ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ნოემბრული ჩანაწერები

0

საერთოდ, ყველაფერი უცნაურად საცნაური იყო მაშინ.

თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცევაო – გვაფრთხილებდნენ.

თუ ჩიტი გალობდა, გვეშინოდა. ვეუბნებოდით ჩუმად და კრძალვით:

,,სკვინჩა, შენს პირს შაქარი! სკვინჩა, შენს პირს შაქარი!”

ძაღლი რომ ყმუოდა, მშიერი და უპატრონო, ძაღლის ყმუილს იმ სახლის ბინადრის სიკვდილის მომასწავლებლად ვთვლიდით, საითკენაც პირი ჰქონდა მიშვერილი და ქვას ვესროდით. არადა, სახლიდან ძაღლს მხოლოდ გამოხედვა და მხოლოდ პური უნდოდა. სხვა ვერაფერი. პურზე უფრო ალბათ გამოხედვა. ჩვენ კი ვუფრთხოდით.

მზე რომ აჭერდა და აცხუნებდა, ეგ იყო მომავალი დიდი წვიმის შიშის ნიშანი. ,,წვიმა იცის!”

გვიანი გაზაფხულის წყნარი საღამო რომ იდგა, სახლის ფანჯრებს ვკეტავდით – ქარიშხალი მოსდევს ამ სიჩუმესო.

კი, მოსდევს. მაგრამ ეგ ყოველთვის ეგრეა. ხან სიმშვიდეა, ხან ქარი. სულ ერთმანეთს მოსდევენ. უბრალოდ, როცა სიმშვიდეა, უნდა დატკბე. ჩვენ კი ეს არ გვასწავლეს. ჩვენ სიჩუმეშიც ქარის გვეშინია. ამიტომაც გვიჭირს ბედნიერება. ამიტომაც არის უცხო სიხარული. ყველა სიტყვა, ბუნებიდან შემოგებებული, ყველა სიხარული უნდა ყოფილიყო ხანმოკლე და დასაზღვრული. და ახლა საიდანღა ვისწავლოთ? მით უფრო ახლა – როცა აღარც სკვინჩა გალობს, არც სიმშვიდეა, ვერც ვიცინით. მით უფრო ძნელია. მით უფრო შეუძლებელი.

 

////

გალაკტიონ ტაბიძე დედაჩემის მათემატიკის სქელი რვეულია.

,,უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე’’

უკეთესები ლექსებიც აქვს? ვიცი. ვიცი. ბევრად უკეთესი. ისიც ვიცი, რაც ზეპირად გვახსოვს, უმეტესი მათგანი, ,,დაუზეპირებლებს’’ ბარემ ლურჯა ცხენების გაჭენების მანძილზე ჩამორჩება, მაგრამ მაინც. კითხვა რომ ვისწავლე, დედაჩემის გამოწერილი ლექსების რვეული იყო მათ შორის, რაც შემომაჩეჩეს. კი, ასეთი რვეულები არსებობდა მაშინ. რატომღაც მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. და იქ პირველი ეს ლექსი ეწერა, გამოყვანილი ასოებით და დიდი სიფრთხილით. პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა. პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან. წიგნებში, რვეულებში, მატარებელში.

კი, ვაგონში რომ ავაბიჯებ, პირველი გალაკტიონ ტაბიძე მხვდება:

,,მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი’’

მთებს რომ გავხედავ, კენწეროზე გაღიმებული გალაკტიონი ზის და მეკითხება:

,,გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?’’

მთებს კი არა, დომინოს რომ ვთამაშობ, ჩვეულებრივ დომინოს, სანამ ჩემი მეზობელი, მართლა ბუმბერაზი კაცი, შაში-პუსტა ღლონტი გამახსენდება, დედაჩემი რვეულის ძალით, ეს მაშინ გაუგებარი და ცოტა შემაშინებელი ლექსი მეჯახება, სულ, სულ სხვა დომინოზე, არაჩვეულებრივ დომინოზე დაწერილი:

„აქ ხშირად ვხედავდი საყვარელ აჩრდილებს:

უეცარი გახელა, საოცარი შენობა,

როგორ მოვანდომინო. მესმის უცხო სახელი,

მტანჯავს მე უშენობა, იდუმალო დომინო’’

იმიტომ, რომ პოეზია არის ანგელოზი, მიწაზე მდგომი. მეტიც, ის ერთადერთი უფრთო ანგელოზია. აქ, ჩვენ შორის მოხეტიალე. მოსაწყენ ყოველდღიურობაში. ჭუჭყში, ტკივილში, შურში, ქარში, მაცივარში, კომპიუტერში მოხეტიალე. ოღონდ ანგელოზი.

,,მოდარაჯე კაცის თვალი ჭირდება’’

ჰოდა, რვეულიდან რომ წიგნებს მივაკითხე, ფოტოზე თავიდან ეს მოდარაჯე კაცი აკაკი წერეთელში მეშლებოდა. კი გაუხარდებოდა ისე ეს გალაკტიონს. თავის დროზე წვერიც ამიტომ მოუშვა, აკაკის დამსგავსებოდა. დაემსგავსა კი არა, შორსაც გაასწრო – ასეც და ისეც. თუმცა ეს სხვა საქმეა და აკაკის ვერ დააკნინებს. უბრალოდ გალაკტიონი იჯდა უცნაურ ცხენზე. სხვანაირ ცხენზე. და თვითონაც სხვანაირი გახდა.

გალაკტიონს უყვარდა, გიჟი რომ ეგონათ. გიჟდებოდა ამ სიგიჟეზე. დედამისის ამბები. გატუნიობის დრო. და მერე უკვე დიდ გატუნია რომ ჩავიდა და მზის სხივებს რომ კოცნიდა. გიჟდებოდა ასეთ სიგიჟეზე. და მერე ამ ამბების მოყოლაზე. და იმაზე ხომ საერთოდ, ლოთი რომ ეგონათ.

არის ერთი სრულიად გენიალური ფოტო, როც გალაკტიონს მინერალური წყლის ბოთლი უჭირავს და ჰაერში ასხამს. ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით. უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი: ,, გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი. ’’

ეს რომ გადაიღო, ხომ იცოდა, რომ ეგონებოდათ. რომ თხოვა, ისიც ხომ იცოდა, რომ მაინც დაბეჭდავდნენ. ადრე თუ გვიან. განა გალაკტიონი არ სვამდა. სვამდა. ღვინოსაც. მაგრამ ხომ ხვდებით ახლა რისი თქმაც მინდა. ამიტომაც არის დიდი. უდიდესი მისტიფიკატორი. და ეს ფოტო, დედაჩემი რვეულის მერე, არის ჩემთვის გალაკტიონი.

მესამე გალაკტიონი ჩემთვის ეს ლექსია. დღეში ერთხელ ვამბობ ლოცვასავით. და ამ ლექსითვე დაგემშვიდობებით, რადგან დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

,,ქარი დასცხრა სიბობოქრის,

შავი ზღვიდან სიო მოქრის,

მე გიცქერი, როგორც ოქროს,

ჩამავალ მზეს, ჩამავალს…

მე გიცქერი, როგორც ქარვას,

შორითშორად ფიქრი წარვალს,

თან გაატანს ქართა ქარვას

ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,

ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,

რად მიყვებით ასე მკაცრად

ჩამავალ მზეს, ჩამავალს’’

მიგრაციის გაკვეთილები

0

ჩვენ გლობალური მიგრაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ბედი სამშობლოსგან შორს ეძიოს, ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიღებული არაა, ომი, შიმშილი, ეკოლოგიური კატასტროფები , პოლიტიკური პერიპეტიები დევნიან ადამიანებს საკუთარი სახლებიდან.

მიგრაციული პროცესების კვლევა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.  ადამიანთა ყოფის ცვლილებას სოციალური თუ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მეცნიერებები სწავლობენ. რასაკვირველია, ლინგვისტური კვლევების გარეშე ადამიანთა ცხოვრებაზე დაკვირვება შეუძლებელია, ამიტომ მიგრაციის ენასთან დაკავშირებული კვლევები სულ უფრო და უფრო ახალ მასშტაბს იძენს.

მიგრაცია, როგორც ინდივიდისა თუ საზოგადოების ცვლილების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, თანამედროვე მულტიდისციპლინური ჰუმანიტარული კვლევების ინტერესის უმთავრესი ობიექტია. მისი, როგორც სოციალური ფენომენის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რაკურსის წარმმართველის, ფსიქოსოციალური გავლენის ობიექტის, ენობრივი ცვლილებების მიზეზის კვლევა სწორედ ინტერდისციპლინურ კონტექსტში ხდება. ხოლო ამ ინტერდისციპლინური ხედვის უმთავრესი წერტილი სწორედ ენაა, როგორც ყველაზე მატერიალური, ხელშესახები მასალა დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანისათვის.

ადამიანი თუ საზოგადოება არის მისი ენა, ამ  თეზის უამრავი ვერსია შეიძლება შეგვხვდეს ფილოსოგიურ, ლინგვისტურ, სოციალურ თუ სხვა დარგის სამეცნიერო სივრცეში. მიგრაციის პროცესში ადამიანს ახალ სივრცეში მიაქვს თავისი ყოფა, ენა, კონტექსტი თუ გამოცდილება და ახალ გამოცდილებად აქცევს მას.

ეს გამოცდილება, უპირველეს ყოვლისა, ახალ ენობრივ მოცემულობად ითარგმნება, სწორედ ენა ინახავს და გამოხატავს ცვლილებებსა და სიახლეებს, სირთულეებსა და აღქმევს, თვითგამიჯვნისა და ახალ კულტურულ თუ ენობრივ გარემოსთან შერწყმას.

ენა, როგორც ყოფიერების სახლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მიგრაციის პროცესში, როდესაც ხშირად, ის მართლაც ერთადერთი სახლი თუ თავშესაფარია მიგრანტთათვის. ეს ლოკოკინისეული მოდელი, როგორც ახალ სივრცეში ძველი სივრცის წაღება-კოპირება, ყოფიერების სახლთან ერთად გადაადგილება, ცვლილებებისადმი მედეგობა, ინტეგრაციისათვის მზაობა და ამავე დროს, თვითშენარჩუნება სწორედ ენობრივი კონცეპტების სახით გამოიხატება.  ენა, როგორც ბედი და როგორც მისამართი – ასეთ კონცეპტუალურ გააზრებას იძენს ენა მიგრაციის პროცესში.

ენა იქცევა ოჯახური კომუნიკაციის საშუალებად, აქტიურდება მიკროთემი, რომელიც სხვადასხვა საკვირაო სკოლის, ინტერესებისა თუ რელიგიური მსახურების გარშემოა გაერთიანებული. რასაკვირველია, გაერთიანების მიზეზი სხვადასხვაა  -განათლების საკითხები, რელიგია თუ ეთნოკულტურა, მაგრამ მთავარი გამაერთიანებელი სწორედ ენაა – თუ გადავხედავთ ქართული ემიგრაციის ისტორიასა თუ აწმყოს, ასეთი ენობრივი ცენტრები მრავლადაა და ემიგრაციის პროცესის ცვლილებასთან ერთად სულ სხვადასხვა სივრცეში იქმნება.

მიგრაციისაც მრავალფეროვანი ენობრივი პროცესები მიმდინარეობს, ენობრივი კონტაქტების პროცესი სესხებითა და კოდების გადართვით გრძელდება, წარმოიქმნება ერთგვარი საშინაო და საგარეო ენები, იქმნება დიასპორული ენობრივი ინვარიანტები, რომლებიც საბაზო ენისგან განსხვავდება,  ხოლო ახალი, დამხვედრი ენისგან შეიძლება შეიქმნას ერთგვარი პიჯინი ენა, ენის გამარტივებული ვერსია, რომელიც ამარტივებს კომუნიკაციას. ჩნდება შერეული სლენგი ან, ქართულის შემთხვევაში, გამარტივებული გრამატიკული კონსტრუქციები.

გამოიყოფა მიგრანტთა მეტყველების რამდენიმე ძირითადი აზრობრივი დიქოტომია, რომელიც  ენის მიგრაციის თუ მიგრანტთა მეტყველების ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენს, ესაა, ძველი და ახალი საცხოვრებელი სივრცის ასახვა-მონიშვნა, პიროვნების ასახვა წინარე საზოგადოებისა თუ დამხვედრი საზოგადოების წინაშე,  და ცხოვრების, როგორც დროითი მეტაფორის გააზრება და ძველი და ახალი ყოფის დაპირისპირება-დიქოტომია.

მიგრაციის პროცესში განსაკუთრებით აქტუალურია ახალი თაობების ენა, ენის შენარჩუნების პროცესი.  ასეთ დროს დიდ მნიშვნელობას იძენს საგანმანათლებლო აქტივობები, საბიბლიოთეკო აქტივობები თუ ლიტერატურული კონტაქტები.   თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ახალ სივრცეში ძველი ენობრივი სივრცის „წაღება“ ბევრად მარტივია, ტექნოლოგიები ენის სამსახურში – თანამედროვე ემიგრაციის კიდევ ერთი დამატებითი ნიშანია.

ნეიროგანვითარების დარღვევები და ყნოსვითი დისფუნქცია

0

როგორც ცნობილია,  ყნოსვითი დისფუნქცია ვლინდება სხვადასხვა ნეიროგანვითარების დარღვევებში, ყველაზე მეტად — აუტიზმის სპექტრის აშლილობებსა და ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაში. ამის საპირისპიროდ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს ყნოსვითი დეფიციტი, როგორც წესი, მცირე ან უმნიშვნელოა. ეს განსხვავება ხაზს უსვამს ყნოსვითი დამუშავების მნიშვნელობას, როგორც თვისებას, რომელიც შეიძლება აუტიზმს სხვა მდგომარეობებისგან გამოარჩევდეს.

ყნოსვითი დისფუნქცია მნიშვნელოვანი ფუნქციური დეფიციტია და წარმოადგენს რისკ-ფაქტორს რამდენიმე დაკავშირებული ნეიროგანვითარების მდგომარეობისთვის, მათ შორის, აუტიზმის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომისთვის. კვლევები მიუთითებს, რომ ყნოსვითი დეფიციტი აშკარაა ამ მდგომარეობებში, რაც ხაზს უსვამს სენსორული პრობლემების თერაპიულ სტრატეგიებში მოგვარების მნიშვნელობას. გარდა ამისა, ყნოსვითი დისფუნქციით გამოწვეული კოგნიტური დარღვევები დოკუმენტირებულია სხვადასხვა ნეიროგანვითარების დარღვევებში. ყნოსვითი იდენტიფიკაციის დარღვევის მქონე პირებს შეიძლება გაუჭირდეთ ნაცნობი სუნების ამოცნობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სწავლასა და ყოველდღიურ ურთიერთობებზე. კვლევები, აჩვენებს, რომ აუტიზმისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პირებს ხშირად აქვთ სუნის ამოცნობის მნიშვნელოვანი დეფიციტი. მაგალითად, მათ შეიძლება უჭირდეთ იმის ამოცნობა, რომ კონკრეტული სურნელი, მაგალითად, ლიმონი, შეესაბამება მის რეალურ იდენტობას.

 

ყნოსვითი დისფუნქციის გავლენა აუტისტ პირებზე

 

ყნოსვით დისფუნქციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით — აუტიზმის სპექტრის აშლილობების და სხვა ნეიროგანვითარების პრობლემების მქონე პირებზე.

 

ყნოსვითი დისფუნქციის მქონე პირები ხშირად ავლენენ სხვადასხვა ფუნქციურ დეფიციტს. აუტიზმის კონტექსტში, ეს დეფიციტი მოიცავს არასასიამოვნო სუნის სასიამოვნო შეგრძნებების შეფასების დარღვევას, რაც იწვევს გარემოში ადაპტაციის სირთულეებს და სხვ..

ამ სირთულეებმა შეიძლება შექმნას ბარიერები სოციალურ ურთიერთქმედებებსა და ყოველდღიურ სიტუაციებში, რაც გავლენას ახდენს ცხოვრების საერთო ხარისხზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყნოსვითი დეფიციტი ასევე აღინიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს, იგი ზოგადად მცირე ან უმნიშვნელოა, აუტიზმისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს დაფიქსირებულთან შედარებით. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს ყნოსვითი დისფუნქცია დაკავშირებულია კომპულსიურ ქცევებსა და დაბინძურების გამო შფოთვასთან.

ყნოსვითი დეფიციტის იდენტიფიცირება უმნიშვნელოვანესია ამ მდგომარეობების უკეთ გასაგებად, რადგან ის იძლევა წარმოდგენას ინდივიდების მიერ სენსორული დამუშავების წინაშე მდგარი სირთულეების შესახებ.ამ მდგომარეობებში ყნოსვითი დისფუნქციის გაგება აუცილებელია მშობლებისა და მზრუნველებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ სხვადასხვა სენსორული დამუშავების შესაძლებლობების მქონე პირებს. ეს აუტიზმის მქონე პირების მიერ წინაშე მდგარი სენსორული პრობლემების მოგვარების მნიშვნელოვანი ასპექტია.ყნოსვითი დეფიციტის მნიშვნელობამშობლებისა და მზრუნველებისთვის აუტიზმის მქონე პირებში ყნოსვითი დისფუნქციის გავლენის გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასეთი დეფიციტის შედეგები შეიძლება გასცდეს სენსორულ დამუშავებას და გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და საერთო კეთილდღეობაზე. სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევებისგან განსხვავებით, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმის დროს ყნოსვითი დეფიციტის გავლენა უფრო ღრმაა და მჭიდრო კავშირშია სიმპტომების სიმძიმესთან. ამ სენსორული საკითხების გაგება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ეხმარება მზრუნველებსა და პროფესიონალებს,  შექმნან უფრო ეფექტური დამხმარე სტრატეგიები, რომლებიც ნამდვილად დააკმაყოფილებს აუტისტი პირების საჭიროებებს.

წყაროები:

 

 

შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი

0

მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მიწის ყივილი“. ტექსტის დაწერიდან თითქმის 100 წელია გასული. არქაიზმები, ლექსიკა, ტოპონიმების სიმრავლე და ჩახლართული სიუჟეტი თანამედროვე მოზარდებისთვის რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ჩაღრმავებული კითხვის მეთოდითა და მრავალფეროვანი აქტივობებით ტექსტი მაინც მოვიშინაურეთ. მინისპექტაკლები, პერსონაჟის გული, მოთხრობაში გაჟღერებული მუსიკის მოსმენა, პერსონაჟის დღურები, თხრობის ქარგა – თავიდან… შემდეგ… ბოლოს…, მხატვრული ხერხები და საგანგებოდ დაგეგმილი გაკვეთილი სახელად „მოთხრობის მულტიმედიური გააზრება“, ეკრანზე ვიზუალურად გაცოცხლებული ქალაქები, ქვეყნები, მდინარეები, კატორღა, მწერლის ფოტოები – შემაჯამებელი წერისთვის მოსამზადებელ ეტაპად იქცა.

მოთხრობის მრავალხრივ დამუშავებისა და ისტორიული კონტექსტის გააზრების შემდეგ მოსწავლეებს შემაჯამებელი წერისას შემდეგი ქარგა შევთავაზე:

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „მიწის ყივილი“ შესახებ დაწერე თემა, რომელშიც მიმოიხილავ შემდეგ საკითხებს:

  1. შესავალ აბზაცში ყურადღება გაამახვილე მოთხრობის ავტორის, დაწერის დროისა და სათაურის შესახებ;
  2. დაწერე მოთხრობის მოკლე შინაარსი;
  3. აღწერე მოთხრობის მხატვრული ენა (მხატვრული ხერხები);
  4. დაახასიათე მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი;
  5. მოთხრობის მთავარი დეტალებიდან შეარჩიე სამი რამ და იმსჯელე, რა როლს ასრულებს თითოეული მოთხრობის სიუჟეტის განვითარებისას;
  6. გაიხსენე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  7. ჩამოთვალე მოთხრობის მთავარი თემები, შეარჩიე ერთი და იმსჯელე, რაზე დაგაფიქრა;
  8. ბოლო აბზაცი დაიწყე სიტყვით ახლა… და დაწერე, რა ხდება შენ ირგვლივ, რას ხედავ, რა გესმის, რას გრძნობ, რას ფიქრობ, რა გახსენდება. ამ აბზაცში გამოყენებულ ზმნებში მოძებნე და გააფერადე სუბიექტური პირის ნიშნები;
  9. თემა დაასრულე ერთი შეკითხვით, რომელიც მოთხრობას ეხება.

ინსტრუქციას დავურთე შემდეგი რამ:

წერით მიღებულ სიამოვნებას გისურვებ. ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ შენს ნაწერს, შენს ფიქრებს, რომლებიც თითებიდან ფურცელზე გადმოიღვარა.

როგორც ხედავთ, თემა მოიცავს 9 საკითხს, რომელთაგან ერთი გრამატიკულ მასალას ეხება. თითოეული საკითხი გაკვეთილზე განხილული გვქონდა. ახალი რამ არ შემიტანია ინსტრუქციაში. შევეცადე, ყველა ბავშვისთვის მიმეცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

შემაჯამებელ წერას ორი გაკვეთილი დავუთმეთ. გასწორებას კი რამდენიმე საათი დასჭირდა. ეს იყო ძალიან შრომატევადი პროცესი.

ვფიქრობ, შემაჯამებელმა წერამ ბავშვს უნდა აჩვენოს, როგორ იმუშავა გაკვეთილებზე, სად აქვს უფრო მეტი სამუშაო და რომელია მისი ძლიერი მხარე. ამისთვის კი ინდივიდუალური უკუკავშირი მოვიშველიე, კერძოდ, განმავითარებელი წერილობითი კომენტარი დავუწერე თითოეულს, ცალკე ამოვწერე წინადადებები, როლმებშიც შეცდომები ჰქონდათ დაშვებული, ერთად მოვუყარე თავი და  სავარჯიშოდ გამოვიყენე. ასევე ამოვწერე თითოეული ბავშვის ნაწერიდან ერთი ან რამდენიმე წინადადება, რომლებსაც გასწვრივ სახელი და გვარი მივაწერე და მთელ კლასს ხმამაღლა წავუკითხე.

განმავითარებელი კომენტარების წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, თავადაც დაეწერათ იქვე საპასუხო კომენტარი. ბავშვებს ისიც ვუთხარი, რომ თუკი რომელიმეს მიღებული ქულა უსამართლოდ მოეჩვენებოდათ, გამოტოვებული საკითხის დაწერის საშუალებას მივცემდი.

ჩემი დაკვირვებით, კლასის უმრავლესობამ თავი გაართვა შემაჯამებელი დავალების ინსტრუქციას.  თემის დაწერა გაუჭირდათ იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლას ხშირად აცდენდნენ ან საგაკვეთილო პროცესში უყურადღებოდ იყვნენ. დიდი სურვილი მქონდა, რამდენიმე მათგანისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარებისა, თუმცა გადატვირთული სასკოლო რეჟიმის გამო ჩანაფიქრის ასრულება ამ ეტაპზე ვერ შევძელი.

იმ პერიოდში ერთი მოსწავლე  სხვა სკოლაში გადავიდა. ვიცოდი, რომ შემაჯამებლის ანალიზისთვის დათმობილ გაკვეთილზე არ იქნებოდა. ლიზის მაინც დავუწერე განმავითარებელი კომენტარი და კლასში შესულმა თავის მერხთან რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა.

გიზიარებთ ლიზისთვის დაწერილ განმავითარებელ კომენტარს:

„ლიზი, ამ შემაჯამებლების ანალიზს კლასში რომ მოვიტან, შენ უკვე სხვა სკოლაში იქნები გადასული. გული მწყდება, ჩემო ლამაზო, გონიერო და სიცოცხლით სავსე გოგოვ. არასდროს დამავიწყდება, როგორი გულმოდგინებით წერდი, რამდენი დრო დახარჯე ხაზების გავლებასა და მეორე საკითხის წერაში (შინაარსს რომ ვერ ასრულებდი). ვფიქრობ, დროის განაწილებაზე უნდა იმუშაო. რამდენიმე საკითხი გამოგრჩა და ზუსტად ვიცი, დაწერა შეგეძლო. ძალიან მომენატრები. უზარმაზარი მადლობა ყურადღებისთვის, შესრულებული დავალებებისთვის. ღმერთი გფარავდეს შენს სავალ გზებზე“.

ლიზიმ საპასუხოდ მომწერა:

„მას, მართალი ხართ, დროის კონტროლი არ შემიძლია. აუცილებლად გავითვალისწინებ. უფრო მეტ ქულას ველოდი, მაგრამ არაუშავს. რაც არის, არის. მიყვარხართ, მას და მეც მომენატრეთ. ვცდილობდი ყველა თემას შევხებოდი, მაგრამ გამომრჩენია“.

ძალიან მიყვარს შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზისთვის განკუთვნილი გაკვეთილი. ბავშვებს სჭირდებათ დროული უკუკავშირი, მოტივაციის ამაღლება, რჩევები და მასწავლებლის მხარდაჭერა.

შემაჯამებლის ანალიზი –  სათაურად ვწერთ თარიღის ქვეშ და ვიწყებ ნამუშევრების დარიგებას. საინტერესოა მოსწავლეებზე დაკვირვება, განმავითარებელ კომენტარებს რომ  კითხულობენ ხოლმე. საპასუხო კომენტარების დაწერის შემდეგ წავუკითხე ვარსკვლავწინადადებები, ბოლოს კი ცალკე ამობეჭდილი შეცდომები სათითაოდ დავურიგე და მთელმა კლასმა გრამატიკულ საკითხებზე იმუშავა.

გიზიარებთ მეცხრეკლასელების შემაჯამებელი ნაწერებიდან ამოკრეფილ ვარსკვლავწინადადებებს, რომელთა ხმამაღალი წაკითხვის მიზანი იყო თითოეულის ინდივიდუალიზმის წარმოჩენა:

ვარსკვლავწინადადებები

  1. ამ მოთხრობის ყველა გზა ქართული ანბანისკენ მიდის. გარეთ უჩვეულო მზეა შემოდგომისთვის. ანდრია შეროზია.

 

  1. ჩემი აზრით, ეს იმას გვასწავლის, თუ პირველი ნაბიჯის გადადგმა როგორი განსაკუთრებულია. თქვენ რომ მეხსიერება გქონდეთ დაკარგული და უცებ ის დაბრუნდეს, ვის გაიხსნებდით პირველს? ბავშვები თავჩახრილები გამწარებულები წერენ, ზოგი ფიქრობს, ზოგი კი ისე წერს, ბომბი რომ აუფეთქო, ვერ გაიგებს. ნინი თავზარაშვილი

 

  1. მე და ჩემი კლასელები გავეცანით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „მიწის ყივილს“, რომელიც გვიამბობს, თუ რამდენი რამე შეიძლება მოხდეს ორ ადამიანს შორის ძალიან მოკლე დროის განმავლობაში, თუნდაც ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთი შეკითხვა ამ მოთხრობასთან დაკავშირებით მაქვს, რა სიმბოლური მნიშვნელობას გამოხატავს მიწა ამ მოთხრობაში და რა განსხვავებაა ანდრო კაიშაურსა და სხვა ემიგრანტებს შორის? ქეთი ჯანელიძე

 

  1. არ ვიცი, რა დავწერო, მარა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. ნეტავ, რა საინტერესოა, ვინ არის მთავარი მთხრობელი? ნინი როსტიაშვილი
  2. პირადად ჩემთვის, ემიგრაცია ყველაზე ცუდი გასახსენებელია, რადგანაც ოჯახის 2 წევრი ამის გამო 6-7 წელი ვერ ვნახე. თურმე როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ეს ჩვენ არ გვიწევს. ცოტნე ქისტაური
  3. ვგრძნობ, რომ ყველა დაწერს ტესტს. გია მარკოზაშვილი
  4. ვხედავ, ლილე და ლელა მასწავლებელი როგორ საყვარლად სხედან და მუშაობენ. ჩემი შეკითხვაა, არის ეს ამბავი ნამდვილი? ნინი დოიჯაშვილი
  5. ვხედავ მასწავლებლის დიდ ჩანთას, წიგნებით გადავსებულს და მაფინებს. მე ვურჩევ ყველას, რომ ეს მოთხრობა წაიკითხოს. ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა. ნეტავ, შემეძლოს, რომ ჩემი პატარა დისთვის წამეკითხა, მაგრამ პატარაა და ვერაფერს გაიგებს. ანა კავთელაძე
  6. ლელა მასწავლებელი ჰყვება, თუ რას აპირებს მე-11 კლასის გაკვეთილზე, თან ისე უხარია, რომ გაბრწყინებული სახით გვიყვება. ყველა ჩუმადაა და აძლევენ რჩევებს. გარეთ მზეა, მაგრამ სუსხია. ლიზი ბატკუაშვილი
  7. ჩემი დაქალი წიგნს კითხულობს. მარიამ ურუშაძე
  8. ნეტავ, მეც ვისწავლი ფრანგულს? ბარბარე პაპიაშვილი
  9. ანდრო კაიშაური რომ არ მომკვდარიყო, ნეტავ, წავიდოდა საქართველოში? გიორგი ლომსაძე
  10. ამ ყველაფერმა დამაფიქრა, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, მოგენატრება შენი სამშობლო და ძალიან გაგიჭირდება შორს ყოფნა შენი სახლიდან. მახსენდება, როგორ საინტერესოდ ვმსჯელობდით ამ ტექსტზე. ნეტავ, კიდევ არის წაბლის ხის ქვეშ გრძელსკამი და თუ იცის ხალხმა მაგ ადგილის შესახებ? ანანო ვარდანაშვილი
  11. მე მომეწონა ის ეპიზოდი, მოხუცი და ახალგაზრდა რომ დამეგობრდებიან. გიორგი კაპანაძე
  12. ამ მოთხრობამ გვასწავლა, რომ არასდროს დავტოვოთ დიდი ხნით სამშობლო. გიორგი ცისკაძე
  13. ახლა კლასში ლელა მასწავლებელი და მისი შვილი წიგნებს ამზადებენ. ცოტნემ კიდევ ერთი ფურცელი მოითხოვა. ნეტა რა დაწერა ამდენი? მარიამ მღებრიშვილი
  14. მდინარე მარნამ დამაფიქრა. რეალურად რომ მენახა, საინტერესო იქნებოდა. ლიზი კარაპეტოვი
  15. სადაც არ უნდა იცხოვრო ან დრო გაატარო, სამშობლო სულ შენშია, მისი დავიწყება შეუძლებელია. მარიამ თითირაშვილი
  16. ამ მოთხრობამ ძალიან შემაყვარა თავი თავისი უცნაური პერსონაჟებით. დაჩი ცხვედაძე
  17. მთავარი პერსონაჟები ძალიან მხიარულები და გულწრფელები არიან. გიგა ბალიაური
  18. მართალია, ჩვენი თაობისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად მოვიშინაურეთ. ახლა მალე ზარია. თათია კლასში დაჭრილ ყვავილებს გვის. ამ მოთხრობამ სამშობლოზე დამაფიქრა. ტასო მენთეშაშვილი
  19. მოთხრობის დაწერიდან 100 წელი გვაშორებს. თათია ფეიქრიშვილი
  20. ნეტავ, რომ არ დაევიწყა თავისი სამშობლო, წავიდოდა სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ? საბა ჯელაძე

სამწუხაროდ, ენისთვის დათმობილი საათები საკმარისი არ არის და სახელმძღვანელოში დართული გრამატიკული სავარჯიშოებიც მწირია. სწორედ ამიტომ შემაჯამებელ ნაწერებში დასვებული შეცდომები სავარჯიშოდ ვაქციე და მრავალჯერადად გამოვიყენებ. გადავწყვიტე, შეცდომები გამემუქებინა, მარტივად რომ მოეძებნათ და დამახსოვრებაც გაადვილებოდათ.

 

შეცდომები

1.მათი გაცნობის შემდეგ მოხუცი მამაკაცი ყვება თავის თავგადასავალს. 2. ძაან გახარებულია, როგორც იქნა, ცხოვრების ტვირთს იშორებს და იხსენებს ოჯახს. 3. რა ძნელია, როდესაც არ გახსოვს: ბავშვობა, დედ-მამა, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ მაინც ბრძოლობს და იხსენებს. 4. ამ მოთხრობის მთავარი თემებია მიგრაცია, სამშობლოს სიყვარული.  5. შემდეგ ის გაიქცევა და იმოგზაურებს: ჩინეთში, იაპონიაში, სხვადასხვა კუნძულებზე და ბოლოს ევროპაში ჩავა. 6. ამ მოხუცს ახსენდება ძველი დრო, მისი სამშობლო და, რაც ყველაზე მთავარია, მისი დედიკო. 7. როგორც იქნა, მივიდა მასთან და კითხა წიგნის შესახებ. 8. მე და ჩემი კლასელები გავეცანით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „მიწის ყივილი“-ს. 9. მან უთხრა, რომ მწერალს დასვენება ჭირდებოდა. 10. მთვარი პერსონაჟი არის გლეხი რომელიც დიდი სიყვარულით ზრუნავს მიწაზე. 11. ამ ტექსტში ბევრი მხატვრული ხერხები გვხვდება. 12. მწერალი ექიმის გაფრთხილებებს და ინსტრუქციებს მიყვება. 13. მოთხრობაში გამოყენებულია სხვადასხვა მხატვრული ხერხები. 14. 2 ოჯახის წევრი ამის გამო 6-7 წელი ვერ ვნახე. 15. ექიმა გამსინჯა. 16. მთავარი პერსონაჟი არი კეთილი, უყვარს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. 17. დააინტერესა ახალ გაზრდა მამაკაცი. 18. მოთხრობის სათაური არის მიწის ყივილი. 19. მახსენდება რომ, სახლში საჭმელი მელოდება.  20. მოხუცს ძალიან უნდოდა მის სამშობლოში დაბრუნება. 21. ვგიჟდები პოეტურ რაღაცეებზე. 22. მივიდა მასთან, გვერძე მიუჯდა და წიგნს ჩახედა. 23. ერთ დღეს როდესაც ახალგაზრდა კაცი თავს ცუდად გრძნობდა წავიდა ექიმთან და ექიმმა მას წამლის მაგიერ დასვენება გამოუწერა. 24. ლელა მასწავლებელი ყვება, თუ რას აპირებს 11 კლასის გაკვეთილზე. 25. მესმის რომ კალამი შჭირდებათ. 26. მე და ჩემმა კლასელებმა წავიკითხეთ (მიწის ყივილი). 27. „მიწის ყივილი“-ს ავტორი არის მიხეილ ჯავახიშვილი. 28. მთხრობელი არ აჩენს თავს, ამიტომ არვიცით ვინაობა. 29. ახალგაზრდა ექიმა გამოუშვა დასასვენებლად. 30. მერე არის მოხუცისა და ახალგაზრდას შეხვედრა პატარა ბაღში, გრძელ სკამზე წაბლის ხის ქვეშ. 31. თავიდან არც ისე კარგათ დაიწყო მაგრამ, შემდეგ კარგად განვითარდა. 32. რამდენი რამ არახსოვდა. 33. ახალგაზრდა ვეფხის ტყაოსანს უკითხავს. 34. ანდროს კი ნელ ნელა ახსენდებოდა თავისი სამშობლო. 35. ანდრო კაიშაური გულკეთილი, სამშობლოს მოყვარული კაცია, რომელშიც მოგონებებმა გაიღვიძეს და გაუღვივეს სამშობლოში დაბრუნების სურვილი. 36. ვერ მოასწრო მისი სამშობლოს ნახვა. 37. ამდენი წლის შემდეგ დავიწყებულ რაღაცეებს რომ იხსენებს. 38. გავიგეთ, რომ მოხუც კაცს ანდრო კაიშაური ქვია. 39. მოთხრობაში ავტორი რამოდენიმე მხატვრულ ხერხებს იყენებს. 40. უცნობი კაცი კი შრომის მოყვარედ გაგვაცნო. 41. მიხეილ ჯავახიშვილმა მიწის ყივილი 20-ე საუკუნის 30 იან წლებში დაწერა. 42. მოთხრობის დასასრულში კი სამწუხაროდ ანდრო გარდაიცვალა. 43. ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბავშვობის გახსენებაა, მეორე კი რათქმაუნდა სამშობლოს სიყვარული. 44. მოხუცმა კითხა, ეს ქართულიაო. 45. სამწუხაროდ ის მისი სიცოცხლის განმავლობაში იქ ვერ ჩავიდა. 46. საინტერესოა ვინაა მთხრობელი რაქვია. 47. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დასაწყისია.

გააცოცხლე ლექსი

0

„ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!

როს მწუხარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!“

თანამედროვე სამყაროში თინეიჯერების მასწავლებლობა თანდათან უფრო რთულდება. მოდუნებული სხეულები, მობილური ტელეფონის ეკრანებში გაუჩინარებული ან მერხებზე ჩაძინებული ბავშვები – რეალობა ამგვარია. მოზარდების გამოსაფხიზებლად და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისთვის  უზარმაზარი ძალისხმევა გვჭირდება. ამ საცალფეხო ბილიკზე სიარულისას მთავარი იარაღი მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაკვირვებაა. გულის კარის გასაღების გამოძებნა შესაძლებელი რომ არის, სწორედ ამის შესახებ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.

სემესტრის დასაწყისში სამოქმედო გეგმაში ჩავწერე, რომ მეთერთმეტე კლასის მთაწმინდის პანთეონში წაყვანას ვაპირებდი. ჩანაფიქრის ასულებას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსმა „შემოღამება მთაწმინდაზედ“ შეუწყო ხელი. კლასში მონაცვლეობით ვკითხულობდით ლექსს, განვიხილავდით, ვფიქრობდით და ვხვდებოდი, რომ უღიმღამოდ მისმენდნენ. საკმაოდ რთულია 21-ე საუკუნის მოზარდების ყურადღება მიიზიდო 192 წლის წინ დაწერილი ლექსის მოსასმენად. სწორედ იმ მომენტში მომაფიქრდა, რომ პანთეონში წავსულიყავით, თან ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გავეცნობოდით და თან მთაწმინდაზე შემოგვაღამდებოდა ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსშია. იდეა ბავშვებს რომ გავუზიარე, გაუხარდათ, თუმცა, წამოსვლა მხოლოდ რვა მოსწავლემ მოახერხა.

ქალაქის გარეუბნიდან მთაწმინდისკენ გაკვეთილების დასრულების შემდეგ გავეშურეთ. სამი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ და მივაღწიეთ პანთეონისკენ მიმავალ აღმართამდე. პირველად გრიბოედოვის საფლავი აღმოაჩინეს და აქედან დაიწყო ძებნის, აღმოჩენის, დაკვირვების პროცესი. გალაკტიონის საფლავის ქვასთან თეთრი ყვავილები ისე ეწყო, თითქოს პოეტის თეთრი წვერიაო და ვიღაცას იქვე ერთი ცალი კანფეტიც დაუტოვებია. სამი დღით ადრე მისი დაბადების დღე იყო და ფიქრი დავიწყეთ იმ ადამიანზე, ვინც გალაკტიონს ყვავილები და ერთი ცალი კანფეტი მიუტანა საჩუქრად.  16 წლის ბავშვები პირველად იყვნენ მთაწმინდის პანთეონში და თითოეულის ინტერესი სიხარულით მავსებდა.

გზაში გავიგე, რომ მარიამი მამიდას პარიზში მიჰყავს და ილიას საფლავის ძეგლთან მივიყვანე. ვესაუბრე იაკობ ნიკოლაძისა და ფრანგი მოქანდაკის, როდენის, შესახებ. „მგლოვიარე საქართველოს“ გამოქანდაკების შესახებ ვუამბე და ბოლოს მარიამმა მითხრა, აუცილებლად მოვძებნი პარიზში როდენის ქანდაკებასო.

ნუცამ სოლომან დოდაშვილის საფლავი აღმოაჩინა და ყველა მიგვიხმო. ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებლისა და 1832 წლის შეთქმულების სულისჩამდგმელის შესახებ კლასში ვისაუბრეთ. პოეტის ბიოგრაფიის გაცნობისას სოლომან დოდაშვილის სახელისა და გვარის ქვეშ დაფაზე მივაწერე Nicko’s teacher, რამაც მისი ვინაობის დამახსოვრება გააადვილა.

პეტრე ოცხელი ვიპოვეო, დამიძახა თეკლამ. ბავშვებს ვთხოვე ჩემი საშემოდგომო ლაბადის ზურგზე ჩამოწერილ ადამიანებს შორის პეტრე ოცხელი ეპოვათ. მალე მიაგნეს. პეტრე ოცხელმა გამახსენა ჩემი მეგობარი მაკა, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, აღმომაჩენინა და გამაცნო. ვისაუბრეთ, როგორი მნიშვნელოვანია პიროვნების სწორი განვითარებისთვის ჭკვიან და წიგნიერ ადამიანებთან მეგობრობა.

თეთრი მარმარილოს ქვაზე რეპრესიებს შეწირული ადამიანების სახელები და გვარები ამოვიკითხეთ: ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე, პეტრე ოოცხელი, მიხეილ ჯავახიშვილი… მერე იმაზე ვისაუბრეთ, როგორ გაანადგურა ქვეყნის ინტელიგენცია კომუნისტურმა რეჟიმმა, რაზეც მოსხლეტით მიპასუხეს, რომ დიქტატურა განათლებულ ადამიანებს ვერ იტანსო. გული სიხარულით ამევსო, რადგან ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანეს.

იაკობ გოგებაშვილის საფლავთან მისი ანდერძის შესახებ ვსეაუბრე. აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულების“ წაკითხვა ვურჩიე. იაკობის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიის ბოლო მონაკვეთი ვუამბე, ყველაფერი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რომ დაუტოვა, თანამშრომლებიც არ დატოვა ფულადი ჯილდოს გარეშე და ბოლოს ერთი ნათესავი რომ მისულა საყვედურით, ჩემთვის არაფერი გიანდერძებიაო და ლოგინად ჩავარდნილ იაკობს მისი საყვედრურის საპასუხოდ ისიც რომ დაუსაჩუქრებია.

ვაჟა-ფშაველას საფლავის გვერდით ეკატერინე ჯუღაშვილის საფლავის აღმოჩენამ ბავშვები გააკვირვა. ვისაუბრეთ კომუნისტების ბელადებს მთაწმინდის პანთეონში რომ ასაფლავებდნენ და ეროვნული მოძრაობის დასაწყისში მათი საფლავების აფეთქება რომ დაიწყეს.

ამასობაში აცივდა. ქალაქს ბინდი შემოეპარა. ბავშვებს ვთხოვე, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის წინ გრძელსკამზე ჩამომსხდარიყვნენ და დაეწერათ ჩანაწერი სახელად – შემოღამება მთაწმინდაზე. უმრავლესობამ მობოლური ტელეფონის პროგრამა Note-ში დაიწყო წერა.

შთამბეჭდავად იმოქმედა იმ ფაქტის გაგებამ, რომ პოეტი ზუსტად მათი თანატოლი, 16 წლის, იყო, როცა „შემოღამება მთაწმინდაზედ“ დაწერა. წერეს მთელი შემართებით, სიხარულით, ინტერესით.

ბოლოს მამადავითის ტაძრის მოსალოცად შევედით. სანთლები ავანთეთ. ყველა რომ გაიკრიფა ტაძრიდან და მეც წამოსვლას ვაპირებდი, საფლავის ქვის წარწერამ „კნეინა მელიქოვისა“ მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ მეორე საფლავს დავაკვირდი და „მელიქიშვილი“ ამოვიკითხე. წარწერა საკურთხევლისკენ იყო და კარგად რომ გამერჩია სახელი, საფლავის ქვას მივუახლოვდი. ლევან მელიქიშვილი – შემომანათა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბავშვობის მეგობრის სახელმა და გვარმა. მამაო ლოცვას კითხულობდა, მთაწმინდაზე ბინდდებოდა, ტაძარში ჩემი მოსწავლეების დანთებული სანთლები ლიცლიცებდნენ და მე ზუსტად ამ დროს ვიპოვე პოეტის ბავშვობის მეგობრის საფლავი. ლევან მელიქიშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის კითხვისას ჩამრჩა გულში. ბიოგრაფიების გაცნობისას დიდ ყურადღებას ვაქცევ ბავშვობის ადამიანებს. ამასთანავე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც მელიქიშვილია, ჩემი დიდი ბებიაც მელიქიშვილი იყო და ასე უცნაურად მოვიახლოვე გულთან ლევან მელიქიშვილი, რომელმაც ეფემია ორბელიანი, პოეტის დედა, შვილის საფლავის მოსანახულებლად განჯაში წაიყვანა. მრავალი წლის შემდეგ ქართველი ბავშვები ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოსანახულებლად მთაწმინდის პანთეონში ავიყვანე და ზუსტად იმ საღამოს ლევან მელიქიშვილის საფლავი აღმოვაჩინე.

მთაწმინდის პანთეონში დაწერილი ჩანაწერები „მაკდონალდსში“ წავიკითხე. მეორე დღეს კი სკოლის ბლოგზე ავტვირთე. სტატიაში აღწერილი მოვლენები მთელი სიმძაფრითა და გულწრფელობით აისახა 16 წლის ბავშვების ნაწერებში, რომლებსაც სტატიის ბოლოს ბმულის სახით თქვენც გიზიარებთ.

ვფიქრობ, რომ ჩემს რვა მოსწავლეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ არასდროს დაავიწყდება. ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ ატმოსფეროს გასაცოცხლებლად მეთერთმეტეკლასელების წაყვანას ვაპირებ მტკვარზე და თავის ფიქრებს მტკვრის ნაპირას მყოფნი ჩანაწერებად აქცევენ. ლექსის „საფლავი მეფის ირაკლისა“ წაკითხვის შემდეგ კი სვეტიცხოველს მოვინახულებთ. ლექსის გარემოსთან მიახლოებით მოზარდების ცნობიერება გამოფხიზლდება და მჯერა, რომ ყოველი ამგვარი გასვლითი შეხვედრა მათ შინაგან სამყაროზე დადებითად აირეკლება.

 

https://comreadspress.wordpress.com/2025/11/21/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/?fbclid=IwY2xjawOOv4dleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEePvTFmeZ6q9NvVicwu3bX_hqlW_Ago_7kPIhTdLxIJ9oJuO1p9jL6jwpLppc_aem_kd2_KtPxJA9WaTlGCt66xw

AI – შენი ჭკვიანი დამხმარე საშინაო დავალების მომზადებისას

0

ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე კარგი არაფერია, მით უფრო რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ყოველ დღე ბეწვის ხიდზე გასვლაა, ბალანსი არ უნდა დაკარგო, რომ არც ფამილიარულ ურთიერთობაში გადახვიდე და არც უზომოდ ოფიციალური იყო.

სტატიის წერისას ერთი ისტორია გამახსენდა. ჩემ ბავშვობაში ერთ მეზობელს დასცინოდნენ, რომელიც სახლიდან გასვლისას შვილებს უბარებდა, აქაა ნავთი, და აქ ასანთი. ოღონდ ცეცხლი არ გააჩინოთო. ხალხი ფიქრობდა რომ ამით ის სახლის გადაწვისკენ უბიძგებდა შვილებს და ნივთების დამალვა უკეთესი იქნებოდა.  ჩემ წერილზეც შეიძლება ბევრს გაეცინოს, ან გაბრაზდეს, მაგრამ ვფიქრობ უკეთესია ადამიანს იარაღის გამოყენება ასწავლო, ვიდრე დაუმალო. ის ხომ მაინც გამოიყენებს.

მოსწავლეებს ხშირად მოაქვთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დავალება, უცებ ვხვდები და ბევრჯერ ვფიქრობ, რა აზრი აქვს, რისთვის ვაძლევ საერთოდ დავალებას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შევწყვიტე ფიზიკის ახსნა და ვასწავლე როგორ გამოიყენონ AI. დღეს სტატიად ვაქციე და იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

ხელოვნური ინტელექტი (AI), მაგალითად ChatGPT, არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება სწავლაში. დაიმახსოვრე: AI არის შენი ასისტენტი, და არა შენი შემცვლელი!

ნაბიჯი 1: როგორ გამოვიყენოთ

AI-ს ფუნქცია როგორ მუშაობს მაგალითი ნიმუში
ახსნა და გაგება თუ რამე ვერ გაიგე, AI აგიხსნის რთულ თემას მარტივ ენაზე ამიხსენი რაში მდგომარეობს ენერგიის მუდმივობის კანონი კი, სიამოვნებით აგიხსნით ენერგიის მუდმივობის კანონს.

ეს არის ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონი, რომელიც ამბობს: ჩაკეტილი (იზოლირებული) სისტემის სრული ენერგია დროთა განმავლობაში მუდმივი რჩება (ინახება).

რედაქტირება და შემოწმება შეიმუშავებს ამოცანის ამოხსნის ნაბიჯებს შეადგინე ამ ამოცანის ამოხსნის გეგმა, მხოლოდ კითხვები, რომ პასუხამდე მე თვითონ მივიდე:

 

3 სიმაღლეზე ჰკიდია ვაშლი. რას უდრის მისი სიჩქარე დედამიწაზე დაცემის მომენტში

კითხვები ამოცანის ამოსახსნელად

საწყისი პირობები (სიმაღლეზე)

  1. რა არის ვაშლის საწყისი სიჩქარე სიმაღლეზე დაკიდების მომენტში? (ეს განსაზღვრავს საწყის კინეტიკურ ენერგიას.)
  2. როგორია ვაშლის პოტენციური ენერგიის ფორმულა სიმაღლეზე?
  3. რა არის ვაშლის საწყისი სრული მექანიკური ენერგია  3 მ სიმაღლეზე? (ეს არის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი.)

საბოლოო პირობები (დაცემის მომენტი)

  1. რა არის ვაშლის სიმაღლე დედამიწაზე დაცემის მომენტში? (ეს განსაზღვრავს საბოლოო პოტენციურ ენერგიას.)
  2. როგორია ვაშლის კინეტიკური ენერგიის ფორმულა სიჩქარის მეშვეობით?
  3. რა არის ვაშლის საბოლოო სრული მექანიკური ენერგია დაცემის მომენტში?

გათანაბრება და პასუხის პოვნა

  1. როგორ გვაკავშირებს ენერგიის მუდმივობის კანონი საწყის და საბოლოო ენერგიებს ერთმანეთთან?
  2. რა ფიზიკური სიდიდე მასა იკვეცება განტოლების გათანაბრების შემდეგ?
  3. რა ფორმულა მიიღება საბოლოო სიჩქარის  გამოსათვლელად, როდესაც ცნობილია მხოლოდ თავისუფალი ვარდნის აჩქარება და საწყისი სიმაღლე?
შეცდომების გასწორება როცა დავალებას დაწერ, შეგიძლია AI-ს შეამოწმებინო ერთეულები “შევამოწმე ეს ამოცანა. გთხოვ, ნახე, სწორად მაქვს თუ არა გამოყენებული ერთეულები და ლოგიკა:” [ტექსტის ჩასმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბოლოო პასუხში მ/წმ-ის ნაცვლად უნდა გამოიყენოთ მ/წმ2

 

სავარჯიშოების შექმნა თუ გამოცდისთვის ემზადები, სთხოვე AI-ს, შექმნას ტესტები დამატებითი პრაქტიკისთვის სთხოვე: შეადგინე 10 ამოცანა, ენერგიის მუდმივობის კანონის გამოყენებაზე

ამოცანა ატრაქციონზე

სათხილამურო ატრაქციონის ვაგონეტი (რომლის მასა, ადამიანებთან ერთად, 200  კგ-ია დგას ბორცვის უმაღლეს წერტილზე.

ამ უმაღლესი წერტილის სიმაღლე იატაკიდან არის 10 მეტრი.

ვაგონეტი უძრავად იწყებს მოძრაობას (საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია).

 

ნაბიჯი 2: AI-ს გამოყენების სამი მთავარი წესი

  1. არმოატყუო! – არ დააკოპირო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტი და არ აჩვენო მასწავლებელს, როგორც შენი ნამუშევარი;
  2. გადაამოწმე ფაქტები – ხელოვნული ინტელექტი არ არის სახელმძღვანელო, შენი კრიტიკული აზროვნება ბევრად უფრო ძლიერია;
  3. ისწავლე მისი საშუალებით – არ სთხოვო დაგიწეროს დავალება, სთხოვე აგისხნას, გაგიწეროს ნაბიჯები.
  4. დაიმახსოვრე, ხელოვნური ინტელექტი გაძლევს ანკესს და არა დაჭერილ თევზს.

 

აკრძალვის ფასი: როგორ იქცა ქიმია პოლიტიკურ იარაღად

0

1920-1933 წლები აშშ-ს ისტორიაში ცნობილია როგორც პრობიციის ეპოქა, როდესაც ალკოჰოლის წარმოება, გაყიდვა და ტრანსპორტირება ფედერალური კანონით აიკრძალა. მიუხედავად მკაცრი შეზღუდვებისა, მოთხოვნა ალკოჰოლურ სასმელებზე არ გამქრალა. ამან გამოიწვია არალეგალური ბაზრის და სპიკეეზის (Speakeasy) ტიპის ფარული დაწესებულებების აყვავება, სადაც კონტრაბანდული სასმელი იყიდებოდა.

თუმცა, ამ ალტერნატიულმა გზამ კოლოსალური საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ახალი წლის ღამეს, 1927 წელს, ალკოჰოლური მოწამვლით ჰოსპიტალში 42 პაციენტის გარდაცვალება მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა ფატალური შედეგები მოჰყვა აკრძალვას.  მიუხედავად რისკების ცოდნისა, ხალხი მაინც მოიხმარდა საეჭვო წარმოების სასმელებს, რომელთა ტოქსიკურობა მათი ქიმიური შედგენილობით იყო განპირობებული.

სტატიაში განხილულია, თუ როგორ იმოქმედა ამ ,,პოლიტიკურმა და კრიმინალურმა ქიმიამ“ ადამიანის ორგანიზმზე (გამოიწვია სიბრმავე და დამბლა) და შეისწავლის, თუ როგორ გარდაიქმნება ეს ორი სპირტი — ეთანოლი უსაფრთხო ნაერთებად,  მეთანოლი სასიკვდილო ჭიანჭველმჟავად. რაც საბოლოოდ ხსნის, რატომ გადაიქცა აკრძალვის ეპოქა მასობრივი მოწამვლის ეპიდემიად

მასალა გამოდგება ინტეგრირებულ გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც აკავშირებს ორგანულ ქიმიას (სპირტები და მეტაბოლიზმი), ბიოლოგიას (ფერმენტული გარდაქმნები) და მსოფლიო ისტორიას (პრობიციის ეპოქა და სსრკ-ის მშრალი კანონი).

მასალის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი საკითხების საილუსტრაციოდ:

  • ქიმიაში: ჰომოლოგური რიგის განსხვავება (ეთანოლი მეთანოლი) და მათი ტოქსიკურობის საფუძველი.
  • ბიოლოგიაში: ფერმენტების როლი მეტაბოლიზმში და ტოქსიფიკაციის პროცესი.
  • ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში: მთავრობის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ასევე რეკომენდებულია მოსწავლეებთან მუშაობა ტექსტის ანალიზის, დისკუსიისა და შედარებითი კითხვების (იხ. სავარაუდო შეკითხვები) მეშვეობით.

 

საკითხავი მასალა მოსწავლისთვის:

1927 წელს, ახალი წლის ღამეს ალკოჰოლური მოწამვლით ჰოსპიტალში 42 პაციენტი გარდაიცვალა. იმ პერიოდში აშშ-ში ალკოჰოლი, სპირტიანი სასმელები აკრძალული იყო. ბევრმა ადამიანმა ალტერნატიულ გზებს მიმართა. დაიწყეს ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება. ასეთი გზით მიღებული სასმელი მრავლად იყიდებოდა ბარებში, კლუბებში, რომლებიც ცნობილი იყო როგორც ,,Speakeasy” – ტერმინი მომდინარეობს იდიომიდან: ,,to speak easy” – დაბალი ხმით ლაპარაკი, რაც მიანიშნებს რომ დაწესებულების შესახებ სამართალდამცავებს არაფერი უნდა სცოდნოდათ, რადგან 1920-1933 წლებში აშშ-ში ალკოჰოლის გაყიდვა, წარმოება და ტრანსპორტირება ფედერალური კანონით იყო აკრძალული.

ალტერნატიული ვერსიები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო, ხალხმაც იცოდა, თუმცა მაინც მოიხმარდა. ამ სასმელების ტოქსიკურობა, მათი ქიმიური შედგენილობით იყო განპირობებული.

ეთანოლს ეთილის სპირტს, ღვინის სპირტს ან უბრალოდ სპირტს უწოდებენ. ეს არის ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ეთილის რადიკალს და ჰიდროქსილის ჰგუფს OH. ქიმიური ფორმულაა  C2H5OH. ეთანოლი აქროლადი, აალებადი უფერო სითხეა, რომელსაც ღვინისთვის დამახასიათებელი გემო და მძაფრი სუნი აქვს. ნივთიერება ფსიქოაქტიურია. ბუნებაში ეთანოლი შაქრის სპირტული დუღილის შედეგად მიიღება, საფუარი სოკოების საშუალებით. მას იყენებენ მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალებას. კარგი ქიმური გამხსნელია. ეთანოლი ასევე მიიღება ეთილენის ჰიდრატაციით.

სპირტები ადამიანის ღვიძლში მეტაბოლიზდება ალკოჰოლდეჰიდროგენაზას (ADH) მონაწილეობით. სპირტი იშლება ძმრის ალდეჰიდად, მეორე ფერმენტი, ალდეჰიდ დეჰიდროგენაზა (ALDH) გარდაქმნის აცეტატად. საბოლოოდ მიიღება ნახშირორჟანგი და წყალი, რომლებიც ფილტვებითა და თირკმელებით გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ხის სპირტი შედგება მეთილის რადიკალისა და ჰიდროქსილის ჯგუფისგან. ფორმულაა – CH3OH. მისი ხელოვნური წარმოება ადვილია, ამისთვის საჭიროა ხე და მაღალი ტემპერატურა.  პროცესს ეწოდება უჟანგბადო გამოხდა. წვრილად დაჭრილ ხეს ათავსებენ მჭიდრო კონტეინერში და აცხელებენ 200 გრადუსამდე. ხის ნახშირად გადაქცევის შემდეგ წარმოქმნილი სითხეები აქროლდება. ორთქლი ცივდება და კონდენსაციის შედეგად მიიღება მეთილის სპირტი, აცეტონი და ძმარმჟავა. მეორეული გამოხდით გამოჰყოფენ სუფთა მეთანოლს, სითხე უსუნო და გამჭვირვალეა. ამიტომ ალკოჰოლური სასმელებისთვის იყენებდნენ.

მარცვლეულისგან მიღებული სპირტი, ეთანოლი სრულად ვერ აიკრძალა, რადგან მრავალი მიმართულებით ხდება მისი გამოყენება. ტექნიკური სპირტის სასმელად გამოსაყენებლად აკრძალვის მიზნით მთავრობა მწარმოებლებს ავალდებულებდა მასში რაიმე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება შეერიათ. ერთ-ერთი გავრცელებული დანამატი სწორედ მეთილის სპირტი იყო.

მთავრობას ,,ტოქსიკური სტრატეგია“ ჰქონდა შემუშავებული. ამიტომ გასცა განკარგულება ტექნიკურ სპირტში შეერიათ საწამლავი, რათა სასმელად უვარგისი გამხდარიყო. პრობლემა კი ის იყო, რომ ხალხი მაინც იყენებდა სასმელად არალეგალურ ბარებსა და კლუბებში. შედეგად მოწამვლის რისკი იზრდებოდა. 10 მლ მეთანოლს შეუძლია მხედველობის დაკარგვა, ოპტიკური ნერვის დაზიანების გამო. 30 მლ კი სიკვდილს იწვევს. რატომ არის ასე ტოქსიკური? საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მეთანოლი ღვიძლში გადადის, სადაც უფრო ტოქსიკური ნაერთი მიიღება. პროცესს ტოქსიფიკაცია ეწოდება. ფერმენტები მეთანოლს გარდაქმნიან ფორმალდეჰიდად, ბოლოს კიდევ უფრო ტოქსიკური ჭიანჭველმჟავა მიიღება. მეთანოლის მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა კარგად გაერთოს, თავიდან არაფერი შეიმჩნევა, თუმცა გარდაქმნა 30 საათის შემდეგ იწყება. მეთანოლით მოწამვლის პირველი ეფექტი მხედველობის დაკარგვაა. ჭიანჭველმჟავა აზიანებს მხედველობის ნერვს, სიბრმავე კი სამუდამოა. სიკვდილი შეიძლება მიღებიდან 30 საათის შემდეგ დადგეს.

1926 წელს მხოლოდ ნიუიორკში 1200 ადამიანი მოიწამლა, მათგან 400 გარდაიცვალა. მთავრობა ძირითადად დუმდა, ზოგჯერ ამბობდა რომ ისინი ფაქტობრივად თვითმკვლელები იყვნენ, რადგან იცოდნენ რომ საწამლავს სვამდნენ. 1933 წელს აკრძალვის ფედერალური კანონი გაუქმდა. ამერიკელებს აღარ უწევდათ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.

სავარაუდო შეკითხვები:

  1. რატომ გამოიწვია ალკოჰოლის გამოყენებაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა გარდაცვალების შემთხვევების ზრდა?
  2. რას ნიშნავს ალკოჰოლის არალეგალური წარმოება?
  3. აღწერე ეთანოლის სტრუქტურა;
  4. რა გამოყენება აქვს ეთანოლს?
  5. როგორ მიიღება ეთანოლი?
  6. როგორ გარდაიქმნება ეთანოლი ორგანიზმში?
  7. რომელი ფერმენტებია ჩართული სპირტების მეტაბოლიზმში?
  8. აღწერე მეთანოლის სტრუქტურა;
  9. როგორ მიიღება მეთანოლი?
  10. რა საჭიროა მეორეული გამოხდა?
  11. რატომ არ აკრძალეს მარცვლეულიდან მიღებული სპირტი?

  1. რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ტექნიკურ სპირტში მეთანოლის შერევა?
  2. რა ცვლილებას განიცდის მეთანოლი ორგანიზმში?
  3. დაასახელე მეთანოლით მოწამვლის პირველი ნიშანი;
  4. როგორ გადაიჭრა პრობლემა?

ჯინჯერ ჯეიკი და დამბლის ეპიდემია

1928 წელს დაიწყეს არალეგალური ალკოჰოლური სასმელის წარმოება, რომელიც იამაიკური ჯანჯაფილის ექსტრაქტს ეფუძნებოდა. ეს იყო ძველი სამედიცინო საშუალება, რომელიც ალკოჰოლთან შერეული ფხვნილისგან მზადდებოდა.პრობიციის აგენტებისგან ალკოჰოლის დასამალად, მწარმოებლებმა სასმელს დაუმატეს ქიმიური ნივთიერება ტრიორთოკრეზილ ფოსფატი (tri-ortho-cresyl phosphate), რომელიც ცნობილი იყო როგორც ლინდოლი (Lindol). ეს ნივთიერება იყო პლასტიფიკატორი და ფირის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ამ ნარევს ბაზარზე ჯინჯერ ჯეიკის სახელით ყიდდნენ და ათასობით ბოთლი გაიყიდა. ლინდოლი აღმოჩნდა ტოქსიკური ნერვული უჯრედებისთვის, რამაც გამოიწვია წელს ქვემოთ დამბლა. მან გამოიწვია სასმელის მომხმარებელთა ფეხების დაზიანების ეპიდემია, და ათასობით ადამიანი დაავადდა ხანგამოშვებითი კოჭლობით, რომელსაც ჯეიკფეხი (jake leg) ან ჯეიკის სიარული (jake walk) ეწოდა.

რა მსგავსებაა მეთანოლსა და ლინდოლს შორის?

ისტორიის ტრაგიკული გამეორება

პრობიციის ეპოქის დასრულებამ (1933) ამერიკელებს საშუალება მისცა, თავი დაეღწიათ ტოქსიკური ალკოჰოლის საფრთხისგან. ამერიკული გამოცდილება გლობალურ გაკვეთილაიქცა: აკრძალვა არ უთანაბრდება მოხმარების შეწყვეტას, არამედ უთანაბრდება ხარისხის კოლაფსს.

ტრაგიკული სცენარი ათწლეულების შემდეგ საბჭოთა კავშირში გამეორდა. 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შემოღებულმა მშრალმა კანონმა ალკოჰოლის წარმოება მკვეთრად შეზღუდა, საბჭოთა მოქალაქეებმაც მიმართეს ალტერნატიულ ალკოჰოლს. მოხმარების ობიექტი გახდა  ეთანოლის შემცველი ნებისმიერი სითხე — ოდეკოლონი, მინის საწმენდი საშუალებები, წებოები და სხვა ტექნიკური სითხეები. ეს ნივთიერებები, ისევე როგორც აშშ-ში, შეიცავდა დიდი რაოდენობით მეთანოლს ან სხვა ინდუსტრიულ ტოქსინებს.

შედეგად, საბჭოთა კავშირშიც მკვეთრად გაიზარდა მეთანოლით მოწამვლის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იმეორებდა ნიუ-იორკის 1926 წლის სტატისტიკას. ამ ორი ისტორიული პერიოდის პარალელი ნათლად ადასტურებს, რომ როდესაც სახელმწიფო ცდილობს მოთხოვნას ქიმიური აკრძალვით ებრძოლოს, ის არა ჯანმრთელობას, არამედ მასობრივ მოწამვლას უწყობს ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Morgan, J. P. (1982). The “Jake Leg” Paralysis: The History and Treatment of Tri-ortho-cresyl Phosphate Poisoning.
  2. Okrent, D. (2010). Last Call: The Rise and Fall of Prohibition.
  3. Blum, D. (2010). The Poisoner’s Handbook: Murder and the Birth of Forensic Medicine in Jazz Age New York.
  4. https://www.biologycorner.com/2022/09/10/methanol-and-the-chemistry-of-a-poison/

 

კვლევის ანგარიშის მომზადების ნიმუში და ინსტრუქციები

0

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლება კვლევითი უნარების განვითარებას მოითხოვს. ამისათვის კარგი საშუალებააა ერთის მხრივ კვლევის ჩატარება, მეორეს მხრივ კვლევის ანგარიშის შედგენა. სტატიაში მოცემულია რჩევები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.

რჩევა მასწავლებლებისთვის: მოცემული სტრუქტურა და ჩეკლისტი (შესამოწმებელი სია) უნდა იქნას გამოყენებული არა მხოლოდ შეფასების, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და სამეცნიერო წერის უნარების გასავითარებლად.

  • ნაწილნაწილ სწავლება: ნუ მოსთხოვთ მოსწავლეებს მთელი ანგარიშის დაუყოვნებლივ დაწერას. თითოეულ ეტაპზე (მაგ., შესავალი, მეთოდები, ანალიზი) მიეცით დრო დაწერონ მხოლოდ ის სექცია.

მაგალითად: დავალება 1: დაწერეთ მხოლოდ საკვლევი შეკითხვა და ჰიპოთეზა. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა იდენტიფიცირებული დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები.

  • ერთობლივი დაწყება: დაიწყეთ რესურსები და მეთოდები სექციით. დაფაზე ერთად ჩამოაყალიბეთ პროცედურის პირველი 2-3 ნაბიჯი მესამე პირში და წარსულ დროში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ “სამეცნიერო წერის” ფორმატის გაგება.

აქცენტი ანალიზზე:

  • მონაცემების ინტერპრეტაცია: ასწავლეთ მოსწავლეებს, რომ ანალიზის ნაწილი არ არის მხოლოდ გრაფიკები, არამედ არის ტენდენციების აღწერა. სთხოვეთ მათ, რომ წერილობით უპასუხონ კითხვებს, როგორიცაა: “რა მოხდა, როცა X გაიზარდა/შემცირდა?” ან “რა ნიმუში დაინახე შენს მონაცემებში?”.
  • რატომპასუხი: დასკვნაში აქცენტი გააკეთეთ მეცნიერულ ახსნაზე. დასვით კითხვა: “შედეგები რომ მიიღე, რატომ მოხდა ეს? რომელი სამეცნიერო დებულება (შესავლიდან) ხსნის ამ მოვლენას?”. ეს აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან

ჩეკლისტის გამოყენება:

  • თვითშეფასება: სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოიყენონ მოსწავლისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიშის ჩეკლისტი. ეს აუმჯობესებს მათ კრიტიკული შეფასების უნარს და ეხმარება საკუთარი შეცდომების პოვნაში.
  • ფერადი კოდირება: სთხოვეთ მოსწავლეებს, თავიანთი ანგარიშის მზა ნაწილები სხვადასხვა ფერით მონიშნონ. მაგალითად:
    • ყვითლად: ჰიპოთეზის დასტური/უარყოფა.
    • მწვანედ: მეცნიერული ახსნა.
    • წითლად: შეცდომის წყაროები. ეს ეხმარება მათ ვიზუალურად დაინახონ, შეასრულეს თუ არა ყველა მოთხოვნა.

წარდგენის მნიშვნელობა

  • PPTX-ის სტრუქტურა: ვინაიდან საბოლოო წარდგენა არის PPTX, აუხსენით, რომ ანგარიშის თითოეული სექცია (სათაური, შესავალი, ჰიპოთეზა, მეთოდები, შედეგები, დასკვნა) უნდა იქცეს ცალკე სლაიდად. ეს უნარჩუნებს მათ კვლევის ანგარიშის ლოგიკურ თანმიმდევრობას.
  • ვიზუალური კომუნიკაცია: ხაზი გაუსვით იმას, რომ PPTX-ში აქცენტი უნდა გაკეთდეს გრაფიკებსა და ფოტოებზე, ხოლო ტექსტი უნდა იყოს მოკლე და მხოლოდ ძირითადი შედეგების შემაჯამებელი.

რჩევა მოსწავლეებს: რატომ უნდა გამოიყენოთ ეს შაბლონი? ამ სტრუქტურის დაცვით: თქვენი ნამუშევარი იქნება ორგანიზებული და გასაგები. მასწავლებელს და თანაკლასელებს გაუადვილდებათ თქვენი შედეგების გაგება. თქვენ ისწავლით, როგორ დაწეროთ მეცნიერული და ობიექტური ანგარიში. პრეზენტაციის მომზადება ბევრად მარტივი გახდება.

  • მიჰყევით ამ წესებს, რომ თქვენი ანგარიში იყოს ზუსტი და წარმატებული.
  • ნიმუში დაგეხმარებათ, რომ თქვენი ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები სწორად და მარტივად ჩაწეროთ. ის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ბიოლოგიის, ქიმიის ან ფიზიკის გაკვეთილებზე ატარებენ ცდებს.

 

სათაური – ექსპერიმენტის აღმწერი მოკლე განცხადება (ერთი წინადადების სახით)

შესავალი და ლიტერატურული მიმოხილვა, რომელიც მოიცავს:

  • ექსპერიმენტთან დაკავშირებულ სამეცნიერო დებულებებს;
  • კვლევის მიზანს;
  • სისტემის მოქმედების ახსნას;
  • ლიტერატურაში უკვე არსებული ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას.

დაიწყეთ ფართო კონტექსტით (მაგალითად, ზოგადი ინფორმაცია მოვლენის შესახებ, რომელსაც იკვლევთ). შემდეგ თანდათან შეავიწროვეთ ფოკუსი თქვენს კონკრეტულ კვლევამდე. ექსპერიმენტთან დაკავშირებული სამეცნიერო დებულებები არ ჩამოწეროთ პუნქტებად, არამედ დააკავშირეთ ერთმანეთთან წინადადებებით. გამოიყენეთ სქოლიოები ან ციტირების სისტემა (თუ მოთხოვნილია), რათა მიუთითოთ, რომელმა ავტორებმა გამოაქვეყნეს უკვე არსებული ინფორმაცია

საკვლევი შეკითხვა / პრობლემა – კონკრეტული შეკითხვა, რომლის პასუხსაც ექსპერიმენტი ისახავს მიზნად;

მაგალითად: რა გავლენას ახდენს X , Y-ის სიჩქარეზე?

შესაძლებელია რამდენიმე შეკითხვის გაერთიანება, ან ცალკ-ცალკე ჩამოწერა.

ჰიპოთეზა – პირობითი წინადადება (თუ ….. მაშინ …….) დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების ჩათვლით;

რესურსები და მეთოდები – აქ იწერება რესურსების ჩამონათვალი და ექსპერიმენტის მსვლელობა დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ.

დაკვირვების ან ექსპერიმენტის შედეგად შეგროვილი მონაცემები – მონაცემების ცხრილები, რაოდენობრივი შედეგები;

ანალიზი – მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული დიაგრამები, გრაფიკები, რომელიც გამოსახავს ცვლადებს შორის დამოკიდებულებას, ტენდენციას.

დასკვნა –

  • გამეორებით ჩამოაყალიბეთ მიზანი;
  • შეაჯამეთ შედეგები/მიგნებები;
  • აღნიშნეთ, დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა;
  • მოიყვანეთ მეცნიერული ახსნა;
  • იდენტიფიცირება მოახდინეთ შეცდომის შესაძლო წყაროებისა;
  • შესთავაზეთ გაუმჯობესებები ან შემდგომი კვლევები.

წარდგენა – მოამზადეთ საბოლოო ანგარიში pptx ფორმატში და გააცანით შესაბამის აუდიტორიას. დაწერეთ სრულყოფილი წინადადებები, სამეცნიერო ტერმინების გამოყენებით. ისარგებლეთ ნაცვალსახელებით, ,,მე“, ,,ჩვენ“. გრაფიკებსა და ცხრილებს გაუკეთეთ ისეთი სათაურები და წარწერები, რაც ადვილად იქნება გასაგები და არ გამოიწვევს ინფორმაციის ბუნდოვანებას. გამართეთ გრამატიკულად და სტილისტურად.  არ გამოიყენოთ მარტივი თხრობა, რომელიც იმოქმედებს ემოციებზე. არ ცვალოთ დროები. ძირითადად ისაუბრეთ წარსულ დროში. თავი აარიდეთ ტექსტის ინტერნეტიდან დაკოპირებას.

 მოსწავლისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიშის ჩეკლისტი

  • სათაური – ჩემი სათაური აღწერს რას ეხება ექსპერიმენტი;
  • შესავალი/ლიტერატურული მიმოხილვა – სწორად გამოვიყენე ტერმინები, ნათლად აღვწერე ექსპერიმენტის შესახებ უკვე არსებული მასალები; დეტალურად, მაგრამ მოკლედ ჩამოვაყალიბე ექსპერიმენტის მიზანი.
  • საკვლევი შეკითხვა და ჰიპოთეზა – ჩემი შეკითხვა მოკლეა და მასზე პასუხის მიღება ექსპერიმენტით არის შესაძლებელი. ჰიპოთეზა შემოწმებადია, შეიცავს დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ცვლადებს, გამოვიყენე პირობითი წინადადება თუ . . .  მაშინ . . . .
  • ცვლადები – გამოვკვეთე დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები.
  • საჭირო მასალა – ჩამოვთვალე ყველა მასალა, რაც გამოვიყენე ექსპერიმენტის ჩატარებისას.
  • პროცედურა – დეტალურად აღვწერე მსვლელობა, ნაბიჯ-ნაბიჯ.
  • მონაცემები – ჩავიწერე და ცხრილის სახით წარმოვადგინე მონაცემები; შევარჩიე ერთეულები, გრაფიკებს და დიაგრამებს სწორად შევურჩიე სათაურები;
  • მონაცემების ანალიზი – აღვწერე გრაფიკზე წარმოდგენილი ტენდენციები, ავხსენი რას ნიშნავს ჩემს მიერ მიღებული შედეგები;
  • დასკვნა – გავიმეორე ექსპერიმენტის მიზანი; შევაჯამე შედეგები. დავწერე დადასტურდა თუ არა ჩემი ჰიპოთეზა. ავხსენი, თუ რატომ მივიღე კონკრეტული შედეგები მეცნიერული დასაბუთების გამოყენებით. დავადგინე შეცდომის შესაძლო წყაროები.  შევთავაზე გაუმჯობესებები ან სამომავლო კვლევები.
  • ანგარიშის სტრუქტურა და გამართულობა – ნაწერი არის მკაფიო და თავისუფალი ძირითადი გრამატიკული შეცდომებისგან. გამოვიყენე ოფიციალური სამეცნიერო ენა.

ერთი სიმღერის ორი ენა, როგორც სამეტყველო რესურსი

0

სიმღერით სწავლების პოზიტიურ შედეგებზე არაერთი მკვლევარი და პრაქტიკოსი მასწავლებელი წერს როგორც ჩვენში, ასე  — საზღვარგარეთ. კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის ზემოქმედებით სინქრონულად აქტიურდება ადამიანის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები, რაც ნაყოფიერი, ფოკუსირებული, მოტივაციით გაძლიერებული სწავლისათვის განაწყობს და შეამზადებს მას. ადრეულ ასაკში სიმღერებით სწავლება კი ეხმარება ბავშვს კონცენტრირებულად მოისმინოს, აღიქვას ბგერა და რიტმი, აითვისოს ენის გრამატიკული წესები, ამ გზით კი  ჩამოუყალიბდეს ადრეული წიგნიერების უნარი.

სიმღერა, რომლის შესახებ მინდოდა მესაუბრა, აღმოჩნდა, რომ ბევრი კარგი პედაგოგისთვის გამომდგარი რესურსია, მის შესახებ უკვე დაუწერიათ კიდეც. ვიფიქრე, რაკი ბევრთან გამოიცადა, მით უფრო გამოდგება სარესურსოდ-მეთქი და მეტად მომინდა გაზიარება.

პაატა პაპავას სიმღერის შესახებ მოგახსენებთ. მისი სათაურია `მზე და ცა~, რომელიც სპეციალურად კითხვის სწავლებისა და სწავლისთვის შეიქმნა. თუმცა ეს ტექსტი, როგორც  რესურსი, შესაძლოა, მშვენივრად გამოვიყენოთ არა მარტო კლასში, არამედ — სმენითი ან ვიზუალური, დასწავლის ან ვერბალური დარღვევების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობისთვისაც.

სიმღერაში გამოყენებულია მარტივი სიტყვები და ფრაზები, რომელთა აღქმა, შემადგენელ ნაწილებად დაშლა და ერთმანეთთან დაკავშირება პატარა მსმენელებს თუ მკითხველებს არ გაუძნელდებათ.

ტექსტი ასეთია:

მზე და ცა

ეს არის მზე,

ეს არის ცა,

ეს არის ხე,

ეს არის მთა.

 

ამოდის მზე,

წინ მოჩანს გზა,

მზე, როგორცმზე,

გზა, როგორცგზა.

 

იწყება დღე,

წინ მოჩანს გზა,

დღე, როგორცდღე,

ცა, როგორცცა.

 

შენ გიყვარს მზე,

გემი და ზღვა,

მე მომწონს ტყე,

ნავი და ტბა.

 

ერთად ვართ ჩვენ,

ერთი გვაქვს ცა,

მზე, როგორცმზე,

ცა, როგორცცა.

 

ჩვენ გვიყვარს მზე,

ცისფერი ცა,

ნათელი დღე,

ზღვისფერი ზღვა.

 

ერთად ვართ ჩვენ,

ერთი გვაქვს ცა,

მზე, როგორცმზე,

ცა, როგორცცა.

აქვეა სიმღერის ვიზუალური გამოსახულებაც:

სურ.1.

ცხადია, შესაძლებელია მათი ბარათებად გამოყენებაც და არაერთგვაროვანი აქტივობის მოფიქრებაც.

 

მარტივი და სახალისოა სიმღერის მელოდია და რიტმიც. ბავშვები ჯერ  სიამოვნებით უსმენენ სიმღერას, ყურადღებით აკვირდებიან კლიპში წარმოდგენილ ნახატებს, რომელთა მეშვეობით ბევრად იოლად აღიქვამენ მის ტექსტს, თავადაც სწრაფად ჰყვებიან და ენთუზიაზმით ერთვებიან სიმღერის დასამუშავებლად წარმართულ არაერთგვაროვან აქტივობებში.

სიმღერა `მზე და ცა~ წარმოდგენილია ორი ძირითადი ფორმატით: აუდიოვერსია, ვიდეოკლიპი (ანიმაცია), აუდიოვერსიის სრული ვარიანტი (ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით), კარაოკე (მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილი, ვოკალის გარეშე), ვიდეოკლიპი ვიდეოკლიპი (სუბტიტრების გარეშე) ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, კარაოკე (ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, ვოკალის გარეშე) კარაოკე (მხოლოდ სუბტიტრები).

ამგვარად, შესაძლებელია სიმღერის ამა თუ იმ ვერსიის გამოყენება სხვადასხვა სასწავლო მიზნის შესაბამისად. იგი იწვევს ემოციურ, კოგნიტურ, კინესთეტიკურ რეაქციებს და ამით იძლევა საშუალებას, რომ ერთი კონკრეტული რესურსის თანხლებით მოსწავლეები ჩავრთოთ აღქმის, მოსმენის, წარმოთქმის, მოძრაობის, ხატვის, თხზვის, წარმოსახვისა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებში.

სიმღერის გზამკვლევის მითითებისამებრ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი წინასწარ განეწყოს და მოემზადოს სიმღერის კლასში შესატანად. სიმღერა  ორიენტირებულია დასაწყისი კლასების მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიზნების შესრულებისთვის. კერძოდ, მასში აღწერილი აქტივობებით ბავშვები მოისმენენ და დაეუფლებიან ასო-ბგერებს, შეძლებენ ხშირი და ნაცნობი სიტყვების იოლად აღქმას და მთლიანად ამოკითხვას, აითვისებენ წერის საწყის უნარებს, შეძლებენ ტექსტების თხზვასა და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის შესრულებას. წარმოდგენილი რესურსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ შედეგებს.

სიმღერა გამოვიყენეთ როგორც ქართულ, ასე — აზერბაიჯანულენოვან ბავშვებთან მუშაობისთვის. აქვე გაგიზიარებთ აზერბაიჯანულენოვან ტექსტს, თარგმანზე კონსულტირებისთვის კი მადლობას მოვახსენებთ სპეციალურ მასწავლებელს, ნაიმა ხალილოვას. აქვეა აზერბაიჯანულენოვანი ტექსტიც:

GünəşGöy

 

Bu günəşdir,

Bu səmadir,

Bu ağacdır,

Bu dağdır.

Günəş çıxır,

Qarşıda yol var,

Günəş, günəş kimi,

Yol,  kimi yol.

Gün başlayır,

Karşıda yol görünür,

Gün kimi  – gün,

Səma kimi səma.

Günəşi, gəmini

və dənizi sevirsən,

Mən meşəni, qayığı

və gölü xoslayiram.

Biz bir yerdəyik,

Bir səmamır var,

Günəş kimi – günəş,

Səma kimi səma.

Günəşi, mavi

Səmanı sevirik,

Aydın gün,

Dəniz rəngli dəniz.

 

Biz bir yerdəyik,

Bir səmamır var,

Günəş kimi – günəş,

Səma, kimi səma.

ასე რომ, გამოიყენეთ საგანმანათლებლო ვებგვერდზე —  https://kargiskola.ge/index.php — განთავსებული ელექტრონული რესურსი[1], რომელსაც ახლავს მეთოდური გზამკვლევი, ლელას სტატიასაც[2] ყურადღებით ჩაუჯექით და დაგეგმეთ არაერთი მზიანი, ლაღი გაკვეთილი საყვარელი მოზარდებისთვის.

 

 

[1] https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php?fbclid=IwAR3qV5GOWGNNWP-eTvT_EzNbl8K4d2mR88uoqL5e2Jc7Kl7YpocEhEa4U0c

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=23294

„ხეების სუნი აღარ აქვს კედის“ — აუტიზმი და ანოსმია

0

“I smell the fields and the trees. And the water. The air is sweet. It smells like when Caddy was here.”

“I couldn’t smell it. I couldn’t smell it anymore.”

„ხმაური და მძვინვარება“, უილიამ ფოლკნერი.

             აუტიზმისა და ყნოსვითი ჰიპერმგრძნობელობის შესახებ სტატიისაგან განსხვავებით, ამ წერილში აუტიზმისა  და ყნოსვის დისფუნქციის — ანოსმიის[1] — შესახებ ვისაუბრებ, ლიტერატურული შთაგონების წყარო კი ისევ  უილიამ ფოლკნერის ბენჯამენი იქნება, რომანიდან — „ხმაური და მძვინვარება“, ჩემთვის გაცნობის დროიდან  მრავალმხრივ განსაკუთრებული პერსონაჟი, რომლითაც სტუდენტობის დროიდან დავინტერესდი[2], ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე პირისპირ გავიცნობდი მსგავსი შეგრძნებების ადამიანებს. ბენჯის განცდების გაგება თითქმის ყველას უჭირს, „იდიოტს“ ეძახიან, მის გარშემომყოფთაგან ვერავინ ხვდება, რომ სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს, რაშიც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოგნიტური არხი — ყნოსვა — ეხმარება.  სუნი მისთვის კონკრეტულ მოგონებასთან დამაკავშირებელი ძალაა, კვანძია, რომელიც აერთიანებს დროსა და ემოციას. თითქოს მასში ემოციის სიმძაფრე  ყნოსვის სიმძაფრესაც იწვევს. ხოლო როცა კარგავს დაცულობის შეგრძნებას, პანიკაშია ან ემოციურად განადგურებულია, თითქოს ყნოსვის სენსორული არხი მთლიანად ეთიშება და, ასეთ შემთხვევაში, ამბობს, რომ მასში სუნის შეგრძნება გაქრა — “I couldn’t smell it” — არა იმიტომ, რომ ფიზიოლოგიურად არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მისი ცნობიერი „გათიშულია“. ეს შეიძლება ჩაითვალოს სიმბოლურ ანოსმიად, ვერ გრძნობს იმას, რაც ადრე აკავშირებდა რეალობასა ან წარსულთან, განსაკუთრებით, როცა მისი ფსიქიკა მტკივნეული მოგონებების დაბლოკვას ცდილობს. მეორე მხრივ, ბენჯამენისთვის სუნი თითქოს დროის მანქანაა, სუნის გარეშე, თითქოს დროში დეზორიენტირებული ხდება, აღარ იცის, წარსულშია თუ აწმყოში, ბენჯის მთელი სამყარო ინგრევა იმ წამიდან, როცა კედის სუნს ვეღარ გრძნობს, იგი ერთდროულად კარგავს უსაფრთხოების, სიყვარულის, სითბოს შეგრძნებებს, ცარიელდება და ნადგურდება (“Caddy’s smell is gone, and I can’t smell it”).

დიახ, გენიალური მწერალია უილიამ ფოლკნერი, რომელიც იშვიათი მწერლური ალღოთი აგნებს პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის სენსორულ მეტაფორას, გამოხატულს ყნოსვითი იდენტიფიკაციის დეფიციტით, რომელიც, როგორც მიიჩნევენ,  მუდმივად შეინიშნება აუტიზმის, ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის სინდრომის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს. ასევე მიიჩნევენ, რომ  სუნების ამოცნობისა და დასახელების აშკარა სირთულეებმა შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები სოციალურ სიტუაციებსა და კომუნიკაციაში.

ამ მდგომარეობებში ყნოსვითი დისფუნქციით გამოწვეული კოგნიტური პრობლემები ცხადყოფს, რომ ყნოსვითი დეფიციტის გაგება მნიშვნელოვანია დამხმარე სტრატეგიების შემუშავებისთვის. აუტიზმისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების დროს ყნოსვითი დისფუნქციის მოგვარებით, მხარდამჭერ პირებს შეუძლიათ, უკეთესად შეუწყონ ხელი  ამა თუ იმ მდგომარეობის პირთა  საერთო სენსორულ განვითარებასა და კოგნიტურ ფუნქციონირებას.

კორელაცია აუტიზმის სიმპტომების სიმძიმესთან

როგორც ცნობილია, აუტიზმის სპექტრის აშლილობები (ასა) ხასიათდება მხედველობის, ტაქტილური და სმენითი სისტემების ატიპიური სენსორული ფუნქციონირებით[3]. აუტიზმის სპექტრის აშლილობებს ახასიათებს, როგორც  სოციალური კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთქმედების დეფიციტი, ასევე —  ქცევის სტერეოტიპული, შეზღუდული, განმეორებადი ნიმუშები, მათ შორის: ატიპიური მეტყველება და მოძრაობები, ასევე, ატიპიური სენსორული ქცევა (ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო, მეხუთე გამოცემა, DSM-5). ეს სიმპტომები ზღუდავს და აფერხებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

სუნის ამოცნობის დარღვევასა და სოციალურ დეფიციტს შორის კავშირი შესამჩნევია აუტისტ ბავშვებში. აუტიზმის დროს ყნოსვითი დისფუნქცია მნიშვნელოვნად მოქმედებს აშლილობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმპტომების გამოვლინებასა და სიმძიმეზე. ამ კორელაციის გაგება დაეხმარება მშობლებსა და მზრუნველებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მისი გავლენის გაცნობიერებაში.

სუნის ამოცნობის სიძნელეების მქონე ბავშვებს, თანატოლებთან შედარებით, ხშირად უფრო სერიოზული სირთულეები აქვთ სოციალურ კონტექსტში. ეს ურთიერთობა ნაკლებად გამოხატულია სენსორული დამუშავების დარღვევის მქონე ბავშვებში, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს ყნოსვითი დისფუნქცია, სახელდობრ, აუტიზმთან. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ აუცილებელია კონკრეტული სენსორული პრობლემების იდენტიფიცირება. ამის გარეშე,  შეიძლება გამწვავდეს სოციალური სირთულეები აუტიზმის სპექტრში. იმის აღიარებამ, რომ ეს სენსორული დეფიციტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს აუტიზმის მქონე პირთა სოციალურ ფუნქციონალურობაში, შეიძლება გამოიწვიოს დროული და მორგებული ჩარევა, ასევე — დამხმარე სტრატეგიების შემუშავება მათი ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ ყნოსვითი დამუშავების დარღვევები, თუმცა, მაინც მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით, ნაკლებად არის შესწავლილი აუტისტური სპექტრის პაციენტებში ყნოსვითი ცვლილებები, თუმცა მკვლევრები ცდილობენ ამ ცვლილებების ნერვულ დონეზე შესწავლას. მაგალითად,  მათ ორფაზიან კვლევაში გამოიკვლიეს აუტიზმის მქონე 18 ზრდასრული და 18 ნეიროტიპური საკონტროლო ჯგუფი. მონაწილეებს თავდაპირველად ჩაუტარდათ სუნის ზღურბლის და სუნის იდენტიფიკაციის ტესტი. შემდეგ,  გადაიღეს ყნოსვითი ბოლქვის სტრუქტურული მაგნიტურ-რეზონანსული (MR) გამოსახულებები და ჩატარდა ფუნქციური MR ვიზუალიზაციის ყნოსვითი კვლევა.  აუტისტ პირებში აღინიშნა სუნის ზღურბლის და სუნის იდენტიფიკაციის შემცირებული ფუნქცია; ამას თან ახლდა პირიფორმული ქერქის შედარებით შემცირებული აქტივაცია. გამოიკვეთა, რომ აუტიზმის დროს ყნოსვის ცნობილი ცვლილებები პირველადი ყნოსვითი ქერქიდან იღებს სათავეს.

 

აუტიზმის დროს ყნოსვითი დისფუნქციის უფრო დეტალური შესწავლა

 

კვლევები მიუთითებს, რომ ამ პირებს აქვთ შემცირებული დისკრიმინაციის ქულები, რაც ნიშნავს, რომ მათ უჭირთ სხვადასხვა სუნის ეფექტურად გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ასა-ში ატიპიური სენსორული ფუნქციონირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში კარგად არის დოკუმენტირებული ვიზუალური (Simmons  2009), ტაქტილური (Puts 2014) და სმენითი (O’Connor 2012) სისტემებისთვის, ასა-ში ყნოსვა ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვლევაში ექსპერიმენტულად დადასტურდა გარემოს სუნის სიგნალების მნიშვნელობა ასდ-ის მქონე ბავშვების სოციალური და კოგნიტური განვითარებისთვის. პარმა და სხვებმა (2013) აჩვენეს, რომ ავტომატური იმიტაცია  — მნიშვნელოვანი სოციალური უნარი, რომელიც ასა-ს დროს დაქვეითებულია — ასა-ს მქონე ბავშვებში გამოწვეული იყო ობიექტისკენ მიწვდომის მოქმედების დავალებით, როდესაც ობიექტი ბავშვის დედის სუნთან იყო დაკავშირებული. მეორე კვლევაში, ვუმ და ლეონმა (2013) (იხ. აგრეთვე ვუ და სხვ. [2015]) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველდღიურად ყნოსვითი/შეხებითი სტიმულაციის, სენსორული და კოგნიტური ვარჯიშების (გამდიდრების ჯგუფი) და სტანდარტული პროცედურების (საკონტროლო ჯგუფი) ჯგუფში ჩაატარეს.

6-თვიანი გამდიდრების შემდეგ, აუტიზმის სიმძიმე (შეფასებულია ბავშვობის აუტიზმის შეფასების შკალით) მნიშვნელოვნად დაბალი იყო „გამდიდრების ჯგუფში“, ვიდრე  — „საკონტროლო ჯგუფში“.

ამ ორი იმედისმომცემი სამეცნიერო კვლევის გარდა, ამ პოპულაციაში ყნოსვითი ფუნქციის დამახასიათებელ რამდენიმე კლინიკურ და სამეცნიერო ანგარიშში არსებული ვარაუდები მიუთითებს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს ყნოსვითი სტიმულებზე ატიპური რეაქციები აქვთ. (Bennetto et al. 2007; Schecklmann et al. 2013; Martin and Daniel 2014; Rozenkrantz et al. 2015; Endevelt-Shapira et al. 2018), თუმცა კვლევები ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მაშინ როდესაც  სამ კვლევაში სუნის აღმოჩენის უნარი შედარებადი იყო აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოზრდილებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

(Suzuki et al. 2003; Tavassoli and Baron-Cohen 2012; Galle et al. 2013; Addo et al. 2017), კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტებში სუნის უკეთესად აღქმა დაფიქსირდა.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლავ გამოსაკვლევია, არის ნეირონული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყნოსვის აღქმის ასეთ განსხვავებებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტებში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რა ყნოსვითი სისტემის სპეციფიკურობას ავლენს ეს პოპულაცია? ეს კვლევა მიზნად ისახავდა ამ საკითხის შესწავლას  სამი კვლევით. პირველ რიგში, შეადარეს ყნოსვითი შესრულება, როგორც სენსორულ, ასევე  — კოგნიტურ დონეზე (ანუ სუნის ზღურბლის და სუნის იდენტიფიკაციის ამოცანები) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ზრდასრულთა ნიმუშსა და საკონტროლო ჯგუფს შორის. მეორეც, ნეირონული განსხვავებები გაანალიზდა სხვადასხვა დამუშავების დონეზე, ყნოსვითი ბოლქვიდან (OB) უფრო ცენტრალურ ყნოსვით უბნებამდე, მათ შორის, წინა და უკანა პირიფორმული ქერქიდან, ამიგდალადან და ორბიტოფრონტალურ ქერქამდე (OFC), რომლებიც კლასიკურად ნაჩვენებია, რომ აქტიურდება სუნის აღქმის დროს ტვინის ვიზუალიზაციის კვლევებში (Soubert 2013). ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გამოყენებული იქნა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებში ფუნქციური ყნოსვითი სისტემის სპეციფიკურობის შესასწავლად. ეს შესაძლებელი იყო ისეთ ადგილებში, როგორიებიცაა პირიფორმული ქერქი, ამიგდალა და OFC. თუმცა, რადგან OB-ს მცირე ზომა ზღუდავს ადამიანებში ფუნქციურ კვლევას, ყურადღება გამახვილდა ამ ტვინის სტრუქტურის ანატომიურ განსხვავებებზე; ამიტომ, შეადარეს OB-ს ანატომიური სტრუქტურა (მიზანი 2) და პირიფორმული ქერქის, ამიგდალისა და OFC-ის ფუნქციური სუნით გამოწვეული აქტივობა (მიზანი 3) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა სტრუქტურას.

ამ სფეროში ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს სტრუქტურული და fMRI მონაცემების შედეგების ჰეტეროგენულობა (Anagnostou and Taylor 2011; Dichter 2012) და თანხვედრა იმ ფაქტთან, რომ არსებობს როგორც მოცულობის ანომალიები, ასევე — ატიპიური ფუნქციური აქტივაცია (ზოგიერთ უბანში შემცირებული, ზოგიერთში — გაზრდილი). გარდა ამისა, მათ აჩვენეს გაზრდილი მიკერძოების ქულები ზღურბლზედა ამოცნობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები განსაკუთრებით ინტენსიური ან უსიამოვნო სუნის იდენტიფიცირებისას.

დამატებითი აღმოჩენაა ის, რომ აუტისტ პირებს შეიძლება ჰქონდეთ გაზრდილი ინტენსივობის შეფასების ქულები, როდესაც ისინი გარკვეულ სუნებს უფრო ინტენსიურად აღიქვამენ, ვიდრე სინამდვილეშია. გარდა ამისა, მათი უნარი, შეაფასონ უსიამოვნო სუნის სასიამოვნოობა, ხშირად დაქვეითებულია.

მაგალითად, რაც ბევრისთვის შეიძლება უსიამოვნო სუნად ჩაითვალოს, შეიძლება არ გამოიწვიოს იგივე რეაქცია აუტიზმის მქონე ადამიანებში.

 

ანალოგიურად, ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ როგორ მოქმედებს სხვა გარემო ფაქტორები, როგორიცაა განათება, სენსორულ გამოცდილებაზე.  ყნოსვითი დისფუნქცია აუტიზმის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანი და ხშირად უგულებელყოფილი გამოწვევაა. საერთო სურნელების ამოცნობის სირთულეებიდან დაწყებული, სუნების ინტენსივობისა და სასიამოვნოობის არასწორად შეფასებით დამთავრებული, ამ სენსორულ განსხვავებებს შეუძლია  იმოქმედოს ყოველდღიურ რუტინაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და საერთო კეთილდღეობაზე.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7369237
  1. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7348741
  2. https://molecularautism.biomedcentral.com/articles/10.1186/s13229-016-0070-3

4.       https://www.stridesaba.com/olfactory-dysfunction-in-autism/5.       https://academic.oup.com/chemse/issue/43/8

[1]https://www.medgeo.net/2012/11/03/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-5/

[2] ნანა გუბელაძე, მარიამ გოდუაძე, უილიამ ფოლკნერის რომანის „ხმაური და მძვინვარება“ სიტუაციშრ–სტრუქტურული კვლევის ზოგიერთი ასპექტი, ქუთაისი, 2006. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/457781/1/AmerikuliLiteraturaDaQartulAmerikuliUrtiertobebi.pdf

[3] https://academic.oup.com/chemse/article/43/8/627/5096883

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...