შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

პროექტი როგორც დიდაქტიკური თამაში

0

თანამედროვე პედაგოგიკაში სულ უფრო მზარდია მიდგომა, რომელიც განათლებას არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის, არამედ შემოქმედებით, თამაშზე დაფუძნებულ პროცესად აღიქვამს.  თამაშზე ორიენტირება პროექტული სწავლების ყველაზე ემოციური ფორმაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პროექტული სწავლება არამხოლოდ კვლევისა და პროდუქტის შექმნის პროცესია, არამედ შეიძლება დიდაქტიკური თამაშის ფორმითაც წარმოვიდგინოთ. აქ ერთადაა გაერთიანებული:

  • მოტივაცია;
  • წარმოსახვა;
  • კვლევითობა;
  • სტრატეგიული აზროვნებას;
  • კოოპერაცია და თანამშრომლობა.

თავისთაბად პროექტი  როგორც დიდაქტიკური თამაში გულისხმობს სასწავლო მიზნის მიღწევას ისეთი ფორმით, რომელიც თამაშის ელემენტებით როლები, მიზანი, წესები, სცენარი, იმიტაცია, კონკურენცია ან თანამშრომლობა – არის გაჯერებული.  ასეთი სამუშაოს დროს მოსწავლეები თამაშის სტრუქტურაში არიან ჩართული, მაგრამ რეალურად ისინი სწავლობენ, იკვლევენ, ქმნიან და აზროვნებენ, მითუფრო სწავლის ზედა საფეხურზე, სადაც  მრავალკომპინენტიანი თამაშები გვხვდება, რომელშიც ჭარბობს გონებრივი თამაშის მოქმედებები:  დაკვირვების დემონსტრირება, შედარება, ადრე შესწავლილი ინფორმაციის გახსენება, ობიექტებისა და ფენომენების კლასიფიკაცია გარკვეული მახასიათებლების მიხედვით და ა.შ.

პროექტის როგორც დიდაქტიკური თამაშის ძირითადი ნიშნებია:

კომპონენტი მისი ადგილი/გამოხატულებს პროექტში
 მიზანი პრობლემის გადაჭრა ან პროდუქტის შექმნა
 როლები მკვლევარი, დიზაინერი, რეპორტიორი, არქივარიუსი
 ინსტრუმენტები რუკა, ფოტო, ინტერნეტი, არქივები, წარსული მოვლენები
 სცენარი წინასწარ განსაზღვრული მოქმედების გეგმა
 იმიტაცია ისტორიულ პერსონაჟში შეღწევა, სიტუაციის გამეორება
 კომუნიკაცია გუნდური მუშაობა, დისკუსია
შემოქმედება ვიზუალური და ტექსტური პროდუქტების შექმნა

მაგალითად, როდესაც შეისწავლება  თემას „გრიგოლ ხანძთელი და მისი ეპოქა“, მასწავლებელმა ის შეიძლება წარადგინოს  სხვა ფორმითაც – როგორც დიდაქტიური თამაში    „ისტორიული მისია“. ამ დროს მოსწავლეები მრავალფეროვან სამუშაოში არიან ჩაფლულები:

  1. იყოფიან გუნდებად: მათგან ზოგი არის „მონასტრის მცველი“, ზოგიც – „გმირები ტაო-კლარჯეთიდან“,  ზოგი „წიგნის მინიატურისტები“ არიან და ზოგიერთი გუნდიც „ მომავლიდან მოსულები“;
  2. შემდეგ ეტაპზე თითოეულ ჯგუფს ენიჭება მისია:
  • სცენაზე გააცოცხლოს ეპოქა;
  • მოიძიოს რუკაზე ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ცენტრები;
  • შექმნას მანუსკრიპტის იმიტაცია;
  • მოამზადოს ვიდეომიმართვა მომავალი თაობისთვი
  • და ა.შ.
  1. საბოლოო პროდუქტად შეგვიძლია მივიღოთ  საერთო გამოფენა ან სცენარიზებული წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, ტექნოლოგიას და აუცილებლად – გუნდურობას.

როგორ უწყობს ხელს ეს მიდგომა სწავლას?

  • მცირებს მოსწავლეთა სტრესს, შიშს შეცდომის წინაშე – რადგან თამაში ქმნის უსაფრთხო სივრცეს ექსპერიმენტისათვის;
  • ზრდის მოტივაციას – მოსწავლეები თავად ხდებიან პროცესის შემოქმედნი;
  • ხელს უწყობს ინტეგრირებულ აზროვნებას – სხვადასხვა საგანობრივი ცოდნა და უნარები  ბუნებრივად ერთიანდებიან  მიზნის მისაღწევად;
  • ამაღლებს მოტივაციას –    მოსწავლეები საკუთარ თავს აღიქვამენ როგორც „მოქმედი გმირები“;
  • ეხმარება ღირებულებებ ფორმირებაში – თამაშში ჩართულებს უყალიბდებათ   პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის და კულტურული მგრძნობელობის უნარები, ეპოქის თანაგანცდა.

პროექტი  როგორც დიდაქტიკური თამაში სასწავლო პროცესის ჰუმანიზებული და შემოქმედებითად გამდიდრებული ფორმაა. ის:

  • აკავშირებს თამაშს და სწავლას;
  • აძლევს ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას;
  • ქმნის ინტელექტუალური სიამოვნების განცდას;
  • ასწავლის მოქმედებით, პრაქტიკით და მონაწილეობით.

ფაქტობრივად  მოსწავლე არ „იღებს“ ცოდნას, არამედ თვითონ პროდუქტის  შექმნის პროცესში შეიმეცნებს მას. სწორედ ასეთია ეფექტური და ღირებულებით დატვირთული სწავლებაც!

ამ უპირატესობის გამო ის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლის სამივე საფეხურზე.

განვიხილოთ სასწავლო პროექტი  დიდაქტიკური თამაშის ფორმატით დაწყებითი საფეხურის კურსიდან –  „ჩვენი საქართველო“.  პროექტის სახელმწოდებაა  ექსპედიცია საქართველოში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა ინტეროეგრირებულად შეისწავლონ საქართველოს რეგიონული მემკვიდრეობა, იმუშაონ გუნდურად, გამოავლინონ კვლევითი და შემოქმედებითი უნარები, შეიტანონ  საკუთარი წვლილი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.

აღნიშნული პროექტის ეტაპებია:

  1. გუნდების ჩამოყალიბება და რეგიონების განაწილებათითოეულ გუნდი წარმოადგენს ერთ ისტორიულ-კულტურულ რეგიონს:
  • იმერეთს;
  • რაჭას;
  • ლეჩხუმს;
  • კახეთს;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთს;
  • სამცხე-ჯავახეთს;
  • ტაო-კლარჯეთს;
  • ქართლს;
  • აჭარას;
  • აფხაზეთს.
  1. როლების გადანაწილება გუნდში:
  • ისტორიკოსი;
  • გეოგრაფი;
  • დიზაინერი (მაკეტი, სიმბოლო, დროშა);
  • პრეზენტატორი;
  • ტექსტის დამმუშავებელი (ქართული ენა);
  • IT მხარდამჭერი (ვიდეო/ციფრული პრეზენტაცია);
  • კულტურის წარმომადგენელი (ტრადიციები, კულინარია).
  1. ვლევის ეტაპი (სამუშაო ინსტრუქცია)

თითოეული  გუნდი ვალდებულია:

  • მოიძიოს ისტორიული ცნობები რეგიონის შესახებ;
  • შეადგინოს მარშრუტი რუკაზე;
  • მოძებნოს ლეგენდები, ხალხური თქმულებები;
  • შექმნას ვიზუალური მასალა;
  • მოამზადოს კედლის გაზეთი ან ელექტრონული პრეზენტაცია;
  • გადაიღოს ვიდეო-გიდი ან გააკეთოს 3D მაკეტი;
  • წარმოადგინოს ტრადიციული კერძი ან სხვა  ეთნოგრაფიული ელემენტი.
  1. შემოქმედებითი პრეზენტაცია ექსპედიციების მუზეუმი
  • კლასის/სკოლის სივრცეში ეწყობა ინტერაქტიული პრეზენტაცია;
  • მოსწავლეები იცავენ თავიანთი გუნდის ნამუშევარს;
  • ჟიური  წარმოდგენილ მასალას  აფასებს შემდეგ კრიტერიუმებით:
    • შინაარსობრივი სიზუსტე;
    • მრავალფეროვნება;
    • შემოქმედებითობა;
    • გუნდური მუშაობა;
    • რეგიონზე ზრუნვა/შესაბამისი მინიშნებები.

აღნიშნული პროექტის დროს  გამოიკვეთება ინტეგრირებული საგნები და უნარები:

საგანი ინტეგრაცია
ისტორია რეგიონული მემკვიდრეობის კვლევა
გეოგრაფია რუკების შედგენა, მარშრუტების დაგეგმვა
ქართული ენა და ლიტერატურა ლეგენდების დამუშავება, ტექსტის წარდგენა
ხელოვნება დიზაინი, მაკეტი, სიმბოლო
ინფორმაციული ტექნოლოგიები პრეზენტაცია, ვიდეო, ფოტო
სამოქალაქო განათლება მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობა

დასასრულს მოხდება  შეფასება და უკუკავშირი. შესაძლებელია თვითშეფასების ფორმების გამოყენებაც:

  • რა  ისწავლეს?
  • რა იყო ყველაზე საინტერესო?
  • როგორ იმუშავა ჯგუფმა?
  • როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას?

სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტის გაგრძელება  ფართო ფორმატით – სასკოლო კვირეულის ან  კონკურსის სახით,  ან ონლაინ პლატფორმაზე გაზიარებით.

პროექტული სწავლება დიდაქტიკური თამაშით  რალურად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შესაძლებლობა,  რომელიც მოსწავლეს ეხმარება   საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.

მშობლები სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის

0

სკოლებში სისუფთავის დაცვა სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს, სისუფთავის დაცვის სანიმუშო პრაქტიკა ბევრ სკოლაში არ გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევა ადასტურებს, რომ სკოლების გარკვეული ნაწილი სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისას სირთულეებს აწყდება. ამავე ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული სიტუაციის განმაპირობებელი მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს: ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას, პასუხისმგებლობის განაწილების მხრივ ხარვეზებს, სველი წერტილების მოწესრიგებაში ჩართული ადამიანური რესურსების ნაკლებობას და მათი შრომის ანაზღაურების სიმცირეს. გამოწვევად რჩება მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის საკითხიც.

სპეციალისტების დასკვნით, უსაფრთხო სანიტარიული სისტემების არარსებობა ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. სველი წერტილით სარგებლობისაგან თავის შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა (მაგ., შეუკავებლობა), საშარდე გზების ინფექციები და სხვა დაავადებები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სათანადოდ აღჭურვილი, მოხერხებული, პრივატული, დაცული, სუფთა და საზოგადოების კულტურული განვითარების დონისთვის შესაფერისი ტუალეტების მოწყობა ყველა სკოლაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო პრაქტიკის სწავლება, მოსწავლეთა მოტივირება, მოუფრთხილდნენ გარემოს, თავადაც დაიცვან ჰიგიენის წესები და თანატოლებშიც გაავრცელონ სასარგებლო ქცევითი მესიჯები. ამ მიზნის მისაღწევად კი სკოლისა და ოჯახის გაერთიანება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, კარგი იქნება, დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანია თავად მოსწავლეთა და მათი მშობლების მონაწილეობით. ოჯახის ზრდასრულ წევრებს უდიდესი გავლენა აქვთ ბავშვებზე. მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის გაუმჯობესებისთვის.

კამპანიაში შემავალი აქტივობების მიზანი უნდა იყოს, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს მათი ჯანმრთელობისთვის და დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ ყოფნა. ასეთი კამპანია დაუკავშირდება კანონის უზენაესობის პრინციპს და წესების დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას.

სასკოლო საკითხზე ცნობიერების ამაღლების კამპანია სკოლის წიაღში უნდა დაიგეგმოს. სასურველია, ინიციატივა სკოლის წარმომადგენლებს ეკუთვნოდეთ და ორგანიზებასაც ისინი უწევდნენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაგეგმვის პროცესშივე მონაწილეობდნენ აქტიური უფროსკლასელები და მშობლები. მრავალფეროვანი საორგანიზაციო ჯგუფის არსებობა განაპირობებს იმას, რომ კამპანია ყველა კატეგორიის მოსწავლეს მისწვდება, რაც სასურველი შედეგის წინაპირობაა.

საინფორმაციო კამპანიის აქტივობები შეიძლება ყველა სკოლაში სხვადასხვანაირად ჩატარდეს, იმისდა მიხედვით, რა ტიპის პრობლემა დგას სკოლაში და რისი გაუმჯობესება გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკობრივი შესაძლებლობები და თავისებურებები, ასევე – მშობელთა წარმოდგენები, სურვილები და რესურსები.

მშობელთა გამოკითხვა

გონივრული იქნება, კამპანიის დასაწყისში ჩატარდეს მშობელთა გამოკითხვა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს. კითხვარისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები:

  • გთხოვთ, გაგვიზიაროთ, რა ინფორმაციას ფლობთ სკოლის სველიწერტილების შესახებ:

o          სველ წერტილებში არის ხელების დაბანის შესაძლებლობა.

o          სველ წერტილებში არ არის ხელების დაბანის შესაძლებლობა.

o          სველი წერტილები სუფთაა.

o          სველი წერტილები სათანადოდ არ სუფთავდება.

o          სველ წერტილებში მუდმივად არის საპონი და ქაღალდი.

o          სველ წერტილებში ხშირად არ არის საპონი და ქაღალდი.

o          საპირფარეშოს კაბინის კარი იკეტება და უსაფრთხოა.

o          საპირფარეშოს კაბინის კარი არ იკეტება.

  • გთხოვთ,კომენტარის ველში მიუთითოთ, რას გააუმჯობესებდით სკოლის სველ წერტილებში:

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  • თქვენი აზრით, რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებს სკოლაში?

o          იცავენ

o          არ იცავენ

o          არ მაქვს ინფორმაცია

  • რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებსშინ?

o          ზედმიწევნით იცავენ

o          ნაწილობრივ იცავენ

o          არ იცავენ

  • თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ ბავშვებიმოუფრთხილდნენ სკოლის ინვენტარს და შემცირდეს ვანდალიზმის ფაქტები სველ წერტილებში?

————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

  • თუგსურთ, დაგვეხმაროთ ბავშვებისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვის სწავლებაში, გთხოვთ, მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე აქტივობა:

                     მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და წვლილი შევიტანო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიის შინაარსის შექმნაში.

                     მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა დისკუსიაში „ვის რა როლი გვაქვს სკოლაში ჰიგიენის დაცვის საქმეში“.

                     ვარ პროფესიით ექიმი და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

                     ვარ პროფესიით იურისტი და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს სკოლაში არსებული წესების დაცვის აუცილებლობაზე.

                     ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია დისკუსიის ფასილიტაცია სასკოლო ვანდალიზმზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე.

                     ვარ აქტიური მოქალაქე და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის სწორი ჰიგიენური ქცევა სისუფთავის შენარჩუნებისთვის.

                     ვმუშაობ გარემოს დაცვის სფეროში. შემიძლია, ვესაუბრო ბავშვებს სუფთა და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.

                     ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. შემიძლია, ვესაუბრო ბავშვებს ჰიგიენის ნორმების დარღვევასა და ინფექციური დაავადებების გავრცელებას შორის კავშირზე.

                     ვარ მხატვარი/გრაფიკული დიზაინერი და შემიძლია, დავეხმარო ბავშვებს პოსტერების შექმნაში.

                     შემიძლია, ორგანიზება გავუწიო სკოლაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ვიზიტს, რომ შეხვდნენ ბავშვებს და განიხილონ ჰიგიენის დაცვის საკითხები.

                     შემიძლია, დავეხმარო ორგანიზატორებს და შევასრულო მცირე დავალებები საერთო მიზნისთვის.

                     შემიძლია, წელიწადში ერთხელ შვილთან ერთად მონაწილეობა მივიღო სკოლის დასუფთავებაში.

გამოკითხვის შედეგები წარმოაჩენს მშობელთა რესურსებს, სურვილებსა და დამოკიდებულებას, რაზეც შეიძლება დანარჩენი აქტივობები დაშენდეს.

დისკუსია კლასებში

სასურველია, ყველა კლასში ერთდროულად ჩატარდეს დისკუსია, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი ერთობლივად გაუძღვებიან. სადისკუსიო შეკითხვებად შეიძლება განვიხილოთ:

  1. როგორ გარემოში მომწონს ცხოვრება?
  2. როგორ გავხდე სკოლაში წესრიგისა და სისუფთავის თანამონაწილე?
  3. რას ვგრძნობ, როცა საპირფარეშო არ არის სუფთა?
  4. რატომ დგას ეს პრობლემა ჩვენ სკოლაში და რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასაჭრელად?

დისკუსიაში მონაწილე ბავშვები არაერთ საინტერესო იდეას წამოჭრიან, რომელთა შორისაც რამდენიმეს მაინც მომდენო ერთი თვის განმავლობაში განახორციელებენ. ამ ყველაფრის ორგანიზებასა და მონიტორინგში კი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ფასილიტატორი პედაგოგი და მშობლები. ეს შეიძლება იყოს კედლის პოსტერების მომზადება, უფროსკლასელების შეხვედრა უმცროსკლასელებთან, საინტერესო ადამიანის მოწვევა და მასთან საუბარი, ექსპერიმენტის ჩატარება და სხვ.

ჰიგიენური ქცევის წესების განხილვა

სკოლაში ჰიგიენური ქცევის წესებს რეგულარულად განიხილავენ პედაგოგები, თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ყველა მხარის მონაწილეობით იშვიათად ხდება. წესების განხილვას უმეტესად დიდაქტიკური ხასიათი აქვს და ბავშვებისთვის მოსაწყენია. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო ცოცხალი და, რაც მთავარია, შედეგიანი გახდეს, კარგი იქნება სკოლის ჩარჩოში საჯარო განხილვის ფორმატის შემოტანა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სკოლის კურსდამთავრებული, მოწვეული სპეციალისტები და სხვა პირები. საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი საკითხი, რომელსაც მონაწილეებს წარუდგენს მოდერატორი. შესაძლოა, აჩვენოს პრეზენტაციაც, რომელშიც ახსნილი და აღწერილი იქნება პრობლემის არსი. მონაწილეებს უნდა შეეძლოთ აქტიურად საუბარი მის შესახებ. ასეთი განხილვისთვის შესაფერისი მრავალი თემა არსებობს, მაგალითად, ვანდალიზმი, სკოლის ინვენტარის დაზიანება, დაბინძურებულ გარემოში ინფექციების გავრცელების რისკი.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა არ შეიძლება სავალდებულო იყოს. ორგანიზატორების ამოცანა უნდა გახდეს ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც მოსწავლეებს დასწრების მოტივაციას გაუჩენს.

ცხადია, საჯარო განხილვის ფორმატში აკრძალული უნდა იყოს პერსონალური ინფორმაციის გაზიარება და ცალკეული პირის შერცხვენა ან გაკიცხვა. ამის შესახებ ყველა მონაწილე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. ასეთი შეხვედრის მიზანია სხვადასხვა პერსპექტივიდან საკითხის განხილვა და სასკოლო საზოგადოების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო.

სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზება მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან

ექიმებს, იურისტებს, ფსიქოლოგებს, გარემოს დამცველებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებსა და არაერთი სხვა საჭირო პროფესიის ადამიანებს სკოლაში ერთი საერთო სტატუსი აქვთ. ეს არის მოსწავლის მშობელი. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია მოიწვიოს ისინი როგორც პროფესიონალები და მისცეს შესაძლებლობა, შეხვდნენ ბავშვებსა და პედაგოგებს, გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და ამით აამაღლონ სასკოლო საზოგადოების ცოდნა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებაც. უცნობი ადამიანის სკოლაში ვიზიტი განსხვავებულ და ბავშვებისთვის საინტერესო ატმოსფეროს შექმნის. გარდა ამისა, ერთი საკითხის სხვადასხვა პროფესიულ ჭრილში განხილვა და მოსწავლეთა დაფიქრება კიდევ უფრო მიგვაახლოებს მიზანს.

მოსწავლეებისა და მათ მშობლების აქტიური მონაწილეობა და მათი ინფორმირება

სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ, დაავალონ მოსწავლეებს სკოლაში სველი წერტილების რაოდენობის განსაზღვრა, მშობლებთან ერთად დამლაგებლების გამოკითხვა იმის შესახებ, რამდენი საპონი, ქაღალდი და ხელსაწმენდი სჭირდება ყოველდღიურად ერთ საპირფარეშოს და კიდევ რა რესურსი იხარჯება სისუფთავის შენარჩუნებაზე, ისევ მშობლების დახმარებით ადმინისტრაციაში გარკვევა, ვინ და რამდენით აფინანსებს ამ ინვენტარის შეძენას, რა თანხა სჭირდება სკოლას ამ ყველაფრისთვის დღეში და წელიწადში.

ასეთი დავალებების შესრულება, გარდა იმისა, რომ დახვეწს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს, ამ საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცოდნასაც აამაღლებს, რაც შეიძლება რესურსების მოფრთხილების წინაპირობად იქცეს.

მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით სკოლაში ჰიგიენის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის კიდევ მრავალი აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. კამპანია ყველაზე ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაერთვებიან ის ადამიანები, რომლებსაც ეს პირადად ეხება. მრავალფეროვანი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და იმუშავებს მოსწავლეებისთვის დადებითი ჰიგიენური ჩვევების გამომუშავებაზე, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ზღაპარი ჩვეულებრივ და სხვანაირ კარტოფილებზე

0

(საზაფხულო საკითხავი ბავშვებისთვის ომიანობის ხანაში)

ეს პაწაწინა კარტოფილის საყვარელი დრო იყო. როცა მიწა ოდნავ გათბებოდა, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში ორმოს ამოთხრიდნენ და კარტოფილის პაწია ბოლქვს სულ ციმციმ ჩააბრძანებდნენ.

მერე იძინებდა, ისვენებდა, სულს მოითქვამდა, რაღაცისთვის ემზადებოდა. ნელა-ნელა ყველაზე დიდი საოცრება ხდებოდა – მიწითა და წყლით ნაკვები, ლოყებშეპუტკუნებული კარტოფილი სასიცოცხლო წვენით ივსებოდა. ჯერ ფესვს გამოუშვებდა ფრთხილად, მერე – ლერწს, ჯერ – გამჭვირვალეს, უღონოს. თანდათან უფრო და უფრო მოღონიერდებოდა, სუსტ ღერს მიწაში გააძვრენდა, ნელ-ნელა გაარღვევდა ბნელს და ბოლოს მზის ულამაზეს შუქსაც იხილავდა. მერე იწყებოდა და იწყებოდა: ზრდა, გალამაზება, უნაზესი, გამჭვირვალე ყვავილებით ყვავილობა – და ერთი ბუთქუჩა კარტოფილი ბევრად იქცეოდა.

ჰოდა, სწორედ ეს დრო იყო. ბუთქუჩა კარტოფილი მიწაში გაიზმორა, გაიზმორა და ფესვი გამოუშვა. დაისვენა, მერე კიდევ ერთხელ სცადა, კიდევ დაისვენა, მერე კიდევ…

უცებ ფესვი რაღაც ცივს შეეხო. დამფრთხალმა, სასწრაფოდ უკან გამოსწია, მაგრამ შიში დიდხანს არ გაგრძელებულა – ეს მისი მიწა იყო, მისი სახლი. ალბათ გვერდით კიდევ ერთი კარტოფილიაო, გაიფიქრა.

ფრთხილად გაიწვდინა ფესვი და კარგად მოსინჯა საგანი, რომელმაც შეაშინა. ეს რანაირი კარტოფილი იყო! ფორმა კარტოფილისა ჰქონდა, კანი კი – ცივი, მაგარი, ლითონივით. ეს რა უცნაური რამეაო, იფიქრა კარტოფილმა, მაგრამ ამ დაუპატიჟებელი მეზობლის გამო თავის მთავარ საქმეს ხომ არ შეწყვეტდა? ფესვები და ღერო უნდა გაზრდოდა, მიწას მოსდებოდა, გაძლიერებულიყო, გამრავლებულიყო, ეყვავილა… ამიტომ ერთი-ორჯერ სცადა მეზობელთან გამოლაპარაკება, მაგრამ მან რაღაც ჩაიბურდღუნა გაურკვევლად. უკმეხი იყო და უზრდელი.

კარტოფილი კი ცნობისმოყვარე იყო. ფესვი კიდევ გაუშვა და კიდევ ერთხელ სცადა მეზობელთან დალაპარაკება, მაგრამ იმ უკმეხს ერთი სიტყვა არ უთქვამს.

მაინც ვინ არის? კარტოფილი? რომელიმე სხვა ბოსტნეული? არც ჭარხალს ჰგავს, არც თალგამს, სტაფილოს ხომ მით უმეტეს.

გვიან ღამით, როცა უკმეხ მეზობელს ღრმა ძილით ეძინა, კარტოფილმა თავისი ლერწი კიდევ ერთხელ გაუშვა მისკენ, შეუღუტუნა, შეუხიცინა, მაგრამ შენც არ მომიკვდე – მეზობელი თითქოს უსულო საგანი იყო, ცხვირიც არ შეუბეტყავს. კიდევ შეუხიცინა, იქნებ თვალები გაეხილა, რამე ეთქვა, მაგრამ რკინის ბოსტნეულმა ერთი ჩაიბუზღუნა, გადატრიალდა და ძილი გააგრძელა.

ცნობისმოყვარე კარტოფილმა ვერაფრით მოისვენა. ხან მახრა მიუგზავნა მეზობელს, ხან ჭიაყელა, ხანაც ცუანა ჭია, იქნებ სუნმა მაინც შეაწუხოსო… რკინის ბოსტნეული არც კი იმჩნევდა ცნობისმოყვარე მეზობელს, იწვა გადრუნჩული და ეძინა.

კარტოფილი  კი იზრდებოდა. ახლა ერთი ფესვი კი არა, ფესვების მთელი ბადე ჰქონდა, ერთი ღერო კი არა, ღონიერი ღეროების მთელი კონა. ბოლოს ყვავილობის დროც მოვიდა და ისეთი ლამაზი ყვავილებით აყვავდა, უბრალო კარტოფილი რომ იყო, ვერაფრით მიხვდებოდი.

მეზობელს ისევ აკითხავდა, ოღონდ ის ისევ ისე, უძრავად იწვა და ზედაც არ უყურებდა.

როცა ბავშვები კარტოფილის ამოსაღებად მივიდნენ, მისი ფესვების ბადეში გახვეული უცნაური რკინის ბოსტნეული იპოვეს. რამდენიმე ლერწს ბოსტნეულის შიგნითაც შეეღწია. მის რკინის ზურგზე მოთავსებული მავთული მახრას დაეხრა, მუცელი კი მთლად დაჟანგებოდა.

ბავშვებმა უცნაური ბოსტნეული კარტოფილით სავსე კალათაში ჩადეს და შინ წაიღეს.

ბოსტნეული მხოლოდ ბაბუამ იცნო, ხელებაკანკალებულმა ამოიღო კალათიდან და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ნახა, რომ ხელყუმბარა გაფუჭებული იყო, დაჟანგებული, მიწიანი, ერთიანად გაშავებული და კარტოფილის ფესვებშემოხვეული.

ვერავინ მიხვდა, რომ კარტოფილმა, რომელიც ახლა ბანზე იყო გაფენილი და, დასათესად გადარჩეული, მზეზე  შრებოდა,  ბავშვები გადაარჩინა. იმდენი უჩხიკინა საშიშ ბოსტნეულს, რომ მთლიანად მოშალა.

 

 

34. 11. მესამე სურათის აღწერა (მე-11 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

 

ვაგრძელებთ სერია „სწავლის ძირის“ მე-6 და მე-7 წერილებში წარმოდგენილ სურათის აღწერებს. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ანბანის მომდევნო ხუთ ბგერაზე: , , , , .

ეს არის ილუსტრაცია „ბავშვები მაღაზიაში“, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

თავდაპირველად მოკლედ შევაფასოთ ილუსტრაცია წინა წერილში შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით:

კრიტერიუმი დასაბუთება
შეესაბამება პირველკლასელთა ინტერესებს და ცოდნას. ილუსტრაციაზე „ბავშვები მაღაზიაში“ ასახული სიტუაცია ნაცნობია ბავშვებისთვის, შეესაბამება მათ ინტერესებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მათ შეუძლიათ, უკვე დამოუკიდებლადაც შეიძინონ მაღაზიაში სასურველი რამ.
ადვილად „იკითხება“, მკაფიოა მასზე ასახული სიტუაცია. ილუსტრაციაზე ასახული სიტუაცია ნაცნობია, გასაგები, მკაფიო, მარტივი. არ არის დატვირთული ჩახლართული კომბინაციებითა და წვრილი დეტალებით.
იძლევა ინტერაქციის საშუალებას. ილუსტრაციის გამოყენებით შესაძლებელია კარგი კითხვების დასმა და კითხვა-პასუხში მოსწავლეების ჩართვა.
ასახულია ისეთი საგნები, რომელთა სახელებიც გამოგვადგება ფონოლოგიური და ფონეტიკური უნარების განსავითარებლად. ილუსტრაციაზე საგანგებოდ არის დატანილი საგნები, რომელთა სახელებიც ერთ-, ორ- და სამმარცვლიანი სიტყვებია. რამდენიმესი – ოთხმარცვლიანიც კი. აგრეთვე გათვალისწინებულია სიტყვებში ბგერათა რაოდენობა: გვაქვს ორ-, სამ-, ოთხ-, ხუთ-, ექვს-, შვიდბგერიანი სიტყვები. სიტყვების პირველი ბგერები შეესაბამება სასწავლო მონაკვეთის სამიზნე ხუთ ბგერას (, , , , ).

სანამ ამ სასწავლო მონაკვეთის (დაახლოებით ერთკვირიანი პერიოდი, თუ ის გამდიდრდება სხვა ჩართული აქტივობებითაც, მაგალითად, ლექსით, ამბით, სიმღერით, ინსცენირებით… ანუ სწავლის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე კვირა) აღწერას შევუდგებით ქვემოთ შემოთავაზებული სურათების მიხედვით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა არის მისი სამიზნე აქცენტები:

  • ზეპირმეტყველების განვითარება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა და ბგერებად დაშლა, პირველი ბგერის ამოცნობა, ბგერების გამთლიანება) გამომუშავება;
  • ფონეტიკური კომპეტენციის განმტკიცება „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ბგერებზე კონცენტრირებით;
  • კითხვისა (მთლიანი სიტყვების ცნობა) და წერის (წვრილი, ნატიფი მოტორიკის გამომუშავება) საწყისი უნარების ჩამოყალიბება.

 

სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოსლაიდები, რომლებიც სათანადო აქტივობებს ასახავს. სურათები დამზადებულია ე. წ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. აქტივობების აღწერა ერთვის შესაბამის ფოტოს. აქტივობათა ლოგიკური თანმიმდევრობა მიჰყვება წინა წერილებში გააქტიურებული ბგერების (, , და , , , ) მიხედვით შექმნილ სასწავლო მონაკვეთებს.

I ფოტო

როგორც უკვე ვთქვით, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ ილუსტრაციაზე „ბავშვები მაღაზიაში“. ილუსტრაციის წარდგენისას ინტერაქცია შეიძლება წარიმართოს ისე, როგორც წინა წერილებში აღვწერეთ. მთავარია, ეს პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდეს და მოიცავდეს თამაშისა და შეჯიბრებითობის ელემენტებსაც.

თვალი გადავავლოთ კითხვების ვარიანტებს:

  • ვინ არიან ილუსტრაციაზე?
  • სად არიან ბავშვები? როგორ ხასიათზე არიან?
  • რას აკეთებენ ბავშვები?
  • რა იყიდება მაღაზიაში?
  • რა ჩანს მაღაზიის გარეთ?
  • როგორია მაღაზია? რა სურათებია კედლებზე?
  • სად აწყვია კარტოფილი? ლიმონათი? მარწყვი?
  • რას იყიდიან ბავშვები? შენ რას იყიდიდი?

მნიშვნელოვანია, ილუსტრაციის პირველივე წარდგენისას გამოვკვეთოთ მასზე გამოსახული საგნები, მათი დასახელებისას ხაზგასმით დავმარცვლოთ ფოტოზე ცალკე გამოყოფილი თითოეული საგნის სახელი და დამარცვლითვე გავამეორებინოთ მოსწავლეებსაც (ამ და სხვა აქტივობების დაწვრილებითი აღწერა აქ არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ იდეებია მოწოდებული. ცხადია, ეს იდეები სხვადასხვაგვარად შეიძლება გაიშალოს საკლასო ოთახში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მეტი ყურადღება და დრო დასჭირდებათ იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამიზნე ბგერათაგან თ-ს, კ-ს ზუსტად აღქმა და წარმოთქმა უჭირთ ხოლმე ენის შემსწავლელებს და მსგავსი ჟღერადობის სხვა ბგერებში ერევათ).

II ფოტო

მეორე ფოტოზე შედარებით ნაკლები საგანია გამოყოფილი, რითაც იმის მინიშნება გვინდა, რომ უნდა გავითვალისწინოთ სწავლების დიფერენცირებული მიდგომები და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი ცოდნის ზედმეტი ნაკადით არ გადავტვირთოთ.

 

III და IV ფოტოები

მესამე ფოტოზე უკვე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული საგნებია.

როგორც წინა მონაკვეთების განხილვისას, ამ დროსაც უკვე მიზანმიმართულად ვანაწილებთ ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვების გამომხატველ სურათებს წინასწარ მომზადებულ სქემაში – დავყოფთ სიტყვებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

ვინაიდან ასეთ აქტივობაში ბავშვები უკვე ნავარჯიშები არიან, მათი როლი შედარებით აქტიური იქნება. შეიძლება, ჯგუფებადაც გავაერთიანოთ, დავურიგოთ სქემები და სურათები და ვთხოვოთ დავალების შესრულება, მერე კი ნამუშევრების პრეზენტაცია.

III და IV ფოტოები

როგორც ვიცით, ბევრ ბავშვს საგრძნობლად ეხმარება მე-4 სურათზე ასახული რესურსი – მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი სურათები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სასწავლო მონაკვეთში ჩვენი მიზანი უკვე ბგერებზე კონცენტრაციაა (საზოგადოდაც, ფონოლოგიურ კომპეტენციაზე მუშაობისას ბგერებია მთავარი სამიზნე), მარცვლებზე ყურადღების შეჩერება, ერთი მხრივ, გამეორება-განმტკიცებას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი ბგერებზე სავარჯოდაც ვემზადებით – განა მარცვლები ბგერებისგან არ შედგება?! თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ცალკე არ გამოვყოფთ მარცვლების ბგერებად დაშლასა და ბგერების მარცვლებად გამთლიანებაში ვარჯიშს, რასაც სრულიად ვაკომპენსირებთ ერთმარცვლიან სიტყვებზე აღნიშნული მანიპულაციების ჩატარებით.

შესაძლებელი და სასურველია რამდენიმე ისეთი სიტყვის გამომხატველი სურათის დამატებაც, რომლებიც ან წინა გაკვეთილებზეა გააქტიურებული, ან სულაც დაუმუშავებელია (ანუ მათ დამარცვლაზე არ გვივარჯიშია და ამ მხრივ უცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის). აქაც გავიმეოროთ: ჩვენ ამ წერილებში მასწავლებლებს არ მივუთითებთ, რამდენი გაკვეთილი უნდა დაეთმოს ამ სასწავლო მონაკვეთს, თუმცა ერთკვირიან პერიოდს ვვარაუდობთ.

V ფოტო

მე-5 ფოტოზე წარმოდგენილ საგნებზე ვარჯიშით ჩვენ სიტყვების ბგერებად დაშლას ვსწავლობთ. ეს სიტყვებია: თითი, თათი, თუთა, თმა, თხა, თხილი, იხვი, ისარი, ია, ირემი, კუ, კაბა, კატა, ლომი, ლეღვი, ლეკვი, მზე, მთა. შევაფასოთ ეს სიტყვები სირთულის მიხედვით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები არ არის რთული; ადვილია მათი ბგერებად დაშლაც და ბგერა-ბგერა წარმოთქმული ამ სიტყვების ამოცნობაც, გამთლიანებაც მოსწავლეების მიერ.

ვნახოთ რამდენიმე აქტივობის თანმიმდევრობა:

* მოდელირება – მასწავლებელი ასახელებს სიტყვას, უთითებს ჯერ ილუსტრაციაზე, შემდეგ ცალკე სურათს ადებს ხელს და წარმოთქვამს ცალკეულ ბგერებს: თითი – თ

* მასწავლებელი ბგერებად, დანაწევრებულად წარმოთქვამს  სიტყვებს, ხოლო მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა და დაასახელონ: თ-უ-თ-ა – თუთა, კ-უ – კუ…

* მასწავლებელი ბგერა-ბგერა წარმოთქვამს მარცვალს. მოსწავლეები გამოიცნობენ ამ მარცვალს და ასახელებენ: თ-უ – თუ, კ-ა – კა (შესაძლოა, ზოგიერთმა პედაგოგმა ჯერ ბგერა-ბგერა დასახელებული მარცვლები გაამთლიანებინოს ბავშვებს და მერე შესთავაზოს სიტყვების გამთლიანება. ნუ შევეკამათებით).

* მასწავლებელი ასახელებს პირველ ორ ბგერას, მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ და დაასახელონ სიტყვა: თ-მ – თმა, თ-ხ – თხა, კ-ა – კატა და კაბა, ი-ს – ისარი და სხვ.

* მასწავლებელი თითს ადებს სურათს და წარმოთქვამს საგნის სახელის პირველ ბგერას. შემდეგ მოსწავლეები ასახელებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ საგანს.

* მასწავლებელი უთითებს სურათზე, კიდევ ერთხელ მარცვლავს შესაბამის სიტყვას, მერე ბგერა-ბგერა შლის და წარმოთქვამს მეორე ბგერას. ამის შემდეგ მითითებული სურათის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მეორე ბგერა.

* მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ორ სურათს და ასახელებს მეორე ბგერას, რომლის მიხედვითაც უნდა გამოიცნონ სიტყვა. მაგალითად, ირმისა და ისრის სურათების ჩვენებისას ის წარმოთქვამს ბგერა „ს“-ს. მოსწავლეები უნდა მიხვდნენ რომ ეს სიტყვაა „ისარი“ და არა „ირემი“.

VI, VII და VIII ფოტოები

 

მეექვსე ფოტოზე ისევ ბგერებად დაშლაში ვარჯიშია წარმოდგენილი, ერთგვარად უფრო გათვალსაჩინოებული, და ნახატები დაჭრილია ბგერათა რაოდენობის მიხედვით. ზედა ზოლებში ნაჩვენებია ბგერათა და მარცვალთა რაოდენობა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ ერთმარცვლიან სიტყვაში შეიძლება იყოს ორი ბგერაც და სამიც (ცხადია, მეტიცაა ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, არ გადავტვირთავთ).

მეშვიდე ფოტოს მიხედვით ისევ ბგერების იდენტიფიცირებაზე ვმუშაობთ. აქაც შეგვიძლია, ზემოთ აღწერილი აქტივობების მიხედვით ვივარჯიშოთ. დავამატოთ ერთიც: კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ექნებათ ბგერების რაოდენობის მიხედვით დამზადებული ბურთულებიანი ბარათები და როდესაც მასწავლებელი დაასახელებს რომელიმე სიტყვას, ბავშვები ასწევენ შესაბამის ბარათს: ორბგერიანზე – ორბურთულიანს, სამიანზე – სამიანს, ოთხიანზე – ოთხიანს. ცხადია, პირველ ეტაპზე კლასში თვალსაჩინოდ უნდა იყოს გამოკრული მეშვიდე ფოტოს მიხედვით დამზადებული პოსტერი, ხოლო თანდათან, გაწაფვისდაკვალად, ბავშვები უპოსტეროდაც მოახერხებენ დავალების შესრულებას.

მერვე ფოტოს მიხედვით კიდევ ერთხელ ვვარჯიშობთ ბგერებზე და ვაკვირდებით სხვადასხვა სიტყვაში ბგერებისა და მარცვლების ურთიერთმიმართებას.

IX და X ფოტოები

მეცხრე ფოტოზე სიტყვები განაწილებულია პირველი ბგერის მიხედვით. პირველი ბგერის გამოყოფასა და აღქმაზე ჩვენ წინა წერილებშიც გავამახვილეთ ყურადღება. შესაბამისად, ეს ნაწილი ადვილად დასაძლევი იქნება ბავშვებისთვის, თუმცა ამჯერად ცოტა მეტი გვინდა, რაც კარგად ჩანს მომდევნო ფოტოზე.

მეათე ფოტოზე თითო ბურთულა თითო ბგერას გულისხმობს, ოღონდ ამჯერად პირველი ბგერა განსხვავებული ფერით გამოვარჩიოთ და დავაკვირდეთ, რომ ზოგიერთ სიტყვაში რომელიღაც ბგერასაც განსხვავებული ფერი დასჭირდება.

XI, XII და XIII ფოტოები

მეთერთმეტე ფოტოზე ჩვენ უკვე ფრიად მნიშვნელოვან კომპეტენციას ვეჭიდებით: ხმოვნისა და თანხმოვნის გამიჯვნას. უფრო სწორად, ხმოვნის გამორჩევას სხვა ბგერათა რიგში. ამ დროს ბავშვებს შეიძლება ვუთხრათ, რომ არსებობს რამდენიმე ბგერა, რომელთა წარმოთქმაც თავისუფლად, გაგრძელებით შეგვიძლია. ვნახოთ, რომელია ასეთი ბგერა წარმოდგენილ სიტყვებში, – და მასწავლებელი თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმისას გაგრძელებით ამბობს შემხვედრ ხმოვნებს. აქვე განმარტავს, რომ ხმოვნები პოსტერზე განსხვავებული (მწვანე) ფერისაა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხმოვნის ფენომენის გასააზრებლად უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო და სწორედ ამას ემსახურება შემდეგი ფოტორესურსი.

მეთორმეტე ფოტოზე წარმოდგენილი პოსტერი საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად განვიხილოთ ქართული ენის ხმოვნები.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ წარმოთქვამს შეთავაზებულ სიტყვებს და ბგერა-ბგერა შლის. ამასთან ერთად, გაგრძელებით წარმოთქვამს თითოეულ ხმოვანს, რომლებსაც პოსტერზე მსხვილი მწვანე ბურთულა შეესაბამება:

  • მთა – მ-თ-ა – მ-თ-აააა…
  • ხე – ხ-ე – ხ-ეეეე…
  • ია – ი-ა – იიიი-აააა…
  • ლომი – ლ-ო-მ-ი – ლ-ოოოო-მ-იიიი…
  • კუ – კ-უ – კ-უუუუ…

რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ ამ მომენტში მასწავლებელი ღია შეკითხვით მიმართავს მოსწავლეებს თითოეული სიტყვის ბგერა-ბგერა წარმოთქმის შემდეგ ხმოვნის იდენტიფიცირებამდე:

– როგორ ფიქრობთ, რომელი ბგერა იქნება ამ სიტყვაში ხმოვანი?

ეს კითხვა ბავშვებს დაკვირვებისა და აღმოჩენისკენ უბიძგებს. ბოლოს, ხუთივე ხმოვნის იდენტიფიცირების შემდეგ, კიდევ ერთი კითხვის დასმა შეგვიძლია:

– ხომ არ გახსენდებათ ქართულ ენაში კიდევ რომელიმე ხმოვანი? აბა, დაუკვირდით ხოლმე სიტყვებს…

აქვე შეიძლება შევთანხმდეთ თითოეული ხმოვნის სიმბოლოთი, ღია რგოლებით გამოსახვაზეც, საიდანაც თითქოს ჰაერის ნაკადი გამოდის და ვაჩვენოთ:

  • ა იქნება მარცხნივ და ოდნავ ზემოთ მიმართული ღია რგოლი;
  • ე იქნება მარცხნივ მიმართული ღია რგოლი;
  • ი იქნება დაბლა მიმართული ღია რგოლი;
  • ო იქნება დაბლა მიმართული ორთავიანი ღია რგოლი;
  • უ იქნება მარცნივ მიმართული ორთავიანი ღია რგოლი.

ეს სიმბოლოები, რომლებიც, ფაქტობრივად, შესაბამისი ქართული ასოების გამოსახულებებია, შეგვიძლია გამოვასახვინოთ მარჯვენა ხელის ცერითა და საჩვენებლით. ა-ს, ე-სა და ი-ს მარტივად გამოსახავენ. ო-სთვის მარცხენა ხელის მიხმარებაც დასჭირდებათ, უ-ს ჩვენება კი ნამდვილად გაუჭირდებათ, ისევე როგორც მისი დაწერის დროსაც იწვალებენ თავის დროზე.

მეცამეტე ფოტო კიდევ ერთ საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს: მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რომ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანი ბგერაცაა. ვფიქრობთ, წარმოდგენილი სიტყვები და სიმბოლოები და მათზე ყურადღების გამახვილება ამის საშუალებას იძლევა.

XIV და XV ფოტოები

მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე ფოტოებიც უკვე კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის. ბარათების განაწილებით ბგერების შესატყვისი ასოების საჭირო ადგილსაც დაიმახსოვრებენ არაცნობიერად ქართული ანბანის ოთხხაზიან ბადეში. ამასთან, ამ შემთხვევაში სიტყვის საწყისი ასოს შესაბამისი ბარათი ბადეში ,,თავის ადგილზეა” მოთავსებული.

XVI, XVII და XVIII ფოტოები

ქვემოთ შემოთავაზებული სამი ფოტო, ერთი მხრივ, კვლავ წერის საწყის უნარებს ავითარებს, მეორე მხრივ კი კიდევ ერთხელ განამტკიცებს სიტყვებში ბგერების ამოთვლის ახალშეძენილ უნარს. ადვილად ვხვდებით, რომ ამ შემთხვევაში უკვე განსხვავებული, რკალის გამოსახულება უნდა მოხაზონ ბავშვებმა.

 

მეთვრამეტე ფოტოზე ბგერების გაფერადება მოეთხოვებათ, ოღონდ უკვე ხმოვანიც უნდა გამოყონ სხვა ბგერებისგან და მწვანედ გააფერადონ. კარგი იქნება ამ რესურსის დამზადება-გადატანა ბუკშიც, სადაც ბავშვები უკვე ფერებს ჩაასხამენ.

XIX და XX ფოტოები

მეცხრამეტე და მეოცე ფოტოებზე ასახულ აქტივობებსაც შეჩვეული უნდა იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, როდესაც ნახატ-წარწერიან ბარათებს შესაბამის წარწერებთან აკავშირებენ. გარდა ასეთი დავალებებისა, რომლებიც წინა ბგერების ათვისებაზე ორიენტირებულ წერილებში აღვწერეთ, მასწავლებლები მთლიანი სიტყვების ამოკითხვის უნარის გამოსამუშავებელ სხვა სავარჯიშოებსაც ვთავაზობთ ხოლმე მოსწავლეებს. კვლავ გავიმეოროთ: ამ დავალების შესრულება იმას არ ნიშნავს, რომ პირველკლასელები უკვე იცნობენ აქ წარმოდგენილ ყველა სიტყვას; წაიკითხავენ მომდევნო დღეებშიც.

როგორც ვხედავთ, ამოცანის გასაადვილებლად აქაც ე. წ. ნახატ-წარწერიანი ბარათებია გამოყენებული – ამ დროისთვის ესეც დიდი მიღწევა იქნება. მერე კი, განსაკუთრებით – საანბანო პერიოდში, ბავშვები მხოლოდ ნახატის შესაბამის წარწერასთან დაკავშირებასაც მოახერხებენ.

XXI, XXII და XXIII ფოტოები

ოცდამეერთე ფოტოს მიხედვით წარმოდგენილი დავალება ასევე ნაცნობია ჩვენი პირველკლასელებისთვის – საწყისი ბგერების მიხედვით სურათების გადაჯგუფება სვეტებში. როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, შეგვიძლია, ისეთი ნახატებიც შევთავაზოთ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გააქტიურებულა. მაგალითად, თასმა, იასამანი, კვერცხი, ლამბაქი, მაიმუნი…

ოცდამეორე ფოტოზე მოცემული დავალების მსგავსი წინა წერილებში არ გვქონია წარმოდგენილი, თუმცა მარცვლების რაოდენობის მიხედვით ნახატების ასე დალაგებაც არ იქნებოდა ცუდი:

ოცდამესამე ფოტოზე ნაჩვენებია დავალება, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეებმა სურათებს წარწერები უნდა შეუსაბამონ. ამის გამოცდილება უკვე აქვთ ჩვენს პირველკლასელებს, რაც წინა წერილებშიცაა აღწერილი.

დაბოლოს, ამ სასწავლო მონაკვეთის გამამთლიანებელი ტრადიციული დავალება: ბავშვები მცირე ჯგუფებად მუშაობენ, რათა დაამზადონ საწყისი ილუსტრაციის მსგავსი აპლიკაცია ბავშვები მაღაზიაშიშეთავაზებული რესურსების (ფერადი ფურცლები, გამოჭრილი ფიგურები, წარწერებიანი ბარათები, რეალური საგნები, ფერადი ფანქრები…) გამოყენებით. ცხადია, ამ დავალების შესრულებას სათანადო მომზადება დასჭირდება, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო რაოდენობის რესურსი. ნამუშევრების ჯგუფურ წარდგენასაც სათანადო დრო უნდა გამოუძებნოს მასწავლებელმა და უკუკავშირიც გასცეს. მთლად უკეთესი, თუ მსგავს დავალებას პირველკლასელები თავიანთ ბუკებშიც შეასრულებენ – ის შესაძლოა კლასში მუშაობისა და წარდგენის შემდეგ შინ შესასრულებლადაც მიეცეთ.

წერა – არდადეგების თავშესაქცევი

0

არა მგონია, ბავშვებისთვის არსებობდეს ზაფხულის არდადეგებზე ძვირფასი დრო, მშობლებისთვის კი იშვიათია იმაზე დიდი თავსატეხი, ვიდრე სამი თვის განმავლობაში ბავშვების დასვენების, გართობის, განვითარებისა და ახალი გამოცდილების ორგანიზება. ზაფხულში ბავშვებს გართობა და დასვენება უნდათ, მშობლებს კი იმ დანაკლისის ანაზღაურება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გროვდება და არც ამ განსხვავებული პოზიციების დაახლოებაა ადვილი. როგორც ორი თითქმის თინეიჯერი ბავშვის დედა და კიდევ უფრო მეტი მოზარდის მეგობარი, გულშემატკივარი და აქტიური დამკვირვებელი, ერთ ხრიკს გაგიზიარებთ, რომელმაც შესაძლოა ზაფხულის გრძელი დღეები უფრო საინტერესო გახადოს და უფროსებსა და ბავშვებს შორის კავშირიც გააღრმაოს.

მაშ ასე, როგორ გამოვიყენოთ წერითი სავარჯიშოები არდადეგების დროს თავშესაქცევად.

წერის უნარების განვითარებას ბევრი შრომა, ცოტა ნიჭი, ზოგჯერ – ჩარჩოები და წესები და ერთიც კარგი მიმართულების მიმცემი სჭირდება – ამ გრძელ და ზოგჯერ დამღლელ გზაზე ბავშვების დაყენება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ თუ თავგადასავალში ჩაებნენ, აუცილებლად მიხვდებიან, რომ ეს არის საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, გარე სამყაროსთან კომუნიკაციისა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის მშვენიერი პროცესი.

დავალების ოსტატურად მიცემასაც ცოდნა უნდა – მისი შესრულება დასაზარი რომ არ იყოს, ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, თითქოს არდადეგებზეც ამეცადინებენ, შეცდომების გამო გაკიცხავენ ან მოსაზრებების გამო გააკრიტიკებენ. ვამბობთ, რომ ზაფხული კარგი დროა ფიქრისთვის და ამ ფიქრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წერილობით გადმოცემის უნარების მოსინჯვაც არ გვაწყენდა, იქნებ გასართობიც კი აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია, თემები, რომლებზეც გვინდა იფიქრონ და წერონ ბავშვებმა, მათთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იყოს, მათთვის დასახული ამოცანა კი არ ჰგავდეს სასკოლო დავალებას.

შეგვიძლია, მოვსინჯოთ სწრაფი წერის სავარჯიშოები:

საუზმის შემდეგ ვთხოვოთ ბავშვებს, დაწერონ მაქსიმუმ 10 წინადადება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

 

  • წარმოიდგინე, ძალიან ცნობილი და წარმატებული ხარ – რა იქნებოდა ის, რითაც სახელს გაითქვამდი?
  • მისწერე წერილი ადამიანს, რომლის მადლიერიც ხარ, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცის.
  • მისწერე წერილი მას, ვინც დიდი ხნის წინ გაგაბრაზა, მაგრამ სათანადო პასუხი დღემდე არ გაგიცია, არც ის გითქვამს, რომ მასზე გაბრაზებული ხარ.
  • 5 რამ, რაც გინდა, რომ მოხდეს ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე.
  • თამაშები, რომლებიც შენი მშობლების ბავშვობაში რომ ყოფილიყო, მათ ცხოვრებას შეცვლიდა.
  • რაზე ისაუბრებდი, უზარმაზარ სტადიონზე საჯაროდ გამოსვლის შესაძლებლობა რომ მოგეცეს? საკონცერტო დარბაზში რომ გთხოვონ სიტყვის თქმა? სკოლის პირველ დღეს პირველკლასელებისთვის მისასალმებელი ტექტის მომზადება?
  • რა ნიჭის ქონა გინდოდა ყოველთვის?
  • რას შეცვლიდი შენს სკოლასა და სასწავლო პროცესში მომავალ წელს?
  • კარგი იქნებოდა, …-ის დრო მქონოდა.
  • წარმოიდგინე, რომ შენი ძაღლი/კატა ლაპარაკობს – რაზე ისურვებდი მასთან საუბარს?
  • აი, რაზე მინდა, უფრო თავისუფლად შემეძლოს მშობლებთან საუბარი და რაზე – არასოდეს დამისვან კითხვები.
  • ერთ დღესაც გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ წარსულში მოგზაურობის უნარი გაქვს, მაგრამ მხოლოდ შენი მოგონებების ფარგლებში – რას შეცვლიდი?
  • მომავლის გამოცნობა რომ შეგეძლოს, რა იქნებოდა პირველი 5 რამ, რის გარკვევასაც შეეცდებოდი?
  • იქ რომ არ ცხოვრობდე, სადაც ცხოვრობ, სად იცხოვრებდი?
  • წარმოიდგინე, რომ სახლში უცნობი დღიური იპოვე. რას წერს მისი ავტორი?
  • შენს საყვარელ გმირთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვინ იქნებოდა ის, ვის გაცნობასაც ისურვებდი?
  • ტყეში შეგხვდა ჯადოქარი, ცოტა საშიში და უცნაური, მაგრამ შთამბეჭდავი. მეტიც: მას შენთვის საჩუქარი აღმოაჩნდა. რა არის ის, რაც მან გისახსოვრა?
  • ერთ დღეს იღვიძებ ქალაქში, სადაც არცერთი მანქანა აღარ არის – აღწერე მომდევნო 24 საათი.

ასეთი მოკლე ტექსტები ბავშვებს საკუთარი თავისა და სურვილების გამოკვლევაში დაეხმარება, უფროსებს კი – მათ უკეთ გაცნობაში.

შეიძლება, კვირაში რამდენჯერმე, უფრო მეტად დილემურ საკითხებზე, უფრო დიდი ტექსტებიც ვცადოთ:

 

  • მშობლებს არ ესმით, რატომ არ ვკითხულობთ იმდენ წიგნს, რამდენსაც ისინი კითხულობდნენ ჩვენს ასაკში, ჩვენ კი…
  • რომელ ისტორიულ მოვლენაზე საუბრობენ ყველაზე ხშირად უფროსები თქვენ გარშემო? რომელი მოვლენის შესახებ გსურთ ჰკითხოთ მათ?
  • უნდა ჰქონდეთ თუ არა მოზარდებს შესაძლებლობა, თავად აირჩიონ სასწავლო საგნები?
  • არის თუ არა სპორტი აუცილებელი ყველა მოსწავლისთვის?
  • აქვთ თუ არა ბავშვებს ონლაინ კონფიდენციალურობის უფლება? უნდა ჰქონდეთ თუ არა მშობლებს მათი მიმოწერისა და სოციალურ ქსელებში პოსტების კითხვის უფლება?
  • აღწერეთ, როგორ ქმნიან უფროსები თქვენი თაობის სტერეოტიპებს და მათგან რომლები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად.
  • გაიხსენეთ, ვინ არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და გვითხარით, რა გავლენა მოახდინა მან თქვენზე.
  • ვისურვებდი, სკოლაში მასწავლიდნენ…
  • ისტორია მნიშვნელოვანი საგანია დღევანდელი მოზარდებისთვის თუ დროის ფუჭად კარგვაა?
  • ჩემი პირველი სამსახური მინდა იყოს…
  • სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად მირჩევნია…

ზოგჯერ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი შვილების, მოსწავლეებისა და მათი მეგობრების შესახებ, მაგრამ სულ ტყუილად – მათი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იციან, რომ ჩვენ მართლა გვაინტერესებს მათი აზრები და არ განვსჯით.

თუ ბევრი ბავშვი ჩაერთვება ამ აქტივობებში, შეიძლება, განხილვებიც მოეწყოს, ან გამოცნობის თამაშები. მაგალითად, ვინ არის ანონიმურად დაწერილი ტექსტის ავტორი? ეს დამატებით ხალისს და მხიარულებას შესძენს სავარჯიშოებს.

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #2

0

იმერეთში ხდება ასე, მხოლოდ გენიალურ იმერეთში, რომ ერთ ამბავს გიყვება კაცი და ათასი გამოდის.

ვთქვათ, ასე:

„ხოდა, მაგაზე გამახსენდა. მოკლედ, 1985 წელია, ვარ 14-15 წლის ბიჭი. გაზაფხულია. ისე, ოთმოცდახუთში იმხელა თოვლი მევიდა, ჭიშკრები დაფარა და მახსოვს, ციგებით ღობის ზეიდან ვსრიალობდით. მე ყველაზე უკეთესი ციგა მყავდა. ბაბუაჩემმა ჩამომიტანა. წითელი. მოსკოვიდან ჩამომიტანა. ცუმში ვიყიდეო. იმნაირი წითელი იყო, ახალდანთებული ცეცხლი გეგონებოდა. ჰოდა, 15 წლის ბიჭი ვარ და მოვდივარ, აგერ, ა, ზუსტად ამ ქუჩაზე. აგერ შემოსახოვს რომ ხედავ, მაქანა რომ სახლი დგას, მაგი სხვათაშორის არის სოსლიპიტო გვეტაძის. სოსლიპიტო ნიუ-ორკშია ახლა, მისი შვილი წევიდა სასწავლად და წეიყვანა. მერე ლუბაც წეიყვანა. ლუბა. ლუბა მაგარია. უფ, რა მშრომელი ქალი. შრომის გმირი გახდებოდა, ვინმე რომ ყოლოდა ცეკაში. მაშინ ცეკობია იყო და მანეთობია. მიიტანდი მანეთს და იყავი გმირი. ჰოდა, მაქანა რომ შოვუხვიე – ჟუჟანას ძველ სახლთან მივედი. მხეცაძე ჟუჟანას სახლთან. ჟუჟანა მასწავლებელი. გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ერთხელ იკითხა, მაგადასკარის დედაქალაქი რა არისო და არავინმა არ ვიცოდით. სახლში დავბრუნდი და დევიზეპირე – ანტანანარივუ. მაგის მერე მახსოვს. ანტანანარივუში თენგოიას რუსი მძახალია ნამყოფი. მაგი მარიაკია…”

და მერე ყვება გემებზე და ოკეანეებზე და თუ ძირითად ამბავს დაუბრუნდა – გზად მიმავალ გმირს, აუცილებლად შეხვდება რამე ისეთი, რაც ახალ, სხვა მოკლე ამბავს შობს და ასეა ასხმული ერთზე მრავალი. ხანაც ისე, რომ ის ერთი და მთავარი გავიწყდება. შენც და ამასაც. ეს არის იმერეთის მაგია. სიტყვის სამეფოსი.

ამაზე ვფიქრობდი და ტყიბულის ცენტრში ვიდექი. მოხუცმა კაცმა ჩამოიარა. ტელეფონმა დაურეკა. ამან, ორჯერ ხმამაღლა – „ალოო!” იმან, ალბათ – „არ გესმისო?” – და ამან: ,,მესმის, მარა, ქე რო უნდა, ისე არაო”. ეგ არის. ვინც სიტყვა იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს, მიხვდება, რომ ეს კაცი დავით კლდიაშვილი იყო. უბრალოდ თვითონ არ იცოდა.

რომ იცოდნენ, მთელი იმერეთი კლდიაშვილი და გაბრიაძე იქნებოდა.

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ბავშვებს ალბათ არასოდეს აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე. ამავე დროს, ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილებისა და ადამიანების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების შანსი მეტია, შთაბეჭდილებები კი – უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის: მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუ თავის გადარჩენისა და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რამე ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ოდნავ რთულად აღსაქმელ ტექსტში, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობა და ყურადღების გაწვრთნა. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს, რომ ეშმაკი ზოგჯერ სწორედ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ბავშვებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა, ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლებმაც შესაძლოა თქვენც გაგიხალისოთ ზაფხულის დღეები და ბავშვებსაც თქვენ გარშემო.

ერთი წუთი და ათი რაღაც

ვიღებთ რაიმე საგანს, მაგალითად, ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში, და ბავშვს ვთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც ამ საგანს ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა მას სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის

ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან: შინ, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში. ერთი მოთამაშე ამბობს, რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ხედავს. დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს: საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით აძლევს მინიშნებას სხვა მოთამაშეებს.

გარე სივრცეში ეს თამაში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

„დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი: ყოველ საღამოს ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რამაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია ან რამაც მოულოდნელად მიიპყრო მისი ყურადღება.

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რამე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებთ.

დაკვირვების მარშრუტი

შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად, მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის ჯიხური, რომელსაც სეირნობისას ხვდებით) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება (სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის შემდეგ სასუსნავის ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო დაწყვრილებით არის ისინი აღწერილი, მით უკეთესი.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე გაკეთებული აღმოჩენები ადრინდელს.

დეტექტივის დღიური

ეს უკიდურესად პირადი რამაა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – აქ ხვდება ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი ყურადღება მიიპყროს: უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშის დროს ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი ეს დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

ხალხი და ერი

0

(ჩანაწერებიდან)

ერთგან აკაკი ბაქრაძე მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და ერს. მისი თქმით, ხალხი არის მიმდინარე, არსებული პოპულაცია, ხოლო ერი – უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე. ხალხთან შეიძლება ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ერის დაკნინების უფლებას არავის მივცემო, ამბობს ის და მართალიც არის. „ქართველი ერი“ მისი არსებობის სამი ათასი წლის განმავლობაში ჩვენი სისხლისა და ხორცის საუკეთესო ნაწილის უწყვეტობას გულისხმობს და არა იმ ბიოლოგიურ ნაგავს, რომლის ერთადერთი ფუნქცია პოპულაციის გამრავლება იყო და არის.

*
ამ დღეებში ისევ გამწვავდა კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის. ისრაელის აშკარა პრევალენტურობით წარმოებულ საჰაერო ურთიერთდარტყმებს ხალხი ეწირება ორივე მხრიდან… ამ კონფლიქტში მორალისა და მინიმალური ინტელექტის მქონე ადამიანის ადგილი, ვიცით, ვის მხარესაცაა… არ მშურს, რომ ისრაელელებმა ხრიოკზე გასაოცარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ააშენეს (ეს მათ დაიმსახურეს) – ეს ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. არა, ეს არ მშურს. მე მათი ერთიანობისა მშურს, ქვეყნის შიგნით ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური ელიტა და ხალხი როგორ იკვრება ერთ მუშტად, როცა საქმე ეგზისტენციალურ საფრთხეს – გარეშე მტრებს ეხება. მშურს ამ ხალხის, მშურს, როგორ თავდაუზოგავად, ყველა (ხშირად – საკამათო და კონტროვერსიული) გზით იცავს თავს… წარმოგიდგენიათ, რისი მშურს? – იმისი, რომ ხალხს სძულს თავისი ქვეყნის მტერი! ჩვენთან ხომ მტრის სიძულვილიც გაიშვიათდა, ენდემური ჯიშის უამრავი იდიოტი რუსეთ-უკრაინის ომში იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც ბოლო ორასი წელია სისხლი გაგვიშრო და ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული, ირან-ისრაელის ომში კი იმ ქვეყნის მხარეს, რომელმაც – ლამის მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმაციით ვარსებობთ – მილიონჯერ გადაგვიარა, გადაგვთხარა, ამოგვძირკვა… რა ჰქვია ამას, სტოკჰოლმის სინდრომი?! ცხადია, არა! – ამას ჰქვია სისხლის გაწყალება, ეროვნული თავმოყვარეობისა და იდენტობის სრული ატროფია, და ეს – მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე იმ სალაფავის მიღების გზები არ ჩაიკეტოს, რომელსაც დოზირებულად, ულუფებად აწვდიან. კარგა ხანია, ჩვენში „სიფრთხილედ“ (რა მოხდენილი ევფემიზმია!) საღდება სილაჩრე. ისევ აკაკი ბაქრაძე რომ მოვიშველიოთ, დათვისთვის ბაბაიას დაძახების შესახებ ანდაზა არ უნდა იყოს მთლად ძველი, ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ მისი ფესვები.

ეს ხალხი დღეს არ აღმოცენებულა, მას ჰყავს სულიერი წინაპარი, ჩვენი ისტორია ხომ, გმირობათა ამაღელვებელ ქრონოლოგიასთან ერთად, ღალატის, ოპორტუნიზმისა და ლაჩრობის ქრონოლოგიაცაა, უბრალოდ, გულის გახეთქვამდე მძიმეა, როცა ამას საკუთარი თვალით ხედავ.

*
ახლახან ისრაელის სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფზე გადაღებული ძალიან მაგარი სერიალის – „ფაუდას“ – ყურება დავასრულე. ბოლო სეზონი სულისშემძვრელი ეპიზოდით მთავრდება: მთელი დანაყოფი დაჭრილი წევს, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის და ჩურჩულებენ: „დიდება უფალს! დიდება ისრაელს!“

*
გუშინ ჯემალ აჯიაშვილის კონგენიალური „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“ გადავიკითხე, ერთი კონკრეტული ფრაგმენტის გახსენება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ქართული ენის თეზაურუსული ფლობა (ენის ნებისმიერი დიაქრონიული შრიდან საჭირო მადნის ამოღების უტყუარი ალღო), ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების ზედიდოსტატური ფლობა და, რაც მთავარია, ლინგვისტური ოკაზიონალიზმი, მხოლოდ ამ თარგმანებისთვის შექმნილი იდიოლექტი (პოეტური ენა) – ასეთია ჩამონათვალი მთავარი მახასიათებლებისა, რომლებიც ამ შედევრალურ ანთოლოგიას ამკობს. ეს არის გაბმული სიმფონია, ლამის ლიტურგიული კონტრაპუნქტი, რომლის კითხვისას კონცეპტისთვის გონების მიდევნებას ხშირად აზრიც არა აქვს (ვერც ახერხებ), უბრალოდ, წამლეკავ დინებას უნდა მიჰყვე. მოშე იბნ ეზრას თუნდაც ეს პატარა მარგალიტი როგორია აჯიაშვილის ხელში:

მეაკვნენი და მესაფლავენი

ყოვლის მნგრეველ და ყოვლის მშენებელ

ვინ არის, ვინა? – გრგვინავს მთა-ველი…

კვლავ დავიწყების მტვერში შერევენ,

კვლავ მიეჯრება მტკაველს მტკაველი…

აქ უდრტვინველად განისვენებენ

მეაკვნენი და მესაფლავენი…

ქართულის გაკვეთილები და დამხმარე სასწავლო რესურსები

0

არავის ეუცხოება, თუ ვიტყვით, რომ განათლება ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი პროცესია, რომლის შეჩერება, ერთ ადგილზე გაყინვა შეუძლებელია. სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მასწავლებლებს ამ სიახლეების მიღება, საკუთარი ცოდნის ამაღლება და ახალ-ახალი მეთოდების ძიება გვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მორალური უფლება, ვასწავლოთ სხვას.

არც ის გახლავთ სიახლე, რომ ქართული ენა სკოლაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის – ის ერთ-ერთი ფუნდამენტია განათლებისა, შემეცნებითი და ეთიკური განვითარებისა. ამ მიმართულებით დამხმარე სასწავლო რესურსები, სახელმძღვანელოები, გრაფიკული მაორგანიზებლები, სხვადასხვა ვიზუალური და ინტერაქციული მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და მენტალურ განვითარებაში.

ძირითადი სახელმძღვანელოები მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სისტემის თავისებურებებს, სწავლა-სწავლების ძირითად მოდელს და არაერთ გამოწვევას სცემს პასუხს, თუმცა გრიფირებული სახელმძღვანელო, მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა და გათვალისწინებული საჭიროებებისა, ვერ ართმევს თავს ყველა ინდივიდუალურ საჭიროებას, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს. ამ დროს შეუცვლელი როლი ეკისრება დამხმარე სასწავლო რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მასალის უკეთ გაგებას და ინფორმაციის გადამუშავებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, გააზრებულ კითხვებზე პასუხების პოვნას, სიტყვების სწორ გამოყენებას და მეტყველების ხარისხის გაუმჯობესებას.

მაგალითად, სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გამოიყენოს მეტი ინტერაქციული აქტივობა, რაც მხოლოდ სწავლის პროცესში კი არ ეხმარება მოსწავლეებს, არამედ ლიტერატურული გემოვნების დახვეწასა და წარმოსახვის განვითარებაშიც უწყობს ხელს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძირითადი სახელმძღვანელო გრიფირების პროცესზეა მიბმული და მისი ყოველწლიური განახლება და გამოცემა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ჩვენ, მასწავლებლებმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ რესურსების შერჩევას, რომლებიც კონკრეტულ კლასში მოსწავლეთა საჭიროებებს შეესაბამება.

გარდა ამისა, დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენება ბავშვებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ ახალი სიტყვები, განმარტონ და უკეთ გაიგონ მათი მნიშვნელობა, რაც არა მხოლოდ მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, სერია „გრამატიკა და მართლწერაში“ მოყვანილია დეტალური განმარტებები და პრაქტიკული დავალებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

ტექსტის ანალიზი, საკითხის თეორიული გაგება და კითხვა-პასუხის ტექნიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააანალიზონ ტექსტები, გამოიტანონ დასკვნები და მიიღონ გადაწყვეტილებები.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის – ვიდეოები და ინტერაქციული აპლიკაციები, სასწავლო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას. ინტერაქციული პლატფორმები, რომლებიც ტესტირებასა და დავალებების შესრულებაზეა ორიენტირებული, მოსწავლის შედეგების დინამიკის გარკვევაში გვეხმარება.

გრაფიკები, სქემები და სლაიდები მხოლოდ კითხვა-პასუხის პროცესს კი არ აადვილებს, არამედ ვიზუალურ მეხსიერებასაც აუმჯობესებს. თვალსაჩინოებათა გამოყენება საშუალებას იძლევა, სწრაფად აღვიქვათ და დავამახსოვროთ ინფორმაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიები ასევე ქმნის რესურსებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ენა რეალურ კონტექსტში. ინტერნეტტესტები და საგანმანათლებლო პლატფორმები ცოდნის გამდიდრების მრავალფეროვან და უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს.

თუმცა ერთი და იგივე სასწავლო რესურსი ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ეფექტური არ არის, ამიტომ პედაგოგებს ხშირად უწევთ, მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეურჩიონ მათ საჭიროებებს მორგებული დამხმარე რესურსები. ზოგს თვალსაჩინოება უკეთ ეხმარება, ზოგს – აუდიომასალა.

არსებობს მზა რესურსებიც, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა თუ გამოცდილი ავტორი სთავაზობს მოსწავლეებს. უმეტესობა გამოცდილია ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში და დახვეწილია მასწავლებელთა უკუკავშირის მიხედვით (ასეთია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“, „გრამატიკა და მართლწერა“, „წერა და წაკითხულის გააზრება“ დაწყებითი კლასებისთვის და სხვა). ასეთი მასალის სანდოობის ხარისხიც, შესაბამისად, მაღალია. ვიწრო საჭიროებებს მორგებული სასწავლო მასალა გვეხმარება მასწავლებლებს, თითოეული ბავშვის შესაძლებლობები, ინტერესები და სუსტი მხარეები გავითვალისწინოთ და მათ მოვერგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ გამოყენებას გარკვეული გამოწვევებიც ახლავს. რესურსების არასაკმარისმა რაოდენობამ ან არასწორმა შერჩევამ შესაძლოა პრობლემები წარმოშვას. ასევე შესაძლოა, დაბრკოლებები წარმოიშვას რეგიონებში, სადაც ინტერნეტსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვდომა შეზღუდულია.

დამხმარე სასწავლო რესურსები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქართული ენის სწავლების პროცესში. მათი ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, თუ სწორად შევარჩევთ და გამოვიყენებთ მასალებს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებს უპასუხებს.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მრავალფეროვანი დამხმარე რესურსები, რათა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა გახდეს უფრო ინტერაქციული, საინტერესო, ეფექტიანი და ეფექტური.

არდადეგები

0

საზაფხულო არდადეგები დაიწყო. როგორც ყველა ბავშვს, ტიდასაც (ჩემს შვილს) უხარია, მაგრამ განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ვერ ვატყობ. ჩემთვის კი საზაფხულო არდადეგები, რომლებიც უფრო ადრე, მაისის ბოლოს იწყებოდა, წარმოუდგენელი ზეიმი იყო. თუ ზამთრის ორკვირიან არდადეგებს არ ჩავთვლით, ზაფხულის არდადეგები გახლდათ ის, რაც ღამეები მესიზმრებოდა, რაზეც ვოცნებობდი, რისკენაც ტაატით მივიწევდი… ერთი სიტყვით, ზოგადად სამყაროს არსებობის გამართლება იყო საზაფხულო არდადეგები. ახლა რომ ვუფიქრდები, ამხელა ეგზისტენციალური მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ სკოლა იყო ჯოჯოხეთი – ყოველ ნაბიჯზე შიში, რიდი, იძულება… დღევანდელ ბავშვებში სკოლის გარემოთი გამოწვეული ეს სტრესული განცდა ნაკლებადაა. იმას კი არ ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, – არა, სკოლის მასწავლებლების ოთხმოცი პროცენტი ძველი ყაიდის კონფორმისტია, – უბრალოდ, ზოგადი გარემო არ იძლევა ამ კონფორმიზმის სრულფასოვნად რეალიზების საშუალებას, ბავშვებმაც მეტი იციან საკუთარ უფლებებზე… ჰოდა, ამიტომაც არ არის ალბათ ტიდასთვის არდადეგები იმხელა სიხარული, რამხელაც ჩემთვის იყო და მადლობა ღმერთს, რომ ასეა.

როგორც აღვნიშნე, ჩემთვის საზაფხულო არდადეგები ყველაფერი იყო. ვცდილობდი, თითოეული დღის თავისუფლებით დავმტკბარიყავი. არავინ მაიძულებდა, გაკვეთილები მესწავლა და მევლო ინგლისურისა და ქართულის რეპეტიტორებთან, არავინ მაღვიძებდა დილაუთენია… კაცი ვიყავ და ქუდი მეხურა – თვითონ განვკარგავდი საკუთარ ცხოვრებას და დღის წესრიგს. ყველა იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა: ვცურავდი მდინარეში, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვხატავდი, ვძერწავდი და ვკითხულობდი იმას, რაც მინდოდა, კაციშვილი არ იყო დამშლელი. ამაზე დიდი სამოთხე, აბა, რა შეიძლება, იყოს.

აი, აგვისტოს დასაწყისში უკვე ყრუდ, სადღაც შიგნით ვგრძნობდი განგაშის ვიბრაციებს – ილეოდა არდადეგები… აგვისტოს შუიდან კი ეს ვიბრაციები ხელშესახებ სულიერ დრამად იქცეოდა ხოლმე. ერთადერთ ნუგეშად ზაფხულის გვირგვინი – ჭეჭეთობა ღამე მრჩებოდა, ქრისტიანობასთან შერწყმული ეს წარმართული რიტუალი: მარიამობის წინა ღამეს საბურავებისგან კოცონს დავანთებდით და ვახტებოდით ზედ ავსულების დასაფრთხობად. ამავე მიზეზით უფროსები სანთლის ნაჭრებს გვაწებებდნენ თმაში, ჭიშკრებზე კი რკინის ჯვრებს ჰკიდებდნენ. შუქი მაშინ არ იყო და ასე, კოცონის პირას იშლებოდა დიდი სუფრა. დილამდე ქეიფობდნენ უფროსები, იყო ცეკვა-სიმღერა ჩემი მეზობლის აკორდეონის და „დოლის“ (ამოტრიალებული ჯამის ან ხის სკამის) აკომპანიმენტით.

და სამიოდე დღეში – პირველი სექტემბერი, ისევ ჯოჯოხეთი…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...