პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

„რა მშვენიერი კუნძულია!“

0

ტაივანი, წყნარი ოკეანის ზურმუხტი თუ მსოფლიო განხეთქილების ვაშლი [1]?

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

Ilha Formosa! (პორტუგალიურად, მშვენიერი კუნძული) – დიახ, გადმოცემით ასე ჟღერდა პორტუგალიელი მეზღვაურის შეძახილი, როდესაც მან კუნძული ტაივანი დაინახა – იმ დროს, XVI საუკუნის დასაწყისში, პორტუგალიელები პირველი ევროპელები იყვნენ, რომლებსაც რაღაც მანქანებით, იმდროინდელმა აზიელმა მმართველებმა და მონარქებმა,ნება დართეს გემებით ეცურათ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზღვებში.

ისტორიული ცნობა: „მე-16 საუკუნის შუა პერიოდში, პორტუგალიელი მეზღვაურები ახალი სანავიგაციო ტექნიკის გამოყენებით, უკვე თავისუფლად სერავდნენ მსოფლიოს უცნობ ზღვებს. პორტუგალიელი ზღვაოსნების, ვასკო და გამასა და ბარტოლომეუ დიაშის კარაველები პირველნი იყვნენ, ევროპელთა შორის, რომლებმაც შემოუარეს კეთილი იმედის კონცხსა და ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანეში შეცურეს და ინდოეთს დასავლეთ ნაპირს (დღეს გოას შტატი) მიადგნენ. 1517 წელს, პორტუგალიის მეფის, დიდი დომ მანუელ პირველის, იაპონიისკენ მიმავალმა პორტუგალიური გემის მეზღვაურებმა დღევანდელი ტაივანის სრუტეში, მარჯვენა მხარეს დაინახეს წყლიდან ამოსული, მწვანე მცენარეულით დაფარული, მაღალი, დიდი ზომის კუნძული. გემის კაპიტანმა, საბორტო ჟურნალში კუნძულის აღსანიშნად სახელი „Ilha Formosa“ ჩაწერა, რაც პორტუგალიურად „ლამაზ კუნძულს“ ნიშნავს“ (Paul Kua, 2020)“. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რიგი ტაივანელი და დასავლელი ისტორიკოსები, ამ ისტორიას კუნძულის შესახებ „ლამაზ ლეგენდად“ მიიჩნევენ და კუნძულის აღმოჩენის სხვა თარიღებსა და ინტერპრეტაციას იძლევიან, თუმცა დღეს, ეს ჩვენი განხილვის საგანი არ გახლავთ.

ზოგადი ცნობები კუნძულ ტაივანის შესახებ: კუნძული ტაივანი მსოფლიოს კუნძულებს შორის მხოლოდ 39-ე ადგილზეა (34,507 კმ² ფართობით – საქართველოზე ორჯერ უფრო მცირე, ლ.ა.), სიგრძით 394 კმ. და სიგანით 144 კმ.-ია. მიუხედავად ამისა, ის ბევრ სხვა კუნძულზე დიდია, მათ შორის სიცილიაზე და ჰავაიზეც კი. ჩრდილოეთის ტროპიკი (კიბორჩხალს ტროპიკი ჩ. გ. 23o5’) ტაივანს თითქმის შუაში კვეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულის ჩრდილოეთში სუბტროპიკული ჰავაა, ხოლო სამხრეთში – ტროპიკული. კუნძულის მოსახლეობა: 23.2 მილიონია (2024), აქედან ურბანული მოსახლობის წილი 83%-ია; მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა: 95% ჩინელები (ჰანი, ჰაკკა, ჰოკლო, სხვა) და ტაივანის აბორიგენული მოსახლეობაა (ჩინ. „გაოშანი“ – მთის ხალხი) – 2%.

კუნძული ტაივანი, რომელიც გეოგრაფიულად წყნარ ოკეანეში და სახრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთის თბილი ზღვის წყლებში მდებარეობს, მიუხედავად თავისი მოკრძალებული ზომისა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ტაივანი, აზიის ქვეყნებს შორის გამორჩეულია იმ მრავალფეროვნებით, რომლებიც კუნძულის ბუნებასა და მის მკვიდრ მოსახლეობას (ტაივანელი ჩინელები, კონტინენტური ჩინეთიდან მოსული ჰაკკას ხალხი და ადგილობრივი აბორიგენული წარმოშობის, ავსტონეზიური ხალხები, ლ.ა.) ახასიათებს. ძნელია, იპოვო ისეთი მცირე ზომის მიწა, რომელზეც სხვადასხვა დროს, ჩინეთის იმპერიის, ჩინეთის რესპუბლიკის, ჰოლანდიელების, ესპანელებისა და იაპონელების დროშები ფრიალებდა! XIX საუკუნის ბოლოს, ტაივანში შეჭრა და მისი დაპყრობა ფრანგებმაც კი სცადეს[2], რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 22,000 კმ-ით არის დაშორებული!

…და მაინც, რატომ ტაივანი? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

მოკლე ცნობები ტაივანის ეკონომიკის შესახებ. 1) ტაივანის სამრეწველო ძლიერება (ნახევრადგამტარები): ტაივანში მდებარეობს კომპანია TSMC, რომელიც მსოფლიოში მიკროჩიპების უპირველესი მწარმოებელია. კომპანია უზრუნველყოფს ამ სახის მოკროჩიპებით მსოფლიო ბაზრის 50%-ზე მეტს(!). ის მოწინავეა ტექნოლოგიებში და გადამწყვეტ როლს ასრულებს ელექტრონიკის გლობალური მიწოდების კუთხით. TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) აწარმოებს ჩიპებს Apple-ის, NVIDIA-ს და სხვა მსხვილი კომპანიებისთვის. 2) ნობელის პრემიები და აკადემიური წარმატებები: ოთხ ტაივანელ მეცნიერს მოპოვებული აქვს ნობელის პრესტიჟული პრემია (ქიმიაში, ბილოგიაში); ათობით ტაივანელი მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია (მაგ., ფიზიკასა და მედიცინაში), რაც ამყარებს მათ გლობალურ აღიარებას და მიმზიდველს ხდის ტაივანთან თანამშრომლობას. ტაივანის უნივერსიტეტები (მაგ., National Taiwan University) მსოფლიოს საუკეთესო ასეულში შედის. 3) მწვანე ენერგია და ბიოტექნოლოგიები: ტაივანში აქტიურად ვითარდება მზისა და ქარის ენერგია (აქვთ ქარის რამდენიმე დიდი სადგური 100-დან 376 მეგავატამდე სიმძლავრით – შედარებისთვის, გორის ქარის სადგურის ჯამური სიმძლავრე დაახლ. 20,7 მეგავატია), ასევე ბიომედიცინის ინდუსტრია, რაც კუნძულს მდგრადი განვითარების ლიდერად აქცევს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით[3], 2024 წელს, ტაივანის ეკონომიკა (წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა – მშპ, 782.44 მილიარდი აშშ დოლარი, nominal GDP estimate) მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკაა და დაახლოებით 25-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკის მოცულობით იგი ახლოს არის ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან, როგორებიცაა – საუდის არაბეთი (1 ტრილიონი აშშ $), ნიდერლანდები (1 ტრილიონი აშშ $), თურქეთი (1.32 ტრილიონი აშშ $), შვეიცარია, შვედეთი და პოლონეთი (0.8-0.9 ტრილიონი აშშ $) და მსოფლიოს ოცეულში მოიაზრება. რაც შეეხება ერთ სულზე მშპ-ს (ნომინალური დათვლით) 33-34,000 აშშ დოლარს აღწევს და ისეთი ქვეყნების მშპ-ს უახლოვდება, როგორებიც არიან იაპონია, სამხრეთი კორეა, ესპანეთი და მაღალშემოსავლიანი, განვითარებული ქვეყნების კატეგორიაში მოიაზრება.

„ტაივანური“ ეკონომიკური სასწაული: ტაივანის ეკონომიკური განვითარება და გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ეკონომიკური აღმავლობა (აზიის ვეფხვების – იაპონია, სამხრ. კორეა, ტაივანი და სინგაპური – ე.წ. ეკონომიკური ბუმი) და ამ ეკონომიკების კონკურენტულობა (როგორც ეს მოგვიანებით, ჩინეთის ბიზნესისათვის „გახსნის“ შემთხვევაში მოხდება, ლ.ა.) დასაწყისში ემყარებოდა ამ ქვეყნებში იაფი მუშახელის არსებობას და მშრომელთა კლასის უუფლებობას.

კუნძულზე, მსგავსად მეორე მსოფლიო ომისშემდგომი იაპონიისა, ჩატარდა მასშტაბური აგრარული რეფორმა, რომელიც კუნძულის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად გადაიქცა: მსხვილი მიწათმფლობელებისგან (ანალოგი: ლატიფუნდისტები) სავალდებულო წესით გამოისყიდეს მიწების ნაკვეთები და მიჰყიდეს ისინი გლეხებს, შეღავათიანი განვადების პირობით. შედეგად, მსხვილმა მიწათმფლობელებმა მიიღეს ფული, სახელმწიფო ობლიგაციები და აქციები, რომლის დაბანდებაც ბიზნესსა და წარმოებაში განხორციელდა! ამავე დროს, წვრილი ფერმერები გათავისუფლდნენ ლატიფუნდისტების მძიმე საბეგრო გადასახადებისგან (შემცირება 50-70%-დან 37%-მდე!) და თვითონ იქცნენ მიწების წვრილ მფლობელებად.

უკვე 1948 წელს, კუნძულზე უცხოური კომპანიების ნაწარმის კომპლექტაციაზე დაყრდნობით, დაიწყო მარტივი რადიოტექნიკის წარმოება (ბრენდები: General Electric, Philips, Hitachi, Toshiba, სხვა) მსოფლიო ბაზრისათვის; 1950 წლიდან, ტაივანზე იწყება ამერიკული Ford-ის სატვირთო მანქანების და Caterpillar-ის მძიმე სამშენებლო ტექნიკის წარმოება (კუნძულის ძლიერი დამოკიდებულებით აშშ-ზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით); 60-იანი წლების დასაწყისიდან, ტაივანი (აგრარული რეფორმის წარმატებული განხორციელების შემდეგ) სრული ძალით იწყებს სამრეწველო „ბუმს“ და კუნძულზე იხსნება გლობალური კორპორაციული წარმოებები (ბრენდები: RCA, Sony, Texas Instruments).

ტაივანის განვითარება ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილ მეტროლოპოლიასთან, იაპონიასთან: 1950-იანი წლების დასაწყისში ომითა და დაბომბვებით დანგრეული იაპონია განვითარების მძლავრ იმპულსს იღებს. იაპონია იქცა კორეის ომის უკანა ფრონტად, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა და რომელიც კორეაში კომუნისტებს ებრძოდა. ამერიკელებისთვის ძალიან ძვირი და რთული იყო ასიათასობით ჯარისკაცისა და მძიმე, ტექნოლოგიურად რთული ტექნიკისთვის საჭირო მარაგების აშშ-დან ტრანსპორტირება. შედეგად, იაპონურმა საწარმოებმა ამერიკელებისგან უზარმაზარი სამხედრო შეკვეთები მიიღეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ ეს თანამშრომლობა გაგრძელდა უკვე ამერიკული ტექნოლოგიებისა და შექმნილი ბაზრების დახმარებით. იაპონელებმა მალევე მოიფიქრეს, რომ მათი საქონლის კონკურენტულობის გასაზრდელად, საჭირო იყო ტაივანის გამოყენება – იმ წლებში, ტაივანური მუშახელი იაპონურზე უფრო იაფი იყო, ხოლო ძველი კავშირები ბოლომდე არ იყო გაწყვეტილი; ამას ემატებოდა იაპონური ენის ფაქტორი, რომელიც ტაივანში ბევრმა იცოდა. მზარდი იაპონური მრეწველობის შეკვეთებს ნაწილობრივ ტაივანელ კონტრაქტორებსაც აძლევდნენ. საერთო მტრები, საერთო მოკავშირეები და საერთო კომერცია მოულოდნელი კუთხით დაეხმარა გუშინდელ მტრებს — იაპონელებსა და გომინდანის ჩინელებს — საერთო ბიზნესენის პოვნაში.

ტაივანის ისტორია მოკლედ

1895 წელს იაპონიის ახალგაზრდა იმპერიამ (იმპერატორი მეიძი-ტენნო, ფეოდალური იაპონიის რეფორმატორი იმპერატორი, რომელმაც 1867 წელს იაპონიაში სიოგუნების და სამურაების ეპოქა დაასრულა, ლ.ა.), ჩინეთის მმართველ ცინის დინასტიას 1894-1895 წწ. ომის შედეგად, „შიმონოსეკის ხელშეკრულებით“ ტაივანი წაართვა (შენიშვნა: ამ ომის შემდეგ იწყება იაპონიის იმპერიალისტური დაპყრობითი ომები აზიაში, ლა.). იაპონელმა კოლონიზატორებმა კუნძულზე მკაცრი რეპრესიები წამოიწყეს და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიმართ უმკაცრეს ზომებს მიმართეს. პარალელურად, დაიწყო ადგილობრივი ჩინელებისა და აბორიგენების იაპონიზაციის მცდელობები. კუნძულ ტაივანზე, იაპონიის 50-წლიანი კოლონიზაციის პერიოდის შედეგები დღესაც შესამჩნევია: კოლონიური ეპოქის დროს აგებული სარკინიგზო სადგურები, სამთავრობო შენობები, სკოლები და ტაძრები, კვლავაც შესამჩნევია დედაქალაქ ტაიბეიში, ქალაქ ტაინანსა და ტაიჩუნგში. დიდი საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები (გზები, წყალსაცავები და ჰიდროელექტრო-სადგურებისა და სარწყავი სისტემების კაშხლები) იაპონური ბატონობის დროს განხორციელდა და დიდწილად, საფუძველი ჩაუყარა ტაივანის დღევანდელ განვითარებას.

ტაივანელთა უფროსი თაობა (დაბადებულნი 1945 წლამდე) და მათი შთამომავლების ნაწილი ჯერ კიდევ თავისუფლად ფლობს იაპონურ ენას, განსაკუთრებით ტაივანის სასოფლო რაიონებში და ტაივანის ძველი დროის ელიტაში (რომლებსაც სასკოლო განათლება იაპონურ ენაზე ჰქონდათ მიღებული). დღეს იაპონური ენა კვლავ პოპულარულია ტაივანზე და იგი უმეტესწილად, ტაივანელთა მეორე ან მესამე უცხო ენას წარმოადგენს. ისტორიული დოკუმენტებით, იაპონელთა განზრახვა, კუნძულის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციებით, ტაივანის „საჩვენებელ კოლონიად“ გადაქცევა გახლდათ. მიღწევები საკმაოდ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა: კოლონიზაციის პერიოდის დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც ღარიბი და გაუნათლებელი იყო.

1945 წელს, აშშ-ს მიერ იაპონიის ატომური დაბომბვისა და კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებმა (აშშ და სსრკ) კუნძული ჩინეთის ოფიციალურ მთავრობას — იმ დროს, გომინდანის რეჟიმს გადასცეს[4]. ოთხი წლის შემდეგ, 1949 წელს გომინდანის ნაციონალისტებმა წააგეს სამოქალაქო ომი კომუნისტებთან და ვინც მოასწრო, „წითლებისგან“ ტაივანზე გაიქცა. კუნძულს მატერიკისგან ზღვა და დაახლ. 130-140 კმ-ის სიგანის ტაივანის სრუტე ჰყოფდა. გაქცეულ „თეთრებს“ შორის შორის იყვნენ მსხვილი მეწარმეები, შეძლებული პირები და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.

ბუნებრივია, კომუნისტებს სურდათ, გომინდანის წარმომადგენლებს ტაივანზეც მისდგომოდნენ, მაგრამ იმ დროს უკვე დაწყებული იყო კორეის ომი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდთა შენაერთები სრულად აკონტროლებდა ტაივანის სრუტეს, იქ მდებარე კუნძულებსა და კუნძულის სანაპიროს. ინტერვენცია ვერ შედგა. უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების „ორი ჩინეთი“ მოქალაქეების მიმართ სიმკაცრითა და სისასტიკით ერთმანეთის მსგავს რეჟიმებს წარმოადგენდნენ. კონტინენტზე, ჩინეთის ლიდერს, მაო ძე-დუნს გენიოსად აღიარებდნენ, ანადგურებდნენ ჩინური კულტურის უძველეს ძეგლებს, ხოცავდნენ ბეღურებს და პროფესორებს „სახალხო აღზრდისთვის“ შორეულ სოფლებში აგზავნიდნენ, ხოლო კუნძულზე, კომუნისტებისადმი სიმპათიის ეჭვის, პროტესტის, გაფიცვის მცდელობებისა თუ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და შრომის ინტერესებზე საუბრის გამო, ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში, ციხე ელოდა, ხოლო უარეს შემთხვევაში — დახვრეტა ან „გაქრობა“.

 (პირველი ნაწილის დასასრული), 

 

[1] „განხეთქილების ვაშლი“ – კამათის და დაპირისპირების მიზეზი. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, განხეთქილების ვაშლი იყო მითოსური ოქროს ვაშლი, წარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ, ეს ვაშლი შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა და აფროდიტე. სწორედ მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. ბოლოს ვაშლი აფროდიტეს ერგო რამაც ათენა და ჰერა განარისხა.

[2] საუბარია 1884-1885 წწ. საფრანგეთ-ჩინეთის (ცინის დინასტია) ომზე, რომელიც 1885 წლის ივნისში დასრულდა ტიანძინის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა მოიპოვა კონტროლი ვიეტნამზე (ტონკინზე), ხოლო კ. ტაივანი, მიმდებარე კუნძულებით – ჩინეთის იმპერიას დაუბრუნდა (ლ.ა.).

[3] წყარო: Taiwan: Gross domestic product (GDP) in current prices from 1987 to 2030: https://www.statista.com/statistics/727589/gross-domestic-product-gdp-in-taiwan/

[4] გომინდანის მთავრობა (კუომინტანი, 國民黨, „სახალხო პარტია“) — ეს გახლდათ ჩინეთის რესპუბლიკის ნაციონალისტური მთავრობა, რომელიც დააარსა სუნ იათ-სენმა 1912 წელს, ხოლო მოგვიანებით მას ხელმძღვანელობდა გებერალი ჩან კაი-ში. ძირითადი მახასიათებლები მოკლედ:

იდეოლოგია: ნაციონალიზმი, ანტიკომუნიზმი, ავტორიტარიზმი (ჩინური ტრადიციებისა და დასავლური მოდერნიზაციის შერწყმით). 1920-30-იან წლებში ებრძოდნენ ადგილობრივ ფეოდალებს და კომუნისტებს; 1937–1945 წლებში იბრძოდნენ იაპონიის წინააღმდეგ მეორე ჩინეთ-იაპონიის ომში; 1945–1949 წლებში წააგეს სამოქალაქო ომი ჩინელ კომუნისტებთან და დაახლ. 1.5 მილიონმა ადამიანმა, თავი კ. ტაივანს შეაფარა.

რა არის არაფორმალური განათლება?

0

თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა. ადამიანის განვითარებამ და საზოგადოებრივმა პროგრესმა განაპირობა ის, რომ განათლება აღარ განიხილება მხოლოდ სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დიპლომის აღიარებით. განათლება ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პროცესად იქცა, რომელიც კავშირშია ყველა იმ აქტივობასთან სკოლამდე, სკოლის დროს ან შემდგომ ცხოვრებაში რომ ვახორციელებთ და საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობთ, ხშირად უნებლიეთაც კი, მაგრამ სისტემურად.

XX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული ცნებების გამიჯვნა. 1920-იან წლებში ედუარდო  ლინდემანმა პირველად გამოიყენა ეს ტერმინი და უკვე 1950 წელს გამოქვეყნდა მალკოლმ ნოულის ნაშრომი „Informal Adult Education”. 70-იანი წლებიდან უკვე იუნესკოს შემოაქვს კლასიფიკაცია, განმარტებებით.

არაფორმალური განათლებისას  სწავლის პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივად, ეფუძნება შემთხვევითობას და ის შეიძლება მიმდინარეობდეს ნებისმიერ გარემოში, კონტექსტიდან გამომდინარე. ის ორიენტირებულია სუბიექტზე, მეტია მოტივაცია და თავისუფლება, სრულად ავტონომიურია. ცხოვრებაში დასწავლილი და შეძენილი ესა თუ ის უნარი, ხშირ შემთხვევაში, დაუდასტურებელია, ანუ მას არ მოჰყვება დიპლომი ან რამე სახის სერტიფიკატი, თუმცა ყველაზე კარგად გამოყენებადია.

დღეს არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას. UNESCO და სხვა ორგანიზაციები ღიად აღიარებენ, რომ აუცილებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების ტიპების ინკლუზია. მაგალითად, UNESCO განათლების მდგრადი განვითარების მიზნებში (SDG4) და UNESCO გლობალურ პროგრამაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შეძენილი კომპეტენციების აღიარების თაობაზე.

ჯერ კიდევ 2012 წელს შეიქმნა მნიშვნელოვანი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს აღიარებული და საკვალიფიკაციო ჩარჩოში ჩასმული არაფორმალური, შეძენილი კომპეტენციები, რაც გახდება დამაკავშირებელი ხიდი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის.

ევროპის პოლიტიკაში ეს მიდგომა აისახა ევროკავშირის რეკომენდაციებში და ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებში. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს სპეციალური საბჭოები, რომლის მიზანი დაგროვებული გამოცდილებისა და შეძენილი კომპეტენციების აღიარებაა. ეს ყოველივე ხელს უწყობს სრული ინკლუზიის პროცესს, რაც აძლიერებს სოციალურ კაპიტალს, მდგრადობას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია სწრაფად ცვალებადი საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებში.

 

ქუმბაასისა და აჰმედის ცნობით, არაფორმალური სწავლება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროცესი, რომელსაც ადამიანი იღებს ყოველდღიური გამოცდილებიდან.

იუნესკო: განათლება, რომელიც მიიღება ყოველდღიურად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ოჯახში, საზოგადოებასა თუ სამსახურში, არ არის და ვერ იქნება სტრუქტურირებული და არ ჰგავს ტიპურ სასწავლო დაწესებულებაში მიღებულ განათლებას.“ (UNESCO, 2012).

ასეთი ტიპის განათლება ხშირად არ არის სერტიფიცირებული, თუმცა მისი გავლენა გაცილებით ღრმაა, ეს განსაკუთრებით სოციალურ, კულტურულ და პროფესიულ განვითარებას ეხება და თვისობრივად ცვლის მას.

ევროპარლამენტის ერთ-ერთ ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმო არაფორმალური განათლების მნიშვნელობის განმარტებასა და წინ წამოწევას.

„არაფორმალური განათლება და ამ გზით მიღებული პრაქტიკული უნარები, მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ჩართვისა და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“ (European Parliament, 2015).

2020 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ვკითხულობთ: „არაფორმალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია“. აქვე, „სოციალური თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი გასაღებია არაფორმალური სწავლების შესაძლებლობების გაფართოება“.

იუნისეფი ყურადღებას ამახვილებს კრიზისულ და კონფლიქტურ რეგიონებში არაფორმალური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე: „როდესაც ფორმალური განათლება ჩერდება, არაფორმალური გზები რჩება ერთადერთ წყაროდ ბავშვისთვის საჭირო ცოდნისა და სტაბილურობის მისაღწევად“ (UNICEF, 2018).

თანამედროვე განათლების კვლევებში აღნიშნულია, რომ, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური განათლების მოდელი მეტად ეფექტიანია, ვიდრე ფორმალური, რადგან ის ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს და ზუსტად ერგება ინდივიდის ინტერესებსა და საჭიროებებს. ეთიენ ვენგერი წერს: „სწავლა არის სოციალური პროცესი. ადამიანები ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ებმებიან პრაქტიკულ, რეალურ საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კი სწორედ არაფორმალური განათლებითაა შესაძლებელი“ (Wenger, 1998).

ამავე აზრზეა ჰარვარდის პროფესორი ჰოვარდ გარდნერი. „არაფორმალური განათლება ადამიანს აძლევს საშუალებას, ისწავლოს საკუთარი ტემპითა და საკუთარი სტილით, რაც უპირატესობას მიანიჭებს მას, ფორმალურ სისტემასთან შედარებით“ (Gardner, 2006).

ჯონ დიუის ფუნდამენტური იდეა ეფუძნება აზრს, რომ განათლებაა თავად ცხოვრება, რადგან ადამიანი როდესაც ცხოვრობს, თავისთავად შემეცნებით პროცესში იმყოფება, ვინაიდან მუდმივად ვითარდება. ამ იდეას იზიარებს კრიტიკული პედაგოგიკის წარმომადგენელი პაულო ფრეირე. იგი აღნიშნავს, რომ შემეცნებით პროცესში მონაწილეობა არის ყველაზე კარგი გაკვეთილი. გაკვეთილებიც სწორედ ცოცხალ გამოცდილებაზე დააფუძნა, ეს მიდგომა კი დღემდე ძალიან პოპულარულია და, რაც დრო გადის, მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. დიუისა და ფრეირეს მოსაზრებას ეთანხმება ალან როჯერსი, იგი ძირითადად მოზრდილთა პედაგოგიკის მკვლევარია, თუმცა ამბობს, რომ ადამიანი ვითარდება და ახალ უნარებს იძენს იმ სოციუმში, სადაც  ცხოვრობს, ხოლო პრაქტიკაში მიღებული ეს ცოდნა და უნარები შეუქცევად კონკურენციას უწევს ფორმალურ განათლებას.

აუცილებელია აღინიშნოს ეტინ ვენგერის, ჟან ლავის, მალკოლმ ნოულსისა და ჯეკ მეზიროუს მნიშვნელოვანი კვლევები ტრანსფორმაციულ და არაფორმალურ სწავლებაზე.  ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს სწავლის დაგეგმვის პროცესში, როგორც მთავარი აქტორი, რაც განაპირობებს არაფორმალური განათლების დანერგვის აუცილებლობას.

არაფორმალური განათლება დღეს განიხილება არა როგორც ფორმალური განათლების ალტერნატივა, არამედ მისი გაგრძელება. როგორც იუნესკოს დებულებაში ვკითხულობთ, განათლების ეკოსისტემა, ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, ვერ შექმნის მდგრად პროდუქტს, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის (UNESCO, 2015).

არაერთ წარმატებულ ქვეყანაში არაფორმალური განათლება უკვე აღიქმება როგორც სწავლის სრულყოფილი კომპონენტი, რომელიც შეძენილია ბუნებრივ გარემოში, რაც  ზრდის ცოდნის ხარისხსა და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას.

ფინეთი – ფინეთის განათლების სისტემა ცნობილია თავისი მოქნილობით, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომითა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებით. ფინური განათლების მოდელში სწორედ არაფორმალური განათლება ითვლება ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ნაწილად.

მოსწავლეები მეტად იაზრებენ იმ სოციალურ, კულტურულ თუ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებს, რაც საზოგადოებასა და გარემოსთან კავშირისთვის სჭირდებათ, ეს ცხოვრებისეული გამოცდილების ხარჯზე ხდება.

სწავლების პროცესში ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომლებიც  გამოყოფენ რესურსებს არაფორმალური განათლებისთვის, რომელიც  ჩაშენებულია სასკოლო სასწავლო გეგმებში.  დიდ როლს ასრულებს  არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

ფინეთში ისწავლება საგანი “ჩვენი საქმე” (Meidän juttu), აღნიშნული საგნისთვის მოსწავლეებმა თავად შეადგინეს საინტერესო საკითხთა ჩამონათვალი და პედაგოგებთან\დარგის სპეციალისტებთან ერთად  მუშაობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. მუშაობის პროცესი აღმოჩნდა ძალიან პროდუქტიული და ეფექტიანი მოსწავლეთა მოტივაციის და თვითშეფასების ზრდისთვის.

კანადა – კანადაში არაფორმალური განათლების  დანერგვა უკავშირდება სოციალური თანასწორობის პროცესს, განსაკუთრებით იმ კატეგორიის ადამიანებისთვისაა აუცილებელი, რომელთაც  ხელი არ მიუწვდებათ  ფორმალურ განათლებაზე.

არაფორმალური განათლების დანერგვას კურირებენ  არასამთავრობო, სასკოლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, ხშირად დაფინანსებულია ფედერალურ დონეზე.

არაფორმალური განათლების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ბიბლიოთეკებში, მულტიკულტურულ დაწესებულებებში, ახალგაზრდულ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

პროექტი “Youth Empowering Parents” არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობა გახდეს გზის მაჩვენებელი მშობლების თაობისთვის მაშინ, როდესაც სამყარო ასეთი ცვალებადია და საბაზისო უნარების ფლობა მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის.

პროექტი ითვალისწინებს ინგლისური ენის შესწავლას, სადაც სკოლის მოსწავლეები მშობლებისთვის გეგმავენ გაკვეთილებს. ერთი მხრივ, მოსწავლეები იძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს და მეორე მხრივ, მშობლები იღებენ ახალ ცოდნას, რაც ასევე აძლიერებს ოჯახურ კავშირებს.

მოსწავლეები მუდმივად გადიან გადამზადებას დარგის სპეციალისტებთან.  თვითონ მოსწავლეები კვირაში ერთხელ ატარებენ გაკვეთილს. შეფასება ფინეთის მსგავსად  თვითრეფლექსიაზეა დაფუძნებული და შედეგები ბევრად მეტის მომცემია, ვიდრე მხოლოდ ენის ათვისების გაკვეთილებზე იქნებოდა შესაძლებელი.

კანადისთვის არაფორმალური განათლება არა მხოლოდ კარგი ალტერნატივაა, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტია სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. კანადის გამოცდილება  შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ყველა მულტიკულტურული ქვეყნისთვის.

ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული გამოცდილება და კვლევები გვიჩვენებს, რომ არაფორმალური განათლების გაძლიერება ხელს უწყობს სოციალური ინტეგრაციის, დასაქმების, შემოქმედებითობისა და ინოვაციების ზრდას. ამიტომ საჭიროა პოლიტიკის დონეზე მისი აღიარება  და განვითარებისთვის  აქტიური ხელშეწყობა.

 

 

 

 

კახეთი მსოფლიოს სტუმართმოყვარე რეგიონების რეიტინგში

0

ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად სექტორს გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასაც უწყობს ხელს. თანამედროვე მსოფლიოში მოგზაურობა აღარ არის მხოლოდ დასვენების საშუალება – ის იქცა ცოდნის, გამოცდილების, ახალი კავშირებისა და შთაბეჭდილებების წყაროდ. ტურიზმი აერთიანებს ადამიანებს, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკებს და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ტექნოლოგიების განვითარებამ, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობამ და გლობალიზაციის პროცესებმა მოგზაურობა უფრო მისაწვდომი გახადა, რაც ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალ გამოწვევებსაც ქმნის. ამ კონტექსტში ტურიზმის გლობალურ რუკაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სტუმართმოყვარეობის მნიშვნელობა.

Booking.com-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის “ყველაზე მისასალმებელი რეგიონების” რეიტინგის მიხედვით, ხორვატიის ოსიეკ-ბარანია დასახელდა ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონად მსოფლიოში, ხოლო მეორე ადგილი ღირსეულად დაიკავა საქართველოს კახეთმა – რეგიონმა, რომელიც ცნობილია თავისი ღვინის კულტურით, უძველესი ტრადიციებითა და გულწრფელი მასპინძლობით.

ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონები 2025 წელი

რეიტინგი ეფუძნება იმ ობიექტების რაოდენობას, რომლებმაც მიიღეს “Traveller Review Award” – ჯილდო, რომელიც მოგზაურების შეფასებებზე დაყრდნობით ენიჭება. კახეთის მოხვედრა ამ პრესტიჟულ სიაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგიონი არა მხოლოდ ბუნებრივი სილამაზით, არამედ ადამიანური ურთიერთობებითაც იზიდავს ტურისტებს.

სიის სხვა გამორჩეულ რეგიონებს შორის მოხვდნენ: სამხრეთ ავსტრალია – თავისი ველური ბუნებითა და ღვინის რეგიონებით, ბრეტანი, საფრანგეთი – ზღვისპირა ქალაქებითა და კელტური მემკვიდრეობით, ასევე ბახა კალიფორნია სური, მექსიკა – სანაპიროებითა და ეკოტურიზმის შესაძლებლობებით.

ეს რეიტინგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ტურისტებისთვის მხოლოდ ბუნებრივი სილამაზე ან ინფრასტრუქტურა არ არის გადამწყვეტი – ადამიანური ურთიერთობები და გულწრფელი მასპინძლობა ხშირად ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ ამიტომ, მასპინძელი ქვეყნების და რეგიონების როლი თანამედროვე ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

გთავაზობთ Booking.com-ის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონების სიას და იმ მახასიათებლებს, რომლებმაც მათ ამ სტატუსის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა:

  1. ოსიეკ-ბარანია, ხორვატია – ბუნებრივი სილამაზის მაქსიმალური გამოყენება

ოსიეკ-ბარანიას რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა კოპაჩკი რიტის ბუნების პარკი. როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ჭარბტენიანი ტერიტორია, ის მშვიდი ადგილია, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს. ბარანიას ვენახებში ღვინის ტურები და ისტორიით გაჟღენთილი ქუჩები კიდევ უფრო აძლიერებს სტუმართმოყვარე ატმოსფეროს.

  1. კახეთი, საქართველო – ადგილობრივი ღვინისა და საკვების სიყვარულით

მთები, ტბები და ტყეები მოხიბლავენ მოგზაურებს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი კახეთის ერთ-ერთი ცნობილი საოჯახო მარნის ფონზე იშლება. აქ სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ საქართველოს უძველეს მეღვინეობის ტრადიციას და თავად დააგემოვნონ მისი საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი მდიდარი მემკვიდრეობა.

მარნის ეზოში სტუმრებს თბილი მასპინძლობა და ოჯახური ატმოსფერო ხვდებათ. აქ დრო თითქოს ჩერდება, რომ მოგცეს საშუალება, შეიგრძნო კახეთის სურნელი და სილამაზე. აქ ღვინო მხოლოდ სასმელი არაა – ის კულტურის, სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. კახეთი გულწრფელად გიხსნის კარს და გიწვევს, რომ მისი სილამაზე შენს ისტორიად აქციო.

  1. მადეირა, პორტუგალია – აქტიურობისა და სიმშვიდის ბალანსი

მადეირას არქიპელაგი გამოირჩევა თვალწარმტაცი ლანდშაფტებით და მთელი წლის განმავლობაში თბილი კლიმატით. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სერფინგით, ლევადებზე ლაშქრობით ან უბრალოდ მშვიდად გაისეირნოთ ხეებით მოფენილ ბულვარებზე.

  1. მისიონესი, არგენტინა – ბუნების საოცრებების ზეიმი

მისიონესში მდებარეობს იგუასუს ჩანჩქერები – მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთი. თუმცა რეგიონს კიდევ ბევრი აქვს შესათავაზებელი: ჯუნგლები, ველური ბუნება და გუარანის კულტურა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ტრადიციების შესასწავლად.

  1. გრაუბიუნდენი, შვეიცარია – თავგადასავლების მოყვარულებისთვის

გრაუბიუნდენი ნამდვილი საგანძურია მოგზაურებისთვის, რომლებიც სიმშვიდესა და განტვირთვას ეძებენ – მისი ულამაზესი ტბები ამისთვის იდეალურია. მაგრამ ეს რეგიონი ასევე იდეალურია თხილამურებით სრიალისთვის, ლაშქრობისთვის და თვალწარმტაცი მატარებლით მგზავრობისთვის – და ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ადგილობრივების გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისადმი ენთუზიაზმი.

გრაუბიუნდენი მსოფლიოს ულამაზესი სარკინიგზო ხაზების სამშობლოა ბერგიუნი ბერნინას მარშრუტით, რომელიც მაღლა, მყინვარებამდე მიდის და ძველი ვიადუკების გავლით უკან, იტალიის პალმების სამოთხეში ბრუნდება.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი რეტის რკინიგზა

  1. სამხრეთ ავსტრალია – ყველასთვის რაღაც განსაკუთრებული

სამხრეთ ავსტრალია ცნობილია მეგობრული მოსახლეობით და მშვიდი ატმოსფეროთი. ბუნების მოყვარულებს მოეწონებათ კენგურუს კუნძული, თავგადასავლების მაძიებლებს – აუტბეკის გამოკვლევა, ხოლო ბაროსას ველი მსოფლიო კლასის ღვინოებს სთავაზობს ვიზიტორებს, რომლებიც დასვენებას ეძებენ.

  1. ბრეტანი, საფრანგეთი – ადგილობრივი სამზარეულოს გამორჩეულობა

ბრეტანი ცნობილია ზღვისპირა სოფლებით, ლურჯი წყლებით, ტყეებითა და მშვიდი ცხოვრების სტილით, და რაც მთავარია – გასტრონომიით. ადგილობრივების თბილი მიღება საკვებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

  1. ბახა კალიფორნია სური, მექსიკა – რეგიონი, რომელიც თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით ამაყობს.

ბახა კალიფორნია სური, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონია, რომელიც თავისი თვალწარმტაცი პლაჟებით ნებისმიერ მოგზაურობას განსაკუთრებულს ხდის. ამას ემატება ვეშაპების საყურებლად გამართული ტური და პრეისტორიული მღვიმეების ნახატების დათვალიერება ადგილობრივ, მეგობრულ გიდებთან ერთად – უკვე გასაგებია, რატომ დაიმკვიდრა ბახამ ადგილი ტოპ ათეულში.

  1. კიენ ზიანგი, ვიეტნამი -კულტურა და სიმშვიდე

კიენ ზიანგი გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით, მაგრამ მისი ხიბლი უფრო ღრმაა. უნიკალური ტრადიციები, ადგილობრივი კერძები და თბილი საზოგადოება სტუმრებს ორიგინალურ და დამამშვიდებელ გამოცდილებას სთავაზობს.

  1. დრენტე, ნიდერლანდები – ადგილობრივი ისტორიის გაცოცხლება

დრენტე იდეალურია მათთვის, ვინც სიწყნარეს ეძებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონი ნიდერლანდებში, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით – პრეისტორიული დოლმენებითა და ფერმებით, რომლებიც მოგზაურებს ადგილობრივ ცხოვრების სტილს აცნობს.

2025 წლის რეიტინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წარმატებული ტურისტული მიმართულება მხოლოდ ბუნებრივი სილამაზით ან ინფრასტრუქტურით არ განისაზღვრება. ის იქმნება ადამიანების მიერ – მათი ღიმილით, გულწრფელი მიღებით და სურვილით, გაუზიარონ სტუმრებს თავიანთი კულტურა და ყოველდღიურობა. კახეთის მოხვედრა მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონებს შორის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია: საქართველო მზად არის, ღირსეულად უმასპინძლოს მსოფლიოს. ტურიზმი აგრძელებს განვითარებას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.statista.com/chart/34517/most-welcoming-regions-2025/ ;  https://hospitalityinsights.ehl.edu/breathtaking-places-kanton-graubunden ; https://investcroatia.gov.hr/en/county-stats/osijek-baranja-county/

როგორ დავწეროთ ესე

0

ესე1

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ესეს

„ლიტერატურული კრიტიკის, ფილოსოფიის, პუბლიცისტიკისა და მისთ. ჟანრი, რომელსაც ახასიათებს ფორმის თავისუფლება და ავტორის სუბიექტური დამოკიდებულების წარმოჩენა“.

(ქართული ლექსიკონიდან)

ალბათ არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლე თავს იკავებს ესეს (არ აქვს მნიშვნელობა, ანალიტიკური, არგუმენტირებული თუ სხვ.) დაწერისგან. არ მინდა, არ ვიცი, არ გამომდის, არ შემიძლია, ვერ ვწერ… – უამრავი მიზეზის მოფიქრება შეიძლება საამისოდ და ეს ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად არ უჭირთ. მასწავლებლებმა არ უნდა შევიკავოთ თავი და არ გადავდოთ სამომავლოდ ამ უნარის ჩამოყალიბება, თუნდაც იმ საბაბით, რომ გაკვეთილზე ბევრი დრო მიაქვს, რომლის გამოყენებაც სხვა მიმართულებით განვითარებას შეიძლება უფრო ეფექტურად მოვახმაროთ. ეს ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, თანაც დასწავლადი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ და ჩვენს მოსწავლეებს საამისოდ გარკვეული სტრატეგიებიც შევთავაზოთ.

ხშირად ვავალებთ ესეს შექმნას საშინაო დავალებად, სადაც დამხმარედ და მშველელად დედა, მამა, ძიძა, ბებია, პაპა, უფროსი და-ძმა და ამ ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტიც ეგულებათ.

როგორ ვასწავლოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეს ესეს წერა

მოსწავლეებს, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, ხშირად უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა და საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანა, აზრის გამთლიანება. ამიტომ, აქტივობების გამოყენება, რომელებიც დაეხმარება ესეს წერის პროცესში, შეიძლება ძალიან ეფექტური გამოდგეს. მნიშვნელოვანია,  სწავლის პროცესი იყოს მარტივი, გასაგები და თანმიმდევრული.

  1. დავეხმაროთ მოსწავლეს თემის არჩევაში

დავიწყოთ მარტივი თემებით, რომლებსაც მოსწავლე კარგად იცნობს. უფრო კომპლექსური თემები შეიძლება შემდეგ დავაწერინოთ. წერისთვის მთავარი ნაბიჯი თემის სწორად არჩევაა. ესე უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ საკითხზე, რომელსაც მოსწავლე ადვილად გაართმევს თავს.

  1. გავაცნოთ სტრუქტურა

მოსწავლეებს დავეხმაროთ სტრუქტურის მარტივად დაყოფაში:

  • პირველი ნაწილი – დასაწყისი
  • მეორე ნაწილი – ძირითად საკითხზე მსჯელობა
  • მესამე ნაწილი – დასკვნა.
  1. მაგალითები და შაბლონები

ვწეროთ ერთად მაგალითები. მივცეთ მოსწავლეებს მარტივი შაბლონები, რომლებსაც შემდეგ შეიძლება გამოიყენონ. მაგალითად:

  • შესავალი: „ვფიქრობ, რომ … ჩემი აზრით…, რადგან …“
  • მთავარი ნაწილი: „მიზეზი 1: … მაგალითი: …”
  • მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში პოზიცია არგუმენტებით გაამყარონ. ამისთვის გამოიყენენონ ლოგიკა, სტატისტიკა, გამონათქვამები ან მაგალითები.
  1. ენა და სტილი
  • ენა უნდა იყოს სადა და გასაგები.
  • გადაამოწმონ, რომ ტექსტი ენობრივად გამართულია.
  • თავიდან ავირიდოთ რთული გამონათქვამები, რადგან შესაძლოა გაჭირდეს აზრის გაგება.
  1. რედაქტირება

წერის შემდეგ ყოველთვის აუცილებელია ტექსტის რედაქტირება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რამე დინამიკა დაკარგულია ან საჭიროა დამატებითი არგუმენტი.

  1. მცირე ნაბიჯები

არ დავუშვათ, რომ მოსწავლემ იგრძნოს თავი გადატვირთულად. გავუზიაროთ კონკრეტული და მარტივი რჩევები. დავიწყოთ ერთი აბზაცით, და ნელ-ნელა გავზარდოთ მოცულობა.

  1. პოზიტიური უკუკავშირი

ვინაიდან ესეს წერა საკმაოდ სახალისო და შემოქმედებითი პროცესი შეიძლება იყოს, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს მივცეთ პოზიტიური და სწორი უკუკავშირი, არ დავაბნიოთ ის.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაეხმარება, ეცადოს, ჩამოაყალიბოს და დაწეროს გამართული ესე:

  1. „ასოციაციური რუკა“ (გონებრივი იერიში)

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ იდეების სწრაფად თავმოყრა და თემის უკეთესად გააზრება.

  • მივცეთ მოსწავლეებს კონკრეტული თემა, მაგალითად: „ჩემი საყვარელი წიგნი“ ან „როგორ შევცვლიდი სკოლის წესებს“.
  • შემდეგ, წავახალისოთ ისინი, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაწერონ ყველა იდეა, რაც თავში მოუვათ.
  • ავარჩიოთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო იდეა და შევქმნათ კონცეფცია.
  1. 5 კითხვა:

მიზანი: თემის უკეთ გააზრება და თხრობის ორგანიზება.

  • მოსწავლეებს მივცეთ სამსჯელოდ კონკრეტული საკითხი, მაგალითად: „რატომ მიყვარს ზაფხული?“
  • ამ თემის გარშემო დავსვათ კითხვები:
    • ვინ? – ვის ვხვდებით ზაფხულობით?
    • რ? – რა ხდება ზაფხულში?
    • როდის? – როდის ხდება ყველაფერი?
    • სად? – სად ხდება ეს?
    • რატომ? – რატომ ხდება ეს?
  1. „აბზაცი+შედეგი“ (მთავარი წინადადება + დამხმარე დეტალები)

მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ, როგორ ააგონ აბზაცი.

  • ვთხოვოთ, დაწერონ რაიმე ზოგადი თემა, მაგალითად ისაუბრონ საყვარელ წიგნზე.
  • გაითვალისწინონ ძირითადი სტრუქტურული ელემენტები:
    • შესავალი – რა არის მთავარი იდეა (მაგალითად, რატომ უყვართ ეს წიგნი).
    • არგუმენტები  – რატომ არის ის განსაკუთრებული, რა ინფორმაცია აქვს, რა შეცვალა მათს ცხოვრებაში.
  • ყურადღება გავამახვილოთ სტრუქტურაზე. როგორ უნდა ჩამოაყალიბონ მოსწავლეებმა თემა (პარაგრაფის დასაწყისი), და როგორ გაამყარონ საკუთარი მოსაზრება.
  1. პირამიდა

მიზანი: მოსწავლეებს დავეხმაროთ, უკეთ დაახარისხონ და შეარჩიონ მნიშვნელოვანი არგუმენტები.

  • ავაგოთ „პირამიდა“, რომელიც აჩვენებს, თუ რა არგუმენტები უნდა მოექცეს ყველაზე მაღალ საფეხურზე და რა — დაბალზე.
  • მოვიყვანოთ რამდენიმე არგუმენტი ამ თემაზე.
  • მოსწავლეები არგუმენტებს დაასახელებენ, შემდეგ განიხილავენ, რომელია ყველაზე ძლიერი, და გამოიყენებენ ესეში.
  1. „ანალოგიები“

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გამოიყენონ ანალოგიები (პარალელები), რათა დააკავშირონ განსხვავებული იდეები ერთმანეთთან.

  • მივაწოდოთ ბავშვებს გარკვეული ფაქტები ან მოვლენები, რომლებიც უნდა გააანალიზონ.
  • შემდეგ ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ანალოგიები (მათ შორის ემოციურიც) მოსაზრების განსამტკიცებლად.
  • ასეთი ტიპის აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს, გაამთლიანონ საკუთარი აზრები.
  1. „ცრუ თუ ჭეშმარიტი?“ (ფაქტი თუ ვარაუდი/მოსაზრება)

მიზანი: გაარკვიონ, რა არის ფაქტი და რა — მოსაზრება.

  • მოვიხმოთ რამდენიმე მაგალითი და ბავშვებს ვთხოვოთ, განსაზღვრონ, რომელი შეიძლება იყოს ცრუ ან ჭეშმარიტი, ფაქტი ან მოსაზრება.
  1. „კრიტიკული კითხვა“

მიზანი: დავეხმაროთ, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის შეფასება.

  • დავსვათ კითხვა: „რა მოხდება, თუ …?“ ან „რატომ არის …?“
  • ვთხოვოთ ბავშვებს, უპასუხონ ამ კითხვას.
  • კითხვა პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს თემას. ამით მოსწავლე მიხვდება, როგორ ჩამოაყალიბოს ახალი იდეები და დამატებითი არგუმენტები.

ამ აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეები შეძლებენ, დაწერონ ეფექტური ესეები, შექმნან გამართული არგუმენტები და დააჩქარონ წერის პროცესი. თითოეული აქტივობა ეხმარება მათ სხვადასხვა ასპექტში: იდეების გენერირება, სტრუქტურის გაძლიერება, არგუმენტების ხელახლა ჩამოყალიბება…

ესეს წერის ტექნიკის დაუფლება არა მხოლოდ წერილობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ბევრ რამეს, რაც საჭიროა ზოგადი განათლებისა და შემდგომი კარიერისთვის. ესეს წერის ტექნიკა აუმჯობესებს კრიტიკული აზროვნების უნარს, არგუმენტაციის, სტრუქტურირებისა და თვითგამოხატვის უნარებს, რომლებიც დაეხმარება არა მხოლოდ სკოლაში სწავლის პერიოდში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

გვახსოვდეს, რომ წერის პროცესში თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია და რაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მოსწავლეს, მით უფრო დახვეწილი და ლოგიკური იქნება მისი ნამუშევარიც.

 

ბავშვები, როგორც საუკეთესო ამბების შემქმნელები და ინიციატორები

0

ბავშვების  თხოვნით დაწერილი მოთხრობის გაგრძელება, ფიფქების ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

წლების წინ, ერთი მოთხრობა დავწერე ბავშვებისთვის: „ფიფქების ლეანა“. მე ძალიან მერიდება ხოლმე ჩემს მოსწავლეებს ჩემი დაწერილი ტექსტები წავაკითხო. ბავშვობაში დასწავლილი და ჩაგონებული სიმორცხვე თუ მორიდებულობა მძლევს. ამიტომ ცოტა გამიჭირდა, ჩემი დაწერილი მოთხრობა ჩემი მოსწავლეებისთვის გამეცნო. აი, ჩემმა კოლეგა მასწავლებელმა კი თავის მოსწავლეებს წაუკითხა და შესანიშნავი აქტივობებიც მიაყოლა. ბავშვებმა ლეანა დახატეს და გამოფენაც მოაწყვეს, სადაც მეც მიმიწვიეს. საოცარი შეგრძნება და ემოციები დამიტოვა მათთან შეხევდრამ. პატარები ძალიან, ძალიან მთხოვდნენ რომ ამ მოთხრობის გაგრძელება დამეწერა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყოველდღიურმა რუტინულმა ყოფამ ეს შესანიშნავი სურვილი და განზრახვა ჩაყლაპა. გავიდა წლები, ჩემს ცხოვრებაში საშინელი ტრაგედიაც დატრიალდა, ჩემი შვილი ანგელოზად იქცა და დედამიწა მიატოვა.

ლეანას ამბავი სულ მახსოვდა, ბავშვების გულწრფელი თხოვნა და სურვილები რატომღაც სულ თან დამყვებოდა. ჰოდა, ერთხელაც კიდევ გამახსენდა და ლეანას გაგრძელება დაიწერა, რომელიც ჩემი ანგელოზი შვილის ამბავს გადაეჯაჭვა.

რატომღაც მომინდა, აქ გამეზიარებინა ორივე ნაწილი, რადგან მასწავლებლის ჟურნალის ეს სივრცე ბოლო დროს ჩემი ყველაზე საუკეთესო ნაწილის გამოხატვის ადგილად იქცა. თან იმის თქმაც და მოყოლაც მინდა, რომ მასწავლებლობა, მართლაც იდუმალი მისიაა, პროფესიას დიდი ხანია გასცდა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

გაუზიარეთ თქვენს მოსწავლეებს, წაუკითხეთ, დააფიქრეთ, ისაუბრეთ სიხარულსა და ზრუნვაზე, სიყვარულსა და თანაგრძნობაზე. საინტერესოა, რას იტყვიან, რას იგრძნობენ ბავშვები? უთხარით, რომ გაგრძელება მათი თხოვნით დაიწერა.

„ფიფქების ლეანა“

პირველი ნაწილი

იმდენი თეთრი იყო ირგვლივ, ისეთი თვალშეუდგამი სითეთრე, ხანდახან ფიქრობდა, რომ სხვა ფერი არ არსებობდა. თეთრი იყო თვითონაც, ოდნავ გამჭვირვალე. ზურგს ორი მოფრთხიალე ფრთა უმშვენებდა, ბოლომდე ფრთებსაც ვერ დაარქმევდით, ისეთი პატარები იყვნენ და ისეთი მოფრთხიალეები.

თვალები თითქოს თეთრი ჰქონდა, ხანდახან იისფრად გაუელვებდა ხოლმე. ეს მაშინ, გაზაფხული რომ დგებოდა – უზარმაზარი სითეთრის მოშორების დრო.

ლეანა ერქვა, გოგო იყო და ზემოთ ცხოვრობდა, ღრუბლებში კი არა ან ცისარტყელაზე, უფრო, უფრო ზემოთ. იჯდა და ძერწავდა, ქმნიდა, ხატავდა, ჭრიდა, აწყობდა, მერე სულს უბერავდა, ათვალიერებდა, მათი სილამაზით ტკბებოდა. მისი საქმიანობა, მისი ცხოვრება და ერთადერთი თავსატეხიც სწორედ ეს იყო: ფიფქების შექმნა. ჰო, ლეა ფიფქების შემქმნელი იყო.

– თეთრო ლეა, თეთრო ლეანა, ლეაა, მომაქვს დიდი ჩანთით ფიფქების მასალები, – თითქოს წამღერებით, თითქოს ხითხითით მოვიდა ლეანასთან მსუქანი ღრუბელი და ქულა ჩანთა გოგონას წინაშე წამოცალა.

წამოცალა და რა წამოცალა, ყველაფერი აქ იყო, რაც ლეას სჭირდებოდა, რომ მრავალწახნაგა, საოცარი ფიფქების გაკეთებაზე ეზრუნა:

მოხარხარე, მცხუნვარე, უზომოდ მხიარული მზისგან და ღრუბლებისგან შეწოვილი და აორთქლებული ზამთრის თოვლი და ყინული, ზამთარში მწვანედ დარჩენილი, დადარდიანებული ნაძვის ხეების გირჩების ცრემლები (გიკვირთ რატომ ტირიან ნაძვები? რატომ და უკვე დიდი ხანია, ზოგიერთი ადამიანი მათ საახალწლოდ სიცოცხლეს უსპობს, ჭრის, მიაქვს სახლში და ხელოვნური ფიფქებით რთავს, როცა ბუნებრივი უფრო უხდებათ და მათ მოსვლას სულით და გულით ელიან. ჰოდა, წინასწარ გლოვობენ, ტირიან და ტირიან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დარდიანები ხდებიან. შესაძლოა ნებისმიერი მათგანი გახდეს ცულის, ხერხის და ხელოვნური ფიფქების მსხვერპლი), გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამი, ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი, შადრევნების მოცეკვავე წვეთები, შემოდგომის გუბეების, გასაყინად მომზადებული მდინარეების ფიფქებისთვის გაღებული და გამეტებული წყლის წვეთები.

მოკლედ ფიფქების შემადგენელი ინგრედიატებია (სხარტად ამოძრავებს თითებში ჩაბღუჯულ ყინულის ფანქარს ლეანა, ხანდახან პირშიც იდებს. იწერს თავის თეთრ, ქუნქულა ბლოკნოტში):

ზამთრის თოვლი/ყინული/ ნაძვის ხეების ცრემლები;

გაზაფხულის ყვავილების ნამი;

ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი და შადრევნების მოცეკვავე წვეთები;

შემოდგომის გუბეების და მდინარეების წყალი.

ფიფქების შემადგენელი ნაწილი ოთხივე სეზონზე მოპოვებული წყალია.

ლეა ითვლის, ანგარიშობს, ახარისხებს მოხითხითე ღრუბლისგან მოტანილ მასალას.

მერე იწყებს, იწყებს და იწყებს.

ერთი ხუთქიმიანი მოხაზა ყინულის ფანქრით ღრუბლის ფურცელზე, მერე მზისგან და ღრუბლებისგან შეგროვილი წვეთები, ნამები, წყლები მიასხ-მოასხა, სული შეუბერა, ახლოს მიიტანა, მიეფერა და ფიფქიც გაცოცხლდა. წამოხტა ფურცლიდან, შეხტა, შეფარფატდა, შემოტრიალდა.

ოჰ, რა ლამაზი იყო! როგორ ელავდა, როგორ ბრწყინავდა, წყლისფრად ლივლივებდა, ყინულივით ბზინავდა.

ლეანამ დაარიგა, ნელ-ნელა იფრინე-იფარფატეო, ამა და ამ ქვეყნის, ამა და ამ ქალაქში მცხოვრებ წითელლოყება თეოს ზედ წამწამზე დააფრინდიო, სხვაგან არ დაჯდე არ შეგეშალოსო. მაინცდამაინც თეოსთან მიდიო, შენ თეოს ფიფქი ხარო, მიეფერე და მოკითხვა გადაეცი ჩემგან, ფიფქების შემქმნელი ლეასგანო.

ყველა ფიფქს თავისი დავალება, თავისი მისია ჰქონდა.

ექვსქიმას, რომელშიც ნაძვის ხის ცრემლები ჭარბობდა, ახალგაზრდა ვაშლის ხე უნდა ენუგეშებინა, ასე ძალიან, რომ განიცდიდა სიცივეს.

აი ის, ყველა გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედები, წრეები, ოთხკუთხედები, რომ ჰქონდა ჩახაზული და ჩაჭრილი, თითოეულ ქიმზე რომ ხუთი წახნაგი ჰქონდა და ჯამში, ოცდახუთი – უპატრონოდ, უსახლოდ დარჩენილ ყურშას ცხვირზე უნდა მოკალათებულიყო და ეთქვა, რომ ლურჯკარიან, აგურით ნაშენ სახლში, ლამაზად მოკირწყლული ბილიკები რომ ამშვენებდა ეზოს, ერთი გოგონა – სოფიო ცხოვრობდა, რომელიც ოცნებობდა პატარა ძაღლი ჰყოლოდა. ჰოდა ყურშა მასთან უნდა მისულიყო და ეს გოგონა სიხარულით შეიფარებდა.

ჰო, ფიფქები ლაპარაკობენ, თანაც რამდენს! ჰყვებიან ათას ამბებს, ზოგჯერ ძალიან მოსაწყენს, ზოგჯერ ძალიან სევდიან, ხანდახან მხიარულსაც – გააჩნია, რომელ სეზონზე და რა წვეთებისგან შექმნა ლეანამ ისინი, ან რა ხასიათზე და გუნებაზე იდგა თეთრი ლეა მათი შექმნისას, ან რა დაავალა მათ.

ზამთარი იდგა. ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები, ეჩურჩულებოდნენ ადამიანებს, ადამიანები თვითონაც ვერ ხვდებოდნენ ისე ესმოდათ, თავჩახრილები, მოფუთნულები ფიფქების ორომტრიალში – ჩაფიქრებულები დადიოდნენ. ფიფქების მოტანილ ამბებს ჩაეფიქრებინათ.

ლეანა იგონებდა და იგონებდა ახალ ფორმებს, ახალ წახნაგებს, ახალ ორნამენტებს თავისი ფიფქებისთვის. უფრო თეთრი, უფრო გამჭვირვალე ხდებოდა ხოლმე ამ დროს.

გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამები კი გაუჩერებლად უყვებოდნენ, რომელი ყვავილიდან იყვნენ მათი ყვავილი რას კურნავდა, რას შველოდა.

ადონისი – გულის ყვავილია, ავოკადო – სისხლნაკლებობას კურნავს, გუგულის ყვავილი – ხველას, ყვითელი ზაფრანა – თავის ტკივილს. მოჰქონდათ, მოჰქონდათ ყვავილების ამბები ნამებს. თითქოს მღერიანო, ლეას უმღერიანო – ისე ურაკრაკებდნენ, ისე უყვებოდნენ. ისე უგალობებდნენ.

ლეაც იმ ფიფქს, რომელშიც ადონისი ნამი ჭარბობდა – გულით დაავადებულ მოხუცებთან უშვებდა:

– შეეცადე ზედ გულზე დააჯდე, დაადნე, შეეწოვო – თეთრწვერა ბაბუას, სათვალიან ბებიას.

– ნამო, ნამო პიტნისაო, ფიფქო, ფიფქო, პიტნის ნამავ – წადი მაღალ, გამხდარ ნენოსთან, დაამშვიდე, დააწყნარე, ტკბილი ძილი მოჰგვარე.

და ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები.

ზამთარი იდგა, უჰ, როგორ ციოდა.

ლეანა, თეთრი ლეა ქმნიდა და ქმნიდა ფიფქებს.

აფართხალებდა და აფართხალებდა, ულამაზეს პატარა ფრთებს.

ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

ნაწილი მეორე

ლეანა, ფრთებქათქათა გოგოვ, ფიფქების შემქმნელო, შენთან ერთი პატარა ბიჭი გამოვაგზავნეთ, საკუთარი თვალით უნდოდა ეხილა ფიფქების შექმნის პროცესი. ჰოდა, აუხდა ოცნება და ახლა სულ ზემოთ და ზემოთ უნდა იყოს უკვე.

ო, ეს ბიჭი როგორი ხელმარჯვეა, რომ იცოდე! რასაც კი ხელს მოკიდებს ყველაფერს ოქროდ და ბრილიანტებად აქცევს, პატარა ჭანჭიკებისგან სამყაროებს ქმნის, ძველმანებისგან – სასახლეებს, ჩვეულებრივი ქვიშისგან წითლად მოელვარე, ნამდვილ პლანეტებს!

აი, ასეთი ბიჭი წამოვიდა შენთან.

არ შეგეშალოს, დააკვირდი: ბიჭს ოქროსფერი კულულები უნდა ჰქონდეს, დიდი თაფლისფერი თვალები, ცისფერი ზედა ეცმევა აუცილებლად. თუმცა მთავარი მისი ღიმილია, როცა გაიცინებს, მაშინვე მიხვდები, რომ ის ის არის – ბიჭი დედამიწიდან, ლეანასთან ფიფქების შესაქმნელად აფრენილი“.

ასეთი წერილი მიიღო ჩვენმა ლეანამ დედამიწიდან. ვისგან? ერთ-ერთი მეგობრისგან. ალბათ ყვითელგულა გვირილისგან, პატარა ცუგასგან ან კეთილი მოხუცისგან, ან პეპლისფრთება ფერიისგან, ვინ იცის. მთავარი კი ისაა, რომ ლეანამ როგორც კი წერილი წაიკითხა ისე აფორიაქდა, ისე აუთრთოლდა პაწაწინა გული, რომ მისი თეთრი კაბა სულ ლურჯად აციმციმდა, ხოლო თვალები, ეს იასამნისფერი თვალები, ნამდვილ იასამნებად იქცნენ. გაზაფხულის სურნელებაც კი დააყენეს რამდენიმე წამი. სიხარულისგან ლეანამ ერთი შეიფართხალა, პაწაწინა ფრთები გამალებით ააფართხალა, აიჭრა ზემოთ, და სქელ, მბზინავ ნისლზე ისე გასრიალდა, როგორც ჩვენთან ყინულის მოედანზე სრიალებენ და ათასნაირ ჩახლართულ აკრობატულ ნომრებს ასრულებენ. გასრიალდა და რა გასრიალდა! მისი ნაკვალევი ცისარტყელებად იქცა, დედამიწაზე ჩამოწვა და ადამიანებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, ფიფქების შემქმნელის სიხარული ეხილათ და განეცადათ.

და, როდესაც ლეანა, დაეშვა თავის სამფლობელოში, ბიჭიც იქ დახვდა. იდგა მორცხვად, აღფრთოვანებული გასცქეროდა თვალისმომჭრელ სითეთრესა და აღტაცებისგან ტაშსაც კი შემოსცხებდა ხოლმე. ლეანამ მაშინვე იცნო ეს უცნაური ბიჭი, ერთი დანახვით ისე, ისე შეუყვარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეხუტა. გულში მაგრად ჩაიკრა. ბიჭის თმებს დედამიწის სურნელება გამოჰყოლოდა, ცაცხვის ყვავილების, იებისა და ენძელების, მაისის ვარდების განუმეორებელი არომატი. იქ, შორეულ, წყლის პლანეტაზე გაზაფხული იდგა და ბიჭიც სწორედ გაზაფხულის მზის სხივს ამოჰყოლოდა ლეანასთან.

და ლეანა მიხვდა, რომ დადგა დრო, ფიფქების შემადგენლობაში რაღაც განსაკუთრებული ინგრედიენტი დაემატებინა, რომ მოსულიყო დრო ფიფქების შესაცვლელად. და ეს განსაკუთრებული ინგრედიენტი ამ ბიჭს უნდა ჰქონოდა თან, ჯერ არ იცოდა ლეანამ ზუსტად რა იყო ეს, თუმცა გული უგრძნობდა, რომ განსაკუთრებული რამ უნდა მომხდარიყო.

სიხარული, თან სიხარული წამოვიღე – ამოთქვა ბიჭმა. ლეანამ ახლაღა შეამჩნია,

მის პატარა სტუმარს ხელთ პაწაწინა გაქექილი ტომარა ეჭირა, ტომარა თითქოს მოძრაობდა და მბრწყინავი ნაპერწკლები სცვიოდა. აშკარა იყო შიგნით რაღაც ან ვიღაც მალაყებზე გადადიოდა.

მაშ, მარტო არ ამოსულხარ? – ჰკითხა ლეანამ და თვალით ტომარაზე ანიშნა.

ბიჭმა გაუბედავად დაიწყო:

ყველაფერი დეკემბრის ერთ ღამეს დაიწყო, როდესაც ყველას მშვიდად ეძინა, როდესაც ფანჯრიდან მხოლოდ უზარმაზარი მრგვალი მთვარე და სხვა ჩაბნელებული ფანჯრები მოჩანდა. მთვარე დეკემბრის იმ ღამეს უზარმაზარ სინათლის ბურთს წააგავდა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი ლაქების თვალიერებას შევყევი, ამიტომ დაძინებაც შემაგვიანდა. მივშტერებივარ ამ უზარმაზარ ბურთს, თვალს ვერ ვწყვეტ და უცებ რაღაც წკარუნის ხმა მესმის, თითქოს ზანზალაკის, თითქოს ნაცნობი, მაგრამ გახსენება რომ გიჭირს, ისეთი მელოდიის, ჭრიჭინას და ფუტკრის ბზუილი რომ შერთობოდა, წვიმის წვეთების რაფაზე წკარუნის. აი ასეთი არეულ-დარეული ხმები მოდის ჩემამდე. ხმებს ერთი ციცქნა ნათებაც მოჰყვა. ღია ფანჯრიდან შემოიჭრა, სინათლის წერტილი უცებ პატარა ფერიად იქცა, მწვანე ქუდითა და მხრებამდე ყვავილების საყურეებით, ყვითელ, ყავისფრად დაწინწკლულ ფრთებს იქნევს და წკრიალა ხმით მეუბნება – სიხარულების შეგროვება უნდა დაიწყოო, ძალიან გვჭირდება სიხარულების შემგროვებლებიო. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ ადამიანებს გჭირდებათო. ყველანაირ სიხარულს რომ შეაგროვებ, ლეანას წაუღეო. ის კი თავისი ფიფქებით ისევ ადამიანებს დაუბრუნებსო. ოღონდ ისე, რომ ყველას შეხვდეს სიხარულის პატარა ნამცეცი მაინცო.

ბიჭმა ამოსუნთქა. დაღლილიყო კიდეც, აბა როგორია, ამხელა გზა გამოევლო. დედამიწიდან ცამდე. ლეანამ ღრუბლის სკამი შესთავაზა და ერთი ჭიქა თეთრი, ქათქათა ტკბილი სასმლითაც გაუმასპინძლდა. თეთრი ორცხობილებიც მიართვა. ბიჭი ჭამდა, გაოცებული ათვალიერებდა ლეანას საოცარ სამყაროს, თან ხელთ მოხტუნავე ტომარა ჩაებღუჯა რომ არ გაჰქცეოდა.

ლეანა ყურადღებით უსმენდა, და გრძნობდა რომ მოვიდა დრო ფიფქების შემადგენლობის შეცვლის. თან უხაროდა, თან ეშინოდა, ვაითუ არ გამოვიდეს, ვაითუ ადამიანებს იმედი გაუცრუოს. მაგრამ ბიჭის კეთილი, ღრმა, სულ ცოტა სევდიანი თვალები, მისი თავდაჯერებულობა შიშს უქარწყლებდა.

დამიტოვა ფერიამ აი ეს ჯადოსნური ტომარა და ასევე წკრიალითა და წკარუნით გაუჩინარდა, ბოლოს თვალი მთვარის ერთ-ერთ ლაქაზე მოვკარი. მერე გავიგე თურმე ფერიებს ძალიან სწრაფად შესძლებიათ გადაადგილება. ისინი გონებითა და აზრებით მოძრაობენ. საკმარისია, გაიფიქრონ, რომ, მაგალითად, აი, ახლა მარსზე მინდა გავჩნდეო და მაშინვე მარსის წითელ ქვიშაში ამოყოფენ თავს, ან უჰ, ახლა სატურნის რგოლზე გავქროლდებოდიო. დამთავრებული არ აქვთ ფიქრი, რომ სატურნის გარშემო ფარფატს იწყებენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლეანამ კარგად იცოდა, მაგრამ ბიჭი ისე საინტერესოდ ჰყვებოდა, რომ ინტერესით უსმენდა და შიგადაშიგ თავსაც უქნევდა.

ტომარა ჯადოსნური აღმოჩნდა. სხვანაირად აბა როგორ იქნებოდა, როცა ფერია რამეს გჩუქნის, ის აუცილებლად ჯადოსნური უნდა იყოს. მას მერე სულ თან ვატარებდი. ვცდილობდი ბავშვების, დიდების, ცხოველების, ფრინველების სიხარულებს შევსწრებოდი, რომ მათი კისკისი, წამიერი ბედნიერება, სიხარული – ტომარაში ჩასკუპებულიყვნენ. – ეს ბოლო სიტყვა ბიჭმა რაღაცნაირად ძალიან საყვარლად წარმოთქვა, გაიცინა და სიცილისას კი უცებ ნამდვილი იების კონა გადმოუცვივდა, ესეც კიდევ ერთი საჩუქარი მწვანექუდა ფერიასგან.

სიხარულები ცოცხლები აღმოჩნდნენ – ბიჭი თან ამბავს ჰყვებოდა, თან მორიდებით კრეფდა ძირს დაყრილ იებს. ამ სითეთრეში იები და ლეანას თვალები ერთნაირად ბრწყინავდნენ.

– ისინი უცნაურ ფორმებსა და ფერებს იღებდნენ და ტომარაშიც უზომოდ ხმაურობდნენ და ჭყლოპინებდნენ. მოზრდილი ადამიანების სიხარული – ვარდისფერი გულებია, ბავშვის – ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავები, ძაღლის – ყვითელი მზესუმზირები, ჩიტების მწვანე სამყურები, ფისოების – ვერცხლისფერი ზარები, ნაძვის ხეების – ოქროსფერი გირჩები, ყვითელგულა გვირილების – ცისფერი წვიმის წვეთები… სახლებსაც ჰქონიათ თურმე სიხარული, თეთრგულა მერცხლის ბუდეები – ცვიოდნენ და ცვიოდნენ ტომარაში. ეს პაწაწინა ტომარა უამრავ სიხარულს იტევს. ვცდილობდი, ყველას სიხარულს შევსწრებოდი და მათთვის ჩემი ტომარა შემეთავაზებინა. სიხარულები უარს არასდროს მეუბნებოდნენ, ტომარაში საკუთარ ადგილებს პოულობდნენ და იქიდან იწვევდნენ სხვა სიხარულებს. სანამ აქ ამოვიდოდი, სად აღარ ვიყავი, ვეცადე, რომ რაც კი სულიერი არსება არსებობს ყველას სიხარული შემეგროვებინა… ყველაზე კაშკაშა სიხარულები მაინც ისინი არიან, ტირილისა და დიდი სევდის მერე რომ ჩნდებიან, დარდის მერე დაბადებული სიხარული – ცისარტყელები.

ლეანამ სიხარულის შემგროვებელს ტომარა ფრთხილად გამოართვა და გულზე მიიხუტა. ტომარამ მოძრაობა შეწყვიტა, მაგრამ ასმაგად გაკაშკაშდა…

სულ რამდენიმე თვე დაგვრჩა ფიფქების დედამიწაზე გაშვებამდე – ისეთი წკრიალა ხმით თქვა ლეანამ, ბიჭმა გაიფიქრა ლეანას და ფერიას ერთნაირი ხმა ჰქონიათო. – ამიტომ უნდა ვიჩქაროთ….

და დაიწყეს, ფიფქების შექმნის ამაღელვებელი, იდუმალი და საოცარი პროცესი… პატარა ღრუბელიც ყოველდღიურად ამარაგებდა მათ სასწაული ინგრედიენტებით, რომლებსაც, როგორც უკვე იცით, ჯადოსნური თვისებები აქვთ.

ჭრიან და ჭრიან ბიჭი და ლეანა ფიფქებს, ას წახნაგებსა და ბზრიალებს, მოელვარეებსა და მაკურნებლებს. თან ლეანა უამბობს საოცარ ამბავს, ერთხელ, შორეულზე შორეულ წარსულში, როგორ გადაწყვიტა ცამ ადამიანებისთვის სიხარული და სიყვარული პატარა, ჩვილი ბიჭის სახით გამოეგზავნა, როგორ გაიზარდა მერე და ადამიანებს სიკეთე ასწავლა, სიყვარული ჩაუნერგა გულებში. მერე… მერე აღარ გვინდაო, თქვა ლეანამ და იისფერი ცრემლი ჩამოუგორდა, ამ ამბავზე მუდამ ეტირებოდა. მთავარი ის არისო, რომ ის დედამიწაზე დაიბადაო და საბოლოო ბინა ყველა ცოცხალი არსების გულში დაიდოო.

ბიჭი ბედნიერი იყო. აბა, რა ჯობია, ძალიან, ძალიან, წარმოუდგენლად მაღლა, იჯდე ფიფქების შემქმნელ ლეანასთან ერთად, თან ფიფქებს ჭრიდე, თან გასაოცარ ამბებს ისმენდე. და როცა ბიჭი იღიმოდა, ამ უსაზღვრო სითეთრეში იისფერი იების ზღვა ჩნდებოდა, ბიჭი ხომ გაზაფხულის მზის სხივებს აუყვანიათ ზემოთ და თან გაზაფხულის სურნელიც გაჰყოლია…

ლეანამ ფიფქებს სიხარულის შემგროვებლის მიერ შეგროვებული სიხარულები დაამატა. უნდა გენახათ, ეს სიხარულები რამხელა სიხარულით ამოფრინდნენ ტომრიდან, ერთი ჟრიამული და მხიარულობა გამართეს, მონაცვლეობით სკუპდებოდნენ ფიფქებზე და თავადაც ფიფქების ფორმას იღებდნენ. ზოგი წახნაგზე მოკალათდა, ზოგი შუაგულში, ზოგიც გარშემო შემოერტყა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, როგორ იცვლიდნენ ფორმასა და ფერს, როგორ ემსგავსებოდნენ ფიფქებს… მოინუსხა იმ სინათლითა და ბრწყინვალებით, ისინი რომ ასხივებდნენ.

და როცა დედამიწის ყველა ფიფქი შექმნეს, ლეანამ ხელი მოკიდა ბიჭს, თავის ორი პატარა ფრთა შეაფრთხიალა და სულ ზემოთ აიჭრნენ. ერთი კი გაიფიქრა, გულში ბიჭმა, იქნებ მთვარეც ვნახო ახლოდანო ან სატურნის რგოლიო, ვინ იცის იქნებ მართლაც…

ფიფქები პირველად დეკემბრის იმ დღეს წამოვიდა დედამიწაზე, ოდესღაც ბიჭს სავსე მთვარის ყურებაში რომ დაათენდა და ფერია ესტუმრა.

ეს ზამთარი დაუვიწყარი იყო. ცვიოდა სიხარულებთან შერწყმული ფიფქები დედამიწაზე და ადნებოდნენ ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, სახლებს.

ჩიტების სიხარული მწვანე სამყურები – ადამიანებს ერგოთ, ჩიტებს – ძაღლების ყვითელი მზესუმზირები, ძაღლებს – ფისოების ვერცხლისფერი ზანზალაკები, სახლებს – ადამიანის ვარდისფერი გულები, ბავშვებს – სახლების მერცხლის ბუდეები, ნაძვის ხეებს – ბავშვების ლურჯი ვარსკვლავები და ყველა ცოცხალმა არსებამ დედამიწაზე ამ ზამთარს სიხარული გაცვალა. ერთმანეთის სიხარული უხაროდათ და ყველა ბედნიერი იყო. პაწაწინა კენჭის სიხარულიც კი საგრძნობი და ხელშესახები გამხდარიყო.

ჰარმონიას მოეცვა ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, სახლები…

თოვდა და თოვდა, ცვიოდა ფიფქები და თან ზემოდან სიხარული მოჰქონდათ. ახალი წლის ღამეს კი ფიფქებმა ნამდვილი ფერხული მოაწყვეს და ვინც სახლიდან არ გამოვიდა, ფანჯრები მოუხატეს და მათი წილი სიხარული იქ დაუტოვეს.

იმასაც ამბობენ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე თუკი ცას ახედავ და ძალიან, ძალიან კარგად დააკვირდები, შესაძლოა, მოფარფატე ლეანა და სიხარულების შემგროვებელიც კი შენიშნო, ცისფერ მაისურიანი, ოქროსფერ კულულებიანი,  თვალსევდიანი ბიჭი. ოღონდ ამ დეტალებს, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავ, უნდა წარმოიდგინო. და იქნებ გაგიმართლოს, ბიჭმა გაიცინოს და ერთი იების კონა შენც გერგოს.

და კიდევ, როგორ გგონია პაწაწინა კენჭის სიხარული როგორ გამოიყურება, რა ფერია და რის ფორმა აქვს?

მომწერე.

 

„Liberté“, „ჰარი პოტერი“, „და ვინჩის კოდი“ და ყველაფერი სხვა

0

 

სამეფო უბნის თეატრის წინ შეკრებილა ხალხი და მოითხოვს, აიკრძალოს სპექტაკლი, რომელიც არცერთ მათგანს არ უნახავს.

არადა, ეს ხომ ძველი ამბავია. უფრო სწორად, ამბები, ჯერ კიდევ ბავშვობიდან რომ მახსოვს:

სკოლაში არ ვამბობდი, „ჰარი პოტერს“ ვკითხულობ-მეთქი – ჩემი ქართულის მასწავლებელი ეკლესიური ქალი იყო და „ჰარი პოტერი“ უკიდურეს მკრეხელობად მიაჩნდა. მე კი ვიცოდი, ცუდს რომ არაფერს ვაკეთებდი და მაინც ვკითხულობდი, ოღონდ არ ვამხელდი. ბუნდოვნად მახსოვდა, როგორც აგორდა მითი „ჰარი პოტერის“, როგორც ანტიქრისტიანული ნაწარმოების შესახებ: პირველი წიგნი რომ გამოიცა, საპატრიარქომ ერთი ამბავი ატეხა, თითქოს ამ პირველ წიგნში მოთხრობილია, აღდგომა დღეს კვერცხიდან როგორ გამოიჩეკა დრაკონი (?!). მაშინ „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ჩემმა ასევე ეკლესიურმა ნათესავმა წაიკითხა (მასაც ჰქონდა მსგავსი შიშები) და აღმოაჩინა ის, რასაც აღმოაჩენდნენ საპატრიარქოს მესვეურნიც, მათაც რომ წაეკითხათ – არაფერი მკრეხელური წიგნში არ არის და ის, უბრალოდ, ერთი კეთილი ზღაპარია მეგობრობასა და სიყვარულის, სიკეთის ძალაზე.

მერე სხვა სკოლაში გადავედი (კიდევ კარგი) და იქ რას ვკითხულობდით, ქვემოთ გიამბობთ.

  1. ფრანკფურტში ზაზა ბურჭულაძე გავიცანი. ერეკლე დეისაძის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა ჯერ ბოლომდე არ ჩამცხრალიყო და საღამოს, როცა ზაზა ჩემი მოთხრობების შესახებ მელაპარაკა, სასხვათაშორისოდ ისიც ახსენა. თხუთმეტი წლის ვიყავი და ბევრი არაფერი ვიცოდი არც ჩემს თავზე, არც ხელოვნების ტრანსგრესიულ მხარეზე. შეიძლება, ითქვას, ამგვარად პროტესტის გამოხატვა ცოტა არასერიოზულადაც მიმაჩნდა, ამ საუბარმა კი სხვანაირად დამაფიქრა ყველაფერზე. 

ჩამოვედი. კლინიკაში, რომელშიც მაშინ მამიდაჩემი მუშაობდა, მუშაობდა ზაზა ბურჭულაძის ერთი შორეული ნათესავიც. ეს ქალი თბილად შემხვდა და მითხრა ფრაზა, რომელიც ახლაც, წერის მომენტშიც, მისი ინტონაციით ჩამესმის:

  • ნახე ჩემი ზაზაა? გამოსწორდა, ხო იცი, აღარ წერს ცუდ რაღაცებს…

ძალიან მეუხერხულა. უფრო სწორად შემრცხვა – ქალის გამო, თუ მის ნაცვლად – არ ვიცი, როგორ უფრო უპრიანია თქმა. იმიტომ შემრცხვა, რომ მან არ იცის, ვერ ხვდება, რისთვისაა ხელოვნება, რა ფუნქცია აქვს თანამედროვე სამყაროში. და კიდევ იმიტომ, რომ მებოდიშება იმის გამო, რაც თავად არ გაუკეთებია და რის ჩადენაც დანაშაული კი არაა, პირიქით, აუცილებელი და კარგი საქმეა – ლიტერატურის გამოყვანა საბჭოთა ფსევდორეალისტური კლიშეებიდან. 

  1. არ მახსოვს, ეს ამ ქალთან შეხვედრამდე იყო, თუ იმის მერე, მაგრამ კარგად მახსოვს: როცა „და ვინჩის კოდი“ გამოვიდა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, ამ ფილმის ნახვა მორწმუნე ქრისტიანისთვის აკრძალული ნაყოფის ხელმეორედ ჭამა იქნებაო. 

ფილმი ვნახე (რა თქმა უნდა). თანაც არაერთხელ და რა გითხრათ, აბა, ჩემი რწმენა ნამდვილად არ შეურყევია. დეკანოზს კი, რომ სცოდნოდა, რომ ფილმი დენ ბრაუნის რომანს ეფუძნება (რომანს – მხატვრულ ტექსტს, გამონაგონს!), რომელიც, თავის მხრივ, ფსევდომეცნიერულ წიგნზე „წმინდა სისხლი და წმინდა გრაალი“ არის დაფუძნებული, ამას არ იტყოდა. რატომაა „წმინდა სისხლი და წმინდა გრაალი“ ფსევდომეცნიერული ლიტერატურა? იმიტომ, რომ წიგნის ავტორებმა ისტორიულ წყაროებად გამოიყენეს ე.წ. სიონის პრიორატის დოკუმენტები, რომლებიც, ისევე, როგორც თავად სიონის პრიორატი, პიერ პლანტარდის ფაბრიკაციებია. ამ უკანასკნელს კი, უბრალოდ, სურდა, დაემტკიცებინა, რომ მეროვინგების შთამომავალი იყო. სიონის პრიორატი (იგულისხმება მთა სიონი საფრანგეთში) სწორედ ამ მიზნით დაარეგისტრირა ორგანიზაციად და მთელი ისტორია შეუქმნა.

წიგნის ავტორებმა დენ ბრაუნს პლაგიატისთვის უჩივლეს კიდეც, მაგრამ დავა ვერ მოიგეს – დენ ბრაუნმა ხომ მათ ნაყალბევს ასე თუ ისე გამართული ლიტერატურული სიუჟეტი შემატა.

  1. „პალიტრა L-მა“ იმ ორმოცდაათწიგნეულში გამოსცა ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“. ჩემმა ეკლესიურმა ნათესავმა, ფრიად აღშფოთებულმა, დედაჩემი გააფრთხილა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ წამეკითხა ეს წიგნი, იქ ერთი ისეთი სიტყვაა, მნიშვნელობაც არ უნდა იცოდესო. 

„99 ფრანკი“ ამ დროს უკვე წაკითხული მქონდა.

წაკითხულიც და კლასელებთან განხილულიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „99 ფრანკი“ ჯობს „პლატფორმას“ და, საერთოდაც, ბეგბედერი უელბეკზე უკეთესი მწერალია. 

ჩემი ნათესავის აღშფოთების მიზეზს ვერ მივხვდი და გამომცემლობის საბოდიშო ანოტაციაც „მთელი ეს სიბინძურე საჭიროა იმისთვის, რომ ოქტავ პარაგო სულიერად განიწმინდოს“ ღიმილს მგვრიდა. ჩემი ნათესავი ამბობდა, დიდად არავითარი კათარსისი არ ხდებაო. 

რა თქმა უნდა, არა.

მაგ განზრახვით არც დაწერილა ეგ წიგნი.

  1. წლები გავიდა, ჟორჟ ბატაი წავიკითხე, „Histoire de l’œil“ და მივხვდი, რომ რაც იქამდე წამეკითხა, მენახა ბეგბედერ-უელბეკ-დეისაძის-და ა.შ. ჩათვლით, ბავშვის ტიტინი იყო და მეტი არაფერი. 

იმასაც მივხვდი, რომ აჯობებდა, ჩემ გარშემო ამ ტექსტის არსებობის შესახებაც არავის სცოდნოდა…

და აი, კიდევ გავიდა წლები და ვუყურებ, როგორ დგას ხალხი სამეფო უბნის თეატრის წინ და მოითხოვს, აკრძალონ სპექტაკლი, რომელიც არცერთ მათგანს არ უნახავს.

რა გვჭირს? რატომ არ გვესმის, რომ „არ არსებობს მორალური და ამორალური წიგნები, არსებობს კარგად და ცუდად დაწერილი წიგნები“ (ოსკარ უაილდი)? საერთოდ რატომ განვიხილავთ ხელოვნებას მორალური პრინციპების მიხედვით და არა – სახელოვნებო-ესთეტიკურის? რატომ გვგონია, რომ ცუდია, თუკი ხელოვნება აღგვაშფოთებს? თუ არ აღგვაშფოთა, აბა, საერთოდ რისთვის არის? მხოლოდ „ტკბილ ხმათათვის“?

მე მაქვს ჩემი პატარა თეორია, რომელიც, შეგიძლიათ, არ გაიზიაროთ, მაგრამ, მგონი, დაფიქრებად ღირს:

ეს მოთხოვნა, რომ ხელოვნების ნაწარმოები იყოს ეთიკური და მორალური თვალსაზრისით გამართული, რეალიზმის ეპოქის მოთხოვნაა. რეალისტური ნაწარმოების მთავარი ფუნქცია კი დიდაქტიკურია – ის რაღაცას გვასწავლის, მორალურ ორიენტირებს გვისახავს. გვაჩვენებს, რა არის ცუდი და მიგვანიშნებს, უკეთესი რა იქნებოდა.

მაგრამ განა ჩვენ ახლა რეალიზმის ეპოქაში ვართ?

ცხადია, არა.

დასავლეთში ეგ ნავსი ნატურალიზმმა და მოდერნიზმმა გატეხეს. ნატურალიზმი ჩვენ არ გვქონია – ამიტომ იყო, „დარიანულ ლექსებს“ ასეთი აშფოთებით რომ შეხვდა მაშინდელი ქართული საზოგადოება. მოდერნიზმს კი, ხომ გახსოვთ, რაც დაემართა? გაწყდა. სოციალისტურმა რეალიზმმა გაწყვიტა – ამ ხელოვნურმა წარმონაქმნმა, რომელიც იდეოლოგიზების ინსტრუმენტი უფრო იყო, ვიდრე ლიტერატურული მიმდინარეობა.

ამიტომ ჩვენი, როგორც მკითხველების, ცნობიერება რეალიზმის ეპოქის შემდეგ აღარ შეცვლილა. მკითხველების დიდი ნაწილი დღეს დაწერილ პოსტმოდერნისტულ ტექსტებსაც რეალისტურ ყაიდაზე კითხულობს. მეორე მხრივ კი, მათთვის, როგორც საბჭოთა სისტემაგამოვლილებისთვის, ცენზურა ნორმაა.

არ ვიცი, ეს ჩემი თეორია სწორია თუ არა, მაგრამ კიდევ ერთი რამეა, რაც მაფიქრიანებს: ახლა რასაც ვწერ, აღარაა ძველებურად ლაღი და საყოველთაოდ საკითხავი, მსუბუქად ტრანსგრესიული ტექსტია. ჰოდა, ჩემი მკითხველების მიღმა რომ გავა, ალბათ, ერთი დიდი ომის გადახდა მომიწევს. ეს კი ძალიან, ძალიან მეზარება აქედანვე, წინასწარ. გუშინ ოუშენ ვუნგს ვუსმენდი, გამოსვლის ნაწყვეტი იყო, ამბობდა, კი, რთული დროა ახლა წერისთვის სამყაროს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცეცხლი უკიდიაო.

„მაგრამ განა სულ ასე არ იყო? ერთი ავტორიც არ ყოფილა ისეთი, რომ ჰქონოდა ფუფუნება, გამოკეტილიყო და სრულ სიმშვიდეში ეწერა. როცა ამ საქმეს ირჩევთ, სასოწარკვეთილების მემკვიდრეობითი ხაზის ნაწილი ხდებით. ამიტომ თქვენზეა, აქციოთ წინადადება იმ მედიუმად, რომლის გავლითაც ერთმანეთს გავუგებთ და ამ ყველაფრიდან რაღაც ახალს შევქმნით“.

მგონი, მართალია…

როგორ განვავითაროთ ბავშვში თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა

0

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება აქვს, შეამჩნევდა, რომ მათ შორის შეიძლება შევხვდეთ პატარებს, რომლებიც ხშირად უარს ამბობენ ისეთი რამის გაკეთებაზე, გაურბიან ისეთ საქმიანობაში ჩართვას, რაშიც ვიცით, რომ წარმატებას მიაღწევენ. როგორც წესი, მათგან არცთუ იშვიათად შეიძლება მოვისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ მე ამას ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია, არ გამომივა“; „ვშიშობ გამოცდას ვერ ჩავაბარებ“; „არა მგონია, რომ ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდში მიმიღონ“; „დარწმუნებული არ ვარ, რომ გიტარაზე ისე კარგად დავუკრავ, როგორც ჩემი მეგობარი უკრავს“ და ა.შ. ასეთ დროს უფროსები, პედაგოგები და მშობლები ცდილობენ, საპირისპიროში დაარწმუნონ ბავშვი, მაგრამ მას არ სჯერა და საკუთარ თავში იკეტება. ასეთ პატარებს, როგორც წესი, აკლიათ თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა. ამ თვისებების გარეშე კი მას მომავალშიც ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა და თვითრეალიზება.

ბავშვში თავდაჯერებულობის განვითარება დიდწილად ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ მასთან. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ, სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ბავშვს ვეუბნებით და არ ვეუბნებით, გრძნობები, რომლებსაც გამოვხატავთ ან არ გამოვხატავთ – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ბავშვზე, მის თავდაჯერებულობაზე.

 რეკომენდაციები – როგორ განვავითაროთ ბავშვში თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა:

  • გამოვიჩინოთ სიყვარული და მიმღებლობა ბავშვის მიმართ განურჩევლად მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობისა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს უყვარს საკუთარი შვილი ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ ჩვენ ის გვიყვარს, ვიღებთ და პატივს ვცემთ მის არჩევანს. გამოვხატოთ სიყვარული ბავშვის მიმართ მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება ყოველთვის არ შეგვიძლია. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ და იღებენ იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს მას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების მიუხედავად. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს უფროსების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების სიყვარულისათვის ბრძოლაში. მივიღოთ პატარა ისეთი, როგორიც არის და შევიყვაროთ თავისი ნაკლოვანებებით. უპირობო სიყვარული არის იმის საფუძველი, რომ ბავშვი გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად. მთავარია, პატივი ვცეთ პატარას, როგორც პიროვნებას. მშობლიური სიყვარული, შექება და მხარდაჭერა ხომ ბედნიერი და წარმატებული პიროვნების საიდუმლოა;
  • ყურადღება გავამახვილოთ, ფოკუსირება მოვახდინოთ ბავშვის ძლიერ მხარეებზე. არავინაა იდეალური და ამ მხრივ არც ბავშვები არიან გამონაკლისი. მაგრამ, იმისათვის, რომ მათში თავდაჯერებულობა აღვზარდოთ, არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ნაკლოვანებებზე. ბავშვის აღზრდა მიმართული უნდა იყოს მისი ხასიათის ძლიერი მხარეების განვითარებაზე. ამავდროულად ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შეუძლია განვითარება და სხვადასხვა დავალებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში (მაგ. თუ ბავშვი ცუდად სწავლობს სკოლაში, განიცდის წარუმატებლობას სპორტში და ა.შ.) ჩვენ მოგვიწევს დავეხმაროთ მას, დაინახოს საკუთარი ძლიერი მხარეები, ვუთხრათ რა შეიძლება გამოუვიდეს კარგად, სად შეუძლია წარმატების მიღწევა, რაშია ძლიერი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეცდომები ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ. ვასწავლოთ ბავშვს, რომ შეცდომები გაკვეთილებად გამოიყენოს, ისწავლოს შეცდომებზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მის მიღწევებს. ეს ბავშვს შეახსენებს, რომ მას მონდომების შემთხვევაში შეუძლია წარმატების მიღწევა;
  • ნუ ვიჩქარებთ, მოვერიდოთ ბავშვის დახმარებას პირველივე სირთულის დროს. მშობლები, როგორც წესი, ცდილობენ დაიცვან შვილები და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ არ იგრძნონ დამარცხების, იმედგაცრუების და ტკივილის სიმწარე. თუმცა, არ არის არც სასურველი და არც მიზანშეწონილი ბავშვის დახმარება ყოველ ჯერზე, როდესაც ის უმცირეს პრობლემას წააწყდება. ჩვენ შეგვიძლია მას გარკვეული დახმარება გავუწიოთ, მაგრამ, საკუთარი პრობლემები ბავშვმა თავად უნდა გადაჭრას დამოუკიდებლად;
  • მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, რომლის დაუფლება პატარას თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალების რწმენის მოსაპოვებლად სჭირდება. გადაწყვეტილების მიღება ძალას მატებს ბავშვს, რადგან ის ხედავს სხვადასხვა შესაძლებლობას და შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს. თუმცა, სანამ განვითარებაში მომწიფების გარკვეულ დონეს არ მიაღწევს, ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს, როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები. იმისათვის, რომ დავეხმაროთ პატარას, ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება, დასაწყისში შევთავაზოთ მას ორი ვარიანტი ასარჩევად. მაგ. ექვსი წლის გოგონას შეიძლება შევთავაზოთ აირჩიოს, რა ჩაიცვას სკოლაში. მაგრამ, ავუხსნათ, რომ მას არ შეუძლია, აირჩიოს წავიდეს თუ არა სკოლაში. ბავშვისთვის არჩევანის გაკეთების უფლების მიცემით (მაგ. რა ჩაიცვას, რა ფილმს უყუროს და ა.შ.) ჩვენ ასევე ვასწავლით მას პასუხისმგებლობის საკუთარ გადაწყვეტილებაზე აღებას;
  • წავახალისოთ და განვავითაროთ ბავშვის ნიჭი, მისი შესაძლებლობები. თითქმის ყველა ბავშვს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს, რაღაცის კეთება ძალიან უყვარს და ამასთან კარგადაც გამოსდის. ზოგს უყვარს მუსიკა ან ცეკვა, ზოგი კი კარგად ხატავს. გავარკვიოთ, რაშია ბავშვი ნიჭიერი და განვავითაროთ მისი შესაძლებლობები. თუ ბავშვს ხატვა უყვარს, შევიყვანოთ ის სახელოვნებო სტუდიაში. თუ მას სპორტის რომელიმე სახეობა მოსწონს, ვიზრუნოთ, რომ ის სპორტით დაკავდეს. ბავშვის უნარების, მიდრეკილებებისა და ნიჭის განვითარება საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერების, თავდაჯერებულობის გამომუშავების შესანიშნავი გზაა;
  • გავუძლიეროთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა. თავდაჯერებულობის ამაღლების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ბავშვისთვის პატარა დავალებების მიცემაა, ისეთი დავალებების, რომელთა შესრულებასაც ის ნამდვილად შეძლებს. იმის გაცნობიერება, რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება დამოუკიდებლად, პატარას აღფრთოვანებას, ძალას, ენერგიასა და ხალისს მატებს. უძლიერებს ახალი დავალებებისათვის თავის გართმევის სურვილს. როდესაც ბავშვი ადვილად, სირთულეების გარეშე ასრულებს რაიმე დავალებას, მისი ტვინი „იმუხტება“ და მზადაა ახალი დავალებების შესასრულებლად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ პატარას მარტივ საქმეს ვანდობთ. არ დაგვავიწყდეს მისი შექება, როდესაც ის მინდობილ საქმეს კარგად შეასრულებს. მაგ. 8 წლის ბავშვს შეიძლება დავაკისროთ ძაღლის გამოკვება ყოველ დილით. როდესაც ის ამას შეხსენების გარეშე გააკეთებს, შევაქოთ ამისთვის. ეს განამტკიცებს მის თავდაჯერებულობას;
  • ვასწავლოთ ბავშვს პოზიტიური თვითშთაგონება. თვითშთაგონება ეს შინაგანი დიალოგია საკუთარ თავთან. ის, რასაც ჩვენ ყოველ წუთს ვეუბნებით საკუთარ თავს, ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. ჩვენი აზრები გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებსა და პოტენციურ წარმატებაზე. ამიტომ, თუ ბავშვი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია რაიმე საქმესთან გამკლავება, მისი წარმატების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება. საკუთარი თავისთვის პოზიტიური აზრების შთაგონებით ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავის კონტროლს და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას;
  • დავუსახოთ ბავშვს რეალისტური მიზნები. ყველაზე „კარგი“ ხერხი, რომ ვაიძულოთ ბავშვი დაეჭვდეს საკუთარ ძალებში, არის მისთვის ისეთი დავალებების მიცემა, რომელთა შესრულებასაც ის ვერ შეძლებს. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში და გაიზარდოს საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ პიროვნებად, დავუსახოთ მას რეალისტური და ამასთან, მისი ასაკის შესაბამისი მიზნები. მაგ. თუ ჩვენ გვსურს, რომ ბავშვმა ისწავლოს ფორტეპიანოზე დაკვრა, ეს სრულიად რეალისტური მიზანია, მაგრამ არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ის ერთ თვეში ისწავლის ამას. ასეთ შემთხვევაში უკეთესი იქნება დავუსახოთ ბავშვს მოკლევადიანი მიზნები: ნოტების სწავლა, მარტივი მელოდიების დაკვრის სწავლა და ა.შ. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ბავშვმა ერთ თვეში მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვოს, ჩვენ მას წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისთვის მოვამზადებთ და არა თავდაჯერებულობისთვის;
  • ვასწავლოთ ბავშვს, „მიიღოს“ საკუთარი მარცხი და წარუმატებლობა. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ შევძლებთ ბავშვის დაცვას წარუმატებლობისა და მარცხისაგან. როგორც ყველა ადამიანმა, ნებისმიერმა ბავშვმა შეიძლება დროდადრო განიცადოს წარუმატებლობა, იგრძნოს ტკივილი და იმედგაცრუება. უნდა ითქვას, რომ ეს სრულიად ნორმალურია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი დავამშვიდოთ პატარა შემდეგი სიტყვებით: „არა უშავს“, „არაფერია“, „არ ინერვიულო“. ვასწავლოთ ბავშვს, იყოს ემოციურად მოქნილი და მშვიდად მიიღოს, როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება. ვუთხრათ, რომ ხანდახან მარცხის განცდა, წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივია და შემდეგ ჯერზე თუ შეეცდება, მოგებასაც შეძლებს. წარუმატებლობის შემდეგ ყოველთვის შეიძლება გზის პოვნა, რომლითაც წარმატებას მივაღწევთ;
  • ვიყოთ კარგი მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის. თუ ჩვენ თავად არ ვართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ეჭვი გვეპარება ჩვენს შესაძლებლობებში, ძალიან მცირეა იმის ალბათობა და არც უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ბავშვი საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული გაიზრდება. ბავშვები აკეთებენ ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ და არა ისე, როგორც ვამბობთ. გავერკვეთ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობასთან დაკავშირებულ ჩვენ საკუთარ პრობლემებში და გავხდეთ კარგი მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის.
  • წავახალისოთ პატარა, გამოხატოს თავისი გრძნობები. საკუთარ თავში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ ბავშვს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი გრძნობები დისკომფორტის განცდის, ზედმეტი ემოციურობისა და აგრესიის გარეშე. თავდაჯერებულობა გულისხმობს გრძნობების ჯანსაღად გამოხატვას და იმის ცოდნას, თუ როდის არის საჭირო სიმშვიდის გამოვლენა. წავახალისოთ ბავშვი გამოხატოს გრძნობები ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ვასწავლოთ რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება, ავუხსნათ, რომ არ არის სასურველი საკუთარი გრძნობების ჩახშობა, დათრგუნვა, რადგან შეიძლება ისინი გამოვლინდეს მაშინ, როდესაც რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თავდაჯერებულობის განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც უფროსების მხრიდან დროსა და ყურადღებას მოითხოვს. მუშაობის სწორად წარმართვისა და მონდომების შემთხვევაში კი ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

მოგზაურობა ბავშვობაში – ზრდასრულობის თერაპია

0

რა გენატრებათ ბავშვობიდან? რას იხსენებთ ყველაზე ხშირად? რასთან მიბრუნება გსიამოვნებთ? რა გაყენებთ კარგ ხასიათზე? რაზე ფიქრი გიგრძელდებათ? რომელია ის ფიქრი, რომელსაც სიამოვნებით შეჰყვებოდით, ყველგან გადაუხვევდით, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩახვიდოდით, ჩაუღრმავდებოდით თავსაც და მოგონებებსაც? გრჩებათ დრო საკუთარ თავში მოგზაურობისთვის?

საზაფხულო არდადეგები გახსენებთ ბავშვობას თუ საშობაო არდადეგები? ახალი წელი, აღდგომა თუ სხვა ჩვეულებრივი დღეები?

მე უფრო ხშირად ზაფხულის დღეები ჩამირბენს თვალწინ, მზით გაკაშკაშებული, ცხელი, მომქანცველი, ხალისიანი, საინტერესო, სწრაფი, სურნელოვანი და საყვარელი ადამიანებით სავსე. ასეთ დღეებს ნაცნობი ხეების სურნელი მოაქვს, აკაციის ხის ყვავილების, ცაცხვის მათრობელა სურნელი, ხმელი ბალახებისა და ეზოს ყვავილების. ყურებზე წყვილი ალუბლები გვაქვს ჩამოკიდებული და ფრჩხილებზე ყვითელი ყვავილის ფურცლები გადაგვიკრავს. ეს ბავშვობაა…

ყოველი დღე ნათელია, წყნარი, უღრუბლო, ტკბილი მოგონებები ნელ-ნელა ამოდის მომქანცველი ყოველდღიურობის საფიქრალს შორის. ბებოს ნარდს ვეთამაშებით „წინკარში“, როცა ცხელა, მის ოთახში ვართ შეყუჟული, თეთრ ნოხზე წამოგორებული, ბებოს თმაზე ვეალერსებით, ძმრით დარბილებულ თმაზე. ის კი გვიყვება ამბებს, მაშინდელი გადმოსახედიდან ჯადოსნურს …

ცხელა, ხის იატაკი სუფთა და თბილია, შუადღეა ჩამოწოლილი ოთახებში. გატრუნულია გარემო, საკუთარ თავთან ჩაყურყუმელავების დროა, ბებოს თვალები „მიულულავს“, ისვენებს, ჭრიალა, ზამბარებიან საწოლზე.

სიმშვიდისა და უდრტვინველობის განცდას ვერაფერი არღვევს. ეს ბავშვობაა, ცხელი დღეებით, ჭრიჭინობელების გამაყრუებელი ჭრიჭინითა და ბავშვების ყიჟინით სავსე… მოსაფრთხილებელი დრო…

ცხელი, მომთანგველი შუადღეების მერე, საღამოს გიდევნიათ ციცინათელებისთვის? გახსოვთ, როგორ გაიელვებენ ბუჩქებზე, ხეებზე და თვალს მიეფარებიან. ბოლო დროს იშვიათად ვხედავთ ციცინათელებს. ნეტავ, სად მიდიან დღისით, თქვენც გაწუხებდათ ეს კითხვა ბავშვობაში?

ცაცხვის სურნელით გაჟღენთილია ჰაერი, მუხლები გადაყვლეფილია, ხელის თითები თუთით არის გაშავებული. საღამოს სტუმრები გვყავს. მეზობლები, მგონი, მეზობლების სტუმრობა სტუმრობა არც არის, ძალიან შინაურები არიან. ნარდის, დომინოსა და კარტის საღამოებია, ღამის პეპლები შუქზე მოფრინავენ, თავს დაგვტრიალებენ, ნათურას ეხვევიან… ნაცნობი იუმორი და მსუბუქი განცდებია ირგვლივ, დაცულობის განცდას ამყარებს. მძაფრად ვგრძნობთ, რა მშვენიერი დროა ბავშვობა…

ცხელ დღეებს წვიმები მოჰყვება და გაწვიმების, დაქუხების მოლოდინში გარინდვა. სახლი ისევ თბილია, ფისოებიც სახლში არიან, ფეხებზე მასხდებიან და ღუღუნებენ, მყუდროდ ჩამთბარი წიგნებს ვკითხულობ, გარეთ კი ზაფხულის წვიმაა და ყველაფერი იდეალურადაა…

საღამოობით წინკარში ჯდომის საათებია. ბებოს მთელი დღის დაღლილი და ნაჯაფარი ფეხები საქანელებად გადაიქცნენ და რიგ-რიგობით გვაქანავებენ… ბებო როგორი ძლიერია, შეუძლია ფეხზე დაგვისვას და გვაქანაოს, მერე დაიძინოს, მეორე დილით კი უზარმაზარი თხილის ტომარა მოიგდოს ზურგზე და ბაზარში წაიღოს გასაყიდად. ყვითელი ავტობუსის ლოდინი მთელი რიტუალია. ფეხშიშველები გავვარდებით ბებოს შესაგებებლად დაღმართში.

ბებოსთან ძილი დასწრებაზეა, მისი საწოლი, მისი მუთაქა, მისი თმის სუნითაა გაჟღენთილი. თეთრეული გრილია და ბუნებრივი. ბებოს ყვავილებიანი პერანგი აცვია და ძილის წინ ლოცულობს. ღმერთო, კარგად მიმყოფე ჩემი შვილები, შვილიშვილები… ყველაზე გულწრფელი ლოცვები, ყველაზე მარტივი ლოცვებია.

რა თქმა უნდა, კვლავ სიცხეა. მიწას პირი დაუღია, დახეთქილ მიწაზე, ფეხშიშველები დავრბივართ, გულაბ მსხლებს ვაგროვებთ, ვენახში სუსხია, ატმებს ვკრეფთ. ბებია კომპოტებს აკეთებს ამ ატმებით.

შუადღით კი კეცებზე მჭადებს აცხობს, ვარიას გვიწვავს, მაყვლის საწებელში აწყობს, თხის ყველს ამოიღებს „ხალამიდან“, ყველაფერი გემრიელია.

ბავშვობაზე ფიქრი, მოგონებების გაცოცხლება, თერაპიაა ზრდასრულობაში. როდესაც შეუჩერებელი, მომქანცველი დღის შემდეგ ჩამოჯდები და ზაფხულის მზით გამთბარ, ბედნიერ, მშვიდ, ნათელ მოგონებებში გადაეშვები…

უდიდესი პასუხისმგებლობაა შევქმნათ ბავშვებისთვის ისეთი სამყარო, რომელიც სინათლით, სიყვარულითა და სითბოთი იქნება სავსე. და როდესაც ბავშვობის დღეები გაირბენს და პატარა ბავშვები თვალის დახამხამებაში ზრდასრულობის ტვირთით დამძიმებული უფროსები გახდებიან, რას ფიქრობთ, რა დასჭირდებათ მათ სულის მოსათქმელად და სიმშვიდის მოსაპოვებლად?

 

 

აქტივობა – „დატოვეთ საკლასო ოთახი!“

0

საკლასო ოთახებში სასწავლო შინაარსების მოხუფვა ჯერაც წამყვანი პრაქტიკაა.

სხედან მოსწავლეები ოთახებში, გადაშლილი აქვთ სახელმძღვანელოები და მიმდინარეობს გაკვეთილი, გაწერილი იმავე პრინციპითა და მეთოდოლოგიით, როგორც უწინ (უფრო ზუსტად? – 10, 30, 100 წლის წინ).

ზოგიერთს ჰბეზრდება.

ძალიან ჰბეზრდება და იწყებს „სამაშველო ოპერაციას“ – ცდილობს, როგორმე გაერთოს, დრო უფრო სწრაფად გაიყვანოს. თუ ეს დაუდგრომლობა „ხელს უშლის“ მასწავლებელს, ის იყენებს „აღმკვეთ ღონისძიებას“ და გასცემს ბრძანებას – ახლავე დატოვე საკლასო ოთახი. მოსწავლისთვის ეს შვებასავით ისმის – ის ტოვებს საკლასო ოთახს და დერეფანში ან სადმე, სკოლის ტერიტორიაზე გასანიავებლად მიეშურება.

ამ წერილში კლასის დატოვება შემეცნებით და პედაგოგიურ სამარჯვად მინდა, ვაქციო. გაგიზიარებთ ერთ მეთოდს, რომელსაც ხშირად მივმართავ, როცა მინდა განსხვავებული ფორმატის გაკვეთილი ჩავატარო (საშუალო საფეხურზე), როცა მინდა, გამოვხატო ნდობა მოსწავლეების მიმართ, დავეხმარო მათ თვითსწავლის უნარების განვითარებაში, სასკოლო რუტინული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.

თუ შინაარსების გადაცემასა და განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილ ლოზუნგებს ცოტა ხნით თავს დავანებებთ, შევყოვნდებით და თანამედროვეობის მოთხოვნებს, არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ, სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობასაც შევნიშნავთ.

სკოლა დღეს მოსაწყენ გეტოდ იქცა, მოსწავლეთა იძულებითი თავშეყრის ადგილად. ჰკითხეთ თქვენ ირგვლივ მოზარდებს, რას ფიქრობენ სკოლაზე, სკოლაში გატარებულ საათებზე, გაკვეთილების კალეიდოსკოპურ სისტემაზე, ცოდნასა და უნარებზე, რასაც იქიდან იღებენ. მათი მოსმენა მნიშვნელოვანია, მათი საჭიროებების, კრიტიკის, სურვილების, რჩევების გათვალისწინება – აუცილებელი.

აქტივობა, რომელსაც აქ გიზიარებთ, მრავალი მიზეზის გამო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პედაგოგიური სამარჯვია. ის საშუალებას მაძლევს, მოსწავლეებთან თანამშრომლობითი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა ჩამოვაყალიბო და დავეხმარო მათ საკუთარ უნარებზე დაკვირვებაში, სასურველი მიმართულებით განვითარებაში. საუბარი ჯგუფური მუშაობის ერთ ნაირსახეობაზეა:

ეს ჯგუფური სამუშაო ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. მე ხშირად ახალი მასალის ახსნამდე ვიყენებ ხოლმე. ასევე – უკვე დამუშავებული მასალის შეჯამება-შეჯერებისთვის.

გასათვალისწინებელია: აქტივობას ორი გაკვეთილის დრო დასჭირდება (ეს წინასწარაა განსასაზღვრი).

ნაბიჯები:

I

კლასი წინასწარ უნდა დაყოთ ჯგუფებად. თავიდან ჯგუფები თავად შეგიძლიათ დააკომპლექტოთ, შემდეგში მთელ პროცესს თავად მოსწავლეები წარმართავენ.

II

რაოდენობის მიხედვით დაყოფილ ჯგუფებს ეძლევათ სხვადასხვა დავალება.

წინასწარ დათქვით დრო, როდის უნდა დასრულდეს სამუშაო (ეს მნიშვნელოვანი პუნქტია).

III

ჯგუფებს ეძლევათ განსხვავებული ინსტრუქციები და დავალებები:

მათ აქვთ საშუალება, დატოვონ საკლასო ოთახი, მოძებნონ მათთვის კომფორტული სივრცე სკოლის შენობაში ან ეზოში, გააფრთხილონ მასწავლებელი და გავიდნენ სამუშაოდ დათქმული დროით.

IV

შეთანხმებული დროის შემდეგ მოსწავლეები ბრუნდებიან კლასში და იწყებენ ნამუშევრების პრეზენტირებას.

 

ეს არის მოკლე მონახაზი, ახლა შევეცდები უკვე განხორციელებული აქტივობის აღწერით უფრო თვალსაჩინოდ წარმოგადგენინოთ, როგორ ხორციელდება აქტივობა:

 

მე-11 კლასში ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალის“ კითხვა უნდა დაგვეწყო. პირველ გაკვეთილზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორიული კონტექსტის და გარკვეული თეორიული ცოდნის მიწოდება მოსწავლეებისთვის. ასევე – ტექსტის პროლოგიც მინდოდა გამეცნო.

კლასი დავყავი ჯგუფებად: 4 მოსწავლეს დაევალა რაინდობის ინსტიტუტის შესახებ ცნობების მოძიება, დამუშავება, ზეპირი წარდგენისთვის მომზადება. ერთი წყარო თავად მივაწოდე. მათ უნდა შეევსოთ მოძიებული ინფორმაციით და უნდა გამოეყენებინათ რომელიმე არაქართულენოვანი წყარო (ჯგუფში ერთი ბილინგვა ჰყავდათ, მან გერმანული მშობლიურივით იცის, დანარჩენებმა ინგლისური იცოდნენ). დრო 35 წუთი. შეეძლოთ სკოლის ბიბლიოთეკის ან საკუთარი ტელეფონების გამოყენება. მათ ტელეფონი არჩიეს და ადგილად წინა ეზოს ერთ-ერთი ფანჩატური შეარჩიეს.

 

მეორე და მესამე ჯგუფს დავურიგე ფრაზები პროლოგიდან:

„*გულს ორჭოფობა თუ შეეპარა, სამშვინველს სიმწარე ერევა. როს

ერთურთს ებმის – მსგავსად კაჭკაჭის ორი ფერისა – ვაჟკაცური შემართება და ზნე მისი საპირისპირო, საქებარიცაა ეს ამბავი და საძრახისიც. თუმცაღა, მერყევს შეუძლია, მაინც იხაროს; რამეთუ მასში წილი უდევს ცას და ჯოჯოხეთს. უღერძო კაცს კი ეძალება წყვდიადის ფერი და საბოლოოდ ჯოჯოხეთის უკუნი დანთქავს. და პირიქით: ქედუხრელს ცათა ნათელი მოსავს“.

და:

„*ვინაც შეიცნო წუთისოფლის ცვალებადობა, გონება

თვისი იმას სწორად გაუხედნია – ის არც ღუმელს მიეფიცხება და არც

უმიზნოდ იხეტიალებს, არამედ ფეხს აუწყობს ქვეყნის ტრიალს“ (*ვოლფრამ ფონ ეშენბახი, „პარციფალი“, პროლოგი, ელენე კოშორიძის თარგმანი)…

ჯგუფებმა უკანა ეზო და სტადიონის კუთხე შეარჩიეს სამუშაოდ (ჩვენს სკოლაში ამ ადგილებში ხის კუნძებია, მათ შეეძლოთ მყუდროდ მოკალათება და მუშაობა სუფთა ჰაერზე).

მათ უნდა აეხსნათ საკუთარი სიტყვებით ნათქვამის არსი და საინტერესო ანალიტიკური კომენტარი დაერთოთ. თუ სურვილი ექნებოდათ, შეეძლოთ სათანადოდ გაფორმება – დაფის ან ფორმატის ქაღალდის გამოყენება ახსნისას, ზეპირი წარდგენისას.

მოსწავლეების დარჩენილი რაოდენობა პროლოგის წასაკითხად კლასში დარჩა. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერს შეეძლო დაეტოვებინა საკლასო ოთახი, შეერჩია მყუდრო ადგილი და დამოუკიდებლად, საკლასო ოთახის გარეთ შეესრულებინა დავალება.

გამოვიყენეთ აქტიური კითხვის მეთოდი – მოსწავლეებმა წაიკითხეს და დაამუშავეს პროლოგის მოცემული მონაკვეთი – ამოწერეს გასაგები და გაუგებარი ადგილები, კითხვები, რომლებიც გაგებასა და ვერგაგებას ასახავდა, საინტერესო მოსაზრებები, რომლებიც აღეძრათ კითხვისას.

მასწავლებელს ამ აქტივობის განმავლობაში შეუძლია ჯგუფების მონახულება დამკვირვებლის ამპლუაში. თუ მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ ან კითხვები აქვთ, მასწავლებელი ეხმარება პროცესში.

მაგალითად, რაინდობის საპრეზენტაციო ჯგუფს კითხვა არ გასჩენია. როცა მივუახლოვდი, ტექსტს ინაწილებდნენ და ფაქტებს აზუსტებდნენ. საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვება შრომის გადანაწილების პროცესში ერთი სიამოვნებაა!

დათქმულ დროს ყველა სამუშაო ჯგუფი ოთახში დაბრუნდა.

ზეპირი წარდგენა დაიწყო ოთხეულმა. მათ განაწილებული ჰქონდათ საინტერესო ცნობები რაინდობის შესახებ.

შემდეგ მეორე და მესამე ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ციტატების მიხედვით და ბოლოს კლასმა გაუზიარა გასულებს თავისი ნამუშევარი და ნააზრევი.

აქტივობა ავითარებს შემოქმედებით, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაცია/ზეპირი წარდგენის, ჯგუფური მუშაობის უნარებს. ასწავლის მოსწავლეებს შეზღუდულ დროში დროის მართვას, შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას, ავარჯიშებს კონსტრუქციული ინტერაქციის უნარებს.

გარდა ამისა, სთავაზობს მოსწავლეებს მუშაობის განსხვავებულ ფორმატს, როცა ისინი პასიური მიმღებნი კი არ არიან, არამედ თავად ქმედებენ, ქმნიან, იმეცნებენ, ინაწილებენ სამუშაოს, იღებენ (ან თავს არიდებენ – ესეც მნიშვნელოვანი დაკვირვებაა!) პასუხისმგებლობას.

 

დედა

0

ზოგჯერ მგონია, ერთმანეთს დაბადებამდე ვიცნობდით და წინასწარ, სხვა სამყაროში მოვილაპარაკეთ, რომ აქ დედა-შვილი ვიქნებოდით. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან უყვარდი, მაგრამ ბოლომდე ყველაფერი მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გავაცნობიერე. იმ გრძელი და უძილო ღამეების დროს, როდესაც ჭერში თვალებაპყრობილი ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმ ომზე, რომელშიც ბოლო ორი წელი ვიყავით ჩართული და სასტიკად დავმარცხდით.

ამ დამარცხებიდან დღეს, 24 ივნისს, ხუთი წელი გავიდა. ნუ იფიქრებთ, რომ დრო მკურნალია. არაფერს კურნავს, უბრალოდ გაჩვევს, გავალდებულებს ცხოვრება განაგრძო… რადგან იქ წასულებსაც შენი მიხედვა სჭირდება. რადგან… დედას გაუხარდება, თუ ბედნიერი იქნები და კიდევ ძალიან ბევრი „რადგან“ არსებობს, რომელსაც ეჭიდები და ცდილობ, სხვებსაც და საკუთარ თავსაც დაუმტკიცო, რომ წინ გზებია გასავლელი, ყველაფერი კარგად არის და ამიტომ, ყველაზე ხმამაღლა იცინი… არადა, სწორედ მაშინ გეწურება გული ტკივილისგან, რადგან მაინცდამაინც ამ დროს წარმოგიდგება თვალწინ ის ბოლო შემოხედვა, დამშვიდობება და ამოსუნთქვა. ჰოდა, თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ სიცილს ბედავ და ეს შიგნიდან გჭამს.

ჰო, ხუთი წლის წინანდელი 24 ივნისი ჩვეულებრივ გათენდა. არა, გატყუებთ, ჩვეულებრივი არ ყოფილა, უფრო დამძიმებული მეჩვენა, მაგრამ მე სულ მეგონა, რომ გადავაგორებდით. მე იცით, როგორ ვიყავი? გამომშრალი და დაცარიელებული, ყველაფერს რობოტივით ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, გადაღლილიც, რადგან ბოლო ექვსი თვე ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა.

რაღაც მორიგ პროცედურას უკეთებდა სპეციალურად სახლში მოსული სამედიცინო პერსონალი, გავაცილე და მოულოდნელი შეტევაც დაიწყო. ბოლომდე გონებაზე იყო, ბოლომდე იბრძოლა. ბოლომდე ხელს არ მიშვებდა და როდესაც ძალა მოვიკრიბე, რომ მადლობა გადამეხადა, იმ სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის, რაც მან მაჩუქა, თავს ძალა დაატანა, დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია, რომ შემოეხედა და ენიშნებინა, რომ ყველაფერი გაიგო. მიდიოდა, მაგრამ კივილით ვაბრუნებდი უკან… ჰო, ჰო, აქ ვარ და მიყვარხარო, ჩურჩულებდა.

– და ვინც უყვართ, იმისგან არ მიდიან-მეთქი…

– ასე გამოვიდაო, კვლავ ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად მითხრა და დააყოლა – წყალიო…

გავიქეცი მოსატანად და… ჩემი გასვლით ისარგებლა, გაფრინდა…

მე არ მიტირია… რა ცრემლი, დანა, რომ ვინმეს დაერტყა, წვეთი სისხლი არ გადმომვარდებოდა. ძალიან ცივი გონებით ვასრულებდი, მის მიერვე ადრე გაწერილ გეგმას… რა მექნა, ვისთვის დამერეკა, რა გამეკეთებინა. ჩვენ სოფელში წავედით. ასეთი იყო მისი ნება. იმ დღეებს „მექანიკურ დღეებს“ დავარქმევდი, რადგან თავად ვგრძნობდი თავს მექანიკურ თოჯინად. მახსოვს, როგორ ვიდექი გათხრილ საფლავთან და იქ მის ჩაშვებამდე კიდევ ერთხელ მოხვევა და მოფერება მინდოდა, მაგრამ არ მივედი… წარმოგიდგენიათ? ხალხის მომერიდა… რამდენჯერ ვუწოდე შემდეგ საკუთარ თავს სულელი, ამის გამო.

ამავე საღამოს დავბრუნდი თბილისში და სახლში შემოსულმა ერთი დავიკნავლე:

  • დედაა, მოვედიი…

ჰმ, მივაყურადე კიდეც, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. დამავიწყდა მეთქვა, ბოლო დღემდე მპასუხობდა ხოლმე:

  • მოდი, დედა გენაცვალოს, მოდი!

ზემოთ დავწერე, არ მიტირია-მეთქი. ტირილი მერე დაიწყო, როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი დასრულდა. მამა რვა წლისამ დავკარგე და მგონი მაშინ არ დამიღვრია იმდენი ცრემლი, რაც ამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე.

ცრემლი ოხერია, რაღაცნაირად გცლის და გამშვიდებს. ამოიტირებ, ამოიწითლებ, ამოისრეს თვალებს და თითქოს დროებით მშვიდდები.

თურმე, დამშვიდება ემოციურ განტვირთვას კი არ მოაქვს, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ ცრემლის ქიმიურ შემადგენლობას.

ცრემლს საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვენს თვალებს სიმშრალისგან იცავს. კონიუქტივის ზედაპირს და რქოვანას მუდმივად ასველებს და მათ ოპტიკურ ფუნქციას აუმჯობესებს. ცრემლს რთული შედგენილობა აქვს. მცირე რაოდენობით ლორწოს, ცილა მუცინის ფენას შეიცავს, რომელიც თავის მხრივ წყლის ფენითაა დაფარული, ყველაზე ზედა შრე კი ზეთისებრ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ლიპიდებისა და ცხიმების წარმოებულთა ნარევს შეადგენს.

წყლიან ფენაში მიკროელემენტებია გახსნილი – ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის იონები. სწორედ ეს აძლევს ცრემლს დამახასიათებელ მლაშე გემოს. ამ ფენაშივეა ისეთი მნიშვნელოვანი ცილები, როგორიცაა – ალბუმინები, ლიზოციმი, იმუნოგლობულინი A. სწორედ მათი დამსახურებაა ცრემლის ანტიმიკრობული თვისებები.

იმუნოგლობულინ A-ს შემდეგ, ყველაზე მძლავრი ანტიბაქტერიული თვისებები ცილა ლიზოციმს ახასიათებს. 5-10 წუთის განმავლობაში ბაქტერიების 95%-ს ანადგურებს. სხვათა შორის, ლიზოციმი თავის ქმედებას ცხვირხახაშიც განაგრძობს და ცრემლის იქ მოხვედრისას ბაქტერიებს სპობს. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ოლეამიდი, რომელიც ადრე მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის უჯრედებში იყო აღმოჩენილი. ცრემლში მისი კონცენტრაცია უშუალოდ ტირილის დროს იმატებს. თუმცა, რა ფუნქციას ასრულებს მხედველობისთვის, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, მისი მეშვეობით ტირილის დროს მავნე ნივთიერებები ტოვებენ ორგანიზმს. ესენი პირველ რიგში, სტრესის ჰორმონებია.

ნორმალური დატვირთვის შემთხვევაში ჯანმრთელ თვალს დღე-ღამეში 0,5-1მლ ცრემლი სჭირდება. რა სჭირდება 21-ე საუკუნის ადამიანს, რომელსაც კომპიუტერში ჩაურგავს თავი და ფაქტობრივად საცხოვრებლადაც ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულა. მან შეიძლება „მშრალი თვალის” სინდრომი შეიძინოს. ამ დროს, ცრემლის გამომუშავება შეფერხებულია, რამაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ისეთი, როგორიცაა რქოვანას დარბილება და ა.შ. ამიტომ, თანამედროვე ადამიანს ოფთალმოლოგები ხელოვნური ცრემლის გამოყენებას ურჩევენ, რომელიც შემადგენლობის მიხედვით ბუნებრივი ცრემლის იდენტურია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ცრემლი წამალი არ არის, მხოლოდ თვალის ფუნქციის შესანარჩუნებელი დამხმარე საშუალებაა. ზოგიერთი მათგანი მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითაც კი არის გამდიდრებული.

ცრემლის გამოყოფის ინტენსივობა ასაკზეც ყოფილა დამოკიდებული. 55 წლიდან მისი წარმოქმნა და გამოყოფა 20%-ით მცირდება.

ადამიანის ცრემლს სამ კატეგორიად ყოფენ. ბაზალური, რეფლექტორული და ემოციური. ისინი ქიმიური შემადგენლობით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ბაზალური ცრემლი მუდმივად გამოიყოფა და თვალის რქოვანას დასველებას ემსახურება. ასევე თვალს მტვრისა და ბაქტერიებისგან იცავს.

რეფლექტორული ცრემლი – ორგანიზმის რეაქციაა გაღიზიანებაზე, მაგ. თვალში უცხო სხეულის მოხვედრაზე, ან ხახვის დაჭრის შედეგად გაღიზიანებაზე.

ემოციური ცრემლი, ემოციების დროს გამოიყოფა, როდესაც რაიმე ან გვიხარია ან გვწყინს. ზემოთ, ჩემ მიერ აღწერილი ქიმიური შედგენილობა ზუსტად ცრემლის ამ მესამე კატეგორიას შეესაბამება. ემოციური ტირილის დროს პროცესში სახის 43 კუნთი მონაწილეობს და გადამეტებული ტირილი ნაოჭებს ტოვებს სახსოვრად. თუმცა, ეს ნაოჭები სწორედ იმ ემოციის ნაწილია, რის გამოც იტირე.

დედას სიზმრად ხშირად ვნახულობ. სიზმრის ათასნაირი სიუჟეტი მინახავს. ბოლოს, როცა მესიზმრა, მითხრა, ქეთო, გარეთ გამოდი, დღეს ბევრი იმუშავე და გავისეირნოთო. გავედი… სადღაც ზემოთ ავედით აღმართზე, ოღონდ მოქუფრული ამინდი იდგა და ჟინჟლავდა. მერე მითხრა, სულ წვიმს, აღარ გამოიდარაო. წადი ახლა შენ, დაბრუნდი სახლში, არ დაგიღამდესო, მე ჩემთან წავალო.

ჰოდა, იცით რა ვიფიქრე? იქ, იმ ქუჩაზე იქნებ ჩემი ცრემლების გამო აღარ გამოიდარა? იქნებ ძალა მოვიკრიბო და დღეს, ხუთი წლის თავზე გავუშვა… იქნებ, მის ლამაზ სულს თავის საქმეები აქვს, მე კიდევ ვებღაუჭები და აქ ვაკავებ…

ჰოდა, მინდა ეს წერილი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. ზოგს ირონიულად ჩაეღიმება, ჩემზე იტყვის ამხელა ქალს საქმე გამოლევიაო… ზოგიც იფიქრებს, ეს რა აქ დასაწერი ამბავი იყოო… ზოგი ჩაიცინებს (ან, იქნებ არც), ძალიანაც კარგი, ასე მოგიხდებაო, ზოგიც გულწრფელ თანაგრძნობას იტყვის, მაგრამ თითოეული ემოცია ენერგიად გარდაიქმნება და ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულს ამინდის გამოდარებაში დაეხმარება.

მერე კი, როცა დრო მოვა, ისევ შევხვდები. ვიცი, საზღვარზე გადავალ თუ არა, იქვე იდგება, გულში ჩამიკრავს და მეტყვის:

  • ქეთო, ბეჭებში გაიშალე და წავიდეთო!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...