ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025
24 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი

მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მიწის ყივილი“. ტექსტის დაწერიდან თითქმის 100 წელია გასული. არქაიზმები, ლექსიკა, ტოპონიმების სიმრავლე და ჩახლართული სიუჟეტი თანამედროვე მოზარდებისთვის რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ჩაღრმავებული კითხვის მეთოდითა და მრავალფეროვანი აქტივობებით ტექსტი მაინც მოვიშინაურეთ. მინისპექტაკლები, პერსონაჟის გული, მოთხრობაში გაჟღერებული მუსიკის მოსმენა, პერსონაჟის დღურები, თხრობის ქარგა – თავიდან… შემდეგ… ბოლოს…, მხატვრული ხერხები და საგანგებოდ დაგეგმილი გაკვეთილი სახელად „მოთხრობის მულტიმედიური გააზრება“, ეკრანზე ვიზუალურად გაცოცხლებული ქალაქები, ქვეყნები, მდინარეები, კატორღა, მწერლის ფოტოები – შემაჯამებელი წერისთვის მოსამზადებელ ეტაპად იქცა.

მოთხრობის მრავალხრივ დამუშავებისა და ისტორიული კონტექსტის გააზრების შემდეგ მოსწავლეებს შემაჯამებელი წერისას შემდეგი ქარგა შევთავაზე:

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „მიწის ყივილი“ შესახებ დაწერე თემა, რომელშიც მიმოიხილავ შემდეგ საკითხებს:

  1. შესავალ აბზაცში ყურადღება გაამახვილე მოთხრობის ავტორის, დაწერის დროისა და სათაურის შესახებ;
  2. დაწერე მოთხრობის მოკლე შინაარსი;
  3. აღწერე მოთხრობის მხატვრული ენა (მხატვრული ხერხები);
  4. დაახასიათე მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი;
  5. მოთხრობის მთავარი დეტალებიდან შეარჩიე სამი რამ და იმსჯელე, რა როლს ასრულებს თითოეული მოთხრობის სიუჟეტის განვითარებისას;
  6. გაიხსენე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  7. ჩამოთვალე მოთხრობის მთავარი თემები, შეარჩიე ერთი და იმსჯელე, რაზე დაგაფიქრა;
  8. ბოლო აბზაცი დაიწყე სიტყვით ახლა… და დაწერე, რა ხდება შენ ირგვლივ, რას ხედავ, რა გესმის, რას გრძნობ, რას ფიქრობ, რა გახსენდება. ამ აბზაცში გამოყენებულ ზმნებში მოძებნე და გააფერადე სუბიექტური პირის ნიშნები;
  9. თემა დაასრულე ერთი შეკითხვით, რომელიც მოთხრობას ეხება.

ინსტრუქციას დავურთე შემდეგი რამ:

წერით მიღებულ სიამოვნებას გისურვებ. ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ შენს ნაწერს, შენს ფიქრებს, რომლებიც თითებიდან ფურცელზე გადმოიღვარა.

როგორც ხედავთ, თემა მოიცავს 9 საკითხს, რომელთაგან ერთი გრამატიკულ მასალას ეხება. თითოეული საკითხი გაკვეთილზე განხილული გვქონდა. ახალი რამ არ შემიტანია ინსტრუქციაში. შევეცადე, ყველა ბავშვისთვის მიმეცა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

შემაჯამებელ წერას ორი გაკვეთილი დავუთმეთ. გასწორებას კი რამდენიმე საათი დასჭირდა. ეს იყო ძალიან შრომატევადი პროცესი.

ვფიქრობ, შემაჯამებელმა წერამ ბავშვს უნდა აჩვენოს, როგორ იმუშავა გაკვეთილებზე, სად აქვს უფრო მეტი სამუშაო და რომელია მისი ძლიერი მხარე. ამისთვის კი ინდივიდუალური უკუკავშირი მოვიშველიე, კერძოდ, განმავითარებელი წერილობითი კომენტარი დავუწერე თითოეულს, ცალკე ამოვწერე წინადადებები, როლმებშიც შეცდომები ჰქონდათ დაშვებული, ერთად მოვუყარე თავი და  სავარჯიშოდ გამოვიყენე. ასევე ამოვწერე თითოეული ბავშვის ნაწერიდან ერთი ან რამდენიმე წინადადება, რომლებსაც გასწვრივ სახელი და გვარი მივაწერე და მთელ კლასს ხმამაღლა წავუკითხე.

განმავითარებელი კომენტარების წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, თავადაც დაეწერათ იქვე საპასუხო კომენტარი. ბავშვებს ისიც ვუთხარი, რომ თუკი რომელიმეს მიღებული ქულა უსამართლოდ მოეჩვენებოდათ, გამოტოვებული საკითხის დაწერის საშუალებას მივცემდი.

ჩემი დაკვირვებით, კლასის უმრავლესობამ თავი გაართვა შემაჯამებელი დავალების ინსტრუქციას.  თემის დაწერა გაუჭირდათ იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლას ხშირად აცდენდნენ ან საგაკვეთილო პროცესში უყურადღებოდ იყვნენ. დიდი სურვილი მქონდა, რამდენიმე მათგანისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარებისა, თუმცა გადატვირთული სასკოლო რეჟიმის გამო ჩანაფიქრის ასრულება ამ ეტაპზე ვერ შევძელი.

იმ პერიოდში ერთი მოსწავლე  სხვა სკოლაში გადავიდა. ვიცოდი, რომ შემაჯამებლის ანალიზისთვის დათმობილ გაკვეთილზე არ იქნებოდა. ლიზის მაინც დავუწერე განმავითარებელი კომენტარი და კლასში შესულმა თავის მერხთან რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა.

გიზიარებთ ლიზისთვის დაწერილ განმავითარებელ კომენტარს:

„ლიზი, ამ შემაჯამებლების ანალიზს კლასში რომ მოვიტან, შენ უკვე სხვა სკოლაში იქნები გადასული. გული მწყდება, ჩემო ლამაზო, გონიერო და სიცოცხლით სავსე გოგოვ. არასდროს დამავიწყდება, როგორი გულმოდგინებით წერდი, რამდენი დრო დახარჯე ხაზების გავლებასა და მეორე საკითხის წერაში (შინაარსს რომ ვერ ასრულებდი). ვფიქრობ, დროის განაწილებაზე უნდა იმუშაო. რამდენიმე საკითხი გამოგრჩა და ზუსტად ვიცი, დაწერა შეგეძლო. ძალიან მომენატრები. უზარმაზარი მადლობა ყურადღებისთვის, შესრულებული დავალებებისთვის. ღმერთი გფარავდეს შენს სავალ გზებზე“.

ლიზიმ საპასუხოდ მომწერა:

„მას, მართალი ხართ, დროის კონტროლი არ შემიძლია. აუცილებლად გავითვალისწინებ. უფრო მეტ ქულას ველოდი, მაგრამ არაუშავს. რაც არის, არის. მიყვარხართ, მას და მეც მომენატრეთ. ვცდილობდი ყველა თემას შევხებოდი, მაგრამ გამომრჩენია“.

ძალიან მიყვარს შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზისთვის განკუთვნილი გაკვეთილი. ბავშვებს სჭირდებათ დროული უკუკავშირი, მოტივაციის ამაღლება, რჩევები და მასწავლებლის მხარდაჭერა.

შემაჯამებლის ანალიზი –  სათაურად ვწერთ თარიღის ქვეშ და ვიწყებ ნამუშევრების დარიგებას. საინტერესოა მოსწავლეებზე დაკვირვება, განმავითარებელ კომენტარებს რომ  კითხულობენ ხოლმე. საპასუხო კომენტარების დაწერის შემდეგ წავუკითხე ვარსკვლავწინადადებები, ბოლოს კი ცალკე ამობეჭდილი შეცდომები სათითაოდ დავურიგე და მთელმა კლასმა გრამატიკულ საკითხებზე იმუშავა.

გიზიარებთ მეცხრეკლასელების შემაჯამებელი ნაწერებიდან ამოკრეფილ ვარსკვლავწინადადებებს, რომელთა ხმამაღალი წაკითხვის მიზანი იყო თითოეულის ინდივიდუალიზმის წარმოჩენა:

ვარსკვლავწინადადებები

  1. ამ მოთხრობის ყველა გზა ქართული ანბანისკენ მიდის. გარეთ უჩვეულო მზეა შემოდგომისთვის. ანდრია შეროზია.

 

  1. ჩემი აზრით, ეს იმას გვასწავლის, თუ პირველი ნაბიჯის გადადგმა როგორი განსაკუთრებულია. თქვენ რომ მეხსიერება გქონდეთ დაკარგული და უცებ ის დაბრუნდეს, ვის გაიხსნებდით პირველს? ბავშვები თავჩახრილები გამწარებულები წერენ, ზოგი ფიქრობს, ზოგი კი ისე წერს, ბომბი რომ აუფეთქო, ვერ გაიგებს. ნინი თავზარაშვილი

 

  1. მე და ჩემი კლასელები გავეცანით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „მიწის ყივილს“, რომელიც გვიამბობს, თუ რამდენი რამე შეიძლება მოხდეს ორ ადამიანს შორის ძალიან მოკლე დროის განმავლობაში, თუნდაც ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთი შეკითხვა ამ მოთხრობასთან დაკავშირებით მაქვს, რა სიმბოლური მნიშვნელობას გამოხატავს მიწა ამ მოთხრობაში და რა განსხვავებაა ანდრო კაიშაურსა და სხვა ემიგრანტებს შორის? ქეთი ჯანელიძე

 

  1. არ ვიცი, რა დავწერო, მარა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. ნეტავ, რა საინტერესოა, ვინ არის მთავარი მთხრობელი? ნინი როსტიაშვილი
  2. პირადად ჩემთვის, ემიგრაცია ყველაზე ცუდი გასახსენებელია, რადგანაც ოჯახის 2 წევრი ამის გამო 6-7 წელი ვერ ვნახე. თურმე როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ეს ჩვენ არ გვიწევს. ცოტნე ქისტაური
  3. ვგრძნობ, რომ ყველა დაწერს ტესტს. გია მარკოზაშვილი
  4. ვხედავ, ლილე და ლელა მასწავლებელი როგორ საყვარლად სხედან და მუშაობენ. ჩემი შეკითხვაა, არის ეს ამბავი ნამდვილი? ნინი დოიჯაშვილი
  5. ვხედავ მასწავლებლის დიდ ჩანთას, წიგნებით გადავსებულს და მაფინებს. მე ვურჩევ ყველას, რომ ეს მოთხრობა წაიკითხოს. ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა. ნეტავ, შემეძლოს, რომ ჩემი პატარა დისთვის წამეკითხა, მაგრამ პატარაა და ვერაფერს გაიგებს. ანა კავთელაძე
  6. ლელა მასწავლებელი ჰყვება, თუ რას აპირებს მე-11 კლასის გაკვეთილზე, თან ისე უხარია, რომ გაბრწყინებული სახით გვიყვება. ყველა ჩუმადაა და აძლევენ რჩევებს. გარეთ მზეა, მაგრამ სუსხია. ლიზი ბატკუაშვილი
  7. ჩემი დაქალი წიგნს კითხულობს. მარიამ ურუშაძე
  8. ნეტავ, მეც ვისწავლი ფრანგულს? ბარბარე პაპიაშვილი
  9. ანდრო კაიშაური რომ არ მომკვდარიყო, ნეტავ, წავიდოდა საქართველოში? გიორგი ლომსაძე
  10. ამ ყველაფერმა დამაფიქრა, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, მოგენატრება შენი სამშობლო და ძალიან გაგიჭირდება შორს ყოფნა შენი სახლიდან. მახსენდება, როგორ საინტერესოდ ვმსჯელობდით ამ ტექსტზე. ნეტავ, კიდევ არის წაბლის ხის ქვეშ გრძელსკამი და თუ იცის ხალხმა მაგ ადგილის შესახებ? ანანო ვარდანაშვილი
  11. მე მომეწონა ის ეპიზოდი, მოხუცი და ახალგაზრდა რომ დამეგობრდებიან. გიორგი კაპანაძე
  12. ამ მოთხრობამ გვასწავლა, რომ არასდროს დავტოვოთ დიდი ხნით სამშობლო. გიორგი ცისკაძე
  13. ახლა კლასში ლელა მასწავლებელი და მისი შვილი წიგნებს ამზადებენ. ცოტნემ კიდევ ერთი ფურცელი მოითხოვა. ნეტა რა დაწერა ამდენი? მარიამ მღებრიშვილი
  14. მდინარე მარნამ დამაფიქრა. რეალურად რომ მენახა, საინტერესო იქნებოდა. ლიზი კარაპეტოვი
  15. სადაც არ უნდა იცხოვრო ან დრო გაატარო, სამშობლო სულ შენშია, მისი დავიწყება შეუძლებელია. მარიამ თითირაშვილი
  16. ამ მოთხრობამ ძალიან შემაყვარა თავი თავისი უცნაური პერსონაჟებით. დაჩი ცხვედაძე
  17. მთავარი პერსონაჟები ძალიან მხიარულები და გულწრფელები არიან. გიგა ბალიაური
  18. მართალია, ჩვენი თაობისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად მოვიშინაურეთ. ახლა მალე ზარია. თათია კლასში დაჭრილ ყვავილებს გვის. ამ მოთხრობამ სამშობლოზე დამაფიქრა. ტასო მენთეშაშვილი
  19. მოთხრობის დაწერიდან 100 წელი გვაშორებს. თათია ფეიქრიშვილი
  20. ნეტავ, რომ არ დაევიწყა თავისი სამშობლო, წავიდოდა სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ? საბა ჯელაძე

სამწუხაროდ, ენისთვის დათმობილი საათები საკმარისი არ არის და სახელმძღვანელოში დართული გრამატიკული სავარჯიშოებიც მწირია. სწორედ ამიტომ შემაჯამებელ ნაწერებში დასვებული შეცდომები სავარჯიშოდ ვაქციე და მრავალჯერადად გამოვიყენებ. გადავწყვიტე, შეცდომები გამემუქებინა, მარტივად რომ მოეძებნათ და დამახსოვრებაც გაადვილებოდათ.

 

შეცდომები

1.მათი გაცნობის შემდეგ მოხუცი მამაკაცი ყვება თავის თავგადასავალს. 2. ძაან გახარებულია, როგორც იქნა, ცხოვრების ტვირთს იშორებს და იხსენებს ოჯახს. 3. რა ძნელია, როდესაც არ გახსოვს: ბავშვობა, დედ-მამა, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ მაინც ბრძოლობს და იხსენებს. 4. ამ მოთხრობის მთავარი თემებია მიგრაცია, სამშობლოს სიყვარული.  5. შემდეგ ის გაიქცევა და იმოგზაურებს: ჩინეთში, იაპონიაში, სხვადასხვა კუნძულებზე და ბოლოს ევროპაში ჩავა. 6. ამ მოხუცს ახსენდება ძველი დრო, მისი სამშობლო და, რაც ყველაზე მთავარია, მისი დედიკო. 7. როგორც იქნა, მივიდა მასთან და კითხა წიგნის შესახებ. 8. მე და ჩემი კლასელები გავეცანით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „მიწის ყივილი“-ს. 9. მან უთხრა, რომ მწერალს დასვენება ჭირდებოდა. 10. მთვარი პერსონაჟი არის გლეხი რომელიც დიდი სიყვარულით ზრუნავს მიწაზე. 11. ამ ტექსტში ბევრი მხატვრული ხერხები გვხვდება. 12. მწერალი ექიმის გაფრთხილებებს და ინსტრუქციებს მიყვება. 13. მოთხრობაში გამოყენებულია სხვადასხვა მხატვრული ხერხები. 14. 2 ოჯახის წევრი ამის გამო 6-7 წელი ვერ ვნახე. 15. ექიმა გამსინჯა. 16. მთავარი პერსონაჟი არი კეთილი, უყვარს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. 17. დააინტერესა ახალ გაზრდა მამაკაცი. 18. მოთხრობის სათაური არის მიწის ყივილი. 19. მახსენდება რომ, სახლში საჭმელი მელოდება.  20. მოხუცს ძალიან უნდოდა მის სამშობლოში დაბრუნება. 21. ვგიჟდები პოეტურ რაღაცეებზე. 22. მივიდა მასთან, გვერძე მიუჯდა და წიგნს ჩახედა. 23. ერთ დღეს როდესაც ახალგაზრდა კაცი თავს ცუდად გრძნობდა წავიდა ექიმთან და ექიმმა მას წამლის მაგიერ დასვენება გამოუწერა. 24. ლელა მასწავლებელი ყვება, თუ რას აპირებს 11 კლასის გაკვეთილზე. 25. მესმის რომ კალამი შჭირდებათ. 26. მე და ჩემმა კლასელებმა წავიკითხეთ (მიწის ყივილი). 27. „მიწის ყივილი“-ს ავტორი არის მიხეილ ჯავახიშვილი. 28. მთხრობელი არ აჩენს თავს, ამიტომ არვიცით ვინაობა. 29. ახალგაზრდა ექიმა გამოუშვა დასასვენებლად. 30. მერე არის მოხუცისა და ახალგაზრდას შეხვედრა პატარა ბაღში, გრძელ სკამზე წაბლის ხის ქვეშ. 31. თავიდან არც ისე კარგათ დაიწყო მაგრამ, შემდეგ კარგად განვითარდა. 32. რამდენი რამ არახსოვდა. 33. ახალგაზრდა ვეფხის ტყაოსანს უკითხავს. 34. ანდროს კი ნელ ნელა ახსენდებოდა თავისი სამშობლო. 35. ანდრო კაიშაური გულკეთილი, სამშობლოს მოყვარული კაცია, რომელშიც მოგონებებმა გაიღვიძეს და გაუღვივეს სამშობლოში დაბრუნების სურვილი. 36. ვერ მოასწრო მისი სამშობლოს ნახვა. 37. ამდენი წლის შემდეგ დავიწყებულ რაღაცეებს რომ იხსენებს. 38. გავიგეთ, რომ მოხუც კაცს ანდრო კაიშაური ქვია. 39. მოთხრობაში ავტორი რამოდენიმე მხატვრულ ხერხებს იყენებს. 40. უცნობი კაცი კი შრომის მოყვარედ გაგვაცნო. 41. მიხეილ ჯავახიშვილმა მიწის ყივილი 20-ე საუკუნის 30 იან წლებში დაწერა. 42. მოთხრობის დასასრულში კი სამწუხაროდ ანდრო გარდაიცვალა. 43. ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბავშვობის გახსენებაა, მეორე კი რათქმაუნდა სამშობლოს სიყვარული. 44. მოხუცმა კითხა, ეს ქართულიაო. 45. სამწუხაროდ ის მისი სიცოცხლის განმავლობაში იქ ვერ ჩავიდა. 46. საინტერესოა ვინაა მთხრობელი რაქვია. 47. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დასაწყისია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

სიზიფე, გააგრძელებ?!

მიგრაციის გაკვეთილები

სარკისებრი ასოები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“