პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

 სერბული დღიური

მოგზაურობა, როგორც შემეცნება. 1

პირველი, რასთანაც შეხება გიწევს, ენაა. ენა გმასპინძლობს, კარს გიღებს და გზადაგზა დატოვებული პატარა საჩუქრებით უცხო გარემოში შეჰყავხარ. ენა გიგზავნის შეტყობინებებს – კედლებიდან და ბანერებიდან, სავიზიტო ბარათებიდან, ფლაერებიდან, საგაზეთო ჯიხურებიდან და კაფეების მენიუდან – შენ წინაშე ახალი დამწერლობაა, ანბანის გრავიურა, რომელსაც ადამიანებს ადარებ. ასეთი ჩვევა გაქვს – ყველა ანბანს ადამიანს ადარებ, ზოგჯერ პოულობ მსგავსებას, ზოგჯერ ვერა. ნეტა ჩვენზე რას ფიქრობენ უცხოელები, ვგავართ ჩვენს ანბანს?

სერბ მასპინძლებთან შეხვედრა ასე დაიწყო:

  • ზდრავე!
  • გამარჯობა!

ოქტომბრის გაცრეცილი ცა ბელგრადის თავზე საწვიმრად ემზადება. სერბი პოეტები – გორდანა ვლაიჩი და დუშიცა ივანოვიჩი მე და ჩემს მეგობარს, მსახიობ ნინო ფილფანს აეროპორტში გვხვდებიან, გორდანას პაწია მანქანით პირდაპირ მრჩაევცში უნდა გავემგზავროთ.

ღრუბლებიდან დანახულ პანორამას მანქანის ფანჯრიდან შემოჭრილი ვერცხლისფერი კადრებიც ემატება და გონებაში მოკლემენტრაჟიანი ფილმი მონტაჟდება – პროლოგი. სერბეთი. შუადღის ორი საათი და ოთხი ქალის გაუჩერებელი საუბარი ინგლისურ-სერბულ-ქართულად. გორდანა – ულამაზესი ლურჯი თვალებითა და ფაქიზი ღიმილით, გზადაგზა გვეცნობა და წინ რომ გველოდება, იმ ღონისძიებებზე გვიყვება. დუშიცასთვის კი ეს გზა – ბელგრადის აეროპორტიდან მრჩაევცამდე, პირველი მოგზაურობაა, ჩვენთან ერთად აკვირდება ყველაფერს და მშვიდად ღელავს.

საერთოდაც, რამდენიმედღიანი ერთად ყოფნიდან დუშიცა ივანოვიჩს სწორედ ამ მშვიდი ღელვით აღიბეჭდავს მეხსიერება. ლექსებსაც ასე წაიკითხავს – მყუდროდ მღელვარედ და ურთიერთობის სიმფონიასაც ამ რიტმით შეასრულებს.

მრჩაევცამდე ავტობანით მივდივართ, ეს კი სერბეთის ლანდშაფტის შეცნობას საგრძნობლად ამცირებს. თუმცა, არანაკლებ შესაცნობი ამბები ახლა მანქანის სალონში ხდება, ამიტომ ხედები და ლანდშაფტები მოიცდიან, მით უფრო, რომ რაღაც მონაკვეთის მერე უკვე დასახლებულ ადგილებში შევალთ და თვალს თავისთავად მოგვწყვეტს სერბული ეთნოარქიტექტურა და სოფლის პეიზაჟები.

უკვე მეექვსე წელია, სერბეთის მწერალთა ასოციაცია მრჩაევცში მართავს ლიტერატურული პრემია „მორავას“ დაჯილდოებას. წელს ის ოცდამეოთხედ გაიმართება და პოეტებს მთელი ქვეყნიდან ელოდებიან. საქართველოს პირველად ხვდა მასში მონაწილეობის პატივი და ეს იმ მშვენიერი დასაწყისის გამოძახილია, რომელიც ამ წლის მაისს უკავშირდება – სამი პოეტი – გორდანა, დუშიცა და ალექსანდრა მიხაილოვიჩი საქართველოს მწერალთა სახლს სტუმრობდნენ, მათი ლექსები მანანა დუმბაძემ თარგმნა, ქართველ მკითხველთან შეხვედრაც გამართეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

საქართველოში მოგზაურობის დღეები ერთ-ერთი მთავარი თემაა ახალგაცნობილი სტუმარ-მასპინძლისთვის. გორდანა და დუშიცა აღტაცებით გვიყვებიან, რამდენი ადგილი მოუვლიათ, რა სილამაზეები უნახავთ, რა გემრიელობები დაუგემოვნებიათ. განსაკუთრებული ვნებით ქართულ ენაზე საუბრობენ – ყველაზე უნიკალური, რაც გაქვთ, ენააო, არცერთ სხვა ენას რომ არ ჰგავს, ვერცერთ სხვა ენას რომ ვერ მიამსგავსებ, ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც რაღაც სრულიად თავისთავად, განსხვავებულ მუსიკად ჩაგესმისო.

ენა, ენაზე, ენით… – ვფიქრობ გზადაგზა. ენა დამარხული, საიდუმლოთი დაბეჭდული, თავისთავის ჩრდილით დაფარული, რათა წელთაღრიცხვათა ორომტრიალში გამოაღწიოს, გამოვიდეს მრთელი და შეუხებელი, რათა გადარჩეს და გადა(გვ)არჩინოს…

სერბული ენა სლავურ ენათა ჯგუფიდანაა და როცა საუბრობენ, ჩვენც, ჯერ კიდევ გაუხედნავი სმენით, ბევრი რამ გვესმის – „იზვოლტე“, „მნოგო“ და ა.შ., ამ ენას ბევრი ნათესავი ჰყავს და მთელი ეს სანათესავო ხე, თავისი მწიფე ნაყოფით ირხევა შენს თავს, როცა უსმენ.

ამ ენაზე დიდი ლიტერატურაა შექმნილი. სერბებს თავიანთი ნობელიანტიც კი ჰყავთ – ივო ანდრიჩი, უმაგრესი მწერალი და, აგერ, სულ ახლახან მილორად პავიჩი ჰყავდათ – ჩემი საყვარელი მწერალი, მაგიური პოსტმოდერნის ოსტატი, ენის გრძნეული გურუ, რომლის სამყაროც ერთდროულად ურთულესი და უმსუბუქესია.

მრჩაევცის სასტუმრო, რომელიც ამასთანავე რესტორანიც აღმოჩნდა, გზისპირზეა. სერბეთში მოწევა ყველგან დაშვებულია, სასადილო დარბაზში სიგარეტის კვამლი დგას. მაგიდებს ძირითადად კაცები უსხედან, როგორც გვითხრეს, ისინი დილიდან ასე სხედან, სვამენ, ხმამაღლა ბაასობენ, დროდადრო მიმტანს ახალ კერძს უკვეთენ, იქ ყოფნის დრო კიდევ ცოტახნით რომ გაიხანგრძლივონ. ყოველდღე ასეაო, გორდანამ, აქვთ საქმე თუ არ აქვთ – დღის რაღაც მონაკვეთში კაცები აუცილებლად გამონახავენ დროს, რომ ასე ჩამოსხდნენ, დალიონ და ილაპარაკონო.

შორიახლოს ვსხდებით და სათითაოდ და შეუმჩნევლად ვაკვირდები. რაღაცით გვგვანან კიდეც, უფრო სწორად, რაღაც აქვთ კავკასიური – იერი, შტრიხი, პროფილი ან ნიკაპი ან შუბლი, გამოხედვა, გაცინება. ნეტა რაზე ლაპარაკობენ ასე გაუთავებლად? ან სმით როგორ სვამენ – სადღეგრძელოებით თუ უსიტყვოდ?

ღვინოს სერბეთშიც დიდ პატივს სცემენ და ვაზის კულტურაც ბევრგანაა. თეთრ ღვინოს ვუკვეთთ და მართლა მშვენიერია! ერთად გიქრობს დაღლილობას და სიახლის ღელვას, ჟრუანტელით გადუნებს და მშვიდად გითრევს რაღაც ძალიან ნაცნობ, თითქმის მშობლიურ სინათლეში.

ამ სინათლით სავსეა სერბეთი, ჩახჩახებს და გათბობს. მე ამ სინათლით გავიცანი და ალბათ, არც არასოდეს დამავიწყდება. ის ჩანს, ყველგან ჩანს, ყველაზე დახშული თვალისთვისაც კი და ესაა ამქვეყნად ადამიანად ყოფნის კიდევ ერთი სიხარული – შენი თავი სხვა ქვეყანაში ახალი ძალით აღმოაჩინო, ბოლოს და ბოლოს, ეს სხვა ქვეყანა აღმოაჩინო შენში და შენთვის, როგორც ამ პლანეტის ბინადარმა, როგორც ერთმა დედამიწელმა, წარმოშობით პაწაწინა ქვეყნიდან, საიდუმლოდ დაბეჭდული ენის ბარათით…

მორავა მდინარეა სერბეთში და როგორც ყველაფერი სხვა, ამ მდინარის სახელიც პოეზიას შეუერთეს სერბებმა და 24 წლის წინ დააარსეს პრემია „მორავა“ – საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდო, რომლის ლაურეატები, სერბ პოეტებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეტებიც გამხდარან. „როგორც ყველაფერი სხვა“ კი იმიტომ ვთქვი, რომ ასეთი მგზნებარე სიყვარული პოეზიის მიმართ, ასეთი ვნებითა და აღტაცებით ყველაფრის პოეზიად ქცევა მე უნიკალური ქართული თვისება მეგონა და თურმე სერბები არათუ ჩამოგვივარდებიან, შეიძლება აღგვემატებიან კიდეც ამაში. დილის 11 საათზე დაწყებული ღონისძიება გვიან საღამოს დასრულდა. პოეტები თავდავიწყებით კითხულობდნენ თავიანთ ლექსებს, გულშემატკივრობდნენ და მხურვალე ტაშით აჯილდოებდნენ ერთმანეთს, კითხულობდნენ ზეპირადაც და წიგნებიდანაც, სადიდო თუ საბავშვო, რითმიან თუ თავისუფალ ლექსებს… ეს რა არისო, ერთმა ქალბატონმა მითხრა, პანდემიამდე სულაც ორი დღე გრძელდებოდა „მორავას“ ამბებიო, სამი ათასზე მეტი პოეტი ჩამოდიოდა და დილიდან დაღამებამდე აი აქ, ღია ცის ქვეშ ვკითხულობდითო… წარმოვიდგინე ოქტომბრის ცაცხვებქვეშ თავმოყრილი მილეთის პოეტი და ცეცხლოვანი ღამისთევები, გამეღიმა ამ უწყინარ, რომანტიკულ და მშვენიერ წარმოდგენაზე, ამ ყველაზე მშვიდობიან და გადამდებ ცეცხლზე, რომელიც სერბეთის პაწია ქალაქში ჩაუქრობლად ენთო, ეს ცეცხლი ხომ არ წვავს და არ კლავს, არ ანგრევს და არ ანადგურებს, განსხვავებით იმ ცეცხლისგან, დღეს რაშიც იფერფლება მთელი დედამიწა – ომისა და ბოროტების, სიძულვილის და სიხარბის ცეცხლში… ეს ჩვილი და ლამაზი პოეზიის ცეცხლი კი მკურნალია და იმ ხანძრის ნაწილია, რომელიც სერბების მრავალტანჯულ სულში ჩაუქრობლად ანთია.

ამ ხანძარს რწმენა ჰქვია და ის მათი გადარჩენის ნიშანია.

სერბეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა ქვეყანაა, დიდი კულტურითა და ისტორიით. სულ ცოტა ხნის წინ ის ვრცელი და ძლევამოსილი იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო, თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში იუგოსლავიაც სისხლითა და ტკივილებით დაიშალა, წლების განმავლობაში გაგრძელებულმა ომებმა კი დღემდე დაუტოვა მათ მოუშუშებელი ჭრილობები. ერთი ასეთი კოსოვოა – თვითაღიარებული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობასაც სერბეთი დღემდე არ ცნობს.

ოსმალეთის იმპერიის მიერ ხუთსაუკუნოვანი ტყვეობიდან თავდახსნის მერე სერბეთმა ავსტრო-უნგრეთის ექსპანსიას გაუძლო, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მიწურულს კი ახალი სასტიკი ბრძოლების პოლიგონად იქცა. 1999 წელს, ნატოს ჯარების მიერ დაბომბვის კვალი დღემდე ატყვია ბელგრადს – სერბეთის დედაქალაქს, ამ ულამაზეს, თეთრ ქალაქად ჩაფიქრებულ ადგილს სამხრეთ ევროპაში.

სერბი პოეტების წაკითხულ ლექსებში ხშირად ვიჭერ სიტყვას „კოსოვო“, ისე მუსიკალურად წარმოთქვამენ, ისეთი სასოებით, თითქოს სალოცავი იყოს, გულს მიჩუყებს მათი ვერცხლისფერი სევდა და ცისკენ აწვდილი პროფილი, მათი ომახიანი შეძახილი სივრცეში, ჰაერში… სულ ვიბრძოდით, – ამბობს გორდანა, – ვიბრძოდით და ვიბრძოდით და არავინ გვაცდიდა გვეცხოვრა, თორემ აბა შეხედეთ, განა ამ ქვეყანას არ შეუძლია, ჭეშმარიტად ძლიერი იყოს?

შეუძლია კი არა, ვალდებულია. ვალდებულია, ეს კეთილი ძალა შენებას მოახმაროს, საკუთარ თავს წაადგეს. ძალა, რომელსაც თითოეულში ვგრძნობთ – ამ მხიარულად ნაღვლიან, სიცოცხლის წყურვილით სავსე, მომღერალ და მელექსე ხალხში. საღამოს, მთელ დარბაზში გაშლილ სუფრას მღვდელი აკურთხებს (ლექსად!) და ჯერ ღვინოსაც არ დასწაფებიან, რომ უკვე გარმონს წელავს ამ საქმეში გვარიანად გამოცდილი სერბი აშუღი. მღერიან ერთად, ეს სიმღერაც ტირილს ჰგავს, თვალდახუჭულმა თუ მოუსმინე, შეიძლება აგეჭრას კიდეც – ტირიან თუ მღერიან სერბები? მაგრამ რამ გაყო, თან, თუ პოეტი მოიღერებს ყელს, თუ პოეტი გადააგდებს თავს და ამოუშვებს მთელი წლის გაჭვარტლული გულიდან ხრინწს, ერთი კაცის სამყოფი დარდითა და სიყვარულით დატენილს…

მრჩაევცში ღამდება. ჩვენს სასტუმროში ვიღაცას დაბადების დღე აქვს. მთელ ხმაზე უკრავს მუსიკა, ახალგაზრდები მღერიან და ცეკვავენ, ბავშვები გაუთავებლად დარბიან აღმა-დაღმა, ეს თავიც გუგუნებს დაღლისგან და ემოციისგან, მაგრამ თან ღიმილს ვერ ვიშორებ – ხომ გინდოდა, სერბეთი თავისი სიჩუმით და ხმაურით გენახა? ჰოდა, ნახე!

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ზღვის ბალახი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“