ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ახალი გამოღვიძება. ციფრული სამყარო და ჩვენ

ინტერნეტი იმდენად დიდია, ღრმა და უცნობი, იმდენად გიგანტური, იმდენად ძლიერი და ამავდროულად ამაო, რომ ზოგიერთისთვის ის ცხოვრების სრულფასოვან შემცვლელად იქცა.

ენდრიუ ბრაუნი, ბრიტანელი ჟურნალისტი[1]

(სტატია შედგენილია ამერიკელი ბლოგერებისა და ჟურნალისტების, სემ პრესლერისა და პიტ დეივისის 2025 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ელექტრონული ჟურნალიდან After Babel (https://www.afterbabel.com/  ).

ეს სტატია გახლავთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კომპიუტერზე, სმარტფონზე და პლანშეტებზე მიბმული ცხოვრების ქაოსი, აშშ-ს სამოქალაქო ცხოვრებაში მიმდინარე ჩუმი რევოლუციის მიზეზი. რა უნდა გავაკეთოთ რომ იგი (რევოლუცია) გაგრძელდეს? კითხულობენ სტატიის ავტორები.

(ნაწილი პირველი)

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი ბლოგერი, ზაკი, პოლიტოლოგ რობერტ პატნემს (Robert Putnam) შეხვდა. ეს შეხვედრა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ახლოს მდებარე პატარა კაფეში შედგა. ჩვენი საუბარი, პროფესორ ჯონ ჰაიდტის ახალი წიგნს, „მღელვარე თაობას“ (The Anxious Generation[2]) და ჰაიდტის მიერ წიგნში აღნიშნულ თემებს და იმ ღრმა ისტორიებს შეეხო, რომელიც უფრო შორს მიდის, ვიდრე სმარტფონებისა და კაბელური ტელევიზიის ეპოქა“, გვატყობინებს ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ბრაუნი. „საუბარი ადამიანებს შორის პირდაპირი, ფიზიკური, უშუალო კონტაქტებისა და ურთიერთობების შემცირებისა და სამოქალაქო ცხოვრების ცვლილების იმ თემებისკენ წარიმართა, რომელიც ალბათ 1960-იან წლებში დაიწყო. პროფესორი ჰაიდტი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ ადამიანის  ასაკობრივი განვითარებისას, მოხდა ბავშვობის პროცესის სტრუქტურის ძირეული ცვლილებები—მათ შორის სმარტფონების და სოციალური მედიის გავრცელება, ასევე მშობელთა მხრიდან ზედმეტი კონტროლი—და ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას. პროფესორი ჰაიდტი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია 2010-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო ე.წ. „ტელეფონზე დაფუძნებული ბავშვობა“ – აღნიშნავს ბრაუნი.

ადამიანთა შორის ურთიერთობების ამ ცვლილებას, ჰაიდტი „ურთიერთობების ეროზისა“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ხატოვნად აქვს აღწერილი ბ-ნ პატნემს თავის წიგნში, „ბოულინგის თამაში მარტო“ (Bowling Alone). წიგნში ბ-ნი პატნემი ხაზს უსვამს სოციალური კაპიტალის ვარდნას, ტექნოლოგიების როლის ზრდის ფონზე. პატნემს მაგალითად მოაქვს ერთი მოვლენა, რომელიც აშშ-ში შესამჩნევია:  უფრო მეტი ამერიკელი თამაშობს ბოულინგს, მაგრამ ბევრად ნაკლები არის ბოულინგ-კლუბების წევრი — ანუ ადამიანებმა შეინარჩუნეს ინდივიდუალური აქტივობები, მაგრამ დაკარგეს კოლექტიური ჩართულობა. აქედან მოდის წიგნის სახელი: “Bowling Alone” (ბოულინგი მარტო). ავტომობილების, კონდიციონერების და ტელევიზიების აქტიურმა შემოსვლამ ადამიანთა ცხოვრებაში, მათი ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახადა, თუმცა შეამცირა ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები – ამ ტექნოლოგიებმა ადამიანები დააშორეს საჯარო ადგილებს, აივნებს, ვერანდებს, საზოგადოებრივ პარკებს და სამოქალაქო ასოციაციებსა თუ კლუბებს.

ვფიქრობთ, სოციალური კაპიტალის ეროზიას 1970-1980-იან წლებში, შეუძლია ახსნას ის თუ რატომ ითქვა 1990-ების ამერიკაში „უარი“ ბავშვობაზე, რომელიც [ბავშვების დამოუკიდებელ] თამაშზე იყო დამყარებული. ერთმანეთისადმი ნდობის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ამერიკელი მშობლები, ბავშვებს უფროსთა ზედამხედველობის გარეშე სათამაშოდ გარეთ აღარ უშვებდნენ. ზედამხედველობის ქვეშ თამაში კი, ნამდვილად დიდად განსხვავდება ბავშვების არაკონტროლირებადი, თავისუფალი თამაშებისგან.

ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვთავაზობს დოქტორი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის[3] (Boston College) ფსიქოლოგიის პროფესორი:„ჩვენ  ზედმეტად ვიცავთ ბავშვებს “ — ამბობს გრეი — „იმიტომ რომ მუდამ მზად ვართ, მათი პრობლემები მათ მაგივრად გადავჭრათ. ამის შედეგად, ისინი ვერ ივითარებენ რწმენას, რომ თავადაც შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა.“ გრეი ასევე აღნიშნავს, რომ 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა კლინიკურმა კითხვარებმა აჩვენა, ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების რაოდენობა მატებას, თან ახლდა სკოლის ასაკის ბავშვებში შიდა კონტროლის მექანიზმების შემცირება (ანუ რწმენა იმისა, რომ ადამიანი თავად მართავს საკუთარ ცხოვრებას). „როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა შიდა კონტროლის შეგრძნება, თუ არასდროს ჰქონია გამოცდილება საკუთარი ცხოვრების მართვის?“ — ამბობს ის. „კლინიკურმა ფსიქოლოგებმა ეს დიდი ხანია იციან: თუ ადამიანს არ აქვს ძლიერი შიდა კონტროლის გრძნობა, ეს დიდ რისკს ქმნის შფოთვებისა და დეპრესიის განვითარებისკენ. რა გასაკვირია, თუ მჯერა, რომ რაღაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და მე ვერაფერს გავაკეთებ მის შესაჩერებლად; მაშინ სამყარო საშიშ ადგილად მეჩვენება. ყველაფერში საშიშროებას ვხედავ და მუდმივად შეშფოთებული ვარ [4], ასრულებს თავის აზრს პროფესორი გრეი.“

„ბ-ნ პეტნემთან შეხვედრის დროს, საუბარმა საბოლოოდ, დარღვეული სოციალური კაპიტალის და შემდგომ მისი აღორძინების თემებთან მიგვიყვანა  – საუბარი შეეხო იმას თუ როგორ შესძლეს დაქსაქსულმა და უკიდურესად პოლარიზებულმა საზოგადოებებმა, ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში, საზოგადოებრივი ქსოვილის, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და ერთობლივი ხვედრისა და დანიშნულების აღდგენა“, გვატყობინებს ზაკი თვის ბლოგში. .

ალბათ ამის კარგი მაგალითი გახლავთ ის, როდესაც ამერიკამ 19-ე საუკუნის დასასრულს (ე.წ. „მოოქროვილი საუკუნე“ – Gilded Age), მიუხედვად არნახული ინდუსტრიული, სამეცნიერ-ტექნიკური პროგრესისა და ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ექსტრემალური უთანასწორობის ფონზე მიმდინარეობდა (ამ წლებში აშშ-ში, ევროპული ემიგრაციის დროს, 1870-1910 წწ. ამერიკაში ოცდახუთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან, უკეთესი მომავლის ძიებაში, ლ.ა.), აშშ-ს ცხოვრება აქტიური სამოქალაქო მოძრაობებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ წარიმართა – სწორედ ამ წლებში იწყება მშრომელთა მასობრივი მოძრაობა 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ; მოძრაობა ანტიმონოპოლიური კანონების შემოღებისთვის („შერმანის კანონი“ – ანტომონოპოლიური კანონმდებლობის პირველი მერცხალი); პრეზიდენტი თეოდორ რუზველტის დროს მიღებული კანონები, შტატებში სენატორების პირდაპირი არჩევნების და რეფერენდუმების ჩატარების უფლებების შესახებ; ამ დროს იწყება მოძრაობა ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების შესახებ (საბოლოოდ მიღებულ იქნა 1920 წელს, ლ.ა.) და სხვა.

მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე, აშშ-ში განვითარებული ეს ძველი ისტორია სოციალური კაპიტალის „აღორძინებისა“ და „დემოკრატიული რეფორმებისთვის“ ბრძოლის შესახებ, ნიშანდობლივია დღესაც, როდესაც ტექნოლოგიებმა კვლავ დრამატულად შეცვალეს და ნაწილობრივ ჩაანაცვლეს კიდეც,  ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობების ფორმა და შინაარსი.

ამ სტატიის ერთ-ერთ თანაავტორს პიტ დეივისს  (ვირჯინიის უნივერსიტეტის კარშის დემოკრატიის ინსტიტუტის მეცნიერთან, სემ პრესლერთან ერთად), თავის წიგნში[5] მახვილგონივრულად აქვს ნათქვამი რომ დღევანდელ, „დაუსრულებელი ინტერნეტ-ბრაუზინგის ეპოქაში“ მნიშვნელოვანია თავზე ავიღოთ ვალდებულება და უფრო ხშირად მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილებები და არა „შემოთავაზებული ოფციები“! დეივისი წერს: „თვალიერების უსასრულო რეჟიმი („infinite browsing mode”)“  ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა — დაუსრულებელი ვებ-  „ხტომა“ თუ „ცურვა“ პარტნიორების გაცნობის აპლიკაციებში (ერთ პარტნიორზე არჩევანის შეჩერების გარეშე); ერთი ვებ-ადგილიდან მეორე ადგილზე ხტომა, იმ მოლოდინით, რომ შემდეგში, რაღაც უფრო დიდი და უკეთესი გველოდება; და უარის თქმა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შესაძლოა აგვაცილოს იმ იდეალურ ვარიანტს, რომელიც გვგონია, რომ სულ ახლოსაა“.

დეივისის თქმით, არამდგრადობისა და გადაუწყვეტელობის ასეთი კულტურა (შესაძლოა, ქართულად ჟღერდეს როგორც „შფოთვა-ძიების“ კულტურა, ან ქცევა, ლ.ა.) იწვევს დაძაბულობას თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში: გვინდა, რომ ყველა არჩევანი ღია გვქონდეს (ინგლ. Keeping all options open), მაგრამ თან ვნატრულობთ მიზანს, ერთობასა და სიღრმეს — რაც მხოლოდ სერიოზული ერთგულებით მიიღწევა.   ერთად, ეს ორი ავტორი (პრესლერი და დეივისი) გვთავაზობენ იმედის მომცემ და საკმაოდ რეალისტურ ხედვას, რომელიც ეხება კოლექტიური თანაცხოვრების აღორძინებას – შესაბამისად, უფრო მეტ შეხვედრებს, ურთიერთობებს ადამიანებს შორის და მეტ თამაშს ბავშვობისას – რაც უმნიშვნელოვანესია, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და სოციალური დანაწევრებულობის ეპოქაში.

მოზარდები, რომლებიც მთელ დღეს ატარებენ „ახალი ამბების“ და „ნიუზების“ უწყვეტ ნაკადებში; თაღლითთა დაუსრულებელი „წინადადებები“, უხილავი „ფეიკ“-ანგარიშებიდან; შეთქმულების ვირუსული თეორიები, დაბალხარისხიანი და უგემოვნო კონტენტი (ხშირად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ; „რობოტი-კომპანიონები“ ინტერნეტიდან, მარტოხელა, ხანდაზმული ადამიანებისთვის – ჩვენი „ახალი“ ამბების სათაურები სავსეა  პირქუში ისტორიებით იმ გაუგებრობისა და ქაოსის შესახებ, რომლებსაც ტექნოლოგიების „წინსვლა“ და განვითარება უწყობენ ხელს.

ამავე დროს, ამ საშიში შინაარსების ფონზე, უცბად ჩნდება რაღაც ახალი. ახალი გზა (?) ან ახალი მიმართულება, რომელიც უფრო იმედისმომცემია. ჩვენი დანაწევრებული და დამსხვრეული კულტურის შორეულ კუთხე-კუნჭულებში, უეცრად ჩნდება საზოგადოებების აღორძინების მყიფე აღმომცენარე თესლი! ახლოს დაკვირვებისას აღმოაჩენ რომ ეს ახლადამოსული ყლორტები ყველგან არიან: ახლადგამომცხვარი ეროვნული ბესტსელერებიდან (წიგნები: ჯ. ჰაიდტის The Anxious Generation და რ. რივზის Of Boys and Men[6]), ათასობით ლოკალურ ინიციატივამდე, აშშ-ს ყველა კუთხეში, რომლებიც ადამიანთა გაერთიანების, სოციალური ურთიერთქმედების და სამოქალაქო განვითარების ახალ ფორმებს ეძებენ.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

თბილისი, 12 მაისი, 2025.

[1] ენდრიუ ბრაუნი – ინგლისელი ჟურნალისტი, დაბადებული 1955 წელს, რომლის პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ გამოცემებთან როგორებიცაა The Guardian, The Independent და The Observer. მისი სტატიები ეხება ტექნოლოგიას, რელიგიასა და კულტურას. ბრაუნი გახლავთ წიგნის Fishing in Utopia-ს ავტორი, რომელიც 2009 წელს, ჯორჯ ორუელის ლიტერატურული პროზით აღინიშნა.

[2] The Anxious Generation: How the Great Rewiring of Childhood Is Causing an Epidemic of Mental Illness – წიგნის ავტორია ჯონათან ჰაიდტი (Jonathan Haidt), სოციალური ფსიქოლოგი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი. წიგნი 2024 წლის 26 მარტს გამოიცა Penguin Press-ის მიერ და მას შემდეგ დიდი ყურადღება დაიმსახურა ფსიქოლოგთა და ქცევის შემსწავლელ მკვლევარებს შორის.

[3] ბოსტონის კოლეჯის რეიტინგი, აშშ-ს საუკეთესო კოლეჯების 2025 წლის გამოცემაში, ეროვნული უნივერსიტეტები, გახლავთ #37.

[4] იხ. წყარო: Anderson, J. A. (2024, February 23). Improving mental health through independent play. https://www.gse.harvard.edu/. Retrieved May 13, 2025, from https://www.gse.harvard.edu/ideas/edcast/24/02/improving-mental-health-through-independent-play

[5] წიგნის სათაური: Dedicated: “The Case for Commitment in an Age of Infinite Browsing”, გამოცემის თარიღი: 2021 წლის 4 მაისი, გამომცემლობა: Avid Reader Press / Simon & Schuster (აშშ).

[6] რიჩარდ ვ. რივზის წიგნი: “Of Boys and Men” – Why the Modern Male Is Struggling, Why It Matters, and What to Do about It, by Richard V. Reeves. წიგნის გამოსვლის თარიღი: 21 მაისი, 2024

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

წერის გაკვეთილები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“