ლიტერატურაიაული კაფეს შექმნის იდეა მასწავლებელთა გუნდური თანამშრომლობით დაიბადა. ლიტერატურული ასპექტების მათემატიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებამ შექმნა ისეთი უნიკალური გარემო, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს არა მხოლოდ ნაწარმოებების შინაარსზე დაფიქრება, არამედ მათში გამოყენებული ლოგიკური და ანალიტიკური ელემენტების გაცნობიერებაც.
ლიტერატურული კაფეს შესაქმნელად, წიგნიერების გაკვეთილებზე, მყუდრო გარემოში ვიკრიბებოდით და ვუზიარებდით ერთმანეთს თითოეულ იდეას. გადავწყვიტეთ, მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის უკეთ გაგვეცნო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება. ბავშვებისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო, დავგეგმეთ, შეგვერჩია სხვადასხვა, მათთვის უცნობი მოთხრობა, მათთვის საინტერესო რომ ყოფილიყო და კითხვის პროცესში უფრო კარგად დაენახათ მწერლის შემოქმედება. შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ილუსტრაციები, თითოეულ მოთხრობაში დაეთვალათ პერსონაჟები(რადგან მათემატიკაშიც სწორედ ამ საკითხზე მუშაობდნენ), მათი სახელები კი გამოეყენებინათ მათემატიკური ამოცანების შესაქმნელად. ამ მეთოდით მოსწავლეებმა იმუშავეს შეკრების ხერხებზე. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, პროექტის ბოლოს, გადავწყვიტეთ ერთი დღე მიგვეძღვნა იაკობ გოგებაშვილისთვის. ასე დაიბადა ჩვენი კაფეს სახელწოდება- „წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი ბედნიერება“. მოსწავლეებმა კლასის წინაშე წარადგინეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები და გმირები, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები, ემოციები და მათივე შექმნილი მათემატიკური ამოცანები. გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევრები ერთ დიდ წიგნად შეგვეკრა, ერთად ვიფიქრეთ მის ყდაზე, სარჩევზე, შინაარსსა და ფორმაზე. ყდაზე იაკობ გოგებაშვილის პორტრეტი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით გამოვსახეთ და იქვე მათემატიკური რიცხვები და ფიგურებიც დავიტანეთ, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო მკითხველისთვის.
რატომ იაკობი და მათემატიკა?
შეხვედრა გავმართეთ კლასში, სადაც ყველამ ჩვენი როლი გავინაწილეთ. ზოგი უკრავდა, ზოგიც იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას გვიზიარებდა, კითხულობდა და ტკბილ მაფინებში მოცემულ კითხვებს სცემდა პასუხს. თითოეულის სურვილი იყო, მეტი ესაუბრათ იაკობ გოგებაშვილზე, ესაუბრათ ემოციებზე, გამოცდილებებზე, იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამოცანების შედგენა, ილუსტრირება, კომიქსების შექმნა.
ბავშვები ცდილობდნენ, ეპოვათ პასუხი კითხვაზე: „რატომ არის წიგნი თავისუფლება და კითხვა ბედნიერება ?“
ლიტერატურულმა კაფემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნები ნამდვილი მეგობრები არიან. მათი საშუალებით ბავშვები სწავლობენ თავისუფალ აზროვნებას და ბედნიერებას პოულობენ პატარა დეტალებში. ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას და წიგნის სიყვარულს აძლიერებს. როდესაც ბავშვებს ვასწავლით წიგნის სიყვარულს, ვცდილობთ თავისუფალ აზროვნებას შევაჩვიოთ, დავანახოთ ცოდნის შეძენის აუცილებლობა.
რატომ გვჭირდება მსგავსი ტიპის აქტივობები?
ლიტერატურული აქტივობა, როგორიცაა ლიტერატურული კაფე, მრავალმხრივ სასარგებლოა მოსწავლეთა პიროვნული და გონებრივი განვითარებისთვის, ხელს უწყობენ ბავშვის ფანტაზიის, კრიტიკული აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას. კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ეს პროცესი, თუ საგანთა ინტეგრირებასაც მოიცავს. მსგავსი ტიპის აქტივობებით შეგვიძლია მოსწავლეებს განვუვითაროთ:
- ფანტაზიის უნარი: წიგნების კითხვა და მათზე მსჯელობა ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის უნარს. კითხვის დროს ისინი ქმნიან ახალ სამყაროს თავიანთ გონებაში, რაც შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება: წიგნების განხილვისას ბავშვები სწავლობენ აზრის ჩამოყალიბებას, დასაბუთებასა და განსხვავებული პოზიციების გაგებას;
- ემოციური ინტელექტი: წიგნების პერსონაჟებთან ემოციური კავშირი ბავშვს ეხმარება თანაგრძნობის, სიბრალულისა და ემოციების მართვის უნარების განვითარებაში;
- სოციალური უნარების გაძლიერება: მსგავსი აქტივობები ჯგუფურ მუშაობას უწყობს ხელს, რაც ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარს უვითარებს;
- მოტივაციის ამაღლება: როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და მათ უსმენენ, ახალი ცოდნის შეძენა მათთვის საინტერესო ხდება;
გამოყენებული ლიტერატურა:
I. კოტორაშვილი ლ. –„ როგორ განვამტკიცოთ ფორმალურ გარემოში შესწავლილი მეთოდები – ლიტერატურული კაფე“ – https://mastsavlebeli.ge/?p=19457
II. ციცვიძე ნ. – „ინტეგრირებული გაკვეთილი და მოტივაცია“- https://mastsavlebeli.ge/?p=20562
III. Instructional Materials in Teaching | Types & Examples-https://study.com/academy/lesson/instructional-materials-definition-examples-evaluation.html