საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლება კვლევითი უნარების განვითარებას მოითხოვს. ამისათვის კარგი საშუალებააა ერთის მხრივ კვლევის ჩატარება, მეორეს მხრივ კვლევის ანგარიშის შედგენა. სტატიაში მოცემულია რჩევები მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.
რჩევა მასწავლებლებისთვის: მოცემული სტრუქტურა და ჩეკლისტი (შესამოწმებელი სია) უნდა იქნას გამოყენებული არა მხოლოდ შეფასების, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და სამეცნიერო წერის უნარების გასავითარებლად.
- ნაწილ–ნაწილ სწავლება: ნუ მოსთხოვთ მოსწავლეებს მთელი ანგარიშის დაუყოვნებლივ დაწერას. თითოეულ ეტაპზე (მაგ., შესავალი, მეთოდები, ანალიზი) მიეცით დრო დაწერონ მხოლოდ ის სექცია.
მაგალითად: დავალება 1: დაწერეთ მხოლოდ საკვლევი შეკითხვა და ჰიპოთეზა. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა იდენტიფიცირებული დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები.
- ერთობლივი დაწყება: დაიწყეთ რესურსები და მეთოდები სექციით. დაფაზე ერთად ჩამოაყალიბეთ პროცედურის პირველი 2-3 ნაბიჯი მესამე პირში და წარსულ დროში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ “სამეცნიერო წერის” ფორმატის გაგება.
აქცენტი ანალიზზე:
- მონაცემების ინტერპრეტაცია: ასწავლეთ მოსწავლეებს, რომ ანალიზის ნაწილი არ არის მხოლოდ გრაფიკები, არამედ არის ტენდენციების აღწერა. სთხოვეთ მათ, რომ წერილობით უპასუხონ კითხვებს, როგორიცაა: “რა მოხდა, როცა X გაიზარდა/შემცირდა?” ან “რა ნიმუში დაინახე შენს მონაცემებში?”.
- “რატომ” პასუხი: დასკვნაში აქცენტი გააკეთეთ მეცნიერულ ახსნაზე. დასვით კითხვა: “შედეგები რომ მიიღე, რატომ მოხდა ეს? რომელი სამეცნიერო დებულება (შესავლიდან) ხსნის ამ მოვლენას?”. ეს აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან
ჩეკლისტის გამოყენება:
- თვითშეფასება: სთხოვეთ მოსწავლეებს, გამოიყენონ მოსწავლისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიშის ჩეკლისტი. ეს აუმჯობესებს მათ კრიტიკული შეფასების უნარს და ეხმარება საკუთარი შეცდომების პოვნაში.
- ფერადი კოდირება: სთხოვეთ მოსწავლეებს, თავიანთი ანგარიშის მზა ნაწილები სხვადასხვა ფერით მონიშნონ. მაგალითად:
- ყვითლად: ჰიპოთეზის დასტური/უარყოფა.
- მწვანედ: მეცნიერული ახსნა.
- წითლად: შეცდომის წყაროები. ეს ეხმარება მათ ვიზუალურად დაინახონ, შეასრულეს თუ არა ყველა მოთხოვნა.
წარდგენის მნიშვნელობა
- PPTX-ის სტრუქტურა: ვინაიდან საბოლოო წარდგენა არის PPTX, აუხსენით, რომ ანგარიშის თითოეული სექცია (სათაური, შესავალი, ჰიპოთეზა, მეთოდები, შედეგები, დასკვნა) უნდა იქცეს ცალკე სლაიდად. ეს უნარჩუნებს მათ კვლევის ანგარიშის ლოგიკურ თანმიმდევრობას.
- ვიზუალური კომუნიკაცია: ხაზი გაუსვით იმას, რომ PPTX-ში აქცენტი უნდა გაკეთდეს გრაფიკებსა და ფოტოებზე, ხოლო ტექსტი უნდა იყოს მოკლე და მხოლოდ ძირითადი შედეგების შემაჯამებელი.
რჩევა მოსწავლეებს: რატომ უნდა გამოიყენოთ ეს შაბლონი? ამ სტრუქტურის დაცვით: თქვენი ნამუშევარი იქნება ორგანიზებული და გასაგები. მასწავლებელს და თანაკლასელებს გაუადვილდებათ თქვენი შედეგების გაგება. თქვენ ისწავლით, როგორ დაწეროთ მეცნიერული და ობიექტური ანგარიში. პრეზენტაციის მომზადება ბევრად მარტივი გახდება.
- მიჰყევით ამ წესებს, რომ თქვენი ანგარიში იყოს ზუსტი და წარმატებული.
- ნიმუში დაგეხმარებათ, რომ თქვენი ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები სწორად და მარტივად ჩაწეროთ. ის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ბიოლოგიის, ქიმიის ან ფიზიკის გაკვეთილებზე ატარებენ ცდებს.
სათაური – ექსპერიმენტის აღმწერი მოკლე განცხადება (ერთი წინადადების სახით)
შესავალი და ლიტერატურული მიმოხილვა, რომელიც მოიცავს:
- ექსპერიმენტთან დაკავშირებულ სამეცნიერო დებულებებს;
- კვლევის მიზანს;
- სისტემის მოქმედების ახსნას;
- ლიტერატურაში უკვე არსებული ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას.
დაიწყეთ ფართო კონტექსტით (მაგალითად, ზოგადი ინფორმაცია მოვლენის შესახებ, რომელსაც იკვლევთ). შემდეგ თანდათან შეავიწროვეთ ფოკუსი თქვენს კონკრეტულ კვლევამდე. ექსპერიმენტთან დაკავშირებული სამეცნიერო დებულებები არ ჩამოწეროთ პუნქტებად, არამედ დააკავშირეთ ერთმანეთთან წინადადებებით. გამოიყენეთ სქოლიოები ან ციტირების სისტემა (თუ მოთხოვნილია), რათა მიუთითოთ, რომელმა ავტორებმა გამოაქვეყნეს უკვე არსებული ინფორმაცია
საკვლევი შეკითხვა / პრობლემა – კონკრეტული შეკითხვა, რომლის პასუხსაც ექსპერიმენტი ისახავს მიზნად;
მაგალითად: რა გავლენას ახდენს X , Y-ის სიჩქარეზე?
შესაძლებელია რამდენიმე შეკითხვის გაერთიანება, ან ცალკ-ცალკე ჩამოწერა.
ჰიპოთეზა – პირობითი წინადადება (თუ ….. მაშინ …….) დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების ჩათვლით;
რესურსები და მეთოდები – აქ იწერება რესურსების ჩამონათვალი და ექსპერიმენტის მსვლელობა დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ.
დაკვირვების ან ექსპერიმენტის შედეგად შეგროვილი მონაცემები – მონაცემების ცხრილები, რაოდენობრივი შედეგები;
ანალიზი – მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული დიაგრამები, გრაფიკები, რომელიც გამოსახავს ცვლადებს შორის დამოკიდებულებას, ტენდენციას.
დასკვნა –
- გამეორებით ჩამოაყალიბეთ მიზანი;
- შეაჯამეთ შედეგები/მიგნებები;
- აღნიშნეთ, დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა;
- მოიყვანეთ მეცნიერული ახსნა;
- იდენტიფიცირება მოახდინეთ შეცდომის შესაძლო წყაროებისა;
- შესთავაზეთ გაუმჯობესებები ან შემდგომი კვლევები.
წარდგენა – მოამზადეთ საბოლოო ანგარიში pptx ფორმატში და გააცანით შესაბამის აუდიტორიას. დაწერეთ სრულყოფილი წინადადებები, სამეცნიერო ტერმინების გამოყენებით. ისარგებლეთ ნაცვალსახელებით, ,,მე“, ,,ჩვენ“. გრაფიკებსა და ცხრილებს გაუკეთეთ ისეთი სათაურები და წარწერები, რაც ადვილად იქნება გასაგები და არ გამოიწვევს ინფორმაციის ბუნდოვანებას. გამართეთ გრამატიკულად და სტილისტურად. არ გამოიყენოთ მარტივი თხრობა, რომელიც იმოქმედებს ემოციებზე. არ ცვალოთ დროები. ძირითადად ისაუბრეთ წარსულ დროში. თავი აარიდეთ ტექსტის ინტერნეტიდან დაკოპირებას.
მოსწავლისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული სამუშაოს ანგარიშის ჩეკლისტი
- სათაური – ჩემი სათაური აღწერს რას ეხება ექსპერიმენტი;
- შესავალი/ლიტერატურული მიმოხილვა – სწორად გამოვიყენე ტერმინები, ნათლად აღვწერე ექსპერიმენტის შესახებ უკვე არსებული მასალები; დეტალურად, მაგრამ მოკლედ ჩამოვაყალიბე ექსპერიმენტის მიზანი.
- საკვლევი შეკითხვა და ჰიპოთეზა – ჩემი შეკითხვა მოკლეა და მასზე პასუხის მიღება ექსპერიმენტით არის შესაძლებელი. ჰიპოთეზა შემოწმებადია, შეიცავს დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ცვლადებს, გამოვიყენე პირობითი წინადადება თუ . . . მაშინ . . . .
- ცვლადები – გამოვკვეთე დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები.
- საჭირო მასალა – ჩამოვთვალე ყველა მასალა, რაც გამოვიყენე ექსპერიმენტის ჩატარებისას.
- პროცედურა – დეტალურად აღვწერე მსვლელობა, ნაბიჯ-ნაბიჯ.
- მონაცემები – ჩავიწერე და ცხრილის სახით წარმოვადგინე მონაცემები; შევარჩიე ერთეულები, გრაფიკებს და დიაგრამებს სწორად შევურჩიე სათაურები;
- მონაცემების ანალიზი – აღვწერე გრაფიკზე წარმოდგენილი ტენდენციები, ავხსენი რას ნიშნავს ჩემს მიერ მიღებული შედეგები;
- დასკვნა – გავიმეორე ექსპერიმენტის მიზანი; შევაჯამე შედეგები. დავწერე დადასტურდა თუ არა ჩემი ჰიპოთეზა. ავხსენი, თუ რატომ მივიღე კონკრეტული შედეგები მეცნიერული დასაბუთების გამოყენებით. დავადგინე შეცდომის შესაძლო წყაროები. შევთავაზე გაუმჯობესებები ან სამომავლო კვლევები.
- ანგარიშის სტრუქტურა და გამართულობა – ნაწერი არის მკაფიო და თავისუფალი ძირითადი გრამატიკული შეცდომებისგან. გამოვიყენე ოფიციალური სამეცნიერო ენა.


