაფასებელია, გაჭირვებულს სიცილი რომ შეუძლია.

ბიჭმა პირველად ტყისკენ გაქცეული საქონელი მოუბრუნა. ქალმა თბილი თვალებით უთხრა, რომ ძალიან საყვარელი იყო და რომ გალუმპვას გადაარჩინა. ქალს ბოსლისა და ღუმლის სუნი ასდიოდა. მან არ იცოდა, როგორ იწვალებდა უბეს ბიჭი მასზე ფიქრში და მასაც მოსწონდა ეს ცელქი და მისი ქმრისთვის სისხლის გამშრობი.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სიცხეში ბიჭი მარტო თოხნიდა კარტოფილს. გამეტებით სცემდა თოხს გახევებულ მიწას. სიჩქარეში ქორფა კარტოფილსაც ჭრიდა. გამოუცდელი იყო, უჭირდა სარეველას გარჩევა.

მასწავლებლის ცოლი მოვიდა და ყოჩაღო, შესცინა თბილი თვალებით. კვალში ჩადგა და კარტოფილის მარგვლა დაიწყო, რომ ბიჭს თოხნა გაადვილებოდა.

ცხელოდა. ბიჭი მოიკუნტა, ცხელი ოფლი შუბლიდან თვალებში ჩაუვიდა და აუწვა. მასწავლებლის ცოლი მივიდა და თვალები ხელის ზურგით ამოუმშრალა. ქალს მიწის, ბოსლისა და სურვილის სუნი ჰქონდა.

ქალი შეყოვნდა: „მე სულ მარტო ვარ, წლებია, მარტოს მძინავს და ზურგიც საშინლად მტკივა“. ქალი ბიჭს დაგემოვნებით კოცნიდა დამწვარ თვალებზე და ტუჩის კიდეზე. ბიჭმა, სანამ მუხლები მოეკეცებოდა, დაინახა, როგორ დახუჭა ქალმა თვალები, როცა სველ უბეში ხელი ჩაუცურა. მერე, თითქოს იქ გველი დახვდაო, უცებ ამოაცურა ხელი და გაიქცა. სქელი ფეხებით თელავდა თავის გამარგლულ კარტოფილს. ბიჭს სირცხვილნარევი სიამაყით უხაროდა სველი საცვლისა და პირველი გამარჯვების გამო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მეორე დღეს მოსწავლე უფრო მეტად ცდილობდა, კოჭლი მასწავლებელი წრიპინა ლაპარაკით გამოეჯავრებინა. ბიჭს არ ესმოდა, რომ არ შეიძლება სიცილი, როცა ვიღაც ტირის. წიგნებსაც კი, სადაც ვიღაცის ტირილის დროს იცინიან, გულბოროტი და უნიჭო მწერლები წერენ.

ბიჭს კი იმიტომ არ ესმოდა, რომ მგრძნობიარე და უბედური იყო. მას რცხვენოდა თავისი სიღარიბისა და იმ ნაჩუქარი ტანსაცმლის, რომლითაც ყოველდღე დადიოდა სკოლაში. უნდოდა, ძლიერი ყოფილიყო და ყველა მჩაგვრელს მორეოდა. უნდოდა, კარგად ეთამაშა ფეხბურთი. იმ სკოლაში ყოჩები ფეხბურთის მოთამაშეები იყვნენ. მისი კლასის ყოჩი მისი სეხნია და მოგვარე იყო. ლამაზი და კარგი მოსწავლე, იმ სკოლის მორწმუნე მასწავლებლების თვალში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

ბიჭს მასთან მეგობრობა უნდოდა, მაგრამ მოგვარე თავს არ უყადრებდა. ფეხბურთის თამაშის დროს მისი არჩევა არავის უნდოდა.

იმ დღეს კი ერთი მოთამაშე აკლდათ, უბედური ბიჭის არჩევა მოუწიათ და მოგვარის გუნდში მოხვდა.

უბედური მოსწავლე დაძაბული თამაშობდა. თან ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა, თან გულის სიღრმეში იმას ნატრობდა, მისთვის ბურთი არავის მიეწოდებინა. ეშინოდა, რომ დაკარგავდა და მოგვარე წაუთაქებდა.

მოულოდნელად მოუვიდა ბიჭს ბურთი, ალალბედზე ამოჰკრა და კარში შეაგდო. ვერ იჯერებდა – ეს მისი უკვე მეორე გამარჯვება იყო ხელის ჩაცურების შემდეგ.

მოგვარემ შეაქო, როგორც გადამწყვეტი ბურთის გამტანი. მაგრამ უბედურ ბიჭს უფრო მეტი უნდოდა.

– მე ქელეხის ძაღლის ცოლმა მაკოცა!

– მატყუარა! – წამოარტყა. ბავშვებმა არ დაიჯერეს, თუმცა ყველას მოუყვნენ ამის შესახებ. მამებსაც, რომლებმაც ჩაიცინეს.

ბიჭმა იმ ღამეს ბევრი ივარჯიშა, რომ მასწავლებელი სიარულშიც გამოეჯავრებინა. გაკვეთილზე შესვლამდე მასწავლებლის დასანახად ჩლახაჩლუხით ავიდა კიბეზე. თვალებს ისრესდა და წრიპინებდა, მეწვისო. სხვა ბავშვებმაც აიფარეს თვალებზე ხელი და აწრიპინდნენ. მასწავლებელს არაფერი შეუმჩნევია. არც მაშინ, როცა პიჯაკის ჯიბიდან მოსწავლის ჩადებული თევზის ფხა ამოიღო.

იმ ღამით უბედურმა ბიჭმა გაიგონა, როგორ ტიროდა მასწავლებლის მსუქანი, უშნო ცოლი და როგორ ყვიროდა ქელეხის ძაღლი:

– ნებისმიერი, მის გარდა! ნებისმიერი, მის გარდა!

მთვარის შუქზე მოსწავლემ დაინახა, როგორ გამოჩლახუნდა მისი მასწავლებელი რკინის აივანზე. „ის მოვა! ის მოვა!“ – ახლა ამას ყვიროდა და ეს არ იყო რისხვის ხმა.

ისინი ხომ იმიტომ დაქორწინდნენ, რომ შვილები უნდოდათ, მაგრამ კაცს შვილის გასაკეთებელი სიმაგრე არასოდეს ჰქონია. „პირუტყვ კაცებს ჰყავთ შვილი და მე არ მყავს“. ის კი არ იცოდა, რომ შვილებს საერთოდაც არ უნდათ, პირუტყვი მშობელი ჰყავდეთ.

დარდობდა: „რისთვის ვრგავდი ხეებს? აკაციებს, არყებს და ვაშლებს, რომელთა ნახევარიც გახმა?“ მან გვიან ისწავლა, რომ ნერგის დარგვა შემოდგომაზე ჯობია და არა გაზაფხულზე. შემოდგომაზე დარგულს მიწა ალბობს, გაზაფხულზე დარგულს კი მზე უსწრებს და წვავს.

ქელეხის ძაღლს მხოლოდ ენით მუშაობა შეეძლო, ისიც მაშინ, როცა ქალი სახეზე დააჯდებოდა. პირქვე თავჩახრილს, მოკლე ფეხი აუტანლად სტკივდებოდა. ის იმ ქალს ელოდა, რომელიც დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოძებნიდა, სულ რომ ათი შვილი ჰყოლოდა კაცს. თანაც არწმუნებდა, აუცილებლად ეხატა, რადგან ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ქელეხის ძაღლს სჯეროდა, რომ ქალი მოვიდოდა და რომ იმ ქალთან ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა ხატვით მხოლოდ მაშინ ხატავდა, როცა ის ქალი მასთან იყო. ახლა კი კოჭლთან ერთად ლოთი იყო და ქურდი. ქალს ზეჰრა ერქვა და მასაც უყვარდა ეს კაცი და ელოდა იმ დღეს, როცა მისი ხალხი გაიზრდებოდა და ტაბუს დარღვევას აპატიებდა, ქრისტიანი კაცის საყვარლობას. მერე და მერე შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ კაცი ბედნიერი იყო ცოლითა და თბილი სამსახურით. კაცს კი ისე უყვარდა, რომ არასოდეს გაუვლია გულში წყენა, აქაოდა, ის ბედნიერია, მე კი ვიტანჯებიო. არც მაშინ, როცა სკოლის კიბეზე ფეხებს ძლივს მიათრევდა, არც მაშინ, როცა ის და მისი ცოლი ერთმანეთს ტანჯავდნენ. არც მაშინ, როცა მისი მოსწავლეები ჯიბეში მოხარშული თევზის თავს უდებდნენ. არ ეძახდა ის ქალი, თორემ ცხრა მთას გადაივლიდა კოჭლი ფეხით.

მისი სოფელი თუ ჯოჯოხეთის ცხელ ქვაბს ჰგავდა, ზეჰრას სოფელში წვიმის ნოტიო სუნი იდგა მუდამ. ის ანგელოზივით ლამაზი იყო, მაგრამ ამბობდა, რომ ერჩივნა, მამაცი ყოფილიყო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა ქელეხის ძაღლი სკოლაში. ახლა თითქოს უფრო უხეში მონასმით ხატავდა ცეცხლმოდებულ სახლს ღუმელზე. ორჯერ ჩაეფხვნა ხელში ნახშირი. გაკვეთილის დამთავრებისთანავე უბედურ მოსწავლეს უთხრა, კლასში დარჩენილიყო. ბიჭი ყინჩად იდგა, მისი კლასელები წრიპინითა და ტანის გადაქნევით გავიდნენ კლასიდან. ბიჭი მოიბუზა, როცა დაინახა, როგორ აიღო ქელეხის ძაღლმა შეშის გროვიდან ფიჭვის ნაპობი და მისკენ წავიდა. ქელეხის ძაღლმა მოსწავლეს ხელი გამოაწევინა, მაგიდაზე დააწყობინა და ნაპობი დაჰკრა. სატკენად არა, უფრო გამოსაფხიზლებლად. ასე ურტყამენ ძროხებს, როცა უნდათ, ააჩქარონ.

– ზოგჯერ სწორი ხაზების გავლება აუცილებელია, – უთხრა მან თავდახრილ მოსწავლეს.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მხატვარი ორღობეში კოჭლობით მიმავალ გამხდარ ჩია კაცს ხატავდა. თავის მოსწავლეებზეც ფიქრობდა. ხატავდა ლამაზ ქალსაც, რომელიც მისი მასწავლებლის სახლთან მივიდა, მერე კი ღიმილით ხრიოკ გორაზე სასაფლაოს ქვიან გზას აუყვა.

– მე მოვედი…

მე მოვედი…

ჩემო ტკბილო ევლია, – ამბობდა ღიმილით ქალი.

კონცერტი ჩვენს ეზოში – რამდენიმე ტექსტი და აქტივობა სიკეთის გაკვეთილებისათვის

0

ტექსტი 1

როგორ მოვიდა ბიმბო

ერთხელ გიოს ეზოში შავზე შავი, ფუმფულა ლეკვი მოვიდა. ჭუჭყიანი, შეშინებული ლეკვი ბავშვებმა მაშინვე ვერ შეამჩნიეს.

იცით, როგორი ლეკვი იყო? შავი, ფუმფულა, ჩაბუთხუზებული, ლურჯთვალა. როცა გიო მიუახლოვდა, ლეკვმა გაქცევა და დამალვა სცადა. სწორედ მაშინ დაინახა ბიჭმა მისი ნატკენი ფეხი.

– ეი, ცუგო! – დაუძახა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. ძაღლმა დაყნოსა და ალოკა, მერე კი მოფერების უფლებაც მისცა.

ამასობაში სხვა ბავშვებიც შემოეხვივნენ. ზოგმა საჭმელი ჩამოუტანა, ზოგმა – ფუმფულა დასაგები, დაბანეს, გაალამაზეს, ყელზე ოქროსფერი ზანზალაკი შეაბეს და ბიმბო დაარქვეს.

ასე გახდა ლეკვი მათი ეზოს ბინადარი.

ერთი ციდა ლეკვი იყო, მაგრამ იმდენი რამე სჭირდებოდა: სახლი, ვეტერინართან წაყვანა, მკურნალობა…

ბავშვებმა ფულის მოსაგროვებლად ეზოს კონცერტის გამართვა გადაწყვიტეს.

 

კითხვები პირველი ტექსტისთვის:

  • როგორი იყო ლეკვი?
  • ვინ დაინახა ლეკვი პირველად?
  • რას ნიშნავს „ერთი ციდა“?
  • როგორ მოიქცნენ ბავშვები?
  • რა გადაწყვიტეს მათ?
  • ხომ არ იცი, რისი ექიმია ვეტერინარი?
  • შენ გყავს შინაური ცხოველი?
  • წაგიყვანია შინაური ცხოველი ექიმთან?
  • რა მიზეზით გყავდა შენი შინაური ცხოველი ექიმთან?

 

ტექსტი 2

საქველმოქმედო კონცერტი

აი, კონცერტის სამზადისიც დაიწყო.

პროგრამაში შედიოდა ცეკვები, სიმღერები და რამდენიმე ლექსიც.

ერთი რეპეტიცია საკმარისი აღმოჩნდა, ყველამ ძალიან კარგად დაისწავლა თავისი როლი. შენ არ იცი, როგორი ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობდნენ იმ ეზოში! თუმცა ყველა ეზოში ძალიან ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობენ. შენთანაც, ხომ?

კონცერტის აფიშა ანიკამ დახატა.

აი, ასეთი აფიშა ჰქონდათ:

 

მშობლებო

მეზობლებო

და გამვლელებო

 

შაბათს, საღამოს, ჩვენს საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებით,

ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და გაგამხიარულებთ.

ბილეთის ფასი ერთი ლარი

კონცერტი საქველმოქმედოა

 

გელოდებით

ჩვენი ეზოს ბავშვები!

ძალიან კარგი საღამო გამოვიდა.  არც უწვიმია, არც ქარი ამოქროლებულა. მშვიდი და თბილი ამინდი იყო. კონცერტზე ბევრი ხალხი მოვიდა, უფროსები სიხარულით უკრავდნენ ტაშს მომღერალ ბავშვებს.

ბოლოს სცენაზე გიო და ბიმბო გამოვიდნენ. გიოს უნდოდა ეჩვენებინა, როგორ ასწავლა ბიმბოს ჯოხის მოტანა, მაგრამ ბიმბომ ყველაფერი ჩაშალა, ზედმეტად გამხიარულდა და სცენაზე სირბილს და ყეფას მოჰყვა.

საღამოს შეგროვებული ფული დათვალეს. თანხა ბიმბოს ვეტერინარისა და წამლებისთვის ეყოფოდა.

სახლის აშენება კი თავად გადაწყვიტეს.

 კითხვები მეორე ტექსტისთვის

  • როგორი იყო კონცერტის სამზადისი?
  • აფიშაზე რა დაწერეს?
  • როგორ ჩაიარა კონცერტმა?
  • რა შედეგი ჰქონდა კონცერტს?

ტექსტი 3

ბიმბო ჩვენი ძაღლია!

ბიმბო მათი ეზოს ძაღლი გახდა. მისი მოვლა კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. იმდენი რამე იყო საჭირო!

ჯერ ვეტერინართან წაიყვანეს და აცრეს. აცრა ბიმბოს ძაღლებისთვის საშიში დაავადებისგან დაიცავდა.

მერე ძაღლების სალონში დაბანეს და გაალამაზეს.

მერე საკვებისა და წყლისთვის ჭურჭელი შეურჩიეს.

მერე ბიმბოს გასეირნების ცხრილი შეადგინეს.

ბიმბოსთვის ბუდრუგანას ასაშენებლად ფიცრები, ლურსმნები და ჩაქუჩი მოიმარაგეს, უფროსებიც დაიხმარეს და  კოხტა სახლიც აუშენეს. სახლს ლამაზი, წითელი სახურავი ჰქონდა, ხოლო იატაკზე ფუმფულა საბანი ეფინა.

როდესაც სამზადისი დაასრულეს, დაბანილი და ნაჭამი ბიმბო თავის პაწია სახლში ყეფა-ყეფით შევარდა.

როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა თავისი სახლი, რადგან საბანში გაეხვია და ტკბილად დაიძინა.

კითხვები მესამე ტექსტისთვის:

  • როგორ დაიწყეს ბავშვებმა ბიმბოს მოვლა?
  • როგორი იყო ბიმბოს სახლი?
  • როგორი მოვლა სჭირდება ძაღლს?
  • ჩამოთვალე, რა არის საჭირო ძაღლის ჯანმრთელობისთვის.
  • როგორ მიხვდი, რომ ბიმბოს თავისი ძაღლი მოეწონა?

 

ნახე, რა კარგად დასრულდა ბიმბოს ამბავი? შენც შეგიძლია, უსახლკარო ცხოველებს დაეხმარო. გაუნაწილო საკვები, არაფერი ატკინო!

მოდი, ერთად წავიკითხოთ ამბავი ლეკვსა და კნუტზე, რომლებიც სკოლაში ცხოვრობდნენ.

 

ტექსტი 4

მეგობრები

კლავდია დევდარიანი

 

– რა გატირებს? – პატარა შავმა ფისომ კიბის ქვეშ შეიჭყიტა.

კიბის ქვეშ მიყუჟულმა თეთრმა ლეკვმა ცალი თვალი გამოახილა და უფრო ხმამაღლა აწუწკუნდა.

– რა გატირებს?

– მარტო ვარ, მეშინია

– ტირილი რას გიშველის, მეც მარტო ვარ, მაგრამ არ ვტირი

– აბა რას აკეთებ?

– დავდივარ, საჭმელს ვშოულობ, დედა არა მყავს და რა ვქნა…

– მეც მაგიტომ ვტირი.

– მერე ტირილი გშველის?

– ჩემი ტირილი ერთმა კეთილმა გოგომ გაიგონა და საჭმელი მოაქვს ხოლმე ჩემთვის.

– მოდი, დავმეგობრდეთ და აღარ იტირო. ცოტა მიიწიე, მეც დავეტევი.

შემცივნული ცხოველები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ლეკვი ძილშიც წკმუტუნებდა, მაგრამ ფისოს ფუმფულა ბეწვით ჩამთბარს მალე ფერადი სიზმრები ეწვია. ფისოც ჩათბა და აკრუტუნდა.

დილით გოგონა მოვიდა, ლეკვს საჭმელი მოუტანა. ლეკვმა ფისოს გაუნაწილა.

მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ სკოლის კიბის ქვეშ თეთრი ლეკვი და შავი ფისო. ბავშვებმა სახლიც დაუდგეს და მორიგეობით აჭმევენ ხოლმე.

ისინიც ყველა ლუკმას ერთმანეთს უზიარებენ, ერთად თამაშობენ და ერთმანეთს უფრთხილდებიან

 

კითხვები მეოთხე ტექსტისთვის:

 

  • რატომ „აწუწკუნდა“ თეთრი ლეკვი?
  • სიცივეში რა გამოსავალი ნახეს ცხოველებმა?
  • ვის მოჰქონდა საჭმელი თეთრი ლეკვისთვის?
  • როგორ დასრულდა ეს ამბავი?
  • შენც ხომ არ გახსენდება მსგავსი ამბავი?
  • შენი აზრით, რა საერთო აქვს ამ ოთხ ტექსტს?

ენა, ექსპერიმენტი, ჩანჩქერი

0

უკვე თხუთმეტი წელია, პოლიტიკის მეცნიერებას ვსწავლობ. პროფესია ძალიან ადრე შევარჩიე, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა. ყველაზე დიდი გატაცებით გეოგრაფიის გაკვეთილებს ვესწრებოდი. კარგ გეოგრაფს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ახალი სამყაროს აღმოჩენას ესწრაფვის.

არასდროს დამავიწყდება მიწისქვეშა სართულზე მოწყობილი გეოგრაფიის კაბინეტი, სადაც ერთხელ კედელზე აფრიკის რუკა დაგვხვდა დაკიდებული, დაფაზე კი სამი სიტყვა ეწერა:

ენა, ექსპერიმენტი, ჩანჩქერი

მასწავლებელმა გვითხრა, რომ ჩვეულებრივი გაკვეთილი არ ჩაგვიტარდებოდა და უბრალოდ სამ საინტერესო ამბავს მოვისმენდით აფრიკის სამი სხვადასხვა სახელმწიფოს შესახებ. მოსწავლეთა ნაწილი სმენად ვიქეცით, ვიცოდით, რომ მაღალი რანგის პედაგოგი არ გაგვაწბილებდა და გასაოცარი მოვლენების შესახებ მოგვითხრობდა.

ენა

თავდაპირველად მასწავლებლის ჯოხმა სიერა ლეონეს საზღვრები შემოხაზა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სიერა ლეონე დასავლეთ აფრიკაში, ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო იყო. გვახსოვდა ისიც, რომ ქვეყნის სახელწოდება ითარგმნებოდა როგორც „ლომების მთა“. ერთმა თანაკლასელმა ისიც გაიხსენა, რომ „ლომების მთა“ დიდხანს იყო ბრიტანეთის კოლონია.

ზოგადგეოგრაფიული მახასიათებლებიც შევამჩნიეთ, რუკაზე დატანილ ეკვატორს მივაქციეთ ყურადღება და ნიშნის მოგებით აღვნიშნეთ, რომ რეგიონში აუცილებლად ეკვატორული ჰავა იქნებოდა გავრცელებული.

აქ შევჩერდით, გზა ვეღარ გავაგრძელეთ, სამ წუთში ყველაფრის თქმა მოვასწარით, რისი გამოწურვაც შესაძლებელი იყო ჩვენი გონებიდან.

– იცით, რა ენაზე საუბრობენ სიერა ლეონეში? – გვკითხა მასწავლებელმა.

ცხადია, კითხვაზე პასუხი არ გვქონდა. ყველაზე ჭკვიანმა გაბედა და ინგლისური ენის საერთო კოლონიურ მნიშვნელობაზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ მალევე მიუთითეს, რომ უქმსიტყვაობაზე დრო არ დაეკარგა.

მასწავლებელმა თავად გადაწყვიტა ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსწავლეთა თვალწინ მრავალი განსაკუთრებული პროცესის გადაჯაჭვის შედეგად წარმოქმნილი სურათი გადაიშალა.

XVIII საუკუნეში სიერა ლეონეს ტერიტორია ინგლისის სხვადასხვა კოლონიიდან ჩამოყვანილი მონების თავმოყრის ადგილი გახლდათ. ქალაქ ფრიტაუნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასახლეს კარიბის ზღვის აუზიდან და ჩრდილოეთი ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ემიგრირებული პირები.

ჩამოსახლებული ჯგუფები სხვადასხვა უცნაურ ენაზე საუბრობდნენ. დიდ პლანტაციებში მონებისა და მონათმფლობელების ინტენსიური კონტაქტის საფუძველზე ინგლისურიც, აბორიგენებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მუშახელის ენებიც ფრაგმენტებად იშლებოდა და ამ ფრაგმენტების საფუძველზე ახალი ენობრივი ერთეული იქმნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში სიერა ლეონეს ტერიტორიაზე ერთად დასახლდა რამდენიმე ამგვარ ენაზე მოსაუბრე სოციალური ჯგუფი, რომელსაც დამატებით ადგილობრივ ტომებთან უწევდა ურთიერთობა.

შესაბამისად, ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგი გაჩნდა მორიგი ენობრივი გარდაქმნისთვის. ახლა კარიბის ზღვის აუზსა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბადებულმა ენებმა დაიწყეს ფრაგმენტებად დაშლა და აფრიკულ დიალექტებთან შერწყმა ინგლისურის საფუძველზე. მრავალწლიანი თუხთუხის შემდეგ ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს მოსახლეობისთვის საერთო ენა – კრიო, რომელიც დღეს ამ გაუბედურებულ სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა.

მოგვიანებით უნივერსიტეტში პროფესორი მარინა ბურძენიძე მასწავლიდა ენის სოციოლოგიას. მან აგვიხსნა კრეოლური ენების წარმოქმნის პროცესი, მათთან დაკავშირებული ფაქტორები. ლექციაზე გაოგნებული ვიჯექი და მიკვირდა, რომ პროფესორ ბურძენიძის მონათხრობი ჩემთვის ნაცნობ, ბავშვობაში მოსმენილ ამბავს პირდაპირ უკავშირდებოდა.

 

ექსპერიმენტი

ენების დაშლის, შერწყმისა და ახალი ერთეულების წარმოქმნის ფენომენი ჯერ გააზრებულიც არ გვქონდა, რომ რუკის საჩვენებელ ჯოხად ქცეული ფარდის წვრილი წკირი სიერა ლეონეს მეზობელ ქვეყანას მიუახლოვდა.

– რა იცით ლიბერიის შესახებ? – გვკითხა ჟაკ პაგანელის კოლეგამ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ლიბერიის დროშა რაღაცით აშშ-ის ეროვნულ სიმბოლოს ჰგავდა. თურმე ეს მსგვავსება შემთხვევითი არ ყოფილა. თურმე ექსპერიმენტებს მხოლოდ ბუნებისმეტყველნი კი არ ატარებენ, შეიძლება, სახელმწიფოსაც კი ექსპერიმენტის სახე ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, აშშ-ში თავშესაფარი პოვა დიდი ბრიტანეთიდან გაქცეულმა არაერთმა რელიგიურმა დისიდენტურმა ჯგუფმა. იქ ახალი სიცოცხლე დაიწყო მრავალმა რელიგიურმა დენომინაციამ. მაგალითად, ახალ კონტინენტზე ფრთები გაშალეს კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა – ბრიტანელმა და უელსელმა პროტესტანტებმა, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკმაოდ გავლენიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ერთეულად იქცნენ. ისინი როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მონობას. ცხადია, მონობის ერთბაშად დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა მონობიდან დახსნილ აფროამერიკელებზე ზრუნვა გადაწყვიტეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მათი თაოსნობით დაფუძნდა კოლონიზაციის საზოგადოება. საზოგადოების მიზანი გახლდათ აფრიკაში ტერიტორიის პოვნა, ამ ტერიტორიაზე მონობიდან დახსნილი შავკანიანების გადასახლება და მათთვის ახალი სახელმწიფოს შექმნა.

ამბავმა ძალიან გაახარა ზოგიერთი მონათმფლობელიც. მათ ეშინოდათ, რომ გამოსყიდული, გაქცეული და გათავისუფლებული ყოფილი მონები მონობაში დარჩენილთა ბორკილების დასამსხვრევად აჯანყებას დაიწყებდნენ. ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის ისინიც აქტიურად უჭერდნენ მხარს საზოგადოების საქმიანობას.

საზოგადოების საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა. კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა მრავალი აფრიკელი დააბრუნეს გვინეის ყურის სანაპიროზე, მოგვიანებით კი დაეხმარნენ მათ, ეკვატორთან ახლოს ამერიკის კონსტიტუციის კოპირების შედეგად შექმნილი სახელმწიფო დაეფუძნებინათ. ექსპერიმენტმა ნაწილობრივ გაამართლა, რადგან ლიბერია დღემდე არსებობს.

 

ჩანჩქერი

ჩვენ ქართულ-გერმანული საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიყავით. გერმანიის შესახებ ბევრს გვიყვებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი მოვლენის გახსენება ავიწყდებოდათ. გერმანიამ ვერ მოასწრო ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის, ბელგიისა და ჰოლანდიის მსგავსად სამხრეთი ნახევარსფეროს გატყავება, მაგრამ ისიც კოლონიზატორი იყო.

ბერლინის მიერ კონტროლირებადი მთავარი სამხრეთული ტერიტორიები გახლდათ გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა და გერმანული აღმოსავლეთი აფრიკა – თანამედროვე ნამიბია და ტანზანია. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ოკეანეებით უკავშირდებოდნენ. გერმანელი ვაჭრები და მეზღვაურები, ადმინისტრატორები და ჯარისკაცები გატანჯულნი იყვნენ უზარმაზარ საზღვაო მარშუტზე ტვირთების გადაზიდვით, ამიტომ მუდმივად ეძებდნენ გზის შემოკლების საშუალებებს.

დიდი ფიქრის შემდეგ გერმანელებმა გადაწყვიტეს, ინგლისელებისგან ეყიდათ ტერიტორია, რომლითაც გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა მდინარე ზამბეზს დაუკავშირდებოდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ზამბეზის გავლით უფრო ადვილად დაუკავშირდებოდნენ ტანზანიას. დიდი დავიდარაბის შემდეგ ლონდონთან მოლაპარაკება შედგა და თანამედროვე ნამიბიას კანცლერ ლეო ფონ კაპრივის სახელობის სექტორი შეუერთდა. გერმანელები ზამბეზზე გავიდნენ, უხაროდათ, ერთი სული ჰქონდათ პირველ ტვირთს როდის გაგზავნიდნენ სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთში, მაგრამ…

ასე აღმოაჩინეს გერმანელებმა ჩანჩქერი ვიქტორია და დაკარგეს ნამიბიიდან ტანზანიისკენ მიმავალი გზის შემოკლების იმედი.

ამბის დასრულებისთანავე ჩვენმა ყველაზე ჭკვიანმა თანაკლასელმა წამოიძახა: ალჟირი რატომ იყო ოთხკუთხედი, კი ვიცოდი, მაგრამ ნამიბიის კუდი ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდაო.

***

დღის ბოლოს საშინაო დავალებაც მივიღეთ. ესეში ენა, ექსპერიმენტი და ჩანჩქერი ერთმანეთთან უნდა დაგვეკავშირებინა და ამ სამ მოვლენას შორის კავშირზე გვემსჯელა.

ამგვარად გავეცანით კოლონიალიზმის აბსურდულ მხარეს მეთორმეტეკლასელები.

საინტერესოა, დღეს ასწავლიან თუ არა რამეს ჩვენს მოსწავლეებს კოლინიალიზმის აბსურდული და ბნელი მხარეების შესახებ.

Class Dojo

0

კლასდოჯო 2019 წელს, ჩემს პირველ სკოლაში მუშაობისას გავიცანი. ეს არის ვებსაიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც მასწავლებელი ან როგორც მშობელი, რათა თქვენს შვილს და მის კლასს თვალი ადევნოთ. კლასდოჯოზე შეიძლება დარეგისტრირდეს სკოლაც. ამ შემთხვევაში კლასები, რომლებსაც მასწავლებლები გახსნიან, სკოლას ავტომატურად და ოფიციალურად ებმის. თუმცა პლატფორმის გამოყენება მასწავლებლებისთვის ინდივიდუალურად, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშეც შესაძლებელია. დასარეგისტრირებლად მხოლოდ თქვენი ელექტრონული ფოსტა და ახალი პაროლის მოფიქრება დაგჭირდებათ.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ გახსნათ კლასი, დაარქვათ სახელი, შეიყვანოთ მოსწავლეების სახელები და ქულების მინიჭების სისტემა. თითოეული მოსწავლე თავდაპირველად იღებს პატარა კვერცხს, რომლიდანაც მოგვიანებით მონსტრი უნდა გამოიჩეკოს. მონსტრის გამოჩეკვას 30 დღემდე სჭირდება, თუმცა შესაძლებელია ამ დღეების შემცირება. მოსწავლეები, როგორც წესი, სიხარულით ელოდებიან დღეს, როცა მონსტრებს ნახავენ.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ დაამატოთ უნარები ან ქცევები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებს ქულებით (1-დან 5 ქულამდე) წაახალისებთ. თითოეული მოსწავლისთვის მინიჭებული ქულა აისახება კლასის საერთო ქულაზე და პირიქით. ეს ხელს უწყობს გუნდური სულის ჩამოყალიბებას. ბავშვები იწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ ერთმანეთისთვის უკეთესები გახდნენ.

ცხადია, როცა მოსწავლე ინდივიდუალურად იმსახურებს ქულებს, მოცემულ მომენტში მისი მონსტრის თავზე შესაძლოა უფრო მაღალი ქულები ეწეროს, ვიდრე სხვებისაზე. მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ თითოეული მოსწავლის ქულა სწორედ იმითაა ღირებული, რომ კლასის საერთო ქულას ემატება. დამატებითი მოტივაციისთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ შეჯიბრება სხვა კლასებთან, რომლებსაც თქვენ ასწავლით, რათა თქვენი კლასების რეიტინგის სათავეში მოექცენ.

კლასდოჯოზე მხოლოდ საკლასო წესების შესრულება არ ფასდება – აქ მოცემულია ისეთი კრიტერიუმებიც, როგორებიცაა „თანამშრომლობა“, „სხვების დახმარება“, „ემპათია“, „დროის მართვა“, „ბეჯითად შრომა“, „მუდამ ჩართულობა“ და ა.შ. გარდა ამისა, თავადაც შეგიძლიათ დაამატოთ ის, რისთვისაც გინდათ, მოსწავლეებს დამატებითი ქულები მიანიჭოთ.

კლასდოჯო ხელს უწყობს მოსწავლეების ემოციური ინტელექტის განვითარებას, ამაღლებს მათ ჩართულობას და სოციალურ მოტივაციას, რადგან ქულების მინიჭება ხდება არა მხოლოდ წესების დაცვისთვის, არამედ ქცევის ღირებულებაზე დაყრდნობით. თუ მოსწავლეებს დაუსახავთ რეალისტურ მიზნებს, მაგალითად, 10-15 ქულის მოგროვებას გაკვეთილის ბოლომდე, ისინი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. სანაცვლოდ შეგიძლიათ შესთავაზოთ თამაში ან ვიდეოს ყურება. ეს მოსყიდვა კი არ არის, არამედ თანამშრომლობა და მისი დაფასება.

კლასდოჯოს აქტიურად გამოყენების შემდეგ შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ერთმანეთის მოტივირებასაც იწყებენ. ისინი თანხმდებიან, როგორ ითანამშრომლონ, რათა კლასს ქულები არ დააკლდეს, პირიქით, მოემატოს. სწორედ ასე იქმნება ჯანსაღი, სიყვარულზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ დამატებითი ფუნქციებითაც ისარგებლოთ, მაგალითად დააწყვილოთ ან ჯგუფებში გაანაწილოთ მოსწავლეები, შემთხვევითობის პრინციპით აირჩიოთ, ვინ წაიკითხავს, დააყენოთ დრო და ა.შ.

საიტი ინახავს და აჯამებს თითოეული მოსწავლის მონაცემებს: რაშია ესა თუ ის მოსწავლე ძლიერი, რაზე სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და ა.შ. ეს მონაცემები მოგვიანებით, მშობელთან კომუნიკაციისას, საილუსტრაციოდ გამოგადგებათ.

ქალები შუა საუკუნეებიდან: ჰილდეგარდ ფონ ბინგენი

0

 

  1. ჰილდეგარდის ენა

არის ერთი თავისებურება, რომელიც შუა საუკუნეების ქალების ნაწერებში ხშირად შემოგხვდებათ: აუცილებელი მეტაფიქციური ელემენტი – ტექსტი თავისი დაწერის მიზეზს ხსნის. სწორედ წერის მიზეზისა და განზრახვის აღწერით იწყებენ წერას ჯულიან ნორვიჩელი და ტერეზა ავილელი. ასე იწყებს თავისი „Scivia“-ს ჰილდეგარდიც:

„და, აჰა, როცა ჩემი მიწიერი ცხოვრების ორმოცდამესამე წელიწადს დიდი შიშითა და თრთოლით აღსავსე, გულისხმიერებით ვუმზერდი ზეციურ ხილვას, დავინახე დიდებული ბრწყინვალება, რომელმაც, გაიმეორა რა ხმა ზეციდან, მითხრა:

ჰოი, მყიფე ადამიანო! ნაცარო ნაცართაო და ბიწიერებაო ბიწიერებათაო, თქვი და დაწერე, რასაც ხედავ და გესმის. ხოლო რადგან მოკრძალებული ხარ ლაპარაკში და უბრალო აზრის გამოხატვაში და უსწავლელი წერაში, თქვი და დაწერე ეს ყოველივე არა ადამიანის პირით, არა ადამიანური გონებით, არა შეთხზვის ადამიანური წესების მიხედვით, არამედ როგორც ხედავ და გესმის უზენაესის მიერ, ზეციურ ადგილებში, ღვთის საკვირველებაში“.

და იგივე ხმა რამდენიმე სტრიქონის შემდეგ დაჟინებით უმეორებს: „Clama ergo et scribe sic“ – „მაშ, იყვირე და დაწერე ეს“. ფრაზა, რომელიც ქალების ლიტერატურის დევიზადაც გამოდგებოდა – „იყვირე და დაწერე!“.

მაგრამ რა ენაზე?

ოდნავ მოგვიანებით, ქალები თავიანთ მშობლიურ, არასამწერლობო ენებზე დაიწყებენ წერას: ჯულიან ნორვიჩელი – ინგლისურად, ტერეზა ავილელი – ესპანურად, ეკატერინე სიენელი – იტალიურად. მაგრამ ჰილდეგარდი მათზე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობს, ამ დროს ევროპის Lingua Franca ლათინურია. ჰილდეგარდიც ლათინურად წერს, ოღონდ ზოგან ამოკლებს სიტყვებს, ზოგან კი გამოგონილ სიტყვებს იყენებს. მერე კი ხვდება, რომ არსებული ენები მხოლოდ ფიზიკური სამყაროს აღსაწერად ვარგა, მეტაფიზიკური სამყაროს გადმოსაცემად კი რაღაც სხვაა საჭირო. ასე ეყრება საფუძველი ჰილდეგარდის კიდევ ერთ მისტიკურ კავშირს სიტყვასთან – ის ახალ ენას გამოიგონებს.

Lingua Ignota – უცნობი ენა – ასე ჰქვია ჰილდეგარდის უჩვეულო გამოგონებას. უცნობ ენას აქვს თავისი, უცნობი, ანბანიც – Litterae Ignotae, რომელიც 23 ასო-ნიშნისაგან შედგება.

ენის სტრუქტურაზე ბევრი არაფერი ვიცით – შემოგვრჩა მხოლოდ ჰილდეგარდის მიერ შედგენილი გლოსარიუმი, მოკლე ლექსიკონი, რომელშიც 1011 სიტყვაა. ყველა მათგანი არსებითი სახელია. ლექსიკონში ისინი იერარქიულადაა დალაგებული: იწყება ღმერთიდან და სრულდება მწერებითა და ფრინველებით. ლექსიკონს რატომღაც აკლია ძუძუმწოვართა დასახელებები. გამონაკლისია „ღამურა“, რომელიც ფრინველების სექციაშია და აგრეთვე, „გრიფონი“ – მითური ნახევრად ძუძუმწოვარი ამავე სექციაში. ბევრი სიტყვა შედგენილია ლათინური და ძველგერმანული სიტყვის შეერთებით. ზოგადად, სიტყვათქმნადობის ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითად: maiz (დედა) / hilz-maiz (დედინაცვალი), scirizin (ვაჟი) / hilz-scifriz (გერი).

კი მაგრამ, კონკრეტულად რაში იყენებდა ჰილდეგარდი თავის უცნობ ენას?

სამწუხაროდ, არ ვიცით. იყო ვარაუდი, რომ ასე ის მონაზვნებს ეკონტაქტებოდა. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა შეექმნა მონაზვნებთან საურთიერთობოდ ახალი ენა, როცა უკვე არსებული ლათინური მშვენივრად ასრულებდა ამ ფუნქციას. ამასთან, არავითარი წერილობითი წყარო არ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ უცნობი ენის მთავარი ფუნქცია საკომუნიკაციო იყო. არც იმის დამადასტურებელი წყაროები გვაქვს, რომ უცნობი ენის შესახებ, მისი შემქმნელის გარდა, ვინმემ რამე იცოდა.

მეორე ვერსიით, ეს საიდუმლო ენაა. მისი მიზანი ისევე, როგორც ჰილდეგარდის მუსიკის მიზანი, ზეციური სამყაროს არეკვლაა.

***

ჰილდეგარდმა ხანგრძლივი ცხოვრება განვლო. თანამედროვეობაში ის სულიერ ავტორიტეტად ითვლებოდა და მიმოწერა ჰქონდა არამხოლოდ იმდროინდელ რომის პაპებთან, არამედ საღვთო რომის იმპერატორ ფრედერიკ ბარბაროსასთანაც. ბუნებრივია, გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო მისთვის პატივის მიგებაც და კანონიზაციის პროცესიც. ეს უკანასკნელი ძალიან გაჭიანურდა და 2012 წელს დასრულდა, როცა პაპმა ბენედიქტე XVI-მ ჰილდეგარდი წმინდანად შერაცხა, მალევე კი ეკლესიის დოქტორის წოდება უბოძა. ამ წოდებას კათოლიკური ეკლესია იმ წმინდანებს ანიჭებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეკლესიის სამოძღვრო ცხოვრებაში თავიანთი თეოლოგიური ნაშრომებით. ეს წოდება აქვს, მაგალითად, თომა აკვინელსაც.

ფიქრები პროზაზე

0

(ჩანაწერებიდან)

*
კითხვით ყოველდღე ვკითხულობ. ვკითხულობ, ცხადია, პოეზიასაც და სხვა სახის ლიტერატურასაც, მაგრამ ძირითადად – პროზას. საერთოდაც, პოეტად რომ შედგე, საამისოდ, პოეზიის კითხვაზე უფრო მეტად, პროზის კითხვაა საჭირო, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ავითარებს კოგნიტიურ-იმაგინაციურ უნარებს.

*
იყო დრო, როცა ყველა დაწყებული წიგნი – იმის მიუხედავად, მომეწონებოდა თუ არა – ბოლომდე მიმყავდა. ბოლო წლებია, ასე აღარ ვიქცევი. პროზის ხარისხის დასადგენად პირველივე გვერდის თუ – არა, პირველი ორი გვერდის წაკითხვა სრულიად საკმარისია ჩემთვის. სულ რამდენიმე წუთი სჭირდება იმის დადგენას, რამდენად ფლობს ხელობას ავტორი.

*
თანამედროვე ქართული პროზა სრულიადაც არ გახლავთ ამოვარდნილი მსოფლიო პროზის კონტექსტიდან – არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში დღეს მიღებულ სტანდარტს. ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიო პროზაა დეკადანსის ფაზაში. ამ დეკადანსის პროექციაა ხარისხი – მსოფლიოშიც და, ცხადია, ჩვენშიც. იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ მსოფლიოში და ჩვენში მაღალი ხარისხის პროზა არ იწერება, ცხადია, იწერება, ოღონდ – ძალიან ცოტა. ჩვენ გვყავს სულ რამდენიმე – თანამედროვეებს ვგულისხმობ – ისეთი მწერალი, ვისზეც დაურიდებლად იტყვი, რომ ბრწყინვალე მწერალია, თუმცა ზოგადი დონეა დაბალი. ხსენებული ბრწყინვალე მწერლების გვერდით, ყალბი და კონტროვერსიული პარადიგმების გამო, ისეთი მწერლები არიან გაპიარებულნი, რომელთა პროზაული შესაძლებლობანი საშუალო დონეს ძნელად თუ აღემატება.

*
ერთხელ ერთმა კლასიკოსმა პოეტმა მითხრა თავისივე თაობის მეორე კლასიკოსი პოეტის პროზაულ ტექსტებზე: „- ჩალაა!“. აი, ეს მონოლექსიკური, უზუსტესი შეფასება მახსენდება ხოლმე, როცა წავიკითხავ თანამედროვე ქართული პროზის მორიგ, უკიდურესად გაპიარებულ ნიმუშს – ვერც იმას იტყვი ცალსახად, რომ ცუდია, ვერც იმას – რომ კარგია, სადღაც შუაშია, წყალწყალაა, „ჩალაა“, არადა, რამდენიმე ენაზეა თარგმნილი და გამოცემული, აქაც უკიდურესად პოპულარულ-პრემირებულია… დაახლოებით ოცდაათი წლის წინ ამ დონის პროზა გამოსაცემად რომ შეგეთავაზებინა რომელიმე უცხოური გამომცემლობისთვის, უკეთეს შემთხვევაში – დელიკატურ უარს გეტყოდნენ, უარეს შემთხვევაში კი – თავზე გადაგახევდნენ, მაგრამ დეკადანსია მეთქი… ცხადია, ეს დროებითია, ხარისხი ოდესმე ისევ აიწევს და ლიტერატურის ისტორიის მორიგ კურიოზად დარჩება ზოგიერთი დღევანდელი პროზაული ტექსტის უსაზღვრო პოპულარულობა. სულ რამდენიმე პროზაიკოსია დღეს ჩვენში, ვისზეც თავს დავდებ, რომ თუნდაც ორმოცდაათი წლის მერეც წაიკითხავენ.

*
რომანის კულტმა და პროზის მცირე ფორმების მარგინალიზებამ მოიტანა დრამატული შედეგი: მწერლები თავგამოდებით ცდილობენ სამოთხრობე თემების გარომანებას. თემა და ამბავი, რომელიც, კომპაქტურობის შემთხვევაში, შეიძლება, გადასარევიც ყოფილიყო, ხელოვნურად არის გაწელილი და გაფუჭებული… ეპიზოდს (ეპიზოდებს), რომლის დიეგეტური (პლატონის გაგებით) გადმოცემაც რამდენიმე სიტყვითაა შესაძლებელი, ავტორი უმოტივაციო მიმეტურობით (პლატონისვე გაგებით) წელავს – რამდენიმე გვერდის მანძილზეა გადაშლილი სრულიად უმოტივაციო, არაფრის მომცემი, ურეგლამენტო დიალოგი/პოლილოგი. ამას ავტორი აკეთებს ერთადერთი მიზნით: გვერდები უნდა შეავსოს როგორმე. როცა მსგავს პრიმიტიულ ყალთაბანდობას ხედავ, რატომ უნდა გააგრძელო იმ რომანის კითხვა?! დიდი პროზა მთავარის თქმის ხელოვნებაა.

*
დიდ პროზას სამი კომპონენტის – ნარაციის, დესკრიფციის და დიალოგი/პოლილოგის თანაბრად მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, მათი მოტივირებული მოდულაციები განაპირობებს (სხვა ნარატოლოგიური ხერხები, უბრალოდ, ქვედინებებია). დიდი მწერალი არის ის, ვინც ამ სამ კომპონენტს ერთნაირი ხელოვნებით ფლობს და საჭიროებისამებრ – ტექსტის შინაგანი ლოგიკითა და დინამიკით – იყენებს მათ.

*
„გაცილებით რთულია, დაწერო რომანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ავტობიოგრაფიასთან და რომლის გმირებსაც თავისთავადი ხასიათი აქვთ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. სწორედ ესაა ნამდვილი რომანი, როგორსაც ჩვენ ვხვდებით ბალზაკთან, სერვანტესსა და სხვა მწერლებთან. იგი იბადება მაშინ, როცა შემოქმედი კი არ ბატონობს თავის ქმნილებაზე, არამედ ქმნილება შემქმნელზე. შემოქმედების პროცესი აიძულებს თითოეულ გმირს, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი ბედი და ცხოვრება“, – ამბობს ერთ ინტერვიუში მიგელ ანხელ ასტურიასი, ეს ასპროცენტიანი შეფასებაა. ყველა ხარისხიან რომანს თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს, თავისით ვითარდება, ავტორი, უბრალოდ, აღმწერია. არიან მწერლები, რომლებიც რომანის წერის განმავლობაში სხვების ტექსტებს არ კითხულობენ ზემოქმედების შიშით, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია – როცა ლეპტოპს ვშლი რომანის წერის გასაგრძელებლად და ბოლო წინადადებას ვკითხულობ, საიდანაც წერა უნდა გავაგრძელო, უკვე ტექსტში შევდივარ და ყველაფერი გარეთ რჩება, მათ შორის – თუნდაც ხუთი წუთის წინ წაკითხული – ნებისმიერი სხვა მწერლის პროზა.

გრავიტაცია – სამყაროს უხილავი არქიტექტორი

0

ინტერდისციპლინური სასწავლო კვლევითი პროექტი

გრავიტაცია წარმოადგენს ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ძალას, რომელიც განსაზღვრავს მატერიის მოძრაობას და სივრცე-დროის სტრუქტურას. იგი არა მხოლოდ ციური სხეულების მოძრაობის განმაპირობებელია, არამედ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დედამიწაზე არსებული ფიზიკური, გეოგრაფიული, ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების წარმართვაში. პროექტი „გრავიტაცია – სამყაროს უხილავი არქიტექტორი“, მიზნად ისახავს ამ ფუნდამენტური ურთიერთქმედების ინტერდისციპლინარულ გააზრებასა და მისი გავლენის განხილვას სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინის ჭრილში.

პროექტი ინტეგრირებულია საბუნებისმეტყველო საგნებთან, მათემატიკასთან და ინგლისურთან. მათემატიკის ფარგლებში შესაძლებელია განხილულ იქნას ფუნქცია, კვადრატული ფუნქცია, კეპლერის კანონები, შესაბამისი მათემატიკური განტოლებები და გრაფიკები. რაც შეეხება ინგლისური ენის პროექტში ჩართვას, ეს საჭიროა უცხოურ სტატიებზე სამუშაოდ.

ვრცლად…

კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა სასკოლო განათლებაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონკრეტული ამოცანის გადაჭრასთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა: ანალიზი, დასკვნის გამოტანა, დისკუსია, არგუმენტირებული მსჯელობა. ზემოხსენებული უნარები მაღალი სააზროვნო უნარებია, მათი განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის მხოლოდ დაზეპირება-დამახსოვრებას. აზროვნების განვითარება შესაძლებელია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმართავს მასწავლებელი სასწავლო პროცესს. მან მოსწავლეებს უნდა უბიძგოს, იფიქრონ, არა მხოლოდ – რა მოხდა, არამედ – რატომ მოხდა. მოსწავლის კრიტიკული აზროვნების აქტივაციისათვის მასწავლებელი გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობას უნდა ახორციელებდეს, რომლის დროსაც მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიას, მსჯელობას, საკუთარი აზრის დასაბუთებასა და მყარი არგუმენტების მოტანას. ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალფეროვან სააზროვნო მოქმედებებში მოსწავლეთა ჩართვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ სასწავლო მასალაც იძლევა ამის საშუალებას. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება. ეს უნარი მოსწავლეებში განსხვავებული ხარისხით არის განვითარებული და ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება, თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის წარმოდგენა და დასაბუთება უჭირთ.

სხვადასხვა წელს ჩატარებული ავტორიტეტული და საერთაშორისო მასშტაბის კვლევებზე დაყრდნობით, როგორიცაა PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) PISA (Programme for International Student Assessment) (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2020), განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ მოზარდებში ზოგადად წიგნიერების დონე გაუარესებულია, საქართველო ამ კვლევების შედეგებში ფაქტობრივად ბოლო ადგილებს იკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ტექსტის გააზრება, არგუმენტირებული მსჯელობა და კრიტიკული აზროვნება უჭირთ (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019).

PIRLS-ის კვლევაში საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში მოსწავლეთა საშუალო მიღწევის დონე გაუმჯობესებულია – ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს. მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დაბალი საფეხურისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებასაც ვერ ახერხებს. საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ტექსტის გააზრება-ინტერპრეტაციაზე, კრიტიკულად შეფასების და ცოდნის ინტეგრირების უნარებზე (ხეჩუაშვილი, ბრეგვაძე, & რატიანი, 2019, გვ. 186).

ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის წამოჭრიდან. ბავშვი განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე არსებაა, სწორედ მისი ცნობისმოყვარეობა წარმოშობს კითხვებს როგორ? რატომ? თანამედროვე მოსწავლე არის არამხოლოდ ცოდნის პასიური მიმღები, არამედ სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე. მათთვის მხოლოდ მზა ცოდნის მიწოდებით ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებას ვასუსტებთ, მოსწავლე კარგავს აქტიური აღმომჩენის როლს, რაც, თავისთავად, უკარგავს სწავლებას ხარისხს. ჯონ დიუის თქმით, ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უწევს. მასწავლებელი ღია უნდა იყოს ცვლილებებისთვის. თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და თავად არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. დაეხმაროს მათ შეცდომის დაშვების შიშის გადალახვაში, საკუთარი მოსაზრების გამოხატვაში, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის მთავარია, მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე და არა- დროზე. მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად პედაგოგმა მათ სხვათა მოსმენის უნარი, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი უნდა გამოუმუშავოს.

აზროვნების აქტივაციას ხელს სხვადასხვა მეთოდით უწყობენ. ერთ-ერთია სოკრატული მეთოდი. ამ დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს, ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის დისკუსიაში ჩაბმას. მოსწავლეებს სთხოვს, გააკეთონ დასკვნები საკუთარ არგუმენტებზე დაყრდნობით (ცენტრი, 2007, გვ. 5-8).

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიაა. ამ ტიპის სწავლებისას მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. აღნიშნულ მიდგომას სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:

  • სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ საკითხებს;
  • მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
  • მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აქტიური შემმეცნებლის როლში აყენებს. ის არის პრობლემის გადამჭრელი, ეძებს გამოსავალს და მოგვარების საუკეთესო გზას. ამგვარი მიდგომა კი ზრდის მოტივაციასა და ინტერესს. პრობლემის გადაჭრა რთული მოქმედებაა, რომელიც მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. პრობლემის გადაჭრის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა კრიტიკული აზროვნებითი მიდგომები (ჯანაშია, 2008, გვ. 5-7).

იყო დახელოვნებული კრიტიკულ აზროვნებაში, ნიშნავს, შეგეძლოს აზრების სისტემურად დაშლა, მათი ყველა ნაწილის ანალიზი, ხარისხის შეფასება და შემდეგ გაუმჯობესება. ამ პროცესის პირველი ნაბიჯი მსჯელობის ელემენტების გაგებაა. ეს ელემენტებია: მიზეზი, კითხვა, ინფორმაცია, დასკვნა, ვარაუდი, შეხედულება, კონცეფცია და მნიშვნელობა.

მსჯელობის ორი ძირითადი ელემენტია დასკვნა და ვარაუდი. დასკვნის და ვარაუდის ერთმანეთისგან გარჩევა აზროვნების მნიშვნელოვანი უნარია.

დასკვნა სააზროვნო აქტია, რომლის თანახმადაც ადამიანი აჯამებს, რომ გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვა ინფორმაცია სწორია ან ასეთად ჩანს. დასკვნები შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი, ლოგიკური ან არალოგიკური.

ვარაუდი არის ის, რაც წინასწარ გვაქვს ნასწავლი და მასში ეჭვი არ გვეპარება, რაც ჩვენი შეხედულებების სისტემის ნაწილია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეხედულებები სწორია და მათ გარემომცველი სამყაროს ასახსნელად ვიყენებთ.

ვარაუდები და დასკვნები სწორედ იმიტომ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე მოქმედება არ შეგვიძლია.

როცა მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და იმ ვარაუდებს გააცნობიერებენ, რომლებსაც დასკვნები ეფუძნება, იწყებენ საკუთარი აზროვნების კონტროლს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული აზროვნება საკმაოდ ბაზისური ჩანს, მისი დაუფლება არც ისე მარტივი პროცესია და მას ადამიანთა უმეტესობა სრულყოფილად ვერ ფლობს. ამ თემასთან დაკავშირებით უდიდესი კვლევა ჩაატარა დეანა კუჰნმა და გამოსცა თავის წიგნში – „არგუმენტაციის უნარები“ (1991). აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმეტესობამ სტიმულის შემთხვევაშიც კი, სათანადოდ ვერ გამოავლინა მსჯელობისა და არგუმენტირების ძირითადი უნარები. რადგან კრიტიკული აზროვნება ასეთი რთულია, მისი კარგად დაუფლებისთვის დიდი დროა საჭირო, მას გასროლილ ტყვიასავით სწრაფად ვერ შევისწავლით, თუმცა მისი განვითარება შეუძლებელი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღნიშნული უნარის განვითარებისას, არის მისი ტრანსფერი/გადაცემა. პრობლემა ის არის, რომ ერთ სიტუაციაში ათვისებული უნარი სხვა სიტუაციაში არ ან ვერ გამოიყენება. ეს ფაქტი კი დიდ გავლენას ახდენს კრიტიკული აზროვნების უნარზე ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტრანსფერის პრობლემის წინაშე, რადგან ის შინაგანად ზოგადი ბუნების მატარებელია. კრიტიკული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია არგუმენტების გამოყენების უნარი. არგუმენტები მტკიცებულებათა ერთობლიობაა სხვადასხვა იდეის შესახებ. იდეა შეიძლება იყოს მცდარი ან ჭეშმარიტი (ჯანაშია, 2008, გვ. 112-122).

არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – მსჯელობის დროს ჭეშმარიტების დადგენას. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის დარწმუნებას დასაბუთება სჭირდებოდა. არისტოტელეს თქმით, ადამიანისთვის აუცილებელია იმ მეთოდების ცოდნა, რომლებითაც დარწმუნებაა შესაძლებელი. არგუმენტი ნებისმიერი საკითხის განხილვის დროს აზრების მკაფიოდ და ნათლად წარმოჩენის უნარია. თუ ჩვენ დამაჯერებლად ვამტკიცებთ ჩვენს სათქმელს, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტირებულად საუბარი შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში ჩვენს პოზიციას მეტი პატივისცემით უსმენენ (ფირცხალავა, 2005, გვ. 2-10). არგუმენტაცია სწორედ ის პროცესია, რომელშიც სხვების დასარწმუნებლად ლოგიკური მსჯელობაა გამოყენებული. მსჯელობისთვის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა საკმარისი არ არის. ლოგიკური მსჯელობა იმ მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლებითაც დასაბუთებას შევძლებთ. არგუმენტი სწორედ ისეთი საბუთია, რომელიც ცოდნის დასამტკიცებლად მოგვყავს, ხოლო მსმენელს უბიძგებს, დაიჯეროს ან უარყოს გარკვეული მტკიცება. არსებობს სხვადასხვა ტიპის არგუმენტი. გარკვეულ შემთხვევებში ნათქვამის დასასაბუთებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა, მეცნიერება, აქსიომები, ანდაზები, აფორიზმები. იმისათვის, რომ არგუმენტი იყოს დამაჯერებელი საჭიროა, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, მოვუხმოთ ზუსტ ფაქტობრივ მონაცემებს, არ გამოვიყენოთ არგუმენტებად ვარაუდები, მცდარი ანალოგიები და უზუსტობები (ლომიძე, 2018).

არგუმენტირების პროცესი მოიცავს სამ ელემენტს: თეზისი, არგუმენტები, დემონსტრაცია. თეზისი ეს არის ის დასკვნა, რომლის დასაბუთებაც ხდება. არგუმენტები ეს არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც ხდება თეზისის ჩამოყალიბება. არგუმენტაციას შეიძლება ჰქონდეს წერილობითი ან ზეპირი დასაბუთების სახე. ეს არის მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის მიზანია დარწმუნება. თავად არგუმენტაციის პროცესი მოიცავს მთავარ მოქმედ პირებს – არგუმენტატორსა და ადრესატს. დემონსტრაცია ეს არის ლოგიკური კავშირი თეზისსა და არგუმენტს შორის. დემონსტრირება ნიშნავს თეზისის წარმოდგენას (ლომიძე, 2018).

მსჯელობის უნარში დახელოვნება თავისთავად გულისხმობს არგუმენტირების უნარში გაწაფულობას. აღნიშნული უნარის განვითარებას სწორედ სასკოლო გარემომ, განხორციელებულმა სასწავლო პროცესმა უნდა შეუწყოს ხელი. ბავშვები ხომ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე არიან, მასწავლებელმა კი სწორედ ამ თვისების პროვოცირება, უფრო მეტად გააქტიურება უნდა გამოიწვიოს და მზა ცოდნის მიწოდების ნაცვლად თავად მიიყვანოს მოსწავლეები პასუხების აღმოჩენამდე, გზა აღმოჩენებისკენ კი გადის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებზე – „რატომ?“„როგორ?“.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლომიძე, ნ. (2018 წლის 19 ნოემბერი). არგუმენტის რაობა და სახეები. მოპოვებული mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=19761-დან;
  2. სიმონ ჯანაშია, შორენა საძაგლიშვილი, & მზია წერეთელი. (2008). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. თბილისი: ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი;
  3. ფირცხალავა, ნ. (2005). არგუმენტაცია, არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები.თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. (2019). კვლევები. მოპოვებული;
  5. ცენტრი, ე. ს. (2007). როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. თბილისი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  6. ხეჩუაშვილი ლ.; ბრეგვაძე თ.; რატიანი (2019) გ. წიგნიერება: მეოთხეკლასელთა მიღწევები და მათზე მოქმედი ფაქტორები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...