შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

Actionbound   ვებ-გვერდი ინტერაქციული გაკვეთილების დასაგეგმად

0

ჩაატარო მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილი, დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.  საშუალო საფეხურის მოსწავლეების (და არამხოლოდ) გაკვეთილებიდან კმაყოფილი გაშვება დღეს მასწავლებლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ამიტომ, მასწავლებლები ვცდილობთ თავი მოვუყაროთ საუკეთესო რესურსებს, თანამედროვე შესაძლებლობებს და ამით დავაინტერესოთ ჩვენი მოსწავლეები.

მას შემდეგ, რაც ჟურნალის „მასწავლებელი“ ერთ-ერთი ავტორი ვარ რამდენიმე სტატია მოვამზადე, რომელიც სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების ინტეგრირებას ეხებოდა (იხილეთ სტატიები: კიდევ ერთი საინტერესო ვებგვერდი მასწავლებლებისთვის და არამარტო, მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში).  აღარ განვავრცობ, თუ როგორი დამოკიდებულები არიან ჩვენი მოსწავლეები ტელეფონებზე, როგორი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, რომლებიც ჭკვიან მოწყობილობებს აკავშირებს სწავლასთან, შემეცნებასთან.

ჩემი მომდევნო სტატია გაგაცნობთ პორტალს Actionbound, რომელიც საუკეთესოა ინტერაქციული გაკვეთილების დასაგეგმად. აპლიკაციაში მომზადებული მისიები შეიძლება შესრულდეს საკლასო ოთახში, სკოლის ტერიტორიაზე, ლაშქრობა/ექსკურსიების დროს, თუ სახლის პირობებში ჯგუფური ან და ინდივიდუალური სამუშაოების სახით.  მისიების შესრულებისთვის დაგვჭირდება მობილური ტელეფონი ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობა,  რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.

პლატფორმაზე სტანდარტული რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია დაიწყოს მისიების მომზადება. მოსწავლეებმა მისიების შესასრულებლად უნდა გადმოტვირთონ აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში.

ვწერთ მისიის/ამოცანის დასახელებას შემდეგ, ჩვენვე ვქმნით სასურველ ბმულს (URL განყოფილებაში შეგიძლიათ ჩაწეროთ მისიის სათაური ლათინური ასოებით). ვირჩევთ  თამაშის ტიპს. გვაქვს ორი არჩევანი ინდივიდუალური და ჯგუფური. ამ ველების შევსებისთანავე ვაკლიკებთ შექმენი (Create Bound).

რა ტიპის ამოცანების მომზადების საშუალებას იძლევა ვებ-გვერდი?

ინფორმაციის მიწოდება

გამხსნელ აქტივობად შეიძლება შევარჩიოთ ინფორმაციის მიწოდების განყოფილება. აქ შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია იმ თემაზე, რაზე გვინდა ვამუშაოთ, შევუქმნათ მოლოდინები თამაშის შესახებ, მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქცია და ა.შ.

ტესტები

ეს პლატფორმა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ შესაძლებელია დახურულ დაბოლოებიანი შეკითხვების ჩაშენება.

ვაკლიკებთ განყოფილებას Quiz. შემდეგ ვაყალიბებთ კითხვას, ვირჩევთ ტიპს, მაგ: არჩევითი და შეგვყავს სავარაუდო პასუხები. ბოლოს უნდა მოვნიშნოთ სწორი პასუხი.  მოსწავლეების წასახალისებლად შეგვიძლია კითხვებს მივანიჭოთ ქულები და ა.შ. ასევე, შესაძლებელია შემდეგი ვარიანტების არჩევა:

  • ხელით ჩასაწერი პასუხი
  • მიახლოებითი რიცხვი
  • თანმიმდევრობით დალაგება

მნიშვნელოვანია, რომ კითხვების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

მისიები

პლატფორმის კიდევ ერთი გამოყენებადი და ღირებული სივრცეა მისიების განყოფილება. აქ ჩვენ ვქმნით  დავალებებს/მისიებს, რომლებზეც პასუხი შეიძლება გაიცეს წერილობით, ფოტოს/კოლაჟის სახით, ვიდეო ფორმატით (გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმუმ 30 წამიანი ქრონომეტრაჟის ვიდეოს ატვირთვაა შესაძლებელი) და ხმოვანი შეტყობინების სახით.

მაგალითად, თუ თქვენი მიზანია, რომ მოსწავლეებმა დასმულ შეკითხვას უპასუხონ სამუშაო რვეულებში, შეგიძლიათ აირჩიოთ ფოტო ფორმატი, და სთხოვოთ რომ რვეულში დაწერილ პასუხს გადაუღონ სურათი და ატვირთონ შესაბამის ველში.

შეიძლება თქვენ შექმნათ მისია, სადაც მოსწავლეებს სთხოვთ, რომ  გადაიღონ ვიდეო მათ ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე საინფორმაციო ვიდეო. ამისთვის 30 წამი არ იქნება საკმარისი.  ამიტომ ინსტრუქციაში მკაფიოდ ჩაწერეთ შემდეგი: გადაიღეთ საინფორმაციო ვიდეო, სადაც ისაუბრებთ თქვენ თემში/ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე. დამონტაჟებული ვიდეო ატვირთეთ  www.wetransfer.com-ზე და შესაბამის ველში ჩააკოპირეთ მხოლოდ ბმული.

პლატფორმა საუკეთესოა სხვადასხვა ადგილის მოსანიშნად. თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ GPS კოორდინატი და სთხოვოთ მოსწავლეებს იპოვონ ეს ადგილი, გადაუღონ ფოტო და ატვირთონ.

აქვე შესაძლებელია გამოკითხვის ჩატარებაც.

 

სახლიდან სკოლამდე და უკან…

სწორედ ამ სახელით შევქმენი პლატფორმაზე მისები მე-7 კლასელებისთვის. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საკუთარი საცხოვრებელი არეალის/თემის შესწავლა, ჩამოვაყალიბე მისიები და გავუზიარე მოსწავლეებს. მათ მოეთხოვებოდათ:

  • ურბანული პრობლემების გამოკვეთა;
  • საკუთარ ქალაქში/სოფელში არსებული მწვანე სივრცეების იდენტიფიცირება;
  • ქუჩის ხელოვნების ნიმუშების დაფიქსირება;
  • საკუთარი მარშრუტის აღწერა წერილობითი ფორმით და ა.შ.

აღნიშნული აქტივობის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://en.actionbound.com/bound/sakhlidan-skolamde

 

Actionbound  მეხმარება მოსწავლეების მოტივაციისა და ჩართულობის ზრდაში. პლატფორმა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ კლასებში, სადაც აქვთ  კონცენტრაციის პრობლემა. მოქალაქეობისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან გადამაქვს აქტივობები, ვქმნი ახალ სავარჯიშოებს, რომელთაც ვასრულებთ საკლასო ოთახში. ამით ვასწავლი წიგნთან ურთიერთობასა და პარალელურად ვუბიძგებ სწავლისკენ.

დამხმარე რესურსი:

ვებ-გვერდის გამოყენების დეტალური ინსტრუქციები იხილეთ Beginner’s course – Actionbound Basics

დედის ემოციური მდგომარეობის გავლენა ბავშვზე

0

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ემოციური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვზე, მის განწყობასა და ქცევაზე. უარყოფითი ემოციები, უამრავი, არცთუ იშვიათად, გადაუჭრელი პრობლემის სათავედ იქცევა, დადებითი კი, პირიქით, სასიკეთოდ აისახება ბავშვის განვითარებაზე.

დედის ემოციების გავლენა ბავშვზე მისი მუცლადყოფნის პერიოდშივე იწყება. ამიტომ ურჩევენ ექიმები ორსულებს, ამ საპასუხისგებლო პერიოდში მეტი დაისვენონ და თავი არიდონ სტრესს, რომელსაც შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

სიცოცხლის პირველ დღეებში პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ მზრუნველი და მშვიდი ატმოსფერო. დედობრივი სინაზე და სიყვარული დადებით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე, განამტკიცებს, აძლიერებს მათ ტვინს და ხელს უწყობს გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციას. სტაბილურ და მშვიდ გარემოში მცხოვრები ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ ყველაფერს, უადვილდებათ ურთიერთობები.

დედის ემოციური სტაბილურობა ბავშვის წარმატებული, შეუფერხებელი განვითარების საწინდარია. მშობლების მუდმივი უგუნებობა ბავშვის ემოციურ და კოგნიტიურ შეფერხებას იწვევს. დედა, რომელსაც აქვს ემოციების კონტროლის კარგი უნარი და, ამასთან, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებიც, დადებით გავლენას ახდენს შვილების ქცევაზე. ემოციურად სტაბილური მშობლების შვილები ნაკლებს ჩხუბობენ, არ გამოხატავენ აგრესიას, როცა რამე ისე არ ხდება, როგორც მათ სურთ. ემოციურად სტაბილური მშობელი, თავის მხრივ, შვილის არასასურველი ქცევის ცალკეულ ეპიზოდებს გადაუჭრელ სისტემურ პრობლემად არ აღიქვამს და არ ჩქარობს მათთან დაუყონებლივ გამკლავებას. გაღიზიანებული, ემოციურად არასტაბილური მშობელი კი უნებლიეთ ისეთ გარემოს ქმნის, რომელშიც ბავშვი დაცულად ვერ გრძნობს თავს. მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, გონებაში მუდმივად უტრიალებს აზრი: „მე ცუდი ვარ!“ ყოველივე ამან შესაძლოა არა მხოლოდ ბავშვობა გაურთულოს პატარას, არამედ დიდობაშიც შეუქმნას პრობლემები. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც ემოციურად სახიფათო გარემოში იზრდებიან, შესაძლოა, განუვითარდეთ შფოთვა, შიში, დეპრესია. მაშინაც კი, როცა ზრდასრული პატარას განზრახ არ უნერგავს შიშს, მაგრამ თავად გამუდმებით ეშინია და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მისი ნეგატიური ემოციები ბავშვისთვის შესაძლოა შფოთვის მიზეზად იქცვეს. როდესაც ზრდასრული მუდმივად პანიკაშია და ხვდება, რომ ვერაფერს აკონტროლებს, ის შესაძლოა აფეთქდეს და თავისი უარყოფითი ემოციები ბავშვზე გადაიტანოს – ადამიანზე, რომელიც უბრალოდ მის გვერდითაა. კარგია, როცა მშობელი მართავს თავის ემოციებს და ბავშვზე არ ახდენს მათ პროეცირებას. ამ შემთხვევაში შფოთვის ნეგატიური ეფექტი მინიმალური იქნება.

კარგი იქნება, თუ არ დავივიწყებთ, რომ დედა ბავშვისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტორია. ახალდაბადებული ადამიანი დედამიწის ბინადარ სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით სრულიად უმწეოა. დედის ან სხვა ზრდასრულის დახმარების გარეშე ის უბრალოდ ვერ გადარჩება. მაგრამ ბავშვს სჭირდება არა უბრალოდ მოვლა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ დედის ემოციური არსებობაც მის ცხოვრებაში. დედასთან ემოციური კავშირის გარეშე ბავშვი სრულყოფილად ვერ განვითარდება. მისთვის დედა მთავარი შუამავალია მასა და გარე სამყაროს შორის. მისი გავლით უყალიბდება ბავშვს სხვებისადმი დამოკიდებულება, სწავლობს ურთიერთობას. როცა დედა ყურადღებიანია, სათანადოდ ზრუნავს შვილზე, დროულად პასუხობს მის სიგნალებს, ბავშვს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სამყარო, რომელშიც მან შემოაბიჯა დაბადების შემდეგ, კარგია, კეთილგანწყობილია მის მიმართ. როცა დედა გადატვირთულია თავისი საზრუნავით და ხელიდან უშვებს ბავშვის ემოციური განვითარების კონტროლს, დედა-შვილის ურთიერთობაში უფსკრული ჩნდება. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მათ ურთიერთობაზე, არამედ ბავშვის ურთიერთობაზე მთელ სამყაროსთან. მას გაუჭირდება სხვა ადამიანების ნდობა, თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ბავშვის ემოციურ განვითარებას შეაფერხებს, არამედ კვალს დააჩნევს მისი პიროვნების ყველა ასპექტს:

ბავშვი, რომელიც თავს დაუცველად გრძნობს, ნაკლებად ცნობისმოყვარეა, კვლევითი ინტერესი კი პირდაპირ გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე და პირიქით: ბავშვს, რომელსაც მტკიცე ურთიერთკავშირი აქვს დედასთან, არ ეშინია გარე სამყაროსთან კონტაქტის, კარგად ერკვევა საკუთარ გრძნობებსა და განცდებში, შეუძლია სხვისი გრძნობების, განცდების, ემოციების ამოცნობა. ბავშვი, რომელსაც ემოციურად სტაბილური და გაწონასწორებული დად ჰყავს, მეტი სიმშვიდით და უპრობლემო ქცევით გამოირჩევა, არ მართავს ისტერიკას და არ აწუხებს გარშემო მყოფებს.

4-5 წლიდან პატარებს ისე ძლიერ უკვე აღარ სჭირდებათ დედის მზრუნველობა. მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, საინტერესო ნივთების აღება, თავიანთი სურვილების უფროსებისთვის გასაგებად გამოხატვა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯერ კიდევ ძლიერ არიან დაკავშირებული დედასთან, დედის ემოციურ მდგომარეობას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ბავშვზე ზემოქმედების ძალა. ნერვული და მშფოთვარე მშობელი სახლში ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ბავშვი თავს დაუცველად და დამნაშავედ გრძნობს. ის ფიქრობს, რომ მისი ბრალია დედის მუდმივი გაღიზიანება და ბრაზი. რომ არის. ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, ზრდასრულ ასაკში თავადაც ემოციურად არასტაბილურები, მშფოთვარეები და ნევროზულები ხდებიან.

ადამიანი რობოტი არ არის. ყველას გვაწუხებს რაღაც: ფინანსური სირთულეები, დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან, შერყეული ჯანმრთელობა… შეუძლებელია, ყოველივე ამან არ იმოქმედოს ჩვენზე, ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თითოეული პრობლემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. ვეცადოთ, ისე მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, რომ ბავშვი არ დავაზიანოთ. დედა-შვილს რაღაც ამოუცნობი, ფარული ემოციური კავშირი აქვთ. როგორც დედას შეუძლია, უსიტყვოდ გაუგოს შვილს, შვილსაც აქვს მშობლის ემოციების „წაკითხვის“ უნარი, შესაძლოა, უფროსებზე უკეთესიც კი. ის „კითხულობს“ ემოციებს მზერაში, მიმიკაში, ხმის ტემბრში, პოზაში, ჩამოშვებულ მხრებში, და როდესაც მისი საყვარელი, ყოველთვის მხიარული დედა უცებ ყვირილს იწყებს, ის ბავშვი შფოთავს. მას არ ესმის, რა მოხდა და დედის აფეთქების მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.

რა შეიძლება დაეხმაროს დედას შვილთან მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში?

  • ურთიერთობა, კომუნიკაცია;
  • მხედველობითი კონტაქტი;
  • სხეულებრივი კონტაქტი, კანის კანთან შეხება – ვატაროთ ხელში აყვანილი, დღეში რამდენჯერმე ვაკოცოთ და ჩავეხუტოთ პატარას;
  • ჩავუღრმავდეთ, გავერკვიოთ ბავშვის პრობლემებში, ვეცადოთ დავეხმაროთ რჩევით თუ მოქმედებით;
  • ვისწავლოთ საკუთარი ემოციების ამოცნობა, რათა გაგვიადვილდეს იმის გაგება, რას გრძნობენ ამა თუ იმ მომენტში ჩვენი შვილები. სხვათა შორის, ემოციები – დადებითი თუ უარყოფითი –გადამდებია;
  • ჩვენთვის ძვირფას ადამიანთან, ახლობელთან, მეგობართან უბრალო საუბარიც კი ხელს უწყობს ემოციურ განმუხტვას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც ასევე გვეხმარება ბავშვთან თამაში უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში, ოღონდ ვეცადოთ, ვითამაშოთ გულით, სურვილით და არა თავის იძულებით აუცილებლობის გამო.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ემოციურ აფეთქებასთან გამკლავება მხოლოდ სიყვარულით და მზრუნველობით არის შესაძლებელი.

შექმენი საკუთარი ქეისი – რესურსი სამედიცინო ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის

0

სკოლაში ერთ-ერთი არჩევითი საგანი სამედიცინო ბიოლოგიაა. მოცემული კურსი თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიის ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხისა და მათი ჯანდაცვითი პოტენციალის ანალიზის ერთგვარი მცდელობაა. ვფიქრობთ, ის ბიოლოგია მედიცინის საკითხებით დაინტერესებულ ბევრ მოსწავლეს მოიზიდავს და ზოგიერთ მათგანს ამ დარგების უფრო ღრმად შესწავლის სურვილს აღუძრავს.

საგანი განკუთვნილია საშუალო საფეხურისა და პროფესიული მიმართულების მოსწავლეებისთვის. მის ფარგლებში ფართოვდება და ღრმავდება საბაზო და საშუალო საფეხურებზე ბიოლოგიაში შეძენილი ცოდნა. კურსის მიზანია:

  • მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ჯანსაღი ქცევა ან მოახდინოს მისი კორექცია, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის შეზღუდვას ან თავიდან აცილებას;
  • მოსწავლეს გააცნოს სამედიცინო ბიოლოგიის თანამედროვე მდგომარეობა.

რადგან საგანი არჩევითია, ის არ ფასდება ქულით, მასში ჩათვლა იწერება. ამიტომ მნიშვნელოვანი და ეფექტურია პროექტული დავალების შეთავაზება. ქვემოთ მოცემულია დავალება, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ თავად უნდა შექმნას ქეისი. მეთოდი ეფექტურია, რადგან მრავალი უნარის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირველ რიგში, ბიოლოგიას აკავშირებს რეალურ ცხოვრებასთან. დავალების პროდუქტი მოითხოვს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემების ანალიზს. ერთი მხრივ, ხელს უწყობს დაავადების პრევენციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მეორე მხრივ, მოსწავლეს აფიქრებს ცხოვრების სტილის მნიშვნელობაზე დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

დავალების პირობა: მთელი წლის განმავლობაში მრავალი ქეისი განვიხილეთ, რომლებშიც აღწერილი იყო ადამიანების ისტორიები, მკურნალობის გზები, დიაგნოსტირების საშუალებები. შენი მიზანია, შექმნა საკუთარი შემთხვევა/ქეისი, მისი პასუხები და ფინალური პროექტის სახით წარადგინო კლასში.

შეარჩიე დაავადება, მოიფიქრე, რომლის შესწავლა გაინტერესებს ყველაზე მეტად. ყველაზე უკეთესი იქნება ქეისი პირადი ინტერესის სფეროდან გამომდინარეობდეს. შესაძლოა ვინმეს, შენს ოჯახში ან სანაცნობოში, ჰქონდეს რაიმე სახის ქრონიკული ან მწვავე დაავადება. ქეისში კონკრეტული ადამიანის აღწერაც შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვა კონფიდენციალურობა. ამიტომ შეუცვალე მას სახელი და ისტორია ისე მოჰყევი, რომ მისი პიროვნების იდენტიფიცირება არ იყოს შესაძლებელი. ან გამოიყენე იუთუბ-არხი და მასზე მოცემული შემთხვევები.

ვალდებული ხარ დასაწყისშივე წარადგინო შენი საკვლევი თემა:

პროექტის ფარგლებში უნდა გამოიკვლიო დაავადება, მიუთითო წყარო. ვიდეოს ან ფოტოს გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად დააფიქსირე URL.

როგორ უნდა დაწერო ქეისი

1) შესავალი/მიმოხილვა – (1-2 აბზაცი)

აღწერე ადამიანი, მოჰყევი მისი ისტორია, მიუთითე მისი ცხოვრების სტილი, სამსახურის ტიპი, სპორტული აქტივობები, რომლებსაც ის დღის განმავლობაში ასრულებს. აუცილებლად ჩამოთვალე დაავადების სიმპტომები. ასევე მიანიშნე ორი სამი საკვანძო ტერმინი, რომლებიც კონკრეტულ დაავადებას უკავშირდება. სურვილის შემთხვევაში გამოიყენე ფოტო, რომელიც აღწერს შენი გმირის მდგომარეობას. ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში მოჰყევი მათი ისტორია.

დაასრულე ისტორიასთან, სიმპტომებთან, ორგანოთა სისტემებთან დაკავშირებული 2-3 შეკითხვით.

2) დიაგნოზი (1-2 აბზაცი)

აღწერე, რა სახის პროცედურები გამოიყენება შენ მიერ შერჩეული დაავადების დიაგნოსტირებისთვის (MRI, CAT, x-სხივები, შარდის ანალიზი, სისხლის ანალიზი, ელექტროენცეფალოგრამა. ელექტროკარდიოგრამა, გლუკოზის კონცენტრაციის განმსაზღვრელი ტესტი, წნევის კონტროლი და სხვა). გამოიყენე დიაგრამები, კვლევის შედეგები, კვლევის შედეგების ანალიზი და დასკვნა.

დაასრულე კვლევის მიმდინარეობასთან, შედეგებთან, დიაგრამასთან ან მონაცემების საბოლოო ანალიზთან დაკავშირებული შეკითხვები.

3) ფიზიოლოგია (3-4 აბზაცი)

ახსენი, როგორ მოქმედებს დაავადება ორგანიზმზე. გამოიყენე სპეციფიკური ტერმინები. დაახასიათე ორგანოები, ორგანოთა სისტემები და მათში მიმდინარე ცვლილებები. ეს ქეისის ყველაზე დიდი ნაწილია, სადაც აღწერილია, რატომ იწვევს დაავადება კონკრეტულ ცვლილებებს. ან რატომ იწვევს კონკრეტული დაავადების გამომწვევი ასეთ ცვლილებას სტრუქტურასა და ფუნქციაში. რა გავლენას ახდენს დაავადება ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე, რა კავშირია ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქციის ცვლილებას შორის.

დაასრულე 2-3 შეკითხვით.

3) მკურნალობა (1-2 აბზაცი)

აღწერე დაავადების მკურნალობის პროცედურა. ეს ნაწილი უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პროგნოზს ადამიანის მდგომარეობის შესახებ. თუ ჯერ არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, ივარაუდე რა გზით შეიძლება წასვლა. აღწერე დაავადების პრევენციის საშუალებები, მაგალითად, ცხოვრების წესი, სპორტული აქტივობები, ვაქცინაცია, ემოციური მდგომარეობა, სტრესი და სხვა.

დაასრულე 2-3 შეკითხვით.

4) რესურსები – ბიბლიოგრაფია, ფოტოებისა და ვიდეოების წყაროები

5) გასაღები – ჩამოწერე კითხვებზე პასუხი

შეფასების რუბრიკის ნიმუში

შესავალი/მიმოხილვა __ 4__3__2__1__0

– შესავალი აღძრავს ინტერესს.

– დაცულია პირადი ინფორმაცია.

– აღწერილია სიმპტომები.

– შეკითხვები შეესაბამება ტექსტს.

დიაგნოზი __ 4__3__2__1__0

– აღწერილია პროცედურა, ტესტები.
– ფოტო მასალა და დიაგრამები შეესაბამება ტექსტს.

– შეკითხვები შეესაბამება ტექსტს.

ფიზიოლოგია __ 4__3__2__1__0

– დეტალურად არის აღწერილი ორგანოებისა და მათი სისტემების სტრუქტურა და ფუნქცია.

– ორგანიზმზე დაავადების ეფექტი დეტალურადაა აღწერილი.
– დაავადების აღწერა გამომდინარეობს ქეისის კონტექსტიდან.

– სურათებსა და დიაგრამებს ახლავს აღწერილობები.

მკურნალობა __ 4__3__2__1__0

– მითითებულია დაავადების პრევენციის გზები.

– მითითებულია მკურნალობის გზები.

რესურსები __ 4__3__2__1__0

 

– ჩამოთვლილია ლიტერატურა.
– ვიდეოების ბმულები მითითებულია.

– ფოტოებს მითითებული აქვს წყაროები.

 

გასაღები __ 4__3__2__1__0

 

– პასუხები ზუსტი და სრულყოფილია
– პასუხები სწორად არის დანომრილი

 

 

ქულების ჯამი ____ 24-დან

 

 

 

 პროექტის ჩაბარების თარიღი ________

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2021/04/24/student-designed-case-studies-for-anatomy/

 სერბული დღიური

0

მოგზაურობა, როგორც შემეცნება. 1

პირველი, რასთანაც შეხება გიწევს, ენაა. ენა გმასპინძლობს, კარს გიღებს და გზადაგზა დატოვებული პატარა საჩუქრებით უცხო გარემოში შეჰყავხარ. ენა გიგზავნის შეტყობინებებს – კედლებიდან და ბანერებიდან, სავიზიტო ბარათებიდან, ფლაერებიდან, საგაზეთო ჯიხურებიდან და კაფეების მენიუდან – შენ წინაშე ახალი დამწერლობაა, ანბანის გრავიურა, რომელსაც ადამიანებს ადარებ. ასეთი ჩვევა გაქვს – ყველა ანბანს ადამიანს ადარებ, ზოგჯერ პოულობ მსგავსებას, ზოგჯერ ვერა. ნეტა ჩვენზე რას ფიქრობენ უცხოელები, ვგავართ ჩვენს ანბანს?

სერბ მასპინძლებთან შეხვედრა ასე დაიწყო:

  • ზდრავე!
  • გამარჯობა!

ოქტომბრის გაცრეცილი ცა ბელგრადის თავზე საწვიმრად ემზადება. სერბი პოეტები – გორდანა ვლაიჩი და დუშიცა ივანოვიჩი მე და ჩემს მეგობარს, მსახიობ ნინო ფილფანს აეროპორტში გვხვდებიან, გორდანას პაწია მანქანით პირდაპირ მრჩაევცში უნდა გავემგზავროთ.

ღრუბლებიდან დანახულ პანორამას მანქანის ფანჯრიდან შემოჭრილი ვერცხლისფერი კადრებიც ემატება და გონებაში მოკლემენტრაჟიანი ფილმი მონტაჟდება – პროლოგი. სერბეთი. შუადღის ორი საათი და ოთხი ქალის გაუჩერებელი საუბარი ინგლისურ-სერბულ-ქართულად. გორდანა – ულამაზესი ლურჯი თვალებითა და ფაქიზი ღიმილით, გზადაგზა გვეცნობა და წინ რომ გველოდება, იმ ღონისძიებებზე გვიყვება. დუშიცასთვის კი ეს გზა – ბელგრადის აეროპორტიდან მრჩაევცამდე, პირველი მოგზაურობაა, ჩვენთან ერთად აკვირდება ყველაფერს და მშვიდად ღელავს.

საერთოდაც, რამდენიმედღიანი ერთად ყოფნიდან დუშიცა ივანოვიჩს სწორედ ამ მშვიდი ღელვით აღიბეჭდავს მეხსიერება. ლექსებსაც ასე წაიკითხავს – მყუდროდ მღელვარედ და ურთიერთობის სიმფონიასაც ამ რიტმით შეასრულებს.

მრჩაევცამდე ავტობანით მივდივართ, ეს კი სერბეთის ლანდშაფტის შეცნობას საგრძნობლად ამცირებს. თუმცა, არანაკლებ შესაცნობი ამბები ახლა მანქანის სალონში ხდება, ამიტომ ხედები და ლანდშაფტები მოიცდიან, მით უფრო, რომ რაღაც მონაკვეთის მერე უკვე დასახლებულ ადგილებში შევალთ და თვალს თავისთავად მოგვწყვეტს სერბული ეთნოარქიტექტურა და სოფლის პეიზაჟები.

უკვე მეექვსე წელია, სერბეთის მწერალთა ასოციაცია მრჩაევცში მართავს ლიტერატურული პრემია „მორავას“ დაჯილდოებას. წელს ის ოცდამეოთხედ გაიმართება და პოეტებს მთელი ქვეყნიდან ელოდებიან. საქართველოს პირველად ხვდა მასში მონაწილეობის პატივი და ეს იმ მშვენიერი დასაწყისის გამოძახილია, რომელიც ამ წლის მაისს უკავშირდება – სამი პოეტი – გორდანა, დუშიცა და ალექსანდრა მიხაილოვიჩი საქართველოს მწერალთა სახლს სტუმრობდნენ, მათი ლექსები მანანა დუმბაძემ თარგმნა, ქართველ მკითხველთან შეხვედრაც გამართეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

საქართველოში მოგზაურობის დღეები ერთ-ერთი მთავარი თემაა ახალგაცნობილი სტუმარ-მასპინძლისთვის. გორდანა და დუშიცა აღტაცებით გვიყვებიან, რამდენი ადგილი მოუვლიათ, რა სილამაზეები უნახავთ, რა გემრიელობები დაუგემოვნებიათ. განსაკუთრებული ვნებით ქართულ ენაზე საუბრობენ – ყველაზე უნიკალური, რაც გაქვთ, ენააო, არცერთ სხვა ენას რომ არ ჰგავს, ვერცერთ სხვა ენას რომ ვერ მიამსგავსებ, ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც რაღაც სრულიად თავისთავად, განსხვავებულ მუსიკად ჩაგესმისო.

ენა, ენაზე, ენით… – ვფიქრობ გზადაგზა. ენა დამარხული, საიდუმლოთი დაბეჭდული, თავისთავის ჩრდილით დაფარული, რათა წელთაღრიცხვათა ორომტრიალში გამოაღწიოს, გამოვიდეს მრთელი და შეუხებელი, რათა გადარჩეს და გადა(გვ)არჩინოს…

სერბული ენა სლავურ ენათა ჯგუფიდანაა და როცა საუბრობენ, ჩვენც, ჯერ კიდევ გაუხედნავი სმენით, ბევრი რამ გვესმის – „იზვოლტე“, „მნოგო“ და ა.შ., ამ ენას ბევრი ნათესავი ჰყავს და მთელი ეს სანათესავო ხე, თავისი მწიფე ნაყოფით ირხევა შენს თავს, როცა უსმენ.

ამ ენაზე დიდი ლიტერატურაა შექმნილი. სერბებს თავიანთი ნობელიანტიც კი ჰყავთ – ივო ანდრიჩი, უმაგრესი მწერალი და, აგერ, სულ ახლახან მილორად პავიჩი ჰყავდათ – ჩემი საყვარელი მწერალი, მაგიური პოსტმოდერნის ოსტატი, ენის გრძნეული გურუ, რომლის სამყაროც ერთდროულად ურთულესი და უმსუბუქესია.

მრჩაევცის სასტუმრო, რომელიც ამასთანავე რესტორანიც აღმოჩნდა, გზისპირზეა. სერბეთში მოწევა ყველგან დაშვებულია, სასადილო დარბაზში სიგარეტის კვამლი დგას. მაგიდებს ძირითადად კაცები უსხედან, როგორც გვითხრეს, ისინი დილიდან ასე სხედან, სვამენ, ხმამაღლა ბაასობენ, დროდადრო მიმტანს ახალ კერძს უკვეთენ, იქ ყოფნის დრო კიდევ ცოტახნით რომ გაიხანგრძლივონ. ყოველდღე ასეაო, გორდანამ, აქვთ საქმე თუ არ აქვთ – დღის რაღაც მონაკვეთში კაცები აუცილებლად გამონახავენ დროს, რომ ასე ჩამოსხდნენ, დალიონ და ილაპარაკონო.

შორიახლოს ვსხდებით და სათითაოდ და შეუმჩნევლად ვაკვირდები. რაღაცით გვგვანან კიდეც, უფრო სწორად, რაღაც აქვთ კავკასიური – იერი, შტრიხი, პროფილი ან ნიკაპი ან შუბლი, გამოხედვა, გაცინება. ნეტა რაზე ლაპარაკობენ ასე გაუთავებლად? ან სმით როგორ სვამენ – სადღეგრძელოებით თუ უსიტყვოდ?

ღვინოს სერბეთშიც დიდ პატივს სცემენ და ვაზის კულტურაც ბევრგანაა. თეთრ ღვინოს ვუკვეთთ და მართლა მშვენიერია! ერთად გიქრობს დაღლილობას და სიახლის ღელვას, ჟრუანტელით გადუნებს და მშვიდად გითრევს რაღაც ძალიან ნაცნობ, თითქმის მშობლიურ სინათლეში.

ამ სინათლით სავსეა სერბეთი, ჩახჩახებს და გათბობს. მე ამ სინათლით გავიცანი და ალბათ, არც არასოდეს დამავიწყდება. ის ჩანს, ყველგან ჩანს, ყველაზე დახშული თვალისთვისაც კი და ესაა ამქვეყნად ადამიანად ყოფნის კიდევ ერთი სიხარული – შენი თავი სხვა ქვეყანაში ახალი ძალით აღმოაჩინო, ბოლოს და ბოლოს, ეს სხვა ქვეყანა აღმოაჩინო შენში და შენთვის, როგორც ამ პლანეტის ბინადარმა, როგორც ერთმა დედამიწელმა, წარმოშობით პაწაწინა ქვეყნიდან, საიდუმლოდ დაბეჭდული ენის ბარათით…

მორავა მდინარეა სერბეთში და როგორც ყველაფერი სხვა, ამ მდინარის სახელიც პოეზიას შეუერთეს სერბებმა და 24 წლის წინ დააარსეს პრემია „მორავა“ – საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდო, რომლის ლაურეატები, სერბ პოეტებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეტებიც გამხდარან. „როგორც ყველაფერი სხვა“ კი იმიტომ ვთქვი, რომ ასეთი მგზნებარე სიყვარული პოეზიის მიმართ, ასეთი ვნებითა და აღტაცებით ყველაფრის პოეზიად ქცევა მე უნიკალური ქართული თვისება მეგონა და თურმე სერბები არათუ ჩამოგვივარდებიან, შეიძლება აღგვემატებიან კიდეც ამაში. დილის 11 საათზე დაწყებული ღონისძიება გვიან საღამოს დასრულდა. პოეტები თავდავიწყებით კითხულობდნენ თავიანთ ლექსებს, გულშემატკივრობდნენ და მხურვალე ტაშით აჯილდოებდნენ ერთმანეთს, კითხულობდნენ ზეპირადაც და წიგნებიდანაც, სადიდო თუ საბავშვო, რითმიან თუ თავისუფალ ლექსებს… ეს რა არისო, ერთმა ქალბატონმა მითხრა, პანდემიამდე სულაც ორი დღე გრძელდებოდა „მორავას“ ამბებიო, სამი ათასზე მეტი პოეტი ჩამოდიოდა და დილიდან დაღამებამდე აი აქ, ღია ცის ქვეშ ვკითხულობდითო… წარმოვიდგინე ოქტომბრის ცაცხვებქვეშ თავმოყრილი მილეთის პოეტი და ცეცხლოვანი ღამისთევები, გამეღიმა ამ უწყინარ, რომანტიკულ და მშვენიერ წარმოდგენაზე, ამ ყველაზე მშვიდობიან და გადამდებ ცეცხლზე, რომელიც სერბეთის პაწია ქალაქში ჩაუქრობლად ენთო, ეს ცეცხლი ხომ არ წვავს და არ კლავს, არ ანგრევს და არ ანადგურებს, განსხვავებით იმ ცეცხლისგან, დღეს რაშიც იფერფლება მთელი დედამიწა – ომისა და ბოროტების, სიძულვილის და სიხარბის ცეცხლში… ეს ჩვილი და ლამაზი პოეზიის ცეცხლი კი მკურნალია და იმ ხანძრის ნაწილია, რომელიც სერბების მრავალტანჯულ სულში ჩაუქრობლად ანთია.

ამ ხანძარს რწმენა ჰქვია და ის მათი გადარჩენის ნიშანია.

სერბეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა ქვეყანაა, დიდი კულტურითა და ისტორიით. სულ ცოტა ხნის წინ ის ვრცელი და ძლევამოსილი იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო, თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავიაც სისხლითა და ტკივილებით დაიშალა, წლების განმავლობაში გაგრძელებულმა ომებმა კი დღემდე დაუტოვა მათ მოუშუშებელი ჭრილობები. ერთი ასეთი კოსოვოა – თვითაღიარებული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობასაც სერბეთი დღემდე არ ცნობს.

ოსმალეთის იმპერიის მიერ ხუთსაუკუნოვანი ტყვეობიდან თავდახსნის მერე სერბეთმა ავსტრო-უნგრეთის ექსპანსიას გაუძლო, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მიწურულს კი ახალი სასტიკი ბრძოლების პოლიგონად იქცა. 1999 წელს, ნატოს ჯარების მიერ დაბომბვის კვალი დღემდე ატყვია ბელგრადს – სერბეთის დედაქალაქს, ამ ულამაზეს, თეთრ ქალაქად ჩაფიქრებულ ადგილს სამხრეთ ევროპაში.

სერბი პოეტების წაკითხულ ლექსებში ხშირად ვიჭერ სიტყვას „კოსოვო“, ისე მუსიკალურად წარმოთქვამენ, ისეთი სასოებით, თითქოს სალოცავი იყოს, გულს მიჩუყებს მათი ვერცხლისფერი სევდა და ცისკენ აწვდილი პროფილი, მათი ომახიანი შეძახილი სივრცეში, ჰაერში… სულ ვიბრძოდით, – ამბობს გორდანა, – ვიბრძოდით და ვიბრძოდით და არავინ გვაცდიდა გვეცხოვრა, თორემ აბა შეხედეთ, განა ამ ქვეყანას არ შეუძლია, ჭეშმარიტად ძლიერი იყოს?

შეუძლია კი არა, ვალდებულია. ვალდებულია, ეს კეთილი ძალა შენებას მოახმაროს, საკუთარ თავს წაადგეს. ძალა, რომელსაც თითოეულში ვგრძნობთ – ამ მხიარულად ნაღვლიან, სიცოცხლის წყურვილით სავსე, მომღერალ და მელექსე ხალხში. საღამოს, მთელ დარბაზში გაშლილ სუფრას მღვდელი აკურთხებს (ლექსად!) და ჯერ ღვინოსაც არ დასწაფებიან, რომ უკვე გარმონს წელავს ამ საქმეში გვარიანად გამოცდილი სერბი აშუღი. მღერიან ერთად, ეს სიმღერაც ტირილს ჰგავს, თვალდახუჭულმა თუ მოუსმინე, შეიძლება აგეჭრას კიდეც – ტირიან თუ მღერიან სერბები? მაგრამ რამ გაყო, თან, თუ პოეტი მოიღერებს ყელს, თუ პოეტი გადააგდებს თავს და ამოუშვებს მთელი წლის გაჭვარტლული გულიდან ხრინწს, ერთი კაცის სამყოფი დარდითა და სიყვარულით დატენილს…

მრჩაევცში ღამდება. ჩვენს სასტუმროში ვიღაცას დაბადების დღე აქვს. მთელ ხმაზე უკრავს მუსიკა, ახალგაზრდები მღერიან და ცეკვავენ, ბავშვები გაუთავებლად დარბიან აღმა-დაღმა, ეს თავიც გუგუნებს დაღლისგან და ემოციისგან, მაგრამ თან ღიმილს ვერ ვიშორებ – ხომ გინდოდა, სერბეთი თავისი სიჩუმით და ხმაურით გენახა? ჰოდა, ნახე!

 

 

 

 

 

 

 

 

„ვეფხისტყაოსანი“ დაწყებით კლასებში

0

ჩვენი ლიტერატურის მთავარი ნაწარმოები, ყველაზე ბრწყინვალე ქართული წიგნი, ჩვენი კულტურის მთავარი საფუძველი რომ პირველი დღეებიდან უნდა შევაყვაროთ მოსწავლეებს, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. მაგრამ ახლა მთავარი კითხვა – როგორ მოვახერხოთ ეს? რა აღარ ვცადეთ, საბავშვო „ვეფხისტყაოსანი“, ტექსტის კითხვა, ავტორის ბიოგრაფიაზე საუბარი, ილუსტრაციები და კომიქსები, ტექსტის რიტმის აყოლა და მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, შემდეგ კი რამდენიმე დამატებითი ტექსტი დავიხმარეთ.

აი, ეს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ:

  1. დიდი წიგნი

ალექსის სახლში ბევრი ძველი წიგნი აქვს. ბაბუამ უთხრა, რომ წიგნი რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირფასია. ბაბუას ასი წლის წინ გამოცემული წიგნები საპატიო ადგილას უწყვია. ის მათ ძალიან უფრთხილდება.

ბებიას კი ყველაზე მეტად ერთი დიდი წიგნი უყვარს. მართლა დიდია, რა გგონია, ავტორი შოთა რუსთაველია, ხოლო გარეკანზე დიდი და ლამაზი, მოჩუქურთმებული ასოებით „ვეფხისტყაოსანი“ აწერია.

თურმე ალექსის ბებია რომ ალექსის ბაბუას გაჰყვა ცოლად, თავისი სახლიდან სწორედ ეს წიგნი წამოიღო, საჩუქრად, მზითევში. ბებია სიყვარულით შესცქერის ხოლმე დიდ წიგნს და ფურცლებს შორის ბაბუას მოწერილ წერილებს ინახავს.

ერთ დღეს ბებიამ დაათვალიერებინა კიდეც დიდი წიგნი. ზღაპრული ნახატები იყო: გმირები, მზეთუნახავები, ციხე-სიმაგრეები.

  • ეს პოემაა – უთხრა ბებიამ – პოემა მეგობრობასა და სიყვარულზე. უფ, აქ ისეთი ამბები ხდება!

ალექსის ბებიას თინა ჰქვია, თინათინი. თურმე ამ დიდი წიგნის ერთ-ერთ მთავარ გმირსაც თინათინი რქმევია.

რა წიგნი უნდა იყოს ვეფხვებზე? ძალიან აინტერესებს ალექსის. თინა ბებია წაკითხვასაც დაჰპირდა, ოღონდ როცა ბიჭი ცოტათი გაიზრდება. თუმცა იქნებ მანამდეც წაუკითხოს, იქნებ ამ საღამოსვე დაიწყონ კითხვა?

კითხვები გასააზრებლად:

  • ვინ არის ალექსის ბებიის საყვარელი „დიდი წიგნის“ ავტორი?
  • რა ჰქვია ბებიის საყვარელ წიგნს?
  • რატომ უყვარს ალექსის ბებიას ეს წიგნი?
  • როგორი ნახატები ნახა ალექსიმ იმ წიგნში?
  • რა ჰქვია ალექსის ბებიას?
  • შენ როგორ ფიქრობ, რის შესახებ არის წიგნი, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია?
  • შენ გაქვს „ვეფხისტყაოსანი“?
  • ნახატებიანია თუ არა?
  • არ გინდა, დაათვალიერო?

ტექსტი 2 – საინფორმაციო ტექსტი

ხელით გადაწერილი წიგნი

სანამ ბეჭდვას გამოიგონებდნენ, წიგნებს ხელით წერდნენ და იწერდნენ.

ამისთვის სპეციალური, „გადამწერლების“ პროფესია არსებობდა.

მათ განსაკუთრებულად ლამაზად წერა შეეძლოთ,

საუკეთესო კალიგრაფია ჰქონდათ.

კალიგრაფია – ლამაზად წერის ხელოვნებაა.

  • წარმოიდგინე, რამდენი საათი დასჭირდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერას.
  • გადავწეროთ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტრიქონი, მასალად შეგიძლია გამოიყენო:
  1. ფურცელი
  2. შენი ძველი მაისური
  3. ნეკერჩხლის ფოთოლი
  4. ქვა
  5. პაატა მამფორია
  6. მუყაო

ტექსტი 3

გზა

პაატა მამფორია

_ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.

_ რათა ერთი?

_ მაშ, რამდენი?

_ ორი.

_ რათა ორი?

_ მაშ, რამდენი? _ სამი.

_ ერთი გზა რატომ ჰქონდათ?

_ მეგობრები იყვნენ და იმიტომ.

_ რა ერქვათ მეგობრებს?

_ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი.

_ გზა საით მიდიოდა?

_ ქაჯეთის ციხისკენ .

_ ქაჯეთის ციხეში რა უნდოდათ?

_ მზეთუნახავი უნდა გამოეხსნათ ტყვეობიდან.

_ გამოიხსნეს მზეთუნახავი?

_ გამოიხსნეს და ყველამ გაიხარა.

_ დაილოცა იმათი გზა!

  • სად მიდიოდა სამი მეგობარი?
  • რატომ ჰქონდათ ერთი გზა?
  • რა ერქვათ მეგობრებს?
  • როგორ დასრულდა ეს ამბავი?

4-თამაში

აფორიზმობანა

აფორიზმი – მოკლედ, სხარტად გამოთქმული ბრძნული აზრია. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ბევრი აფორიზმია, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს და მეგობრობას გვaსწავლის.

მოდი, მოვიფიქროთ სცენები, რომელიც აფორიზმს მიესადაგება:

  1. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!

ჩემი ვერსია:

ბიჭი მეორე ბიჭს უგდებს ბურთს.

მეორე ბიჭს ბურთი გააქვს კარში.

შენი ვერსია როგორი იქნება?

  1. გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად

ჩემი ვერსია:

ერთი ბაჭია მეორეს უწვდის გულს და მდინარეზე ხიდს აწერია „სიყვარული“.

შენ რას მოიფიქრებ?

  • მოდი, დავხატოთ აფორიზმი:
  • მოდი, აფორიზმი დავახატვინოთ ხელოვნურ ინტელექტს;
  • რომელი ვერსია უფრო ზუსტია?

შემაჯამებელი აქტივობა:

შევქმნათ „ვეფხისტყაოსნის“ დიდი მაკეტი;

მოვხატოთ ყდა სხვადასხვა მასალისგან, დავაწეროთ ავტორი, დავახატოთ.

„ვირის ხიდი“, „ხუთი თავადის ქეიფი“, „ექიმი ვირზე“ — აუდიოაღწერის ნიმუშები უსინათლო პირებისათვის

0

აუდიოაღწერა, სხვაგვარად, ვიზუალური აღწერა, არის თხრობის ფორმა, რომელსაც მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით[1]. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით.

ვებსივრცეში ფოტოებსა თუ სხვადასხვა სურათზე აუდიოაღწერის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან უსინათლო პირებისთვის ხმოვანის სინთეზატორი ვერ გარდაქმნის ფოტოებს სურათხატებად, შესაბამისად, თუკი მათ რამდენადმე აქვს შესაძლებლობა, თვისებების ოპტიკური ამომცნობი პროგრამის (OCR) მეშვეობით მოისმინონ Sylfaen-ის შრიფტით აკრეფილი ესა თუ ის ტექსტი, ამგვარი საშუალება აღარ ეძლევათ ტექსტებზე თანადართული ვიზუალური მასალის გააზრებისთვის. არადა, მათ გარეშე ხომ შეუძლებელია ინფორმაციის სისავსით, სრულყოფილად მიღება, გადამუშავება თუ გააზრება?!

 

ავტორი – ნიკო ფიროსმანი (1862–1918)

ვირის ხიდი – 1895 წელი

ჟანრი ­– პრიმიტივიზმი

ორიგინალის ზომა: 93×117 სმ.

ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით მუშამბაზე.

სურათი ჰორიზონტალურია, ჭარბობს: შავი, თეთრი, რუხი, ბრილიანტის მწვანენარევი ლურჯი და მოყვითალო/ქარვის ფერები.

მთვარიანი მწუხრის პეიზაჟის ფონზე პატარა „ვირის ხიდის“[2] გარშემო გაშლილ სანახებში ადამიანები დგანან, დადიან, სხედან ან ქეიფობენ. ისინი სურათის ძირითად სივრცეს იჭერენ.

სურათის ზედა, მარცხენა კუთხესთან, შავში გარდამავალ მუქ მწვანე ფონზე, ბადრი მთვარეა, თეთრი და ლეგა ჰორიზონტალური ღრუბლების თავზე. ღრუბლებზევე წარმოდგენილია ოთხი დიდი, ფრთაგაშლილი ფრინველი. ღრუბლები ჰორიზონტალური ხაზით ერთვის მდინარეს, რომელშიც ჩანს ნავი სუფრით და მოქეიფე მამაკაცებით. ნავი არის სურათის ცენტრში. მის გარშემო, ორივე მხარეს, ჩანს მწვანე მაღლივი ფერდობები, რომლებიც თითქმის ბოლომდე ფარავს სურათის გვერდითა ნაწილებს და ქმნის მთისა და ზეცის, იმავდროულად, წყლისა და ცის ერთიანობას.

ამ პეიზაჟის ფონზე, მწვანე მდელოსა თუ მდინარეში, ტივსა თუ ნავზე ­— ადამიანები ქეიფობენ. სურათის ძირითადი ნაწილი მოქეიფეთა სხვადასხვა ტიპაჟებს უჭირავთ. აქვეა ცხოველებიც: ხეზე ჯაჭვით მიბმული დათვი, მისგან ოდნავ მოშორებით ასევე ჯაჭვით დაბმული ვერძი და ვიწრო ხიდზე მიმავალი ვირი, ზურგზე ხურჯინით. მთელ ამ კამპანიას ართობენ სხვადასხვა ადგილას მყოფი მუსიკოსები: მედუდუკეები, მედოლე და მეარღნეები. აქვე, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, არის ორი მოცეკვავე კინტო თავიანთი შავი, პატარა კეპიანი ქუდებით და სამოსით. სურათის ცენტრში, მდელოზე მიმტანი დგას თეთრი წინსაფრით და, უმეტესად, თეთრი ვარდების თაიგულით. მეორე მიმტანი მხარზე მოგდებული თეთრი ტილოთი და ხელში თეთრ სინზე შემწვარი დიდი ფრინველითაა წარმოდგენილი.

სურათის სიმეტრიას ქმნის მარჯვენა და მარცხენა მწვანე ბორცვებზე მდგარი მორკალული ნაგებობები, გაშლილი სუფრები და მოქეიფე ყარაჩოხელები.

სურათის მარცხენა, ქვედა ბოლოსკენ თეთრად წერია ორ ხაზად: „ვირის ხიდი“

მინაწერის გაგრძელებაზე ტივია მდინარეში, მეარღნით, 6 მოქეიფითა და ერთი მეთევზით. მათ წინ, თეთრ სუფრაზე, თეფშები, პურმარილი და ექვსი ღვინის ბოთლი უდგათ. ერთ მათგანს მომწვანო-მოცისფრო, თეთრად დატალღული მდინარიდან ანკესით დიდი თევზი ამოჰყავს. სურათზე თითქმის ყველა მოქეიფეს და ფეხზე მდგომ ადამიანს ხელები ზემოთ აქვთ აპყრობილი, ხელგაშლილობის, ღვთისადმი მადლიერების თუ ვედრების ნიშნად.

ხუთი თავადის ქეიფი, ნიკო ფიროსმანი, 1906

 ზომა — 726 × 384; მუშამბა, ზეთი.

სურათი ჰორიზონტალურია. ჭარბობს შავი, მორუხო თეთრი, მოყავისფრო-მოშავო მუქი ჭაობის მწვანე, ალისფერი და ლურჯი ხაზები.

 ცენტრში, თეთრ სუფრასთან, მაგიდის სამ მხარეს, ზამბახისებურ ფოთლოვანში ხუთი დიდგვაროვანი მამაკაცი მიმსხდარა. სუფრა გაშლილია ეზოში, თეთრი კედლის ფონზე. მაგიდის თავ-ბოლოში თავადებს ხელში ყანწები — ცხოველის რქის სამისები — უჭირავთ, სასმისები მოხატულია ოქროსფერი ცვრებით და ჰორიზონტალური ხაზებით, ოქროსფერი, დეკორირებული დაბოლოებებით.

სუფრა არ არის გადატვირთული და პერსონაჟები კარგად ჩანან.  

  • სურათის ცენტრში, პირველ პლანზე ღვინის ტიკია, იგი თითქოს ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია თავადების მოწითალო-მოყავისფრო, წვეტიანი, მაღალი ჩექმებით. 
  • სურათის მეორე პლანს თეთრი სუფრა და მის ორივე ბოლოში, ხის ღიასაზურგიან სკამებზე მსხდარი თავადები იჭერენ. სუფრაზე პირველ რიგად აწყვია: ფოთლებიანი, წითელდარაიასფერი ბოლოკის თეფში, მოგრძო სამარილე, თეფში ­­– დაჭრილი წითელდარაიასფერივე ორაგულით და ერთი შოთი; მეორე შოთი მრგვლად მოხარშულ დედალს, მოგრძო თევზებსა და ორ ღვინის ბოთლს შუა დევს; სუფრის მესამე რიგს ქმნის მესამე შოთი და წითელდარაიასფერი ღვინით სავსე ორი გამჭვირვალე ჭიქა, დოქი, რომელიც თავადების ჩექმისფერია.
  • სურათის მესამე პლანზე ზის სამი თავადი, მათ ჩოხების შიგნით წითელ-ალისფერი დარაიას[3] პერანგები, გარედან კი შავი ჩოხები აცვიათ. სამ მათგანს ყელზე ლურჯი ყურთმაჯები აქვს მოდებული, ყველა შავგვრემანია, მოკლე თმით, მკაფიოდ შავი თვალ-წარბითა და სქელი, ბოლოებდაწკეპილი ულვაშებით. სამივე მათგანის მზერა პირდაპირია.

ექიმი ვირზე, ნიკო ფიროსმანი

ნახატი ჰორიზონტალურია, მასზე ჭარბობს ნარინჯისფერი, რუხი, მწვანე, ცისა და შავი ფერები.

სურათის ცენტრში, თითქმის ქვემოდან ზედა ბოლომდე, ნარინჯისფერ მდელოზე წარმოდგენილია რუხ ვირზე ამხედრებული ექიმის პორტრეტი, ცალ ხელში დაკეცილი, შავი, გრძელი ქოლგითა და მეორე ხელში — ხის წვრილი წნელით.

ექიმს აცვია შავი, ატლასისებური სამოსი, პრიალა, შავი ფეხსაცმელი; ახურავს რუხი, ფარფლებიანი, მამაკაცის ფეტრის ქუდი, ერთი ცენტრალური მუქი ნარინჯისფერი ზოლით. ექიმის სახე ჩანს პროფილით, აქვს ვიწრო, ოვალური სახე, ნუშისებური თვალი, სწორი, პატარა ცხვირი და ჭაღარა წვერი. ექიმის მზერა ჩვენგან გვერდულია. იგი გზას გასცქერის. მისგან განსხვავებით, ჩვენკენაა მომართული ანფასში მყოფი ვირის მზერა. მას აქვს თეთრი ცხვირი, თეთრი თვალის ჭრილი და აცქვეტილი თეთრი ყურები.

სურათზე ცასა და მიწას შორის ჰორიზონტის ხაზს ქმნის მწვანე ბალახი, რომელიც გრადუალურად ერწყმის ნარინჯისფერ მიწას. ვირის სხეულზე გამოსახული ნარინჯისფერი ჰორიზონტალური, შუქის ხაზებით ნახატის ერთგვარი ტემპი იქმნება. ღია ნარინჯისფერია ექიმის ტუჩებიც, თვალის სკლერა და ქუდის ხაზი. ჰორიზონტის მწვანე ხაზს ერთვის ღია ცისფერი, რომელიც სურათის ზემოთკენ ოდნავ მკვეთრდება.

შეჯამების სახით დავძენ, რომ მსგავსი აღწერები განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საგანმანათლებლო სივრცეებში უსინათლო ან მხედველობის დაქვეითების მქონე პირებთან მუშაობისას და მათ, აღქმის თვალსაზრისით, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებზე ხელმისაწვდომობის მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.

[1] საქართველოში აუდიოაღწერის დანერგვის მცდელობა პოლონეთის მთავრობის დახმარებითა და ფონდ HumanDoc-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

[2] აუდიოაღწერისას არაა აუცილებელი ტერმინების ისტორიის გადმოცემა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვირის ხიდი — ისტორიულ ძველ თბილისში, მდმტკვარზე გადებული საცალფეხო ხიდების პოპულარული სახელი იყო, თუკი ამის საშუალებაა, შესაძლოა, თარჯიმან-მეგზურმა, ასისტენტმა ან ხელოვნებათმცოდნემ დამატებით მიაწოდოს უსინათლო პირს გალერეაში ყოფნისას. ასევე დამატებითი იქნება ინფორმაციაც, რომ XIX-XX სს. თბილისში თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი არსებობდა. პირველი მათგანი მტკვრის ქვედა დინებაში არსებულ, ხილ-ბოსტნეულის ბაღებით ცნობილ ორთაჭალის კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა. ეს იყო კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტი მოისპო, კუნძული გაქრა და ხიდიც დაანგრიეს. შემდგომში სახელი „ვირის ხიდი“ გავრცელდა ძველ მეტეხის ხიდზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. 1870 წელს მეტეხის კლდე მარჯვენა სანაპიროს ორი ხიდით დაუკავშირეს. ერთი ლითონის ხიდი ახლანდელი, 1951 წ. აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის ადგილზე მდებარეობდა. მეორე, უფრო მცირე, ასევე ლითონის კონსტრუქციის ხიდი მის მახლობლად. დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი — მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები და ამიტომ ვირის ხიდს უწოდებდნენ. 1951 წელს ახალი ხიდის გახსნის შემდეგ ვირის ხიდი აიღეს. ვირის ხიდი – ვიკიპედია (wikipedia.org)/

[3] შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი.

„მას გახელილი დარჩა თვალები“

0

(სიორენ კირკეგორის „ან-ან“ და ჯეკ ლონდონის „თამაში“)

გენიოსის ქმნილებები ცალკე სიმაღლეა, ხელშეუხებელი მოცემულობა და მოდად გადაქცევა მხოლოდ ვნებს, აკნინებს მათ. სალონური ცნობიერების იმპოზანტურობა შემოსაზღვრულია და გამაღარიბებელ/გამაფერმკრთალებელი მაღალი იდეებისა. მოდა მაღალ გრძნობებსა და აზრებს, თითქოს, აკარგვინებს სიმძაფრეს, ტრაგიზმს, სერიოზულობას. ასეთ მავნე შემოტევას ვერც დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის ნააზრევი ასცდა. მოდით, შევეცადოთ, ამ დიდი მოაზროვნის ნაწერების სწორად, სიღრმისეულად, თუმცა მოკლე ფორმატში, შეძლებისდაგვარად, გააზრებას.

ეს ის შემთხვევაა, როცა ბიოგრაფია არანაკლებ საინტერესოა ავტორზე. კირკეგორი დაიბადა 1818 წელს კოპენჰაგენში. 1840 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. მისი სამაგისტრო დისერტაცია ირონიის ცნებას ეხებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ბერლინში ისმენდა შელინგის ლექციებს. 1842 წელს დაბრუნდა კოპენჰაგენში და გარდაცვალებამდე, 1855 წლამდე, განდეგილად იცხოვრა.

კირკეგორის „ან-ან“ ცნობილი თხზულებაა, რომელიც 1843 წელს გამოქვეყნდა კოპენჰაგენში, ხოლო მისი ნაწილია „ესთეტიკურისა და ეთიკურის წონასწორობა პიროვნულობის განვითარების გზაზე“. წიგნში მითითებული იყო მხოლოდ გამომცემელი – ვიქტორ ერემიტა. კირკეგორს უყვარდა ეს ფსევდონიმი, რაც „განდეგილობაში გამარჯვებულს“ უნდა ნიშნავდეს.
წიგნის „ან-ან“ მთავარი პრობლემა არჩევანია, ანუ ის, რომ, ადრე თუ გვიან, ადამიანი ირჩევს იმას, რაც მისთვის მეტად ღირებულია. „ესთეტიკური“ გრძნობადობით განსაზღვრული წესია ცხოვრებისა, „ეთიკური“ კი მოვალეობის შეგნებით განპირობებული. ეს ორი მსოფლგაგებაცაა, რომლებზეც საუბარია თხზულებაში. აქ ცხოვრების უმაღლეს წესზე, რელიგიურზე – რ წ მ ე ნ ა ზ ე ც ა ა საუბარი.

დანიელი ფილოსოფოსის ყურადღების ცენტრში დგას ცალკეული ინდივიდის, ერთეული პიროვნების ბედი, გადაწყვეტილებები, განცდები, მისი ფიქრები სიკვდილსა თუ უკვდავებაზე, ცოდვასა თუ მონანიებაზე, წამსა და უსასრულობაზე, შიშსა და არარაობაზე, არაფრობაზე. კირკეგორის ეს თხზულება ჩვენი დროის ეგსისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ წყაროდაა მიჩნეული.

ა რ ჩ ე ვ ა ნ ზ ე

არჩევანის წინაშე ყოველთვის როდია ადამიანი და, ცხადია, არსებობს ისეთი ცხოვრებისეული ვითარებები, რომლებთან მიმართ „ან-ან-ის“ გამოყენება სასაცილო ან თავისებურად, უგუნურებაცაა. ესააო „ჯადო სიტყვები“, გვეუბნება დიდი ფილოსოფოსი, რომელთა წარმოთქმა ასერიოზულებს და აძრწუნებს კიდეც კაცს. აი, რატომ: ეს ეხება იმას, რაც არა მარტო სერიოზული, საშიშიცაა – „არსებობს მხოლოდ ე რ თ ი მიმართება – ესაა მაშინ, როცა ერთ მხარეზეა ჭეშმარიტება, სიმართლე და სიწმინდე, მეორეზე კი – სიამოვნება და მიდრეკილებები, ბნელი ვნებები და მანკიერებანი. და მაინც სწორი არჩევანი, ამით კი საკუთარი თავის გამოცდა, დიდი მნიშვნელობის მქონეა ისეთ ვითარებებშიც კი, რომლებშიც არჩევანი უვნებელ რაიმეს ეხება“ (9).

ფილოსოფოსი ამ თხზულებაში ეშმას მიმართავს; ეს უკანასკნელი კი ისეთი „მეგობრული, უბრალო და მაცდურია“, როგორც „ძმები კარამაზოვების“ ივანთან საუბრისას.

ადამიანი არ უნდა დაშორდეს საკუთარ იდეალურ „მეს“, ანუ ღვთის ჩანაფიქრს მასზე. „სამოსელი პირველი“ მთლად არ უნდა განიძარცვოს და „გააძევოს“ საკუთარი თავიდან, დაჩაგროს, დათრგუნოს ღვთაებრივი ბუნება. აი, ერთ-ერთი მიმართვა ეშმასადმი: „ცხოვრება მასკარადიაო, ამბობ შენ და ეს აზრი ამოუწურავი მასალაა შენი სიამოვნებისა. შენი შეცნობა ვერავინ შეძლო, რადგან შენი გულალალობა მუდამ მოჩვენებითია… შენი მოქმედების მიზანი შენი დაფარულობის შენარჩუნებაა. ამ მიზანს აღწევ, რადგან შენი ნიღაბი ყველა სხვაზე საიდუმლოა. შენ, თავისთავად, ხარ არარა… შენ ხომ დაწყევლილი კაცის მდგომარეობაში ხარ, – შეწყვიტე ეს ველური რბოლა, ამოიკვეთე აბობოქრებული სურვილი განადგურებისა. – შენ ხომ გსურს, მოსპო ყველაფერი, გსურს შენი გაჩენილი შიმშილი ეჭვისა რაიმეთი დაიკმაყოფილო. ამისთვის ამზადებ შენს თავს, ამძვინვარებ საკუთარ სულს. შენ სიამოვნებით იტყვი, რომ არაფერი ძალგიძს და მხოლოდ ერთი რამ მოგანიჭებს სიამოვნებას – შვიდგზის შემოუარო ყოველივე არსებულს, ბუკს ჩაბერო და სამყაროს აღსასრულს დაელოდო. ამით შენი სული შვებას იგრძნობს, სევდაც კი დაისადგურებს მასში, შენში გაისმის ექოს ხმა: ექო ხომ მხოლოდ სიცარიელეში ისმის!“ (13).

რაც ხორცისაა, ყველა ვნებაა, ხოლო სულიერზე აქცენტირება, ხორციელზე ამაღლებით, ყველაზე დიდი მისია თუ დანიშნულებაა ადამიანური არსებობისა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც არასდროს შემოდებს „სასწორის პინაზე“ მაღალ ღირებულებებს, რადგან მათთვის არც კითხვა „ან-ან“ დაისმება არასდროს. თუმცა კაცთა სამყაროში ასე განსაზღვრულ-გამოკვეთილი როდია ყველაფერი და ვნება სიამოვნებასთან ისეა ჩაზრდილი, რომ მისგან გათავისუფლება ჭირს, მაგალითად, თამაშის ვნება, რომელზეც ასეთი ოსტატობით მოგვითხრობს ჯეკ ლონდონი თავის მოთხრობაში „თამაში“.

„თ ა მ ა შ ი“

აი, როგორ აღწერს თავისი ცხოვრების „უდიადეს“ წუთებს ჯო ფლემინგი, რომელიც ცნობილი მოკრივეა, როცა მას თვალწინ უდგება საკუთარი დარტყმების სიძლიერით დამარცხებული მოწინააღმდეგე, გაჩახჩახებული რინგი და აღტყინებულ-ეგზალტირებული მაყურებლის ხმაური: „დროს იხელთებ და ისეთს უთავაზებ, რომ თავბრუს დაახვევ, მთელი სხეულით ჩაგეჭიდება და აღარ გაგიშვებს, ვიდრე მსაჯი ძალად არ მოგაცილებს, მაშინ კი ბოლოს მოუღებ. მთელი დარბაზი თავდავიწყებით ღრიალებს და გრძნობ, რომ შენ უკეთესი ხარ, რომ წესიერად ებრძოდი და გაიმარჯვე კიდეც, იმიტომ გაიმარჯვე, რომ მასზე ძლიერი ხარ და რომ…“ (5).

ესაა ძალის კულტი, ესაა ძლიერი და საშიში დინება, რომელიც ნიადაგს აცლის ჯოს ჟენევიევასთან, შეყვარებულთან, ცხოვრებას. ესაა წამლეკავი ვნება, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს ჯოს, მკაცრსახიან, საცოლისთვის უცნობ კაცად აქცევს, მათ სიყვარულზე ძლიერია. კრივი უდიადესია ჯოსთვის, თუმცა ჟენევიევას გამოჩენის შემდეგ ამჩნევს კონფლიქტს ქალსა და კარიერას შორის, ანუ მის წინაშე ხშირად ისმება კირკეგორისეული „ან-ან“ დილემა, – „ერთიც მოუხმობდა, მეორეც და მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ასე იხლიჩებოდა ჯო მათ შორის და უმწეოდ მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას“ (9). ჟენევიევა ამჩნევდა ჯოს მოსაზრებათა სისწორეს, მაგრამ, როგორც ამბობს მწერალი, მათში სახარბიელოს ვერაფერს ხედავდა, ამიტომ ინსტინქტურად (იქნებ ეს მისი წინასწარმეტყველური წინათგრძნობაა?!) უმხედრდება თამაშს, რომელიც უბოდიშოდ, უცნაურ მეტოქესავით აშორებს ჯოს. ქალიშვილიც ებრძვის ამ უცნაურ „მტერს“, რომლისაც არა გაეგება რა, ამიტომ შიშის ზარს სცემს კრივი. ჯო კი ნატრობს, ჟენევიევამ ერთხელ მაინც ნახოს მისი რინგზე გამოსვლა. ქალიც ჯერ ზიზღით იბრუნებს სახეს, თუმცა ბოლოს თანხმდება, რადგან ჯო შეჰპირდება, რომ ეს მისი ბოლო თამაში იქნება.

ეს ორი ადამიანი, შეყვარებულები, „მუშათა კლასის წრიდან გამოსული არისტოკრატები“, საკუთარი ღირსების შეგრძნებით არიან, გარშემო გამეფებულ უწმინდურობასა და სიდუხჭირეშიც კი მშვენიერისა და დახვეწილისკენ ისწრაფვიან. გარემოსთან, რეალობასთან ერთგვარი აცდენა ამ გულღია ადამიანებს განმარტოებით, კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ უბიძგებს. მათი ზნეობრივი წესრიგი ღირებულებების პრიორიტეტს მოიაზრებს უთუოდ…

ჯო არაა სხვისთვის ტკივილის მიყენების მოსურნე ოდნავადაც კი, თუმცა თამაშის ვნებას აუტანია. მისი გარეგნობა, პორტრეტი ამაზე მეტყველებს: „ჯო თავის კუთხეს დაუბრუნდა. ახლა ის მოკრივეს სრულებით არ ჰგავდა. რა უწყინარი თვალები ჰქონდა! არც მასში და არც მის სახეში მხეცური არაფერი გამოკრთოდა, არცერთი ნაპერწკალი. სხეულიც ნაზი ჰქონდა, მშვენებასა და სინატიფეს ხომ ნუ იტყვით! ბავშვური, ჭკვიანური და კეთილი სახე. ჟენევიევა გამოუცდელი იყო; ვერ ხვდებოდა, რა იმალებოდა ჯოს გულის სიღრმეში, ფართო ნესტოებში, ხავერდოვანი კანით დაფარულ კუნთებში, ჯანსაღ ფილტვებში, ვერ ხედავდა ენერგიის, ნგრევისთვის შექმნილი ენერგიის სამალავებს! ჟენევიევასთვის ჯო დრეზდენულ ფაიფურს მიაგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გადადიოდეს ხელიდან ხელში, რათა პირველი უხეში შეხებისთანავე ნამსხვრევებად არ იქცეს“ (42-43). ჯოს თამაშის ვნება თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სისხლის წყურვილში, აი, ისეთში, ესპანურ კორიდაზე რომ აქვს ეგზალტირებულ, ბრბოდ ნაქცევ ადამიანთა სიმრავლეს. ჯეკ ლონდონთანაც არის ეს „დაბნელების“ მომენტი აღწერილი: „სისხლმოწყურებული ხალხი თავგამეტებით ყვიროდა, ჟენევიევამ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მგლების ყმუილი“ (65).

დიახ, ჯოს თამაშის ვნება საბედისწეროა. იგი რინგზე სასიკვდილოდ ზიანდება და გარდაიცვლება იმ დღეს, როცა ქორწინება აქვს დაგეგმილი. „ასე მოეღო ბოლოს ყველაფერს: ხალიჩებს, ავეჯეულობას, პატარა დაქირავებულ ბინას, პაემანსა და მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სეირნობას, თავდავიწყებით მომხიბლაობას, მათ სიყვარულს. ყველაფერი გაანადგურა საზარელმა თამაშმა, რომელსაც ვერაფერი გაუგო ჟენევიევამ“ (71) – აქ თამაშის ის გაგებაა, ზოგადად, ქრისტიანობა რომ ცოდვად თვლის. ასეთი თამაში თუ ვნება, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ემუქრება „გადაწონით“, ეშმაკის ფსონებითაა, ანუ მასთან, ბედისწერასთან თამაშია, რაც, ხშირ შემთხვევაში, სასიკვდილოა და არა მარტო ფიზიკურად…

ფართოდ გახელილ თვალებში როცა „ცა“ არ ირეკლება, ისინი მკვდარია, სამწუხაროდ.
ცხოვრებაც იმიტომ გვეძლევა, რომ მასში ყველაზე მნიშვნელოვანი გვაპოვნინოს, რომელთან „ან-ან“ არჩევანი დამღუპველია…

მაია იანტბელიძე

ციტატები წიგნებიდან: ფილოსოფიური კრებული „ლარი“, გამომცემლობა „ხელოვნება“,1991 წელი; ჯეკ ლონდონი „თამაში“, გამომცემლობა „თბილისი“, 2020

გზავნილი ბავშვებისთვის – მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან

0

დანიელ პენაკი თავის წიგნში „სკოლის სევდა“ ეპილოგში წერს, თუ როგორ უყურებს მისი თითქმის ასი წლის დედა ფილმს კაცზე, რომელსაც მშვენივრად იცნობს. ეს კაცი თავად დანიელ პენაკია, მწერალი, პარიზში, საკუთარ სახლში, ბიბლიოთეკაში, უამრავი წიგნით გარშემორტყმული. დედა თითქმის მთელი დღის განმავლობაში უყურებს ფილმს საკუთარ შვილზე და ფილმის დასასრულ, ავტორის ძმას, ბერნარს ეკითხება: „შენ ფიქრობ, რომ ამ კაცს როდისმე რამე ეშველება?“.

პენაკი აგრძელებს: „საქმე ისაა, რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი და ეს ამბავი დედაჩემს დღემდე აქვს გამოყოლილი. ახლა, როცა მისი გადაბერებული გონება სულ უფრო და უფრო ხშირად ტოვებს აწმყოს ნაპირებს და შორეული არქიპელაგებისკენ გადაადგილდება, გზად შემხვედრი პირველივე რიფები იმ ტკივილსა და სადარდებელს ახსენებს, სკოლაში ჩემი სიარულის პერიოდში ასე რომ გაუშრო სისხლი“, – წერს დანიელ პენაკი დედაზე, რომელსაც მისი თქმით, შვილის მომავალი იმდენად ბუნდოვანი და უიმედო ეჩვენებოდა, რომ მის აწმყოშიც ვერ არის ბოლომდე დარწმუნებული.

„ბოლომდე დედაჩემის დაწყნარება-დაშოშმინება არაფერს შეეძლო: არც ჩემი პროფესიული ცხოვრების სტაბილურობას და არც ლიტერატურული მოღვაწეობის საქვეყნოდ აღიარებას. ვერც სხვების მონაყოლი ჰგვრიდა შვებას და ვერც ის, რასაც თავად კითხულობდა პრესაში. ცხადია, ჩემი წარმატებები ახარებდა, მსჯელობდა მათზე მეგობრებთან და საკუთარ აზრებსაც უხვად აფრქვევდა. იმასაც აღიარებდა, საწყალი მამამისი ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა, მასზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად მეორე არ იქნებოდა. მაგრამ… მაგრამ მის გულში, სადაც იშვა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იმ უქნარამ და დოყლაპიამ, მოკლედ, იმ ოროსანმა, რომელიც ოდესღაც მე ვიყავი, მაინც ღრმად გაედგა ფესვები შფოთვას. ეს თავისებურად მისი სიყვარულის გამოხატულება იყო.

ბავშვებს უფროსებისგან (მშობლებისგან, მასწავლებლებისგან) სჭირდებათ დასტური და აღიარება იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი შესაძლებლობების დანახვა და გულწრფელი რწმენა, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს შეძლებენ; რომ საკმარისად კარგები არიან და ჩვენ მათ ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯსა და მცდელობას ვუფასებთ. ჩვენი რწმენები მათ მიმართ არის ძლიერი საყრდენი, რომელზეც მალე თავადაც დააშენებენ საკუთარ ცხოვრებას, გაბედულად და საკუთარი თავის რწმენით. მაგრამ, რა მოხდება, თუ ჩვენ არ ვირწმუნებთ მათ ძალებს, ეჭვი შეგვეპარება მათ სიძლიერეში და მცდელობებსაც არ დავუფასებთ? თუ ჩვენ განუწყვეტლივ ვიშფოთებთ მათ შესაძლებლობებზე და ეჭვის თვალით დავუწყებთ ყურებას?! თუ ისინი ვერასდროს გახდებიან საკმარისად კარგები ჩვენთვის?!…

წარმოიდგინეთ, სულ პატარა, თვეების ბავშვი, ჩვენგან დაიმედებული, შექებული, როგორ ცდილობს, ისწავლოს ხოხვა და მისწვდეს სასურველ სათამაშოს. თანდათან ის მიხვდება, რომ თავისი სურვილის ასასრულებლად ფეხები უნდა დაიხმაროს, ხელებს მყარად დაეყრდნოს, მუცელი ასწიოს, გაცოცდეს და სათამაშოსაც მისწვდეს. პატარას წარმატების გამოცდილება უკვე აქვს, იცის, რომ ახლა შეუძლია წამოდგეს, უფროსები ცოტას ისევ შევაქებთ, ისევ მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკუთარ ძალებსა და კუნთებს დაეყრდნოს და ნელ-ნელა წამოდგომა შეძლოს. გავამხნევებთ და ისიც წამოდგება. შემდეგ ნელ-ნელა სიარულს შეეცდება. „ყოჩაღ, ყოჩაღ!“ – ისევ გავამხნევებთ, ისევ მოგვწონს, როცა ვხედავთ, როგორ გულწრფელად და თან, საფუძვლიანადაც სჯერა ჩვენი გამხნევების, როგორ იწყებს ძალების მოსინჯვას, ახალი გამოცდილების მიღებას და ვხედავთ, უკვე გამართულად დადის.

განვითარების ყველა ეს ეტაპი, ყველა ეს წინსვლა და მცდელობები საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოკვლევის, იმის შედეგია, რომ უფროსებმა ბავშვს შეუქმნეს ისეთი გარემო, რომელიც შემწყნარებლური იყო შეცდომების, წაქცევის, წამოდგომის, მიმართ. ამასთან ერთად გავუჩინეთ იმის განცდაც, რომ ყველაფერი გამოუვა და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა უიღბლო პერიოდები. ახლა უკვე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიარაღებული, უფრო მეტად თვითდაჯერებული და ჩვენით დაიმედებული, მეტად გაბედულია, იკვლიოს გარემო და საკუთარი შესაძლებლობები, გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს მცდელობები, რადგან იცის, რომ არსებობს თვითგამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცე.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მშობლების საუკეთესო მოლოდინები განაპირობებს ბავშვის აკადემიურ წინსვლასაც. არსებობს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დადებით გავლენას ახდენს მშობელთა მაღალი მოლოდინები შვილების აკადემიურ მიღწევებზე და პირიქით, მშობლებს, რომელსაც არ სწამთ საკუთარი შვილების, როგორ აზიანებს ეს დამოკიდებულება მათი შვილების ცხოვრებას. მჯერა ჩვენს საუკეთესო მოლოდინებს, საუკეთესო წარმოდგენებსა და იმედებს შეუძლია, შეცვალოს ჩვენი შვილების ქცევა, წაახალისოს ისინი და მოტივაცია დაუბრუნოს, ამიტომ უკმაყოფილო ტონით, შეცდომებზე მითითებით, აჯობებს ხშირად ვუთხრათ – „მჯერა შენი, გენდობი და საუკეთესო მოლოდინი მაქვს შენგან“.

ქალაქი, როგორც ტექსტი

0

 

2.წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკური ტაძარი

ადგილი ბევრნაირია: არის ბავშვობის ადგილები, სადაც გვითამაშია, გვირბენია და რომლებსაც ღიმილიანი სევდით ვიხსენებთ; არის ადგილები, რომლებიც, უბრალოდ, გვიყვარს – იქ თავს კარგად ვგრძნობთ; არის კიდევ მშობლიური ადგილები, რომლებიც სულ ჩვენი იქნება, რაც უნდა მოხდეს; და არის, აგრეთვე, ადგილები, რომლებთანაც რაღაც მისტიკური გვაკავშირებს. ერთი ეგეთი ადგილი მეც მეგულება, ოღონდ არ ვიცი, როგორ შევძლებ, იმის მოყოლას, რაც იქ გადამხდა – ეს ამბავი ხომ ჯოჯოხეთიდან ამოსვლის ამბავია, ასეთი რამ კი ყოველდღე როდი შეგემთხვევა ადამიანს.

მოდი, ჯერ ჯოჯოხეთისას გეტყვით.

იცით, რა არის რუმინაცია?

თუ არ იცით, გისურვებთ, არასდროს გაგეგოთ და გამოგეცადოთ. ესაა ცეცხლი შენში, რომელიც შიგნიდან გწვავს და გჭამს; ცეცხლი, რომელსაც არც სითბო აქვს და არც სინათლე. ეს ბნელი ცეცხლია.

თავიდან მეგონა, ვბრაზობ-მეთქი, ვბრაზობ და გამივლის. მაგრამ გავიდა ერთი თვე, ორი, მესამე დაიწყო და მე კი ისევ ბრაზში ვიხრჩობოდი.

შემეშინდა, მაგრამ შიში გაქრა, როგორც კი შევიტყვე, რომ რაც მემართება, თურმე სრულიად ნორმალურია. ეს კი ასე მოხდა:

აღარ მახსოვს, ნარცისებზე რატომ მოვიძიე ინფორმაცია ან როგორ მივხვდი, რომ ნარცისული ძალადობა (Narcissistic Abuse) გადამხდა. თქვენ, ალბათ, არც ის იცით, ეგ რა არის. ბუნებრივიცაა – ჩვენ ხომ ჯერ იმის მტკიცება გვიხდება, ქალების უმოწყალო ხოცვა რომ ძალადობაა და ძალადობის ასეთ ნატიფ ფორმებზე მსჯელობისაგან შორსა ვართ. კი, ძალადობა შეიძლება იყოს ნატიფი, ის გამაოგნებლად, საზარლად მშვენიერი შეიძლება იყოს, იმდენად მშვენიერი, რომ წლობით ჩარჩე მასში და უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლო. მე ღმერთმა გადამარჩინა – ჩემი ურთიერთობა ნარცისთან ერთ წელსაც არ გაგრძელებულა.

ჰოდა, ერთი სიტყვით, ძვირფას მეგობართან, რომელიც იმ ნარცისსაც იცნობს, ბევრი საუბრის, ბევრი ძიების შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა ჩემს თავს. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ ბრაზის შემოტევებს, მთელ დღეს რომ მაწამებს, რუმინაცია ჰქვია. ამ დროს იხსენებ ძალადობის მომენტებს, ყველა მის მანიპულაციას, სულელურ ჩხუბებს, განზრახ რომ გაგიმართავდა ხოლმე და ბრაზობ. ბრაზობ და ნანობ, რომ გაუჩუმდი; ნანობ, რომ ცხვირ-პირი არ ამოუნაყე; ნანობ, რომ ერთი გემრიელად არ გალანძღე. და ლანძღავ და ბრაზობ და ლანძღავ და კიდევ უფრო ბრაზობ და ასე – დაუსრულებლად. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას ვერაფერს უხერხებ – მხოლოდ მოთმენა შეგიძლია, რადგან რუმინაცია – ესაა სისხლდენა ღია ჭრილობიდან, ჭრილობის მოშუშებას კი დრო სჭირდება.

ნარცისთან ურთიერთობას კიდევ ერთი უბედურება ახლავს – გიმსგავსებს. მე კი არ მინდოდა, ბრაზს გავებოროტებინე. არადა, ამის საშიშროებას ნამდვილად ვგრძნობდი.

13 თებერვალი იყო. წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის კათოლიკურ ტაძარში კლასიკური მუსიკის კონცერტი იმართებოდა. არ მახსოვს, გზად რას ვფიქრობდი. ალბათ, ისევ ბრაზი მახრჩობდა. მახსოვს, რომ საღამოს ბინდიდან ყვითელმა ტაძარმა უცნაურად ამოანათა. და როგორც მაშინ, სულ პირველად რომ გადავაწყდი ამ ეკლესიას „ფაბრიკიდან“ მომავალი, ახლაც წავიკითხე კედელზე გაკრული წარწერა: „წმინდა წირვა“. მის ქვეშ განრიგი იყო წვრილი შრიფტით, ვეღარ გავარჩიე. მარჯვენა მხარეს მაცხოვრის გამოსახულებას შევხედე, თეთრ სამოსში რომ იდგა, ხელი კი გულთან მიეტანა, რომლიდანაც თეთრი და წითელი სინათლე იღვრებოდა.

კიბეზე ავედი და შევედი ტაძარში, მაგრამ არა როგორც ტაძარში – მე იქ ბეცი მართლმადიდებლის ქედმაღლობით შევედი, რწმენით, რომ ეს არაა ჩემი ტაძარი, შესაბამისად, არც ღვთის ტაძარია (ჩემი-მეთქი, ვამბობ და სიმწრით მეცინება ჩემს მაშინდელ დამოკიდებულებაზე – არასდროს ყოფილა მართლმადიდებლური ეკლესია „ჩემი“, მე არასდროს ვყოფილვარ მისი ნამდვილი წევრი, აღმსარებელი და მაზიარებელი, მარხვის შემნახავი და მოძღვრისგან კურთხევის ამღები მრევლის ნაწილი).

ისე შევედი, პირჯვარიც კი არ გადავიწერე.

ისე შევედი, როგორც მთვრალი კაცი – უბნის მაღაზიაში ლუდის საყიდლად, ქვეყანა რომ თავისი ჰგონია და გამყიდველ გოგოს შენობით ელაპარაკება.

შევედი და პირველ რიგში დავჯექი. დავჯექი და ეგრევე ვიგრძენი, რომ სახლში ვარ – ორგანისტი ვანო სარაჯიშვილი კლავესინს აწყობდა. პატარა კლავესინი იყო, ილიაუნიში რომ მინახავს და თანხლება გაუწევია ჩემთვის, ისეთი. ინსტრუმენტების აწყობის ხმაზე უფრო კი არაფერი მემშობლიურება. საორკესტრო კონცერტების დროსაც ყველაზე მეტად ეგ ნაწილი მიყვარს, კონცერტის წინა, აწყობის. ყველა ნოტი ვიცი, რომელიც ამ დროს უნებურად ჟღერს, ყველა გადაცდომას ვგრძნობ ყურით, ყველა მეოთხედ- თუ მერვედტონიან ცდომილებას სწორი, სუფთა ნოტიდან.

ციოდა ტაძარში, ძველი შენობის სიცივე იდგა, მაგრამ კლავესინის წკრიალა ხმა მათბობდა. ასეთი საკრავია კლავესინი, ადამიანივითაა – ყოველი დაკვრის წინ უნდა აწყობა, როგორც ვიოლინოს და ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებაზე თავადაც იცვლება – იშლება და წარამარა უნდა აწყო და აწყო.

ვიჯექი, ვუსმენდი და ტაძარს ვათვალიერებდი.

გინახავთ ეს ტაძარი? საბჭოთა პერიოდში ერთადერთი კათოლიკური ტაძარი იყო, რომელიც არ დახურულა, ისე კი მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. სიმწვანეა. ასე გგონია, კედლებიდან ბალახი აბიბინდება, გაიზრდება, მრავალ ყლორტს გამოიღებს, აკვირტდება და აყვავდება. ასე გგონია, მწვანე კედლებიდან გამოსული ყვავილები გაზაფხულის სურნელს გააფრქვევენ, თებერვლის სიცივეს გატეხენ.

ქვის თეთრი ტრაპეზიც მწვანით შემოსილა. მუქი მწვანეა საკურთხევლის გუმბათიც. გუმბათის ცენტრში მაცხოვრის თავია, მწუხარედ მარჯვნივ გადახრილი, წარწერით: „Ecce Homo“. ვუყურებ და თვალწინ ხატი მიდგება, სოფელში, ბებიასთან რომ გვაქვს. პატარა ხატია, ზუსტად ასეთი: ქრისტეს თავი მარჯვნივ დაუხრია, ეკლის გვირგვინი ადგას და თვალები კი დახუჭული აქვს, თითქოს ამდენ ბოროტებას ვეღარ უყურებსო…

კონცერტი ბახის საორგანო ტოკატითა და ფუგით (რე მინორი) დაიწყო.

პირველად მოვისმინე ტაძრისთვის დაწერილი მუსიკა ტაძარში. ორგანის მძლავრი ხმა, მისი ძველი კლავიშების ოდნავი ქშენა ბგერებს შორის – თავი იმ ხალხის ადგილას წარმოვიდგინე, ბახის ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ. ყოველკვირა ამ მუსიკას ისმენდნენ, წარმოგიდგენიათ? ამას!

იცით, რომელია ტოკატა და ფუგა რე მინორი? რა თქმა უნდა, იცით. უცნობილესი ნაწარმოებია.

მეც მეგონა, რომ ვიცოდი. მეგონა, ყურში მიტრიალებს სულ და რაღამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი.

არ მცოდნია. სულ სხვა მუსიკა ყოფილა.

მერე იყო კიდევ ერთი ქორალური პრელუდია, ჩემი საყვარელი – „Zion hört die Wächter singen“, მხოლოდ ორგანზე შესრულებული. ტექსტის პატარა ნაწყვეტს გაჩვენებთ:

„Zion hört die Wächter singen

Das Herz tut ihr vor Freuden springen,

Sie wachet und steht eilend auf.“[1]

რა ვიცი, მე მგონი, მაშინ მოხდა, მაშინ დამემართა ეს – გ ა მ ო ვ ი ღ ვ ი ძ ე. მერე კი იყო ჰენდელის კონცერტი რე მინორი და ბახის სონატა სოლ მინორი, რომლებიც ვანო სარაჯიშვილმა ფლეიტისტ ანდრეას ბუნინთან, მევიოლინე ვასკო კანასტრასა და ჩელისტ ალექსეი სოლონოვიჩთან ერთად შეასრულა, მაგრამ, მგონი, ამ ნაწარმოებების მოსმენისას უკვე სხვა ვიყავი.

კონცერტის დასასრულ გუნდმა იმღერა. ბოლოს მღვდელი გამოვიდა და თქვა, ჩვენ უბრალოდ ასე კი არ მოგვიწყვია ეს კონცერტი, საერთოდ, სულ ვცდილობთ, რაიმე მნიშვნელოვან ლიტურგიკულ პერიოდს დავამთხვიოთო. და აი, ხვალ დიდმარხვა იწყებაო.

დაამატა:

  • იმედი მაქვს, ეს მუსიკა დაგეხმარებათ, რომ გაიზარდოთ სულიერად, გაიზარდოთ სიყვარულში.

გამოვედი.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ღვთისმსახურებაზე ვიყავი – დიდი სიმშვიდე. უცებ იმასაც მივხვდი, რა უნდა მექნა, ამ ჩემი ტანჯვის დასასრულებლად.

ჰოდა, გადავწყვიტე. მე კი, თუ რამეს გადავწყვეტ, აუცილებლად ვასრულებ – ხასიათი მაქვს ეგეთი.

შინ მივედი და პაპის სადიდმარხვო ქადაგებას გადავაწყდი. წერდა, იმარხულეთ სიძულვილისაგან და შეიყვარეთო. იმარხულეთ ბოროტებისაგან და სიკეთე ქმენითო.

მერე როგორ მოვიქეცი, იცით? ეჰ, სიცილადაც არ გეყოფათ – ფეისბუქზე ბლოკი ავხსენი. ვიცოდი, რომ მისი სახელისა და კომენტარის ყოველი დანახვა საშინელ შიშში ჩამაგდებდა (ფსიქოლოგები რომ შფოთვას ეძახიან, აი, იმაში) და ცუდად გამხდიდა, მაგრამ მე გადავწყვიტე.

პირველად ვიმარხულე ჩემს სიცოცხლეში.

ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს ა გ ა ნ.

როგორც ბახის მუსიკის მთელი სირთულე ვიგრძენი პირველად, ისე ვიგრძენი, რა რთული რამე ყოფილა პატიება; მაგრამ ყველაზე დიდი თავისუფლებაც სწორედ იმას მოაქვს, რაც რთული შესასრულებელია.

***

წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ახლა, ზაფხულშიც, იყო კონცერტი. გამოსვლისას მე და ერთი ბიჭი დავდექით გასასვლელთან, ორივემ პირჯვარი გადავიწერეთ. მერე მე ქედი მოვიდრიკე, როგორც ბიზანტიური წესია, მან კი დასავლური წესისამებრ მარჯვენა მუხლი მოიყარა. ორივემ პატივი მივაგეთ აბსოლუტურ სიყვარულს, რომელიც ჩვენ წინ, ტაბერნაკულუმში, ერთ პაწია პურის ნაჭერში მოქცეულიყო…[2]

 

 

[1] „სიონს მოესმის მცველების სიმღერა,

გული სიხარულით შეუხტება,

იღვიძებს და საჩქაროდ დგება“.

[2] ტაბერნაკულუმი – ასე ჰქვია სანაწილეს, რომელშიც ინახება ქრისტეს სისხლი და ხორცი. კათოლიკურ ტაძარში შესვლისას სწორედ ქრისტეს მყოფობის ამ ხილული ნიშნის წინ იდრეკენ მუხლს. მუხლის მოყრა შუა საუკუნეების რაინდული ჩვეულებაა და მოწიწებას, სიყვარულსა და მუდამ უფლის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ამისგან განსხვავებით, მუხლდრეკა ყოველთვის სინანულის გამომხატველია ბიზანტიურ ტრადიციაში (თავად მუხლდრეკის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა „მეტანია“ „სინანულს“ ნიშნავს). ამიტომ ტაძარში შესვლილსას მიღებულია ქედის მოხრა მოწიწების ნიშნად, მაგრამ არა – მუხლმოყრა.

ზღვის ბალახი

0

უზარმაზარი სასტუმროს აივანზე ვზივარ და ვსაუზმობ. სასტუმრო კი დიდია, მაგრამ თავად სასაუზმე სივრცე ერთი ბეწო გაუკეთებიათ, ამიტომ დახუთული და სავსე დარბაზიდან გარეთ გამოვედი და ვცდილობ ზღვიდან მომავალი ჰაერი ღრმად შევისუნთქო. აივნის მოაჯირზე თოლია ჩამომიჯდა საქმიანად. იმხელაა, არც კი ვიცი, მართლა თოლიაა, თუ „ქარიშხალასებრთა“ ოჯახიდან (ამათ სახეობებში მთლად კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცები გამიგია).

სანამ აქ, ამ „ჩიტუნასთან“ ერთად მოვხვდებოდი, დიდი გზა გამოვიარე. ასეთ დროს სულ „ჯარისკაცის მამა“ მახსენდება და მის მსგავსად ვიწყებ საუბარს: „ვიარე, ვიარე, მანქანით ვიარე, მერე ფეხით ვიარე…“.

სინამდვილეში, თბილისიდან ჯერ სტამბულში ჩამოვედი, აქედან კი ზღვისპირა ვარნაში. არ ვიცი, მფრინავმა ასე რატომ გადაწყვიტა, მაგრამ თბილისიდან ზღვის გასწვრივ ფრენის ნაცვლად, მთიანი თურქეთისკენ, აღრისკენ, არარატის მხარისკენ აიღო გეზი. იქ კი ისეთი ქარები იყო, რომ ასეთი ნჯღრევა-რყევით მე ჯერ არ მიფრენია.

ვარნაში ახალი პროექტის ფარგლებში ჩამოვედი. შავი ზღვის წყლების ქიმიური მონიტორინგი და მისი გავლენა უნდა გამოვიკვლიოთ ე.წ. „ზღვის ბალახის“ ზრდაზე.

წარმოიდგინეთ, მწვანე მოხასხასე ბალახის ხალიჩა, ოღონდ… ზღვის ფსკერზე. ეს არ უნდა ავურიოთ ე.წ. „ცუდ“ წყალმცენარეებში. ეს უკანასკნელნი დიდი რაოდენობით ბენთოსურ მასალას იკრებენ გარშემო, წყლის ზედაპირზე მცირე ზომის წყალმცენარეების (Algae) ზრდას უწყობენ ხელს. სწორედ ეს უკანასკნელნი წარმოქმნიან ე.წ. ცოცხალ ხალიჩას წყლის ზედაპირზე, რასაც წყლის ყვავილობას უწოდებენ და ლამაზი სანახავია, მაგრამ იმის მაუწყებელიც არის, რომ ასეთი წყალი დაჭაობებისკენ არის მიდრეკილი.

ზღვის ბალახი, კი პირიქით წყალს აჯანსაღებს. შთანთქავს ნახშირორჟანგს, გოგირდწყალბადს და თავად ინტენსიური ფოტოსინთეზით ჟანგბადს აწარმოებს. ჩვენი ატმოსფეროს ჟანგბადის 70% სწორედ ზღვის ბალახის მიერ არის წარმოებული.

ქიმიური ანალიზი ზოგად სურათს იძლევა, რომლის სწორად გაშიფვრა უნდა შეგვეძლოს.

ძირითადი ანალიზები შემდეგია.

გახსნილი ჟანგბადის (DO) რაოდენობა – ჟანგბადი წყალში ჰაერთან შეხების შედეგად გადადის, ასევე წყალმცენარეების ფოტოსინთეზით გამოიყოფა. შესაბამისად, ამ მახასიათებლით ზღვის ბალახის ხარისხზე შეგვიძლია საუბარი. წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ასევე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სიმღვრივის მაჩვენებელზე, მინერალიზაციაზე.

ელექტროგამტარობა – წყლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად ითვლება. დამოკიდებულია წყლის ტემპერატურასა და მინერალიზაციაზე. ზღვის წყალი ძლიერი და სუსტი ელექტროლიტების ნარევია. წყლის მინერალიზაციას ძირითადად განაპირობებს: Na+, K+, Ca2+, Cl, SO42-, HCO3–. სხვა იონები კი, მაგ. Fe3+ Fe2+, Mn2+, Al3+, NO3–, HPO4–, H2PO4– ელექტროგამტარობაზე დიდ ზეგავლენას არ ახდენენ. 

TDS ანუ, მთლიანად გახსნილი ნაწილაკები დამატებით ინფორმაციას გვაძლევს წყლის გამჭვირვალობაზე.

კიდევ ერთი გასაზომი მაჩვენებელი რედოქს პოტენციალია. მეორენაირად, მას ჟანგვა-აღდგენით პოტენციალსაც უწოდებენ. აღინიშნება Eh სიმბოლოთი, განზომილება (mV) და pH, ტემპერატურასა და მარილიანობასთან ერთად წყლის სტაბილურ მდგომარეობას ახასიათებს. ტბებსა და ზედაპირულ წყლებში მაჩვენებელი მერყეობს -0,5 დან +0.7, თუმცა ზღვის წყალში -0.6-ზე მეტი მაჩვენებელი შეიძლება იყოს. ასეთ დროს გოგირდის და გოგირდწყალბადის მომატებულ შემცველობაზე შეიძლება ვისაუბროთ. რედოქს მაჩვენებლით წყალი შეიძლება იყოს:

Eh >+(0,1-1,15 მეტი) – წყალში მჟანგავი გარემოა, მასში არის გახსნილი ჟანგბადი და Fe3+, Cu2+, Pb2+, Mo2+ იონები.

  • Eh -0,0-დან +0,1-მდე – გარდამავალი ჟანგვა-აღდგენითი გარემოა, არამდგრადი გეოქიმიური რეჟიმია, ჟანგბადის და გოგირდწყალბადის ცვლადი რაოდენობა, ასევე სხვადასხვა მეტალის სუსტი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. მიუთითებს ასევე მიკროორგანიზმების და ეუთროფიკაციის პროცესის არსებობაზე.
  • Eh<0,0 -აღდგენითი გარემოა. წყალში გოგირდწყალბადის და Fe2+, Mn2+, Mo2+ მეტალების სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს.

ახლა თავად ზღვის ბალახს დავუბრუნდეთ. ზღვის ბალახის 60 სახეობა არსებობს და ისინი შემდეგ ოჯახებს მიეკუთვნებიან: Posidoniacea, Zosteracea, Hydrocharitaceae, Cymodoceaceae). თითოეულ მათგანს კიდევ ერთი საერთო თვისება ახასიათებთ, იოდით არიან მდიდარი.

ჰოდა, თუ მოახერხებთ და ცოტა ზღვის ბალახს მოიპოვებთ, იოდის გამოყოფას ლაბორატორიაში შეძლებთ.

დავიწყოთ.

სანამ საქმეს შევუდგებოდეთ ჩვენ მიერ მოპოვებული ზღვის ბალახი თუნუქის ქილაში უნდა დავწვათ. სჯობს ეს ამბავი ამწოვ კარადაში გავაკეთოთ. დაწვამდე ბალახი მაქსიმალურად გამოაშრეთ, რათა წვის პროცესში კალიუმის იოდიდი შევინარჩუნოთ. ზღვის ყველა ბალახი პოლისაქარიდ ფუკოიდანს შეიცავს და ამის გამო ნელა იწვება. საბოლოოდ კი შავი მასა – ზოლი დაგვრჩება. იოდი მათ შემადგენლობაში კალიუმის იოდიდის სახით გვხდება.

ზოგადად, იოდი ზღვის წყალში ნიადაგიდან შემოდის. ეს შესაძლოა ზღვის გეიზერების ან სულაც ვულკანის აქტივობამ განაპირობოს, ანდა ზღვის წყალმა რაიმე ქანები გამორეცხოს. ყველა წყაროს თანახმად, ზღვის წყალში კალიუმის იოდატი KClO3 გამოთავისუფლდება. ზღვის ბალახი კალიუმის იოდატს ცუდად ითვისებს, თუმცა ფაქტობრივად შეთვისება არც უწევს, მასში არის პლანქტონი, მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ წყალში გამოყოფენ გოგირდშემცველ ამინომჟავა ცისტეინს. სწორედ ეს ცისტეინი ურთიერთქმედებს კალიუმის იოდატთან და გადაჰყავს კალიუმის იოდიდის ფორმაში.

KIO3+3(C3H6NO2)-SH=KI+3S+3(C3H6NO2)-OH

სწორედ, ამ იოდიდებს ითვისებს ბალახი.

ბალახის დაწვის შედეგად მიღებული შავი მასა გავხსნათ წყალში და ვადუღოთ. დუღილის პროცესი დაახლოებით ორ საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. შემდეგ ნარჩენი მასა გადავწუროთ და მიღებული სითხე გავფილტროთ. მიღებული ფილტრატიდან უნდა გამოვყოთ იოდი. ამიტომ, დავამატოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა და წყალბადის პეროქსიდი. ენერგიულად მოვურიოთ და დაველოდოთ. ხსნარი ყვითლად შეიფერება. წარიმართება ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია:

2KI+H2SO4+H2O2=I2+K2SO4+2H2O

ანუ, გამოიყო იოდი თავისუფალი სახით. თუმცა, თუ კალიუმის იოდიდი ჭარბად გვექნება, ის შესაძლოა გამოყოფილ იოდთან შევიდეს რეაქციაში და საკმაოდ მდგრადი კომპლექსური ნაერთი მოგვცეს, რომელსაც მუქი ყავისფერი შეფერილობა ექნება. სწორედ ასეთი ფერი განვითარდება სარეაქციო არეში. მიღებული კომპლექსური ნაერთიდან იოდის გამოყოფა ბენზინის დამატებით არის შესაძლებელი. ანუ, თუ მიღებულ მუქ ყავისფერ სითხეს გადავასხამთ გამყოფ ძაბრში და დავამატებთ ბენზინის მცირე რაოდენობას, დავინახავთ, რომ ბენზინი წყალში არ გაიხსნება და სითხის თავზე მოექცევა. თუ გამყოფ ძაბრს კარგად შევანჯღრევთ, ბენზინის ფენაში მკვეთრი იისფერი განვითარდება, რომელიც თანდათან უფრო გამუქდება. ეს ნიშნავს, რომ იოდი გადავიდა მასში. შემდეგ ეს სითხე პეტრის ჯამში გადავასხათ და ბენზინის აორთქლებას დაველოდოთ. ერთი დღის შემდეგ სუფთა იოდი გვექნება.

მიღებული იოდი გავხსნათ სპირტწყალხსნარში (წყალი გამოხდილი უნდა იყოს) და დავუმატოთ მცირე რაოდენობის კალიუმის იოდიდი, რათა კვლავ მუქი ყავისფერი ხსნარი მივიღოთ (სხვათა შორის, აფთიაქში ნაყიდი იოდის ხსნარიც კალიუმის იოდიდს შეიცავს).

არადა, თავიდან მიღებულ ხსნარშიაც ხომ კალიუმის იოდიდისა და იოდის კომპლექსნაერთი იყო, რად გვინდოდა ბენზინით წვალება? უბრალოდ, ის თავდაპირველი ხსნარი სხვა მინარევებსაც შეიცავდა. ასე კი იოდის სუფთა ხსნარი მივიღეთ.

მიღებული ხსნარი შეგვიძლია სახამებელთან თვისებითი რეაქციით შევამოწმოთ. თუ დამახასიათებელი ლურჯი შეფერილობა განვითარდა, ნამდვილად იოდი გამოიყო.

ვარნადან ორი საათის სავალზე „ბულგარეთის მზიანი სანაპიროა“. ასე ჰქვია ადგილს, სადაც მხოლოდ ტურისტული კომპლექსებია და იქაურობა მართლაც მზის ნაკოცნ ნაპირს ჰგავს. ზემოთ პატარა კუნძულია, სადაც ძირითადი გზიდან ვიწრო ბილიკი ადის.

ბილიკს ავუყევი და კუნძულის სიღრმეში, ზემოთ პატარა სკვერში შევედი. ქვემოთ ზღვის ხედი იშლებოდა და ჩემკენ იოდიანი ჰაერი მოჰქონდა. მოშორებით თოლია ჩამომიჯდა. რა ვიცი, თოლია იყო? იმხელა ზომის შეიძლება „ქარიშხალას ოჯახიდანაც“ ყოფილიყო.

  • ქეთი ჰოჯამ (ქეთი მასწავლებელო) – ხელი ასე დაიკავეთ და სურათს ისე გადაგიღებთ, თითქოს ეგ თოლია ხელზე გიზით, არ გინდათ?

ჩვენი ჯგუფის თურქი პარტნიორი, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იელდა ჰოჯა წამომწეოდა და სურათის გადაღებას მთავაზობდა.

უცებ გამოვფხიზლდი.

  • მინდა, აბა არ მინდა? მოიცა, გავსწორდები, ხელს ასე დავიჭერ და ისე გადამიღე, თითქოს თოლია მიჭირავს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...