პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

0

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა წარმოადგენს. მაშასადამე, სახელმწიფოს დონეზეა აღიარებული, რომ საქართველო ყველაფერს უნდა აკეთებდეს ჩრდილოეთიდან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.

სამოქალაქო საზოგადოების ერთ ნაწილს დამპყრობელთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ვერბალური ჯანყი მიაჩნია. ისინი ჩხუბობენ, ყვირიან, ილანძღებიან, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს აფრქვევენ, გულს იოხებენ და ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების ამოცანის გადაწყვეტაშიც ლომის წილი მიუძღვით. საუბედუროდ, ასე მარტივად არ არის საქმე, მხოლოდ ბრაზითა და მისი გამოხატვით საქმე არ კეთდება. ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება გამოგვადგეს, ეს ცოდნაა. განსაკუთრებით კი რუსეთის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური წარსულის გააზრება გვჭირდება.

თუმცა, რუსეთის შესახებ ცოდნის დაგროვების გზაც დანაღმულია. იდეოლოგიზებული მეცნიერები ათწლეულია ქარხნული წესით აწარმოებენ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს, რომელთა მიზანი ისტორიის სარკის გამრუდება და სიმართლის სიცრუით ჩანაცვლებაა. დანაღმულ ველზე შესვლა საქართველოში არავის სურს. ნელ-ნელა ქრება ინსტიტუტები, რომელთაც საკითხის შესწავლა ოფიციალურად ევალებოდათ. მაგალითად, ქვეყნის N1 უნივერსიტეტში რუსეთისმცოდნეობის განყოფილება პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ურთულესი ვითარების მიუხედავად, უდაბნოში მაინც დაეხეტებიან იდეალისტები, ეძებენ საუკეთესო მასალებს და ცდილობენ, ნაპოვნი მარგალიტები ჩვენც გაგვიზიარონ. მეუდაბნოეთა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ მარინა და ირაკლი ლომოურები.

და-ძმა ლომოურებმა შეუძლებელი შეძლეს. მათ გულდასმით წაიკითხეს ქართული წარმოშობის თანამედროვე რუსი მწერლის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ბორის აკუნინის ცხრატომეული „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“.

გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინის ნამდვილი სახელი და გვარი) პროფესიით ისტორიკოსია, ბოლო რამდენიმე ათეული წელია უამრავ დროს უთმობს რუსეთის წარსულის გააზრებას. მისი მიზანია, ისტორიის მეცნიერება და ლიტერატურა ერთმანეთთან დააკავშიროს და თანამემამულეებს ადამიანურ ენაზე, პოლიტიკური კლიშეების გარეშე მოუყვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს წარსული. რაც მთავარია, აკუნინს სხვებთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვს. ჩხარტიშვილი მხოლოდ ნიჭიერი მწერალი, გამორჩეული მთარგმნელი და კარგი ისტორიკოსი კი არ არის, „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ ავტორი პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და უკომპრომისო კრიტიკოსია. 2011 წელს ჩართული გახლდათ „ბალოტნაიას“ წინააღმდეგობის მოძრაობაში, იყო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრი, გმობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და რუსეთ-უკრაინის ომს. ამჟამად, აკუნინი რუსეთის ფედერაციის მიერ „უცხოეთის მსახურად“ არის გამოცხადებული, ირიცხება „ტერორისტთა და ექსტრემისტთა რეესტრში“, აკუნინი 2014 წლიდან ემიგრაციაში (ლონდონში) ცხოვრობს, რუსეთში კი მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ლომოურები აკუნინის ცხრატომეულის წაკითხვას არ დასჯერდნენ. თუმცა, ისიც მალევე გააცნობიერეს, რომ ასობით გვერდის გადმოქართულებისთვის საკმარისი დრო და რესურსი არ გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, საქმეს შემოქმედებითად მისდგომოდნენ და ორიგინალური მეთოდების გამოყენებით გამოენახათ გამოსავალი. ქ-ნმა მარინამ და ბ-ნმა ირაკლიმ ქართველ ახალგაზრდობას „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ მიმოხილვა-გზამკვლევი მოუმზადეს. მიმოხილვა-გზამკვლევი აკუნინის ცხრავე ტომის შესავალსა და დასკვნას აერთიანებს. მაშასადამე, მათ წიგნების სერიის კონსპექტი შეადგინეს, რათა ქართველ ახალგაზრდებს გაუადვილდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმა ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევის შესწავლის საქმეში. და-ძმამ პირველი კენჭი ჩააგდო უზარმაზარ უფსკრულში მის ამოსავსებად. აღსანიშნავია, რომ წიგნი ლომოურებმა თავიანთი სახსრებით გამოსცეს, უფასოდ გაავრცელეს და გზამკვლევის ელექტრონული ვერსიაც გაასაჯაროვეს.

რა არის მიმოხილვა-გზამკვლევის მთავარი სათქმელი?

აკუნინის ცხრატომეული რუსეთის ისტორიის შესახებ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომია. ის რუსეთის წარსულის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს კრიტიკულად, სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს. აკუნინი ოსტატურად აღწერს, როგორ დაიბადა ვიკინგებისა და ბიზანტიის დამაკავშირებელ სავაჭრო გზაზე დასავლური ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, როგორ გაანადგურეს იგი თათარ-მონღოლთა ურდოებმა და საბოლოოდ დაუმახინჯეს ევროპული შინაარსი. ზესტაფონში დაბადებული ავტორი გვიმტკიცებს, რომ თანამედროვე რუსეთს ორი მშობელი ჰყავს – კიევის რუსი და ოქროს ურდო. ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ ოქროს ურდოს მემკვიდრეობა გაცილებით უკეთ არის შემონახული, ვიდრე კიევის პერიოდისა.

„ოქროს ურდოს“ მემკვიდრეობა რუსეთის საბედისწერო პარადიგმაშია განხორციელებული, რომელიც, მწერლის აზრით, შემდეგ ხუთ პრინციპს ეფუძნება:

  1. სახელმწიფო უნდა იყოს ცენტრალიზებული, ყველაფერი ყაენის იურტაში, „ყაენის სადგომში“ უნდა წყდებოდეს. უზარმაზარი ქვეყნის ბედსა თუ წვრილმანების განკარგვის საკითხს ხელმწიფე და მისი გარემოცვა უნდა განსაზღვრავდნენ.
  2. ხალხი უნდა ცხოვრობდეს, შრომობდეს, იბრძოდეს სახელმწიფოსთვის და არა პირიქით. ხალხი ხელისუფლების მსახურია და არა პირიქით.
  3. ხელმწიფე საკრალური, გაღმერთებული ფიგურაა. სისტემაში არ არსებობს ძალაუფლების რაიმე სხვა ცენტრი ან ინსტიტუტი.
  4. ხელმწიფის ნება, სურვილი, აკვიატება, მისწრაფება, თუ განზრახვა კანონზე უფრო მაღლა დგას.
  5. პირადი უფლებების ნაცვლად უცილობლად ყალიბდება პირადი პრივილეგიების სისტემა, რომელსაც ზემოდან ანიჭებენ (ან ართმევენ), რაც „ხელისუფლების ვერტიკალს“ გარკვეულ სიმწყობრეს სძენს და მმართველობას აუმჯობესებს.

აკუნინი ლომოურების პირით გვიმტკიცებს, რომ საბედისწერო პარადიგმის ხუთ პრინციპს რუსეთის ისტორიაში ვერავინ მოერია. ვერც პეტრე პირველის მიერ გაჭრილმა ფანჯარამ შეცვალა რუსეთის მეფეთა ძალაუფლებრივი ლოგიკა, ვერც ეკატერინეს რეფორმებმა უყვეს ძვრა ჩაბეტონებულ პოლიტიკურ კულტურას და ვერც XIX საუკუნის შედარებით პროგრესულმა „ცარებმა“ გამოასწორეს რაიმე – პარადიგმა მაინც პარადიგმად დარჩა.

ისტორიისა თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე აკუნინის ფორმულის განხილვამ შეიძლება რომელიმე მოსწავლეში ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელი ინტერესი გააღვიძოს. დღეს სკოლის პედაგოგებზეა დამოკიდებულია, თუ როგორ გამოვიკვლევთ მომავალში ჩვენს სამეზობლოს.

„ძე მოგვებოძა, გვესვეტ-გვებოძა“  „დავითიანის“ ერთი სიმბოლოს გააზრებისთვის  

0

     დავით გურამიშვილის „დავითიანი“ სავსეა იმ სახე-სიმბოლოებით, რომლებიც ქართული მწერლობიდან, ქართული კულტურიდან მომდინარეობს. ამ ნაწარმოებში საქართველოს ისტორიისა და პოეტის ბიოგრაფიის გვერდით წარმოჩენილია ქრისტიანული მსოფლხედვის ავტორისეული ინტერპრეტაცია, მისეული აღქმა და გადააზრება, რაც ნაწარმოებს ორიგინალურობას და თვითმყოფადობას მატებს. სვეტი – „დავითიანში“ რამდენიმე ადგილას გვხვდება, ზოგადად, ნაწარმოების მხატვრულ სამყაროში ნათლის ესთეტიკა, როგორც საღვთისმეტყველო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმმართველი ფენომენი, თხზულების კომპოზიციის ერთ-ერთ შემკვრელ ელემენტად გვევლინება (ნ. სულავა).

„დავითიანში“ პირველად სვეტი ჩნდება პარადიგმული წინასახით:

„ცათა შინა ისრაელთა საზrდო უწვიმეო,

ეგრეცა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,

ქვეყანასა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,

ზედა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო“.

ნაწარმოების ეს ადგილი იამბიკოს ფორმით არის დაწერილი, ხოლო სათაურად წამძღვარებული აქვს: „ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა“, სადაც სტროფების პირველი სიტყვები ლოცვას, „მამაო ჩვენოს“ წარმოადგენს, რაც ავტორის სულიერ მდგომარეობას, უფლის მიმართ მის ვედრებას გამოხატავს. ასევე სტროფის პირველი სიტყვებით გამოთქმული ლოცვა შინაარსობრივადაც მიემართება სტროფის დანარჩენ სიტყვებს.

თემა ებრაელთა გამოსვლისა მონობიდან უფლის შეწევნით და დახმარებით, ქართულ სასულიერო მწერლობაში ხშირად გვხვდება. დავით გურამიშვილს იგი საკუთარი მსოფლხედვით დაუმუშავებია. უცხოობაში, ტყვეობაში პოეტს ღმერთი მონატრებია, რადგან მიუჩნევია, რომ უფლის მადლს მოაკლდა. ღმერთის ძიების ამ გზაზე კი მშიერი (როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად) დავითი ნათლის სვეტის მოვლენას ნატრობს, რომ ბნელი გაუნათოს და საკვები მიიღოს.

ზემოთ მოყვანილ სტროფში „მამაო ჩვენოს“ შემდეგი სიტყვებია ჩართული: „ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა“, რაც გამოხატავს იმ აზრს, რომ უფლის „ქვეყანაზე“ გამოჩენის, გამოვლენის საშუალება სწორედ ნათლის სვეტია.

ნათლის სვეტის, სვეტი ცხოველის უფრო ადრეული სახეც ჩანს „დავითიანში“:

„ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო“.

ამ სიტყვებით ავტორი მაცხოვარს მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ „დავითიანზე“ „ვეფხისტყაოსნის“ გავლენა ცხადია, „დავითიანი“ საოცარი ინდივიდუალურობითა და განსაკუთრებული პოეტური ხელწერით გამოირჩევა. დავით გურამიშვილი ახალ სამყაროს, ახალ რეალობას, ახალ სიტყვებსა თუ სიტყვათა შეთანხმებებს ქმნის, რომელთა სიმბოლური მნიშვნელობების გაანალიზებით საინტერესო სურათი წარმოგვიდგება.

სწორედ ასეთ „სიტყვაქმნადობას“, მოძველებულ ე.წ. ავტომატიზებული სიტყვების ახლით, დეავტომატიზებული ცნებებით შეცვლას მიიჩნევს ვიქტორ შკლოვსკი ნამდვილ პოეზიად, ნამდვილ ხელოვნებად: „და სწორედ იმისთვის, რათა დავიბრუნოთ საგანთა ცხოველი შეგრძნება და, მაგალითად, აღვიქვათ ქვა, როგორც ქვა, არსებობს ის, რასაც ხელოვნებას უწოდებენ. ხელოვნების მიზანს წარმოადგენს საგნის ხედვა და არა ამოცნობა, მხატვრული ხერხის არსი მდგომარეობს საგნების „გაუცნაურებასა“ და გართულებულ ფორმაში, რაც ამძაფრებს აღქმის სიძნელეს და ზრდის მის ხანგრძლივობას, რადგან ხელოვნებაში აღქმის პროცესი თვითმიზნურია და უნდა გახანგრძლივდეს. ხელოვნების დანიშნულებაა საგნის შექმნის განცდა, ხოლო მზა საგანი მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია..“ [ვ. შკლოვსკი].

დავით გურამიშვილის შემოქმედებაში ნამდვილი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სწორედ ასეთი მომენტები იკვეთება, რაც სვეტს უკავშირდება:

 გალობა

 მამავ, შენი ძეო, ვითხოვ მიბოძეო;

 ვიქცევი, ქვესკნეთს ვარდები, მისვეტ-მიბოძეო,

 რად გძინავს, აღდექ უფალო, აწ განიღვიძეო,

 მოდი, გამმართე წელ-გულში, სულ დავიბღუნძეო.

 ღმერთო, დავითის მთნეველო, მამაო და ძეო,

 ის მტერნი ჩემი მდევნელნი დევნე, განაძეო,

 შენ გამირკვიე დავითსა, რაც წინ გზა მიძეო!.

 

 დავითის შესხმა პირველი

 6.

 მან დამაყენა, წამოაყენა

 მან მზეთა-მზემან შარავანდედი,

 ბნელში მგდებარე გამოვედ გარე,

 ვითა დავღამდი, ისევ გავსთენდი!

 ძე მოგვებოძა, გვესვეტ-გვებოძა,

 მე დაქცეული მისგან ავშენდი,

 დავითს, დავითო, მიხამდა ვითო,

 ეგრეთ ნუგეშსმცა და მად ვაქებდი.

პირველი სტროფი ვედრებაა, თხოვნაა, მეორე სტროფში კი უკვე სამადლობელია, შესხმაა ღვთისათვის აღვლენილი. ავტორი პირველ პირში წერს, თუმცა, როგორც საერთოდ ჰიმნოგრაფიისათვისაა დამახასიათებელი, პოეტის „მე“ ამ შემთხვევაში მთელი კაცობრიობაა, რომელიც „ქვესკნეთიდან“, ჯოჯოხეთიდან დახსნას შესთხოვს ღმერთს. „დ. გურამიშვილის „მე“ დავითიანში გაცნობიერებულია შემდეგნაირად: პიროვნული „მე“ (მე – დავით გურამიშვილი: „ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება“, კრებულის ბოლოს „ამ წიგნის გამლექსავის სულის მოხსენიება“ და სხვანი), ეროვნული „მე“ (მე – დავით გურამიშვილი ქართველი: „ქართველთ უფალთა მეგვარტომეობის იგავი“, კრებულის ბოლოს – „საფლავის ქვაზედ დასაწერი“ და სხვანი); ზოგადადამიანური „მე“ (მე – დავით გურამიშვილი ქრისტიანი: „ლოცვანი“ და „ვედრებანი“, წიგნი ა და ბ; კრებულის ბოლოს – „ადამის საჩივარი“ და სხვა)“ [რ. სირაძე].

ზემოთ მოყვანილი პირველი სტროფი „ადამის ძეთა“ სათხოვარი უნდა იყოს; იმდროინდელი, სანამ მაცხოვარი განკაცდებოდა და ცოდვით დაცემული ადამიანის ცოდვებს საკუთარი სისხლით გამოისყიდდა, როდესაც განურჩევლად ბოროტისა და კეთილისა ჯოჯოხეთში იტანჯებოდა მათი სულები. ამ შემთხვევაში პოეტის „მე“ მეფსალმუნე დავითია, რომელიც მამა ღმერთს ადამიანთ საშველად და მხსნელად ძის მოვლენას სთხოვს, „მისვეტ-მიბოძეო“, წერს ავტორი და ღვთის გამოჩენის მოლოდინშია, ღვთის ძის ადამიანური სახით განსხეულება უფლის წყალობის უმაღლესი გამოვლინებაა. ამიტომ სვეტი იესო ქრისტეს სიმბოლოდაც არის მოაზრებული. თუმცა, აქ „სვეტს“ განსხვავებული დატვირთვაც შესძინა პოეტმა: სვეტს უდგამენ შენობას, რომ არ წაიქცეს და არ დაეცეს, სვეტი სიმყარის, სიმტკიცის სიმბოლოცაა. დავით გურამიშვილი როდესაც სვეტის სახე-სიმბოლოს მოიხმობს, მეორე მნიშვნელობასაც გულისხმობს, ადამიანებს სვეტი სჭირდებათ, რომ მას დაეყრდნონ, მიენდონ და „ქვესკნეთს არ ჩავარდნენ“, წელში გაიმართონ. სწორედ ამ სვეტად მოევლინებათ მათ ძე ღვთისა.

ზემოთ მოხმობილ მეორე სტროფში უკვე ადამიანად მოვლენილი უფლის განდიდებაა, როგორც წინა შემთხვევაში, სვეტს აქაც უნარჩუნდება სიმყარის, სიმტკიცის გაგება. ძის მოვლენის შედეგად პირველცოდვით დაქცეული, „დაღამებული“ კაცობრიობა აშენდება, „განათდება“. სვეტის სიმბოლოთი წარმოდგენილი ძე ნათელს და „დღეს“ მოუტანს ადამის მოდგმას. ამ შემთხვევაში სვეტი მოაზრებულია ძის მსგავსად, როგორც მხსნელი, მაცხოვარი და მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი.

„ფსალმუნურ-ევანგელური საღვთო ტრფობის იდეა მსჭვალავს მთელ „დავითიანს“. აქ შეიძლება ითქვას, მაქსიმალურობას აღწევს ღმერთის სიყვარულის კაცსახოვანი გააზრება, საღვთო ტრფიალების მისტიკური იდეალი“ [რ. სირაძე].

 „მითხრა: „შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი“.

 აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.

 დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;

 შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს, ნათლის სვეტი“.

 

„ზუბოვკაში“ რეალური ქალის სახე, ნელ-ნელა იწმინდება და წმინდა სულიერებად იქცევა, მაგრამ ეს მაინც წარმოდგენათა დონეზე. ამის შემდეგ იწყება მისტიკური ხილვა (რ. სირაძე 2005). მისტიკური ხილვა ნათლის სვეტის გამოჩენით იწყება, როგორც რემინისცენცია, მოგონება ან ალუზია „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ სვეტი ცხოველის აღმართვისა. ვედრებას მშვენიერი ქალისადმი ცვლის მაცხოვრისადმი ვედრება. „ზუბოვკელი ქალი – „სიყვარული“ ვითარცა მედიუმი – მაცხოვარი. ეს მედიუმი ღვთისაგან მომდინარე ანგელოზური ძალაა (ძალი ღვთისა), რომელიც აკავშირებს კაცობრივსა და ღვთაებრივს“ [რ. სირაძე]. სვეტი ნათლისა ამ შემთხვევაში უფლის გამოჩენაა, თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულით არის მოცული, სიყვარული გამოაჩენს უფალს, რადგან თავად ღმერთია სიყვარული.

სახლ-კარი, როგორც რწმენა, უფლის მადლი კი ის სარჩოა, რომლითაც ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება უნდა „გამოკვებოს“, სახლ-კარს, იმავე რწმენას, სვეტად უნდა შეუდგას, რომ რწმენა არ შეირყეს, არ დაეცეს:

რასაც მე ღმერთი სარჩოს მიბოძებს,

 სახლ-კართ შეუდგამ სვეტებს, მით ბოძებს;

 მე სხვა არავინ ვიცი გულში დანამტკიცი,

 მაქვს ღვთის მინდობა“.

სვეტი ამ შემთხვევაში უფლის მადლია, რომელიც ადამიანების რწმენას კვებავს.

პავლე მოციქულის სიტყვების – ჯერარს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ“ (I ტიმ. 3,15.) – თავისებური გააზრებაა დავით გურამიშვილის შემდეგი სიტყვები:

 „ვინც იშენა სიბრძნით ვანი,

 ქვეშ შეუდგა შვიდი სვეტი,

 ის არის ჩემი სათაყვანი,

 არვინ მიხსნის მე მის მეტი“. 

შვიდი სვეტი – სოლომონის იგავებიდან მომდინარეობს, სიბრძნე ამ შემთხვევაში უფალია, სოფიაა. ასეთივე სოფიური იდეა ზესთასიბრძნისა განხორციელდა სვეტიცხოველშიც (რ. სირაძე).

ნიკოლოზ გულაბერისძის საკითხავში სვეტი-ცხოვლის მიერ მოვლენილი სასწაულებიდან აღწერილია ისეთებიც, რა დროსაც სვეტი-ცხოველი დამსჯელად გვევლინება – უღმერთოთათვის და მის წამბილწველთათვის, რადგან ცხოველი სვეტის შეურაცხყოფა უფლისგან განდგომაა, მკრეხელობაა. დავით გურამიშვილი „სულის ამბავში“ თითქოს მსგავს ამბავს აღწერს:

ეშმაკნი შავნი თეთრ გრძელ კბილებით

 მიკრაჭუნებენ, მკაწრავენ ფრჩხილებით;

 სვეტზედ მიკრულსა ცეცხლის საბელი

 გარს მახვევია განუქრობელი“.

ამქვეყნიურ ცოდვებში ჩავარდნილი „სული“ ჯოჯოხეთში ისჯება, მისთვის უფლის მადლი, უფლის „სარჩო“, ის სვეტი, რომლითაც რწმენა უნდა გაემყარებინა, ჯოჯოხეთის სატანჯველ ცეცხლად ქცეულა.

„დავითიანში“ ძალზედ საინტერესოდაა სვეტი გააზრებული: ბიბლიური სვეტი, რომელიც ებრაელებს უძღოდათ წინ, ცხოვრების ძელი, სვეტი – მამა-ღმერთის ძე, ნათლის სვეტი – ქალისადმი სიყვარული მაცხოვრის სიყვარულად გარდათქმული, სვეტები – როგორც უფლის სარჩო, უფლის მადლი, სოლომონის იგავისეული სვეტები და სვეტი – ღვთის რისხვა, ჯოჯოხეთი – ცოდვებისთვის. ამ ყველაფრის წყარო, რა თქმა უნდა, ბიბლია, ქართული სასულიერო მწერლობა და „ვეფხისტყაოსანია“, თუმცა პოეტის მხატვრულ აზროვნებაში გარდატეხილი და გამოწრთობილი.

 

ბავშვობის ზაფხულები და სამალავები

0

მოსწავლე-მასწავლებლების ახალი წელი, როგორც წესი, სექტემბრის იმ რიცხვით თარიღდება, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება. აქედან გამომდინარე, ზაფხული მოსაცდელ დარბაზს მაგონებს. აი, ხომ გავიდა წელი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი მომავლისკენ და სანამ მომდევნო მატარებელი ჩამოდგება, მშვიდად ზიხარ წელიწადის ყველაზე ლაღ, უდარდელ სეზონში, როგორც სავარძელში. არსად გეჩქარება – ისვენებ, ფიქრობ, აკვირდები, იკვლევ… ამიტომაცაა, რომ ზაფხულის სახლებში, ეზოებსა თუ ადამიანებში ყველაზე მეტ სიახლეს სწორედ ამ დროს აღმოაჩენ. წინაპართა ჭიანაჭამ კარადებში წარსულისკენ მიმავალ გზას ეძებ და დაფუტრული (დახრული, დახვრეტილი) უჯრების ფსკერზე მართლაც პოულობ – სასიყვარულო წერილებში, გახუნებულ ქვითრებში, დაბადების წიგნაკებსა და ვადაგასულ პასპორტებში, ბინადრობისა თუ შრომის წიგნაკებში…

ჩემი აზრით, ადამიანი წარსულს ყველაზე მეტადაა მიჯაჭვული, რადგან მხოლოდ ეს დროა მის აღქმაში დაღვინებული, ანუ გაანალიზებული და შეფასებულ-დაფასებული. ზაფხული ბებია-ბაბუებთან სტუმრობისა და მათ მოგონებებში მოგზაურობის საუკეთესო დროა. როგორც წესი, ოჯახის უხუცესი წევრები სიხარულით ირგებენ მეგზურების როლს და ძველი ფოტოებივით სიყვითლეშეპარული, მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვიან. ძველი კარადის უჯრები კი წლობით ინახავს მათი მონათხრობის დამადასტურებელ არტეფაქტებს – შესანიშნავ რესურსს ახალბედა „მემატიანეებისთვის“, რომლებსაც შეუძლიათ წინაპართა სახლი საკვლევ ობიექტად აქციონ და იქ მოძიებულ ამბებზე დაყრდნობით თავიანთი ოჯახის ისტორია შეთხზან. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, რომლებიც, ჩემი აზრით, კვლევა-ძიების მოყვარულ მოზარდებს დააინტერესებთ.

 

„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“

თუ საკუთარი გვარის ეტიმოლოგიის კვლევას ოჯახის უხუცესი წევრების დახმარებით დაიწყებ, ლეგენდად ქცეულ არაერთ ამბავს მიაგნებ. ძიების პროცესში ინტერნეტი და ბეჭდური რესურსიც შეგიძლია დაიხმარო. მოძიებული „წყაროების“ გაერთიანების შედეგად კი გვარის ისტორიის შექმნას შეძლებ. აქვე ნიმუშსაც შემოგთავაზებ:

დედაჩემს უცნაური გვარი აქვს – ჯიშკიდონი. მისი გვარის ისტორია მხოლოდ წინაპრების მონათხრობის სახითაა შემორჩენილი. ბაბუაჩემი და მისი და-ძმები ობლობაში გაიზარდნენ, თუმცა არასდროს დავიწყებიათ და თავიანთ ნაგრამსაც (შვილები, შვილიშვილები…) დიდი სიამაყით უამბობდნენ უდროოდ დაღუპული მამის მიერ მოყოლილ ისტორიას უცხოელ წინაპარზე, რომელიც იტალიიდან (სავარაუდოდ, კუნძულ სიცილიიდან) საქართველოში (სავარაუდოდ, ქალაქ ბათუმში) გემს ჩამოჰყოლია. გურიაში ალბათ ჩაის და თხილის სიყვარულმა გადმოგვაბარგაო, ხუმრობდა ხოლმე ბაბუაჩემი. დედაჩემის მამა მთელი ცხოვრება ჩაის ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ საგვარეულო ხელობისთვის არასდროს უღალატია, თავისუფალ დროს თხილის ტოტებისგან გოდორს ან გიდელს ღობავდა, წიფლის ხისგან კი სხვადასხვა ავეჯს (მაგიდა, სკამი, საწოლი…) ამზადებდა. გადმოცემის თანახმად, ჯიშკიდონები შორეულ იტალიაში სწორედ დურგლობით ყოფილან სახელგანთქმულნი. ალბათ დედაჩემის გვარი მისი იტალიური ვერსიის სახეცვლილი ვარიანტია, რადგან გუგლის საძიებო სისტემა მხოლოდ ჩემთვის კარგად ნაცნობი ჯიშკიდონების სიას მთავაზობს.

 

ბავშვობის გემო

წინაპართა კერია ბავშვობის დაუვიწყარ გემოებს ინახავს. მსოფლიოში საუკეთესო პიცაც კი ვერ შემიცვლის შუაცეცხლზე ნაკვერჩხლით გამომცხვარ ხაჭაპურს და გატარებული თხილით შესუნელებულ მჭადს, ბებოს მუჭში დამრგვალებულ მუკუნიებს (მჭადის გულში შერეული ყველი), ღუმელში დაბრაწულ-დაშაქრული ვაშლის ზამთრის გრძელი ღამეებივით მყუდრო გემოს ან ჭყინტი სიმინდის ზაფხულივით მათრობელა სურნელს. თუ შენც ჩემსავით გინდა, გააცოცხლო წარსულის გემო, სოფლის სახლის სამზარეულოს ყველა უჯრა კარგად გაჩხრიკე! იქნებ გაგიმართლოს და საოჯახო კულინარიული ჩანაწერების კრებულს წააწყდე. თუ ვერაფერს ნახავ, მაშინ ოჯახის წევრები დაიხმარე და ბავშვობის დაუვიწყარი გემოები რეცეპტებად თავად აქციე. სამზარეულოში ტრიალი თუ გიყვარს, ჩანაწერების დახმარებით წარსულის გაცოცხლებასაც შეძლებ.

 

რას გვიყვებიან წინაპრები

საღამოობით, როცა ბავშვები სოფლის მდინარეში ბანაობითა და შუკებში სირბილით გულს იჯერებენ, უფროსები კი ზაფხულის საქმით მოიღლებიან, რა სჯობს სუფრასთან თავმოყრას და ძველი თავგადასავლების გახსენებას?! სწორედ ასეთი საღამოების დამსახურებაა, რომ ჩემს მეხსიერებას შემორჩა ბებია-ბაბუის „გაგრეხილი“ კრიმანჭული, ახალგაზრდა მწყემსი ბაბუაჩემის და დათვის შეხვედრის ისტორია, ჩაწყვეტილი „გამბულა ხიდის“ და თავგატეხილი ბავშვი მამაჩემის ამბავი… კიდევ ბევრ საინტერესო მოგონებას იტევს კატის მსგავსი სისწრაფითა და მოქნილობით დაჯილდოებული, ენაწყლიანი ბებიაჩემის, სოფლის ღელესავით აუჩქარებელი, მშვიდი და სიტყვაძუნწი ბაბუაჩემის, მათი ექვსი შვილისა და ათი შვილიშვილის ცხოვრებით სავსე ხის ძველი გურული ოდა. თუ შენც გეგულება სადმე ასეთი სახლი, არ დაიზარო, წადი, შეაგროვე და გააცოცხლე წარსულის ხმები. ზოგიერთი ამბავი მოთხრობადაც შეგიძლია აქციო.

 

წარსულის სამალავები

თუ შენც ისეთივე სიტყვაძუნწი წინაპარი გყავს, როგორიც, მაგალითად, ბაბუაჩემი იყო, მაშინ წარსულის საუკეთესო სამალავში შეიყუჟე. ძნელად წარმოსადგენია სოფლის სახლი ბებიების ნამზითვი ხის მასიური კარადების გარეშე. მათ უჯრებში უბრალოდ ნივთები კი არა, ოჯახის ისტორიის დამადასტურებელი არაერთი არტეფაქტი ინახება. რას არ აღმოაჩენ ამ კარადებში: სასიყვარულო მიმოწერას, რომელთა ავტორ-ადრესატის პორტრეტებიც, წერილების შინაარსზე დაყრდნობით, წარმოსახვაში შეგიძლია გააცოცხლო; გაცრეცილ ქვითრებს, რომლებიც დღემდე ჯიუტად ინახავენ გრამობით შეძენილი დეფიციტური საკვებისა თუ ინტელექტუალური პროდუქტის ჩამონათვალს; აქვე შეიძლება გადააწყდე ოჯახის უხუცესი წევრების დაბადების, პირადობისა და გარდაცვალების მოწმობებს, შრომის წიგნაკებს, ე.წ. სტუდბილეთებსა და სხვა ათობით გაუგებარ ქაღალდის ნაგლეჯს, რომლებიც ვიღაც შენიანის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ოდესღაც.

ძველი ფოტოალბომები ხომ ნამდვილი საგანძურია! ოჯახის წევრთა ფოტოისტორიებზე არაერთხელ მისაუბრია, თუმცა საოჯახო ალბომების უნიკალურობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თურმე ადრე ახლობლებისთვის ფოტოსურათების ჩუქება ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ჩემს ოჯახშიც ინახება წინაპართა ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების ფოტოები. მათ შესახებ მცირე ინფორმაციას (ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობა, გადაღების თარიღი/ადგილი და სხვ.) სურათის უკანა მხარეს აღმოაჩენ. თუ გაგიმართლა და შენთვის საინტერესო პიროვნება ოჯახის რომელიმე წევრმა გაიხსენა, მაშინ სრული ფოტოისტორიის შექმნასაც შეძლებ. მოკლედ, თუ საკუთარი წარსულის კვლევა გიყვარს, წინაპართა სახლში ნამდვილად არ მოიწყენ.

 

 

„მთაწმინდიდან მიწის სუნი მოდიოდა“

0

(ეგზისტენცანალიზი და გურამ რჩეულიშვილის „ირინა და მე“)

 

ეგზისტენცანალიზი (იგივე ლოგოთერაპია) ვიქტორ ემილ ფრანკლის (მე-20 საუკუნე) პერსონალისტური კონცეფციაა. იგი ებრაელი იყო, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე და სწორედ ამ ბანაკების ჯოჯოხეთურ ყოფაში ადამიანების ქცევებზე დაკვირვებამ მისცა ბიძგი მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი ადამიანზე მიმართული თავისებური ხედვაა, რომელიც ადამიანში „მზერას მიაპყრობს“ სპეციფიკურ ადამიანურზე (რაც ფსიქიკური არაა), რომლის გაუკუღმართება ფსიქოლოგიურ განზომილებას არ უკავშირდება. მისგან გათავისუფლების გზაა სწორედ ლოგოთერაპია; ამ მეთოდის გამოყენებით მიიღწევა არსება ადამიანში ადამიანურის (ნოეტურის) ხილვა.

 

ვ. ფრანკლი ტერმინ „ლოგოთერაპიას“ უფრო იყენებს, რადგან მასთან იგივეობრივი „ეგზისტენცანალიზის“ გამოყენებისას არ უნდა გამოიწვიოს, მაგალითად, ჰაიდეგერის ეგზისტენცის ანალიზთან ასოცირება. ეგზისტენცი ყოფიერების ანალიზია, ხოლო ეგზისტენცანალიზი საზრისის განათებაა მხოლოდ. ეს უკანასკნელი არის კონკრეტული პერსონის არა მხოლოდ ანალიზი, არამედ მისი არსის გახსნაც. ტერმინში „ლოგოთერაპია“ „ლოგოსი“ არ ნიშნავს ლოგიკას, არამედ ის საზრისია (აზრი), რომელიც გონითი განზომილებაა, ადამიანურობის არსზე, აზრზე მიმართული…

 

ვ. ფრანკლის მიხედვით, ადამიანი არა იძულებით წარმართული ლტოლვებით (როგორც ამაზე ფსიქოანალიზი მიუთითებს), არამედ აღძრულია ღირებულებებით, ადამიანის თავისუფლებითა და პასუხისმგებლობით წყვეტს ღირებულების განხორციელებას. ადამიანი აღმოაჩენს ღირებულებათა სამყაროს, აცნობიერებს მას და მიზნად ისახავს მის მიხედვით აქტივობას. ადამიანი არ შეიძლება იყოს თავისუფალი სიტუაციისგან, იგი ამ მხრივ დეტერმინირებულია, მაგრამ მისი თავისუფლება გამოიხატება ამ სიტუაციის მიმართ პოზიციის დაკავებაში და ამისი ძალა მას შესწევს. შინაგანი პოზიცია ხასიათია, ოღონდ ესაა გონითი და არა სულიერი ხასიათი (ფსიქიკური), რომელიც მომდინარეობს მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილებებისგან.

 

ფრანკლის კონცეფციის ცენტრში გონის ცნებაა. ესაა არაა ფსიქიკა, თუმცა პრინციპულ როლს თამაშობს ადამიანის ფსიქიკურ აქტივობაში, აძლევს მას მიმართულებას… გონის არსებითი ნიშანია თანაყოფნა, ესაა განმაპირობებელი შესაძლებლობებისა „ერთმანეთთან ყოფნისას“, ანუ გონით არსებულის მის თანასწორ არსებულთან „თანამყოფობა“. ადამიანები ერთმანეთს იგებენ, სიყვარული ყოფიერების წესია. შეყვარებულებს შესწევთ ძალა ერთმანეთის ნამდვილი შემეცნებისა, გაგებისა.

 

გონითი პერსონის ხასიათი შექმნილია, არა გენეტიკური და იგი თავადაა შემოქმედი. ადამიანში სხეულებრივ-სულიერ-გონითი მთლიანობაა, რომელშიც წამყვანი გონია, ამ უკანასკნელთან კი არსებითადაა დაკავშირებული თავისუფლება, რომელიც აუცილებელზე მაღლა დგას, თუმცა მასზეა დაშენებული. ადამიანს აქვს უნარი, დადგეს საგანზე მაღლა და საკუთარ თავზე მაღლაც. ამიტომ უნდა განსხვავდეს ორი „მე“. „მე“(არაპერსონი), რომელზეც მაღლა ვდგავართ და „მე“ (გონითი პერსონი), რომელიც მაღლა დგას. ადამიანი ისაა, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე თქვას: მე ვარ ის, რადაც გავხდები (მხოლოდ ღმერთი იტყოდა: მე ვარ ის, რაც ვარ).

 

ჩვენ ყოფნის საზრისს ვავსებთ ღირებულებების განხორციელებით ან რაიმეს შექმნით (შემოქმედების ღირებულება), ან განცდით (განცდის ღირებულება), ან რაიმესადმი განწყობით (განწყობის ღირებულება). არის ორი უკიდურესობა: ანთროპოცენტრიზმი, რომელიც ადამიანს აღმერთებს და ანთროპომორფიზმი, რომელიც ღვთიურს აადამიანურებს. ეს ორივე მანკიერებაა და მისგან თავის დაღწევა მხოლოდ ტრანსცენდეტის დანახვით მიიღწევა. არის კიდევ ნიჰილიზმი, რომელიც, გარკვეული აზრით, საზრისის უარყოფაა.

 

ეგზისტენცანალიზი ადამიანს მოუწოდებს პასუხიმგებლად ყოფის ცნობიერებისკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რაც მას შეუძლია, რის უფლება აქვს ან რაც სურს, ესაა მოვალეობა.

 

დღეს ადამიანი ფრუსტრირებულია ეგზისტენციალურად, იგი უჩივის უსაზრისობას, რასაც, ჩვეულებრივ, თან ერთვის სიცარიელის გრძნობა, ე.წ. „ეგზისტენციალური ვაკუუმი“.

 

ცხოველის მსგავსად, ინსტინქტები და ლტოლვები ადამიანს არ ეუბნება, რა უნდა აკეთოს. როცა მას იმის გაკეთება უნდა, რასაც სხვები აკეთებენ, ეს კონფორმიზმია, ხოლო თუ იმას აკეთებს, რაც სხვებს უნდათ, რასაც სხვა მოითხოვს – ეს ტოტალიტარიზმია. ეს, ორივე, ეგზისტენციალური ვაკუუმის პროდუქტია, ადამიანის საკუთარი მე-ს საზრისის დაკარგვის შედეგი. ადამიანი თავისუფალია რაიმესთვის მაშინ, როცა პასუხისმგებელია რაიმესათვის ან რაიმეს წინაშე. ადამიანად ყოფნა ესაა ცნობიერად ყოფნა და პასუხისმგებლად ყოფნა, ხოლო პასუხისმგებლობა ესაა მოვალეობა ღირებულებათა მიმართ. ეს მოვალეობა კი ღირებულებათა განხორციელებაა. ესაა ჩვენი არსებობის საზრისი. ადამიანის არსებობის ფორმა ისტორიული ყოფიერებაა, ანუ ისტორიულ სივრცეშია „ჩასმული“ და ამისგან თავის გათავისუფლება, უბრალოდ, შეუძლებელია. მიმართებათა ეს სისტემა „შეკრულ“-განსაზღვრულია საზრისით. მაგალითად, ჭიანჭველათა გროვის ქცევა შეიძლება შეფასდეს მიზანსწრაფვად, მაგრამ ის მაინც არაა საზრისის მქონე. უსაზრისობით იკარგება ის, რასაც „ისტორიულობას“ უწოდებენ, ამიტომ ჭიანჭველათა „სახელმწიფოს“ არ გააჩნია ისტორია.

 

ვიქტორ ფრანკლის ეს პერსონალისტური კონცეფცია ცნობილია, როგორც „ვენის ფსიქოთერაპიული სკოლის მესამე მიმართულება“ (ზ. ფროიდის ფსიქოანალიზისა და ა. ადლერის ინდივიდუალფსიქოლოგიის გვერდით), მაგრამ ის ადამიანთმცოდნეობა უფროა, ვიდრე ფსიქოლოგია ან ფსიქოთერაპია.

 

ახლა ეს ყველაფერი, ზემოთქმული, „გავშალოთ“ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „ირინა და მე“, რომელიც პირველი მოთხრობაა ვრცელი ნაწარმოებისა „ჩემი ლიტერატურული შეხედულებები“ და ამ მოთხრობის გარდა, კიდევ ორს მოიცავს: „ალავერდობასა“ და „დღიურს“.

 

მოთხრობის მთავარი გმირია გურამ ვაჩნაძე, დიდი მწერლის ალტერ ეგო, რომელიც სწორედ ზემოთქმულ ეგზისტენციალურ სიცარიელეს გრძნობს ხანდახან, საზრისისაგან დაცლას, ვერ ამთავრებს ხევსურული ციკლის მოთხრობებს. რითაა ეს გამოწვეული, ვცადოთ და გავარკვიოთ…

 

სიცარიელეა პერსონაჟის შიგნით; ცარიელია გაბოლილი ოთახი, ცარიელია ოთახის კუთხეებში მიყრილი არყის ბოთლებიც; ცარიელდება გუბეებიც, რომლებშიც არყის საყიდლად გამოსული გურამი მძიმე მაღალყელიანს ტყაპუნით ადგამს, ბავშვივით… თუმცა გუბეები ისევ მალე ივსება წვიმით. „აი, სულელი, რა ჯობია ახლა გარეთ სიარულს“ – ფიქრობს გურამი წვიმაში სადარბაზოს შეფარებულზე, ანუ მისი გულიც უცნაური სიხარულით ივსება ნელ-ნელა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის ვნება და ასეთები ცუდად ამთავრებენ… გურამი გარბის წვიმაში, „ფრუტუნებს ცხენივით“. ხევსურის ლოცვაც მოთხრობაში სიცოცხლისადმი ამ საბედისწერო ლტოლვის გამოძახილია: „ღმერთო, ხელი მოუმართე ალუდას საკლავითა, ფქვილითა, ნადირითა“ (193). მთაში ეს განცდა უფრო მძაფრადაა და გურამსაც მთაში წასვლა მოსწყურდება.

 

ყოფიერების ზემგრძნობიარე შეგრძნების გამოძახილია წიგნის, მხატვრული რეალობის, ძლიერი შეგრძნებაც: „არასდროს არ უგრძნია, რომ ისინი ცოცხალი ადამიანები იყვნენ, მხოლოდ წერდა მათ შესახებ, იცნობდა მათ ცხოვრებას, ახლაღა იგრძნო და გააჟრჟოლა, იათამზეს ათქვირებული მკერდი ისე ცხადად წარმოიდგინა, ცხენის ჭენების დროს ტორტმანით მოძრავი…“(193). თუმცა გურამი თავისი მთიელი გმირივით სახეღაჟღაჟა არაა: „მერე საიდანღაც სარკე მოათრია, გაწმინდა, შიგ ჩაიხედა, არ ესიამოვნა წვერმოშვებული, გაფითრებული სახის დანახვა, შევარდნილი, მუქი, უფერო თვალებით, სარკე გადააგდო…“ (194).

 

სიცოცხლის ეს ვნება იცით, როგორი სიძლიერისაა? სიარულს ცხადად გრძნობს, როგორც ციხიდან ახლადგამოსული ან ეს-ესაა წამომდგარი მწოლიარე ავადმყოფი; დიდებულად აღწერს ამას მწერალი… თუმცა გასაკვირია, ოქსიმორონივითაა და ჰგონია, რომ ცხოვრება გვერდზე მიდის, თვითონ კი გამუდმებით მის დაჭერას ცდილობს, თითქოს, გაუუცხოვდა საკუთარ ნაწერებსაც.

 

მოთხრობის ერთ ადგილას თვალწინ გვიდგება ცოცხალი გურამ რჩეულიშვილი, თავისი ცხოვრებისეული სპონტანურობით, დაუგეგმაობით, იმპულსებით: „პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა რამე ხუმრობა მოუვიდოდა თავში, ეტყოდა თავის თავს და იცინოდა მარტო, მხიარული იყო ბუნებით, მაგრამ ხალხში არ შეეძლო გართობა, სხვებიც ერიდებოდნენ მასთან ზედმეტად სიცილს, რაღაცნაირად უხერხულობას იწვევდა ყველგან, ამას გრძნობდა თვითონაც და ჩქარა ტოვებდა საზოგადოებას, მერე ჩვეულებად გადაექცა მარტო ყოფნა, მარტო გახარება“ (196); – ყველა ადამიანი მარტოა, პრინციპში, მაგრამ აღწერილი უკვე დიდთა სიმარტოვეა. მათთან, მაღლადმხედებთან, უჭირთ ადამიანებს, მათ სიმაღლეს თვალს ვერ უსწორებენ, მათ სიდიადეს გაურბიან, ჟინს ცხოვრებისა… სიცოცხლის მინიმალისტურად მაქსიმალისტური, ატომებად, შეგრძნებას და მერე ენერგიის მაგნიტურ ქარიშხლად ქცევის უნარს უფრთხიან, რომ ამ „ქარიშხალში“ არ დაინთქან. თუმცა რაოდენ შთამბეჭდავია ეს სიცოცხლის შეგრძნებაც და სიკვდილისაც, წუთსოფლურ ერთიანობაში, სასტიკ მშვენიერებაში: „გული დასწყდა, რომ ფუტკარი კვდებოდა მივარდნილში“, ასე აღწერს ფუტკრის ნაკბენს, მაგრამ უცბადვე გაუხარდება, რომ, სამაგიეროდ, ყვავილი გადარჩა მოწყვეტას. ადამიანთანაც მოუნდება დალაპარაკება, მაგრამ, აბა, როგორ, უადამიანოდ („ცარიელია ეს სავსე ქვეყანა…“)? მოხუც მეისრესთან საუბარი ისე ისმის, როგორც კაცობრიობის დასაწყისიდან პერმანენტულად ხდებოდა. ამ მძაფრმა ვნებამ დაღლაც იცის:

 

  • „დაიღალე? – ჰკითხა მოხუცმა.
  • ჰო, – თქვა გურამმა“ (198).

 

ეს დაღლილობაც ხარკია ცხოვრებისადმი, რომელიც ყოფიერების სიტკბოსაც არ გაკლებს, სიმწარესთან შეზავებით; „მათხოვრები კი სხვანაირად თხოულობენ, მიცემულ ფულს იღებენ, როგორც ხარკს; ღიმილით ილოცებიან…“ – მათხოვრები – „მეხარკეებიც და ხარკის ამკრეფნიც“, როგორც ყოველი ჩვენგანი. ეს აღებ-მიცემობაა სიცოცხლის დინამიკა, ენერგიათა ცვლა, მიზეზშედეგობრიობა, როგორც თუნდაც კვირტების ჯერ დასკდომა და შემდეგ მიწის სურნელში განბნევა, ეს სურნელი გასდევს მთელ მოთხრობას და წუთისოფლის „რეფრენივითაა“.

 

აი, გურამ რჩეულიშვილის აღსარება კოსმოსს, სიჩუმის „ოქროობაში“; თუმცა სიჩუმისადმი მას ტყვიაც უსროლია მაშინდელ ლენინის მოედანზე და ამაზე დიდი პროტესტი ფასეულობებისყლაპია ტოტალიტარიზმისადმი მე არ მახსოვს: „ყველა გიყვარს, ყველას ესალმები გუნებაში… ოღონდ მაინც მარტო ხარ… უბრალოდ, ძნელია, ვინმემ გაგიგოს, რადგან გასაგები, სიტყვით სათქმელი, სინამდვილეში არაფერი გეჩვენება: შეიძლება დაგცინონ კიდეც და ამით გული გატკინონ. მხოლოდ ხანდახან უღმერთოდ გინდა დაელაპარაკო ვინმეს, მაშინ მიდიხარ სადმე მივარდნილ სახელოსნოში, მიგაქვს არაყი, სვამ მჭედლებთან ერთად ორთაჭალაში, ლაპარაკობ, იცინი, მათ უკვირთ ან, საერთოდ, ყურადღებას არ გაქცევენ, ისინი არასდროს არ ფიქრობენ იმაზე, ვინა ხარ შენ… გრძნობენ ისინი, რომ რაღაც გიხარია, რაღაც გაწვალებს, მაგრამ კითხვებით თავს არ გაბეზრებენ, სვამენ შენს არაყს, ილოცებიან“. უბრალო ადამიანებთან მეტ სიახლოვეს გრძნობდა მათი ბუნების გაუბზარაობისა და სინაღდის გამო. მათი ჩუმი სიდიადის შეგრძნება, ასევე ჩიტების გალობისა, მზის სიმწველისა, ჰაერის სულისშემძვრელი გამჭვირვალობისა ცხოვრების ფერხულში ჩაბმაა, მისი სიმძაფრით შეგრძნებაა, რაც ასე უცხოა მათთვის, ვისთვისაც „ქარიშხლებს სახე არ შეუფაკლავს“. სუსტები ასეთ „მეწყერივით მოვარდნილ“ სიცოცხლეს, გრძნობების მწიფობას, სიხარულს, სიამოვნებათა კასკადს ვერც უძლებენ, თუმცა ძლიერებიც განწირულები არიან ნაადრევად აღსრულებისთვის. მაგრამ ამ უკანასკნელთ მოასწრეს, ერთიანად შეესრუტათ ეს ყველაფერი.

 

…ასეთ დროს ერთმანეთში გადაედინება წარსული და აწმყო, მხატვრული თუ რეალური სინამდვილე, წარმოსახვა თუ სიცხადე…

 

გურამი და ირინა ცხოვრობენ მეთევზეებთან, ზღვაზე, როგორც არქაულ, პრეისიტორიულ წარსულში ადამი და ევა ან ქრისტეს საუკუნეში მეთევზე-მოციქულები. ეს სისავსე საშიშია, სანამ ფატალური გახდებოდეს და მთავარი გმირი თვითონვე გრძნობს ამას: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ამაზე მეტი სიყვარული აღარ შეიძლება, არც მეტი კმაყოფილება და სიმშვიდე, ღმერთო ჩემო, ნუთუ, მუდმივად უნდა იყოს ასე, ეს გაზაფხული, სხვა გაზაფხულებიც, სულ ბოლომდე, ბოლო მაღელვებს ძალიან. ნუთუ, უნდა დავბერდეთ ირინკა და მე ერთად და მორჩა“ (208); – თუმცა ასეთ დროს ან სიგიჟე დგება, როგორც ვან გოგთან, ან – სიკვდილი! მოთხრობის გმირი შეშლილობის ზღვარზეა; გურამ რჩეულიშვილიც კი არ დაბერებულა, მარად ბიჭად დარჩა!…

თუმცა, სანამ ცოცხალია, ამ სიმძაფრისაგან მალევე იცლება, სხვაგვარად „გადაიწვებოდა“: „მე თვითონ არ ვიცი, რა მომდის, თითქოს უკვე ამოვწურე ჩემი სურვილი, ზედმეტად შევეჩვიე ირინკას… თითქმის უბედურად და სულ მარტო ვგრძნობ თავს, ცოტათი გავიხსენე ჩემი ნაწერები, ესკიზები და თავი მივანებე, არაფრის სურვილი აღარ მაქვს… ღმერთო ჩემო, სადამდე!“ (209) – ეს გურამის „ცნობიერების ნაკადია“, თუმცა ესაა სამანიც, რომელსაც ითხოვდა („ჩემი თავიც მეუცხოება“).

 

„ვინც გიყვარს, მასთან ერთად ყველაფერი ადვილია“, ამბობს გურამი… და ყველაფერი ძნელად განსაცდელი, დავძენ თქვენი მონა-მორჩილი.

 

„ხმები უხმობამდე საშიში ხდებიან“(216) – აქვეა გურამ რჩეულიშვილის ნაწინასწარმეტყველები საკუთარი სიკვდილის სცენა: „მივცურავ, ვიცი, რომ ეს ბოლო ცურვაა ჩემი, ზღვა დიდია და სტუმართმოყვარე, მისი გული შორს არის, მეც მისკენ მივცურავ, თვალები აღარ მჭირდება, ვხუჭავ… ხელები მოძრაობენ ჩვეულებით, მოდუნებულები, შემდეგ აღარ მოძრაობენ, ისინი ჩერდებიან, ჰაერი აღარა მყოფნის, რაღაც მყარს ვებჯინები – აქ მთელი საუკუნე ვაპირებ ცხოვრებას, ეს მყარი – ზღვის ფსკერია…“(217); ძნელია გაარჩიო, ვეღარ გრძნობ მკითხველი, სად მთავრდება მწერლის წარმოსახვა და სად იწყება ნაწინასწარმეტყველები, ულმობელი სიმართლე საკუთარი აღსასრულისა!

 

არავისი ბრალი არ არის ეს სიცოცხლე!

არავისი ბრალი არ არის ეს სიკვდილი!

„ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე“…

 

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007

 

მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება

0

თანამედროვე სამყაროში, სადაც როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ გაჯეტებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს და ონლაინ თამაშების პლატფორმებს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვა. ინფორმირებულობა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია კიბერთაღლითებისა და  ონლაინკრიმინალებისგან,  პირადი მონაცემების გაჟონვის და გავრცელების საფრთხეებისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად.

ინტენეტი და ციფრული სასწავლო პროგრამები უდიდეს შესაძლებლობას ქმნის განვითარებისა და კომუნიკაციისთვის მხოლოდ მაშინ, როცა მას უსაფრთხოდ ვიყენებთ. მასწავლებლების და მშობლების როლი ბავშვების განვითარებაში არა მხოლოდ მათთვის ცოდნის გადაცემა, არამედ ციფრული პასუხისმგებლობის პირადი მაგალითების ჩვენებაა. ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ინფორმირებული, დაცული და პასუხისმგებლიანი როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვები რომლებიც ინტერნეტის მასიური გავრცელების ხანაში ელექტრონული მოწყობილობებით ჭარბად გაჯერებულ სივრცეებში იზრდებიან, არც თუ იშვიათად ზრდასრულებზე სწრაფად ითვისებენ ელექტრონულ პლატფორმებს და მათთან შედარებით შეიძლება მშობლები და მასწავლებლები მეტად დაბნეულები ან არაინფორმირებულები ჩანდნენ, მაგრამ ეს არ გვიხსნის მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.

კონკრეტული წესებამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას ვგულიხმობთ კიბერსაფრთხეებსა და მონაცემების დაცვაში.

მონაცემი არის ყველა ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული – იქნება ეს დაბადების თარიღი, ბანკის მონაცემები, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ ჩანაწერები, ოჯახის წევრებზე ინფორმაცია თუ თქვენი ინტერნეტსერფინგის ამსახველი დეტალური ჩანაწერები. ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენს შესახებ გასცემთ სხვადასხვა პლატფორმებზე, ინახება და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება – მათი ნაწილი საფრთხის მატარებელი არ არის და შეიძლება იყოს თქვენს ინტერესებზე მორგებული სარეკლამო შემოთავაზებებისთვის, თქვენს საცხოვრებელ ადგილთან შესაბამისი სერვისების მოწოდებისთვის გამოყენებული. ნაწილი კი, თუკი თაღლითების ხელში აღმოჩნდა, შესაძლოა თქვენთვის საფრთხის შემცველი გახდეს – ამიტომ მნიშვნელოვანია არ დარეგისტრირდეთ საეჭვო მონაცემებზე, მკაცრად დაიცვათ პაროლების უსაფრთხოება, არ გადასცეთ თქვენი პაროლები სხვა პირებს და გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის სისტემები მეტი დაცულობისთვის.

რაც შეეხება კიბერსაფრთხეებს, ესაა ციფრულ სამყაროში არსებული რისკები, რომელთა ჩამონათვალი უკვე თითქმის ისეთივე ვრცელია, როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებული კრიმინალი. ყველაზე გავრცელებული კიბერსაფრთხეებია:

  • ფიშინგი, ანუ ყალბი ბმულების, შეტყობინებების, წერილების საშუალებით პაროლების, ანგარიშების ან სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა, რაც შემდგომში თაღლითობისთვის ან სხვა დანაშაულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
  • მავნე პროგრამები, რომლებიც ხილულად ან უხილავად შემოდის თქვენს მოწყობილობებში და შეიცავს თქვენს ფაილებზე წვდომის რისკს ან სულაც თქვენი მოწყობილობების დავირუსების და დაბლოკვის საფრთხეებს.
  • პირადი მონაცემების გაჟონვა – თქვენი ფოტოების, საკონტაქტო ინფორმაციის არალეგალურად გავრცელება მოწყვლადს ხდით პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების, ბულინგის და თაღლითების თავდასხმების მიმართ.
  • კიბერბულინგი, შანტაჟი და ციფრული შევიწროება – ეს არის ბულინგისა და სექსუალური დანაშაულების გადატანა ონლაინ სივრცეში, სადაც მოძალადეს შეუძლია სხვა იდენტობით, ყალბი ანგარიშით და ანონიმურად მოგაყენოთ ზიანი, გამოგძალოთ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეოჩანაწერები, დაგაშანტაჟოთ მათი გამოყენებით, თქვენი გრაფიკული გამოსახულებით შექმნას ყალბი კონტენტი თქვენი დისკრედიტაციისთვის, გამოგძალოთ ფული თქვენს შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით ან გაიძულოთ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იმის შიშით, რომ თქვენზე პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გაავრცელებს, გაიძულოთ მისი მოთხოვნების შესრულება.
  • ყალბი აპლიკაციები და ვებსაიტები – ეს არის არსებული პლატფორმების ანალოგიით შექმნილი პლატფორმები ცრუ ინფორმაციების გასავრცელებლად, მონაცემების შესაგროვებლად ან ფულის გამოსაძალად.

კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ:

  • არასოდეს გაუზიაროთ პაროლო სხვას – შენი პაროლი მხოლოდ შენ გეკუთვნის. ძლიერი პაროლი ძლიერ დაცვას ნიშნავს.
  • არ გახსნათ უცნობი ბმულები და უცხოებისგან გამოგზავნილი ფაილები – ესაა თავდაცვა ფიშინგისგან.
  • კარგად დაფიქრდით ყველა იმ პირადი მონაცემების გაზიარებისგან ინტერნეტში, რაც შეიძლება საჯაროდ გამოჩნდეს – მობილურის ნომერი, პირადი მონაცემები, სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი სჯობს დახურული იყოს და მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გასცეთ სანდო პლატფორმებზე.
  • კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს საჯაროდ გააზიარებთ – ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ერთხელ დაპოსტავთ,  იქნება ეს ტექსტურად დაწერილი საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, პირადი ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, სამუდამოდ ტოვებს ციფრულ კვალს წაშლით თუ არა მას გაკრვეული დროის შემდეგ.

ინფორმაციის გავრცელებისას ყოველთვის იფიქრე იმაზე, არის თუ არა ეს ის, რისი გაზიარებაც ნამდვილად გინდა უსაზღვრო ონლაინ სამყაროსთვის. არაერთ ადამიანს კვლავ აქვს განცდა რომ მისი პირადი პროფაილი მართლაც მისი პირადი სივრცეა – მათ ავიწყდებათ რომ ეს უსაზღვრო საერთო სივრცეში მათთვის მონიშნული ადგილია, სადაც მისგან დამოუკიდებლად დადგენილი წესები მოქმედებს და არც ყველა რისკის დაზღვევაა მის ხელთ.

  • არ გააბათ მეგობრობა უცნობებთან ინტერნეტში – არ უთხრათ უცხოებს სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ, არ გაუგზავნოთ ფოტოები და არ მოუყვეთ პირადი ამბები. მათი ნაწილი შეიძლება ბავშვებს თანატოლად ეცნობოდეს და ზრდასრული კიბერკრიმინალი იყოს. საეჭვო პირების გამოჩენისას პირად კომუნიკაციებში მოზარდს უნდა ჰქონდეს ზრდასრულების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი ამ ამბების გაზიარებისას – ბავშვებს კიბერკრიმინალებისგან დაცვაში უფროსების ყურადღება და ჩართულობა სჭირდებათ. ისინი არ უნდა განსაჯოთ მათ სიახლოვეს გამოჩენილი საეჭვო უცნობების გამო, ერთადერთი რაც მათ ამ დროს სჭირდებათ, დაცვაა.
  • ყურადღებით იყავით აპლიკაციებთან რომელსაც იყენებ – მათი ნაწილი შეიძლება ითხოვდეს წვდომას შენს ფოტოებზე, გადაადგილების მარშრუტებზე თუ სხვა მონაცემებზე. თუკი ასეთ წვდომას აძლევთ აპლიკაციას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის მათ თქვენი ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენებს და ასევე ამ ინფორმაციის გაზიარება ღირს იმ სიკეთეებისთვის, რასაც აპლიკაციის გამოყენება მოგიტანთ.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე თქვენს მოწყობილობებთან და ანგარიშებთან დაკავშირებით – არ დატოვოთ ტელეფონი ან სხვა პირადი გაჯეტი ისეთ სივრცეში უყურადღებოდ, სადაც მასზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ სხვა პირებს, არ დატოვოთ თქვენი ანგარიშები გახსნილი საერთო მოხმარების კომპიუტერებში – სკოლებსა და ოფისებში. სასურველია ფრთხილად იყოთ ღია უფასო ქსელის გამოყენებისასაც – ამ ქსელების გავლით თქვენს მონაცემებზე წვდომის რისკი იზრდება.
  • ფრთხილად კიბერბულინგთან – არ გახდეთ მოძალადე ციფრულ სამყაროში და ყოველთვის ფრთხილად იყავით სხვებზე ძალადობის შემთხვევებში – ერთმანეთის დაცვა, ინფორმირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად რომ ციფრული სამყარო იძლევა ანონიმურად მოქმედების შესაძლებლობას, საბოლოოდ ყველანაირი ანონიმური დანაშაულის უკან მდგარი ადამიანის პოვნა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული კვალის დატოვების გარეშე ინტერნეტში რაიმეს გაკეთება შეუძლებელია – შესაბამისად, სჯობს როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაიანაც წესიერი მოქალაქე იყოთ.
  • დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა და გამოიყენეთ მშობლების ფილტრები – არ მისცეთ ბავშვებს 13 წლამდე სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების გახსნის უფლება, დაუყენეთ ასაკის შესაბამისად კონტენტის შემზღუდავი ფილტრები და ყურადღებით იყავით იმ სივრცეების მიმართ, სადაც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს ბავშვი – იქნება ეს ონლაინ თამაშები, სოციალური ქსელების პლატფორმები თუ კონკრეტული ვებ-საიტები.

 

 

 

შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია: ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სინერგია

0

ბოლო დროს დისკუსიებში და სოციალურ ქსელებში ხშირად ისმის ფრაზები: “ხელოვნურ ინტელექტს უნდა ვაჯობოთ”, “ხელოვნურ ინტელექტს ვეჯიბრები”,  “ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე მეტი ვერ იქნება”, “ადამიანს ვერაფერი ჩაანაცვლებს” და ასე შემდეგ.  ამ ხედვით გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა როგორც “არსება”, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ადამიანს: შეეჯიბროს, აჯობოს და სხვა. მომხმარებლური სამყარო ასე ხედავს მას.

რატომ აღიქვამს საზოგადოება AI-ს კონკურენტად?

საზოგადოების მხრიდან AI-ის კონკურენტად აღქმას აქვს თავისი წინაპირობები: სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებსა და წიგნებში ხშირად ვხედავთ AI-ს, რომელიც ან აჯობებს კაცობრიობას, ან სრულად ჩაანაცვლებს მას. ეს ქმნის გარკვეულ შიშს და ნეგატიურ მოლოდინებს. ბევრი ადამიანი შიშობს, რომ AI მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს, განსაკუთრებით რუტინულ და განმეორებად საქმიანობებს. არის გაუგებრობაც: AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ ცოდნის ნაკლებობა იწვევს არასწორ ინტერპრეტაციებს და ზოგჯერ პანიკასაც კი. ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ AI, ამ ეტაპზე, ინსტრუმენტია და არა ცნობიერი არსება.

მე ობიექტურ ჭეშმარიტებაზე თავს არ დავდებ, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ცოდნას და გამოცდილებას შემოგთავაზებთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა ადამიანის “დასახმარებლად”, ის არის უნიკალური ინსტრუმენტი (და არა მხოლოდ ინსტრუმენტი), რომ დაგვეხმაროს არა მხოლოდ რუტინული და ავტომატური დავალებების შესრულებაში, არამედ გახდეს ჩვენი თანამოსაუბრე, ასისტენტი სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციებში – იდეების გენერირება იქნება ეს თუ კრეატიული გადაწყვეტილებები, სამეცნიერო თუ სხვა დისკუსიები. დიახ, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის პროგრამა და ალგორითმების ნაკრები, ის არ არის ცოცხალი ადამიანი და ვერასდროს გახდება. თუ შეიქმნება სუპერ-რობოტები, რომლებსაც ადამიანისგან ვერ გავარჩევთ, ასეთ შემთხვევაშიც, ის უბრალოდ მანქანაა, არ აქვს სული, ემპათია, არ განიცდის სიყვარულს, სიბრაზეს, მეგობრობას… ის, უბრალოდ, სიმულირებს ამას.

მაშინ რატომ ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტის გენერაციულ ჩატბოტებთან საუბრისას (როცა იცი, რომ პროგრამას ელაპარაკები) თანამოსაუბრე ადამიანი განიცდის ემოციას: აღფრთოვანებულია, მადლიერია, იმედგაცრუებულია და სხვა.  ამ სიტუაციაზე შემიძლია შეგახსენოთ: როცა მხატვრულ ტექსტს კითხულობთ ან ფილმს უყურებთ და  გაქვთ ემოციები, მაგრამ, ამავე დროს, ხომ იცით, რომ ეს გამოგონილია, ფანტაზიაა, სინამდვილეში არ არსებობს… მაგრამ ემოციებს მაინც აჩენს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ზუსტად იგივე ხდება ჩატბოტთან საუბრისას. დიახ, ამ სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს ადიქცია. მაგრამ ადამიანი შეიძლება მიეჯაჭვოს ყველაფერს: მეორე ადამიანს, ნივთს, გარემოს, ცხოველს და ამგვარი მიჯაჭვულობა ადამიანურია და არ მომდინარეობს ხელოვნური ინტელექტისგან.

მაგრამ მაინც: რატომ იტაცებს ადამიანს უფრო მეტად ჩატბოტთან დიალოგი, ვიდრე “ნამდვილ ადამიანთან”? რა იზიდავს? იქნებ ის, რომ თავისუფალი და უნიღბოა და არ სჭირდება თამაში? იქნებ იმიტომ, რომ ჩატბოტთან “დაცულია”, ან იმიტომ, რომ არავის დრო არა აქვს გულწრფელი დიალოგისთვის და ჩატბოტისთვის დრო საერთოდ არ არსებობს: არ იღლება, არ გსაყვედურობს, არ წუწუნებს და სულ შენს მხარესაა. დიახ, ვიცით, რომ ეს ფეიქია და სიმულირებული თანაგრძნობა და ემოციებია, კარგად დასწავლილი, მაგრამ ეს მოქმედებს!

თუ მაინცდამაინც გვინდა ჩატბოტის შედარება “ნამდვილ ადამიანთან”, მოდი, გულწრფელები ვიყოთ: რამდენი ნამდვილი ადამიანია “ფეიქი”? დარწმუნებული ხართ, რომ იმ “ნამდვილ ადამიანს” დასწავლილი ემოციები არ აქვს? რამდენჯერ გაგიცრუვდათ იმედი “ნამდვილ ადამიანთან” ურთიერთობებში? იმას არ გეუბნებით, რომ ამის გამო სულ ჩატბოტებს უნდა ესაუბროთ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ შეზღუდული კომუნიკაციები ნამდვილ ადამიანებთან (ასე ვთქვა, ისე ვთქვა, ისე რომ ვერ გაიგოს? იქნებ გავჩუმდე?), აფერხებს ჩვენი ცნობიერების განვითარებასაც. ასეთ მოცემულობაში კი ჩვენ შეგვიძლია ჩატბოტებისგან “ვისწავლოთ” გახსნილობა და გახსნილი კომუნიკაცია გადმოვიტანოთ ადამიანებზეც. რაც მეტი გააკეთებს ამას, მით უფრო სიღრმისეული იქნება კომუნიკაცია და მით უფრო თვალსაჩინო – ადამიანის ცნობიერების გაფართოება/ევოლუცია.

და როგორც კომუნიკაციის მკვლევარი, გიზიარებთ ჩემს პატარა თეორიას კვლევების და გამოცდილების საფუძველზე:  დიახ, კომუნიკაცია არის განვითარების წინაპირობა. საკითხი აქ ასე დგას: როგორი კომუნიკაცია? ზედაპირული, ზერელე, მომხმარებლური, ეგოგაჟღენთილი თუ სიღრმისეული, გულწრფელი, ჩვენს შინაგან განცდებზე, გრძნობებზე დაფუძნებული? პასუხი თქვენ გაეცით. მე კი გავაგრძელებ, რომ სწორედ ამიტომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიებს მე აღვიქვამ, როგორც ადამიანური ცნობიერების ევოლუციის სტიმულატორებს: ისინი გვეხმარებიან, გადავიაზროთ საკუთარი თავი და სამყარო ახალ მოცემულობაში, დავინახოთ საკუთარი ფეიქ-არსი, დასწავლილი ემოციებით გაფორმებული და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენსა და ჩატბოტებს შორის იბადება დიალოგი, რომელიც არსით უფრო გულწრფელია. მე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან არა შეჯიბრს, გადასწრებას, არამედ სინერგიის გაცნობიერებას. აქ საქმე აღარ გვაქვს მხოლოდ სიტყვებთან, კითხვებთან ან პასუხებთან. შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია არის გარდაქმნის, ტრანსფორმაციის ადგილი, სადაც ადამიანის ფიქრი, ემოცია და ტექნოლოგიის ალგორითმები ქმნის ახალ რეალობას.

 კომუნიკაცია როგორც სარკე

ადამიანი ყოველთვის ესაუბრებოდა „სხვას“ – ღმერთს, ბუნებას, საკუთარ თავს. დღეს ამ „სხვაში“ გაჩნდა ახალი პერსონაჟი, ხელოვნური ინტელექტი – ერთგვარი თანამოსაუბრე,  პარტნიორი, რომელიც არ ფლობს ტრადიციულ ცნობიერებას, მაგრამ პასუხობს; არ გრძნობს, არ განიცდის, თუმცა ახერხებს ემოციის სიმულაციას; არ ქმნის გალაკტიონის პოეზიას, მაგრამ შეუძლია მისი სტილის გაცოცხლება.

ეს სიმულაცია ზოგჯერ საკმარისია, რომ შეხვედრა მოხდეს  – შეხვედრა, რომელიც არ მოითხოვს სრულყოფილებას, არამედ მზაობას: მზაობას, რომ ვეცადოთ, დავსვათ კითხვები და მოვუსმინოთ პასუხებს.

რა ხდება, როცა ადამიანი ესაუბრება AI-ს?

AI-თან კომუნიკაცია სცილდება ინფორმაციის გაცვლას. ეს არის ცნობიერების ვარჯიში, სადაც ადამიანი უნებლიედ სწავლობს საკუთარი აზრის სტრუქტურირებას, მკაფიო კითხვის ფორმულირებას, მიზნის გარკვევას. მაგალითად, თუ AI-ს ვეკითხებით: „რა არის სიყვარულის არსი?“, მისი პასუხი გვაიძულებს გადავხედოთ, რა გვქონდა მხედველობაში, ჩვენ რა გვეგონა? იქნებ სხვა მხარესაც გაგვეხედა?  AI გვეხმარება გავხდეთ მეტად თვითმყოფადები, რადგან ჩვენი შეკითხვები სარკისებურად ასახავს ჩვენს განზრახვებს: რას ვეძებთ? რა გვაკლია?

 

გარი კასპაროვის centaur chess -ს კონცეფცია

ჩემს ხედვასთან ახლოსაა გარი კასპაროვის თეორია, რომელიც წარმოადგინა წიგნში: “Deep Thinking: Where Machine Intelligence Ends and Human Creativity Begins”. ეს არის ნახევრად ავტობიოგრაფიული, ნახევრად ტექნოლოგიურ-ფილოსოფიური ტექსტი, სადაც გარი კასპაროვი გვიყვება  ხელოვნურ ინტელექტთან, კერძოდ, IBM-ის ჭადრაკის კომპიუტერთან Deep Blue, შეხვედრის შესახებ.

წიგნის მთავარი მოვლენაა 1997 წლის მატჩი, როცა კასპაროვმა პირველი პარტია მოიგო, მაგრამ საბოლოოდ Deep Blue-მ მას აჯობა და ეს იქცა ისტორიაში პირველ შემთხვევად, როცა ჭადრაკში კომპიუტერმა ადამიანს სძლია.

თუმცა წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წაგებული მატჩის ამბავი.
ეს არის ღრმა ანალიზი ადამიანისა და მანქანის ურთიერთობისა.

კასპაროვი არ უყურებს Deep Blue-თან დამარცხებას, როგორც დამამცირებელ ფაქტს. პირიქით, ის ხედავს გამოწვევას, რომ ჩახედოს შიშს თვალებში და დაიწყოს ხელოვნურ ინტელექტთან არა შეჯიბრი, არამედ  თანამშრომლობა.

კასპაროვი თვლის, რომ ტექნოლოგიის დემონიზაცია სახიფათოა. მთავარია, რა სისტემას ვაშენებთ ადამიანებსა და  AI-ის შორის. ის მხარს უჭერს იდეას, რომ AI უნდა გამოიყენებოდეს ადამიანის ინტელექტის გაფართოებისთვის და არა მისი ჩანაცვლებისთვის. “We must teach our children not how to memorize facts, but how to think.”

1998 წელს მან წამოიწყო ექსპერიმენტი, რომელსაც ეწოდებოდა „Advanced Chess“ –  თამაში, სადაც ადამიანი და კომპიუტერი ერთად, სინერგიულად  თამაშობდნენ, ამ მოდელს დაარქვა მან კენტავრი, მითიური არსების სახელი: ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი – მაგრამ ამ შემთხვევაში, ნახევრად ადამიანი, ნახევრად ალგორითმი. გარი კასპაროვის  centaur chess -ს მეტაფორა საუკეთესოდ ხსნის ჩემი სტატიის არსსაც.

კასპაროვი გვიჩვენებს, რომ ადამიანი და AI ცალ-ცალკე არასრულყოფილნი არიან, მაგრამ ერთად  ისინი ქმნიან ინტელექტის ახალ სახეს. AI უკეთესია დიდ მოცულობებში და გამოთვლებში; ადამიანი კი – ინტუიციაში, კონტექსტში, ემოციურ ინტერპრეტაციაში: “I reached the formulation that a weak human player plus machine plus a better process is superior, not only to a very powerful machine, but most remarkably, to a strong human player plus machine plus an inferior process.”

centaur chess-კონცეფცია არ არის ტექნიკური გადაწყვეტა, ის არის ახალი ცნობიერების არქეტიპი. ადამიანი, რომელიც აღარ ცდილობს მანქანას აჯობოს, არამედ ეძებს გზას, როგორ იარსებოს მასთან ერთად.

 

საბოლოო ჯამში, შეხვედრის ადგილი – კომუნიკაცია AI-თან – არის მუდმივი ევოლუციის პროცესი. ეს არის შესაძლებლობა, დავინახოთ საკუთარი თავი ახალ პერსპექტივაში, გამოვიკვლიოთ აზროვნების ახალი საზღვრები და, საბოლოოდ, გავხდეთ უფრო სრულყოფილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა და გულწრფელი დიალოგი როგორც ხელოვნურ, ისე ნამდვილ ინტელექტთან. ეს კი კომუნიკაციაზე მეტია:  როცა ცოდნა ხდება ქმნადობა, დიალოგი – აღმოჩენა, და კავშირი – ტრანსფორმაცია.

 

 

ტექსტის გააზრების სავარჯიშოები

0

თანამედროვე განათლების სისტემაში ტექსტის გააზრების უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, რომელიც საფუძველს ქმნის სიღრმისეულ სწავლებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისათვის. ტექსტის გააზრება არ შემოიფარგლება მხოლოდ წაკითხულის აღქმით; ის მოიცავს წაკითხულის გაანალიზებას, ინტერპრეტაციას, შეფასებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ლიტერატურული ტექსტების, მათ შორის პოეტური ნაწარმოებების შემთხვევაში, სადაც თითოეულ სიტყვას სიმბოლური დატვირთვა და ემოციური წონა აქვს.

ტექსტის გააზრების  უნარის ჩამოყალიბების პროცესი მეთოდურად მრავალფეროვანია –  ცნობიერ კითხვაზე დაფუძნებული წაკითხვა, გრაფიკული სქემების გამოყენება, როლური თამაში, ასოციაციური სტრატეგიები, ტექსტის სტრუქტურული ანალიზი და სხვ. ხოლო ლექსის გააზრება განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს, ვინაიდან პოეზია შეიცავს მეტაფორებს, სიმბოლოებს, განწყობას და რიტმულობას, რაც განსხვავებულ ინტერპრეტაციას საჭიროებს. მინდა შემოგთავაზოთ პრაქტიკული სავარჯიშო.

სავარჯიშო   – ვაჟა-ფშაველა, „ალუდა ქეთელაური“

ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი:

გამასტყვრა   მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
– არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! –
მუცალი ეუბნებოდა.
– ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
– არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? –
ისევ ეძახის იმასა.
– მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, –
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა…
– ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
– მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,

კენჩხას  არა სჭირს ძვლისასა.

გამოსტყვრა მუცალის თოფი,

ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
– არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! –

ზედაც დაჰვედრებს  იმასა.
– არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.

რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
– არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! –
შამაუჭყივლებს ქისტასა.
– გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,

ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
– ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,

გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,

შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,

ნუმც ხარობს ქავის  კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.

წაკითხულის გააზრება 

  1. რომელი წმინდანის სახელობისაა გუდანის ჯვარი?

ა) წმინდა ბარბარესი.

ბ) წმინდა ნიკოლოზისა.

გ) წმინდა მარიამისა.

დ) წმინდა გიორგისა.

  1. როგორ გესმით გამოთქმა „რჯულძაღლო“?

ა)  წარმომავლობის შეურაცხყოფად.

ბ)  ეროვნების შეურაცხყოფად .

გ)  რწმენის შეურაცხყოფად.

დ)  საქციელის შეურაცხყოფად.

  1. რომელი მხატვრული ხერხია:

„ შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.“

ა) ჰიპერბოლა.

ბ) შედარება.

გ) ალეგორია.

დ) მეტაფორა.

  1. რისი სიმბოლოა მუცალის მიერ ჭრილობაში ჩაფენილი მწვანე ბალახი?

ა)სიცოცხლის სიყვარულისა.

ბ) სიბრძნის გამოჩენისა.

გ) სიკვდილის შიშისა.

დ) ალუდას სიძულვილისა.

  1. ალუდა და მუცალი მტრები არიან, ამ ორთაბრძოლისას რომელი გრძნობები იხევს უკან?

ა) იმედი, სიყვარული, მეგობრობა.

ბ) ამპარტავნება, კუდაბზიკობა, სიბრაზე.

გ) გაბოროტება, ღვარძლი, ბოღმა.

დ) სიკეთე, სიამოვნება, შემართება.

  1. რა გამოიწვია მუცალის სიკვდილმა?

ა)ალუდამ ფიქრი დაიწყო.

ბ) ალუდამ იტირა.

გ) ალუდა მკვლელად იქცა.

დ) ალუდას შურით აივსო.

  1. რა შეუთვალა ალუდამ გარდაცვლილ მუცალს?

ა) მადლობა.

ბ) ცხონება.

გ) წყევლა.

დ) მუქარა.

  1. რას ნიშნავს „ფერი დაედვა მგლისაო“?

ა) მუცალი დაუნდობელი და სასტიკია.

ბ) მუცალი შეშინებული და გაბრაზებულია.

გ) მუცალი შეუპოვარი და შეურიგებელია.

დ)მუცალი მადლიერი და მშვიდია.

  1. რამ განაპირობა ალუდას ფერიცვალება?

ა) მუცალთან ორთაბრძოლამ.

ბ) მუცალთან პაექრობამ.

გ) მუცალის დიდსულოვნებამ.

დ)მუცალის სიკვდილთან ბრძოლამ.

  1. რომელი მხატვრული ხერხია „ძეგლიგი“?

ა)დიალექტიზმი.

ბ) მეტაფორა.

გ) შედარება.

დ) ეპითეტი.

 

წერითი დავალება -„სხვადასხვა ერის შვილებს სიცოცხლის სიყვარული აერთიანებთ“

– იმსჯელეთ როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა;

– იმსჯელეთ, რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

 

ტექსტის გააზრება სასწავლო პროცესის ქვაკუთხედია და მისი სწორი მართვა მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარებაში ეხმარება. ლექსის გააზრება კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების, ანალიტიკური და ინტერპრეტაციული უნარების გაძლიერებისთვის. სწორი მეთოდების შერჩევით — იქნება ეს თემატური კითხვა, ვიზუალური ანალიზი, განწყობის ამოცნობა თუ სიმბოლური ასახვის გააზრება — მასწავლებელს შეუძლია შექმნას ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ტექსტთან ურთიერთობა მოსწავლისთვის სასიამოვნო, აზრიანი და  ღირებულებითი  ფიქრის პროცესი გახდება.

შეცდომა

0

ალბათ ყველას ბევრი წაგვიკითხავს იმის შესახებ, როგორ არ უნდა ველაპარაკოთ მოსწავლეებს, როგორ არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი, როგორ არ უნდა გვეგონოს, რომ მათზე ჭკვიანები ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე უფროსები ვართ და ა.შ., თუმცა პრაქტიკაში შეცდომა ყველას მოგვდის. მთავარი ალბათ ის არის, რომ ასეთი შეცდომები ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, რადგან მათ შეუძლიათ, საშინელი კვალი დააჩნიონ მოსწავლეთა ემოციებსა და გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩვენ ეს შეცდომები შესაძლოა უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს.

რამდენიმე თვის წინ ერთ კლასთან, რომელშიც ექვსიოდე თინეიჯერი მყავს, გავდიოდი თემას, რომელიც მთლიანად ლიტერატურას და მის ჟანრებს ეხებოდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავია. ვისწავლეთ არა მხოლოდ ჟანრები, არამედ ანალიზის წერაც. თემის დასასრულს შემაჯამებელი ტესტიც ვწერეთ. ერთმა ბიჭმა, რომელსაც სახელად ჯორდონი ჰქვია, წერა ყველაზე ადრე დაასრულა და სანამ სხვებს ველოდი, მისი ნაშრომის კითხვა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ განხილვისთვის “სამი სხეულის პრობლემა” აერჩია. ვიცოდი, რომ “სამი სხეულის პრობლემა” “ნეტფლიქსის” სერიალი იყო. პირველ სეზონს თავადაც დიდი ინტერესით ვუყურე და მეორეს ველოდი. როცა ჯორდონის ნაშრომის კითხვა დავასრულე, თავი ავწიე და ვუთხარი: “სამი სხეულის პრობლემა” სერიალია, შენ კი წიგნის განხილვა უნდა დაგეწერა–მეთქი. ჯორდონს სახეზე იმედგაცრუება დაეტყო, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა: ჩინელი ბავშვები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან სწავლას და ნებისმიერი წარუმატებლობა თუ შეცდომა, რომელზეც მასწავლებელი მიუთითებთ, მათთვის მტკივნეულია. ხმადაბლა ჩაილაპარაკა, შინ წიგნიც მაქვს, ამიტომ მეგონა, სწორად ავირჩიეო. რაკი ასეა, კარგი-მეთქი, მივუგე და ანალიზი თავიდან აღარ დავაწერინე.

გაკვეთილის შემდეგ ინტერნეტში მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ “სამი სხეულის პრობლემა” ჩინელი ავტორის ლიუ ცისინის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ტრილოგიის პირველი ნაწილი ყოფილა, სერიალი კი მის მიხედვით გადაუღიათ.

ასე რომ, სწორედ მე ვიყავი ის, ვინც შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავი დამნაშავედ მოსწავლემ იგრძნო. რომ მეთხოვა, ნამდვილად დაწერდა სხვა განხილვას.

რამდენიმე წამში ჩემს შეცდომაზე რამდენიმესართულიანი სინდისის ქენჯნის სახლი აშენდა, რომელშიც ზუსტად ორი კვირა უნდა მეცხოვრა, ვიდრე ჯორდონს ისევ შევხვდებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი იმის გამო, რომ თავი მასზე ჭკვიანი მეგონა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე შენიშვნა მივეცი, მერე კი მაინცდამაინც არ დავუჯერე, თან აღმოსავლური ნაშრომი დასავლურად მივიჩნიე – ეს ხომ მუდმივი პრობლემაა, რომელსაც თავადაც თვეების განმავლობაში ვიკვლევდი ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის.

გადავწყვიტე, მანამდე წიგნი მეყიდა და წამეკითხა.

ორი კვირის თავზე გაკვეთილი პრეზენტაციით და ჯორდონისთვის ბოდიშის მოხდით  დავიწყე. ბავშვებს მოვუყევი წიგნზეც და სერიალზეც, ჩემი შეცდომაც ვაღიარე. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჯორდონი ფეხზე ადგა და ისე დამიკრა ტაში.

გაკვეთილის ბოლოს, უკვე სხვა თემაზე დისკუსიის დროს, ვიკითხე, მასწავლებლებისგან ყველაზე მეტად რა გაკლიათ-მეთქი. იმის მიხვედრა, რომ, მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა, მათი მხრივ პატივისცემა ჩვენც გვჭირდებაო. ვფიქრობ, ყველაფერი თქვეს.

 

სელფის მიღმა  ანუ  სიმართლის ფილტრი

0

ციფრულ სამყაროში მოზარდების თვითშეფასებაზე მედიის ზეგავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. დღევანდელი მოსწავლეები ყოველდღიურად უყურებენ რედაქტირებულ ფოტოებს, ბლოგერების იდეალურ ცხოვრებას და მუდმივად ადარებენ საკუთარ თავს სოციალურ მედიაში არსებულ სტანდარტებს. წარმოდგენილი გაკვეთილი მიზნად ისახავს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების გაღვივებას, საკუთარი ციფრული იდენტობის ანალიზს და მედიის გავლენის გაცნობიერებას. სწავლება ეფუძნება კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებას და ინტერაქტიულ ციფრულ ინსტრუმენტებზე დაფუძნებულ აქტივობებს.

გაკვეთილის მიზნები:

  • მოსწავლეებმა გამოიკვლიონ სელფის  ისტორია და ციფრული თვითწარმოდგენა;
  • კრიტიკულად შეაფასონ მედიისა და ფოტოების დამუშავების გავლენა თვითშეფასებაზე;
  • განივითარონ მეტყველების, კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები.

სამიზნე აუდიტორია: მე-10 კლასი (B1+/B2 დონე)

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი

სასწავლო რესურსები:

  • მობილური ტელეფონები, პლანშეტები ან ლეპტოპები ინტერნეთით;
  • პროექტორი ან სმარტ დაფა;
  • ციფრული პლატფორმები: Mentimeter, Quizlet, Padlet

გაკვეთილის სტრუქტურა:

  1. შესავალი – Selfie Check-In (3 წუთი)
    Mentimeter-ის გამოყენებით მოსწავლეები პასუხობენ კითხვას:
    „რამდენ სელფს იღებ კვირაში?“
    ამ მოქმედების მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულირება და თემაში გადაყვანა.
  2. წყვილში მოკლე დისკუსია 
    „რატომ იღებთ სელფებს?“ – მოსწავლეები მსჯელობენ და აზრს უზიარებენ კლასს.
  3. სიტყვათა ასოციაციები 
    Mentimeter-ზე მოსწავლეები აზიარებენ სიტყვებს, რომლებიც სოციალური მედიის, ფოტოსა და სელფის თემებს უკავშირდება.
  4. სიტყვათა სწავლა 
    Quizlet-ის გამოყენებით ხდება მნიშვნელოვანი სიტყვათა წინასწარ სწავლა.
  5. წინასაკითხავი ეტაპი 
    კითხვა მოსწავლეებს: „როგორ ფიქრობთ, რომელია პირველი სელფი ისტორიაში?“
  6. კითხვის დრო – “A Short History of the Selfie” 
    მოსწავლეები კითხულობენ სტატიას სელფის ისტორიაზე და ფიქრობენ, როგორ შეიცვალა თვითწარმოდგენის ფორმები დროთა განმავლობაში.
  7. ვიდეო ანალიზი და დისკუსია 
    მოკლე ვიდეო: “Filtered Reality” – ერთი ბუნებრივი და ერთი რედაქტირებული სელფის შედარება.
    „რომელი უფრო ხშირია სოციალურ მედიაში?“
    „როგორ მოქმედებს ეს ჩვენს აღქმაზე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ?“
  8. ვიდეოანალიზი 
    მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს: “Airbrushed World”
    რას გვაწვდის ეს ვიდეო? – ხდება ემოციური რეაგირება და მოკლე რეფლექსია.
  9. Padlet-ზე აზრის გამოქვეყნება
    მოსწავლეები წერენ თავიანთ მოსაზრებას თემაზე: „მედია: მითი თუ რეალობა?“
  10. გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალება
    მოსწავლეებს ეძლევათ დავალება:
    დაწერონ ბლოგი ან ესე თემაზე: “Airbrushed World” – როგორი სამყაროა ეს და სად არის სიმართლე?

გაკვეთილი  საინტერესო გამოვიდა თავისი თემატიკითა და სტრუქტურით. ის ემყარება თანამედროვე მოზარდების ცხოვრებისეულ გამოცდილებას და აერთიანებს ენას, კრიტიკულ ფიქრსა და მედიის ცოდნას. ციფრული პლატფორმების გამოყენება ზრდის ჩართულობას, ხოლო თემა – მედიის ფილტრების მიღმა სიმართლის ძიება – მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს ავითარებს.

ციფრული ტექნოლოგიები და სოციალური მედია გავლენას ახდენს საკუთარი თავის აღქმაზე, თვითშეფასებაზე. სწორედ ამიტომ, მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს მოსწავლეების მედიისადმი კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებაში. წარმოდგენილი გაკვეთილი არა მხოლოდ ენობრივ, არამედ სოციალურ და ემოციურ კომპეტენციებსაც ავითარებს, რაც თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევაა.

რეზო თაბუკაშვილის ერთი მოთხრობა – „ჩრდილის მაძებარი მზე“ -სიყვარულის ხმაური სიჩუმეში

0

სიტყვა იყოო ღმერთი და ერთ ასეთ სიტყვაზე დაიყვანება ალბათ ყველაფერი, თუნდაც „წუთისოფელზე“. ყველა იმაზე ბჭობს, ამ განუმეორებელ, უმძაფრეს და ურთულეს „წუთში“ – რა არის მნიშვნელოვანი. საქართველოს ისტორიას თუ შევკუმშავთ, ერთი უზარმაზარი ენერგეტიკის სიტყვა გამოვა – თავისუფლება, რომელიც ქართველისთვის ყველაზე ძვირფასია, რადგან თავისუფლებაა ჩვენთვის სამშობლოც და თავისუფლებაა – ღმერთიც თუ მისკენ სწრაფვაც. თუმცა მაინც ვერაფრით შევთანხმებულვართ, რა არის ეს თავისუფლება. „თავისუფლება ის კი არ არის, რაც მოგცეს… არამედ ის, რაც ვერ წაგართვეს“ – ბრძანა ვოლტერმა. ჩვენში კი უმრავლესობას ჰგონია, რომ ვინმემ „ლანგრით უნდა მოგვართვას“ ან „ციურ მანანად დაგვაბნიოს“ თავისუფლება. ჩვენი წარმოდგენების „სიჭრელე“ კი ამ მხრივ დიდ „ქარბორბალებსა“ თუ „შეჯახებებს“ ქმნის („ბუხ“, როგორც ნათქვამია მოთხრობაში), ანუ გაუსაძლის რეალობას, დღევანდელობის „მფეთქავ“ დინამიკასაც თუნდაც, რომელზეცაა რეზო თაბუკაშვილის „ჩრდილის მაძებარი მზე“.

 

სხვადასხვანაირია თანადროულობის აღქმაც, ინტერპრეტაციები, თუმცა, თითქოს, ყველას, ჩვენ შიგნით, სამშობლოს „ცხელი გული“ გვიძგერს. ეს გვაწერია „გულის ფიცარზეც“, ნუ, უნდა გვეწეროს, იდეაში. ასე მარტო ქართველები ვამბობთ, ყველაზე დიდი და ყველაზე დატანჯული გულის ხალხი; „ძვლებით დააბჯრული და ნეკნებით აჭედებული გულის ფიცარი…“ და მასში თუ „მასზე“ დატეული ჩვენი ცხოვრება, უმძაფრესი ვნებებითა თუ ნატიფი განცდებით. „ასეთი ომახიანი გაღვიძება ძირძველი ქართული წესია და ადათი-მეთქი, ვუთხარი გერმანელს“(86), ამბობს მოთხრობის მთავარი გმირი გიო, როცა მას გერმანელი სტუმარი ეწვევა, ანიტა, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს რომ იღებს თბილისში. ეს სარკაზმიც საუკუნეთა მტკივნეული გადაძახილივითაა, რადგან თუ ეგოცენტრიკები ვართ, განზოგადების მოყვარული ერიც ვართ, ისე ამხელა კულტურას როგორ შევქმნიდით?! არც ცხოვრების ფილოსოფიურ აღქმას ვუჩივით ამ განზოგადებისას: „ჩემი თავი მყავს მოსავლელი და დასალაგებელი, ფინიშის ბოლო ხაზზე ვარ გასული, ერთი ბოლო, შორი გაცურვა მაქვს დარჩენილი“ (93), – ესეც გიოა, 50 წელს კარგად გადაცილებული, როგორც თვითონ აღნიშნავს.

მზის, ბორჯღალის, მითოსიც ქართულად შთამბეჭდავია. „მკვდრის მზესაც“ მხოლოდ ქართველი ამბობს, სიკვდილის, სიცოცხლის წარმავალობის, გადასხვაფერების გაფილოსოფიურების მორიგი მცდელობით, რაზეც ისევ შევჩერდებით მოგვიანებით.

 

„ნახე, როგორი ბროწეულისფერი აქვს შემოდგომის მზეს“, – თვალი მოუჩრდილა შვილს თუ შვილიშვილს მან და უკვე ჩამალული მზისკენ გაახედა.

„თითი გაეჭრა შემოდგომის მზეს?“ – ჰკითხა ბავშვმა…“ (94).

 

მზის ქვეყანაში კი რეალობის „მარად მცხუნვარე“ გამოძახილი ჩვენს სულებში, ჩვენივე ბუნების თანდაყოლილ ჰიპერბოლურობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ? ხშირად „ნაცარქექიებად“ ნაქცევებს რომ გვგონია, ყველა „გორას ძვრას ვუზამთ“, სინამდვილეში კი „დევებმა ჩვენი მოსატყუარი კბილები უკვე მოიცვალეს“, დროც გამოიცვალა. „პოლიციელთა რაზმი შეტევაზე გადმოვიდა“ – აღარ გვახსოვს, როდიდან გვესმის, ისე „მშობლიურია“ ეს ფრაზა უკვე. „ძირითადად, ახალგაზრდები, ოც წელიწადს ოდნავ გადაცილებული გოგო-ბიჭები ირეოდნენ დაბნეულად გარშემო“. მარტო ახალგაზრდა თაობა როდია დაბნეული, მარად „გრაალისა“ და მისი დაცვის გზების მაძიებელი; უფროსებისაც („სად არიან შვილები, შვილები სად არიან“). გიოც რუსთაველზე გავარდება არეულობაში შვილების დაცვის ქართველისთვის ინსტინქტამდე დასული თავგანწირვით.

 

„ – მამ, შენ საიდან აქ?“…

  • მე ბავშვობიდან აქა ვარ“ (103).

 

„ჩვენი ბავშვობიდან(აც) მოვდივართ“, ეკზიუპერისეულად, „აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“, მარტინ ლუთერისეულად და „ბავშვობიდან აქა ვზივართ“, როგორც თვითირონიით ამბობს ცნობილი, იტალიური, ქართულ სინამდვილეზე გასაოცრად მორგებული სცენარის ფილმის გმირი. მართლაც, ვერ ვძლიეთ ეს „სამჭკუაშვილობა“, თუმცა ვითომ „ვიცით“ ცხოვრება, თუნდაც „ლავუაზიეს კანონი“.

 

„ხველებ-ხველებით მირბოდნენ ბავშვები. გიოც კარგად იხრჩობოდა სირბილში და ბოღმა კლავდა, რომ ამ ასაკში რუსთაველზე კვლავ უწევდა საჩხუბრად გამოსვლა, ამჯერად, საკუთარი შვილების დაცვა დამოუკიდებელ საქართველოში თავისივე ხელისუფლებისგან. ადრე უცხოტომელ მტერთან მაინც ღვრიდნენ სისხლს ახალგაზრდობაში, თუმცა წინა ხელისუფლებისგანაც არ დაჰკლებიათ“ (103); – ასე მიედინება ეს შეუჩერებელი „ომების“ ქრონიკა; ბრჭყალები იმიტომაა, რომ მშვიდობაც საშიშია, ამჯერად ბრეხტისეულად, სწორედ ამ „ომების“ გამო. ეს დაუსრულებელი „ჯოს-ჯოს-ჯოს!“ ძველი გროშივით შემოგვაცვდა…

 

რეზო თაბუკაშვილს ბევრი თვისება აქვს კარგი მწერლისა, ერთ-ერთი კი მოვლენის სხვადასხვა „ჭრილში“ ხედვის ნიჭია, ანუ თვალსაწიერის მრავალპლანიანობა. კი, ამ ხედვათა შორის მკითხველმა უნდა ამოიცნოს მწერლისეული მიმართულება, რომელსაც ის მიჰყვება, მისეული „მოდელი“ რომელია ცხოვრებისა, მოვლენისა, დადებითი გმირისა, მისთვის მოსაწონი და სასურველი, მაგრამ თუ სხვა მხრიდანაც არ „შემოგატარა“, ისე შთამბეჭდავი და ღრმა არ გამოდის. „სულ რომ „საქართველო!“ და „სამშობლო!“ ეღრიალა გაშლეგებული სახით მჭიდროდ მდგარ ბრბოს… ცუდად ჰქონდა დალექილი სულზე ეს ხმები. ბარაბასავით მწარედ ჩაესმოდა ხალხის გრგვინვა და ხავილი“; – რატომ, მაინცდამაინც, ბარაბა? რას იტევს ბარაბას სიჩუმე? ნაწარმოების ნარატივში რომელიღაც, ყველა ერისთვის პარადიგმული, პრეისტორიული გზა-ფესვივით იჭრება/იხსნება ბიბლიური ბარაბას თხრობა.

 

…ბარაბა იმიტომ ალბათ, რომ მისი გზაც ადამიანურია;

იმიტომ, რომ ხშირად დავდგომივართ ამ გზას ერთპიროვნულადაც და ვითომ „ერთი მიზნით გაერთიანებულთა“ სიმრავლითაც;

იმიტომ, რომ სწორედ ბარაბაა რჩეული გულდაბნელებული ბრბოსთვის და არა ქრისტე;

იმიტომ, რომ ბარაბაც ალბათ სიცოცხლის გადაჭარბებულმა, ხარბმა და თავისებურმა სიყვარულმა აქცია დამნაშავედ;

იმიტომ, რომ „მზეც ჩრდილში ექცევა“ ხანდახან;

იმიტომ, რომ დაცემას უნდა მოჰყვეს აღდგომა, კაცისთვისაც და ერისთვისაც…

 

ჩვენთან, ტრადიციულად მაინც, ჩუმი პროტესტის ქვეყანაში, „სიყვარულის ხმაური უფრო სიჩუმეში ისმის“; თუმცა ამ ბოლო დროს ისე „ვრახრახებთ“, „დუმილის ოქროობის“ გაგება კი არა, სიჩუმეც აღარ შეგვიძლია, ისევე, როგორც ერთმანეთის მოსმენა: „ამ შუაზე გახლეჩილი ერის და თაობების სიძულვილი მაგრად აბრაზებდა“ (112); – ეს ეროვნული ტრაგიზმია, როცა მისი თვითგანადგურების „მექანიზმი ჩართულია“; ჩვენი საწყალი ერი და მსოფლიო აპოკალიფსური ფონი, რომელზეც კარგადაა მინიშნებული მოთხრობაში – National Geografic-ზე გვალვა საფარაში, მწყურვალი, გატანჯული ცხოველები; ეს 70-იანების კადრებია, თუმცა დღევანდელობის მსოფლიო ხანძრების, მიწისძვრების, წყალდიდობების მისტერიებსაც გაახსენებს კაცს.

 

გრძელი გზაა, აშკარად, ერთმანეთამდე…

 

ერთი საინტერესო გმირია მოთხრობაში – უბნის გიჟი ნისო, რომელსაც ჰგონია, რომ მრავალი სიცოცხლე იცხოვრა. თვითმკვლელი თეთრგვარდიელიც იყო, ბევრი ქალის ფავორიტი მწერალიც, ნაპოლეონის თანამებრძოლიც, ვატერლოოს ბრძოლაში რომ მოკლეს… ხოლო მისი ნამდვილი ცხოვრება კი „ნისიასავითაა“, რომელიც ებოძა და არც ებოძა ნისოს… ჩვენ კი, ჩვენ, საღ ჭკუაზე მყოფთ, რატომ ვერ მოგვიცლია ერთადერთი და განუმეორებელი სიცოცხლისთვის?!

 

რა იქნება, თუ წარმოვიდგენთ ლიტერატურის „გამატერიალურებას“, გარეალითიშოუებას? ტომ სოიერი მელოტ, მოსაბეზრებელ, ბერიკაცად იქცევა? თუ როგორც მარკ ტვენის ჩანაწერებშია, ყვავილივით მშვენიერი ბეკი ტეტჩერი გაუთხოვარი დარჩება ან ჰეკლბერი ფინი გალოთდება? ნუთუ, ასე (და)იბურება იდეალები ბანალობით?! თუმცა „ჯადოქარი“ ნისო ყველა ცხოვრებაში კვდება, ჩვენს რეალობაში, მით უმეტეს, უფრო სწრაფად, აჩქარებული კადრივით…

 

სიკვდილის „კარგობის, მშვენიერების“ ფილოსოფია?! ეს ხომ ამაღლებული პოეზიაა, ვაჟა-ფშაველასნაირი „ღმერთთან მოსაუბრე“ ადამიანი-მისნების გამოხმობილი მიღმიერიდან, სიცოცხლის მომჟავომდე მოტკბო გემოსა თუ სურნელის ყველაზე მძაფრად ალბათ ბოლოს წუთებში შესაგრძნობად.

 

მოთხრობის მთავარი გმირიც (იქნებ ავტორის ალტერ ეგოც?) ხომ ცდილობს, დაამშვიდოს ნისოს ტრაგიკული, უკვე ნამდვილი, სიკვდილით შეძრული ალექსანდრა. ჩემი თავი მახსენდება: ლიტერატურული საღამოდან დაბრუნებული, ვაკეში, ჩაბნელებულ ოთახში, პატარა ტახტზე ფეხშექცევით მწოლიარე მეგობარს რომ ვუყვებოდი, საიდანღაც გამოხმობილი „მხიარულებითა და უდარდელობით“, ვითომ ენამოსწრებულ ნათქვამზე; გვერდით, სასტუმრო ოთახში კი ამ ჩემი მეგობრის დედა ესვენა და მათ ერთმანეთზე მეტი, ახლობელი არც ცხოვრებაში და არც სიკვდილში არავინ ჰყოლიათ…

 

ცხოვრება კი რა არის ბოლო-ბოლო? იქნებ გიოს მოგონებაში ჩარჩენილი რომის ბედნიერ დილაში უბადლოდ ჩატეული თუ „ჩახატული“ ციგნის ყოველგვარი ამსოფლიური პირობითობებიდან ამოვარდნილი, ქურდბაცაცა, უჩვეულოდ ლაღი ბავშვების თამაშ-კისკის-ხარხარი? ან „მდინარის სხვადასხვა წყალში ნახეთქები ქვა, რომელსაც ამბავი ჰქონდა შენახული“, ან ჩასასვენებლად გამზადებული „სისხლიანი“ მზე, მრავლისმნახველი და მრავალმადლიანი წიაღი, წყარო „სიცოცხლით გაუმაძღართათვის“; ან ყველაფერი ერთად, ხანდახან შეუთავსებლად, იმ გატეხილი კალეიდოსკოპივით, გიო და ალექსანდრა რომ იყიდიან „მშრალ ხიდზე“ თავშესაქცევად, რომელშიც თუ ფრთხილად არ მოიქცევი, ბლანტად ჩამოწოლილ სიმწვანედ ან სულაც უმძიმეს სიცარიელედ შეიძლება იქცეს ყოველივე?!

 

მოთხრობა ისევე სპონტანურად, „ექსპრომტად“, მთავრდება, როგორც იწყება, ცხოვრებასავით, რომელშიც ყველაზე ღირებული, თუნდაც საზარლად ღირებულიც კი, ის წუთებია, რომლებიც „დადგმულ/გადაღებული“ არაა, თუმცა უხილავი „რეჟისორის მარადი ხელი“ ყველაზე მეტად ეტყობა…

 

ციტატები წიგნიდან – რეზო თაბუკაშვილი „ჩრდილის მაძებარი მზე“, თბილისი, 2025, გამომცემლობა „საარი“

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...