ალბათ, მრავალი ჩვენგანი შეხვედრია ბავშვს, რომელსაც აქვს დაკვირვების კარგად განვითარებული უნარი; სწრაფად კითხულობს ან კითხვა ისწავლა ძალიან ადრე, ხშირად – სასკოლო ასაკამდე, აქვს კარგად განვითარებული ლექსიკა, მოსწონს უჩვეულო და ახალი სიტყვების გამოყენება; ახასიათებს ძლიერი ცნობისწადილი, ინფორმაციას ღრუბელივით ისრუტავს; აქვს ძალიან კარგი მეხსიერება – შეუძლია ინფორმაციის გახსენება სხვადასხვა ვითარებაში, ასევე ახასიათებს ხანგრძლივი პერიოდით ძლიერი კონცენტრაციის და მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის ძალიან კარგი უნარები, აქვს ინტენსიური სპეციფიკური ინტერესები; არაჩვეულებრივი ფანტაზია; აინტერესებს ზოგადსაკაცობრიო საკითხები (სამყაროს არსი, მსოფლიოში უსამართლობის პრობლემა, გარემოს დაცვა); იმავდროულად, არის ძალიან მგრძნობიარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ნერვიულობდეს, წუხდეს და ადვილად უცრუვდებოდეს იმედი; ძალიან შფოთავდეს უფლებების დარღვევის, დანაშაულის ჩადენის და, საზოგადოდ, უსამართლობის გამო.
ალბათ, შევხვედრივართ იმგვარ ბავშვებსაც, რომლებიც ძალიან კარგები არიან მათემატიკაში, მაგრამ შედარებით ცუდად კითხულობენ ან პირიქით, ანუ ახასიათებთ ასინქრონული განვითარება, რომლის დროსაც ინტელექტუალური უნარები საკმაოდ დაწინაურებულია, ხოლო მოტორული თუ სოციალური უნარები ჩამორჩება და ბავშვის კოგნიტიურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას შორის შეუსაბამობა- ასინქრონულობა საკმაოდ გამოხატულია.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ შეუსაბამობის/ასინქრონულობის მიუხედავად, ისინი ნიჭიერი ბავშვები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასინქრონული განვითარება და არა უნარი ან შესაძლებლობა არის ნიჭიერების განმსაზღვრელი მახასიათებელი.
შემუშავებულია[1] ნიჭიერების განმარტებაც, რომელიც ამ არათანაბარი განვითარების არსს ასახავს. აღნიშნული განმარტების თანახმად, რაც უფრო ნიჭიერია ბავშვი, მით უფრო ასინქრონული შეიძლება იყოს მისი სხვადასხვა სფეროს განვითარება. ასინქრონული განვითარების შემთხვევაში ნიჭიერი ბავშვები ინტელექტუალურად უფრო სწრაფად და უფრო მეტად ვითარდებიან, ვიდრე სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად. მაგალითად, არ არის იშვიათი, როცა 7 წლის ნიჭიერი ბავშვი კითხულობს მე-6 კლასის დონეზე, ასრულებს მათემატიკის დავალებებს მე-4 კლასის დონეზე, მოტორული უნარები კი მე-2 კლასის დონეზე აქვს განვითარებული. ზოგჯერ იგივე ბავშვი სოციალურად თანატოლებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე ფუნქციონირებს.
მაღალი შემეცნებითი შესაძლებლობებისა და ინტენსივობის გამო ნიჭიერი ბავშვები აღიქვამენ სამყაროს და ურთიერთობენ მასთან უნიკალური გზებით. შედეგად ასეთ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ დიდი მხარდაჭერა და გაგება როგორც შინ, ასევე სკოლაში. შესაძლოა, ბავშვი ძლიერ განიცდიდეს და უსაფუძვლოდ ნერვიულობდეს იმაზე, რაც სხვებს უმნიშვნელოდ, წვრილმანად მიაჩნიათ. მათ შესაძლოა უჭირდეთ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება სკოლაში, თანატოლების წრეებში, რადგან სხვებს ისინი ცოტა „უცნაურებად“ ეჩვენებათ. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს, განსაკუთრებით – დაწყებითი სკოლისას, ჰქონდეთ სპეციალური მომზადება ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერის სფეროში, რაც მათ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის თავისებურებების გაცნობიერებაში დაეხმარება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს ესმოდეთ, რომ „ერთი ზომა ყველას არ ერგება“ და ის ნიჭიერი ბავშვებიც კი, რომლებსაც ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით ერთნაირი აქვთ, შესაძლოა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან უნარებით, პიროვნული მახასიათებლებით, განვითარების ტემპით, შესაძლებლობებით ან ინტერესებით.
ერთი მხრივ, სოციალური უნარები, მეგობრების შეძენა-შენარჩუნება და, საზოგადოდ, სოციალური სფერო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფეროა ნიჭიერი ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, მეგობრების ყოლას და მათთან ურთიერთობას ცენტრალური ადგილი უკავია ბავშვის მაღალ თვითშეფასებაში. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები შესაძლოა თანატოლებისგან განსხვავებულად განიცდიდნენ სამყაროსა და მოვლენებს. თანატოლებისგან მათი იზოლაცია შესაძლოა საკმაოდ ადვილად მოხდეს, განსაკუთრებით სკოლაში, სადაც ნიჭიერი ბავშვების თანდაყოლილი მგრძნობელობა და მათ მიერ სამყაროს „ზრდასრული“ აღქმა კიდევ უფრო ართულებს მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. ნიჭიერი ბავშვები თანატოლებმა შესაძლოა ცოტა „უცნაურებად“ ჩათვალონ მათი ზრდასრული ენისა და ინტერესების გამო. გარდა ამისა, შესაძლოა, ნიჭიერმა ბავშვებმა თანატოლებზე მენტორობის ტენდენცია გამოავლინონ, რაც მათი თანაკლასელებისთვის მიუღებელი იქნება და ნიჭიერ ბავშვთან ურთიერთობის სურვილის უქონლობას განაპირობებს.
ნიჭიერი ბავშვებისთვის აშშ-ის ეროვნულმა ასოციაციამ მოამზადა მასალა[2], რომელშიც შეჯამებულია ნიჭიერი ბავშვების ემოციური და სოციალური სტატუსის შესახებ დაგროვილი ცოდნა. აღნიშნულ მასალაში საუბარია გარკვეულ კავშირზე ნიჭის ქონასა და ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა დეპრესია, ქცევითი გადახრა/კანონდარღვევა, პერფექციონიზმი, სუიციდის ტენდენცია და სტრესზე რეაგირების განსხვავებული ფორმები. ამრიგად, ნიჭის ქონა არ გულისხმობს ემოციური პრობლემებისგან დაცვას. სწორედ ასინქრონული განვითარება, რომელიც ხშირად ვლინდება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან (რაც გამოიხატება იმით, რომ ინტელექტუალური განვითარება 14 წლის ბავშვის შესაბამისია, ხოლო ფიზიკური და სოციალურ-ემოციური განვითარება – 8 წლის ასაკის შესაბამისი), ქმნის გარკვეულ გამოწვევებს როგორც თავად ბავშვისთვის, ისე მისი გარშემო მყოფებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა ატიპური განვითარების ეფექტების შესახებ.
მიჩნეულია, რომ[3] ნიჭიერი ბავშვები საკუთარ თავს ხშირად მაღალ სტანდარს უწესებენ, რაც გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. უმაღლესი შესრულება დამოკიდებულია საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დასახვასთან და ეს სტანდარტები, როგორც ჩანს, აუცილებელი კომპონენტია მაღალი პროდუქტიულობისა, რომელსაც მოელიან ნიჭიერი მოსწავლეებისგან. თუმცა ზოგჯერ პერფექციონიზმი გადაიზრდება ხოლმე ნევროტულ შესრულებაში. ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან აქვთ გამოცდილება, მიაღწიონ წარმატებას ყველაფერში, რასაც კი აკეთებენ, რადგან, როგორც წესი, გარშემო მყოფები მათ შესაძლებლობაზე ნაკლებ გამოწვევას სთავაზობენ. თუ პერფექციონიზმი იქცა ნევროზად, მოსწავლე შესაძლოა გახდეს „წარუმატებლობისთვის თავის ამრიდებელი“. მაგალითად, პერფექციონისტ მოსწავლეს შესაძლოა ჰქონდეს დეპრესიული რეაქცია, თუ მან დავალებაში 100 ქულიდან თუნდაც მხოლოდ 95 მიიღო. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა და სხვებმა ხაზი გაუსვან, რომ მაღალ მიღწევებს ცხოვრებაში რაღაც დონეზე თან სდევს წარუმატებლობაც. მეორე მხრივ, აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, რომ 100 ქულიდან 95-ის მიღება მისი წარუმატებლობის ინდიკატორი არ არის. ბავშვს, რომელიც მიჩვეულია, რომ ყველაფერში საუკეთესო შედეგს იღებს, შესაძლოა, ძალიან მტკივნეული რეაქცია ჰქონდეს, თუ ვერ შეძლო რაიმე სპორტულ თამაშში გამარჯვება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის მტკიცება: „მე წარუმატებელი ვარ“, – ნიშნავს, რომ შედეგი/ქცევა არ დაემთხვა მის მიერ საკუთარი თავისთვის დასახულ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
[1]კოლუმბუსის ჯგუფის (Columbus Group) მიერ, 1991 წელს.
[2]https://www.nagc.org/
[3]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf