საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სკოლებმა დანერგეს სწავლების მეთოდები, რომლებიც ტიპური მოდელებისგან განსხვავდება. დისტანციური სწავლება გლობალურად გამოიყენა მრავალმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მათ კი, ვინც კარგი შედეგი აჩვენეს, მისი კომპონენტი დაიტოვეს სწავლების ფორმად. ასე შეიქმნა ჰიბრიდული სწავლების სხვადასხვა მოდელი. ჰიბრიდული მოდელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სილაბუსის ნახევრის ვირტუალურ საკლასო სივრცეში გადატანა. ეს არის ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს პირისპირ და ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს, რათა შეიქმნას ყველაზე მოქნილი და შედეგიანი სასწავლო გამოცდილება.
რა არის ჰიბრიდული სწავლება?
ჰიბრიდული სწავლება ისეთი მოდელია, როცა მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილს ესწრება კლასში, ნაწილი კი რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით არის ჩართული ვირტუალურად, თუნდაც სახლიდან. მასწავლებელი ერთდროულად ასწავლის ორივე ჯგუფის მოსწავლეებს ვიდეოკონფერენციების, პრეზენტაციებისა და სხვა პროგრამული საშუალებების გამოყენებით.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰიბრიდული სწავლება აერთიანებს ისეთ ასინქრონულ სასწავლო ელემენტებს, როგორიცაა ონლაინ გაგზავნილი დავალებები, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოლექციები და სხვა. როცა სასწავლო პროცესი კარგად არის დაგეგმილი, ჰიბრიდული სწავლების მეთოდის გამოყენებით განათლება გაცილებით მეტი მოსწავლისა თუ სტუდენტისთვის ხდება ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ ჰიბრიდული სწავლება წარმატებული იყოს, კურსის ყველა ელემენტი კლასის საჭიროებებს უნდა მოერგოს.
რა განსხვავებაა ჰიბრიდულ და შერეულ სწავლებას შორის?
სწავლების ამ ორ ფორმას ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან, რადგან მსგავს ელემენტებს მოიცავს, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სასწავლო მოდელია. შერეული სწავლება პერსონალურ სწავლებას აერთიანებს ასინქრონულ სწავლებასთან, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ონლაინ სავარჯიშოებზე და უყურებენ სასწავლო ვიდეოებს პროგრამის შესაბამისად.
ჰიბრიდული სწავლების დროს მასწავლებელი ერთდროულად ასწავლის პირისპირ და ონლაინ მოსწავლეებს. ასინქრონული სწავლების მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სინქრონულთან ერთად, როცა მასწავლებელი ინსტრუქციას პირისპირ აძლევს მოსწავლეს.
როგორც ონლაინ, ისე პირისპირ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჰიბრიდული სწავლების მიზანია ამ ორი ფორმატის გაერთიანება უნიკალური სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად.
ჰიბრიდული სწავლების ერთ-ერთი მოდელი
ჰიბრიდული სწავლების მრავალი ფორმა არსებობს. არჩევანი დამოკიდებულია მასალის შინაარსზე, მოსწავლეების საჭიროებებსა და მასწავლებლის შესაძლებლობებზე. დიაგრამა ასახავს კრისტენსენის ინსტიტუტის (Christencen Institut) მიერ შემუშავებულ მოდელს.
ჰიბრიდული სწავლების დადებითი მხარეები:
- სწავლების მოქნილობა – ევროპის ქვეყნებში მრავალი სკოლა გადავიდა ჰიბრიდულ რეჟიმზე სასწავლო გრაფიკის მოქნილობის გამო. ამ დროს მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები. ამასთან, განათლების მიღების შესაძლებლობას არ კარგავენ ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. საქმიანი ურთიერთობა ყალიბდება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
- სინქრონული კომუნიკაციის შესაძლებლობა – ზოგიერთი მოსწავლე უფრო გაბედული და თავდაჯერებულია, როცა პირისპირ კომუნიკაცია არ უწევს. სწავლების ჰიბრიდული მიდგომა მას საშუალებას აძლევს, უფრო ხშირად ჩაერთოს დისკუსიებში, დებატებში. გარდა ამისა, დრო ეფექტურად იხარჯება სინქრონული ჯგუფური მუშაობისთვის, პრეზენტაციებისა და კითხვა-პასუხისთვის.
- დროის მენეჯმენტისა და აკადემიური თავისუფლება – ონლაინ სწავლება ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს. მას შეუძლია, ისწავლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ხელახლა გაიმეოროს მასალა. ასეთი მოსწავლეები დამოუკიდებელი მსწავლელები არიან და თვითმართვის უნარები კარგად აქვთ განვითარებული.
- რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება – მასწავლებელს საშუალება აქვს,გამოიყენოს მრავალი ელექტრონული რესურსი. მათ მოძიებას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ როცა შედეგი კარგია, დახარჯულ ენერგიაზე აღარავინ ფიქრობს.
რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ჰიბრიდული სწავლების რომელიმე ფორმის გამოყენების დროს
- დაგეგმვა მოითხოვს საკმაოდ ბევრ დროსა და ფიქრს.
- დავალებების პირობები და ინსტრუქციები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების შესაძლებლობებს და გასაგები ენით იყოს დაწერილი.
- მოლოდინი წინასწარ უნდა განისაზღვროს.
- უნდა განისაზღვროს სემესტრის ბოლოს მისაღწევი მიზანი.
- უნდა განისაზღვროს მოკლევადიანი მიზნები.
- ეს მიზნები გააცანით მოსწავლეებს.
- შეიმუშავეთ შეფასების სისტემა.
- შექმენით დავალებების ბანკი. ეს დავალებები რესურსებთან ერთად განთავსდება ვირტუალურ კლასში, ღრუბლოვან სივრცეში ან ბლოგზე. მთავარია, მოსწავლეებისთვის ყველა მასალა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სივრცეში.
- სემესტრის ბოლოს მისაღწევი მიზნებიდან უკუსვლით დაგეგმვა უზრუნველყოფს დავალებების შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან.
- შეადგინეთ აქტივობათა რუკა, რომელზეც თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი დრო, აქტივობა, რესურსი, მიზანი.
- ბოლოს შეაფასეთ, რომელი აქტივობები აღმოჩნდა ეფექტური, სად ჰქონდათ მოსწავლეებს მაღალი შედეგები, რა მოითხოვს გაუმჯობესებას.
- პირისპირ სწავლებისას მნიშვნელოვანია:
ა) სინქრონული ჯგუფური ბრეიმშტორმინგი;
ბ) კლასის მოლოდინებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოკვეთა;
გ) თანამშრომლობითი, ნდობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბება;
დ) ზარებისა და პასუხის პროტოკოლის შექმნა;
ე) მოსწავლეებისთვის სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის უზრუნველყოფა.
- განსაზღვრეთ ონლაინ კომპონენტის წილი მთლიან კურსში – ჰიბრიდული კურსის მთავარი ელემენტია ინფორმაციის სწორი მიწოდება. ინდივიდუალური დავალებები, უმჯობესია, შესრულდეს ვირტუალურად. ასევე გამოიყენეთ: ა) დამოუკიდებლად სწავლების ან დავალების დამოუკიდებლად დასრულების მეთოდები; ბ) ასინქრონული ჯგუფური დისკუსიები; გ) თვითშემოწმებადი ტესტები და ქვიზები; დ) წერილობითი კრიტიკული ანალიზი და დისკუსია; ე) ვიდეო- და აუდიომასალები.
გამოყენებული ლიტერატურა: