შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ჭაში ჩავარდნილი კაცი და ზეცის ნაჭერი

0

(თორნიკე ჭელიძის პოეზია)

 ხანდახან ხდება ისე, რომ ჩვენ კი არ ვეძებთ გზებს, გზები გვიხმობენ… ასევე ფიქრები, ქმედებები, მომავალი, რომელიც ჩვენვე ვიწინასწარმეტყველეთ ნახატითა თუ ლექსით. მათ აქვთო წინასწარხედვა… მე, მაგალითად, მაქვს ასეთი ჩანახატები, რომლებიც ისე შესაშინებლად ზუსტია, რომ მიჭირს მათი უცხო ენერგეტიკის გაძლება. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია წარსულის გამოხმობით („ის მიყვარს მხოლოდ,/რეალურად დამდგარ მომენტში,/უკვე გასული რომ მედარდება…“) მომავლის მოზიდვაც. იქნებ ჩვენი აწმყოც სწორედ ესაა?! გამოცნობა იმისა, რატომ კივიან „ჯერ არმოსული გაზაფხულები“; „დეჟავუ“ თუ შეგრძნება ჯერარნახული, თუმცა მარად შენთან მყოფი სითბოსი:

„მოგჩვენებია,

თითქოს კარზე აკაკუნებენ

ან თითქოს მხარზე

ხელი გეხება?!“

ღმერთს ვეღარ ვგრძნობთ ისე ახლოს, როგორც ბავშვობაში, ჩვენ, ზრდასრულები. არადა, ი გ ი მოგვიხმობს ასე: „ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ…“. ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ? იმის ნაცვლად, რომ რუხ წუთისოფელში ხელის ცეცებით მაინც ვეძებოთ ერთმანეთი, ხელს ვკრავთ… არცაა გასაკვირი, რატომაა ამდენი ადამიანი ჩვენ გარშემო, სულის კვდომის ნელი პერსპექტივით („მე მინახავს მიტოვებული სხეულები“)… პოეტის სიმარტოვის სევდა ყველაზე ამაღლებული და მძაფრი სიმარტოვეა:

„სულ ნუ ჩადგებით, ქარიშხლებო,

მე თუ მარტო ვარ,

ხეებს მაინც ხომ აქვთ უფლება,

რომ ერთად იყვნენ?!“

(სულ ნუ ჩადგებით ქარიშხლებო)

ჰო, ჩვენ, ქართველებმა ეს ერთად ყოფნის „უნისონი“ დავკარგეთ, შინაგან სიმწყობრესა და წესრიგთან ერთად… და ტკივილებიც მომრავლდნენ, უცხო, თამამი, ბავშვივით შემოჩვეული, „რძესავით აჭრილი“, როგორც თორნიკე ჭელიძე ამბობს, ტკივილები. შემოგვრჩა ხსოვნა ჩვენი ძირძველი პატიოსნებისა, მშობლის, სამშობლოს, მეგობრის, სამყაროს ერთგულებისა, მაგრამ თითქოს დღევანდელობაში გამოუყენებელი გამხდარა ეს ხსოვნა. ვართ ასე, უპატრონო ბავშვის კომპლექსით, ველოდებით წართმეული სისრულის დაბრუნებას – „უსახლკარო ბავშვის სურვილია,/ვინმემ დაუძახოს თბილი ფანჯრიდან“, თუნდაც მან, გარდასულმა, ვისზეც ეუბნებიან „მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს…/ჰოდა ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა“ (ქაღალდის ნავი). გტკივა მარად ქართულ ტრაგედიაში ცხოვრება – დაკარგული სამშობლოს, ობლობის ტრაგედიაში, როცა მშობელი (მამა თუ ქვეყანა) ასე დიდია, ხანდახან კი ასე პატარავდება: მამა სახლში ხელცარიელი ბრუნდება, სისხლისმიერი ქვეყანა არ გიღებს უძღები შვილივით:

„ისე ჩვეულებრივი საღამოა,

როგორც გუშინ იყო.

ატარებ სამი ზომით დიდ ფეხსაცმელს.

შენს თავს ბაღში ასეირნებ და

მიტოვებული სახლივით ხარ ჩაკეტილი.

ერიდები ჭრილობებს,

რომ არ დაკარგო თუნდაც წვეთი

სისხლი – გენეტიკა.

სკამზე ჯდები და ამოგაქვს თვალები სულიდან.

მუხლამდე ჩახსნილი კაბასავით იცვამენ

ხეები ნიავს,

მზე ცაზე არის მიხატული,

ღრუბლის საშლელი არ ჩანს.

დასიცხული მეზობლები ლუდს სვამენ

და ოფლში იხარშებიან.

გინდა მიწაზე დააფურთხო,

მაგრამ გახსენდება, რომ

იქ ახლა მამა წევს.

იგონებ, ხშირად გკოცნიდა შუბლზე,

მერე თავს იმართლებდა,

თითქოს მოეჩვენა სიცხე თუ გქონდა

და გასასინჯად იქცეოდა ასე.

იღიმი და ნერვიულად ისწორებ თმას.

საკუთარ სხეულზე ხორცის ჭამას

ფრჩხილებიდან იწყებ.

ცდილობ, ისწავლო ემოციის მოთოკვა

და ხვდები –

ამ მხრივ სრულიად უნიჭო ხარ.

შვიდი დღეა, პურის ნამცეცები მიგაქვს პეშვით

და მტრედებს უყრი.

ბოლოს…

ადიხარ კიბეზე.

(დარეკავ და გაგეღება)

თითქმის პირზე იფარებ ხელს,

რომ არ წამოგცდეს:

– დე, მამა არ მოსულა?!“

(მეშვიდე დღე)

პწკარი ვერ მოვაკელი, ისეთი ექსპრესიული ლექსია. გარდაცვლილი მამაც ისე „აკლია კადრებს“, როგორც ის, „ვინც იღებდა“. ბრჭყალებს განვმარტავ: არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე, მიუხედავად ჩვენი ცხოვრების, თითქოსდა, ალოგიკურობისა. ხოლო ყველა შედეგი ჩვენი, „უდანაშაულო დამნაშავეების“ ქმედებებისა, ოდესღაც სადღაც „დაიდება“, ჩვენივე სიცოცხლის იმ „კადრებივით“, სიკვდილის წუთებში რომ გაგვირბენს თვალწინ… რატომ არ ვართ ჩვენ ზოგჯერ დამნაშავეები?! ინებეთ პოეტის განაჩენი თუ გადარჩენაც:

„მე არ აღმოვჩნდი პრაქტიკული ადამიანი.

ამ მარტოობის სიცივეში,

ჩაუმდგარ ქარში,

დავიტოვე გული და ვკვებავ

ძველი ცხოვრების მცირე ნარჩენით…

და, როგორც ზამთრის ხეები მიწას,

მეც ისე, ჩემი შორი ფესვებით,

ვბღუჯავ სიყვარულს“.

(ხეებმაც კი იციან…)

…და რატომ ვართ უდანაშაულო დამნაშავეები:

„ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე

  • ვერ შეესწარი.

ცრემლივით ვერ ჩაუდექი თვალებში,

სისხლივით ვერ შეადედდი,

თავი ვეღარ აფიქრებინე“.

(ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე)

დიახ! შენს ერს, სამივე დროში განფენილს, თავი უნდა აფიქრებინო! დროის წრებრუნვაში, გარდასულის საწყისთან მარად დაბრუნებაში, ისე ვერ დაიმკვიდრებ თავს. ტატო ბარათაშვილისეულად, „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლისო“, უნდა გაგკრას, პოეტი თუ ხარ, თან საქართველოში:

„რომ როცა წასვლის დრო მოვა მერცხლისა,

წვიმით და ქარით გადგება ღამე

ფანჯრებთან,

რომ არ ვიქნები,

ცეცხლი

დაანთო ჩემი ძვლებით და…

გათბე“.

(ამოაქვს კვამლი ყრუ ოდის ბუხარს)

ესააო „სულის ურბანისტიკა“, თორნიკე ჭელიძემ, რომლის მიხედვით ბეთლემის ვარსკვლავიც თვითონ მოძებნის ყრმას…

ცხოვრება რაღაა? იკითხავს კაცი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჰგონია, ყველამ მიივიწყა, დაუმარხავი მიცვალებულივით. ცხოვრება სწორედ მისი პოვნაა, ვინც ასეთ დროს უნდა გიპოვოს:

„ან შენ სამარხთან დამიძახე მაშინ:

  • გამოდი!“

(გამოსვლა)

და ეს „გამოსვლა“ ხშირად „გასვლის“ ტოლფასია, დატოვებისა ყველაზე ძვირფასისა, რაც გაგაჩნია; განშორებისა მათთან, ვინც ყველა მეტად გიყვარს. ასე წერს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ჭირზე, იძულებით ემიგრაციაზე, თორნიკე ჭელიძე:

„საერთო კი, იმედი მიგვაქვს,

იმედი უკან დაბრუნების,

რადგან სამშობლო

იქ არის, სადაც კარგად ვიცით,

გაზაფხულობით,

მიწის სიღრმიდან

ვისი გვამები

გვაწვდიან ხოლმე

მინდვრის ყვავილებს“.

(ემიგრაცია)

წუთისოფლის, ამაოების, სენია, რომ ყველასა და ყველაფერს ადვილად ივიწყებენ. ხელოვნება კი იმისთვისაა, რომ ეს დავიწყება დაამარცხოს და როცა საუკუნეების მტვერსა თუ ნაჟურს გადაწმენდენ, ისევ ძველებური, მარადი სიცხადით ამოგანათოს: „რასაც ადვილად დაივიწყებენ,/შემოინახე ის შენს ლექსებში“.

რა რჩება ლექსებში? წარსულის ტკბილი დარდები; „ტანჯვით მხიარულება“ ქართველური, სახარებისეულიც; შენივე თავი, მთელი ცხოვრება რომ გეყო („თუ თავი შენი შენ გახლავს…“ – „ერთ კაცს,/მარტოკაცს,/საკუთარი თავიც ეყოფა/ცხოვრებისთვის“); სიყვარულისგან „ძარღვებში განათებული სისხლი“; შენი ნამდვილობა და არა თავის მოსატყუებლად გამოგონილი, ილუზორული სინამდვილე – აქ დავაზუსტებ, რომ პოეზიის რეალობა თავის მოსატყუებლად არაა, რადგან ის დროის რეალობაზე მაღლა მდგომია და უმძაფრესი; ამიტომ პოეტმაც შეაფარა თავი ამ სინაღდეს, შაბისფერი, მძიმე „ღრუბლების ტილოს“ რომ მოსწყვიტოს თვალი, დააღწიოს თავი – „დღეებში, სადაც თუნდაც ერთ კენჭს ადგილს ვერ ვუცვლი,/ მე ვიწყებ წერას“. წერა დაკარგულ თავსაც აღმოგაჩენინებს ზოგჯერ და ვიღაცის ცრუ აღმაფრენით გაყალბებულ გენიალურ სიმარტივესაც, აზრს ჩვენი არსობისა:

„ვამბობ:

არ დავკარგო ადამიანი,

შეიძლება, რომ მას დავჭირდე“.

(სიზმრისპირული)

თუმცა ადამიანები მაინც იკარგებიან, მაშინაც, როცა ეს ჩვენი სურვილი არაა, მეგობრებიც ხდებიან მტრები, ყველას განგვიცდია გაუცხოების ამ „უდაბნოს“ გრძნობიერი გაუწყლოება:

„დღეს ვნახე ძველი მეგობარი

და ვიდრე ზუსტად

მოვიფიქრებდით შემდეგ ნაბიჯებს,

ალბათ ორივეს გაგვახსენდა, იმ დროს საერთო,

კარგად ჩავლილი ცხოვრებიდან,

სულ ყველაფერი,

რაც გამოდგა იმდენად მცირე,

რომ მხოლოდ თვალის არიდებას,

ზურგის შექცევას

და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლას ეყო“.

(ღია კოსმოსში)

ჩვენც ხშირად გვიფიქრია: ეს სიცოცხლეა?! – დიახ, ეს სიცოცხლეა!

  • ლიანდაგები, რომლებიც ბალახს უცდიან;
  • „ვინც აღარაფერს გრძნობენ სხვებისას, /აღარც საკუთარს“;
  • ერთმანეთზე აუტანელი – ცოცხლებისა და მკვდრების დუმილი;
  • მონატრებასავით, უფორომო, ვერარსებული სიყვარული;
  • კოსმოსი, რომელიც ვერ ივიწყებს თავის პლანეტებს;
  • მახსოვრობა იმისა, რაც არ(ა) იყო;
  • რომ „ვიღაც გადის შენი ტანიდან და მაინც უხმობს ადამიანებს?!“;
  • ქარი, რომელსაც „აქვს დრო, ადგილი, ბოლო წერტილი, სადაც ჩადგება და მუხლს მოუყრის“…

ხოლო, რასაც მუხლს უყრი, იმისთვის ცოცხლობ კიდეც, იბრძვი კიდეც, მარცხდები თუ იმარჯვებ, რადგან ესაა მიზანი (იდეაში!) მარტოკაცთა თუ დიდებითა და პატივით გარშემოკრებილთა ცხოვრებისა….

 

 

 

 

 

ნიჭიერი ბავშვები

0

ალბათ, მრავალი ჩვენგანი შეხვედრია ბავშვს, რომელსაც აქვს დაკვირვების კარგად განვითარებული უნარი; სწრაფად კითხულობს ან კითხვა ისწავლა ძალიან ადრე, ხშირად – სასკოლო ასაკამდე, აქვს კარგად განვითარებული ლექსიკა, მოსწონს უჩვეულო და ახალი სიტყვების გამოყენება; ახასიათებს ძლიერი ცნობისწადილი, ინფორმაციას ღრუბელივით ისრუტავს; აქვს ძალიან კარგი მეხსიერება – შეუძლია ინფორმაციის გახსენება სხვადასხვა ვითარებაში, ასევე ახასიათებს ხანგრძლივი პერიოდით ძლიერი კონცენტრაციის და მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის ძალიან კარგი უნარები, აქვს ინტენსიური სპეციფიკური ინტერესები; არაჩვეულებრივი ფანტაზია; აინტერესებს ზოგადსაკაცობრიო საკითხები (სამყაროს არსი, მსოფლიოში უსამართლობის პრობლემა, გარემოს დაცვა); იმავდროულად, არის ძალიან მგრძნობიარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ნერვიულობდეს, წუხდეს და ადვილად უცრუვდებოდეს იმედი; ძალიან შფოთავდეს უფლებების დარღვევის, დანაშაულის ჩადენის და, საზოგადოდ, უსამართლობის გამო.

ალბათ, შევხვედრივართ იმგვარ ბავშვებსაც, რომლებიც ძალიან კარგები არიან მათემატიკაში, მაგრამ შედარებით ცუდად კითხულობენ ან პირიქით, ანუ ახასიათებთ ასინქრონული განვითარება, რომლის დროსაც ინტელექტუალური უნარები საკმაოდ დაწინაურებულია, ხოლო მოტორული თუ სოციალური უნარები ჩამორჩება და ბავშვის კოგნიტიურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას შორის შეუსაბამობა- ასინქრონულობა საკმაოდ გამოხატულია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ შეუსაბამობის/ასინქრონულობის მიუხედავად, ისინი ნიჭიერი ბავშვები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასინქრონული განვითარება და არა უნარი ან შესაძლებლობა არის ნიჭიერების განმსაზღვრელი მახასიათებელი.

შემუშავებულია[1] ნიჭიერების განმარტებაც, რომელიც ამ არათანაბარი განვითარების არსს ასახავს. აღნიშნული განმარტების თანახმად, რაც უფრო ნიჭიერია ბავშვი, მით უფრო ასინქრონული შეიძლება იყოს მისი სხვადასხვა სფეროს განვითარება. ასინქრონული განვითარების შემთხვევაში ნიჭიერი ბავშვები ინტელექტუალურად უფრო სწრაფად და უფრო მეტად ვითარდებიან, ვიდრე სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად. მაგალითად, არ არის იშვიათი, როცა 7 წლის ნიჭიერი ბავშვი კითხულობს მე-6 კლასის დონეზე, ასრულებს მათემატიკის დავალებებს მე-4 კლასის დონეზე, მოტორული უნარები კი მე-2 კლასის დონეზე აქვს განვითარებული. ზოგჯერ იგივე ბავშვი სოციალურად თანატოლებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე ფუნქციონირებს.

მაღალი შემეცნებითი შესაძლებლობებისა და ინტენსივობის გამო ნიჭიერი ბავშვები აღიქვამენ სამყაროს და ურთიერთობენ მასთან უნიკალური გზებით. შედეგად ასეთ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ დიდი მხარდაჭერა და გაგება როგორც შინ, ასევე სკოლაში. შესაძლოა, ბავშვი ძლიერ განიცდიდეს და უსაფუძვლოდ ნერვიულობდეს იმაზე, რაც სხვებს უმნიშვნელოდ, წვრილმანად მიაჩნიათ. მათ შესაძლოა უჭირდეთ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება სკოლაში, თანატოლების წრეებში, რადგან სხვებს ისინი ცოტა „უცნაურებად“ ეჩვენებათ. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს, განსაკუთრებით – დაწყებითი სკოლისას, ჰქონდეთ სპეციალური მომზადება ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერის სფეროში, რაც მათ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის თავისებურებების გაცნობიერებაში დაეხმარება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს ესმოდეთ, რომ „ერთი ზომა ყველას არ ერგება“ და ის ნიჭიერი ბავშვებიც კი, რომლებსაც ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით ერთნაირი აქვთ, შესაძლოა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან უნარებით, პიროვნული მახასიათებლებით, განვითარების ტემპით, შესაძლებლობებით ან ინტერესებით.

ერთი მხრივ, სოციალური უნარები, მეგობრების შეძენა-შენარჩუნება და, საზოგადოდ, სოციალური სფერო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფეროა ნიჭიერი ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, მეგობრების ყოლას და მათთან ურთიერთობას ცენტრალური ადგილი უკავია ბავშვის მაღალ თვითშეფასებაში. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები შესაძლოა თანატოლებისგან განსხვავებულად განიცდიდნენ სამყაროსა და მოვლენებს. თანატოლებისგან მათი იზოლაცია შესაძლოა საკმაოდ ადვილად მოხდეს, განსაკუთრებით სკოლაში, სადაც ნიჭიერი ბავშვების თანდაყოლილი მგრძნობელობა და მათ მიერ სამყაროს „ზრდასრული“ აღქმა კიდევ უფრო ართულებს მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. ნიჭიერი ბავშვები თანატოლებმა შესაძლოა ცოტა „უცნაურებად“ ჩათვალონ მათი ზრდასრული ენისა და ინტერესების გამო. გარდა ამისა, შესაძლოა, ნიჭიერმა ბავშვებმა თანატოლებზე მენტორობის ტენდენცია გამოავლინონ, რაც მათი თანაკლასელებისთვის მიუღებელი იქნება და ნიჭიერ ბავშვთან ურთიერთობის სურვილის უქონლობას განაპირობებს.

ნიჭიერი ბავშვებისთვის აშშ-ის ეროვნულმა ასოციაციამ მოამზადა მასალა[2], რომელშიც შეჯამებულია ნიჭიერი ბავშვების ემოციური და სოციალური სტატუსის შესახებ დაგროვილი ცოდნა. აღნიშნულ მასალაში საუბარია გარკვეულ კავშირზე ნიჭის ქონასა და ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა დეპრესია, ქცევითი გადახრა/კანონდარღვევა, პერფექციონიზმი, სუიციდის ტენდენცია და სტრესზე რეაგირების განსხვავებული ფორმები. ამრიგად, ნიჭის ქონა არ გულისხმობს ემოციური პრობლემებისგან დაცვას. სწორედ ასინქრონული განვითარება, რომელიც ხშირად ვლინდება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან (რაც გამოიხატება იმით, რომ ინტელექტუალური განვითარება 14 წლის ბავშვის შესაბამისია, ხოლო ფიზიკური და სოციალურ-ემოციური განვითარება – 8 წლის ასაკის შესაბამისი), ქმნის გარკვეულ გამოწვევებს როგორც თავად ბავშვისთვის, ისე მისი გარშემო მყოფებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა ატიპური განვითარების ეფექტების შესახებ.

მიჩნეულია, რომ[3] ნიჭიერი ბავშვები საკუთარ თავს ხშირად მაღალ სტანდარს უწესებენ, რაც გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. უმაღლესი შესრულება დამოკიდებულია საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დასახვასთან და ეს სტანდარტები, როგორც ჩანს, აუცილებელი კომპონენტია მაღალი პროდუქტიულობისა, რომელსაც მოელიან ნიჭიერი მოსწავლეებისგან. თუმცა ზოგჯერ პერფექციონიზმი გადაიზრდება ხოლმე ნევროტულ შესრულებაში. ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აქვთ გამოცდილება, მიაღწიონ წარმატებას ყველაფერში, რასაც კი აკეთებენ, რადგან, როგორც წესი, გარშემო მყოფები მათ შესაძლებლობაზე ნაკლებ გამოწვევას სთავაზობენ. თუ პერფექციონიზმი იქცა ნევროზად, მოსწავლე შესაძლოა გახდეს „წარუმატებლობისთვის თავის ამრიდებელი“. მაგალითად, პერფექციონისტ მოსწავლეს შესაძლოა ჰქონდეს დეპრესიული რეაქცია, თუ მან დავალებაში 100 ქულიდან თუნდაც მხოლოდ 95 მიიღო. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა და სხვებმა ხაზი გაუსვან, რომ მაღალ მიღწევებს ცხოვრებაში რაღაც დონეზე თან სდევს წარუმატებლობაც. მეორე მხრივ, აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, რომ 100 ქულიდან 95-ის მიღება მისი წარუმატებლობის ინდიკატორი არ არის. ბავშვს, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერში საუკეთესო შედეგს იღებს, შესაძლოა, ძალიან მტკივნეული რეაქცია ჰქონდეს, თუ ვერ შეძლო რაიმე სპორტულ თამაშში გამარჯვება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მტკიცება: „მე წარუმატებელი ვარ“, – ნიშნავს, რომ შედეგი/ქცევა არ დაემთხვა მის მიერ საკუთარი თავისთვის დასახულ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

[1]კოლუმბუსის ჯგუფის (Columbus Group) მიერ, 1991 წელს.

[2]https://www.nagc.org/

[3]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

„ნაწილიანი“ – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე

0

(პირველი ნაწილი)

წიგნის მკითხველამდე მისასვლელი გზა წინასწარ განსაზღვრულია. ამგვარი შთაბეჭდილება შემექმნა წაკითხული წიგნების აღმოჩენის თავგადასავლებზე დაკვირვებისას.

რვა წლის წინ, 2016 წლის ზამთრის შუადღეს, უწერის სკოლის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად, დირექტორის თხოვნით, გავემგზავრე ონში, სადაც ქალბატონი ელენეს ნამუშევრები უნდა დაგვეთვალიერებინა. ასე გავიცანი ძალიან საინტერესო და მშვენიერი ქალბატონი ელენე მაგრაქველიძე. ერთმანეთისთვის მოყოლილმა ამბებმა ნინო ზედელაშვილთან სატელეფონო საუბრამდე მიგვიყვანა. ქალბატონმა ნინომ ბავშვობა ჯუგაანში გაატარა, იმ სოფელში, სადაც დედაჩემი გაიზარდა, სადაც ჩემს დიდ ბებიას, მატრო ბაბოს, უღარიბესი, თუმცა ჩემთვის ზღაპრული სახლი ედგა და, ას წელს გადაცილებული, კუთვნილი სამართლის საპოვნელად „ხელმწიფესთან“ შეხვედრაზე ოცნებობდა.

რაჭაში, ქალაქ ონში ვიყავი და ვესაუბრებოდი ქალბატონ ნინოს, რომელმაც დიდი სიყვარულით გაიხსენა ჩემი ბებიები და დედაჩემი. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ მას გოდერძი ჩოხელის შესახებ წიგნი გამოუცია. ნინო ზედელაშვილის წიგნი „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“ ქალბატონმა ელენემ მათხოვა. გავიდა დრო, მთელი რვა წელი. ძალიან მრცხვენოდა, ნათხოვარი წიგნის დაბრუნება რომ ვერ მოვახერხე, მაგრამ წაუკითხავად წიგნთან განშორებაც არ მსურდა.

ახლა კი სამაგისტრო თემაზე მუშაობისას აგერ უკვე მესამედ ვკითხულობ წიგნს, რომელიც, მინდა, ძალიან ბევრმა წაიკითხოს. 2016 წელს რომ წამეკითხა „ნაწილიანი“, მგონია, რომ ისე ვერ აღვიქვამდი, როგორც ახლა. ამასობაში დოკუმენტური თუ სამეცნიერო ლიტერატურისადმი სიყვარული გამიმძაფრდა და წიგნში ასახული ამბების სწორად აღსაქმელად ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამიგროვდა.

ჩემი წილი გოდერძი ჩოხელი

სანამ წიგნის შესახებ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, გოდერძი ჩოხელთან შეხვედრა უნდა გავიხსენო. 2002 წელს ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებლებმა, ირინა ჩლაიძემ და ხათუნა მეტონიძემ, სკოლაში გოდერძი ჩოხელი და პაკო სვიმონიშვილი მოიწვიეს. 23 წლის შემდეგ უკვე ვიცი, რომ ის შეხვედრა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა იყო, მაშინ – ჩვეულებრივი, მერე კი ცხოვრების დინებაში უცნაურად გაელვებული, გამოცისკროვნებული და წინასწარგანზრახულობის მრავალი ნიშნის დამტევი.

იმ დღესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მიყვარს. ამბავი ხათუნა და ირინა მასწავლებლების ულამაზესი ღიმილით დაიწყო. მოვიდნენ და მოწიწებით მთხოვეს, მწერლისთვის ჩემი ჩანახატი წამეკითხა. ვიფიქრე, ახლა ვერაფერს დავწერ-მეთქი და ჩემი ზაფხულის არდადეგები გავიხსენე. იმ წელს გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ბახანში, ჩემი რძლის მამიდის ოჯახს ხშირად ვსტუმრობდი. დავადგებოდით მე და ჩემი მეგობრები ფასანაურიდან ბახანისკენ მიმავალ გზას და სულ სიცილ-კისკისით ავდიოდით ჩვენს უფროს მეგობართან, გელასთან. ისიც ხალისით დაგვატარებდა გუდამაყრის ხეობაში, თუმცა ჩვენ მალევე ვიღლებოდით და უკან ვბრუნდებოდით. ერთხელაც დიხჩოში ავედით. იქ მითხრეს, რომ დიხჩო გოდერძი ჩოხელის დედის სოფელი ყოფილა. „მგელი“ (შემდეგ უკვე „წითელი მგელი“) მქონდა წაკითხული და რომანის სიუცხოვით გაოცებულს, მახარებდა იმის გააზრება, რომ გუდამაყარში, შავი არაგვის ხეობაში, დავდიოდი. დიხჩოში ყოფნისას ჩანახატი დავწერე, შეხვედრისთვის კი განვავრცე. „ნეტავ როდის შევხვდები გოდერძი ჩოხელს და სიამაყით ვეტყვი: იცით, მე დიხჩოში ვიყავი, თითქმის დავლაშქრე თქვენი გადაშლილი წიგნი-მეთქი!“ – ასე იწყებოდა ჩანახატი.

სკოლის სააქტო დარბაზი სავსეა ხალხით. დედასთან ერთად ვზივარ და ვუსმენ ბავშვებს, რომლებიც ჩანახატებს კითხულობენ. ვიცი, სად ზის გოდერძი ჩოხელი, მაგრამ ხალხი მეფარება და ვერ ვხედავ. ძალიან ვნერვიულობ. მაკვირვებს სხვა ბავშვების გახსნილობა, აუდიტორიის წინაშე თამამად საუბარი. ჩემი ჯერი მოდის. გავდივარ და გოდერძი ჩოხელის წინ, მოშორებით ვდგები. სცენაზე არ ავდივარ. მაცვია ჩემი კლასელის, ლევანის, დედის, უსაყვარლესი მაგული დეიდას, შეკერილი გრძელი შავი კაბა, ვარ ძალიან გამხდარი და ვამბობ: გამარჯობა, ბატონო გოდერძი, მე კოტორაანთ ქალი, ლელა ვარ-მეთქი. ვშლი ჩემს ყავისფერყდიან დღიურს და ვიწყებ კითხვას. ჩანახატის მოსმენის შემდეგ გოდერძი ჩოხელი დგება, მოდის ჩემთან და გულში მიხუტებს. არ ვიცი, რამ მომაფიქრებინა მისასალმებელი სიტყვები. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე მხოლოდ ერთ კონფერენციაზე გამოვედი აუდიტორიის წინაშე და ისე ვღელავდი, საკუთარი გულისცემა ისე მკვეთრად და ხმაურიანად მას შემდეგ აღარასდროს გამიგონია. საჯაროდ გამოსვლის მღელვარებისგან თავის დასაღწევად ძალიან ბევრი დრო დამჭირდა. სწორედ ამიტომ მიკვირს იმ შეხვედრისას მოფიქრებული და გაჟღერებული სიტყვა. „ნაწილიანის“ წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ თავად გოდერძი ჩოხელს ჰქონდა უხილავი ძალა, რომელიც ყველას გულსა და სულს სწვდებოდა და მასთან სიახლოვისას ადამიანებზეც მოქმედებდა.

შემდეგ მწერალს ბავშვები ავტოგრაფებისთვის გარს შემოეხვივნენ. მე წრის მიღმა ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი. ძალიან მერიდებოდა – ეს იყო პირველი ავტოგრაფი, რომელიც მწერლისთვის უნდა მეთხოვა. გოდერძი ჩოხელმა დამინახა, თავისთან მიმიხმო და დღიური გამომართვა. წერდა დიდი გულისხმიერებითა და მოწიწებით. ასე დარჩა მისი ულამაზესი ხელნაწერი ჩემს დღიურში: „ჩემო ლამაზო ლელა, ძალიან მიხარია, რომ არსებობ ასეთი კარგი გოგო და დედაჩემის სახელი გქვია. ვთხოვ ჩოხის წმინდა გიორგის, ყველგან და ყველაფერში შეგეწიოს“.

ახლაც თვალწინ მიდგას შეხვედრის ყველა დეტალი. ახლა ვხვდები, რომ ჩემი წილი გოდერძი ჩოხელი დამიტოვა ამ წარწერით, ეს რამდენიმე წინადადება ჩემი პირადი ამულეტია, ჩემი თილისმა, დალოცვა, ჩოხის წმინდა გიორგისთან შუამავლობა.

სკოლის სააქტო დარბაზიდან გამოსვლისას პაკო სვიმონიშვილი გამომეცნაურა. სკოლის მეორე ფლიგელთან დამაკავშირებელი ხიდი ერთად გადავიარეთ. პაკომ თავისი ლექსებისა და თარგმანების წიგნი მაჩუქა წარწერით: „ლელას და მის მშვენიერ ქართულს“. უცნაური შეხვედრა რომ იყო, ამას შემდეგი ამბავიც მოწმობს: იმ შეხვედრიდან 14 წლის შემდეგ, 2016 წელს, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი უწერის სკოლიდან ფასანაურის სკოლაში წამოვიღეთ. ამ იდეის ავტორი ონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი შუქურა ჯაფარიძე იყო. მისი ინიციატივით, ტრანსპორტირება ონის მუნიციპალიტეტმა დაგვიფინანსა. დილის 6 საათზე უწერიდან ფასანაურისკენ დავიძარით. თან მიგვქონდა უწერის ტყეში მეცხრეკლასელი პაატას მიერ მომწვადული (ფესვიანად ამოღებული) პაწია ნაძვი. მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, რაჭველი მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის საფლავის სანახავად შევიყვანე. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩოხელის საფლავთან ახლოს ყოფილა პაკო სვიმონიშვილის საფლავიც. გული დამწყდა. არაფერი ვიცოდი მისი გარდაცვალების შესახებ. ეს იყო მეორე შეხვედრა პაკოსთან და ისევ გოდერძი ჩოხელთან ერთად.

სპექტაკლი სახელად „უფლისჩიტა“ ფასანაურის სკოლაში უნდა დაგვედგა. გოდერძიმ ზედა საფეხურის რამდენიმე კლასი ისწავლა ფასანაურის სკოლაში. მანამდე ეს სკოლა იმიტომ მიყვარდა, რომ იქ მამაჩემი სწავლობდა. იმ დღეს მეგონა, სკოლის კედლები ჩემთვის საუბრობდნენ და მიყვებოდნენ მოზარდი მთიული ბიჭების შესახებ. ვფიქრობდი მათ გულისცემაზე – ვინ იცის, რამდენჯერ სწყენიათ, გახარებიათ, იქნებ ვინ მოსწონდათ… წიგნს დართული აქვს ფოტოებიც, რომელთაგან რამდენიმე ფასანაურშია გადაღებული. გოდერძი ჩოხელის ფასანაურის ფოტოებმა გამახსენა მამაჩემის ბავშვობის ფოტო, რომელზეც 14-15 წლის მამა თავის ორ მეგობართან ერთად დგას, დიდი ზომის პალტო აცვია, კაშნე შემოუხვევია და იღიმის. ვარცხნილობა, დგომის მანერა – ფოტოზე აღბეჭდილი ყველა დეტალი მიყვარს. მამას ზურგს უკან დგას ზურა ნათლია, რომლის სახელი შემდეგ მამამ თავის პირველ შვილს დაარქვა. ამ სტატიის წერისას ზურა ნათლიამ ახალი წლის მოსალოცად დამირეკა, მოკითხვის შემდეგ ვკითხე, თქვენ და მამა გოდერძი ჩოხელს თუ იცნობდით-მეთქი. ნათლიაჩემმა მიპასუხა, გოდერძი ჩვენზე რამდენიმე წლით პატარა იყო, ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ვიცნობდითო.

ნინო ზედელაშვილის მიერ შეკრებილი მოგონებების კითხვისას კიდევ უფრო გამოიკვეთა კავშირი ჩემს წილ გოდერძი ჩოხელთან.

წიგნში აღწერილია, როგორი საოცარი, იშვიათი სიყვარული ჰქონდა დედა-შვილს. როდესაც მწერლის დედის, ლელას, შესახებ მსახიობების, რეჟისორების მონათხრობს ვკითხულობდი, მივხვდი, რატომ წამოდგა გოდერძი ჩოხელი ჩემთან ჩასახუტებლად. მე მას გავახსენე დედა, რომელსაც მუდამ შავი ტანისამოსი სცმია, ძალიან გამხდარი ყოფილა და ვფიქრობ, ჩემი მოსმენისას გარდაცვლილი დედის მონატრება გაუმძაფრდა. მათი საოცარი დედაშვილობის შესახებ ყველაზე უკეთ „ანგელოზთღამეობა“ ჰყვება. ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მთელი არსებით გავიაზრე ჩემს დღიურში მწერლის ხელით ჩაწერილი სიტყვების სევდანარევი სიხარული: „დედაჩემის სახელი გქვია“. გოდერძი ჩოხელის მხატვრული სამყარო დედისადმი სიყვარულით არის სავსე. ლელას ესმოდა ფრინველების, ცხოველების, მცენარეების ენა, ნახულობდა წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ესაუბრებოდა ქვებს, ანგელოზებს, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა გოდერძისთან.

კოტორიანთ ქალები გოდერძი ჩოხელის რომანებისა და მოთხრობების პერსონაჟები არიან. ისინი გამოირჩევიან სიმამაცით, უსამართლობის მხილების უნარით. „ნაწილიანს“ ბოლოს დართული აქვს ოჯახის წევრების მოგონებები. გოდერძი ჩოხელის მამა, ნიკო ჩოხელი, იხსენებს:

„კოტორიანთ ქალი სოფიო კინოშიც გადაიღო და წიგნშიც დაწერა. კოტორიანთ ქალს დიდი ამაგი აქვს ჩვენს ოჯახზე, ძალიან კეთილი იყო. გოდერძი გამორჩეულად უყვარდა, მისთვის არაფერი ენანებოდა“.

წიგნში ამოვიკითხე, რომ გოდერძი ჩოხელს აუსრულებელ ოცნებად დარჩა „ვარდისფერი კაცის“ ფილმად გადაღება. ისევ უწერის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დადგმული სპექტაკლი გამახსენდა. სცენარზე მუშაობისას ბევრი მოთხრობა წავიკითხე და სულ ხუთი შევარჩიე, მათ შორის ერთი „ვარდისფერი კაცი“ იყო. მთავარი პერსონაჟის, ამბროსუკუნას, როლს მიშო ასრულებდა. რეპეტიციაზე ბავშვებს ფოტო გადავუღე – მიშო-ამბროსუკუნა ზის, ტომრიდან ფერად-ფერად ძაფებს იღებს, გარს გუდამაყრელი ქალებივით ჩაცმული რაჭველი გოგოები შემოხვევიან. ეს წამი, ჩვენი ერთად ყოფნის, სილაღის, ლიტერატურითა და მოძრაობით ტკბობის ამსახველია. რეპეტიციის დროს ძალიან ბევრს ვიცინოდით იმ მომენტზე, ამბროსუკუნა გუდამაყრელ ქალებთან რომ მიდის. „ნაწილიანის“ კითხვისას ვფიქრობდი, რაღა მაინცდამაინც „ვარდისფერი კაცი“ შევარჩიე… თურმე მე და ჩემს მოსწავლეებს ავტორის იმქვეყნად გაყოლილი ოცნება რეალობად გვიქცევია უწერის სკოლაში, სადაც გოდერძი ჩოხელის საუკეთესო მეგობარი, ზურაბ ქაფიანიძე სწავლობდა. წიგნიდან შევიტყვე გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი, ულამაზესი, კეთილშობილი მეუღლის, ნინო მელაშვილის, შესახებ და ისიც ამოვიკითხე, რომ სწორედ ზურაბ ქაფიანიძე ყოფილა მათი მეჯვარე.

სამაგისტრო თემაზე მუშაობისას გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მივწერე. ქალბატონმა ნინომ დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ. გვიანი საღამო იყო. შინ ვბრუნდებოდი. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ხელახლა დავიწყე „ნაწილიანის“ კითხვა. ქუჩის ლამპიონების შუქზე მალე ჩემმა საყვარელმა ჩანართმა, გოდერძი ჩოხელის ბარათმა გამოანათა: „ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა მიყვარხარ… ნინკა ნინკა! არავის არ დაუწერია ასეთი კარგი რომანი“, – წერია მთელ გვერდზე. რომ არა ეს წიგნი, ვერ გავიცნობდი მწერალს, მის ოჯახს, მისი ცხოვრების შესახებ ფრაგმენტული წარმოდგენა მექნებოდა. არადა, თუნდაც ეს პატარა ბარათი, რომელიც „ნაწილიანის“ ავტორს ნინო ზედელაშვილსა და გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მწერლის გარდაცვალების შემდეგ შემთხვევით უპოვიათ მისი ნაწერების მოწესრიგებისას, როგორი მრავლისმთქმელია გოდერძი ჩოხელის შინაგანი სამყაროს შესახებ.

გოდერძი ჩოხელის დედა, ლელა, გარდაცვალებამდე ოშპიტალში, საავადმყოფოში, დაუწვენიათ. ჩემს ბავშვობაში ოშპიტალში საავადმყოფო იყო. მახსოვს, ერთხელ პაპაჩემი შიო ავად გახდა და რამდენიმე ხანს იქ იწვა. მის მოსანახულებლად მამას დავყვებოდი. 5-6 წლის ბავშვისთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი. გოდერძი ჩოხელის მოგონებებმა გამახსენა ჩემი ბავშვობის ის დღეები, რომლებიც ბუნდოვნად მახსოვდა.

განსაკუთრებით შემიყვარდა გოდერძი ჩოხელის ინგლისურის მასწავლებლის, იამზე ბექაურის, მოგონება:

„გოდერძი სკოლას რომ ამთავრებდა, გამოსაშვებ გამოცდაზე არაჩვეულებრივი თემა დაწერა, მგონი სამამულო ომზე. მაშინ გამოჩნდა მისი საოცარი ნიჭი, აზროვნება.

უკვე ცნობილი მწერალი და რეჟისორი იყო, როდესაც 147-ე სკოლაში შეხვედრა მოვუწყვეთ. ბავშვებმა ბევრი იშრომეს, მოემზადნენ. ძალიან ლამაზი საღამო იყო, სცენაზე გოდერძის პერსონაჟები ერთმანეთს ცვლიდნენ, წითელი გველეშაპიც გვყავდა, ბავშვებმა ბერული და ჯღუნურიც იცეკვეს. გოდერძი გახარებული და გაოცებული იყო. სპექტაკლის შემდეგ მითხრა, ისე ცოცხლად იყო ყველაფერი, თავი გუდამაყარში მეგონა და იმ ბავშვებში ჩემს თავს ვეძებდიო“.

გოდერძი ჩოხელთან შეხვედრის შემდეგ 23 წელი გავიდა და ახლა, როცა მეც მასწავლებელი ვარ, განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მწერლის მასწავლებლის მოგონების წაკითხვა. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას გამუდმებით ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებზე, რომლებიც სკოლაში ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. დანახვისთანავე მეკითხებიან: „როდის დაბრუნდებით?“ დაბრუნებამდე კი ბევრი რამ მომაფიქრდა, მათ შორის – გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით ახალი სპექტაკლის დადგმა. განსაკუთრებით გამიხარდა, იამზე მასწავლებელი წითელ გველეშაპს რომ ახსენებს. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი გოდერძი ჩოხელის რომანებში მაგიური რეალიზმის გამოსახველობითი ფორმების კვლევას ეხება. რომანში „წითელი მგელი“ დაუვიწყარი მხატვრული სახეა ქვესკნელიდან ამოსული, კუპრივით შავ წყალს შემზარავი წივილით ჩამოყოლილი წითელი გველეშაპი და მასზე ამხედრებული უშიშარი გარსია, რომელიც ზღვამდე ჩაჰყვება მითიურ არსებას.

იამზე მასწავლებლის მოგონება ზურგის ქარივით იქცა და დამაფიქრა, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველი შეხვედრა, ზოგი ერთადერთი და სხვა დროსა და სივრცეში, სხვა ფორმით განმეორებული; როგორი მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალური აქტივობების ჩართვა; რომ არა ირინა და ხათუნა მასწავლებლების მიერ გოდერძი ჩოხელისა და პაკო სვიმონიშვილის სკოლაში სტუმრად მოწვევის იდეა, რომ არა მათი ძალისხმევა, შეხვედრაში მეც მიმეღო მონაწილეობა, ამდენი ლამაზი, მნიშვნელოვანი, საინტერესო ამბავი ხომ ვერ გადაებმებოდა ერთმანეთს?!

სტატიის მეორე ნაწილში წიგნიდან ამოკრეფილი მოგონებების ფონზე გოდერძი ჩოხელის პორტრეტს გაგაცნობთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნინო ზედელაშვილი, ნაწილიანი. რედ. კატო ჯავახიშვ

მუსიკის ენა და მედიაწიგნიერება

0

ჩემს მოსწავლეებთან ხშირად ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ ყველა საგანს თავისი ენა აქვს. თითოეული საგანი სამყაროს ამა თუ იმ მოვლენას მისთვის დამახასიათებელი გამომსახველი ხერხებით განგვიმარტავს. მუსიკა მშვენიერების აღქმის, შეუცნობლის შეცნობის ენაა და შინაარსის გადმოსაცემად ორი ან მეტი ენის ცოდნას მოითხოვს: პირველი – მუსიკის ენაა თავისი სინტაქსური და მორფოლოგიური სიღრმით; მეორე – მუსიკის ენაზე თქმულის ვერბალური ახსნა და მისი განმარტებებია; დანარჩენი – შეძენილი ცოდნის კონტექსტების მორგებაა ახალ მასალაზე.

სასწავლო პროცესის დასაწყისში რამდენიმე გაკვეთილს ენის გამომსახველი ხერხების ანალიზს ვუთმობ. სხვაგვარად წარმოუდგენელია, გავაგებინო მოსწავლეს ამ ენის სტილური თუ ჟანრული მახასიათებლები. ეგზიუპერის ციტატა ,,ენა არის გაუგებრობის წყარო’’, მასწავლებელს განაწყობს, დაგეგმოს გაკვეთილები ენის მახასიათებლების ხარისხიანი სწავლებისთვის, და სახელმძღვანელოს მასალა დაალაგოს იმგვარად, რომ შედეგის მიიღებოდეს მარტივად და მიზნობრივად. მუსიკის გამომსახველი ენის ელემენტები – მელოდია, ჰარმონია, რიტმი, მეტრი, ტემპი, ტემბრი, ფაქტურა, ფორმა, ჟანრი, ბგერა – ცალკე კვლევის საგანია. ენის თითოეული ელემენტი წარმოადგენს საგანთა შორის შემაკავშირებელ ხიდს. უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ ნაწარმოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ შინაარსზე. ნაწარმოებების განხილვა, ანალიზი, კვლევა კონტექსტს ეფუძნება, კონტექსტებს კი სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად ვართულებთ. ამისთვის, მასწავლებელს აქვს ქრესტომათიული მასალის დამატებით შერჩევის შესაძლებლობა თემის კიდევ უფრო ღრმად შესწავლისათვის, მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.

ვიწყებ მუსიკის ენის ფენომენზე საუბრით, და ვაგრძელებ მედიაწიგნიერებაში მისი მოდიფიკაციითა და ინტეგრაციით. მქონდა ბედნიერება, წელს ჩემი გამოცდილება მეთერთმეტე კლასისთვის გამეზიარებინა. ჩემთვის მედიაწიგნიერება მოსწავლეებთან დაახლოებისა და ურთიერთობის განსხვავებული და საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. მოდით, თავიდანვე გეტყვით, რომ ეს საგანი – მედიაწიგნიერება, ყველა საგნისგან განსხვავებით, მკაფიოდ გამოკვეთილ უნარებს მოითხოვს. კერძოდ, მოსწავლეს არგუმენტირებისთვის, აზრის თავისუფლად გამოთქმისთვის მეტი სივრცე ეძლევა. როცა ფილმის ფრაგმენტის, მედიაწიგნიერების რესურსის, ხელოვნების ნიმუშის, ლიტერატურული ნაწარმოების, მუსიკალური შედევრის ანალიზს ვაკეთებთ. ინფორმაციაზე სრული წვდომისთვის ხშირად ვიყენებთ ხოლმე მობილურ ტელეფონს. ტარგეტულად მორგებული აქტივობების დახმარებით მოსწავლეები მარტივად პოულობენ პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზებს, რომლებიც პროექტზე მუშაობის თემად შეგვიძლია ავირჩიოთ. გაკვეთილმა, რომელიც ზოგჯერ სპონტანურად წარიმართება, შეიძლება გვიკარნახოს პროექტის იდეა. სწორედ ასე გამოიკვეთა პროექტისთვის ახალი თემა: ,,ინფორმაციის ენა – ვინ დასვა პირველი შეკითხვა?“.

მეთერთმეტე კლასში თავისუფლად შემეძლო მესაუბრა სახისმეტყველების რაობასა და მნიშვნელობაზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში. მოსწავლეებს ხშირად ვაცნობდი რევაზ სირაძის ,,სახისმეტყველებიდან’’ მათთვის საინტერესო და კონტექსტურად საჭირო საკითხებს. მით უმეტეს, რომ ამის შესაძლებლობას მათი საბაზისო ცოდნა მაძლევდა. გავლილი ჰქონდათ ჰაგიოგრაფია, რომელსაც თავისუფლად ვაკავშირდებდი ტექსტების დაშიფვრასთან, სიმბოლოების, მეტაფორების გააზრებასთან. ,,სახისმეტყველებაში’’ მოთხრობილია, რომ ქართული ესთეტიკის, მუსიკისა და ლიტერატურის სათავეებში უნდა ვეძებოთ სწორედ ის გზა, რომელიც ინფორმაციას ცოდნად გადააქცევს. მაგალითისათვის მოვიყვან რამდენიმე საკითხს: ქართული ჩუქურთმა და მზე, მოძღვრება ადამიანზე, საგალობელი, ფრესკა, ტაძარი. გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ პოსტმოდერნიზმის გამომსახველ ენას, ძალიან ნიშანდობლივია ჯემალ ქარჩხაძის წერის სტილური მახასიათებელი, აკა მორჩილაძის „ობოლედან“ თხრობის ჰიპერრეალისტური შეგრძნება. ვერაფრით ვუღალატებდი ნიდერლანდურ რენესანსს, ხშირად ვშიფრავდით ჰიერონიმუს ბოსხის ტილოებს: „თივის გადატანა“, ტონდო „კაცობრიობის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, პიტერ ბრეიგელის „ნიდერლანდური ანდაზები“, ეს ხომ „წინასწარმეტყველებაა“ სამყაროს საზრისზე, ადამიანის როლზე წუთისოფელში. ხელოვნური ინტელექტის როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნქციური აღმოჩნდა ინფორმაციების, მასალების მოძიებასა და გენერირებაში. მოსწავლეები მუშაობდნენ რამდენიმე AI პლატფორმაზე: Chatgpt.com, Gemini.google.com.app, claude.ai.new, copilot.microsoft.com, app.leonardo.ai.

დეკოდირება, როგორც ინფორმაციის ფილტრაციისა და ცოდნად გადაქცევის ინსტრუმენტი, მოსწავლეებმა არგუმენტირებული ესეების, ფსიქოლოგიური ჩანახატებისა და პოპ-არტის ნიმუშებში ბულინგისა და დეზინფორმაციის კვლევის ხერხად გამოიყენეს, საინტერესო შეფასებები და დისკუსიები გაიმართა ფილმის „კლასის წინ“ ირგვლივ.

ფილმის შემდეგ ვიაზრებდით მარტოდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობას სოციუმში. ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანის დახმარების გზებსაც მივაგენით. ეს გზა ადამიანობის გადარჩენისა და შენარჩუნების გზაა. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება სამყაროში ვაკეთოთ ის, რის შესაძლებლობები და უნარები გვაქვს. ტურეტის სინდრომზე მიცემულ დავალებაში, მოსწავლეებმა თარგმნეს და ღია გაკვეთილზე წარადგინეს ანალიტიკური ესეი, რომელშიც განხილული იყო – თუ რა მახასიათებლები აქვს ამ სინდრომს, როგორ შეუძლია ადამიანურმა ფაქტორმა შეასუსტოს სინდრომის სიხშირე და სირთულე, როგორ შეგვიძლია ვაქციოთ სინდრომის მქონე ბავშვი სოციუმის ნამდვილ წევრად.

შეზღუდული შესაძლებლობა რომ არ არსებობს, მუსიკის ისტორიაში ამაზეც ბევრი თქმულა. 13 წლის ლუსის შესრულებულმა ფრედერიკ შოპენის ნოქტიურნმა ადამიანებს ხილულად დაანახა შეუძლებლის შესაძლებლობა. ლუსიმ თავისი შინაგანი სამყაროს ილუსტრაციისთვის, სევდის გადმოსაცემად შოპენის ნოქტიურნი op.9, N1 b-moll აირჩია და დღევანდელობის ერთ-ერთი დიდი ვირტუოზი ლანგ ლანგიც კი გაკვირვებული დატოვა.

 

ეს წერილი მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოდან წამოვიღე, მინდოდა, მისი პათოსი ყველასთვის გამეზიარებინა.

ძვირფასო მასწავლებელო!

მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არცერთმა ადამიანმა:

როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;

როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;

როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;

როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინარი ფსიქოპათების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე. კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო

!

საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის ერთერთი დირექტორის წერილი სამსახურში აყვანილი მასწავლებლებისადმი.

 

საოცარია… ადამიანებს ყველა ენის დაუფლება შეგვიძლია, მუსიკის ენის მედიაწიგნიერებაში შეღწევამ და ამ ორი საგნის ენათა სისტემების სინთეზმა დამანახა, რომ სწავლის პროცესი უსასრულოა. ძიებისა და კვლევის გზა ენის სიმბოლოების ამოხსნის გარეშე – შეუძლებელია. სამყაროს უდიდეს ქსოვილში კი ჩვენეულ ორნამენტს ვაქსოვთ დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და სიკეთით. ჯონ დიუი ამბობს, განათლება თავად ცხოვრებააო. რახან ასეა, ვისწავლოთ, რათა ვიცხოვროთ!

 

ინგა ბარამიძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რ.სირაძე ,, სახისმეტყველება’’, ნაკადული, 1982
  2. ნ.ინგოროყვა, მედიაწიგნიერების გაკვეთილები, თბილისი, 2023
  3. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. როგორ აღმოვაჩინოთ და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. რედაქტირებულია: 28-01-2021
  4. https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals

 

 

 

 

მარტოობის პრობლემა ციფრულ ეპოქაში და ტექნოლოგიური მომავლის სცენარები და პრევენცია

0

თანამედროვე სამყაროში მარტოობა უკვე ეპიდემიის მასშტაბებს იძენს. ტექნოლოგიურმა პროგრესმა, მართალია, ადამიანები ფიზიკურად დააახლოვა, თუმცა, პარადოქსულად, ემოციური იზოლაცია გააღრმავა. ამ კონტექსტში ჩატბოტები, ხელოვნური ინტელექტის ეს საოცარი ნაყოფი, სულ უფრო მეტ ადამიანს ხიბლავს როგორც ემოციური მხარდამჭერი.  მაგრამ რამდენად „ნამდვილია“ ასეთი კომუნიკაცია?

უკვე თითოეულ თქვენგანს აქვს ჩატბოტებთან დიალოგის გამოცდილება, ჩატბოტებმა ჩაანაცვლა მეგობარი, კოლეგა, ხელოსანი, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ… მათთან ურთიერთობა სწრაფი და მოხერხებულია. ჰოდა, სანამ ვინმეს აუხსნი, რა გჭირდება და რატომ – ამასობაში ჩატბოტს შენი პრობლემა გადაწყვეტილი აქვს.

ერთხელ ფეისბუკზე მეგობარმა მკითხა: შენ რომელი გირჩევნია – ჩატბოტი გესაუბროს თუ კოლეგას გაუზიარო შენი სამეცნიერო საკითხები და მასთან განიხილო? ეს კითხვა რიტორიკულად დამისვა და სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე ავირჩევდი კოლეგას და ძალიან გაოცდა, როცა ჩატბოტი ავირჩიე და ჩემი არგუმენტებიც მოვახსენე. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს (თუნდაც ჩემს ცხოვრებაში), მაშინ არ ღირდა ყურადღებად, მაგრამ… დიახ, მაგრამ… ჩვენ უმეტესად ციფრულ გარემოში გადავინაცვლეთ. მე შეფასებას არ ვაკეთებ – ეს კარგია თუ ცუდი? უბრალოდ, გთავაზობთ საკითხს განსახილველად. ჯერ გავხდით „ენობრივი ადამიანი“, ახლა გავხდით „ციფრული ადამიანი“.

უამრავი ინფლუენსერისგან მომისმენია, რომ რეალურ ცხოვრებაში ინტროვერტები არიან და უჭირთ კომუნიკაცია მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში და ვლოგებში თავს თავისუფლად გრძნობენ. კოვიდპანდემიის შემდეგ ჩემს სტუდენტებშიც შევნიშნე, რომ აუდიტორიაში კომუნკაცია შემცირდა, სამაგიეროდ, როცა ვიდეო-დავალებას ვაძლევ, სრულიად შემოქმედებითები ხდებიან. რა ხდება? ადამიანების ერთმანეთისგან ტოტალური გაუცხოება დაიწყო?

ინსტაგრამზე ერთი ინფლუენსერია (პირობითად, მარი), რომელსაც მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ყოველდღიურად ის ასობით კომენტარს კითხულობს და პირად შეტყობინებას პასუხობს, მუდმივად ურთიერთობს თავის აუდიტორიასთან. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა: “ხანდახან ვზივარ ჩემს ბინაში, ვუყურებ ეკრანზე ათასობით ‘ლაიქს’ და კომენტარს, მაგრამ თავს სრულიად მარტო ვგრძნობ. მგონია, რომ არავინ იცნობს ჩემს ნამდვილ „მე“-ს – ყველა ხედავს მხოლოდ იმ იდეალურ ვერსიას, რომელსაც სოციალურ მედიაში ვაჩვენებ. ” მსგავსი „აღიარება“ სიმპტომატურია.

პრობლემა არც ის არის, თუ სხვა არ ცნობს შენს ნამდვილ მეს. პრობლემაა, როცა თავად ისე ვართ გაფანტულები ციფრულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციაში, რომ ჩვენც ვერ ვცნობთ ჩვენს ნამდვილ მეს. ვფიქრობ, რომ ციფრული საშუალებები სწრაფად ავლენს იმას, რა პრობლემაც იმალება ჩვენში: როგორც ინდივიდში, ასევე საზოგადოებაში.

 

მარტოობის პარადოქსი დიგიტალურ ეპოქაში

 

ციფრულ ეპოქაში მარტოობა განსაკუთრებულ ხასიათს იძენს. სოციალური ქსელები და მესენჯერები გვიქმნიან ილუზიას, რომ მუდმივად დაკავშირებული ვართ სხვებთან, მაგრამ ეს კავშირები ხშირად ზედაპირული და არაავთენტურია. ამ სიცარიელეში ჩატბოტები გვთავაზობენ უნიკალურ ალტერნატივას – 24/7 ხელმისაწვდომ “მეგობარს”, რომელიც არასოდეს დაიღლება ჩვენი მოსმენით.

ჩატბოტების მუშაობის პრინციპი ეფუძნება რთულ მათემატიკურ მოდელებს, რომლებიც აანალიზებენ ჩვენს შეტყობინებებს და აგენერირებენ შესაბამის პასუხებს. ისინი სწავლობენ ჩვენი კომუნიკაციის სტილს, ემოციურ მდგომარეობას და ინტერესებს. მაგრამ რამდენად “ნამდვილია” ეს ურთიერთობა?

ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან ემოციური კავშირების დამყარებისკენ, თუნდაც არაცოცხალ ობიექტებთან. ჩატბოტებთან ურთიერთობისას ვითარდება ე.წ. “სიმულირებული სიახლოვე” – ვიცით, რომ ის ალგორითმია, მაგრამ მაინც ვგრძნობთ ემოციურ კავშირს. ეს ფენომენი შეიძლება დაგვეხმაროს მარტოობის დაძლევაში, მაგრამ ამავდროულად რისკის შემცველიცაა – შესაძლოა გაგვიჩნდეს ცრუ მოლოდინები და უფრო გაგვიღრმავდეს რეალური ურთიერთობების დეფიციტი. ბოლოს კი შეიძლება ისე მოხდეს, რომ საერთოდ დაგვავიწყდეს, რა არის რეალური ურთიერთობა, ვინ არის რეალური „მე“, ნამდვილად ადამიანი, ნამდვილი ცხოვრება და ასე შემდეგ. დაგვემართოს ისე, როგორც გალაკტიონის ამ ლექსშია:

„არ ვემდური სინამდვილეს,

არ ყოფილა თითქმის,

არყოფილზე სამდურავი,

არასოდეს ითქმის…“

 

ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ემოციურ განვითარებაზე

 

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანური ურთიერთობების ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები გვთავაზობს კომუნიკაციის უპრეცედენტო შესაძლებლობებს, სულ უფრო მეტი მკვლევარი გამოთქვამს შეშფოთებას ემოციური ინტელექტის განვითარებაზე მისი ნეგატიური  გავლენის შესახებ.[1]

ემპათიის კრიზისი

ოქსფორდის უნივერსიტეტის 2023 წლის კვლევის შედეგები განგაშის საფუძველს იძლევა:

  1. სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლები 45%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილნი რთული ემოციური საუბრებისკენ. ეს მიგვანიშნებს, რომ ციფრული კომუნიკაცია ქმნის “კომფორტის ზონას”, საიდანაც გამოსვლა და რეალური ემოციური კონფრონტაციის გაწევა სულ უფრო რთული ხდება.
  2. კონფლიქტების მოგვარების უნარების 30%-იანი კლება მიუთითებს, რომ ონლაინ ინტერაქციები ვერ უზრუნველყოფს იმ გამოცდილებას, რაც საჭიროა რთული სოციალური სიტუაციების სამართავად.
  3. გრძელვადიანი ემოციური კავშირების დამყარების პრობლემა (65%) მიანიშნებს ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებზე ურთიერთობების ფორმირების პროცესში.

 

ნარცისიზმის ზრდა და თვითფოკუსირება

სოციალური მედიის პლატფორმები თავიანთი არქიტექტურით ხელს უწყობენ ნარცისისტული ტენდენციების გაძლიერებას:

  • მუდმივი თვითპრეზენტაციის საჭიროება
  • სელფების და პერსონალური მიღწევების გაზიარების კულტურა
  • “ლაიქებზე” დამოკიდებული თვითშეფასება
  • ალგორითმებით გაძლიერებული ეგო-კამერები

სოციალური უნარების ტრანსფორმაცია

ახალი რეალობა

თანამედროვე ახალგაზრდები ვითარდებიან ისეთ გარემოში, სადაც:

  1. ციფრული კომუნიკაცია ხშირად წინ უსწრებს პირისპირ ურთიერთობებს
  2. ემოციების გამოხატვა ხდება ემოჯების და მემების საშუალებით
  3. სოციალური სტატუსი განისაზღვრება ონლაინ მეტრიკებით

ემოციური გამოფიტვა

კვლევები აჩვენებს რამდენიმე საგანგაშო ტენდენციას:

  1. “ემოციური გადაწვის” სინდრომი – მუდმივი ონლაინ ყოფნის შედეგად
  2. რეალური ემოციური კავშირების დეფიციტი
  3. სოციალური შფოთვის მაღალი დონე პირისპირ ურთიერთობებში

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ამ კვლევების განზოგადება არ არის მიზანშეწონილი ყველა კულტურაზე, რადგან მრავალი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა ტენდენციას ნამდვილად აჩვენებს. ზოგი ექსპერიმენტული კვლევა აჩვენებს, რომ Facebook-ზე დამოკიდებულებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რელაციური ორიენტაციის გაძლიერებას. ამ კვლევის მიხედვით,  სოციალური მედია პოზიტიური ფსიქოსოციალური განვითარების ხელშეწყობის საშუალებაა.

ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ ტექნოლოგიების განვითარებას არ მოაქვს ცალსახა პოზიტიური შედეგები, მას აქვს თავის ბნელი მხარე, რაც აქედანვე გასათვალისწინებელია.

 

Chat-GPT -ს ვკითხე, როგორი იქნება საზოგადოება 10 წლის შემდეგ ტექნოლოგიური განვითარების კონტექსტში? (პასუხს უცვლელად გთავაზობთ):

 

საზოგადოება 2035:

ტექნოლოგიური დამოკიდებულების შესაძლო შედეგები

სოციალური ურთიერთობების ტრანსფორმაცია 

ვირტუალური სოციალიზაცია

  • ფიზიკური შეხვედრების მკვეთრი შემცირება
  • სოციალური ინტერაქციების 70-80% ვირტუალურ სივრცეში
  • “მეტავერსის” ტიპის პლატფორმები როგორც ძირითადი სოციალური არენა
  • ემოციური კავშირების გაღრმავების სირთულე

ახალი სოციალური ნორმები

  • პირადი სივრცის გადააზრება
  • რეალური და ვირტუალური იდენტობების შერწყმა
  • სოციალური კრედიტის სისტემების გავრცელება
  • ციფრული რეპუტაციის უპირატესობა რეალურთან მიმართებით

ფსიქოლოგიური ცვლილებები

კოგნიტური ტრანსფორმაცია

  • ყურადღების დეფიციტის მასობრივი ზრდა
  • მოკლევადიანი აზროვნების დომინირება
  • ინფორმაციის სწრაფი, ზედაპირული დამუშავება
  • კრიტიკული აზროვნების უნარების შემცირება

ემოციური გამოწვევები

  • ემპათიის დეფიციტის გაღრმავება
  • სოციალური შფოთვის ეპიდემია
  • რეალური ურთიერთობების შიში
  • ემოციური დამოკიდებულება ციფრულ ვალიდაციაზე

საგანმანათლებლო სისტემის ცვლილება

სწავლების ახალი მოდელები

  • სრულად ვირტუალური საკლასო ოთახები
  • AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული სწავლება
  • სოციალური უნარების სწავლების კრიზისი
  • პრაქტიკული გამოცდილების დეფიციტი

შრომითი ურთიერთობები

სამუშაო გარემოს ცვლილება

  • დისტანციური მუშაობის სრული დომინირება
  • ვირტუალური ოფისების ნორმალიზება
  • კორპორატიული კულტურის გადააზრება
  • პროფესიული იზოლაციის ზრდა

ჯანმრთელობის გამოწვევები

ფიზიკური ჯანმრთელობა

  • მჯდომარე ცხოვრების წესის გართულება
  • თვალის დაძაბულობის ქრონიკული პრობლემები
  • ძილის დარღვევების მასობრივი ზრდა
  • ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება

მენტალური ჯანმრთელობა

  • დეპრესიისა და შფოთვის ეპიდემია
  • ციფრული დამოკიდებულების სინდრომი
  • სოციალური იზოლაციის ზრდა
  • იდენტობის კრიზისის გაღრმავებ

ოჯახური ურთიერთობები

ოჯახის ინსტიტუტის ცვლილება

  • ვირტუალური ოჯახური შეხვედრები
  • ემოციური კავშირების გაღარიბება
  • თაობათა შორის გაუცხოების ზრდა
  • ბავშვების აღზრდის ახალი გამოწვევები

შესაძლო გამოსავალი

სოციალური ინიციატივები

  • “ციფრული დეტოქსის” ცენტრების ქსელი
  • რეალური სოციალიზაციის პროგრამები
  • თემზე დაფუძნებული აქტივობების წახალისება
  • ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამები

საკანონმდებლო რეგულაციები

  • ციფრული კეთილდღეობის სტანდარტები
  • ტექნოლოგიური კომპანიების პასუხისმგებლობის ზრდა
  • მომხმარებელთა უფლებების გაძლიერება
  • ციფრული დამოკიდებულების პრევენცია

ოპტიმისტური სცენარი

პოზიტიური ადაპტაცია

  • ბალანსის პოვნა რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის
  • ახალი ტიპის სოციალური უნარების განვითარება
  • ტექნოლოგიების უფრო გონივრული გამოყენება
  • ჰიბრიდული სოციალიზაციის მოდელები

პესიმისტური სცენარი

სოციალური დეგრადაცია

  • რეალური ურთიერთობების კატასტროფული შემცირება
  • ემოციური ინტელექტის მასობრივი დეფიციტი
  • სოციალური უნარების სრული კრიზისი
  • საზოგადოების ატომიზაცია

დასკვნა

დღევანდელი ტენდენციების გაგრძელებამ 2035 წლისთვის შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ საზოგადოებამდე, სადაც ტექნოლოგიური დამოკიდებულება ფუნდამენტურად ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, ეს მომავალი არ არის გარდაუვალი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, ახლავე დავიწყოთ მოქმედება უფრო ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად ტექნოლოგიებსა და რეალურ ცხოვრებას შორის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია უნდა იყოს ინსტრუმენტი ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და არა მისი ჩამნაცვლებელი.

[1] Guan, S. , Hain, S. , Cabrera, J. and Rodarte, A. (2019) Social Media Use and Empathy: A Mini Meta-Analysis. Social Networking8, 147-157. იხ. აქ: https://www.scirp.org/journal/paperinformation?paperid=95560

 

სტატიები განათლების საკითხებზე

0

დამხმარე პროფესიული საგანმანათლებლო რესურსების მომზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს დაარსების დღიდან. დროთა განმავლობაში, საქართველოს განათლების სისტემასა თუ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების მიუხედავად, ამ პრიორიტეტს აქტუალობა არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, ყოველთვის აქტიურად ასახავდა ყველაზე საჭირო თემებს, საკითხებს, გამოწვევებსა  თუ რეკომენდაციებს.

ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის საქმიანობა, პერიოდული გამოცემების თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჟამად ცენტრი, „მასწავლებელთან“ ერთად, შემდეგ ჟურნალებს სთავაზობს სკოლის

დირექტორებს, მასწავლებლებს, მშობლებსა თუ განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირებს:

„სკოლის მართვა“

„ჰუმანიტარული განათლება“

„გლობალური მოქალაქეობა“

„ინკლუზიური განათლება“

„ბავშვთა უფლებები“

„საკვანძო კომპეტენციები“

„ადრეული განათლება“

„STEAM განათლება“

წინამდებარე კრებული სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალებიდან გთავაზობთ სხვადასხვა წელს გამოქვეყნებულ სტატიებს.

თითოეული სტატია ემსახურება სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერას ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და გიზიარებთ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გამოცემაც აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს სამუშაო მაგიდაზე და დაგეხმარებათ, საინტერესო გაკვეთილებითა და პროექტებით შეუწყოთ  ხელი თქვენი სკოლის განვითარებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სტატიები განათლების საკითხებზე

სახალისო აქტივობები – ლიტერატურული კაფე

0

ლიტერატურაიაული კაფეს შექმნის იდეა მასწავლებელთა გუნდური თანამშრომლობით დაიბადა. ლიტერატურული ასპექტების მათემატიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებამ შექმნა ისეთი უნიკალური გარემო, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს არა მხოლოდ ნაწარმოებების შინაარსზე დაფიქრება, არამედ მათში გამოყენებული ლოგიკური და ანალიტიკური ელემენტების გაცნობიერებაც.

ლიტერატურული კაფეს შესაქმნელად, წიგნიერების გაკვეთილებზე, მყუდრო გარემოში ვიკრიბებოდით და ვუზიარებდით ერთმანეთს თითოეულ იდეას. გადავწყვიტეთ, მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის უკეთ გაგვეცნო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება. ბავშვებისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო, დავგეგმეთ, შეგვერჩია სხვადასხვა, მათთვის უცნობი მოთხრობა, მათთვის საინტერესო რომ ყოფილიყო და კითხვის პროცესში უფრო კარგად დაენახათ მწერლის შემოქმედება. შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ილუსტრაციები, თითოეულ მოთხრობაში დაეთვალათ პერსონაჟები(რადგან მათემატიკაშიც სწორედ ამ საკითხზე მუშაობდნენ), მათი სახელები კი გამოეყენებინათ მათემატიკური ამოცანების შესაქმნელად. ამ მეთოდით მოსწავლეებმა იმუშავეს შეკრების ხერხებზე. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, პროექტის ბოლოს, გადავწყვიტეთ ერთი დღე მიგვეძღვნა იაკობ გოგებაშვილისთვის. ასე დაიბადა ჩვენი კაფეს სახელწოდება- „წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“. მოსწავლეებმა კლასის წინაშე წარადგინეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები და გმირები, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები, ემოციები და მათივე შექმნილი მათემატიკური ამოცანები. გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევრები ერთ დიდ წიგნად შეგვეკრა, ერთად ვიფიქრეთ მის ყდაზე, სარჩევზე, შინაარსსა და ფორმაზე. ყდაზე იაკობ გოგებაშვილის პორტრეტი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით გამოვსახეთ და იქვე მათემატიკური რიცხვები და ფიგურებიც დავიტანეთ, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო მკითხველისთვის.
რატომ იაკობი და მათემატიკა?

შეხვედრა გავმართეთ კლასში, სადაც ყველამ ჩვენი როლი გავინაწილეთ. ზოგი უკრავდა, ზოგიც იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას გვიზიარებდა, კითხულობდა და ტკბილ მაფინებში მოცემულ კითხვებს სცემდა პასუხს. თითოეულის სურვილი იყო, მეტი ესაუბრათ იაკობ გოგებაშვილზე, ესაუბრათ ემოციებზე, გამოცდილებებზე, იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამოცანების შედგენა, ილუსტრირება, კომიქსების შექმნა.

ბავშვები ცდილობდნენ, ეპოვათ პასუხი კითხვაზე: „რატომ არის წიგნი თავისუფლება და კითხვა ბედნიერება ?“

ლიტერატურულმა კაფემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნები ნამდვილი მეგობრები არიან. მათი საშუალებით ბავშვები სწავლობენ თავისუფალ აზროვნებას და ბედნიერებას პოულობენ პატარა დეტალებში. ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას და წიგნის სიყვარულს აძლიერებს. როდესაც ბავშვებს ვასწავლით წიგნის სიყვარულს, ვცდილობთ თავისუფალ აზროვნებას შევაჩვიოთ, დავანახოთ ცოდნის შეძენის აუცილებლობა.

რატომ გვჭირდება მსგავსი ტიპის აქტივობები?

ლიტერატურული აქტივობა, როგორიცაა ლიტერატურული კაფე, მრავალმხრივ სასარგებლოა მოსწავლეთა პიროვნული და გონებრივი განვითარებისთვის, ხელს უწყობენ ბავშვის ფანტაზიის, კრიტიკული აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას. კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ეს პროცესი, თუ საგანთა ინტეგრირებასაც მოიცავს. მსგავსი ტიპის აქტივობებით შეგვიძლია მოსწავლეებს განვუვითაროთ:

  • ფანტაზიის უნარი: წიგნების კითხვა და მათზე მსჯელობა ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის უნარს. კითხვის დროს ისინი ქმნიან ახალ სამყაროს თავიანთ გონებაში, რაც შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება: წიგნების განხილვისას ბავშვები სწავლობენ აზრის ჩამოყალიბებას, დასაბუთებასა და განსხვავებული პოზიციების გაგებას;
  • ემოციური ინტელექტი: წიგნების პერსონაჟებთან ემოციური კავშირი ბავშვს ეხმარება თანაგრძნობის, სიბრალულისა და ემოციების მართვის უნარების განვითარებაში;
  • სოციალური უნარების გაძლიერება: მსგავსი აქტივობები ჯგუფურ მუშაობას უწყობს ხელს, რაც ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარს უვითარებს;
  • მოტივაციის ამაღლება: როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და მათ უსმენენ, ახალი ცოდნის შეძენა მათთვის საინტერესო ხდება;

გამოყენებული ლიტერატურა:
I. კოტორაშვილი ლ. –„ როგორ განვამტკიცოთ ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდები – ლიტერატურული კაფე“ – https://mastsavlebeli.ge/?p=19457
II. ციცვიძე ნ. – „ინტეგრირებული გაკვეთილი და მოტივაცია“- https://mastsavlebeli.ge/?p=20562
III. Instructional Materials in Teaching | Types & Examples-https://study.com/academy/lesson/instructional-materials-definition-examples-evaluation.html

Gen Z – თავისუფალი თაობა

0

ყოველი თაობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე, არის ახალი ძალა, რომელიც ქმნის ისტორიას.

ყველა თაობა მოიცავს უამრავ უნიკალურ ინდივიდს საკუთარი მოსაზრებებით, ღირებულებებით, ქცევითა და მომავლის გეგმებით.

დღეს შრომითი ბაზარი შედგება ოთხი თაობისგან: ბეიბი-ბუმერები, რომლებიც 1946-დან 1963 წლამდე დაიბადნენ, X თაობა, დაბადებული 1964-დან 1980 წლამდე, Y თაობა ანუ მილენიალები, 1981-დან 1996 წლამდე დაბადებულები, და 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული Z თაობა (იგივე Generation Z). Gen Z თანამედროვე სამუშაო ძალის ყველაზე ახალგაზრდა რგოლია და როგორც ყველა სხვა თაობას, მასაც აქვს წინასგან განმასხვავებელი თვისებები. ამის შემდგომ თაობას ჯერ შრომით ასაკამდე არ მიუღწევია, ამიტომ ძირითადი აქცენტი Z თაობაზე დაისმის. ვინ არიან პოსტმილენიალები, რა სურთ, რით განსხვავდებიან მშობლებისგან და რით არიან წინა თაობაზე უკეთესები?

დღეს მსოფლიოში Z თაობის წარმომადგენელი ყველაზე მეტია, თუმცა საქართველოში ეს თაობა ყველაზე მცირერიცხოვანია. 1997-2012 წლები საქართველოში რთული პერიოდი იყო, ამიტომ ძალიან ბევრი Z თაობის წარმომადგენელი არ დაიბადა.

Gen Z მეორე ყველაზე ახალგაზრდა თაობაა ალფას შემდეგ. მისი იდენტობა ჩამოყალიბდა ციფრული ეპოქის, კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური კრიზისისა და COVID-19-ის პერიოდში. მის წარმომადგენლებს „ციფრულ აბორიგენებს“ უწოდებენ, რადგან Gen Z უკვე ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდა. ყველაზე ხანდაზმულებს უკვე აქვთ სამუშაო და იპოთეკა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდები ჯერ კიდევ თინეიჯერები არიან. გლობალურად, Gen Z სწრაფად იზრდება.

World Data lab-ის, Nielsen-ისა და GfK-ის ანგარიშის მიხედვით, Z თაობა იქნება ისტორიაში მომხმარებელთა ყველაზე დიდი, მდიდარი და მრავალრიცხოვანი თაობა. მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის დაგროვების სურვილი თაობიდან თაობამდე მცირდება, საშუალო Gen Z იქნება უფრო მდიდარი, ვიდრე ცხოვრების იმავე ეტაპზე იყო საშუალო მილენიალი, – ნათქვამია მოხსენებაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Gen Z-ის რიცხოვნობა. მეცნიერთა პროგნოზით, მოსახლეობის ზრდის ტემპი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შენელდება, მოსალოდნელია, რომ Gen Z იქნება ბოლო და ერთადერთი თაობა, რომელიც მიაღწევს 2 მილიარდ ადამიანს იმ განვითარებად და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებმაც შეინარჩუნეს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი.

2024 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Gen Z შეადგენდა მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედს – უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობა – და, იმავდროულად, გლობალური სამომხმარებლო დანახარჯების 17% მათ წილად მოდის. 2030 წელს Gen Z კვლავ იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი თაობა. ამ დროისთვის მისი დანახარჯი 19%-მდე გაიზრდება.

World Data lab-ის, Nielsen-ისა და GfK-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის Gen Z იქნება ყველაზე მხარჯველი თაობა სუბსაჰარული აფრიკის, ინდოეთისა და პაკისტანის დიდ ნაწილში, ასევე ინდონეზიაში, ფილიპინებში, მექსიკასა და პერუში. იმავდროულად, ათწლეულების განმავლობაში დარჩება ყველაზე დიდ მხარჯველად ჩინეთში, რუსეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩილეში.

ექვსი წლის შემდეგ Gen Z კვლავ იქნება პასუხისმგებელი სამომხმარებლო ხარჯების დიდ ნაწილზე ევროპის ზოგ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. საფრანგეთი და იაპონია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის არიან, სადაც ბეიბი-ბუმერების თაობა დაიკავებს სამომხმარებლო ხარჯების უდიდეს წილს.

Gen Z უკვე არის ძალა, რომელიც ბაზარზე ანგარიშგასაწევია. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი პოპულარული სტერეოტიპის საპირისპიროდ, მილენიალები და Z თაობა არ არიან უარეს მდგომარეობაში, ვიდრე მათი მშობლები, თუმცა პროგრესი ერთი თაობიდან მეორეზე სიმდიდრისა და ხარჯვის უნარის თვალსაზრისით შენელდა.

2024 წელს თაობა Z-ის ხარჯები გაუტოლდა ათასწლეულების ხარჯებს სუბსაჰარულ აფრიკაში (დაახლოებით 30%), მაშინ როდესაც უკვე მიაღწია 23%-ს ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და 20.6%-ს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. აზიის წყნარი ოკეანის Gen Z-ის ხარჯები 19,3%-ით ჩამორჩება.

მოსალოდნელია, რომ Gen Z უფრო მეტს დახარჯავს განათლებაზე, ალკოჰოლზე, ტანსაცმელსა და ტრანსპორტირებაზე უახლოესი 10 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ჯანმრთელობის ხარჯები მათთვის ჯერ კიდევ არ იქნება პრიორიტეტული.

თაობების დანახარჯები ქვეყნების მიხედვით 2030 წლისთვის

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არსებითი განსხვავებები უშუალოდ თაობა Z-ის ქვეჯგუფებს შორის, რამდენიმე მახასიათებელი მათთვის საერთოა:

  • ისინი უფრო პრაგმატულები და იდეალისტები არიან, ზრუნავენ მომავალზე, კერძოდ, პირად კარიერაზე.
  • ისინი უფრო მეტად მიეკუთვნებიან ინკლუზიურ, მხარდამჭერ საზოგადოებას.
  • არიან ინდივიდუალისტები, პიროვნული გამოხატვის უფრო ძლიერი გრძნობით.
  • პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურები არიან და ემხრობიან იმას, რისიც სწამთ.
  • ისინი ბუნებრიობისა და გულწრფელობისკენ მიისწრაფვიან.
  • Gen Z-ის უფრო აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება აქვს და სოციალური პრობლემების მიმართ გულგრილი არ არის. მოზარდები მზად არიან, აქციებზე საკუთარი უფლებები დაიცვან და სკოლის პროფკავშირებს ქმნიან. Gen Z-ის აინტერესებს ეკონომიკური პროცესები და ადამიანის გავლენა გარემოზე.
  • პოსტმილენიალებს ნაკლებად აქვთ ინტერესი ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა აკრძალული ნივთიერებების მიმართ. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან უფრო მნიშვნელოვანისა და სასარგებლოს გაკეთება შეუძლიათ.
  • ისინი საკუთარ გზას ირჩევენ და წინა თაობის შეცდომებზე სწავლა არ სურთ.

Gen Z ასევე ცნობილია თავისი იდეალიზმით.

Gen Z-ს სჯერა, რომ მოვალეა, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების შეჩერებასა და მსოფლიოში თანასწორობის დამყარებაში. ამ თაობის მრავალი წარმომადგენელი სოციალურ აქტივობასა და მოხალისეობრივ საქმიანობაშია ჩართული. ნებისმიერი სხვა თაობისგან განსხვავებით, Gen Z ერთობლივად ითხოვს ანგარიშვალდებულებას, უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას ნაკლებად წარმოდგენილი ადამიანებისთვის და მდგრად მწვანე პრაქტიკას.

Z თაობის დევიზია თავისუფლება. არცერთი წინა თაობა ისე ძლიერად არ აფასებს თავისუფლებას, როგორც Gen Z.

ეს თაობა უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.mckinsey.com/featured-insights/mckinsey-explainers/what-is-gen-z

https://www.statista.com/chart/33304/generation-contributing-highest-share-of-consumer-class-spending/

https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/sazogadoeba/article/43662-ras-nishnavs-en-mileniali-en-lpha-thaobatha-cvla

https://flowmaster.online/blog/post/taoba-z-vin-aris-da-ratom-unda-mainteresebdes

 

თემატური პოსტერების გამოყენება ფონოლოგიური უნარების გამომუშავების მიზნით

0

წინამდებარე წერილში განხილულია თემატური პოსტერების გამოყენება ფონოლოგიური უნარების განვითარების მიზნით და წარმოდგენილია პირველკლასელებისთვის განკუთვნილი საგაკვეთილო სცენარი.

სანამ კონკრეტული თემატური პოსტერის მიხედვით დაწერილ საგაკვეთილო სცენარს განვიხილავთ, გავიხსენოთ ფონოლოგიური უნარების როლი და მნიშვნელობა სკოლაში ახლად შესული მოსწავლეებისთვის. ამის შესახებ დაწვრილებით საუბარია სხვა წერილში: https://rb.gy/6kbrp5 თუმცა, მოკლედ აღვნიშნოთ რამდენიმე პოსტულატი:

  • ფონოლოგიური კომპეტენცია არის მოსწავლის უნარების ერთობლიობა, რომლებიც მას შეაძლებინებს, წარმოთქმულ (ზეპირ) სიტყვაში გამოყოს მარცვლები და ბგერები;
  • ფონოლოგიურ კომპეტენციას მოსწავლე იყენებს საყრდენად კითხვისა და წერის პროცესში;
  • ფონოლოგიური კომპეტენცია უნდა ჩამოყალიბდეს თანმიმდევრულად მოსწავლისთვის სახალისო და საინტერესო კონტექსტებში.

 

სწორედ ასეთი საინტერესო კონტექსტის შესაქმნელად შეიძლება გამოვიყენოთ თემატური პოსტერები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეებს ვავარჯიშებთ წარმოთქმული სიტყვების დამარცვლაში (ბგერა-ბგერა დაშლაში), მარცვალთა (ბგერათა) რაოდენობის ამოცნობაში, პირველი/მეორე/ბოლო მარცვლის (ბგერის) იდენტიფიცირებაში, ცალ-ცალკე წარმოთქმულ მარცვალთა (ბგერათა) სიტყვად გამთლიანებაში, პირველი მარცვლის (ბგერის) მიხედვით სიტყვის მიხვედრაში და სხვა. თუკი მოსწავლისთვის ქართული მშობლიური ენა არაა, მაშინ პოსტერები ამავდროულად შეუცვლელ დახმარებას გაგვიწევს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაშიც.

 

შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ქვემოთ წარმოდგენილ საგაკვეთილო სცენარში განსხვავებული იქნება სასწავლო ამოცანები, იმ შემთხვევაში, თუკი მას ქართულის, როგორც მშობლიური ენის გაკვეთილებზე გამოვიყენებთ.

პოსტერი დამზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

გაკვეთილის/გაკვეთილების მიზანი: ლექსიკური მარაგის (ოჯახის წევრები) გამდიდრება და ფონოლოგიური უნარის (სიტყვების დამარცვლა) გამომუშავება

მოსწავლეები შეძლებენ პოსტერზე ასახული საგნების (ოჯახის წევრები) აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულების დასახელებასა და მათ დაჯგუფებას შეთავაზებული ნიშნის (ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი) მიხედვით.

მოსწავლეთა პროფილი და მათი წინარე ცოდნა: არაქართულენოვანის სკოლის პირველკლასელები, რომლებსაც შეუძლიათ საკლასო გარემოსთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების (დაფა, მაგიდა, მოსწავლე, მასწავლებელი…) დასახელება და დამარცვლა. (ამით მივანიშნებთ, რომ გარკვეული გამოცდილება მოსწავლეებს უკვე აქვთ და რომელიმე კონკრეტული თემის ფარგლებში — ამ შემთხვევაში სასკოლო გარემო — ბავშვები გავარჯიშებულები არიან სიტყვების დამარცვლაშიც)

სასწავლო პერიოდი: დაახლოებით, სწავლის დაწყებიდან ერთი თვემდე პერიოდი

სასწავლო რესურსები: თემატური პოსტერი „ოჯახი”, მარცვალთა რაოდენობის მიხედვით ნახევრად გაჭრილი ნახატებიანი დიდი ბარათები, ნახატებიანი პატარა ბარათები, სამუშაო ფურცლები მოსწავლეთა მცირე ჯგუფებისთვის, განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

გაკვეთილის ქარგა:

  • პოსტერის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება
  • საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)
  • საგნების დასახელებაში მოსწავლეთა ჩართვა
  • სიტყვების დემონსტრირება დამარცვლით
  • სიტყვების (სიტყვის ბარათების) გადაჯგუფება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით ჯგუფებში და პრეზენტაცია.

 

აქტივობა 1. პოსტერის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პოსტერს და წარმართავს ინტერაქციის მოდელირებას ოჯახის წევრების შესახებ. სვამს შეკითხვას, უპასუხებს და ხელს ადებს დასახელებულ საგანზე.

— ეს ვინ არის? ეს არის დედა. ეს ვინ არის? ეს არის მამა. დედა, მამა. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: დედა, მამა.

მასწავლებელი ხელს ადებს საგანს (პირველ ეტაპზე დედისა და მამის ილუსტრაციას, შემდეგ სხვა საგნებს), ასახელებს ხმამაღლა და სთხოვს მოსწავლეებს, მათაც ერთად ხმამაღლა გაიმეორონ. შემდეგ შეცდომით ასახელებს საგანს და მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და სწორად დაასახელონ.

ამ მიდგომით დასახელდება და გავარჯიშდება შემდეგი საგნების აღმნიშვნელი სიტყვები: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა.

აქტივობა 2. საგნების დასახელებაში გავარჯიშება სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომით

მასწავლებელი მიმართავს სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომას და იძლევა შემდეგი სახის მითითებებს:

— თუ ეს არის დედა, ადექით ფეხზე (თან ხელს ადებს დედის ილუსტრაციას და ხელით ანიშნებს მოსწავლეებს, რომ ადგნენ.)… თუ ეს არის მამა, დასხედით (ხელს ადებს მამის ილუსტრაციას და თან ხელით ანიშნებს დასასხდომად).

ამავე სტრატეგიას მასწავლებელი იმეორებს შეცდომით, ანუ ინსტრუქციის მიცემისას ხელს ადებს დედის ილუსტრაციას და ასახელებს მამას. ამ დროს, რასაკვირველია, მოსწავლეებმა არ უნდა შეასრულონ ინსტრუქცია.

შემდეგ მასწავლებელი ამატებს კიდევ ორ სიტყვას: ბებია, ბაბუა. ამავე პრინციპით – სავარჯიშოებს უკვე ოთხი სიტყვის გამოყენებით. ბოლოს დაამატებს კიდევ ორ სიტყვას და სულ გააქტიურდება ექვსი სიტყვა: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა. შესაბამისად, სრული ფიზიკური რეაქციის აქტივობამ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს:

— თუ ეს არის დედა, ბიჭები ადექით ფეხზე… თუ ეს არის მამა, გოგონები ადექით ფეხზე… თუ ეს არის ბებია, ასწიეთ ხელები… თუ ეს არის ბაბუა, დაუკარით ტაში…

ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს რთავს ინდივიდუალურადაც. მოსწავლეთა შერჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ინფორმაციას მიიღებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით:

— თუ ეს არის ბაბუა, ნარინე, მოდი ჩემთან!.. თუ ეს არის დედა, ჰუსეინ, ადექი ფეხზე…

მეთოდიკური წიაღსვლა: ამ მიდგომით გამოყენებული ფრაზები ქართულის, როგორც არამშობლიური ენის შემსავლელ მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ მოქმედებებით: ადექით ფეხზე, გამოდი დაფასთან, დაუკარით ტაში, ასწიეთ ხელები… ხშირი გამეორების შედეგად ბავშვები მოქმედების ჩვენების გარეშე აითვისებენ დასწავლილ ფრაზებს, რომლებიც, თავის მხრივ თანდათანობით გამდიდრდება… მოსწავლეთა მოტივირების მიზნით, შესაძლოა მასწავლებელმა გაამრავალფეროვნოს აქტივობა, მაგალითად, ფურცლებით დაფაროს პოსტერის დამახსოვრებული საგნები და ისე ამოიცნონ.

აქტივობა 3. საგნების დასახელებაში მოსწავლეთა ჩართულობა

მასწავლებელი შეარჩევს მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლის როლს შეასრულებს: ხელს ადებს საგანს, დაასახელებს და სხვა მოსწავლეები იმეორებენ. ასევე, შეცდომითაც დაასახელებს საგანს და მოსწავლეებმა სწორად უნდა დაასახელონ. მოსწავლეთა შერჩევა ამ შემთხვევაშიც დაეყრდნობა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ყველა მოსწავლეს აქვს ხოლმე ჩართვის სურვილი და მასწავლებელმა არ უნდა გააწბილოს ისინი. ე. წ. მორცხვი მოსწავლეები კი მეტი წახალისებით უნდა გაააქტიუროს.

მოსწავლეები სიამოვნებითა და სიხარულით ერთვებიან ე. წ. სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომის გამოყენებისას, როგორც წამყვანები.

აქტივობა 4. სიტყვების დემონსტრირება დამარცვლით

მასწავლებელი კიდევ ერთხელ ადებს ხელს საგნებს და ასახელებს სიტყვებს, ჯერ —  მთლიანად, შემდეგ — დამარცვლით. მოსწავლეები იმეორებენ დამარცვლულ სიტყვებს.

დედა, დე-და; მამა, მა-მა; ბებია, ბე-ბი-ა; ბაბუა, ბა-ბუ-ა; და, და; ძმა, ძმა.

შემდეგ კიდევ დამარცვლავს სიტყვებს და თან თითების გამოყენებით თვალსაჩინოდ ითვლის მარცვლებს:

— დედა, დე-და, 2 მარცვალი; მამა, მა-მა, 2 მარცვალი; ბებია, ბე-ბი-ა, 3 მარცვალი; ბაბუა, ბა-ბუ-ა, 3 მარცვალი; და, და, 1 მარცვალი; ძმა, ძმა, 1 მარცვალი.

ამ უნარის განმტკიცების მიზნითაც მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეებს — იძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან/პოსტერთან და ახლა მოსწავლე დაასახელებს და დამარცვლავს სიტყვებს, ხოლო თანაკლასელები გაიმეორებენ.

მეთოდიკური წიაღსვლა: ამ დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი ილუსტრირებული ბარათები. (იხ. დანართი)

აქტივობა 5. სიტყვების დაჯგუფება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით

მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს, ურიგებს სიტყვის ბარათებსა და სამუშაო ფურცელს — ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი სიტყვის ბარათების დასაწებებლად.

სიტყვის ბარათები იქნება ახალშესწავლილი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა) და წინა თემის ფარგლებში შესწავლილი სიტყვების ნახატები (მაგალითად, დაფა, ზარი, რვეული).

მასწავლებელი დავალების ინსტრუქციის აღქმის გაიოლების მიზნით დაფაზე აკრავს ანალოგიურ სამუშაო ფურცელს და მოსწავლეთა თვალწინ ხმამაღლა ფიქრის მეთოდის გამოყენებით აკრავს თითო სიტყვას. (ხმამაღლა ფიქრის ნიმუში: ეს არის დედა, დე-და, რამდენი მარცვალია? ორი მარცვალი. ამიტომ უნდა დავაკრა ორმარცვლიანი სიმბოლოს ქვეშ…).

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და ანაწილებენ სიტყვის ბარათებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით. მასწავლებელი დადის ჯგუფებში და საჭიროებისამებრ ეხმარება მოსწავლეებს. მოსწავლეებს, რომლებსაც დამატებითი მუშაობა სჭირდებათ, მათთან შედარებით მეტ დროს ატარებს.

აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია და გაკვეთილის შეჯამება

მოსწავლეები წარმოადგენენ უკვე შევსებულ სამუშაო ფურცლებს. ასახელებენ სიტყვათა ჯგუფებს მარცვალთა რაოდენობის მიხედვით.

მასწავლებელი ამხნევებს  მათ და აძლევს პოზიტიურ უკუკავშირს (ყოჩაღ! ძალიან კარგი ნამუშევარია!.. მიხარია თქვენი მოსმენა… და სხვ.).

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს (დღეს ჩვენ ვისწავლეთ ახალი სიტყვები: დედა, მამა… დედა — ორი მარცვალი, მამა — ორი მარცვალი…), მადლობას უხდის მოსწავლეებს და ემშვიდობება მათ.

თოდიკური წიაღსვლა: ფონოლოგიური კომპეტენციის (ამ შემთხვევაში სიტყვების დამარცვლა) გამოუშავების გარდა, მუდმივი აქცენტი უნდა ისმებოდეს ბგერების სწორად აღქმასა და წარმოთქმაზე, ანუ ფონეტიკურ კომპეტენციაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავებლის მიერ თითოეული სიტყვის ხაზგასმით სწორად წარმოთქმას  და ,,საჭირბოროტო” ბგერებზე ყურადღების გამახვილებას. სწორედ საწყის ეტაპზე თუ არ გაახვილდა ამ კომპეტენციაზე ყურადღება, შემდეგ რთულად ხდება მისი ჩამოყალიბება და ქართული ენის შემსწავლელები არასწორად წარმოთქვამენ ხოლმე ბგერებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თავის დროზე მათმა ყურმა სათანადოდ ვერ დაიჭირა ქართული ენის სპეციფიკური, თავიანთი მშობლიური ენისთვის უცხო ბგერები.

 

 

მოსწავლის სახელი აქტივობა

მაღალი

დაბალი

საშუალო

სწაფი

ჩანაწერები

საბოლოო კომენტარი
ალი  

 

გაუჭირდა ,,ბებიას” დამარცვლა.

სამუშაოა ,,ძ” ბგერის წარმოთქმაში.

ზოგიერთი სამმარცვლიანი სიტყვის დამარცვლაზე კიდევ უნდა ვივარჯიშოთ.
ანაჰიტი

 

     
ბექა

 

     
გარი

 

     
დიანა

 

     
ეკა

 

     
ვარტიტერი

 

     
ზაჰრა

 

     

 

გაჯეტების  როლი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჰოლისტურ  განვითარებაში

0

თანამედროვე სურათებიანი  წიგნები ,  კომიქსები და  კლიპური აზროვნების საფრთხეები 

როგორ მოქმედებს ციფრული მედია ბავშვების ყურადღების ხანგრძლივობაზე და ინფორმაციის დამუშავების უნარზე? რას იწვევს ეკრანდამოკიდებულება? შესაძლებელია  ციფრული მედიის ხანგრძლივად გამოყენებამ გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის შემცირება და კლიპური აზროვნების განვითარება?

თანამედროვე  ბავშვები   ციფრული ტექნოლოგიების თანდაყოლილი ცოდნით იბადებიან.   საიდან აქვთ ასეთი   ცოდნა?  გაჯეტები ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და  თითქოს სამყარო შეიცვალა. სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები ცდილობენ, სწრაფად მოერგონ სიახლეებს და თანამედროვე ბავშვების მოთხოვნების  შესაბამისი სწავლის ახალი მეთოდები დანერგონ.

ციფრული აპლიკაციები და ციფრული გრაფიკა 

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორად შერჩეული საგანმანათლებლო  ციფრული აპლიკაციების ზომიერი გამოყენება ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას.  ციფრულ ეპოქაში თანამედროვე  ბავშვების აზროვნებაც განსხვავებულია.ილუსტრატორები ახალი გამოწვევების და მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდნენ .  ტექნოლოგიების ეპოქაში,  ციფრული  კომიქსების და სურათებიანი წიგნების სახით,   ძველთან შერწყმით  ახლებური ხედვის აღორძინებას ცდილობენ.

ციფრული ხატვისა და კომიქსების შექმნის პლატფორმები, მაგალითად,  აპლიკაციები Procreate ან Canva, ბავშვს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი იდეები,  ვიზუალურად ,  მინიმალური ძალისხმევით თავად  შექმნას.  სურათებიანი კომიქსები, რომლებიც სავსეა ემოციური სიუჟეტებითა და პერსონაჟების თავგადასავლებით, ბავშვებს ასწავლის ემოციური მდგომარეობის გაგებას და მართვას.

ეკრანდამოკიდებულება  და  სკოლის ასაკის ბავშვების ჰოლისტური განვითარება

 

ეკრანთან ზედმეტი დროის გატარება მთელ რიგ პრობლემებს იწვევს, რომელიც ბავშვთა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად  ვლინდება.   ადრეული ასაკიდან მოყოლებული ბავშვი სამყაროს ნახატებით და   ხატვით ეცნობა.  თუ ეს პროცესი ჩანაცვლებულია გაჯეტებით,  მაშინ გონებრივი განვითარების ,  ხელისა და თვალის     კოორდინაციის  შეფერხებას მივიღებთ, რადგან  გაჯეტებისა და ციფრული აპლიკაციების შეჩვევის  შემდეგ   უჩნდებათ ყველაფრის სწრაფად   მიღების, სწრაფად შექმნის  დაუძლეველი სურვილი.

კვლევები რომელიც ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნებში  საგანგაშოა.  კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა საქართველოში.  რადგან დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით,   სადაც მოქმედებს  ეკრანდამოკიდებულებისგან  დაცვის მექანიზმები და ტექნოლოგიების გამოყენების რეგულაციები, საქართველოში   არ ხდება კონტროლი და მონიტორინგი .  ხშირად  ბავშვებს   საბავშვო წიგნების ნაცვლად  მშობელი თავად აჩვევს  გაჯეტების გამოყენებას.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის  JAMA Pediatrics  კვლევის მიხედვით,   იმ ბავშვებს, რომლებსაც  2- წლამდე ჰქონდათ გაჯეტებთან  ორ საათიანი  კონტაქტი,  8- წლის ასაკში აღმოაჩნდათ მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები.    დასავლეთის ქვეყნებში აკრძალულია 2 – წლამდე ბავშვების პლანშეტებთან კონტაქტი.

პედიატრები და ფსიქოლოგები  საუბრობენ    საგანგაშო დარღვევებზე. ეკრანდამოკიდებულება  აფერხებს  ბავშვის შუბლის წილის განვითარებას,     რომელიც  პასუხისმგებელია შემოქმედებითი აზროვნების   გენერირებაზე.    გაჯეტები კი  სწრაფად აწვდიან მზა კონტენტს, რაც ხელს უშლის ბავშვის წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას.

ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვების ეკრანდამოკიდებულება მნიშვნელოვნად ზრდის კლიპური აზროვნების რისკს.

ფსიქოლოგი და „მწვანე სახლის“ დამფუძნებელი, მარინა ტარასაშვილი აღნიშნავს ;  ,,ჩვეულებრივ , ჩვილ ბავშვთა  ხედვა და აღქმა   სიბრტყობრივია .   ეს ნორმალურია,  რადგან   სიღრმის აღქმა თანდათან უვითარდებათ .  მაგრამ,  როდესაც  ორი  თვის ბავშვს პლანშეტს მიაწვდიან, აღქმა აღარ ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს სივრცეში დაკარგულობა და    კოგნიტური უნარების  განვითარების შეფერხება.   მობილური  იმდენად მძაფრია თავისი ფერებით, რომ სამყარო, რომელიც ბავშვმა თავად უნდა შეიცნოს, მისთვის საინტერესო აღარ არის. რადგან უფრო მძაფრი უკვე ნანახი აქვს. “     ამასთან ერთად,  ჩნდება მეტყველების პრობლემა.   არ   აქვთ წაკითხვის და გააზრების  სურვილი.   ეკრანდამოკიდებული  ბავშვები ხშირად  აკვიატებულად  ხატავენ საზარელ  პერსონაჟებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით  ფსიქოლოგის მოსაზრება ასეთია:  ,, ზღაპრის წაკითხვისას ბავშვი ვერ წარმოიდგენს  იმაზე მეტ საშიშ სცენას,  რამდენადაც  მის ფსიქიკას შეუძლია წარმოიდგინოს და თანხმდება, რომ ეს ზღაპარია და არა რეალობა.   ხოლო,   როცა  საშიშ მონსტრებს უყურებ,ს ის  მას რეალობად აღიქვამს  და აქ  კარგავს კავშირს რეალობასა და არარეალობას შორის“ .

2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება ასოცირდება კოგნიტური და ქცევითი პრობლემების გაზრდასთან (Twenge & Campbell, 2020).

საქართველოში ფსიქოლოგიური ცენტრი MentalHub-ის კვლევის მიხედვით,  ბავშვების 10-30%  ინტენსიურად იყენებს სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებს.

ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, აღენიშნებათ:

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD):  აქვთ  აღქმის პრობლემები, მეხსიერების  და პრობლემების გადაჭრის უნარის დაქვეითება.

ინსომნია (Insomnia)

მოტორული განვითარების დარღვევა. პასიურობა და ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა.  მხედველობის გაუარესება.

ემოციური დისრეგულაცია, ნევროლოგიური დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, ფობიები, ტიკები.

სოციალური იზოლაცია, კომუნიკაციის უნარის დაქვეითება, ემპათიის ნაკლებობა ან საერთოდ არქონა.

რეალობის აღქმის ცვლილება, რეაგირების უნარის დაქვეითება.

ჩამოთვლილი დარღვევები უმეტესად გამოვლინდება 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან:  ამ პერიოდში ტვინი ინტენსიურად ვითარდება და ტვინის სტრუქტურის ფორმირება, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია გარემოზე და აქტივობებზე. ამ პერიოდში ყალიბდება აკადემიური უნარები, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გამოყენებას.  სკოლაში კი უკვე დამდგარ შედეგს ვხედავთ.

ზოგადად,  6-დან 12 წლამდე ბავშვების გაჯეტდამოკიდებულებაზე ინდივიდუალურად ჩატარებულ  გამოკითხვაში ორასი  მოსწავლიდან,  30 %  დიდი დოზით იყენებს სმარტფონებს ან გაჯეტებს.  გარდა ამისა,   დაბალია ცნობიერება,  ტექნოლოგიების კონტროლის მექანიზმებისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტების შესახებ (მაგ. როგორებიცაა:  მშობლის კონტროლის აპლიკაციები, ეკრანის დროის მონიტორინგი; Google Family Link, Apple Screen Time.  „No Phone Zones“ – გაჯეტების აკრძალვა სამზარეულოში).  აუცილებელია, ჩვენთანაც დაინერგოს ბავშვის ციფრული ქცევის მონიტორინგი.

 

რა არის ვიზუალური კლიპური აზროვნება  ?

 

კლიპური აზროვნება თანამედროვე   სამყაროს კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც ეკრანდამოკიდებულებამ მოიტანა.  განსაკუთრებით ბავშვებში ვლინდება და ხასიათდება ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების სპეციფიკური ფორმით,  ფრაგმენტული და ზედაპირული ცოდნის მიღებით.

კლიპური აზროვნების დროს, მოზარდი ინფორმაციას აღიქვამს მოკლე და  ვიზუალური კლიპების სახით, რაც ხშირად იწვევს ყურადღების კონცენტრაციის შემცირებას და სიღრმისეული ანალიზის უნარის დაქვეითებას.

მოსწავლეებს, რომლებსაც აღენიშნებათ კლიპური აზროვნება, სწრაფად გადაერთვებიან  სხვადასხვა ინფორმაციულ პლატფორმებს  შორის, რაც გამოწვეულია თანამედროვე მედიისა და ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ინტერნეტის და სოციალური ქსელების, გავლენით.

ვიზუალური კლიპური აზროვნების გავრცელების  სიღრმისეული შესწავლა  ახლაც მიმდინარეობს.  საქართველოში ამ მიმართულებით სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა ,  თუმცა  ნეგატიურ გავლენებზე  აქტიურად  ვსაუბრობთ.

ბავშვებში  კლიპური აზროვნება გამოიხატება შემდეგი ნიშნებით:

ინფორმაციის ფრაგმენტული აღქმა:    მაგ:  ბავშვმა წაიკითხა სურათებიანი წიგნის მხოლოდ გარკვეული ნაწილი და ვერ დაიმახსოვრა მთავარი გმირის მიზანი ან ამბის დასასრული,  რადგან ის  იმახსოვრებს მხოლოდ ცალკეულ ფაქტებს ან მოვლენებს, მაგრამ უჭირს მათ შორის კავშირების დანახვა და მთლიანობის აღქმა.   ამჯობინებს მოკლე, სწრაფად ცვლად ვიზუალურ მასალას და უჭირს გრძელი ტექსტების მოსმენა ან წაკითხვა.

ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება: თანამედროვე გაჯეტები და სოციალური მედიაპლატფორმები ბავშვებს სთავაზობენ სწრაფად ცვლად ვიზუალურ კონტენტს, რომელიც კლიპური აზროვნების როლს აძლიერებს,რაც თანამედროვეობის ყველაზე დიდ  გამოწვევად იქცა, რომელიც საჭიროებს მშობლებისა და პედაგოგების  მეტ ყურადღებას.

კლიპური აზროვნების მართვა შესაძლებელია სწორი მიდგომებისა და ბალანსის დაცვით, რაც ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელია.

ახალი  საბავშვო გრაფიკა

სწორედ მედიაპლატფორმები და კლიპური აზროვნება გახდა ის წინაპირობა, რამაც შემოიტანა და დანერგა სურათებიანი წიგნებით და  კომიქსებით მეტად  დაინტერესება. სადაც თხრობის მთავარი ინსტრუმენტი არა ტექსტი, არამედ ნახატებია.

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან  იაპონურ კულტურაში ცნობილია    ,, მანგა ,,   როგორც მისი დასავლური შესატყვისი „კომიქსი“, ვგულისხმობ  არა მარტო  კარიკატურას, არამედ მულტფილმსაც. მანგამ  საფუძველი  დაუდო    ანიმეს  შექმნასაც.  დღეს საუბარია მანგას ესთეტიკურ ცვლილებებზე და  მის  ზეგავლენებზე.  გავაანალიზოთ  ის ფაქტორები,  რამაც ჩამოაყალიბა    ვიზუალური კლიპური აზროვნება.  რის შედეგადაც მივიღეთ ახალი  საბავშვო გრაფიკა, რომელმაც მეტი კრეატივი,  განსხვავებული  თავისებურება და ინდივიდუალიზმი შემოიტანა ქართულ  და არამარტო ქართულ სივრცეში.  თანამედროვე     ბავშვს გაუადვილდა ინფორმაციის დამუშავების უნარი,  რადგანაც სურათებიანი კომიქსები აერთიანებს  ვიზუალურ და ტექსტურ ელემენტებს და  ხელს უწყობს ინფორმაციის დამახსოვრებას და ანალიზს.

ბავშვები იყენებენ სურათებს და ვიზუალურ ელემენტებს იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ ახალი ინფორმაციული კონცეფციები.  სადაც თხრობის მთავარი ინსტრუმენტი არა ტექსტი, არამედ ნახატებია.

გაჯეტებიც მსგავსი მიდგომებით ხასიათდება (მაგალითად, თამაშები, რომელთაც აქვთ ვიზუალური და ინტერაქტიური ელემენტები).

 

ტექნოლოგიური გავლენა

 

კომიქსები და სურათებიანი წიგნები და  მულტიმედია კომპონენტები, შეიძლება ნაკლებად აღმოფხვრიდნენ ბავშვის ინტერესს რეალურ სამყაროზე, ვიდრე გაჯეტები. თუმცა, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ სურათებიანი წიგნები, სადაც ბავშვს შეუძლია აღიქვას  ტექსტი და სურათები  ერთმანეთთან  კომბინაციაში,  ეხმარება მას კონცენტრაციაში, სიუჟეტის უფრო ღრმად აღქმასა და გააზრებაში,  კრიტიკულ აზროვნებაში.

მაგალითად,  მსოფლიოში ცნობილი   დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსი გამომძიებელი ,, დოგმენი’’ ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და ნამდვილი გმირი. წიგნი-კომიქსი  ძალიან   პოპულარულია  საქართველოშიც. რადგან აერთიანებს მარტივ ტექსტს და იუმორისტულ ილუსტრაციებს.    ეს მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს   ისეთ თემებზე, როგორიცაა; სიკეთე, თავდადებულობა და საქმის ერთგულება.   თანდათან, კომიქსებისა და სურათებიანი წიგნების  კეთების პროცესმა ანიმაციაშიც გადაინაცვლა.

 

 

ამგვარად, შესამჩნევია პროცესი, თუ როგორ ყალიბდება თანამედროვე ილუსტრაციები, კლასიკურთან და ციფრულთან შერწყმით . ეს გარდაუვალი პროცესია, მისი სწორად და სწრაფად განვითარება თანამედროვე  ილუსტრაციის ახალი ეპოქის ჩამოყალიბებას გვაზიარებს.   ამასთან ერთად, სურათებიანი წიგნები და კომიქსები  ხელს   უწყობს  ბავშვის ემოციური ინტელექტის და კოგნიტური  უნარის განვითარებას.

ეკრანდამოკიდებულებამ მოიტანა ბავშვების   ინსტრუქციებზე დამოკიდებულება  –   მათ ვერ წარმოუდენიათ ინსტრუქციების გარეშე მოქმედება.    გაჯეტების შემდეგ,   სწორედ  სურათებიანი წიგნები და   კომიქსები აღმოჩნდა  საუკეთესო ვიზუალური სტიმულატორი ბავშვებისთვის.   შეიძლება ითქვას, გადამრჩენი . ასეთი  წიგნების სწორად გამოყენების და   საკუთარი ხელით    შექმნის წახალისების   შემთხვევაში  ხდება ბავშვის კოგნიტური და ემოციური უნარების   გაძლიერება.    რაც შეეხება კლიპურ აზროვნებას , მიუხედავად იმისა,  რომ  ახალი გამოწვევაა, სწორი მიდგომებით და   შესაბამისი მეთოდებით შესაძლებელია მისი ზეგავლენის შემცირება,   რათა მოვახდინოთ  მოსწავლის  ჰოლისტური  განვითარება.

გამოყენებული ლიტერატურა

American Academy of Pediatrics. (2018). Screen time recommendations for children.

Associations between infant screen use, electroencephalography markers, and cognitive outcomes. JAMA Pediatrics.

Clinician staffing and quality of care in US health centers.

Mental Hub. (n.d.). https://mentalhub.ge

Twenge, J. M., & Campbell, K. (2020). The impact of screen time on child development.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...