კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

ციფრული ინსტრუმენტების ჩანერგვა პირველკლასელების სწავლებაში

0

 (მე-8 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

პირველ კლასამდე ბავშვმა ძალიან ბევრი რამე იცის. დაკვირვებული მშობლები გაოცებულები არიან, როგორ ითვისებს ბავშვი ახალ-ახალ ცოდნას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის ცოდნის უზარმაზარი არხია გახსნილი ციფრული ტექნოლოგიების სახით. სამწუხაროდ, დღეს არსებული სასწავლო კონტექსტი და რესურსები ფეხს ვერ უწყობს თაობის ციფრულ სრბოლას, მეტიც, საგრძნობლად ჩამორჩება მას და ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.

არადა, ციფრული ტექნოლოგიები საოცარ შესაძლებლობებს იძლევა საგანმანათლებლო მიმართულებით. სათანადო აპლიკაციების შექმნის შემთხვევაში, ბავშვებს ისეთივე აზარტითა და მოწადინებით შეეძლებათ სწავლა, როგორც საყვარელ თამაშში არიან ჩართულები.

ამისთვის პროგრამისტების მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ამ წერილში შემოთავაზებული მცდელობები, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება ჩავნერგოთ ციფრული ინსტრუმენტები სწავლების პირველ ეტაპზე პირველ კლასში.

რასაკვირველია, ქართველ მასწავლებელთაგან არაერთია დაწინაურებული ციფრულ ფორმატში სწავლებაში და ისინი საინტერესო დავალებებსა და რესურსებს სთავაზობენ ხოლმე ბავშვებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე დანართს, რომელთა ჩანერგვა სასურველია სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში წარმოდგენილ სასწავლო მონაკვეთებში. შემოთავაზებული ციფრული რესურსები ძირითადად მიჰყვება წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთების შინაარსს.

  1. სიტყვების დამარცვლა

პირველ ჯერზე ვნახოთ ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს ფონოლოგიურ უნარებს, კერძოდ, სიტყვების დამარცვლის უნარს. აქ ბავშვები შედიან აპლიკაციაში და შეთავაზებულ სურათებს გადაალაგებენ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით: პირველ სვეტში მოათავსებენ ერთმარცვლიან სიტყვებს (ხე, ბუ, ცა, მზე), მეორეში — ორმარცვლიანს (ბურთი, გემი, ბუდე, გოგრა), მესამეში — სამმარცვლიანს (არწივი, აქლემი, ბანანი, გვირილა), მეოთხეში ოთხმარცვლიანს (ბატიბუტი, დინოზავრი, შოკოლადი, ალუბალი). იხ. აპლიკაციის ბმული: სიტყვების დამარცვლა

დასაწყისში დავალებას ასეთი სახე ექნება:

ხოლო შესრულების შემდეგ დაახლოებით (ყოველ მცდელობაზე სურათები სხვადასხვა თანმიმდევრობით ლაგდება, ამიტომ განსხვავებული იქნება სვეტებში სურათების მიმდევრობა, თუმცა ერთი სვეტის სიტყვა სხვა სვეტში არ უნდა იყოს, თორემ არ გაამწვანებს გადამოწმებისას, გააწითლებს.) ასეთ სახე მიიღებს:

თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ შეძლებისდაგვარად გააქტიურებულია პირველი ბგერები — ა, ბ, გ. ხოლო ქვემოთ მოცემულ დავალებაში მომდევნო ბგერებია შემოთავაზებული — დ, ე, ვ, ზ, რომელიც ონლაინ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სიტყვების დამარცვლა 2

ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს ნათურა, რომელზე დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება დამხმარე ფანჯარა, სადაც ჩამოწერილია მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაჯგუფებული სიტყვები: ერთმარცვლიანი — ზღვა, მზე, ხე, კუ; ორმარცვლიანი — ზარი, ვაშლი, ენა, ელვა; სამმარცვლიანი — ანტენა, დივანი, ზაზუნა, ზვიგენი; ოთხმარცვლიანი — დინოზავრი, ალუბალი, ზარბაზანი, ელმავალი.

ამ აპლიკაციაში უკვე შესრულებულ დავალებას შემდეგი სახე ექნება:

აღსანიშნავია, რომ ასეთი სავარჯიშოების დამზადება რთული არაა, პორტალზე მოცემული ქართულენოვანი ინსტრუქციები და გამზადებული შაბლონები დიდი ძალისხმევის გაწევის გარეშე მოახერხებინებს ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს მსგავსი რესურსების შექმნას. ხოლო თუკი თავად მოსწავლეებიც ჩაერთვებიან ანალოგიური დავალებების შექმნაში, მთლად უკეთესი! ცხადია, საჭირო იქნება ილუსტრაციების მოძიება, რაც ე. წ. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის გამოყენებით სულაც აღარაა ძნელი.  აღსანიშნავია ისიც, რომ ფონოლოგიური კომპეტენცია სხვა საინტერესო და სახალისო ციფრული დანართებითაც განვავითაროთ, მაგალითად, ბავშვებმა ამოიცნონ რითმული სიტყვა-ნახატები, ამოიცნონ შეცდომები ლექსში და სხვა. ვნახოთ კიდევ რამდენიმე ნიმუში ქვემოთ.

  1. პირველი ბგერა (ა, ბ, გ)

ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” წინა წერილებში აღწერილი სასწავლო მონაკვეთები გულისხმობდა სიტყვებში პირველი ბგერის გამოყოფას და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებას. სწორედ ამ უნარის გასავარჯიშებლადაა დამზადებული ქვემო მოცემული დავალებებიც.

აქ წარმოდგენილია ა, ბ, და გ-ზე დაწყებული სიტყვების ამოცნობა და მათი გადანაწილება. იხ. ბმული: პირველი ბგერა (ა, ბ, გ) დავალების გახსნისას მოსწავლეებს ასეთი დაფა დახვდებათ:

 

 

ხოლო სწორად შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს:

 

  1. პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ)

ისევ პირველი ბგერის ამოცნობასა და ამის მიხედვით სიტყვების დაჯგუფებაზეა შემდეგი დავლებაც, ოღონდ მომდევნო ბგერებზე: დ, ე, ვ, ზ. იხ. ბმული: პირველი ბგერა (დ, ე, ვ, ზ)  აღსანიშნავია, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ბგერების დამუშავება განსაკუთრებით საჭიროა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ქართული არაა მშობლიური ენა — ქართულის წლების განმავლობაში შესწავლის შემდეგაც მათ მიერ დაშვებული ფონეტიკური შეცდომები სწორედ ამ საფეხურის უგულებელყოფის ბრალია. თუმცა, ეს ასევე სასარგებლოა ქართულენოვანი მოსწავლეებისთვისაც, მით უფრო, თუკი ეს ფონეტიკურ-ფონოლოგიური მიზნები გადაჯაჭვული იქნება ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან, მეტყველების განვითარებასთან…

აქ შემოთავაზებულია უკვე დაჯგუფებული სიტყვები:

 

 

  1. სურათი და წარწერა

ქვემოთ მოცემული დავალება გულისხმობს სურათისა და წარწერის ერთმანეთთან დაკავშირებას, მიწებებას. ეს დავალება მოსწავლეებს ეხმარება მთლიანი სიტყვების წაკითხვის უნარის განმტკიცებაში მანამ, სანამ ასოების მიზანმიმართულ შესწავლაზე გადავლენ.

დასაწყისში აპლიკაციას ასეთი სახე ექნება:

 

საბოლოოდ კი შესრულებული დავალება ასეთ სახეს მიიღებს.

როგორც ვხვდებით, პირველი დავლების (იხ. ბმული: სურათი და წარწერა ) შესაბამისი სურათი ქართული ანბანის პირველ სამ ბგერაზეა, ქვედა სურათი კი ასახავს მომდევნო ოთხ ბგერაზე (დ, ე, ვ, ზ) მომზადებულ დავალებას (იხ. ბმული: სურათი და წარწერა – 2 ):

 

შეიძლება გაკეთდეს ამ დავალების ადაპტირებული ვერსია, რომელშიც ფოტოებზეც იქნება დატანილი წარწერები და მოსწავლეებს მოუწევთ წარწერების ერთმანეთთან შედარების გზით მსგავსების აღმოჩენა.

 

  1. სურათისა და წარწერის დაწყვილება

ეს დავალება (იხ. ბმული: სურათისა და წარწერის დაწყვილება ) ჰგავს წინა დავალებებს, თუმცა სხვაგვარ უნარ-ჩვევებს მოითხოვს ბავშვებისგან: მათ უნდა გახსნან თითოეული უჯრა და მოძებნონ სურათისა და წარწერის წყვილი (ერთად მხოლოდ ორი უჯრის გახსნაა შესაძლებელი და ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს კიდეც, თუ რომელ ადგილზეა ესა თუ ის წარწერა ან სურათი. სათანადო წყვილის მოძებნის შემთხვევაში იგი (სურათისა და წარწერის წყვილი) ან გაქრება, ან დარჩება და სხვა წყვილის მოძებნას ხელს აღარ შეუშლის.

ქვემოთ წარმოდგენილია ამ დავალების უკვე დასრულებული ვერსია. როგორც ხედავთ, სურათები და წარწერები უკვე გაფერმკრთალებულია ანუ ყველა წყვილი სწორადაა ამოცნობილი თანმიმდევრობით.

როგორც აღვნიშნეთ, აქ უკვე ამოცნობილი წყვილები შედარებით გაფერმკრთალებულია. ასევე შესაძლებელია დავალების შექმნისას ისეთი ბრძანება მივცეთ აპლიკაციას, რომ უკვე სწორად დაწყვილებული სურათი და წარწერა გაქრეს სამუშაო დაფიდან.

ადვილი შესამჩნევია, რომ ამ დავალებაში გააქტიურებულია , , და -ზე დაწყებული სიტყვები. რასაკვირველია, საჭიროა დამზადდეს სხვა ბგერების მიხედვით დაკომპლექტებული დავალებებიც, რომლებსაც თანმიმდევრულად შეასრულებენ მოსწავლეები.

ცხადია, კიდევ უამრავი დავალების შექმნაა შესაძლებელი და საჭირო, როგორც ამ პლატფორმაზე, ისე სხვებზე, როგორც ამ სასწავლო საკითხებზე, ასევე სხვებზეც.

 

განმავითარებელი შეფასება ბგერებით მანიპულირებისთვის

0

 (მე-10 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

სერიის ,,სწავლის ძირი” ამ წერილში კვლავ განმავითარებელ შეფასებას განვიხილავთ, კვლავ ფონოლოგიური კომპეტენციის განმტკიცების მიზნით. კონკრეტულად, ბგერებით მანიპულირებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ სერიის წინა წერილში მიმოხილული იყო სიტყვების დამარცვლის, დამარცვლით წარმოთქმული სიტყვების გამთლიანების, პირველი და ბოლო მარცვლების იდენტიფიცირებისა და მათი სხვა მარცვლით ჩანაცვლების უნარები.

აქ განხილული იქნება:

  • მარცვლებისა და სიტყვების ბგერებად დაშლა,
  • ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვის გამთლიანება,
  • პირველი, მეორე და ბოლო ბგერების იდენტიფიცირება,
  • პირველი, მეორე და ბოლო ბგერების ჩანაცვლება,
  • ბგერებით მანიპულირებისთვის სავარჯიშო სიტყვები.

სანამ დასახელებულ პუნქტების განხილვაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ ბგერებზეც. ადამიანს უამრავი ბგერის ამოთქმა, გაჟღერება შეუძლია. ამ ბგერათა ნაწილს სამეტყველოდ ვიყენებთ და ფონემებს, სამეტყველო ბგერებს ვუწოდებთ,  ხოლო მის შემსწავლელ ენათმეცნიერების დარგს  — ფონეტიკას. ქართულში ამჟამად 33 სამეტყველო ბგერა (ფონემა) გვაქვს (ადრე უფრო მეტი იყო.) და მათს ჩასაწერად 33 ასოს ვიყენებთ  ანუ ყოველ ბგერას თავისი საკუთარი ასო გამოსახავს. ასევე შეიძება ვთქვათ, რომ ყოველ ქართულ ასოს თავისი ერთადერთი ხმიანობა, უნიკალური ჟღერადობა აქვს. ინგლისურში, მაგალითად, ბგერები ქართულზე მეტია, ხოლო ასოები  — ნაკლები.

აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ფონეტიკური და ფონოლოგიაური კომპეტენციები. ფონეტიკური კომპეტენცია არის ენის სამეტყველო ბგერების ზუსტი აღქმა (გაგონება) და წარმოთქმა, ხოლო ფონოლოგიური კომპეტენცია სიტყვაში სამეტყველო ბგერის, როგორც უმცირესი სამეტყველო ერთეულის გამოცალკავების, იდენტიფიცირების უნარია, რაც მეტად საჭიროა სწავლების საწყის ეტაპზე.

ფონოლოგიური კომპეტენციის ჩამოსაყალიბებლად ბავშვებს ჯერ მარცვლებზე ვავარჯიშებთ და შემდეგ გადავიდვართ ბგერებზე. ქვემოთ სწორედ ბგერებით მანიპულაციებზეა შემოთავაზებული შეფასების რუბრიკები სწავლების პროცესზე დაკვირვებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით.

  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (მარცვლების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

პირველი რუბრიკის შექმნას ისევ დაწვრილებით მივადევნოთ თვალი და აღვწეროთ, რა მოსწრება უნდა აჩვენოს წარმატებულმა მოსწავლემ:

მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ მარცვლებს, ბგერა-ბგერა დასახელებულ მარცვალს ამთლიანებს და წარმოთქვამს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვალში ბგერათა რაოდენობას.

აქაც შევნიშნოთ, რომ:

  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება ამთლიანებდეს და სწორად წარმოთქვამდეს ბგერა-ბგერა ნათქვამ მარცვლებს, მაგრამ სწორად ვერ შლიდეს ბგერებად იმავე მარცვლებს ან სწორად ვერ ასახელებდეს მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება სწორად შლიდეს ბგერებად იმ მარცვლებს, რომლებზეც უკვე ნავარჯიშები არიან, მაგრამ ვერ ახერხებდეს გაუვარჯიშებელი მარცვლების სწორად დაშლას.

 

ვნახოთ, როგორ სახეს მიიღებს ამ კომპეტენციის შეფასების რუბრიკა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით:

კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (მარცვლების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

აღწერა: მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ მარცვლებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ მარცვალს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვალში ბგერათა რაოდენობას.

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ  მარცვლებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ ნებისმიერ მარცვალს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბგერათა რაოდენობას. მოსწავლე:

ან ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ მარცვლებს,

ან ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნებისმიერ მარცვალს,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბგერათა რაოდენობას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ სამივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ მარცვლებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ მარცვლებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილი მარცვლის ბგერებად დაშლა და გამთლიანება ან მასში ბგერათა რაოდენობის დასახელება.
  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების ბგერებად დაშლა-გამთლიანება)

აღწერა: მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ სიტყვებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ სიტყვებს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ბგერა-ბგერა შლის ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას, ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა დასახელებულ ნებისმიერ სიტყვას, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას. მოსწავლე:

ან ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ, ადეკვატური სიგრძის სიტყვას,

ან ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ადეკვატური სიგრძის ნებისმიერ სიტყვას,

ან ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მოკლე სიტყვაში ბგერათა რაოდენობას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ სამივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილი სიტყვის ბგერებად დაშლა-გამთლიანება, მხოლოდ დასწავლილ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობის დასახელება.

ვნახოთ ამ ორი კომპეტენციის შესაბამისი ჩეკლისტი:

# ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა, გამთლიანება და მარცვლებით მანიპულირება) აღრიცხვის

ჩეკლისტი

მოსწავლის სახელი და გვარი: – – – – – – – – – – – – – – –

თარიღი: – – – – – – –

1 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვლებს.
2 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვლებს.
3 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნაცნობ მარცვლებს.
4 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ უცნობ მარცვლებს.
5 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
6 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვლებში ბგერათა რაოდენობას.
7 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
8 ¨  ბგერებად შლის ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
9 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
10 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
11 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.
12 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მოკლე სიტყვებში ბგერათა რაოდენობას.

 

ცხადია, მასწავლებლებს შეუძლიათ ეს ჩეკლისტიც ორად გაყონ და მოსწავლეთა  მოსწრება ამ უნარებში ჯერ მარცვლებზე შეამოწმონ, შემდეგ — სიტყვებზე.

  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება მარცვლებში)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება მარცვლებში)

აღწერა: მოსწავლე გამოყოფს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ მარცვლაში პირველ და ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ მარცვალს, ასახელებს კონკრეტული მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით (და — დი, დე, დო, დუ; ვარ — ვირ, ვერ, ვორ, ვურ).

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში პირველ და ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ მარცვალს, ასახელებს კონკრეტული მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით. მოსწავლე:

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში პირველ ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ მარცვალში ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ ორივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ მარცვლებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ მარცვლებზე, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილ მარცვალში პირველი და ბოლო ბგერის მხოლოდ დასახელება და არა ჩანაცვლება.
  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება სიტყვებში)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (ბგერებით მანიპულირება სიტყვებში)

აღწერა: მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ ანდა ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ ნამდვილ ან ცრუ სიტყვას. (დ-აფა, ტ-აფა… გ-ვირილა, ყ-ვირილა… კ-არი, ხ-არი, ქ-არი, ს-არი, ვ-არი, ბ-არი, დ-არი, ზ-არი, თ-არი, ლ-არი, ნ-არი, ტ-არი, ფ-არი, ღ-არი, შ-არი… თოვლ-ი, თოვლ-ო, თოვლ-ს, თოვლ-უ…)

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში პირველ ანდა ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული ბგერით მიღებულ ახალ ნამდვილ ან ცრუ სიტყვას. მოსწავლე:

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში პირველ ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაში ბოლო ბგერას, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ ორივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზეც კი, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილ სიტყვებში პირველი ანდა ბოლო ბგერის მხოლოდ დასახელება და არა ჩანაცვლება.

 

ესეც ამ ორი რუბრიკის მიხედვით დამზადებული ჩეკლისტი:

# ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა, გამთლიანება და მარცვლებით მანიპულირება) აღრიცხვის

ჩეკლისტი

მოსწავლის სახელი და გვარი: – – – – – – – – – – – – – – –

თარიღი: – – – – – – –

1 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვალში პირველ ბგერას.
2 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ მარცვალში პირველ ბგერას.
3 ¨  ანაცვლებს ნაცნობი მარცვლის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
4 ¨  ანაცვლებს უცნობი მარცვლის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
5 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ მარცვალში ბოლო ბგერას.
6 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
7 ¨  ანაცვლებს ნაცნობი მარცვლის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
8 ¨  ანაცვლებს უცნობი მარცვლის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ მარცვალს.
9 ¨  ასახელებს ნაცნობი მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით.
10 ¨  ასახელებს უცნობი მარცვლის ოთხ ალტერნატივას ხმოვნების მიხედვით.
11 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში პირველ ბგერას.
12 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში პირველ ბგერას.
13 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
14 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის პირველ ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
15 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
16 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში ბოლო ბგერას.
17 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
18 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის ბოლო ბგერას შეთავაზებული სხვა ბგერით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.

ეს ჩეკლისტი ნამდვილად დასაშლელია ორად — როგორც ვიცით, ათ მოსანიშნზე მეტი რაოდენობა არაა მოსახერხებელი მოსწავლის მოსწრებაზე კონცენტრირებისთვის.

ახლა სათანადო ყურადღება გავამახვილოთ იმ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებზეც მოსწავლეებს ვავარჯიშებთ. ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულია სასწავლო თემატიკაზე, მაგრამ ქვემოთ გამოვყოთ ჩვენ მიერ ნავარაუდევი სიტყვების ველი კონკრეტული მაგალითებით. ცხრილში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი სიტყვები მარცვლებზე და ბგერებზე სამუშაოდ, თუმცა, ცხადია, სიტყვათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსადეგია ორივე შემთხვევაში. მეტიც, ჯერ მარცვლებზე ორიენტირებისას დამუშავებული სიტყვები უფრო ადვილი სავარჯიშო იქნება მოგვიანებით ბგერებზე გადასვლისას. ზოგიერთი სიტყვა კი, შეიძლება, სასარგებლო და მარტივია მარცვლების საფეხურისთვის, მაგრამ რთული იქნება ბგერებისთვის.

# თემატური სიტყვების ველი სიტყვები
მარცვლებზე სამუშაოდ ბგერებზე სამუშაოდ
1 საკუთარი სახელები დათო, ანა, გია, ალი, ია, სოსო, მამუკა, ნოდარი, ზვიადი, ანანო, მზევინარი, მანუჩარი, თამარი, ჰუსეინი, ანაჰიტი, მარიამი… დათო, ანა, ია, ლადო, ალი, ნონა, ნანა, ნათია, მაკა, ეკა, ლალი, ეთო, ლუკა, მაია, კახა, კობა, იამზე, ბერდია,
2 ხშირი სიტყვები დედა, მამა, კატა, ძაღლი, რვეული, კალამი, წიგნი… დედა, მამა, კატა, მზე, ხიდი, სახლი…
3 სახლი ოთახი, მაგიდა, სკამი, ტახტი, ტელევიზორი, საწოლი, კედელი, იატაკი, ჭერი, კარადა, გაზქურა, აბაზანა, სავარძელი… ოთახი, მაგიდა, სკამი, ტახტი, საწოლი, კედელი, იატაკი, ჭერი, კარადა, აბაზანა…
4 წელიწადის დროები ხე, ფოთოლი, ყვითელი, სიგრილე, წვიმა, წვიმს, ბალახი, მწვანე, ხილი, ქარი, ფრინველი, ჩიტი, სექტემბერი, მაისი…

თოვლი, ფიფქი, სიცივე, ცივა, თოვს, საჩუქარი, მეკვლე, ციგა, გუნდა, ჩურჩხელა, ნაძვი, ზღვა, ელვა, კვირტი, ყვავილი, პეპელა…

 

ხე, ფოთოლი, ბალახი, ხილი, ქარი, ჩიტი, მაისი…

თოვლი, ფიფქი, სიცივე, ცივა, თოვს, ციგა, გუნდა, ნაძვი, ზღვა, ელვა, კვირტი, პეპელა, მარტი, ზამთარი, დრო,

 

5 ცხოველები (ანუ ფრინველებიც) ძაღლი, ძროხა, კატა, ლომი, დინოზავრი, ცხენი, ღორი, ქათამი, ბატი, ინდაური, ცხვარი, თხა, კურდღელი, იხვი, არწივი,  ციცარი, ხბო, ლეკვი, წიწილა, კნუტი… კატა, ლომი, ცხენი, ღორი, ქათამი, ბატი, ცხვარი, თხა, იხვი, არწივი,  ციცარი, ხბო, ლეკვი, წიწილა, კნუტი, აქლემი, ვირი, ნიანგი, მედუზა, თევზი…

 

ციფრული მოქალაქეობა და კრიტიკული აზროვნება 

0

“ჩვენ, ციფრული სამყაროს მოქალაქეები მაღლა აწეული ხელებით, პირობას ვდებთ რომ ჩვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო, როცა ხან აქ და ხან იქ დავაწკაპებთ.

თუ სამყაროს ნახვა გსურს, არ არის აუცილებელი გყავდეს თვითმფრინავი, სკოლის ყვითელი ავტობუსი ან ხმაურით მოჩაქჩაქე მატარებელი.

სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ, ოკეანის ნაპირზე მოსახვედრად, იმისათვის რომ იყო რაღაც ძალიან დიდის ნაწილი უკვე საკმარისია ინტერნეტი და ერთიც ეკრანი” – ეს არის ფრაგმენტი ინგლისურენოვანი საბავშვო სიმღერიდან, რომელსაც ციფრული მოქალაქეობის გაკვეთილების დასაწყისში იყენებენ სწავლების დაწყებით საფეხურზე იქ, სადაც ციფრული მოქალაქეობა ცალკე დისციპლინად არსებობს. ამ საგნის კურიკულუმები ერთი მხრივ ინტერნეტში თავის გადარჩენის და ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარებაზეა ორინტირებული, მეორე მხრივ კი აქცენტს სვამს იმაზე, როგორი მნიშვნელოვანია ბალანსი ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის, ფიზიკური აქტივობები, ეკრანის გარეშე დროის ხარისხიანად  და საინტერესოდ გამოყენების ჩვევების გამომუშავება.

 

  • და მაინც რა არის ციფრული მოქალაქეობა?
  • რამე განსხვავებული როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვთ? ვინ აწესებს ციფრულ სამყაროში წესებს და ვინ უზრუნვეყოფს ამ წესების აღსრულებას?

 

ქსელთან კავშირის მქონე თითოეული ადამიანი ციფრული სამყაროს მოქალაქეა, რომელსაც რეალური ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად აქვს თავისი უფლებები, ვალდებულებები, ღირსება და ინტერესები.

 

ციფრულ სამყაროში დაცულობა და უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ სახელმწიფოში: ციფრულმა მოქალაქეებმა ისევე უნდა სცენ პატივი სხვის აზრებს, გემოვნებას და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. მათ ისევე აქვთ ჩაგრულისთვის გამოქომაგების, ძალადობის  და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება, როგორც რეალურ სამყაროში ღირსეულ მოქალაქეებს. მეტიც, ციფრული სამყაროს “ეკოლოგიაც” ზუსტად ისევეა დასაცავი, როგორც ჩვენი რეალური გარემო და ბუნება დედამიწაზე – დეზინფორმაცია, სიძულვილის და შუღლის გამღვივებელი კამპანიები და ყალბი ანგარიშების მიღმა დამალული ნიჰილიზმის მთესველები ზუსტად ისეთივე ზიანს აყენებენ ციფრული მოქალაქეების “შაცხოვრებელ გარემოს” , როგორც პლასტმასას ჭარბი მოხმარება ოკეანეების ბიომრავალფეროვნებას. რეპუტაცია, ღირსება, სიტყვის ფასი, სოლიდარობა და თანადგომა ციფრულ სამყაროშიც დასაცავი და გასაფრთხილებელი ღირებულებებია. კანადის ციფრული მედიაწიგნიერების ცენტრის მტკიცებით, საზოგადოების მხოლოდ 10%-ია საჭირო კონკრეტული ღირებულებების დასაცავად და გასამყარებლად. ერთი ადაიანის ხმაც კი ამცირებს სხვების მიდრეკილებას კონფორმიზმისკენ და აჩენს სურვილს საკუთარი ან სხვების უნიკალური ხმების დასაცავად. მათ, ვინც ინტერნეტს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს, იმ უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რასაც ეს სივრცე აჩენს ადამიანებისთვის, მუდმივად უნდა ახსოვდეთ ის საფრთხეებიც რაც აქ შეიძლება არსებობდეს. როგორც ყველა კარგ მოქალაქეს, ციფრულ მოქალაქესაც კარგ მოქალაქედ კარგი განათლება, კრიტიკული აზროვნება, სამართლებრივი და მორალური კანონების პატივისცემა, სოლიდარობა და თანაგრძნობა, თანასწორობა და სამართლიანობა აქცევს.

 

მეტი კონკრეტიკისთვის, რამდენიმე წესსაც გთავაზობთ, რომლების დაცვაც თქვენთვის და თქვენი ციფრული ეკოსისტემისთვისაც მნიშვნელოვანია:

 

  • იყავით ინფორმირებული საფრთხეებზე და მათზე რეაგირების შესახებ – კიბერბულიგი, ფიშინგი, დეზინფორმაცია, თაღლითობა, პირადი მონაცემების გაჟონვა, სექსუალური შევიწროება და შანტაჟი ციფრული სამყაროს ნაწილია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი და სხვები კიბერკრიმინალებისგან, როგორ გამოვავლინოთ დამნაშავე და საეჭვო პლატფორმები.
  • გახსოვდეთ რომ ავატარის მიღმა (ძირითადად) რეალური ადამიანია – ციფრულ სამყაროში სხვა ადამიანების ღირსების, გამოხატვის თავისუფლებისა და შეხედულებების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურში. თავისი არსით დემოკრატიული სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ინფორმაციის მიღებისა და გაცემისთვის, განვითარებისა და თვითაქტუალიზაციისთვის, ასევე არის ბულინგის, თავდასხმებისა და მადესკრიდეტებელი კამპანიების ადგილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ აქაც ისევე ვიცავთ ადამიანებს და მათ უფლებებს, როგორც სხვა სივრცეებში.
  • არ დაივიწყოთ პასუხისმგებლობა – ციფრულ სამყაროში სანდო ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას, უსაფრთხო პლატფორმების გამოყენებას და გაზიარებას, ეთიკური კომუნების მხარდაჭერას და ყალბი ანგარიშებისა და თუ ანგარიშების ქსელების გამოვლენას უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეცადეთ მუდმივად ზრუნავდეთ იმ გარემოზე, რომელსაც მოიხმართ და თუკი იქ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდება, აირჩიეთ სხვა სივრცეები, სადაც წესების დაცვა მეტად იქნება შესაძლებელი.
  • მუდმივად განაახლეთ როგორც პროგრამები და აპლიკაციები, რომელსაც იყენებთ, ისე ცოდნა გარემოს შესახებ – სწრაფად ცვალებად სამყაროში მუდმივად იცვლება გამოწვევები, საფრთხეები, უსაფრთხოების წესები და მნიშვნელოვანია ამ სიახლეებს მუდმივად მისდიოთ. მეტი ინფორმაცია მეტ დაცულობას ნიშნავს. როგორც ჩვეულებრივ სახელმწიფოში კრიმინალის სტატისტიკა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები საგადასახადო სისტემაში ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, ასევეა ციფრულ სამყაროში ცვლელებების გავლენაც ჩვენს ვირტუალურ ყოფაზე.
  • მუდმივად გახსოვდეთ რომ ციფრული სამყარო რეალური სამყაროს არა ალტერნატივა, არამედ ნაწილია – ტექნოლოგიური განვითარება ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ არა ისეთ ფუნდამენტურ სიკეთეებს და მათ გავლენას ჩვენს ბედნიერების ინდექსზე, როგორიცაა მზეზე მიფიცხება, ბუნებაში სეირნობა, მეგობრების თავყრილობა რეალურ სივრცეში, წვიმიან ამინდში ეკრანისგან თავისუფალი თავშესაქცევებით გართობა და ათასი სხვა რამ.

 

 

 

 

 

 

 

 

განმავითარებელი შეფასება პირველკლასელებთან

0

 (მე-9 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

წინამდებარე წერილით ვაგრძელებთ სერიას ,,სწავლის ძირი” და შემოგთავაზებთ პირველი კვირების განმავლობაში დაგეგმილი სწავლების წარმატებულად წარმართვისთვის განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. აქ შევეხებით ფონოლოგიური უნარების სწავლებისთვის საჭირო განმავითარებელ ისნტრუმენტებს. კერძოდ, სიტყვებით დამარცვლასა და მარცვლებით მანიპულირებას. სანამ უშუალოდ ჩვენ მიერ შემუშავებულ შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტს შემოგთავაზებთ, ზოგადად ვისაუბროთ განმავითარებელ შეფასებაზე.

შესავალი

— რა სიტყვა გახსენდებათ მყისიერად, როდესაც საუბარს იწყებენ განმავითარებელი შეფასების შესახებ?

არცთუ ბევრჯერ, მაგრამ არც მხოლოდ სამჯერ დამისვამს მასწავლებლებისთვის ეს შეკითხვა და მოუთმენლად დავლოდებივარ პასუხებს. ჩემი დაკვირვებით, მასწავლებელთა დაახლოებით ნახევარი ამ შეკითხვაზე პასუხად ამბობს/წერს ან ,,უკუკავშირს’’, ან ,,კომენტარს’’ (ამ ორ სიტყვას სინონიმებად განვიხილავ ამ კონტექსტში.).

მასწავლებელთა ძირითად ნაწილში განმავითარებელი შეფასების შესახებ ასეთი წარმოდგენების არსებობა არის სწავლების ამ განუყოფელი კომპონენტის მიერ სასწავლო პროცესის დამახინჯების მნიშვნელოვანი მიზეზი, ნაცვლად იმისა, რომ მისი (ამ პროცესის) სამკაული იყოს.

როგორ აღმოვაჩინე, რომ მასწავლებლებს არ ესმით განმავითარებელი შეფასების არსი?

მასწავლებლებს სანამ ვახსენებთ, აღსანიშნავია, რომ გაუგებრობის წყარო თავად ეროვნული სასწავლო გეგმა და მასში არსებული ჩანაწერებია განმავითარებელი შეფასების შესახებ.

პირველი გაუგებრობის განმაპირობებელი ისაა, რომ ამ კომპონენტს შეფასება ჰქვია. ეს იწვევს არასწორ გაგებას, რადგან აქვეა დაპირისპირებული მეორე სახის შეფასება — განმსაზღვრელი შეფასება. და თუკი განმსაზღვრელი შეფასება გულისხმობს მოსწავლეებისთვის ნიშნის დაწერას, მაშინ მეორე სახის ანუ განმავითარებელი შეფასება იგულისხმებს ნიშნის გარეშე მოსწავლის შეფასებას ანუ ვარსკვლავებისა და მზეების მიცემას, კომენტარებისა და შენიშვნების, უკუკავშირის თქმას თუ დაწერას და ა. შ.

შედეგად, მოსწავლეები ვერ აკეთებენ დასკვნებს საკუთარი მიღწევების შესახებ. ვერ აკავშირებენ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებს საკუთარ ნამუშევრებთან და თუკი კონკრეტულ ხარვეზზე თავს არ დაახლევინებ, ისე ვერცკი შეამჩნევენ გამოსასწორებელ ნაკლს. მასწავლებელმა თავიდანვე უნდა მიაჩვიოს ბავშვები, საერთო რეკომენდაციების მოსმენისას ეძებონ ხარვეზები საკუთარ ნამუშევარში და იზრუნონ მათს აღმოსაფხვრელად.

 

როგორ აღმოვაჩინე, რომ უკუკავშირი არის ხელისშემშლელი განმავითარებელი შეფასების საჭიროებისამებრ წარმართვისთვის?

რადგან უკუკავშირი არასწორად მიაჩნიათ განმავითარებელი შეფასების მთავარ კომპონენტად და მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების აღქმა-დანახვას მხოლოდ მაშინ ახერხებენ, თუკი უკუკავშირს ხედავენ ან ესმით, ეს იმთავითვე განაპირობებს პროცესის არასწორად აღქმა-გაგებას.

მაგრამ უკუკავშირის გარეშე წარმოუდგენელია სწავლება, ვერც მოსწავლე ისწავლის ეფექტურად, თუკი მას არ ექნება საჭირო უკუკავშირი საჭირო დროს. აქ ყველაზე შესაფერისი რუსთველის სიტყვებია ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!” ზუსტად: ზოგჯერ უკუკავშირის მიცემა სჯობს, ხოლო ზოგჯერ უკუკავშირის მიცემა აზარალებს სასწავლო პროცესს.

 

დასკვნები

განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები/მეთოდები, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს სასწავლო სტრატეგიები/მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მიზნობრივად ანუ ეფექტოვნად (ეფექტურადაც და ეფექტიანადაც) და არსებობს სასწავლო სტრატეგიები ანუ მეთოდები ანუ აქტივობები, რომლებიც გამოიყენება არამიზნობრივად ანუ არაეფექტოვნად ანუ არა მოსწავლეზე ორიენტირებულად.

თუკი სასწავლო სტრატეგიები წარმოადგენს ამავდროულად განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებს, ე. ი. იგი მოსწავლეზე ორიენტირებული, მიზნობრივი სასწავლო სტრატეგიებია. ხოლო როდესაც ბრწყინვალე მეთოდი/სტრატეგია არ არის ამავდროულად განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, მაშინ ისინი არაა მოსწავლის მაქსიმალურ განვითარებაზე ორიენტირებული და ტარდება მხოლოდდამხოლოდ ფორმალურად, სასწავლო პროგრამის გავლისა და დაფარვის მიზნით ისე, როგორც ტარდებოდა და ტარდება საგნობრივი გაკვეთილების საკმაოდ დიდი ნაწილი.

განმავითარებელი შეფასება არ არის მოსწავლის შეფასება, ეს არის სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მასში ცვლილებების შეტანა.

უკუკავშირის მიცემა მოსწავლისთვის უნდა განაპირობებდეს მის წაქეზებას და წახალისებას. იმის აღნიშვნა და შენიშვნა, თუ რა ეშლება მოსწავლეს და როგორ გამოასწოროს ეს შეცდომა, ვერ გამოიწვევს ვერც წაქეზებას და ვერც წახალისებას. პირიქით, ეს მოსწავლის დემოტივაციას იწვევს. შესაბამისად, უკუკავშირი, რომელიც მოსწავლის დემოტივაციას იწვევს, ანუ შენიშვნის შემცველი უკუკავშირი ვერ ჩაითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. თუმცკი, იგი იქნება სასწავლო აქტივობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განმავითარებელ შეფასებასთან ანუ დამაზიანებელი სასწავლო აქტივობაა.

ზოგჯერ შენიშვნის მიცემა აუცილებელ და უმოკლეს გზას წარმოადგენს მოსწავლის სწავლა-განვითარებისთვის. შორს რომ არ წავიდეთ უცხოური ენის შესწავლის პროცესში გარკვეული გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად მყისიერი გასწორებები (ოღონდ არა ყოველთვის) განაპირობებს სწორ მეტყველებას. ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს განმავითარებელ შეფასებასთან, ეს შესწორებები ჩვეულებრივი სასწავლო აქტივობები, პროცედურებია, რომელიც მხოლოდდამხოლოდ მაშინ გადაიქცევა განმავითარებელი შეფასებისთვის სასარგებლო პროცედურებად, როდესაც მასწავლებელი ამ შენიშვნებს, შესწორებებს ცვლის მოსწავლის რეაქციისდაკვალად.

გაგვიგრძელდა სიტყვა. გავეცნოთ რამდენიმე რუბრიკას კომპეტენციების მიხედვით, რომელთა გამოყენებაც გვაჩვენებს, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სწავლებაში, რათა მეტ წარმატებას მივაღწიოთ მეორე მცდელობისას.

დასაწყისში განვიხილოთ პროცესი, თუ როგორ შეიძლება შევადგინოთ სასწავლო საკითხის, კომპეტენციის შეფასების რუბრიკა.

  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების დამარცვლა-გამთლიანება)

ამ კომპეტენციისთვის განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნისთვის, თავდაპირველად დავფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოასწროს, რა მოსწრება უნდა გვაჩვენოს წარმატებულმა მოსწავლემ და აღვწეროთ ეს ქმედება:

მოსწავლე მარცვლავს ზეპირად ნათქვამ სიტყვებს, დამარცვლით ნათქვამ სიტყვებს ამთლიანებს და წარმოთქვამს, ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამ სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.

რა შეიძლება ვთქვათ ამ აღწერილობის შესახებ? თითქოსდა, თვალნათლივ აღწერს იმ კომპეტენციას, რომელიც სიტყვების დამარცვლაზე შეიძლება წარმოაჩინოს მოსწავლემ. მაგრამ დაკვირვებული მასწავლებელი (და ქართველი მასწავლებელი ხომ მეტად დაკვირვებულია?!) ადვილად აღმოაჩენს რამდენიმე გარემოებას:

  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება ამთლიანებდეს და სწორად წარმოთქვამდეს დამარცვლით ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ სწორად ვერ მარცვლავდეს იმავე სიტყვებს ან სწორად ვერ ასახელებდეს სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.
  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება სწორად მარცვლავდეს იმ სიტყვებს, რომლებზეც უკვე ნავარჯიშები არიან, მაგრამ ვერ ახერხებდეს გაუვარჯიშებელი სიტყვების (არა მაინცდამაინც უცნობი სიტყვების, არამედ იმ სიტყვების, რომელთა დამარცვლაზე ჯერ არ უვარჯიშიათ) სწორად დამარცვლას.

ზემოთ აღწერილი დაკვირვებების გათვალისწინებით ამ კომპეტენციის შეფასების რუბრიკა შემდეგ სახეს მიიღებს:

კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (სიტყვების დამარცვლა-გამთლიანება)

აღწერა: მოსწავლე მარცვლავს ზეპირად ნათქვამ სიტყვებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ სიტყვებს, ასახელებს ზეპირად ნათქვამ სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე მარცვლავს ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს, ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ ნებისმიერ სიტყვას, ამოიცნობს და ასახელებს  ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ  სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას. მოსწავლე:

ან მარცვლავს ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს,

ან ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს,

ან ასახელებს ზეპირად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ სამივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზე, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილი სიტყვის დამარცვლა და გამთლიანება.
  1. კომპეტენცია: ფონოლოგიური უნარები (მარცვლებით მანიპულირება)
კომპეტენციის დასახელება: ფონოლოგიური უნარები (მარცვლებით მანიპულირება)

აღწერა: მოსწავლე გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ ანდა ბოლო მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული მარცვლით მიღებულ ახალ ნამდვილ ან ცრუ სიტყვას. (გვი-რილა, ყვი-რილა, ქუ-რილა… ბა-ლი, ბა-რი, ბა-ყი…)

სრულყოფილი შედეგი დამაკმაყოფილებელი შედეგი დაბალი შედეგი
მოსწავლე გამოყოფს ზეპირად ნათქვამ ნებისმიერ (როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ) სიტყვაში პირველ ანდა ბოლო მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ჩანაცვლებული მარცვლით მიღებულ ახალ  სიტყვებს. მოსწავლე:

ან გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში ბოლო მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას,

ან ახერხებს ზემოთ დასახელებულ ორივე ოპერაციას მხოლოდ ნაცნობ სიტყვებზე.

მოსწავლე ვერ ახერხებს სამიზნე ოპერაციებს ნაცნობ სიტყვებზე, შეუძლია მხოლოდ რამდენიმე კარგად დასწავლილ სიტყვაში პირველი ანდა ბოლო მარცვლის მხოლოდ იდენტიფიცირება და არა ჩანაცვლება.

ზემოთ შემოთავაზებული ორი კომპეტენციის მიხედვით დავამზადოთ ჩეკლისტი, რომლის გამოყენებითაც მოვინიშნავთ ამა თუ იმ მოსწავლის მიღწევებს, რათა შევთავაზოთ ახალი მიზანმიმართული დავალებები კონკრეტული ბარიერის დასაძლევად.

გავიმეოროთ: ჩვენ ახალი დავალებების შესათავაზებლად ვიყენებთ განმავითარებელი შეფასების ამ ინსტრუმენტებს და არა იმისთვის, რათა პირვეკლასელებს ვუთრათ, რომ:

  • ,,შენ ბრწყინვალედ ახერხებ ზეპირად ნათქვამი სიტყვების დამარცვლას, მაგრამ გიჭირს დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება და სწორად დასახელება. ძალიან გთხოვ, მეტი ყურადღება მიაქციე ამას, ჩემო კუდრაჭა!..” ან
  • ,,შენ შესანიშნავად ახერხებ სიტყვებში პირველი მარცვლის იდენტიფიცირებას და მის ჩანაცვლებას ჩემ მიერ შემოთავაზებული სხვა მარცვლით, რათა ახალი სიტყვა წარმოთქვა. ზოგიერთ შემთხვევაში გაგიჭირდა იმავე ოპერაციის ჩატარება ბოლო მარცვლებზე. რატომ, ჩემო სიხარულო?! რამე დაგაკელი?! გთხოვ, მეტი ივარჯიშო ბოლო მარცვლების ჩანაცვლებაზეც!..”

რაც არ უნდა გავამარტივოთ და ლექსიკურად განვტვირთოთ ზემოთ მოცემული უკუკავშირები და რაც არ უნდა მოვიჩლიქოთ ენა, ბავშვებისთვის ეს სრულიად უსაგნო და უსარგებლო იქნება. არა, შეიძლება გაიგონ კიდეც, რასაც ვუსწორებთ, მაგრამ გამოსწორება ვერ მოხდება სათანადოდ მომზადებული დამატებითი დავალებებით ვარჯიშის გარეშე. სწორედ ესაა განმავითარებელი შეფასების მიზანი და არა ბავშვისთვის უშინაარსო კომენტარების მიწოდება.

სიტყვა გაგვიგრძელდა. ვნახოთ დაპირებული ჩეკლისტი:

# ფონოლოგიური უნარების (სიტყვების დამარცვლა, გამთლიანება და მარცვლებით მანიპულირება) აღრიცხვის

ჩეკლისტი

მოსწავლის სახელი და გვარი: – – – – – – – – – – – – – – –

თარიღი: – – – – – – –

1 ¨  მარცვლავს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
2 ¨  მარცვლავს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
3 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს.
4 ¨  ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ უცნობ სიტყვებს.
5 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.
6 ¨  ასახელებს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვებში მარცვალთა რაოდენობას.
7 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში პირველ მარცვალს.
8 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში პირველ მარცვალს.
9 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის პირველ მარცვალს შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
10 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის პირველ მარცვალს შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
11 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვაში ბოლო მარცვალს.
12 ¨  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ უცნობ სიტყვაში ბოლო მარცვალს.
13 ¨  ანაცვლებს ნაცნობი სიტყვის ბოლო მარცვალს შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.
14 ¨  ანაცვლებს უცნობი სიტყვის ბოლო მარცვალს შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას.

რასაკვირველია, მასწავლებელმა შეიძლება გაყოს შემოთავაზებული ჩეკლისტი ორად — როგორც წესი, ათ მოსანიშნზე მეტი რაოდენობა არაა ხოლმე მოსახერხებელი მოსწავლეზე კონცენტრირებული დაკვირვებისთვის.

ჩვენ სათანადო ყურადღება არ გავამახვილეთ იმ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებზეც მოსწავლეები ვარჯიშობენ. ეს, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება იმ თემატიკასა და მასალაზე, რომელიც საკლასო ოთახში მუშავდება. აღვნიშნოთ მხოლოდ ერთი, რომ, როგორც ნაცნობი, ასევე, მით უმეტეს, უცნობი სიტყვები შერჩეული უნდა იყოს ადეკვატურობისა და გონივრულობის ფარგლებში. კონკრეტული მაგალითები განვიხილოთ შემდეგ წერილში, რომელიც ბგერებით მანიპულირებას მიეძღვნება.

აქტივობები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის არაერთგვაროვანი აქტივობები და მეთოდოლოგიაა საჭირო.  ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვებს ამგვარი მდგომარეობით ქცევის სირთულეც ახასიათებთ და იოლი არაა, საგაკვეთილო პროცესში მათ თავისებურებებთან გამკლავება. თან ერთი მომენტიცაა, ჩვენში ამ დარგში ძველი და ახალი მეთოდოლოგიის ჭიდილი იგრძნობა. ლიტერატურა კი მწირია.

მეტი მრავალფეროვნებისთვის აქტივობების შესახებ Chart GPT-ს დავეკითხე. აღმოჩნდა, რომ იგი საკმაოდ კომპეტენტური სპეციალისტია. ამდენად, სიამოვნებით გაგიზიარებთ მის რეკომენდაციებს. უპირველეს ყოვლისა, მისი აზრით, ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს მოთმინებას, სტრუქტურირებულობას და შემოქმედებით მიდგომას. მისეული აქტივობები კი, რომლებიც შესაძლოა, გამოვიყენოთ, როგორც მეტყველების, კომუნიკაციის, არტიკულაციის, აუდიტორული გაგების და ლექსიკური მარაგის გასავითარებლად, — შემდეგია:

  1. არტიკულაციური თამაშები (ბგერების გამოთქმის გაუმჯობესება)

მიზანი: კონკრეტული ბგერების გამოთქმის ვარჯიში

  • სარკესთან ვარჯიში: ბავშვი ხედავს საკუთარ პირის მოძრაობას და იმეორებს ენის სპეციალისტთან ერთად.
  • დაიჭირე ბგერა – ბავშვი უსმენს სიტყვას და პოულობს ბგერას (მაგ: „ს“ – „სანთელი, სარკე“).
  • საუბარი პაწაწინა მეგობრებთან – სათამაშოებთან საუბარი ბგერებით, რომლებიც ბავშვისთვის რთულია.
  1. სიტყვათა მარაგის განვითარება

მიზანი: ლექსიკის გამდიდრება, ასოციაციური აზროვნება

  • ვინ რას აკეთებს?“ – სურათები მოქმედებით; ბავშვი პასუხობს კითხვებზე ან ქმნის წინადადებას (მაგ.: „დედა… ამზადებს საჭმელს“…).
  • ასოციაციების ჯაჭვი: ვეუბნებით სიტყვას და ბავშვი ეძებს მასთან დაკავშირებულ სიტყვას (მაგ.: „წვიმა“ – „ქოლგა“, „ღრუბელი“).
  • ფოტოსურათებით მოთხრობა – ბავშვი ქმნის პატარა ისტორიას სურათების მიხედვით.
  1. მეტყველების დინამიკის განვითარება (შეერთება, შეკვეცა, წინადადებები)

️ მიზანი: აზროვნების გრამატიკული ორგანიზება

  • დაასრულე წინადადება – ლოგიკური და მარტივი წინადადებები, რომლებიც ბავშვმა უნდა დაასრულოს
  • 3 სიტყვაერთი ამბავი – მიეცი სამი სიტყვა (მაგ.: კატა, ბურთი, ფანჯარა) და ბავშვმა შექმნას ამბავი
  • სურათების თანმიმდევრობა – ბავშვი აწყობს სიუჟეტურ სურათებს თანმიმდევრობით და ჰყვება ისტორიას.
  1. აუდიტორული გაგება და ზეპირი მეხსიერება

მიზანი: მოსმენის უნარის გაძლიერება და ზეპირი ინფორმაციის დამახსოვრება

  • ვის ვუსმენთ?“ – ბავშვი უსმენს ხმას ან აღწერას და გამოიცნობს.
  • მარტივი ინსტრუქციების მიყოლა: „დადე წიგნი მაგიდაზე, მერე აიღე ფანქარი“.
  • მეხსიერების ჯაჭვი: ბავშვი იმეორებს მზარდი სიგრძის სიტყვათა სერიებს.
  1. მოტორიკა + მეტყველება (სხეულის მოძრაობის გამოყენებით)

მიზანი: ენის და მოძრაობის კოორდინაცია

  • რითმული ლექსები ხელის ტყაპუნით.
  • ლოგორიტმიკა – მარტივი მოძრაობები/ქცევები ლექსებთან ერთად (მაგ., „ხელით დავხატოთ მზე“).
  • მეტყველებითი იოგა – მარტივი იოგას პოზები სუნთქვის ვარჯიშებთან ერთად

რესურსები და ინსტრუმენტები:

  • სურათების ბარათები (ლექსიკა, მოქმედება, გრძნობები)
  • ქუჩის ან ცხოველების პატარა ფიგურები – როლური თამაში
  • სარკე, ასო-ბგერების ბარათები, ფანქრები, საღებავები და სტიკერები.

პრაგმატული ენის დარღვევა, ანუ ენობრივი კომუნიკაციის სოციალური მხარის დარღვევა, ბავშვებში ხშირად გამოიხატება შემდეგით:

  • საუბარში თავის მხრივ დათმობის უუნარობა,
  • თემის დაუკავშირებელი პასუხები,
  • ჟესტების, გამომეტყველების ან ტონალობის უგულებელყოფა,
  • იუმორის, ირონიის ან გადატანითი მნიშვნელობის გაუგება,
  • მეტისმეტი დომინანტობა ან პირიქით — გაუბედაობა კომუნიკაციისას.

 

პრაგმატული ენისთვის სპეციალურად შერჩეული აქტივობები:

  1. როლური თამაშები – “რა მოხდებოდა, თუ…”

მიზანი: სოციალური სცენარების მოდელირება.
მაგალითი:

  • სიტუაცია: „შენ ხარ მაღაზიაში, გამყიდველს არ აქვს ხურდა“.
  • ბავშვი ეძებს შესაბამის სიტყვებს, ტონს, ჟესტს — როგორ მოიქცეს.
  • წინასწარ გააგებინე: რას ნიშნავს თავაზიანობა, ალტერნატივა, უკმაყოფილება ისე, რომ აგრესია არ ჩანდეს.
  1. სოციალური კომუნიკაციის ბარათები

მიზანი: სიტუაციური რეაგირების ვარჯიში.

  • ბარათებზე მოცემულია სცენები:
    • „ვიღაცამ შენზე ცუდი თქვა“.
    • „მეგობარმა დაკარგა რვეული და შენ იპოვე“.
  • ბავშვი ირჩევს პასუხს/ტონს/ჟესტს და ასაბუთებს, რატომ აირჩია ასე
    → შეავსე მოფიქრებით: „კიდევ როგორ შეიძლებოდა პასუხი?“.
  1. მცირე ვიდეოკლიპების ან ანიმაციების ანალიზი

მიზანი: მიმიკებისა და ქვეტექსტების გარჩევა

  • უჩვენე 1–2 წუთიანი ვიდეო და ჰკითხე:
    • რას გრძნობს პერსონაჟი?
    • რა არ თქვა ხმამაღლა, მაგრამ იგრძნობოდა?
    • როდის იცრუა?

→ ეს ავითარებს ემპათიას, ინტუიციასა და სოციალურ ინტერპრეტაციას.

  1. ️ „გაგრძელე საუბარი

მიზანი: დიალოგის შენარჩუნება და წინ წამოწევა

  • დაიწყე ფრაზით: „მე დღეს სკოლაში საინტერესო რამ გავიგე…“
  • ბავშვმა უნდა დააკავშიროს: „რა იყო ის? / მეც მსგავსად ვიყავი“
  • თუ პასუხი არ შეესაბამება, შეგიძლიათ ერთად „გადავაკეთოთ დიალოგი“ — რას ეთქვა, რომ მეტი თანხვედრა ყოფილიყო?
  1. იუმორის თამაში

მიზანი: ირონიის, ორმაგი მნიშვნელობის, ცნობისმოყვარეობის გაგება

  • უთხარი ფრაზები, რომლებიც მეტაფორულია:
    • „მის ტვინში დინოზავრებმა ფეხბურთი ითამაშეს“.
    • ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობა არ არის — ივარჯიშეთ სახალისო ახსნებით.
  1. ემოციური ბარათები და ურთიერთობა

მიზანი: სხვისი ემოციის ამოცნობა და საპასუხო რეაქცია.

  • აჩვენე ბავშვს სახის გამომეტყველება ან სიტუაცია.
  • ჰკითხე: რა უნდა უთხრას მას მეგობარმა? როგორ დაეხმაროს?

დამატებითი რჩევები:

  • იყავი მარტივი და პროგრესული: თავიდან სცენარები იყოს ნაცნობი და მარტივი (სკოლა, მაღაზია, თამაშის მოედანი), შემდეგ გადადი კომპლექსურ ურთიერთობებზე.
  • ხშირად გამოიყენე სარკე, ხმის ჩაწერა, ვიდეო გადაღება — ბავშვები უკეთ ხედავენ, როგორ ჟღერს/,,გამოიყურება“ მათი მეტყველება.
  • შექებისას იყავი სპეციფიკური: „ძალიან კარგად უთხარი, რომ გწყინდა, მაგრამ არ დაჩაგრე ის, ეს მნიშვნელოვანია!”

 

ვერაფერს ვიტყვით, გარდა ამისა, უამრავი აქტივობის მოფიქრებაა შესაძლებელი. პირადად მე გამომიყენებია „სიტყვების ბანკი“, „განძის ყუთი“, „მოძრავი ლექსიკონი“ და სხვა აქტივობა, რომლებიც ბავშვებისათვის სახალისო და საინტერესოა. თითოეული მათგანი ენის ფონოლოგიურ, მორფო-სინტაქსურ, სემანტიკურ, პორაგმატულ დონეებს ავსებს და შესაბამის მიზანზე გადის. პირადად კი ძალიან მაინტერესებს ძვირფას მკითხველს აქტივობათა სახელწოდებები რა ასოციაციებს გაუჩენს.

 

მისი უდიდებულესობა – ფარისებრი ჯირკვალი   

0

  ბოლო პერიოდში საქართველოში საგრძნობლად გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ენდკრინოლოგებთან დაუსრულებელი რიგია, გამოკვლევაზე, კონსულტაციაზე. იშვიათია, მაგრამ შესაძლებელი,  ადამიანი ფარისებრი ჯირკვლის გარეშე დაიბადოს. ასეთ დროს დაბადებიდან ჰორმონულ პრეპარატზე გადაჰყავთ. ჩვენთვის ძალიან ,,მშობლიურ“ თემას შევეხე და მოსწავლეების ინტერესიც კონკრეტული ქეისით უფრო ადვილად გამოვიწვიე. მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საკითხის რეალური მაგალითების ანალიზის გზით მიწოდება. ასე უფრო მარტივად ითვისებენ ცნებებს, აკეთებენ დასკვნებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ქეისის გმირის ადგილზე საკუთარი თავის, ან ახლობლის, ოჯახის წევრის წარმოდგენაა. ეს ისტორია ახალგაზრდა გოგოზეა, რომელიც კოლეჯში სწავლობს. ენერგიული და აქტიური გრეტა, ძალიან მოკლე დროში პასიურ ადამიანად გადაიქცა. ამ ყველაფერში ,,დამნაშავის“ ძიებაში ჩემი მოსწავლეები მარტივად ხვდებიან ენდოკრინული სისტემის მუშაობის პრინციპს და იაზრებენ ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობას.

ამას გარდა,  მნიშვნელოვანია ადამიანებმა ბევრი ისაუბრონ საკუთარ ქრონიკულ დაავადებაზე, რომ მოიხსნას შფოთვა. მიხვდება რომ მის გარშემო უამრავი ასეთი ადამიანია. ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ცხოვრება არც ისე მარტივია, თუმცა თუ სწორი ინფორმაცია გვექნება – შესაძლებელი.

!!! გრეივის დაავადება იგივე ბაზედოვის დაავადებაა. მას საბჭოთა ლიტერატურაში როგორც ბაზედოვის დაავადებას, ისე მოიხსენიებენ, ევროპისა და ამერიკის ჯანდაცვის სისტემა გრეივის დაავადებას ეძახის.

ქეისი გრეივის დაავადება და ენდოკრინული სისტემა

შესავალი: ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება

გრეტა 20 წლისაა, კოლეჯის სტუდენტია. ყოველთვის ენერგიული და აქტიური იყო. რამდენიმე თვის წინ კი შენიშნა  შემაშფოთებელი სიმპტომები. სწრაფი დაღლა, მოულოდნელი წონის კლება კარგი მადის მიუხედავად. პულსის გახშირება. თმაც საშინლად სცვიოდა!

გრეტას უჩვეულო შფოთვა ახასიათებდა, ხელები უკანკალებდა უმნიშვნელო დავალების დროსაც.  ღამე კუნთების კრუნჩხვა აღვიძებდა. უმეტესად ძალიან სცხელოდა და კანიც უხურდა.

კისრის დასაწყისში შეშუპება შეამჩნია, ოჯახის წევრების ყურადღება კი ამობურცულმა თვალებმა მიიქცია. პატარა ძმა დასცინოდა კიდეც ,,გადმოკარკლულ თვალებიანი გრეტა“-ასე ეძახოდა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართა.

 

 

დიაგნოზი: ვიზიტი ექიმთან

გრეტამ ექიმს დაწვრილებით აუხსნა სიმპტომების შესახებ.  ექიმის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შესივებულმა ყელმა და არაბუნებრივად გამობერილმა თვალებმა (ეგზოფთალმუსი).

ფიზიკური დათვალიერებისას ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული აღმოჩნდა. ამ სიმპტომს ჩიყვი ჰქვია.  გრეტას გულიც ართანაბრად მუშაობდა.

ექიმმა ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე მიიტანა ეჭვი და რამდენიმე ტესტის გაკეთება სთხოვა:

სისხლის ანალიზები:  სისხლში T3,  T4 და თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) განსაზღვრა.

TSH ჰიპოფიზის ჰორმონია, რომელიც ააქტიურებს ფარისებრ ჯირკვალს.

გრეტას სისხლშ T3 (ტრიიოდთირონინი),  T4 (თავისუფალი თიროქსინი) ნორმის ფარგლებშია,  თუმცა  TSH-ის დონე ძალიან დაბალია.

რადიოაქტიური იოდის შეწოვის ტესტი საზღვრავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. ადამიანი იღებს მცირე კონცენტრაციით რადიოაქტიურ იოდს, სკანირებით დგინდება ამ იოდის რა რაოდენობა შეიწოვა ფარისებრმა ჯირკვალმა.

იოდის ტესტმა აჩვენა, რომ გრეტას ფარისებრი ჯირკვალი ზომაზე უფრო მეტ იოდს შთანთქავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ზედმეტად აქტიურია.

ანალიზების პასუხების საფუძველზე ექიმმა დასვა დიაგნოზი: გრეტას აქვს გრეივის დაავადება, ეს ავტოიმუნირი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ჰიპერთირეოზით ანუ ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობით.

  1. დაასახელე ზოგადი სიმპტომები?
  2. რა არის ეგზოფთალმოსი?
  3. რა არის ჩიყვი?
  4. რა გამოავლინა გრეტას სისხლის ანალიზებმა?
  5. რა გამოვლინდა იოდის ტესტით?
  6. რა დიაგნოზი დაუსვეს გრეტას?

 

ენდოკრინული სისტემა და გრეივის დაავადება

ენდოკრინული სისტემა ჯირკვლების ქსელია. ჯირკვლები გამოიმუშავებენ ჰორმონებს, შედეგად ორგანიზმი ინარჩუნებს ჰომეოსტაზს. ყველაზე მთავარი ,,მოთამაშეები“ ამ ქსელში, ჰიპოფიზი და ფარისებრი ჯირკვალია, ისინი თითქმის ერთად მოქმედებენ, არეგულირებენ მეტაბოლიზმსა და სხვა  სასიცოცხლო ფუნქციებს.

ჰიპოფიზი, ხშირად მოიხსენიება როგორც ,,დირიჟორი“, ან ,,მმართველი“. მუხუდოს მარცვლის ზომისაა, ტვინში მდებარეობს. ასინთეზებს მრავალ ჰორმონს, მათ შორის თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონს (TSH), რომელიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. ნორმალურ მდგომარეობაში ჰიპოფიზი  TSH-ს გამოათავისუფლებს, როცა ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა დაბალია, რაც იძლევა სიგნალს, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა გააძლიეროს  T3 და T4-ის გამომუშავება.

გრეივის დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, თუმცა ამის მიზეზი ჰიპოფიზი არ არის.  იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, სახელწოდებით თირეოიდ მასტიმულირებელი იმუნოგლობულინები. ეს ანტისხეულები ჰგვანან TSH-ს, რაც იწვევს ჰიპოფიზის მარეგულირებელი გავლენის დათრგუნვას. შესაბამისად ფარისებრი ჯირკვალი იწყებს T4 და T3 ჰორმონების გაძლიერებულ გამოყოფას. ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ენერგიის დონეს და გულის მუშაობის სიხშირეს.

საბოლოოდ ჰიპოფიზიდან ნაკლები TSH გამოთავისუფლდება. მაგრამ   TSI აგრძელებს ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას. საბოლოოდ დგება ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა.

ეს დისრეგულაცია იწვევს გრეივის დაავადების სიმპტომებს, წონის კლებას და თვალების არაბუნებრივ ამობერილობას.

  1. რა ფუნქციას ასრულებს ენდოკრინული სისტემა?
  2. რომელი ჰორმონები გამოიყოფა ჰიპოფიზიდან?
  3. რა აიძულებს ფარისებრ ჯირკვალს გამოყოს დამატებითი რაოდენობით T3 და T4, გრეივის დაავადების დროს?
  4. რა პროცესებს არეგულირებს T3 და T4?
  5. რატომ ქვეითდება ჰიპოფიზიდან TSH-ის გამოყოფა?
  6. რატომ მიიჩნევენ გრეივის დაავადებას ავტოიმუნურად?

 

მკურნალობა

 

გრეტას მკურნალობის გეგმა ფოკუსირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ნორმაში დაბრუნებაზე. შესაბამისად სიმპტომების შესუსტებასა და საბოლოო გაქრობაზე.

მკურნალობა მოიცავს:

  • ანტითირეოიდული მედიკამენტები იბლოკება ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის გამოყენება;
  • ბეტა – ბლოკატორები მედიკამენტებია, რომლებიც ბლოკავს ჰორმონების ეფექტს.

ისინი ეხმარება არაეული გულის რიტმის, კანკალისა და შფოთვის რეგულაციაში.

  • რადიოაქტიური იოდთერაპია – ამ დროს იოდი კლავს ჯირკვლის ზედმეტად აქტიურ უჯრედებს. რაც იწვევს თირეოიდული ჰორმონების დონის შემცირებას. საბოლოოდ კი ჯირკვლის ზომა მცირდება.

რამდენიმე თვეში გრეტას სიმპტომები შესუსტდა, ჩიყვი დაპატარავდა, პულსი დასტაბილურდა და ენერგია აღიდგინა. სამწუხაროდ რადიოთერაპიამ გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავება და ფუნქციის შესუსტება. ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე ჰორმონების მიღება მოუწევს.

გრეტა კარგად შეეჩვია ახალ რუტინას. მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. ექიმთან რაგულარულად დადიოდა. სამაგისტრო ნაშრომის წერაც გააგრძელა.

  1. რა არის ბეტა-ბლოკატორი?
  2. რა არის იოდის გამოყენების გვერდითი ეფექტი?
  3. შეაფასე ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა T3 და T4 ჰორმონების რეგულაციაში.

2024 წლის აგვისტოში მსახიობმა დეისი რიდლიმ გაამხილა, რომ გრეივის დაავადება აქვს. აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. სიმპტომების გამოვლენა მაშინ დაეწყო, როცა დაასრულა გადაღებები ფილმზე ,,Magpie”. ის ცნობილია როგორც ვარსკვლავური ომების რეი. დასაწყისში სიმპტომები რთული როლით გამოწვეულ სტრესს მიაწერა, თუმცა ბოლოს ედოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გრეივის დაავადება დაუდგინდა.

ამ დაავადების დროს დაქანცულია ადამიანი, გონება გადატვირთულია და ვერ ისვენებს, ან ფიზიკურად გადაღლილია, მენტალურად აგზნებული და მოუსვენარია.

რიდლი შეუერთდა საზოგადოების ცნობილ წევრებს, ვენდი უილიამსსა და მის ელიოტს, რომლებიც ღიად საუბრობდნენ ამ დაავადებით ცხოვრებასთან დაკავშირებით, რითაც ადამიანებს უმაღლებდნენ ცნობადობას და ერთგვარი მხარდაჭერა იყო მათთვის.

საპრეზენტაციო მასალა, შემაჯამებელი დავალების ნიმუში.

შეუსაბამე ქვემოთ მოცემული სიტყვები ფოტოზე მოცემულ ინფორმაციას:

კუნთების კრუნჩხვა                     თმის ცვენა                                          გულის კანკალი

გახურებული კანი                 გადიდებული ჯირკვალი                        დაღლა                   წონის კლება

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/01/26/case-study-a-grave-problem-with-the-endocrine-system/

როგორ გამოვიყენოთ ინტეგრირებული გაკვეთილის თავისებურებები  „ჩვენი საქართველოს“   სწავლებაში   

0

თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაა,  ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. სწორეს ამიტომ საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა.

ამავე დროს ინტეგრაცია და მისი შესაძლებლობები: ინტეგრირებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები და ინტეგრირებული დავალება  ხელს უწყობს არამარტო საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, არამედ  მთლიანი  სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციას სწავლების ყველა დონეზე.

მათგან ძირეული მნიშვნელობა აქვს ინტეგირებულ გაკვეთილს. ის  ცოდნის სინთეზის შესაძლებლობაა, ანალიტიკური აზროვნებისა და განზოგადების უნარის განვითარების სივრცეა. ინტეგრირებული გაკვეთილები  აძლევს  ბიგძს  მოსწავლეს სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაცია  გამოიყენოს და მოვლენები  სრულიად ახლებურად გაიაზროს.

ზოგადად, ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს სხვადასხვა საგნობრივი სფეროს შერწყმას ერთ მთლიან საგანმანათლებლო პროცესში, რაც ხელს უწყობს:

  • ცოდნის მრავალმხრივ გააზრებას;
  • კავშირების დანახვას ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ კონტექსტებს შორის;
  • მოსწავლეთა კვლევითი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

მაგრამ  ინტეგრირებულ გაკვეთილზე აღნიშნული მიზნები თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას  განსაზღვრული პირობების დაცვა სჭირდება, როგორიცაა:

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში;
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური თავსებადობა. ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დაიგეგმოს;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება;
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას, მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა;
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა;
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის;
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა;

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.

„ჩვენი საქართველო“ არის ინტეგრირებული საგანი, რომელიც აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის კომპონენტებს.  „ჩვენი საქართველოს“ სწავლების ფორმატში ინტეგრაციის უპირატესობებია:

  • თემატური სწავლება: მაგალითად, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლებს თემას – „მეგობრული თანაცხოვრება“, რომელიც  შეიძლება მოიცავდეს როგორც საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესწავლას (ისტორია), ასევე ეთნოსების განაწილებას რუკაზე (გეოგრაფია) და ტოლერანტობის შესახებ დისკუსიას (სამოქალაქო განათლება);
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება: მოსწავლეები ქმნიან მაკეტებს, პრეზენტაციებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რაც აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის კომპეტენციებს;
  • სამოქმედო და სიტუაციური სწავლება: რეალური ცხოვრების მაგალითებით გაძლიერებული გაკვეთილები აყალიბებს ღირებულებებს და გააზრებულ დამოკიდებულებებს;
  • კულტურულ მემკვიდრეობაზე ორიენტირებული სწავლება: ისტორიული ძეგლების, ტრადიციების და ფოლკლორის კვლევა აერთიანებს როგორც ტექსტურ, ისე ვიზუალურ, ციფრულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

„ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში  ტიპურ  ინტეგრირებულ  გაკვეთილად  ითვლება ნებისმიერი ის გაკვეთილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის სისტემურ გააზრებაში და სამოქალაქო ღირებულებების განვითარებაში.

განვიხილოთ ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი თემაზე: „საქართველოს ისტორიული რეგიონები და მრავალფეროვანი კულტურა“  (ინტეგრირებულია ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება).

კლასი: VI,  საგანი: „ჩვენი საქართველო“

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული   (კვლევითი ხასიათის)

ინტეგრირებული კომპონენტები: ისტორია: საქართველოს ისტორიული რეგიონების წარმოშობის საფუძველი (მესხეთი, კახეთი, იმერეთი, ლეჩხუმი და სხვ.); გეოგრაფია: რეგიონების მდებარეობა რუკაზე, ბუნებრივი პირობები; სამოქალაქო განათლება: კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანაცხოვრება.

გაკვეთილის სტრუქტურა:

  1. გაკვეთილის სტარტერი /შესავალი/ მოტივაცია: მასწავლებელი აჩვენებს ფოტოებს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსითა და ბუნებრივი პეიზაჟებით, სვამს შეკითხვას: „რა გვაქვს საერთო და რა გამოგვარჩევს ჩვენ, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველებს?“
  2. მუშაობა ჯგუფებში:
  • მოსწავლეები თემატურად დაყოფილ ჯგუფებში იკვლევენ კონკრეტულ რეგიონს: მის ისტორიასა და ისტორიულ  მნიშვნელობას;
  • გეოგრაფიულ მახასიათებლებს;
  • ადგილობრივ ტრადიციებს, ლეგენდებს, რელიგიურ  მემკვიდრეობას.
  1. წარდგენა: თითოეული ჯგუფი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას ან პლაკატს. იყენებენ რუკას, ფოტოებს, შეიძლება, სიმბოლურად, ჩაიცვან რეგიონის ტრადიციული ელემენტები;
  2. დასკვნა და ღირებულებითი დიალოგი: აქ მიმდინარეობს დისკუსია კითხვაზე: „როგორ ვაძლიერებთ ეროვნულ ერთობას კულტურული განსხვავებების პირობებში?“
  3. ბოლოს მოსწავლეებს მიეცემათ პროექტული  დავალება:   შექმნან ელექტრონული რუკა ან პრეზენტაცია თემაზე „ჩემი რეგიონის მემკვიდრეობა“, რომელიც მოიცავს ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოკულტურულ კომპონენტებს.

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების რა კონკრეტული თავისებურებები  გამოიკვეთა  „ჩვენი საქართველოს“  სწავლებისას მოცემული გაკვეთილის მაგალითზე?

  • ესაა ინტგერირებული გაკვეთილის მიზანი და მოტივი;
  • ინტეგრეაციის ფორმა;
  • მასალას შორის კავშირები;
  • მასალის განლაგების სტრუქტურა (თანმიმდევრულობა);
  • მიღებული მასალის პრეზენტაციის მეთოდები და ტექნიკა;
  • მეთოდები და ტექნოლოგიები მოსწავლეებისათვის ახალი მასალის დასამუშავებლად;
  • საგანმანათლებლო მასალის ფართო ვიზუალიზაცია;
  • ინტეგრირებული საგნის მასწავლებლებს შორის როლების განაწილება;
  • გაკვეთილის ჩაწერისა და ჩატარების ფორმა;
  • ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგის ფორმები და ტიპები.

ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენი საქართველოს“ სწავლების არა მხოლოდ ძირითადი ფორმაა, არამედ, საგნის შინაარსიდან გამომდინარე – აუცილებელი ფორმატიც. ის ემსახურება მოსწავლის როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებითი, მოქალაქეობრივი და კულტურული კომპეტენციების განვითარებას, ამიტომ ფართოდ უნდა ჩავრთოთ სწავლებაში.

 

ახალი გამოღვიძება. ციფრული სამყარო და ჩვენ

0

ინტერნეტი იმდენად დიდია, ღრმა და უცნობი, იმდენად გიგანტური, იმდენად ძლიერი და ამავდროულად ამაო, რომ ზოგიერთისთვის ის ცხოვრების სრულფასოვან შემცვლელად იქცა.

ენდრიუ ბრაუნი, ბრიტანელი ჟურნალისტი[1]

(სტატია შედგენილია ამერიკელი ბლოგერებისა და ჟურნალისტების, სემ პრესლერისა და პიტ დეივისის 2025 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ელექტრონული ჟურნალიდან After Babel (https://www.afterbabel.com/  ).

ეს სტატია გახლავთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კომპიუტერზე, სმარტფონზე და პლანშეტებზე მიბმული ცხოვრების ქაოსი, აშშ-ს სამოქალაქო ცხოვრებაში მიმდინარე ჩუმი რევოლუციის მიზეზი. რა უნდა გავაკეთოთ რომ იგი (რევოლუცია) გაგრძელდეს? კითხულობენ სტატიის ავტორები.

(ნაწილი პირველი)

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი ბლოგერი, ზაკი, პოლიტოლოგ რობერტ პატნემს (Robert Putnam) შეხვდა. ეს შეხვედრა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ახლოს მდებარე პატარა კაფეში შედგა. ჩვენი საუბარი, პროფესორ ჯონ ჰაიდტის ახალი წიგნს, „მღელვარე თაობას“ (The Anxious Generation[2]) და ჰაიდტის მიერ წიგნში აღნიშნულ თემებს და იმ ღრმა ისტორიებს შეეხო, რომელიც უფრო შორს მიდის, ვიდრე სმარტფონებისა და კაბელური ტელევიზიის ეპოქა“, გვატყობინებს ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ბრაუნი. „საუბარი ადამიანებს შორის პირდაპირი, ფიზიკური, უშუალო კონტაქტებისა და ურთიერთობების შემცირებისა და სამოქალაქო ცხოვრების ცვლილების იმ თემებისკენ წარიმართა, რომელიც ალბათ 1960-იან წლებში დაიწყო. პროფესორი ჰაიდტი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ადამიანის  ასაკობრივი განვითარებისას, მოხდა ბავშვობის პროცესის სტრუქტურის ძირეული ცვლილებები—მათ შორის სმარტფონების და სოციალური მედიის გავრცელება, ასევე მშობელთა მხრიდან ზედმეტი კონტროლი—და ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას. პროფესორი ჰაიდტი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია 2010-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო ე.წ. „ტელეფონზე დაფუძნებული ბავშვობა“ – აღნიშნავს ბრაუნი.

ადამიანთა შორის ურთიერთობების ამ ცვლილებას, ჰაიდტი „ურთიერთობების ეროზისა“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ხატოვნად აქვს აღწერილი ბ-ნ პატნემს თავის წიგნში, „ბოულინგის თამაში მარტო“ (Bowling Alone). წიგნში ბ-ნი პატნემი ხაზს უსვამს სოციალური კაპიტალის ვარდნას, ტექნოლოგიების როლის ზრდის ფონზე. პატნემს მაგალითად მოაქვს ერთი მოვლენა, რომელიც აშშ-ში შესამჩნევია:  უფრო მეტი ამერიკელი თამაშობს ბოულინგს, მაგრამ ბევრად ნაკლები არის ბოულინგ-კლუბების წევრი — ანუ ადამიანებმა შეინარჩუნეს ინდივიდუალური აქტივობები, მაგრამ დაკარგეს კოლექტიური ჩართულობა. აქედან მოდის წიგნის სახელი: “Bowling Alone” (ბოულინგი მარტო). ავტომობილების, კონდიციონერების და ტელევიზიების აქტიურმა შემოსვლამ ადამიანთა ცხოვრებაში, მათი ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახადა, თუმცა შეამცირა ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები – ამ ტექნოლოგიებმა ადამიანები დააშორეს საჯარო ადგილებს, აივნებს, ვერანდებს, საზოგადოებრივ პარკებს და სამოქალაქო ასოციაციებსა თუ კლუბებს.

ვფიქრობთ, სოციალური კაპიტალის ეროზიას 1970-1980-იან წლებში, შეუძლია ახსნას ის თუ რატომ ითქვა 1990-ების ამერიკაში „უარი“ ბავშვობაზე, რომელიც [ბავშვების დამოუკიდებელ] თამაშზე იყო დამყარებული. ერთმანეთისადმი ნდობის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ამერიკელი მშობლები, ბავშვებს უფროსთა ზედამხედველობის გარეშე სათამაშოდ გარეთ აღარ უშვებდნენ. ზედამხედველობის ქვეშ თამაში კი, ნამდვილად დიდად განსხვავდება ბავშვების არაკონტროლირებადი, თავისუფალი თამაშებისგან.

ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვთავაზობს დოქტორი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის[3] (Boston College) ფსიქოლოგიის პროფესორი:„ჩვენ  ზედმეტად ვიცავთ ბავშვებს “ — ამბობს გრეი — „იმიტომ რომ მუდამ მზად ვართ, მათი პრობლემები მათ მაგივრად გადავჭრათ. ამის შედეგად, ისინი ვერ ივითარებენ რწმენას, რომ თავადაც შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა.“ გრეი ასევე აღნიშნავს, რომ 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა კლინიკურმა კითხვარებმა აჩვენა, ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების რაოდენობა მატებას, თან ახლდა სკოლის ასაკის ბავშვებში შიდა კონტროლის მექანიზმების შემცირება (ანუ რწმენა იმისა, რომ ადამიანი თავად მართავს საკუთარ ცხოვრებას). „როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა შიდა კონტროლის შეგრძნება, თუ არასდროს ჰქონია გამოცდილება საკუთარი ცხოვრების მართვის?“ — ამბობს ის. „კლინიკურმა ფსიქოლოგებმა ეს დიდი ხანია იციან: თუ ადამიანს არ აქვს ძლიერი შიდა კონტროლის გრძნობა, ეს დიდ რისკს ქმნის შფოთვებისა და დეპრესიის განვითარებისკენ. რა გასაკვირია, თუ მჯერა, რომ რაღაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და მე ვერაფერს გავაკეთებ მის შესაჩერებლად; მაშინ სამყარო საშიშ ადგილად მეჩვენება. ყველაფერში საშიშროებას ვხედავ და მუდმივად შეშფოთებული ვარ [4], ასრულებს თავის აზრს პროფესორი გრეი.“

„ბ-ნ პეტნემთან შეხვედრის დროს, საუბარმა საბოლოოდ, დარღვეული სოციალური კაპიტალის და შემდგომ მისი აღორძინების თემებთან მიგვიყვანა  – საუბარი შეეხო იმას თუ როგორ შესძლეს დაქსაქსულმა და უკიდურესად პოლარიზებულმა საზოგადოებებმა, ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში, საზოგადოებრივი ქსოვილის, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ერთობლივი ხვედრისა და დანიშნულების აღდგენა“, გვატყობინებს ზაკი თვის ბლოგში. .

ალბათ ამის კარგი მაგალითი გახლავთ ის, როდესაც ამერიკამ 19-ე საუკუნის დასასრულს (ე.წ. „მოოქროვილი საუკუნე“ – Gilded Age), მიუხედვად არნახული ინდუსტრიული, სამეცნიერ-ტექნიკური პროგრესისა და ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ექსტრემალური უთანასწორობის ფონზე მიმდინარეობდა (ამ წლებში აშშ-ში, ევროპული ემიგრაციის დროს, 1870-1910 წწ. ამერიკაში ოცდახუთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან, უკეთესი მომავლის ძიებაში, ლ.ა.), აშშ-ს ცხოვრება აქტიური სამოქალაქო მოძრაობებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ წარიმართა – სწორედ ამ წლებში იწყება მშრომელთა მასობრივი მოძრაობა 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ; მოძრაობა ანტიმონოპოლიური კანონების შემოღებისთვის („შერმანის კანონი“ – ანტომონოპოლიური კანონმდებლობის პირველი მერცხალი); პრეზიდენტი თეოდორ რუზველტის დროს მიღებული კანონები, შტატებში სენატორების პირდაპირი არჩევნების და რეფერენდუმების ჩატარების უფლებების შესახებ; ამ დროს იწყება მოძრაობა ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების შესახებ (საბოლოოდ მიღებულ იქნა 1920 წელს, ლ.ა.) და სხვა.

მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე, აშშ-ში განვითარებული ეს ძველი ისტორია სოციალური კაპიტალის „აღორძინებისა“ და „დემოკრატიული რეფორმებისთვის“ ბრძოლის შესახებ, ნიშანდობლივია დღესაც, როდესაც ტექნოლოგიებმა კვლავ დრამატულად შეცვალეს და ნაწილობრივ ჩაანაცვლეს კიდეც,  ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობების ფორმა და შინაარსი.

ამ სტატიის ერთ-ერთ თანაავტორს პიტ დეივისს  (ვირჯინიის უნივერსიტეტის კარშის დემოკრატიის ინსტიტუტის მეცნიერთან, სემ პრესლერთან ერთად), თავის წიგნში[5] მახვილგონივრულად აქვს ნათქვამი რომ დღევანდელ, „დაუსრულებელი ინტერნეტ-ბრაუზინგის ეპოქაში“ მნიშვნელოვანია თავზე ავიღოთ ვალდებულება და უფრო ხშირად მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილებები და არა „შემოთავაზებული ოფციები“! დეივისი წერს: „თვალიერების უსასრულო რეჟიმი („infinite browsing mode”)“  ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა — დაუსრულებელი ვებ-  „ხტომა“ თუ „ცურვა“ პარტნიორების გაცნობის აპლიკაციებში (ერთ პარტნიორზე არჩევანის შეჩერების გარეშე); ერთი ვებ-ადგილიდან მეორე ადგილზე ხტომა, იმ მოლოდინით, რომ შემდეგში, რაღაც უფრო დიდი და უკეთესი გველოდება; და უარის თქმა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შესაძლოა აგვაცილოს იმ იდეალურ ვარიანტს, რომელიც გვგონია, რომ სულ ახლოსაა“.

დეივისის თქმით, არამდგრადობისა და გადაუწყვეტელობის ასეთი კულტურა (შესაძლოა, ქართულად ჟღერდეს როგორც „შფოთვა-ძიების“ კულტურა, ან ქცევა, ლ.ა.) იწვევს დაძაბულობას თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში: გვინდა, რომ ყველა არჩევანი ღია გვქონდეს (ინგლ. Keeping all options open), მაგრამ თან ვნატრულობთ მიზანს, ერთობასა და სიღრმეს — რაც მხოლოდ სერიოზული ერთგულებით მიიღწევა.   ერთად, ეს ორი ავტორი (პრესლერი და დეივისი) გვთავაზობენ იმედის მომცემ და საკმაოდ რეალისტურ ხედვას, რომელიც ეხება კოლექტიური თანაცხოვრების აღორძინებას – შესაბამისად, უფრო მეტ შეხვედრებს, ურთიერთობებს ადამიანებს შორის და მეტ თამაშს ბავშვობისას – რაც უმნიშვნელოვანესია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და სოციალური დანაწევრებულობის ეპოქაში.

მოზარდები, რომლებიც მთელ დღეს ატარებენ „ახალი ამბების“ და „ნიუზების“ უწყვეტ ნაკადებში; თაღლითთა დაუსრულებელი „წინადადებები“, უხილავი „ფეიკ“-ანგარიშებიდან; შეთქმულების ვირუსული თეორიები, დაბალხარისხიანი და უგემოვნო კონტენტი (ხშირად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ; „რობოტი-კომპანიონები“ ინტერნეტიდან, მარტოხელა, ხანდაზმული ადამიანებისთვის – ჩვენი „ახალი“ ამბების სათაურები სავსეა  პირქუში ისტორიებით იმ გაუგებრობისა და ქაოსის შესახებ, რომლებსაც ტექნოლოგიების „წინსვლა“ და განვითარება უწყობენ ხელს.

ამავე დროს, ამ საშიში შინაარსების ფონზე, უცბად ჩნდება რაღაც ახალი. ახალი გზა (?) ან ახალი მიმართულება, რომელიც უფრო იმედისმომცემია. ჩვენი დანაწევრებული და დამსხვრეული კულტურის შორეულ კუთხე-კუნჭულებში, უეცრად ჩნდება საზოგადოებების აღორძინების მყიფე აღმომცენარე თესლი! ახლოს დაკვირვებისას აღმოაჩენ რომ ეს ახლადამოსული ყლორტები ყველგან არიან: ახლადგამომცხვარი ეროვნული ბესტსელერებიდან (წიგნები: ჯ. ჰაიდტის The Anxious Generation და რ. რივზის Of Boys and Men[6]), ათასობით ლოკალურ ინიციატივამდე, აშშ-ს ყველა კუთხეში, რომლებიც ადამიანთა გაერთიანების, სოციალური ურთიერთქმედების და სამოქალაქო განვითარების ახალ ფორმებს ეძებენ.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

თბილისი, 12 მაისი, 2025.

[1] ენდრიუ ბრაუნი – ინგლისელი ჟურნალისტი, დაბადებული 1955 წელს, რომლის პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ გამოცემებთან როგორებიცაა The Guardian, The Independent და The Observer. მისი სტატიები ეხება ტექნოლოგიას, რელიგიასა და კულტურას. ბრაუნი გახლავთ წიგნის Fishing in Utopia-ს ავტორი, რომელიც 2009 წელს, ჯორჯ ორუელის ლიტერატურული პროზით აღინიშნა.

[2] The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness – წიგნის ავტორია ჯონათან ჰაიდტი (Jonathan Haidt), სოციალური ფსიქოლოგი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი. წიგნი 2024 წლის 26 მარტს გამოიცა Penguin Press-ის მიერ და მას შემდეგ დიდი ყურადღება დაიმსახურა ფსიქოლოგთა და ქცევის შემსწავლელ მკვლევარებს შორის.

[3] ბოსტონის კოლეჯის რეიტინგი, აშშ-ს საუკეთესო კოლეჯების 2025 წლის გამოცემაში, ეროვნული უნივერსიტეტები, გახლავთ #37.

[4] იხ. წყარო: Anderson, J. A. (2024, February 23). Improving mental health through independent play. https://www.gse.harvard.edu/. Retrieved May 13, 2025, from https://www.gse.harvard.edu/ideas/edcast/24/02/improving-mental-health-through-independent-play

[5] წიგნის სათაური: Dedicated: “The Case for Commitment in an Age of Infinite Browsing”, გამოცემის თარიღი: 2021 წლის 4 მაისი, გამომცემლობა: Avid Reader Press / Simon & Schuster (აშშ).

[6] რიჩარდ ვ. რივზის წიგნი: “Of Boys and Men” – Why the Modern Male Is Struggling, Why It Matters, and What to Do about It, by Richard V. Reeves. წიგნის გამოსვლის თარიღი: 21 მაისი, 2024

ახალი გამოღვიძება. ციფრული სამყარო და ჩვენ

0

(მეორე ნაწილი)

„ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,

ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.

მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.

რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება“.

დავით გურამიშვილი, „დავითიანი“ (166. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან)

„სულიერი და გონებრივი აღორძინების ასეთი პერიოდები (XX ს. დასასრული და  XXI ს. დასაწყისი), ხშირად დიდი მასშტაბის საზოგადოებრივი და სულიერი გამოღვიძებით იწყებიან-ხოლმე და როგორც ჩანს, დღეს, ჩვენ ერთი ასეთი „გამოღვიძების“ (ინგლ. Awakening: გამოფხიზლება, გამოღვიძება)  მოწმენი შეიძლება გავხდეთ“[1]. შესავალში აღნიშნული ავტორების, სემ პრესლერისა და პიტ დეისის წერილს თუ მოვიშველიებთ, დღეს, ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის პირველ მეოთხედში მცხოვრები თაობები, როგორც ჩანს, ნელ-ნელა შევდივართ რაღაც ახალში – დროში თუ სამყაროში, რომელიც ჯერ არ გვინახავს და არც დაგვსიზმრებია, მაგრამ რომელიც უკვე მეორე ათწლეულია, საყოველთაო „გაციფრების“ ან „დიგიტალიზაციის“ ფონზე და მისი მეშვეობით, მიმდინარეობს და რომელმაც უკვე იქონია არასახარბიელო გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე. ამა „არასახარბიელო“ გავლენის მაგალითებია საყოველთაო და გლობალური მასშტაბის, მრავალენოვანი, ჭრელა-ჭრულა სოციალური ქსელების და პლატფორმების გავლენა ადამიანზე, საზოგადოებრივი კავშირების ცვლილება და ზოგჯერ, მოშლა; არაპიროვნული ურთიერთობების გაბატონება, ვირტუალური „კავშირები“ და არაპიროვნული ურთიერთობების ფორმატების გავრცელება; სკანდალური ტიპის, ხელოვნურად შექმნილი ცრუ-ინფორმაციისა და „ფეიკ“-შინაარსის უწყვეტი ნაკადი ვირტუალურ სივრცეში, „ციფრული“ და ონლაინ თაღლითების ავი საქმენი და სხვა).

ამ „ციფრული“ შემოტევისა და აგრესიული ზემოქმედების ფონზე, ბევრი უკვე განიცდის გაუცხოებას არსებული ტექნოლოგიების გამო და მით მეტი ყურადღება ეთმობა მოწოდებებს თუ საზოგადოებრივ დებატებს, თემაზე „რა არის კარგი ცხოვრება?“ და  „როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი საზოგადოება?“ 

ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ გაბატონებულ აზრს, იდეოლოგიებსა და წარმოდგენებს, ყოველთვის ჭირდება (ნებისმიერ ეპოქაში) გადახედვა და თავიდან გააზრება, ახალი გარემოებებისა და მდგომარეობების, ან ახალი რეალობის გათვალისწინებით.

მაგალითი აშშ-ს უახლესი ისტორიიდან : XIX საუკუნეში, 1817- 1825 წლებში, ერის ტბის (ინგლ. Lake Erie) არხის მშენებლობამ[2], ნიუ-იორკის შტატში აფეთქების დარი, მზარდი ეკონომიკური ზრდა მოიტანა და ხელი შეუწყო აშშ-ში მილიონობით ახალი იმიგრანტის (იგივე, იაფი მუშახელის, ლ.ა.) მოზიდვას და ნიუ-იორკის შტატის ეკონომიკურ ბუმს, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში.

მალევე, ამ ცვლილებას მოჰყვა ახალი იდეალისტურ-რელიგიური თუ უტოპისტური საზოგადოებების გაჩენა, რასაც შემდგომ „მეორე დიდი გამოღვიძება“[3] დაერქვა – ამან ქვეყანაში შვა ახალი მოძრაობები, რომლებმაც შეცვალეს ქვეყანა. ეს მოძრაობები გახლდათ, აბოლიციონიზმი (მოძრაობა მონობის გაუქმებისთვის), ტემპერანსი (ინგლ. Temperance – თავშეკავების მოძრაობა ალკოჰოლური სასმელების მიმართ), საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლა და მორმონიზმი[4]. „მეორე დიდმა გამოღვიძებამ“ დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ საზოგადოებაზე და კულტურაზე. მან გააძლიერა მორალური პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის განცდა და ხელი შეუწყო აშშ-ს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პროტესტანტული იდენტობის ჩამოყალიბებას.

როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველ „გამოღვიძებას“ აშშ-ში, აუცილებლად მოჰყვებოდა სამოქალაქო შემოქმედების, ექსპერიმენტებისა და რეფორემების გრძელი პერიოდი (სულ აშშ-ს ისტორიაში სამი „გამოღვიძება“ აღინიშნება. იხ. წყარო: Thomas S. Kidd – The Great Awakening: The Roots of Evangelical Christianity in Colonial America, 2007; ან  https://www.britannica.com/event/Great-Awakening ). ამერიკის კოლონიზაციის ისტორია გვიჩვენებს რომ 1880-1920 წწ. აშშ-ში გაჩნდა ათობით მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობა, წევრობაზე დამყარებული ორგანიზაცია და ასოციაცია (მაგ. ქალი-სკაუტები, როტარი კლუბები, 4-H ტიპის ორგანიზაციები[5]).

ამ ეპოქაში ჩნდება და ყალიბდება აშშ-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სამუშაო ძალას, ემიგრანტების მხარდამჭერ და საინტეგრაციო საქმიანობებს, საქალაქო პარკების და საბავშვო მოედნების განვითრების ორგანიზაცია, სახელოსნო და სახელოვნო მოძრაობის ხელშეწყობა.

ზოგადად, მე-19 და 20-ე საუკუნეებში აშშ-ში პროფესიული კავშირების (Trade Unions / Labor Unions) გაძლიერებამ მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ დონეზე. მათ შორის გამოვყოფთ რამდენიმე მოვლენას, რომელბიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ კაცობრიობის ისტორიისათვიის: ა) შრომის პირობების გაუმჯობესება (სტანდარტული 8-საათიანი სამუშაო დღე); ბ) შრომის ანაზღაურების ზრდა (გაჩნდა მინიმალური ხელფასის ცნება); გ) დასვენების დროისა და შვებულების სისტემის შემოღება (ანაზღაურებადი შვებულება, შაბათ-კვირის დასვენება და დღესასწაულების ანაზღაურება, გავრცელდა პროფკავშირების ზეწოლის შედეგად).

ყველა ეს პროფკავშირული, უფლებათა დაცვისა, საზოგადოებრივი ინიციატივების თუ იდეოლოგიური მოძრაობა, როგორც ჩანს, ერთი ქსოვილის სხვადასხვა ძაფები იყვნენ – მათ საფუძველს წარმოადგენდა ტექნოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებები, მშრომელთა კოლექტიური „გამოღვიძება“ და უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებისკენ მოძრაობის სურვილი.

შეიძლება, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ახალი „გამოღვიძების“ მოძრაობის ზღვართან ვიყოთ და ამ მომენტის გააზრება და გაგება, ისტორიულ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა ვისწავლოთ წარსულის გამოცდილებიდან, გავითავალისწინოთ წარსულის შეცდომები, გავიზიაროთ მიღწევები და გავაგრძელოთ მოძრაობა წინ.

„გამოღვიძების“ ახალი ტალღის გაჩენის კატალიზატორი, შესაძლოა გახდა ის უცნაური მოვლენა, რომლის შედეგადაც ადამიანის ყურადღება და მისი ურთიერთობა-კავშირები, რეალურიდან (ე.წ. ანალოგურიდან) ციფრულ სამყაროში გადავიდა.

მართალია, ჩვენი რთული დამოკიდებულება ეკრანების მიმართ ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო, ტელევიზიის გაჩენასთან ერთად. ეს დამოკიდებულება გამძაფრდა და გაძლიერდა პერსონალური კომპიუტერების, ინტერნეტის, სმარტფონების, სოციალური ქსელების, სტრიმინგ-სერვისების და ვიდეოკავშირების აქტიურად დანერგვისთანავე. ამ დარგების განვითარებამ, მოახერხა ჩვენი ყურადღების მიზიდვა სხვადასხვა სახის სერვისებისა და გართობებისკენ, რამაც შვა როგორც მანქანასთან ურთიერთობის, ისე ამ ურთიერთობების „აწყობის“ მეთოდები. შედეგად, ჩვენ ნაკლები მეგობრები გვყავს, უფრო დიდ დროს ვატარებთ მარტოობაში (შედარებით 1990-2000-იან წლებთან და ბევრად მეტს, ვიდრე მე-20 საუკუნის შუა წლებში!), ხოლო შეხვედრებისას, ჩვენი ურთიერთობებიც საკმაოდ არის შეცვლილი.

ავტორთა მოსაზრებით, შესაძლოა ჩვენი ასეთი „ხარშვა“ ციფრულ სუპში, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ მოულოდნელმა გლობალურმა მოვლენამ, COVID-19-მა, მძლავრი ბიძგი მოგვცა როგორც საზოგადოებას – სწორედ ამ დროს, ჩნდება ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემები, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ სახლიდან გაუსვლელად გვემუშავა, გვესწავლა, შეგვეძინა საქონელი, გვეთამაშა და სხვა.

ცხოვრების სულ უფრო მეტი ასპექტის ონ-ლაინზე გადასვლამ (განსაკუთრებით ნოუთ-ბუქების კლასისათვის), გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა თვალნათლად დაინახეს ის პირქუში აბსურდულობა, რაც თან ახლავს ამდენი დროის გატარებას, უსახო, კონტექსტიდან ამოვარდნილ ციფრულ რეალობაში! ყველამ კარგად დაინახა რომ კარგი ცხოვრება, უმჯობესია, რეალურ ცხოვრებაში მიმდინარეობდეს და არა ვიღაცის მიერ შექმნილ „ვირტუალურ, ე.წ. რეალობაში“! ამის გაცნობიერებამ ბევრ ამერიკელს  აუხილა თვალი და მათ დაიწყეს საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და თავისუფალი ასოციაციების აღორძინების თესლის თესვა თავიანთ ქალაქებში, სოფლებში და თემებში.

დღეს, ეს ახლადამოწვერილი ყლორტები უკვე ჩანს მიწის ზედაპირზე. ახალი სამოქალაქო ორგანიზაციებმა (მაგ. Warm Cookies of the Revolution[6] და CivicLex[7]) კვლავ დაიწყეს დასახლებების მცხოვრებლების, მეზობლების და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, აშკარად შესამჩნევი ხალისითა და სიხარულის შეგრძნებით.

ამერიკის სამოქალაქო საზოგადოებრივი ისტორია ძალიან მდიდარია ასეთი თავისუფალი გაერთიანებებით და მათი გაჩენა, ციფრული ეპოქის პირობებში, ბუნებრივიც არის – ახალი ორგანიზაციების მისია, ციფრულ ეპოქაში, ადამიანების ერთმანეთთან რეალური, ფიზიკური (და არა ვირტუალური) კავშირების აღორძინებაა. პანდემიის შემდეგ ბევრგან გაჩნდა ურთიერთდახმარებების ფართო ქსელები (ბრუკლინში, ჩიკაგოში, ტენესისა და ჩრდ. კაროლინაში) – ეს წარმონაქმნები, სოლიდარული ერთობით უკვე ქმნიან ახალ, ადგილობრივ ეკონომიკურ და სოციალურ გაერთიანებებს.

რამდენიმე სახელმწიფო შემოქმედებითმა ორგანიზაციამ, როგორიცაა ქ. ბოსტონის სამოქალაქო ორგანიზაციებსი სამმართველო, დაიწყო მიკრო-გრანტების გაცემა მცხოვრებთათვის, ქუჩის საღამოების და სამეზობლოს შეხვედრების ხელშეწყობის მიზნით. ისეთი ტექნოლოგიური ტექნოლოგიებიც კი, როგორებიც არიან New_Public, Front Porch Forum და Common Agency, ერთიანდებიან რათა „ააწყონ“ ლოკალური, ფიზიკური ურთიერთობები იმ სიჩქარით, რომელიც მხოლოდ ურთიერთნდობას ხელეწიფება.

ციფრულ ეპოქაში შეიქმნა რამდენიმე ინოვაციური სამოქალაქო ინიციატივა აშშ-სა და ევროპაში, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს ერთმანეთთან რეალური, არა-ვირტუალური ურთიერთობისკენ დააბრუნონ და დაეხმარონ “ციფრული ხაფანგიდან” თავის დაღწევაში. ასეთი სამოქალაქო ინიციატივებიდან და ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია რამდენიმე: The Human Library (მონაწილეები “სესხულობენ” ადამიანს, წიგნის ნაცვლად და ესაუბრებიან — მაგალითად, უსახლკაროს, მიგრანტს ან ვეტერანს); Digital Detox (ბანაკები, ბუნებაში, სადაც აკრძალულია  სმარტფონები, სოციალური მედია და ეკრანები); Public Space One – აერთიანებს დიალოგისთვის და კოლექტიური იდეების შესაქმნელად, ეკრანებისა და ციფრული ინფორმაციის მატარებლების გარეშე; Talk To Me London / Berlin – საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც ხალხს ქუჩაში მოუწოდებს უცნობებთან საუბრისკენ (მაგ. “Talk to me, I’m friendly” მოწოდებით); Slow Communication Movement (დანია, ნიდერლანდები) – სადაც წახალისებული „ნელი კომუნიკაციის“ მეთოდები, როგორიცაა ხელით დაწერილი წერილები ან პირისპირ შეხვედრები, ურთიერთობებისთვის, საქმიანობისთვის და სხვა.

ბოლოს, ჩვენს ძვირფას მკითხველს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სასკოლო ადმინისტრაციის, მშობლებსა და ზოგადად, სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია დასკვნის სახით ვუთხრათ რომ დღეს, ახალადგაჩენილი „ანტი-ციფრული“ მოძრაობები და ინივიატივებს წარმოადგენენ რეაქციას „ციფრული საყოველთაობის“ ან უფრო მკვახედ, „ციფრული ტოტალიტარიზმის“ წინააღმდეგ.

ეს “ანტი-ციფრული” მოძრაობები და ინიციატივები ემსახურება რამდენიმე კეთილშობილურ მიზანს, რომელიც უკვე აუცილებელია და რომელთა განხორციელებაც, მალე ყველასთვის საშური საქმე შეიძლება გახდეს : 1) ნამდვილი ადამიანური კავშირების აღდგენას – ეკრანზე დამოკიდებული კომუნიკაციის ნაცვლად პირისპირ ურთიერთობების წახალისებას; 2) ციფრული დამოკიდებულების დაძლევას – ეხმარება ადამიანებს გააცნობიერონ ტექნოლოგიების მოხმარების ზეგავლენა და შეამცირონ მასზე დამოკიდებულება; 3) საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჩართულობის ხელახალ გაძლიერებას –საერთო სივრცეების შექმნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ, ფიზიკურად გევრდიგვერდ არიან და წარმოშობს გამოცდილებებს, რომლებიც ავითარებს ნდობას, დიალოგსა და მონაწილეობას რეალურ სამყაროში; 4) გონებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერა –ხანგრძლივი ონ-ლაინ ყოფნასთან დაკავშირებულ შფოთვის, მარტოობის განცდის და ემოციურ გადაღლის შედეგების გააზრება, ანალიზი და ამ მდგმარეობის შემსუბუქება, ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით; 5) დროისა და ყურადღების დაბრუნება – ადამიანებს ეძლევათ საშუალება შეანელონ საქმიანობის ტემპი, ფოკუსირდნენ საკითხზე სიღრმისეულად (და არა ზერელედ) და სრულად ჩაერთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიზიკურად.

(სტატიის დასასრული)

სტატიის ავტორი: ლევან ალფაიძე

თბილისი, 12 მაისი, 2025.

 

[1] წარმოდგენილი სტატია შედგენილია ამერიკელი ბლოგერებისა და ჟურნალისტების, სემ პრესლერისა და პიტ დეივისის 2025 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ელექტრონული ჟურნალიდან After Babel (https://www.afterbabel.com/ , ლ.ა. ).

[2] ერის ტბის არხი (Erie Canal) — ჯამში 540 კმ-ის სიგრძის არხი ნიუ-იორკის შტატში, რომლის მშენებლობამ, აშშ-ს დიდი ტბების შტატები, პირდაპირ დააკავშირა სანაოსნო ზღვით ატლანტის ოკეანესთან (მდ. ჰუძონის გავლით), რამაც მნიშვნელოვნად გააადვილა აშშ-ს შიდა შტატების კავშირი მსოფლიოს სავაჭრო საზღვაო გზებთან. ამ მშენებლობამ გამოიწვია საკვების ფასების გაიაფება, ნიუ-იორკის მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგება, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და სხვა.

[3] მეორე დიდი გამოღვიძება (Second Great Awakening) გახლდათ მნიშვნელოვანი რელიგიური მოძრაობა აშშ-ში, რომელიც განვითარდა 1790-იანი წლებიდან დაახლოებით 1840-იან წლებამდე. ეს იყო ფართომასშტაბიანი რელიგიური გაღვიძება, რომელიც ხაზს უსვამდა პირად ხსნას, რელიგიურ მორალურ განცდებს და ინდივიდუალურ რწმენას, ფორმალური დოგმატიკის ნაცვლად.

[4] მეორე დიდი გამოღვიძების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო რესტავრაციონიზმი — რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა (იგულისხმება პროტესტანტული სექტები, ლ.ა.) დასუსტებული და კორუმპირებულია და საჭიროებს აღდგენას. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მრავალი ახალი სექტა და თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო “საწყისი” ქრისტიანული ეკლესიის აღდგენა. მორმონიზმი იყო ამ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოხატულება — იგი აცხადებდა სრულ აღდგენას ახალი წმინდა წერილის (მორმონის წიგნი) და წინასწარმეტყველური ლიდერობის მეშვეობით.

[5] 4-H კლუბები აერთიანებენ სამოხალისეო ასოციაციებს/ორგანიზაციებს შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობას და ფერმერობა, ტექნოლოგიები, ინჟინერიასა და მათემატიკას (STEM), ჯანმრთელობადა კვება, საზოგადოებრივ აქტივობები და მოხალისეობა, ხელოვნებს, ხელსაქმეს და საჯარო გამოსვლების ხელოვნება.

[6] Warm Cookies of the Revolution — ეს გახლავთ ქ. დენვერში (კოლორადოს შტატი, აშშ) დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. მათი მიზანი იყო მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩაერთვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ „სამოქალაქო ჯანმრთელობის კლუბს“ (Civic Health Club) და მიზნად ისახავენ მოქალაქეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით.

[7] ლექსინგტონში (კენტუკის შტატი, აშშ) დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი ჩართულობის გაძლიერებასა და ადგილობრივი მმართველობის პროცესების გამჭვირვალობას. CivicLex ასევე სთავაზობს კონსულტაციას და საზოგადოებრივი ჩართულობის გაუმჯობას; მოიცავს საზოგადოებრივი გამოკითხვების ჩატარებასა და ანალიზს; საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზებას; საზოგადოებრივ შეხვედრებსა და სემინარებს; მმართველობასთან ეფექტური ჩართულობის სტრატეგიების შემუშავებას.

 

 

ერთი ძველი განჩინება და ხალხში გავრცელებული საგანმანათლებლო ტრადიცია

0

აღიარებული ფაქტია, ენა და ესა თუ ის ენობრივი ტექსტები ყოფიერების იმაზე უფრო ღრმა და საინტერესო შრეებს ინახავს, ვიდრე  არქეოლოგია, ისტორიოგრაფია ან ნებისმიერი სხვა დარგი. ქართული სამართლის ენის კვლევის საჭიროებამ მოიტანა და ამასწინ ძველი განჩინებების კრებულებში ჩავყავი ცხვირი. არ აღმოჩნდა უშედეგო მცდელობა. ერთ-ერთი კრებულის გადათვალიერებისთანავე თვალში მომხვდა პატარა ამბავი, რომელიც, ენობრივის გარდა, ბევრი რამითაა საინტერესო.

განჩინება, რომლის გაზიარებაც მინდა, საქართველოში სამართალწარმოების რუსულ ენაზე გადასვლამდეა დაწერილი და დაცულია ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში. გამოქვეყნებულია 1977 წელს, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის საერთო რედაქციით, მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ, XVII-XIX საუკუნის ქართული სამართლის ძეგლების მე-6 ტომში.

წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ განჩინების მთელ, არცთუ ისე ვრცელ ტექსტს:

განჩინება გაბრიელ და მახარობელ[1] ჩხაიძეების[2] საქონლის საქმეზე

ჩყი-სა, აგვისტოს ი-სა

[1818 წლის 18 აგვისტო]

გ ა ბ რ ი ე ლ   ჩ ხ ა ი ძ ე[3]  და   მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ ი   ჩ ხ ა ი ძ ე   გავაბჭვეთ[4]

გ ა ბ რ ი ე ლ    უ ჩ ი ვ ლ ა:  ერთი ხარი მყავდა ჩემი მარჩენალი და წამართვა ამ კაცმა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.

მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა   უპასუხა: ჩემს ყანაში მოეჩვია ამისი ხარი და დავითხოვე ერთჯელ, ორჯელ და მრავალჯელ[5], მაგრამ არ დამეთხუა[6]. მერმეთ, მარიობას[7], შინ მივედი, რუსის სამსახურზედ ვიყავი[8] და საღამოს ჩემი ყანის გვერდში ვნახე ამისი ხარი და უთხარი: ამეღამ კიდევ წავა და დამაფსებს[9] და ნუ მიზამ მეთქინ და არ გამიგონა; და იმ ღამეს ჩასულიყო ჩემს ყანაშიდ და სუნთლად წაეხთინა და შეეჭამა; და ქალს დაეჭირა ყანაში და მე წავიყვანე, საცაუში[10] რომ მოვა[11], მივსცემ მეთქინ: აღარ მოვიდა, მიმიხთა[12] შინ, ცოლი და შვილი გამილახა და შვილიც წამართვა[13], მომთხარა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.

გ ა ბ რ ი ე ლ  ა შ ო რ ო[14]   უ თ ხ რ ა.

ჩვენ ასე გავაჩინეთ[15]: წარმოდგეს თვითან გაბრიელ და თერთმეტი კაცი თან დაიტანოს[16] და ასე დაუფიცოს: „არც დამეთხოვნო[17] და არც ჩემი ხარი შენს ყანაში და კანაფში[18] ჩასულიყოს და არც რამე წაეხთინოს და არც შენ მოგხთომოდე და არც უკადრისი მეკადრებიოს

და არც შვილი წამერთმიოს“.

თუმც ასე უფიცოს[19], ხარზე ხარი დაუდვას[20]. და თუმც ვერ უფიცოს, შინ მიხთენია[21] და შინ მიხთომის სისხლი მისცეს[22] და შვილის წართმევის საუპატიო[23] მისცეს. ან ხარს რაც ეწყინოს[24], მახარობელმა აჯით[25] შეატყობინოს და გაბრიელმა გარდაუხადოს.

მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა    უ ჩ ი ვ ლ ა:   მოყვარე[26] მყავდა, შვილი მომაბარა გასაზდელათ[27],  და ნახევარს ზროხას მაძლევდა გაზდაში, ჩემსას მოვიდა, შენ გარდამბირე[28] , მოყვარეც დამიკაგე და ის ზროხაც დამიკარგე და მათხოვარი ვარ.

გ ა ბ რ ი ე ლ  ა შ ო რ ო  უ თ ხ რ ა.

ჩვენ ასე გავაჩინეთ: წამოაყენოს გაბრიელმა ერთი კაცი და ასე შეაფიცოს: „არც შენის მტერობით და ქიშპობით მე ის ზროხა გამომერთმიოს“.

თუმც ასე უფიცოს, არას ემართლება. და თუმც ვერ უფიცოს, მისი გადაბირებით ზროხა დაკარგვია და გარდაუხადოს გაბრიელმა მახარობელს.

 

*  *  *

საანალიზო ტექსტში საგანმანათლებლო თვალსაზრისით სწორედ ეს ბოლო ფრაზა და ბოლო სამი აბზაცია საინტერესო. აქ იკვეთება საგანმანათლებლო ტრადიციაც — ის, თუ, დაახლოებით, როგორი ტიპის „ჩრდილოვანი“ განათლების ფორმა არსებობდა იმდროინდელ საქართველოში ან რა ტიპის საზღაური  არსებობდა განათლების მიღებისა თუ მიცემის კუთხით.

განჩინებაში ატიანთ-მოძღვარი/სამსჯავროს მწერალი, როგორც სასამართლო გუნდის წარმომადგენელი (ტექსტის I აქტორი), ირიბად მოგვითხრობს გაბრიელ და მახარობელ ჩხაიძეების განბჭობის (გასამართლების, მორიგების) ამბავს, რომელიც იწყება გაბრიელ ჩხაიძის (II აქტორის) საჩივრით. იგი უჩივის მახარობელ ჩხაიძეს, რადგან ერთადერთი მარჩენალი ხარი წაართვა.

აქვეა მახარობლის (III აქტორის) შეპასუხება, რომლითაც იკვეთება ამბავი, თუ როგორ შეეჩვია მის ყანას გაბრიელის ხარი და, ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოიშორა, შედეგად კი, მარიამობის საღამოს, ყანა სულ გაუნადგურა. ქალის მიერ დაჭერილი ხარი მახარობელმა „საცაუში“ — სამწყვდევში[29] წაიყვანა იმედით, რომ გაბრიელს მოსვლისას ხარს დაუბრუნებდა. თუმცა იგი აღარ მოსულა, არამედ მიუვარდა[30], ცოლ-შვილი გაულახა, „შვილიც“ წაართვა, გააუბედურა და უკვირს, აქეთ რომ ემართლება. გაბრიელი უარყოფს მისდამი ბრალს (კვლავ „აშორო-ს“ ეუბნება).

განჩინების მომდევნო აბზაცში იკვეთება საქმესთან დაკავშირებული, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თუ გაბრიელი თერთმეტი კაცის წინაშე დაიფიცებს, რომ მისი ხარი  მახარობლის „ყანასა და კანაფში“ (საგულისხმოა, რომ „კანაფის“ ცნება მხოლო არ ჩასულა, არც მივარდნია, უკადრისიც არ უკადრებია და არც შვილი წაურთმევია, მაშინ მახარობელმა „ხარზე ხარი  (უნდა) დაუდვას“, ანუ, ორი ხარი უნდა მისცეს[31];  თუ ვერ დაიფიცებს, მაშინ  შინ „მიხთომის“ (მივარდნის) სისხლთან ერთად, შვილის წართმევის საუპატიოც  უნდა მისცეს. ამავდროულად, ხარის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ (ხარს რაც ეწყინოს)[32]  მახარობელმა აჯით[33] უნდა შეატყობინოს, გაბრიელმა კი დანაკარგი აუნაზღაუროს.

განჩინების მომდევნო ნაწილში გაბრიელისადმი კვლავ მახარობლის საჩივარია. ამჯერად იგი მას მოწაფის (მოყვრის შვილის) წართმევისა და საზღაურის (ნახევარი ძროხის) დაკარგვისთვის უჩივის. გაბრიელი კვლავ „აშოროს“ ამბობს — უარყოფს ბრალს.

განჩინების ბოლო  ორ აბზაცში იკვეთება სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გაბრიელმა, ერთი კაცის თანდასწრებით, უნდა შეჰფიცოს, რომ  მისი „მტერობით ის ზროხა არ გამოურთმევია“.

ხოლო თუ ასე ვერ დაუფიცებს, გაბრიელმა მახარობელს, მოწაფის მშობლის გადაბირების გამო, ძროხაც უნდა გადაუხადოს.

*  *  *

 

საანალიზო ტექსტში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინების შესახებ ვრცელი მსჯელობა დასაბეჭდად სამეცნიერო ჯურნალში უკვე გაგზავნილია, ამ სტატიაში კი  მხოლოდ ერთ ცნება- ტერმინზე შევაჩერებთ ყურადღებას.

როგორ უნდა გავიგოთ „შვილის წართმევის საუპატიო მისცეს“?

ალბათ, ასე, რომ დამნაშავემ დაზარალებულს მოსწავლის წართმევით მიყენებული დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს; ჩვენი მოკვლევით, ტერმინისაუპატიოკი  — იყო შეურაცხყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისათვის დაწესებული ჯარიმა, რაც დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ ეკისრებოდა ძველ საქართველოში. საუპატიო დაკანონებული იყო საკრძალავ ადგილას ჩადენილი დანაშაულისათვის (მაგ., „სადაცა მაცხოვრისა ხატი ესუენოს სამცველოდ ქუეყანისა, საუპატიოდ ოცდაათი გლეხი მართებს“), მოსამართლისადმი „ურიგოს კადრებისათვის“, სხვისი მოახლის „გაწბილებისათვის“ და სხვა. საისტორიო წყაროებში ცოლის „განტევების“, დედის გინების, წვერის დაგლეჯის, „ეზოს გატეხის“ და „კაცის დაჭირვის“ საუპატიოც იხსენიება. საუპატიოს ოდენობა შეურაცხყოფილის „სახდომელი პატივისა“ და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. საჭიროებისას იგი დამნაშავეს ზარალის ანაზღაურებასა და „სისხლთან“ ერთად მიესჯებოდა. ქალს კაცზე მეტი — „ორკეცი საუპატიო“ (სახელდობრ, გინებისათვის დიდგვაროვან „დიაცს“ 10 000 თეთრი) ეძლეოდა. საუპატიოს ითვალისწინებს ბაგრატ კურაპალატის სამართლის ფრაგმენტი და ვახტანგ VI-ის სამართალი, აგრეთვე — მხითარ გოშის სამართლის ქართული ვერსია. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი „საუპატიო“ „სასირცხვო სამართლის“ — სანეხვეზე დამნაშავის შიშვლად ჩათრევის, ე. ი. გამაწბილებელი სასჯელის მნიშვნელობით იხმარება (ანალოგიური ვახტანგ VI-ის სამართლის 218 მ.). შეურაცხყოფისათვის ქონებრივ სასჯელად აქ დადგენილია უპატიობის საზღაური, გიორგი ბრწყინვალის სამართალში კი — უარზანგობა[34].

საანალიზო ტექსტში ყურადღებას იმთავითვე იმსახურებს „შვილის წართმევა“. განჩინების ერთიანი გააზრებით იკვეთება, რომ „შვილი“[35] მოწაფეა, რომელიც მახარობელს (ნახევარი ძროხის ფასად) აღსაზრდელად მიუყვანა მოყვარემ, გაბრიელმა კი ეს მოყვარე გადაიბირა, მოწაფე მიისაკუთრა და ძროხაც მიითვისა.

მგონია, ეს განჩინება ერთგვარი მიმანიშნებელია, რომ ჩრდილოვანი განათლება მეტ ყურადღებას იმსახურებს განათლების დარგში მომუშავეთაგან. ჩვენში, ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოვანი განათლება უკვე, დიდი ხანია, სასკოლო განათლების თვალსაჩინო ნაწილად იქცა. ბოლო წლებში კერძო რეპეტიტორობის ფორმები და ზეგავლენა სისტემურ ხასიათს იძენს, თუმცა საანალიზო განჩინებით მოთხრობილის მსგავსი უსიამოვნებანი ზედაპირზე აღარ ტივტივებს და, ალბათ, ამ ბოლო წლებში, არც სასამართლოს სჯა-პაექრობის საგანი გახდება ამა თუ იმ მოწაფის განათლების ბედი.

 

[1] აღნიშნული საკუთარი სახელისათვის იხ. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების (III) მიხედვით, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს: ანა ბაქრაძემ, ლევან რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა. ტომი შეადგინეს დარეჯან კლდიაშვილმა და მზია სურგულაძემ, ზაზა ალექსიძის საერთო რედაქციით. შთ. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2004. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/150983/5/Pirta_Anotirebuli_Leqsikoni_2004_Gateqstebuli.pdf

 

[2] მჩხაიძე, — ი. დოლიძის სქოლიო.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ძიმითში მოსახლე გვარი, რომლის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს 1664 წლის „შეწირულობის წიგნი გიორგი გურიელისა ბიჭვინტის საბუთთაგან“. მასში  დგინდება ძიმითში მოსახლე შემდეგი გვარები: კბილიანისშვილი, ქართველაისშვილი, ნანაძე, კალანდარესშვილი, მჩხაიძე და მგელაძე. http://guriismoambe.com/archives/127172;      მჩხაიძე (ჩხაიძე) – გვ. 68, 71. [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]  http://www.geogen.ge/ge/treasurege/72/4315/

 

[3] *გაბრიელ ეგორის ძე ჩხეიძე, XVII–XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა მოსკოვში. კეკელიძე, .ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174; რუხაძე, ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XV–XVIII) სს.), თბ., 1960.

თუმცა ეს სულ სხვა გაბრიელია .

[4]  *განვსაჯეთ, *მოვარიგეთ

[5] მრავალჯერ.

[6] არ გამშორდა.

[7] მარიამობას, ძვ. სტ.-ით — 14 აგვისტოს.

[8] ფრაზა საინტერესოა ისტორ.-ეთნოგრაფ. თვალსაზრისით.

[9] დამაქცევს, ამომაგდებს, გამაღატაკებს.

[10]  საცავში (განმარტება ჩვენია, მ.გ.).

[11] + და — ი. დოლიძის სქოლიო.

[12] მომიხდა, მომივარდა შინ.

[13] „შვილის” წართმევის ეპიზოდი საინტერესოა არაერთი თვალსაზრისით, იხ. ქვემორე მსჯელობა.

[14]  გაბრიელმა უარყო.

[15] *დავადგინეთ.

[16] ახლდეს.

[17] გაგეფრთხილებინე (განმარტება ჩვენია და ითხოვს დაზუსტებას, მ.გ.).

[18] საინტერესოა, რომ სამსჯავროს მწერალი კანაფს სხვაგან არ ახსნებს.

[19]  თუ ასე დაფიცებას შეძლებს (განმარტება ჩვენია, —  მ. გ.).

[20] დაუმატოს

[21] მიხდომია, მივარდნია.

[22] ფრაზა იდიომატურია, შეიცავს სამართლებრივ ტერმინს. როგორც ირკვევა, სისხლის შეფასება და საზღაურის რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ ადათობრივი სამართლის დროიდან მოდის.  მკვლელი სისხლის დანაშაულის ჩადენისათვის ისჯებოდა და გარკვეული „სისხლისა საზღაურიც“ ეკისრებოდა.

[23] ტერმ. საუპატიო — შეურაცხყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისათვის დაწესებული ჯარიმა, რაც დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ ეკისრებოდა ძველ საქართველოში.

[24] ხარს რაც ეწყინოს — ხარს თუ რამ დაემართოს (ხაზი ჩვენია, — მ.გ.)

[25] ჩიქობ.: აჯა (აჯისა) თხოვნა, მუდარა, ხვეწნა, ვედრება.

 

[26] მოყვარე (მოყვრისა) ჩიქობ.: 1. ცოლის ნათესავი ქმრის ნათესავებისათვის და, პირიქით, ქმრის ნათესავი ცოლის ნათესავებისათვის. 2. ახლობელი, კეთილის მდომი, კეთილმოსურნე, მოკეთე.

[27] (დიალექტიზმი) გასაზრდელად.

[28] გადაიბირე.

[29] ჩვენი განმარტებაა, ლექსიკონებში მსგავსი სიტყვა არ იძებნება  (მ. გ.).

[30] არ ჩანს, როდის.

[31] განმარტება ჩვენია (მ.გ.).

[32] განმარტება ჩვენია. მ.გ.

 

[33] აჯა  — თხოვნა, ვედრება; საქართველოს მეფისადმი მიმართვის ფორმა (. .)

 

[34] უარზანგობის ოდენობა დამოკიდებული იყო „სისხლის“ ოდენობაზე და მის 1/40 ნაწილს შეადგენდა. მაგ., აზნაურთახევისბერთა უარზანგობა 150 თეთრი იყო.

[35] ამ გაგების შემოშველებისთვის მადლობას მოვახსენებთ იურისტ ხათუნა გოგაშვილს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...