კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ციფრული ჩვევები და მათი შემოწმება

0

ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, მოზარდებში თავს იჩენს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება. ჩვენი მოსწავლეები ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ. ზოგს შეუძლია აამოქმედოს თვითკონტროლის მექანიზმები, ნაწილს მშობლები ეხმარებიან დროის კონტროლში. გვრჩება კიდევ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, რომელთაც სჭირდებათ დახმარება დამოკიდებულების შემცირების, შესაბამისი ჩვევების გამომუშავებისა თუ განმტკიცების კუთხით. ამავდროულად ვიცით, რომ სოციალურ ქსელებში და ვიდეო-თამაშებთან განუსაზღვრელი დროის გატარება მოზარდის ფსიქიკასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

როგორ დავაფიქროთ მოსწავლეები იმ დროზე, რომელსაც ახალგაზრდები ჭკვიან მოწყობილობებთან ატარებენ? როგორ ჩამოვუყალიბოთ ციფრული ჩვევები? რა და როგორ შევთავაზოთ სანაცვლოდ?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ციფრული ჩვევების გამოვლენისა და შემოწმების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ რესურსის გამოყენებით მოზარდებს ვუბიძგებთ, თვითონ გაწერონ გეგმა-ნაბიჯები, რათა გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები ან უფრო განიმტკიცონ სასურველი ციფრული ჩვევა.

როგორ გამოვიყენოთ რესურსი?

შემოთავაზებული რესურსი შედგება რამდენიმე ნაწილისგან. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად ან წყვილში. მასწავლებელი ფასილიტატორის როლში გვევლინება და მკაფიო ინსტრუქციებით ეხმარება მათ აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლაში.

შეამოწმე

ჩამოთვალეთ თქვენი ციფრული ჩვევები და გვერდით დახატეთ შესაბამისი ემოცია (ციფრული ჩვევა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი).

არასასურველი ციფრული ჩვევების მაგალითი:

  • ყოველდღე 4-5 საათს სოციალური ქსელში ვატარებ;
  • დაუფიქრებლად ვაზიარებ სენსაციურ ამბებს/ფოტოებს;
  • მეგობრებს ვხვდები მხოლოდ ონლაინ;
  • გათენებისას და ძილის წინ ვამოწმებ ინსტაგრამს, ტიკ-ტოკს და ა.შ.;
  • მუდმივად ჩართული მაქვს ინტერნეტი/WiFi;
  • როცა მძინავს ტელეფონი მიდევს ახლოს/ბალიშის ქვეშ.

სასურველი ჩვევის მაგალითი:

  • სპეციალურ ვებგვერდებზე ვამოწმებ საეჭვო სურათებსა და ვიდეოებს;
  • ყოველდღე ვსწავლობ 10 ახალ უცხო სიტყვას აპლიკაციის დახმარებით;
  • ყოველკვირეულად ვკითხულობ სამეცნიერო სტატიას;
  • ვიყენებ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც მეხმარება დროის დაგეგმვაში.

ინსტრუქცია მასწავლებელს

დაფაზე/დიდი ზომის ქაღალდზე დაწერეთ ციფრული ჩვევის მაგალითები. შეიძლება დასაწყისში მოსწავლეებს გაუჭირდეთ ქცევის იდენტიფიცირება, ამიტომ გონებრივი იერიშით ერთობლივად გამოავლინეთ რამდენიმე მაგალითი.

შეარჩიე

შეარჩიე ერთი ან რამდენიმე ციფრული ჩვევა, რომელიც გინდა, რომ შეცვალო ან გააუმჯობესო. რატომ არის ამ კონკრეტული ჩვევის/ჩვევების შეცვლა/გაუმჯობესება მნიშვნელოვანი?

ინსტრუქცია მასწავლებელს

დასაწყისისთვის რთულად მისაღწევი მიზნის დასახვა არ არის სასურველი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განუმარტოთ, რომ შეარჩიონ ისეთი ჩვევა, რომლის შეცვლა ან გამტკიცება არ არის დაკავშირებული დიდ სირთულეებთან. აქვე მათ მკაფიოდ უნდა დაასაბუთონ, რატომაა შერჩეული ციფრული ჩვევების შეცვლა ან გაუმჯობესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

გამოიწვიე

გამოიწვიე საკუთარი თავი. შეადგინე/ჩამოაყალიბე მკაფიო გეგმა და აღწერე, როგორ აპირებ ჩვევის შეცვლას/ჩანაცვლებას/განმტკიცებას. იფიქრე, როდის გააკეთებ რაღაც განსხვავებულს და რის გაკეთება შეგიძლია არასასურველი ციფრული ჩვევის სანაცვლოდ. რით ჩაანაცვლებ უარყოფით ჩვევას?

ინსტრუქცია მასწავლებელს

ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, თუ რის შეცვლა გვინდა, არამედ მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ ისინი სანაცვლოდ. ამით ჩვენ ვუბიძგებთ მათ ფიქრისა და მოქმედებისკენ.

გაამყარე/გააძლიერე შენი გამოწვევა

არასასურველი ციფრული ჩვევის შეცვლა დამატებით სტიმულს საჭიროებს. იფიქრე იმაზე, რა შეგიძლია გააკეთო, რომ უკან არ დაუბრუნდე ჩვევას. საკუთარ თავს მიეცი პირობა და დაწერე მისი შესრულების თარიღი.

ინსტრუქცია მასწავლებელს

მავნე ჩვევებზე უარის თქმა უფროსებსაც გვიჭირს. რამდენჯერ დაგვიწყია დიეტა, ვარჯიში, უარი გვითქვამს ალკოჰოლის მიღებაზე… მაგრამ, ნებისყოფა ბოლომდე არ გვყოფნის. ამიტომ, მოზარდებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებთან ერთად განიხილოთ ის ბარიერები, რომელთაც შეიძლება წააწყდნენ/შეეჯახონ ჩვევაზე უარის თქმის ან დადებითი ჩვევის განმტკიცების პროცესში. ამიტომ, შესთავაზეთ მოსწავლეებს, უარი თქვან ჩვევაზე სამი დღით, შემდეგ ერთი კვირით, გაზარდონ ორ კვირამდე და ა.შ. თუ ვერ შეძლებენ, განმარტონ – რატომ? თუ შეძლებენ, განმარტონ – როგორ? რით ჩაანაცვლებენ? ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შესთავაზოთ შემდეგი: ხომ არ აჯობებს გადახედოთ/დაუბრუნდეთ თავდაპირველ ჩამონათვალს და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც უფრო დაძლევადია/რომელზე უარის თქმაც უფრო მარტივია.

სავარჯიშოს შესრულებისა და შემდგომი დისკუსიების/განხილვების დროს შეიძლება გამოვლინდნენ მოსწავლეები, რომლებსაც მსგავსი ციფრული ჩვევები აქვთ შერჩეული. მეტი მდგრადობისთვის შესაძლებელია, შესთავაზოთ დაწყვილება და პარტნიორთან ერთად დაგეგმვა.

თვალ-ყური ადევნე „მოგზაურობას“

ციფრულ ჩვევებზე უარის თქმა ან დადებითი ჩვევის უფრო განმტკიცება ხანგრძლივი პროცესია. ის მოკლე დროში ვერ მიიღწევა. მნიშვნელოვანია, გავზომოთ ჩვენი პროგრესი. ყოველდღე დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • როგორ ასრულებ გამოწვევას და გეგმას?
  • რამ გაართულა დღეს გამოწვევის შესრულება ან რამ გააადვილა?
  • რა შეიძლება გააკეთო ხვალ უკეთ?

ინსტრუქცია მასწავლებელს

მოსწავლეებმა თვითდაკვირვებისთვის შეიძლება აწარმოონ დღიური, გააკეთონ ჩანაწერები, ჩაწერონ დოკუმენტური ხასიათის ვიდეო-ჩანაწერები. ჩანაწერები მნიშვნელოვანია შედარებისთვის. დათქმული დროის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი პროგრესის შეფასება და კლასში გაზიარება.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ მათ აქვთ ძალა, შესაძლებლობა და ნებისყოფა წინ აღუდგნენ ისეთ ციფრულ ჩვევებს, რომლებიც არ მოსწონთ ან დავანახოთ სასურველი ციფრული ჩვევების განმტკიცების გზები. გამხნევების მიზნით, ვუთხრათ, რომ დაიწყონ პატარა ნაბიჯებით. პირველ ეტაპზე, საკუთარ თავზე გამარჯვების კარგ მაგალითად გამოდგება სასურველი ჩვევის განმტკიცება.

შემოთავაზებული რესურსი მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის ვებგვერდზე განთავსებული მასალების მიხედვით და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. ორიგინალურ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულით:

https://pz.harvard.edu/resources/digital-habits-checkup

მოსწავლეებისთვის დასარიგებელი მასალის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ.

მეთერთმეტე ჟამის შემდეგ

0
„სამყარო, მსგავსი სამკაულის,
ვარსკვლავთა ხომლით შემკულია,
დავეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ,
თუმცა ეს ძებნაც მეფურია“.
დიმიტრი წიკლაური, „ქორების მიწა“
 
 
„ზეშთაგონება ვეება არწივს ჰგავს, დასაფრენ ადგილს რომ დაეძებს კუშტი მზერით. ადგილს თუ ვერ დაახვედრებ, სხვაგან გაეშურება“, – ეს სიტყვები, წერილის კამერტონად, თავად მიკარნახა დიმიტრი წიკლაურის რომანის გმირმა – მალქოზმა. ამ მეტაფორულ აზრში ჩემს სათქმელსაც დავამკვიდრებ – წიგნი, რომელზე ფიქრი და საუბარიც მსურს, სწორედ ზეშთაგონების არწივის დასაფრენი ადგილია, და რაც მთავარია – ავტორიც მისი მასპინძელია და მკითხველიც. ეს წიგნი დიდი შეხვედრის ადგილიცაა, სადაც ზეშთაგონების ცეცხლოვანი ფრინველის ფრთებქვეშ ერთდროულად რწყულდება მწერალიც და მკითხველიც.
იშვიათად ცოცხალი წიგნია, თითქოს შენს თვალწინ ახლა, კითხვის მომენტში იწერება, ამოწმებ კიდეც შემდგომ ფურცლებს – წარმოიდგენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცარიელია. სტიქიური სუბსტანციაც აქვს – მედინია, როგორც წყალი და სივრცეში მქროლავიც, როგორც ქარი. ეს სტიქიები შენში იღვრებიან და გრძელდებიან კიდეც. ზეშთაგონების ვეება არწივი ავტორის ხმას აგადევნებს. როგორც თავად ავტორია თავის ხმებს ადევნებული, თავის ღონიერ ფრინველს, დიდ სულს, სულიწმიდას.
დიმიტრი წიკლაურს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც პოეტს. გამორჩეულ, თვითმყოფად პოეტს, რომლის პოეზიაც პოლარულ ნათებაში სამყაროს უცხო ხმების შესაკრებელს ჰგავს. ცოტა ხნის წინ ამ ხმებმა პროზაულ ტექსტებშიც გადაინაცვლა. „ქორების მიწა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) კი მისი პირველი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ეს რომანი მისი სულიერი ცხოვრების გამოცდილებაცაა, ერთგვარი ლიტურგიკული აქტი, პოეტური მედიტაცია. ის მწერლის საჯილდაო ქვაა, საკუთარი თავისთვის ამოცანის გართულება („მოშაირე არა ჰქვია, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“). თავადვე განმარტავს – „გრძელ ამბავს როცა ჰყვები, თითქოს ვრცელ დარბაზს ალაგებდე“, მწერალიც მეფური სიდინჯით და სკრუპულოზურად იწყებს „დარბაზის დალაგებას“.
ეს დარბაზი კი მართლაც ვრცელია, თუმცა ამ რომანშიც, ისევე როგორც დიმიტრი წიკლაურის მთელ შემოქმედებაში, მეტადრო და მეტასამყაროა – არც მოვლენა კონკრეტდება და არც ადამიანი, ისინი არქეტიპული სახეები და პატერნებია. „ქორების მიწა“ არაქანსა და შავრაზე მოგვითხრობს, მდინარე ქორიშაზე, კეშეს ციხეზე. ამ სამყაროში ფულს უნციით ითვლიან, ხორცს დერვიშების სამოსით იფარავენ… ყველაფერი გამოგონილია, წარმოსახული, მაგრამ ეს მაინც არაა მაგიური რეალიზმი, ეს კიდევ რაღაც სხვაა, ქართული ლიტერატურისთვის სრულიად ახალი მხატვრულ-სააზროვნო სივრცეების მოხელთება, სადაც ერთმანეთს ნატიფი საზღვრებით ერწყმის ღვთაებრივი და ადამიანური პლასტები, სიბრძნისა და სისულელის მაგია. რომანში ცნაურდება ბიბლიური/სახარებისეული ალუზიები, სივცობრივადაც და აზრობრივადაც ამ სამყაროს პირველსამშობლო სწორედ ბიბლია და სახარებაა – მზის ჭავლში გამლღვალი პეიზაჟები, ხრიოკი და უდაბური ლანდშაფტები, ღონივრად მოშრიალე სიმწვანეები… ეს დიმიტრი წიკლაურის პოეტური ლანდშაფტია – ადამიანის ფიზიკური და მეტაფიზიკური მოგზაურობის კონტურებით დატეხილი.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ხატმწერი ბეზაროა, რომელიც ბიძასთან, ქალაქ არაქანში, მეთერთმეტე ტაძრის მხატვრად ჩავიდა. თერთმეტი – ესაც სიმბოლური რიცხვია, მასაც მკაფიოდ განმარტავენ წიგნის გმირები – „ჩვენ მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებნი ვართ“. მეთერთმეტე, ანუ უკანასკნელი ჟამის ბინადრობა მწირი სულიერი ღვაწლის მფლობელობას ნიშნავს, ის ყველაზე უკეთ თანამედროვე ადამიანს ერგება – სულიერად დამცრობილს, ღვთის მოშურნეობისგან შორს მყოფს, რომელსაც ღვთის სამკალში მუშაკობის მხოლოდ მეთერთმეტედი მოუსწრია. „ქორების მიწაც“ სულდაწრეტილ ადამიანებზეა, ცოდვის კალოზე, სადაც სიცოცხლის საზრისებისთვის კუდის ხელში წავლება მოსასწრებია.
ბეზარო ხატმწერი არაქანში დარბაიძეების საგვარეულო ამბების მომსწრე გახდება. გერა, გაბრიელი და გობრონი – სამი თაობის ოჯახია, კაცობრიული გზის მიკრომოდელი – ადამიანური ვნებებით, აღზევებით და დაცემით. ოჯახის უფროსი გერა ახალი ქალაქის აშენების, სიმდიდრის მოხვეჭის, ფლობის და მართვის ვნებითაა შეპყრობილი. ეს ვნება კი დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ იქცა მის პირად ჯვარცმად – გერას შვილიშვილი, ანგელოზური მშვენიერების და უმანკოების მქონე გოგონა, გვანცა, მდინარეში დაიღუპება. გვანცას მამა და გერას ვაჟი – გაბრიელი სულით მეომარია და სულ ომს მიელტვის. გვანცას ძმა, გობრონი კი, პაპამ რომ ოჯახის მემკვიდრედ დაასახელა და მთელი თავისი ტანჯვა-წვალებაც მას მიუძღვნა, უკანასკნელი ცოცხალი რჩება დარბაიძეების ძველი და მძლავრი გვარიდან და მის ბედსაც წინაპრების ცოდვა-ბრალი განაპირობებს…
მიუხედავად იმისა, რომ „ქორების მიწა“ მრავალფეროვანი სიუჟეტით არ გამოირჩევა (ეს არაა ე.წ. სიუჟეტური რომანი), თხრობის დინამიკა მაინც მძლავრია, გულისცემასავით მკაფიო, ამის მიზეზი კი არაერთია – უპირველესად, შინაგანი თხრობის სივრცეები, ერთდროულად პოეტურ-მეტაფორულიც და კონკრეტულიც, უბრალოც და ძვირფასიც. „ფერდობი შეკითხვებით მომავალ მომლოცველთა კიბეს ჰგავდა“ – თუნდაც ამ ფრაზაში რამდენი ფერი და აზრია ჩამუხტული! დიმიტრი წიკლაურის თხრობის მაგია ამ მეტააზროვნებაშია, მდუღარე რეფლექსიაში, რომელიც სამყაროსეულ ცოდნას (ჭეშმარიტებას) მოიხელთებს და აქცევს მას ლიტერატურად, იმ ძალად და სიტყვად, მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებთ რომ მოხვდებათ გულზე!..
საოცრად სახიერი და მეტყველია თითოეული პერსონაჟი, თავიანთი ხასიათით, მონოლოგებით, ცხოვრების ფილოსოფიით. მათ ერთმანეთისგან ასაკი, გამოცდილება და ძალაუფლების ვნების ხარისხი ყოფთ. „ქორების მიწა“ ძველი და ახალი სამყაროების კონფლიქტსაც აღწერს, ძველი და ახალი თაობების ბრძოლას, ფასეულობათა რღვევას, ხრწნისა და დაცემის რეტროსპექტივას. ოღონდ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ძველს უპირობოდ ახალი სჯაბნის, ანდა სჯობნის. დიმიტრი წიკლაურს ამგვარი ტრივიალური „ჭეშმარიტებებისთვის“ არ სცალია, მისი ფიქრის და ძიების საგანი სხვა სიმართლეებია, უფრო შორი და რთული, ამავდროულად საოცრად მარტივი და ნამდვილი. სწორედ ამ სიმართლეთა გამოსათქმელად შემოჰყავს მას სცენაზე სალოსი ბერი მალქოზი – ეს სრულიად გამორჩეული სახე ქართულ თანამედროვე მწერლობაში. მალქოზის სალოსური „პირისქარი“ მამხილებელიცაა და თანამლმობელიც. მისი სიბრძნე (ადამიანთა ენაზე სისულელე) რომანის აღმავალი დინამიკაა, და თუ სცენოგრაფიულად შევხედავთ, სწორედ მალქოზის გმირის გადაკვეთა ტექსტის სივრცესთან, ქმნის ჯვრის ალუზიას, სამყაროს ოთხი მხარის ჯვრულ არქიტექტურას, რომელიც ამ სამყაროს სახე-სიმბოლოცაა და საიქიო სამეფოსიც. მალქოზი რომანის მთავარი არტერიაა, მის სიტყვაში, როგორ ემბაზში, უნდა გაივლოს ყველა კითხვა და პასუხი, მან უნდა „გააგრილოს“ ენისწვერზე ანგელოზებისგან დაღვენთილი მდუღარე სიბრძნე, რომ ადამიანებს პირი არ დასწვას. „ცა ოქროს სამჭედლოა მდიდრული წიაღით, მონეტების სალარო გეგონება წკრიალა ვარსკვლავებით, სადაც უკიდურესი სიძველეც ახალივით ბრჭყვიალებს“; „კაცს ცოდვების გამო კი არ უნდა აქციო ზურგი, არამედ ღირსების გამო გვიყვარდეს!“; „ჩვენ რომ გამოცდილებას ვუწოდებთ, სინამდვილეში იმედგაცრუება ეწოდება. ნამდვილ მებადურს ოქროს თევზის მოლოდინი აქვს, ამიტომაც უფრთხილდება ბადეს“; „ფსკერისთვის განკუთვნილი ქვებით განა ზედაპირს აპირკეთებენ?“; „ვინც ჩარჩოებს წარმატებით ამსხვრევდა, ამაგის ნიშნად ჩარჩოში ჩასვამენ“ – და ასე შემდეგ…
ამ რთულ და უძირო ფიქრებში, სიტყვებში, სენტენციებში მაინც ღონივრად მოჩანს მწერლის გამჭვირვალე ღიმილი. ამაში მას იუმორიც ეხმარება. დიმიტრი წიკლაურს ოსტატური იუმორი აქვს – ჩქერში გამსხლტარი თევზივით თვალმოკვრით დასაგემოვნებელი. დიალოგებიც სხარტი და საზრიანია. აი, მაგალითად:
„- ორი დღე მომეცი. ორი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
– დღეში ერთ საქმეს აგვარებ?“.
„ქორების მიწა“ კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს უტრიალებს – დავარქვათ მას პირობითად, სულის ეკოლოგია. ადამიანის დაცემა ბუნებაში აირეკლება, მით უფრო მაშინ, როცა ძალაუფლებისთვის ქალაქის იერსახესაც შებღალავ და მდინარეს კალაპოტს შეუცვლი. ბუნება პასუხ(ებ)ს იძლევა და ეს ადამიანს ძვირად უჯდება. „ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსწრება მთავარი საქმე სულაც არ ყოფილა“ – ეს რომანის ერთ-ერთი ფინალური ფრაზაა, იმ შეკითხვებისა და პასუხების ზარდახშასავით სავსე, რომლებითაც მთელი წიგნია მოკირწყლული.
დიდი მოგზაურობის ნისლებიდან ცხოვრების უკანასკნელი ეპიზოდისკენ მიიწევს ბეზარო ხატმწერი – მეთერთმეტე ტაძრის მხატვარი.
ზეშთაგონების ვეება არწივიც ამ უკანასკნელ ფურცლებთან ჩამოდებს ფრთებს, ჩამოისვენებს, რათა ახალი აღმაფრენისთვის მოემზადოს. ნეტა მას, ვისაც ამ ფრთებით აიყოლებს და ნეტა მას, ვინც თავს, როგორც დასაფრენი ალაგი, ისე დაუთმობს!.. დიმიტრი წიკლაურის „ქორების მიწა“ მომავალი შეხვედრების ადგილიცაა, ახალ ტექსტებში, ახალ ფიქრებში, ბოლოს და ბოლოს, ახალ ჟამში შეხვედრის ადგილი, მეთერთმეტე ჟამის ვნებაგადალახული, ახალი სამეფოების მოხილვის, ფრენის ვნებით სავსე, მართალი და ნამდვილი!

გაზომვები

0

გაზომვის უნარებს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყოფა-ცხოვრებაში, მეცნიერებაში, თამაშში, სპორტსა და სხვა სფერებში. გაზომვის ცოდნა მნიშვნელოვანია მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მაგალითად, ის უზრუნველყოფს მდიდარ და მნიშვნელოვან კონტექსტს რიცხვითი უნარებისა და სივრცითი ცნებების გამოსაყენებლად. გაზომვა ასევე უზრუნველყოფს კავშირს მათემატიკასა და სხვა სასკოლო საგნებს შორის. საზომი ხელსაწყოების, გამოყენებისა და ამ ხელსაწყოებით შეფასების უნარი აუცილებელი უნარებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ ჩვენ გარშემო არსებული „სამყარო“. ყოველდღიურ ცხოვრებაში მანძილების გასაზომად ვიყენებთ სხვადასხვა ერთეულს. იმისათვის, რომ საგანი შეფასდეს, ის უნდა გაიზომოს სტანდარტული ერთეულით. ამრიგად ზომა და ზომის ერთეულები მეტად აქტუალურია. მოგითხრობთ, როგორ შეასრულეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაზომვები. გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას გაზომვის სასწავლო გეგმაში ჩართვის მიზნით.

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

თემატური ბლოკი: გაზომვა

თემა: სიდიდე

საკითხი: სიგრძე. სიგრძის ერთეულები

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა. მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება;
  2. საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება;
  3. რეალური სიტუაციის ან პრობლემის გადაჭრის დროს ნაშთით გაყოფის გამოყენება ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას.

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • სტანდარტულიერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით.
  • გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით.
  • გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულითა და სტანდარტული ხელსაწყოთი ხორციელდება.

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვიყენებ სიგრძის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს ჩვენ ირგვლივ არსებული საგნების გასაზომად?

დრო: 4-5 სთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას, რაც ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ, გაიზარდა მოტივაცია, ჩართულობა; ამაღლდა საკითხის გაგების ხარისხი:

აქტივობა1: სიგრძის საზომი ერთეულები

თემას ვიწყებ შეკითხვით, ხომ ვერ მეტყვით, რა სიგრძისაა თქვენი მათემატიკის სამუშაო რვეული? მოვისმინე სხვადასხვა პასუხი – ზოგი სიზუსტესთან მიახლოებული, ზოგიც ძალიან დაშორებული. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რვეულის სიგრძე თავიანთი გოჯით გაეზომათ. შევახსენე, რომ გოჯი უძველესი საზომი ერთეულია და ცერა თითის სიგრძეს ნიშნავს მისი ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გაზომვის შედეგები, რასაკვირველია, სხვადასხვა იყო. შემდეგ გავმართეთ მცირე დისკურია, მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს:

  • ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რვეულის სიგრძე 7 გოჯია? – რატომ მივიღეთ რვეულის სიგრძე სხვადასხვა?
  • რა უნდა ვქნათ, რომ რვეულის გაზომვისას ყველამ ერთნაირი სიგრძე აჩვენოს? – რა ხელსაწყოა თქვენ წინაშე?
  • რა არის სახაზავზე გამოსახული და რას გვიჩვენებს ის?
  • შესაძლებელია თუ არა რვეულის ზუსტი სიგრძის დადგენა სახაზავის გარეშე?

ამის შემდეგ ვთხოვ მათ, სახაზავით გაზომონ რვეულის სიგრძე, თუმცა უჭირთ სიგრძის შესაბამის რიცხვებსა და ერთეულებში გამოსახვა/წაკითხვა. სწორედ ამ დროს ვაცნობ თემატური ერთეულის დასახელებასა და მიზანს: გავეცნობით სიგრძის ერთეულებსა და მათ შორის თანაფარდობას. დიდ საზომ ერთეულებს გადავაქცევთ მცირედ და პირიქით, ასევე დავამზადებთ სახაზავს. სახაზავის დახმარებით გავზომავთ სხეულის სიგრძეს.

შემდეგ ვეცნობით მასის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს. სქემა მოსწავლეებს ეხმარება მასალის აღქმასა და დამახსოვრებაში.

აქტივობა 2. ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება

საკლასო სივრცეში ვაკეთებთ სავარჯიშოებს, მოსწავლეთა საერთო საკლასო ორგანიზებით, ასევე ინდივიდუალურს: 32 მ=…სმ; 5000კმ=…მ; 8დმ=…სმ 3500მ =… კმ…მ და ა.შ.

აქტივობა 3. ქვიზი

ამის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ინდივიდუალურ სამუშაოს, ქვიზის სახით.

 

ქვიზი

1. რამდენია სურათზე გამოსახული ფანქრის სიგრძე?

ა) 11სმ. ბ) 5სმ. გ) 6სმ. დ) ჩამოთვლილთაგან არცერთი

2. თუ გიომ ფეხით გაიარა 5კმ. და 300მ., რამდენი მერტი გაიარა მან?

ა) 3500მ; ბ) 530მ; გ) 5300მ; დ) 350მ.

4.    18 მმ. იგივეა, რაც – – –

ა) 18სმ; ბ) 180სმ; გ)1სმ 8მმ; დ)8სმ.

5.    ჩამოთვლილთაგან რომელია რიგით უმცირესიდან უდიდესამდე?

ა) მილიმეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, კილომეტრი;

ბ) კილომეტრი, მეტრი, სანტიმეტრი, მილიმეტრი;

გ) მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი;

დ) სანტიმეტრი, მილიმეტრი, მეტრი, კილომეტრი.

6.    დავითი 102სმ. სიმაღლისაა, ანი 1020მმ.-ის. რომელია უფრო მაღალი?

ა) დავითი; ბ) ანი; გ) არც ერთი მათგანი.

7. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 5სმ=…; მმ ბ) 8სმ=…მმ; გ) 5სმ3მმ=…მმ; დ) 10სმ6მმ=…მმ.

8. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 400სმ=…მ; ბ) 850სმ=…მ…სმ; გ) 1200სმ=…მ; დ) 765სმ=…მ…სმ.

9. გადააქციე თითოეული სიგრძე მითითებულ ერთეულში

ა) 8კმ580მ=…მ; ბ) 8კმ 58მ=…; გ) 4500მმ=…მ…სმ; დ) 9მ1სმ=…სმ.

 

ქვიზის ანალიზის შემდეგ მსგავს სავარჯიშოს ვუბრუნდებით. ამჯერად მეტი წახალისებისათვის ვიყენებთ ონლაინქვიზს, რომელიც იქვე ამცნობს მოსწავლეს სწორ პასუხს, შეცდომის შემთხვევაში კი იძლევა უკუკავშირს საკითხის ახსნა-განმარტების სახით.

https://www.turtlediary.com/quiz/metric-units-of-length.html

აქტივობა 4: გამოვთქვათ ვარაუდი, გავზომოთ:

მოსწავლეებს ვაძლევ ასეთ დავალებას: ზოგიერთი საგნის სიგრძე გაუზომავად, „ვარაუდით“ დაასახელონ. შემდეგ კი ზოგიერთი (რომლის გაზომვას შეძლებენ საკლასო სივრცეში) გაზომონ ხელსაწყოებით და მონაცემები ჩაწერონ გაზომვის „შედეგებში“. შეადარონ მათი ვარაუდები გაზომვის შედეგს და გააკეთონ დასკვნები.

 

აქტივობა 5: შექმენი სახაზავი.

მოსწავლეებმა მუყაოს ქაღალდზე, ხის ჩხირებსა და სხვა საგნებზე, რომელთაც სახაზავის ფორმა მისცეს, დაიტანეს სკალა მილიმეტრებისა და სანტიმეტრების სტანდარტული ზომებით. წარმოადგინეს საკლასო სივრცეში. ისინი შექმნილ სახაზავებს იყენებენ მონაკვეთების გასაზომად.

 

აქტივობა 6: სახაზავის გამოყენება.

მოსწავლეები ეუფლებიან მონაკვეთების გაზომვას სახაზავის გამოყენებით და შედეგის შეფასებას. ასევე ვიყენებთ ელექტრონულ სახაზავს. პატარა ბარათებზე ინდივიდუალურად ასრულებენ მონაკვეთის გაზომვისა და დახაზვის სავარჯიშოებს, რომლის შედეგების საფუძველზე თითოეულს ვაძლევ შესაბამის განმავითარებელ შეფასებას.

 

აქტივობა 7: გაზომე საგნები შენ ირგვლივ.

დიდი ზომის საგნების გასაზომად გამოვიყენეთ სახაზავის ლენტი, ასევე ტელეფონებში ჩამოტვირთული აპლიკაცია, რომელიც სწრაფად ზომავს სიგრძეებს ტელეფონის ეკრანის დიაპაზონში, წერტილიდან წერტილამდე. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა: https://play.google.com/store/apps/details?id=org.nixgame.ruler&hl=en_US

მოსწავლეებს ისევ გამოვათქმევინე ვარაუდი საკლასო ოთახის, დაფის, მაგიდის სიგრძეების შესახებ. შემდეგ კი მათ გაზომეს სიგრძეები და გამოსახეს შესაბამის ერთეულებში.

აქტივობა 8: თემის შეჯამება

თემის დასასრულ, მოსწავლეებს ვთხოვე, გაეზიარებინათ, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. უმრავლესობამ აპლიკაციის გამოყენებით საგნების სიგრძეთა გაზომვა დაასახელა, რამდენიმემ – სახაზავის შექმნა.

თემის შეჯამებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს საკითხი, შეუძლიათ ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება; საზომი ხელსაწყოების გამოყენება და შედეგების შეფასება. გაზომვა არის სახალისო, საინტერესო ფუნდამენტური საკითხი და ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ამ თემასთან დავაშირებული უნარების განვითარებაში, არამედ სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
  2. მათემატიკის გზამკვლევი მე-5კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.

 

სიმსივნე და თამბაქოს მოხმარება

0

მასწავლებლობა ძალიან საინტერესო, რთული, საპასუხისმგებლო, კომპლექსური პროფესიაა. მარტო საგნის ცოდნა არ კმარა, მოსწავლეებთან ურთიერთობისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის უნარი. ფიზიკაც უნდა აუხსნა, მოაწონო, დააინტერესო, გარდატეხის ასაკში მისი თავისებურებებიც გაითვალისწინო, ხმის ტემბრი აკონტროლო, ყველა სიტყვა და წინადადება წინასწარ აწონ-დაწონო. მოსწავლის მრჩეველიც უნდა იყო და… კიდევ უამრავი მოვალეობა უნდა შეასრულო. ყველა ასაკში სხვადასხვა სირთულეა, მერვე-მეცხრე კლასი განსაკუთრებით იმატებს პრობლემები. ახალგაზრდა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ერთ დღეს ხელებზე „ქურდული“ ნიშნების ხატვა დაიწყოს, მეორე დღეს თამბაქოს სუნი აუვიდეს, მესამე დღეს გაკვეთილების სწავლას დაანებოს თავი და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. დიდი პრობლემაა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. მანდატურის სამსახური სხვა მეთოდებით „ებრძვის“ ამ პრობლემას, მასწავლებელი – სხვა. მოსწავლე სიგარეტის მოწევით „დიდობას“ ამტკიცებს. მოწევის თემაზე მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია გადავაფიქრებინოთ, თუმცა საუბარს ალტერნატივა არ აქვს. იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საქციელს არ ვამართლებთ, მაგრამ არც ვბრაზობთ. მთავარია, არ დავაფრთხოთ. მშობელთან საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო 2021 წლიდან ჩაერთო კამპანიაში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ეს დღე 31 მაისს აღინიშნება. დამრიგებლისთვის, ბიოლოგიის მასწავლებლისთვის კარგი იქნება საუბარი ამ დღეს დაუკავშიროს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც.

აქტივობა 1: სამეცნიერო ტექსტის დამუშავება და ანალიზი

კორელაცია მეცნიერებაში ორ ცვლადს შორის დამოკიდებულებაა. თამბაქოს მოხმარებასა და სიმსივნის გამოვლენას შორის დამოკიდებულება კორელაციის ერთ-ერთი მაგალითია. არსებობს ორი სახის კორელაცია. კორელაცია დადებითია, როცა ერთი ფაქტორის გაზრდით მეორეც იზრდება და უარყოფითია, როცა ერთის გაზრდით მეორე ცვლადი მცირდება ან პირიქით. სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარესა და თამბაქოს მოხმარებას შორის დადებითი კორელაციაა.

ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში მეტი სიგარეტის მოწევა ზრდის სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარეს. ასევე იკვეთება, რომ სწრაფია სიკვდილიანობა, თუ ადამიანი ეწეოდა და უცებ შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება. გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებით იზრდება პირის ღრუს, ხორხის, ხახის, ფილტვის კიბოს გამო გარდაცვალების სიხშირე. ეს მოსალოდნელია, რადგან სიგარეტის კვამლი კონტაქტში შედის სხეულის ნაწილებთან. ასევე დადებითი კორელაცია არსებობს მოწევასა და საყლაპავის, კუჭის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, პანკრეასისა და შარდის ბუშტის კიბოს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა კიბოების შემთხვევაშიც მაღალია, მწეველსა და არამწეველს შორის განსხვავებას ცხრილის მონაცემები არ აჩვენებს. იქ ჩანს, რომ მწეველები რამდენჯერმე უფრო ხშირად იღუპებიან ყველა სახის სიმსივნის შემთხვევაში, ვიდრე არამწეველები.

მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაო კორელაცია და მიზეზი. იმის აღმოჩენა, რომ დადებითი კორელაციაა მოწევასა და სიმსივნით გარდაცვალებას შორის, არ ნიშნავს, რომ მოწევა სიმსივნეს იწვევს.

სიგარეტის კვამლი მრავალ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ოცი მათგანი შეისწავლეს და გამოცადეს ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, ყველა მათგანმა გამოიწვია სიმსივნე. ამას გარდა, თამბაქოს კვამლში 40 კანცეროგენია. შესაბამისად, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მოწევა კიბოს რისკფაქტორია.

1951-2001 წლებში სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანი/წელიწადში
არამწეველი მწეველი დღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა
1-14 15-24 >25
ყველა სიმსივნე 360 466 588 747 1061
ფილტვის კიბო 17 68 131 233 417
პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის 9 26 36 47 106
სხვა ყველა სახის 334 372 421 467 538

 

სიგარეტის გავლენა ჯანმრთელობაზე

ყველაზე დიდი გამოკითხვა სიგარეტის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩატარდა ბრიტანელ მამაკაც ექიმებში. 1951-2001 წლებში გამოჰკითხეს 34 439 ადამიანი. შეისწავლეს რამდენი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ თამბაქოს და როდის გარდაიცვალნენ.

ცხრილში წარმოდგენილია ადამიანების დაავადებების გამოვლენის სიხშირე

დაავადების ტიპი არამწეველი 1-14 ღერი 15-24 ღერი >25
რესპირატორული (ფილტვები, ჰაერგამტარი გზები) 107 237 310 471
გულ-სისხლძარღვთა 1037 1447 1671 1938
კუჭი და თორმეტგოჯა 8 11 33 34
ღვიძლის ციროზი 6 13 22 68
პარკინსონის დაავადება 20 22 6 18

 

ცხრილის მიხედვით უპასუხე შეკითხვებს:

  1. დაადგინე, არის თუ არა დადებითი კორელაცია მოწევასა და სიკვდილიანობას შორის ცხრილში მოცემული ყველა დაავადების შემთხვევაში?
  2. როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდ გავლენას თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე ახდენს. ახსენი მიზეზი.
  3. ცხრილში მოცემული ინფორმაცია მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობის თამბაქოს მოხმარება უსაფრთხოა? პასუხი დაასაბუთე.
  4. ადასტურებს თუ არა ცხრილში მოცემული მონაცემები, რომ ღვიძლის ციროზის გამომწვევი თამბაქოს მოხმარებაა? რატომ?
  5. ცხრილი არ შეიცავს მონაცემებს ადამიანების გარდაცვალების შესახებ. სულ შვიდი სახის სიმსივნეა მოწევასთან დაკავშირებული, დაასახელე სამი მათგანი.

აქტივობა 2. მოაწყვეთ დისკუსია კლასში, სადაც განიხილავთ სტატიებს „თამბაქო – გლობალური საფრთხე“ და „მოწევა კლავს – ნუ წაართმევ შვილებს მომავალს“. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან მწეველი, არამწეველი და ყოფილი მწეველების მოსაზრებებს.

აქტივობა 3. მოსწავლეები მონაცემების გასაანალიზებლად დაამუშავებენ კვლევის შედეგებს, რომელიც ESPAD-ის მიერ 2019 წელს ჩატარდა.

აქტივობა 4: მოაწყვეთ ბროშურების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები თემაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.

აქტივობა მშობელთა საათისთვის – მშობლებს გააცანით ირმა კახურაშვილის წერილი „თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“. მასში ისინი წაიკითხავენ სასარგებლო რჩევებს მშობლებისთვის. (სკოლის როლი მშობელთა საზოგადოების გაძლიერებაც არის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს აქტივობა მშობლებთან დიალოგს შეუწყობს ხელს).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მსოფლიო თამბაქოს გარეშე – იხ. საქართველოს პარლამენტის04.2021 წ. დადგენილება 455-IVმს-Xმპhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/5148191?publication=0;
  2. ,,თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“ – ირმა კახურაშვილი https://mastsavlebeli.ge/?p=33845 , 2023 წლის 3 აგვისტო;
  3. Oxford IB Diploma Programme – 2014.

 

 

მშობლები და მოსწავლეთა შეფასება

0

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, შეფასება შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი. თუმცა მოსწავლეთა მშობლების საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ სკოლა მოსწავლის ცოდნას ქულებით აფასებს. განმავითარებელი შეფასების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა მშობელმა არ იცის. ოჯახისთვის ქულები ხშირად ერთადერთი ინდიკატორია იმის გასაზომად, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე.

ამ მოცემულობაში ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მშობელი შვილის ქულებით ინტერესდება. პირველი, რასაც ბევრი დედა თუ მამა შვილის შესახებ ეკითხება მასწავლებელს, ქულებია. ყველაზე მეტი უკმაყოფილება და ყველაზე მაღალი სასკოლო ჯილდოებიც ქულებს უკავშირდება.

პირად საუბრებში პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ აწუხებთ მშობლების გადაჭარბებული ინტერესი ქულების მიმართ. ზოგჯერ იმასაც მოისმენთ, რომ მშობლებს მხოლოდ ქულები აინტერესებთ და არა ბავშვის რეალური ცოდნა.

დავუშვათ, რომ ცალკეულ შემთხვევაში ეს ასეც არის და ჩავუღრმავდეთ, რა სავარაუდო მიზეზით შეიძლება ითხოვდეს მშობელი უმაღლეს ქულებს?

  1. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი საუკეთესოდ სწავლობს, ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს და გვერდში უდგას ბავშვს, რომ უსამართლობის განცდა არ ჰქონდეს.
  2. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი ბევრ საგანს კარგად სწავლობს და ამიტომ იმ საგნის მასწავლებელმაც უმაღლესი ქულა უნდა დაუწეროს, რომელსაც ბავშვი საუკეთესოდ არ თუ ვერ ძლევს.
  3. ზოგიერთ მშობელს აქვს ამბიციური მოლოდინი, რომ მისმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს წითელი ატესტატი, ოქროს მედალი და სახელმწიფოსგან კომპიუტერი. სკოლის დასრულების განსხვავებული სცენარი ვერ წარმოუდგენია, რადგან თავისი და შვილის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს, ხოლო უმაღლესი ქულები და ჯილდოები მშობლის სიამაყის განცდის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება.

ჩვენს ყოველდღიურობაში სამივე შემთხვევის უამრავი მაგალითი არსებობს. ამიტომ, სკოლას, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სამივე ვარიანტის მართვის სტრატეგია. დაწყებული პრევენციიდან, დასრულებული დამდგარი რისკის მართვამდე. თუ ამაზე პროფესიონალებს წინასწარ არ ექნებათ ნაფიქრი, ნამსჯელი, გრძელვადიან პერსპექტივაშიც მიიღებენ ისეთივე ქაოსს, რაც დღეს არის, რადგან სხვანაირად მშობლების დამოკიდებულება ქულების მიმართ არ შეიცვლება. გავრცელებული მიდგომა კი სასკოლო საზოგადოების უამრავი წევრის დროსა და განწყობას იწირავს.

ცოტა ხნით, გვერდზე გადავდოთ მშობლის სამართლიანი პრეტენზია, რაც, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს და განვიხილოთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მშობლის არაადეკვატური მოთხოვნით ბავშვს. როცა დედას/მამას აქვს შვილის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები, როცა ოჯახი ბავშვისგან მუდმივად ითხოვს ათიანებს:

  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მაღალი შფოთვა, რაც შეამცირებს მის პროდუქტიულობას და უარყოფითად იმოქმედებს ემოციურ წონასწორობაზე. შესაძლოა, დაუქვეითოს თვითშეფასება და გამოიწვიოს დემოტივაცია სწავლაში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაზეც.
  • მასწავლებელს, შესაძლოა, დაემატოს პროფესიული სტრესი. მას შეიძლება გაუჭირდეს მოსწავლის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით, რადგან ექნება მოლოდინი, რომ მას ან მოსწავლეს დაწერილი ქულების გამო მშობელთან მოუვა უკმაყოფილება.
  • თავად მშობელიც შესაძლოა იყოს სტრესში. მაღალი მოთხოვნების გამო ურთიერთობის ხარისხი გაუუარესდეს შვილთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე, სკოლის თანამშრომლებთან.

 

რა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებლებმა, იმისთვის, რომ მშვიდობიანად მართონ ეს პროცესები და ყოველ ჯერზე ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

  1. მნიშვნელოვანია, სკოლამ წარმატებით დანერგოს განმავითარებელი შეფასების სისტემა, რომელიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ შვილების შესაძლებლობები. დაინახონ ძლიერი და სუსტი მხარეები, ის სტრატეგიები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად; ის ძალისხმევა, რომელიც მოსწავლემ დახარჯა; და პროგრესი, რომელსაც მიაღწია.
  2. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციამ და კლასის დამრიგებლებმა V-XII კლასის მოსწავლეთა მშობლებს ერთჯერადად ელ. ფოსტით ან სხვა, მათთვის უფრო მოსახერხებელი საშუალებით პერსონალურად გაუზიაროს ინფორმაცია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნების, ამოცანების, კრიტერიუმებისა და აკადემიური მიღწევის დონის შესახებ, რათა მშობლებს შეექმნათ სრული წარმოდგენა.
  3. სკოლის ადმინისტრაციამ სხვადასხვა ფორმატში (პირისპირ შეხვედრა, მშობელთა კრება, საინფორმაციო ბიულეტენის გაგზავნა, სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ინფორმაციის განთავსება, საინფორმაციო დაფის გამოკვრა და სხვა) გააცნოს, რა კომპონენტებში დაიწერება მათ სკოლაში ქულები, რათა ყველა მშობლისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, რას აფასებს მათი სკოლა განმსაზღვრელი შეფასებით.
  4. დამრიგებლებმა წინასწარ შეთანხმებულ დროს პირისპირ ან online-ფორმატში შეახვედრონ მოსწავლეთა მშობლები საგნის მასწავლებლებს, რომლებიც გააცნობენ მათ საგნის წლიურ სტანდარტებს, ზოგად ინფორმაციას პროგრამის მოცულობის, სამუშაო ფორმატების შესახებ. ასევე, მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. ეს პროცესი ერთმანეთს უკეთ გააცნობს მშობლებსა და საგნის მასწავლებლებს, რაც ორივე მხარეს დაეხმარება მომავალში ეფექტიან თანამშრომლობაში.
  5. მართალია, მოსწავლის ცოდნის შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს, მაგრამ მას აქვს თავისი წარმოდგენები შვილის შესაძლებლობების შესახებ. მშობელი და მასწავლებელი ბავშვის ცოდნას განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ფონზე ამოწმებენ – მშობელი სახლში, ბავშვისთვის კომფორტულ გარემოში, ხოლო პედაგოგი – საკლასო ოთახში, საქმიან სივრცეში, სადაც როგორ გამოავლენს ბავშვი მიღებულ ცოდნას არაერთ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ ამ საკითხზე და პრეტენზიის მქონე მშობელთან დიალოგი სწორედ ამ განსხვავების გამორიცხვით უნდა დაიწყონ. ეს არაერთ მოსალოდნელ კონფლიქტს აარიდებთ თავიდან.
  6. სკოლამ უნდა შექმნას სივრცე და გამოყოს საგანგებო დრო მასწავლებლებისა და მშობლების შეხვედრებისთვის, სადაც მათ ექნებათ აქტუალურ თემაზე მშვიდად საუბრის შესაძლებლობა. სივრცის არსებობა წაახალისებს დიალოგს, რაც სკოლასა და ოჯახს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის წინაპირობაა.
  7. სკოლის დირექციამ მშობელსა და მოსწავლეს პრეტენზიის შემთხვევაში შესთავაზოს ალტერნატიული შეფასების შესაძლებლობა, რომელშიც ჩართული არ იქნებიან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პედაგოგები. და რაც მთავარია, ალტერნატიული შეფასების გამოყენება არ გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას მოსწავლეს, მის ოჯახსა და პედაგოგს შორის.
  8. სკოლის ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს მშობელთა ფსიქოლოგიურ განათლებაზე – რეგულარულად გამართოს მშობელთა ჯგუფური შეხვედრები სკოლის თუ მოწვეულ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტებთან, რომლებიც დაეხმარებიან მშობლებს, უკეთ დაინახონ მათი შვილების განსხვავებული შესაძლებლობები და დანერგონ შესაბამისი მიდგომები.
  9. კლასის დამრიგებლებმა მშობლებისთვის მოაწყონ არსებული ვიდეორესურსების ჩვენება-განხილვები. მაგალითისთვის, ასეთი რესურსია – ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ლექციების ციკლი თემაზე „შვილის მხარდაჭერა სწავლის პროცესში“ (https://mshobeltaskola.ge/?p=991) (https://mshobeltaskola.ge/?p=988) (https://mshobeltaskola.ge/?p=970) ასეთი რესურსები მშობლებს მიზნის სწორად ფორმირებაში დაეხმარება, დამრიგებლებს კი მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. სხვა რესურსები იხილეთ ვებგვერდზე: mshobeltaskola.ge
  10. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია გამართოს მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება, სადაც მადლობის სიგელებს გადასცემს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არამედ სხვა ბავშვებსაც. მაგალითად, ჯანსაღი ღირებულებების მქონე, მზრუნველ, მეგობრულ, მხიარულ, კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებს, ან ხელოვნებასა და სპორტში წარმატებულ ბავშვებს. ამ ნაბიჯით სკოლა წაახალისებს მშობლებს, დაინახონ შვილის შესაძლებლობებში უფრო მეტი, ვიდრე ეს ქულებით იზომება.

სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ყველა მშობელთან წარმატებული თანამშრომლობა შედგება. ცხადია, მაინც აღმოჩნდებიან იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შვილის ქულების გამო, თუმცა ეს პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. სკოლის ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, მშობლები მეტად გაცნობიერებულნი და მიმღებნი გახდებიან. ნაკლებად მოითხოვენ შვილისგან ყველა საგანში ყოველთვის იდეალურ ცოდნას, გაუჩნდებათ სხვა შეკითხვებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მხოლოდ ქულებთან და მიიღებენ შვილებს თავიანთი წარმატებითა და წარუმატებლობებით.

 

სტატიაში გამოყენებულია

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის

მიერ გამოცემული სახელმძღვანელო

„მასწავლებლის პროფესიული ეთიკა“

 

გლობალური განახლებადი ენერგიის ინდუსტრია

0

განახლებადი ენერგია ხასიათდება რესურსების გამოყენებით, რომლებიც ბუნებრივად შეიძლება განახლდეს ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. ტერმინი განახლებადი ენერგია, წიაღისეული რესურსების – ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლებასთან არის გაიგივებული. იგი ძირითადად ენერგიის ოთხ მნიშვნელოვან სფეროში გამოიყენება: ელექტროენერგიის გენერირება, ჰაერისა და წყლის გათბობა/გაგრილება, ტრანსპორტირება და ელექტრომომარაგება.

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის სიმძლავრე ბოლო 10 წლის განმავლობაში (2013-დან 2022 წლამდე) მთელ მსოფლიოში გაორმაგდა. თუმცა, პროგრესი საკმაოდ არაერთგვაროვანია, დიდი სიმძლავრეები ჩამოყალიბდა ძირითადად ევროპაში, აზიაში განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი აღინიშნება ჩინეთში.

სხვა რეგიონებს, კერძოდ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას, არც დიდი სიმძლავრე აქვთ და არც საშუალოზე მაღალი ზრდა განიცადეს მითითებულ დროში – რაც გლობალურ ენერგეტიკულ ტრანზიციაში დარჩენის საშიშროებას ქმნის. საერთაშორისო ფინანსური დახმარება, განვითარებადი ქვეყნებისთვის სუფთა ენერგიის კვლევის, განვითარებისა და წარმოების მხარდასაჭერად, 2021 წელს 2012 წლის მაჩვენებლამდე შემცირდა, რაც ამ პრობლემის გადაწყვეტას ხელს უშლის.

აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებს, ჩინეთის გარდა, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის საშუალოზე მაღალი ზრდა აქვს. მისი სიმძლავრე ახლა ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2013 წელს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის პროგრესი აზიაში (ჩინეთის გარდა), მოსახლეობის გაცილებით დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ნელი იყო. 2021 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის 27.8% განახლებადი წყაროების მეშვეობით შეიქმნა. რაც 2020 წელთან შედარებით მცირე მხოლოდ 0.2%-იანი ზრდაა. თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ ელექტროენერგიას, არამედ მსოფლიოს ენერგიის ყველა წყაროს, განახლებადი ენერგიის წილი ჯერ კიდევ მცირეა (მხოლოდ 8% -2022 წ.). ეს ნიშნავს, რომ განახლებად ენერგიას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, განსაკუთრებით 2030 წლის ნულოვანი ემისიების სცენარში.

განახლებადი ენერგეტიკული რესურსები, განსხვავებით სხვა ენერგორესურსებისაგან, რომლებიც კონცენტრირებულია გარკვეულ ქვეყნებში, გავრცელებულია ფართო გეოგრაფიულ არეალში.

მოსალოდნელია, რომ განახლებადი ენერგიის ბაზრები სწრაფი ტემპით გაიზრდება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია ახდენენ ელექტროენერგიის 100%-ის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყნები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს.

განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სწრაფი განვითარებისა და მაღალი ენერგოეფექტიანობის წყალობით ამ ქვეყნებმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კლიმატური ცვლილებების შერბილებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწიეს.

განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრე რეგიონებში 2013-2022 წლები

ენერგიის დაახლოებით 13% განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის, უმეტესად ტრადიციულ ბიომასაზე, როგორიცაა ხის წვა. ჰიდროენერგეტიკა, ასევე, ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, რომელიც უზრუნველყოფს 2-3%-ს, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა: გეოთერმული, ქარის, მზისა და ზღვის ენერგია, ერთად წარმოქმნის მსოფლიო ენერგიის მთლიანი მოთხოვნის 1%-ზე ნაკლებს, თუმცა ფაქტია, რომ იგი სწრაფად ფართოვდება.

განახლებადი ენერგიის გამოყენება გაიზარდა რამდენიმე ფაქტორის გამო, როგორებიცაა, წიაღისეული საწვავის წყაროების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ზრდა, მოსახლეობის მზარდი რაოდენობისა და ურბანიზაციის პროცესის ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. ენერგოუსაფრთხოების სურვილმა ასევე ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ფართომასშტაბიანი განახლებადი ენერგიის გამოყენებამ განვითარებად ქვეყნებში, ასევე შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამ რეგიონებს, რადგან ელექტროენერგია ამ რაიონებში, როგორც წესი, უხარისხოა და არაეფექტურად გამოიყენება. განახლებადი ენერგიის გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური წარმოება და სარგებელი მოუტანოს გარემოს.

2000-იანი წლების დასაწყისში ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა გატარებული პოლიტიკა, მაგრამ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადგინა საკუთარი განახლებადი ენერგიის მიზნები. ჩინეთი ახლახან გახდა მსოფლიო ლიდერი განახლებადი ენერგიის სფეროში და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში. ჩინეთი და შეერთებული შტატები ლიდერები არიან განახლებადი ენერგიის მოხმარებაში მთელს მსოფლიოში და ორივე განიცდის განახლებადი ენერგიის მოხმარების სტაბილურ ზრდას. ჩინეთმა 2021 წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტი განახლებადი ენერგია მოიხმარა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, უკრაინის ომი განახლებად ენერგიაზე გადასვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ორგანიზაციის განცხადებით წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნილება შემცირდება ან დაიკლებს, რაც განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების დაჩქარებას გამოიწვევს.

ერთი წლის წინ სააგენტომ იწინასწარმეტყველა, რომ განახლებადი ენერგია (ტრადიციული ბიოგაზისა და ბირთვული ენერგიის გამოკლებით) 2050 წლისთვის 26%-იან წვლილს შეიტანს მსოფლიო ენერგომომარაგებაში. წელს მან ეს პროგნოზი 29%-მდე გაზარდა.

ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გახდება მთავარი გარდამტეხი მომენტი მიმდინარე კრიზისის პირობებში ყველაზე სადავო რესურსის – ბუნებრივი აირის გამოყენებაში. გასულ წელს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ივარაუდა, რომ რესურსის გამოყენება 2050 წლის შემდგომ გაიზრდებოდა. სააგენტოს პროგნოზით, ბუნებრივი აირის გამოყენება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დარჩება გლობალური ენერგიის მიწოდების დაახლოებით 20%-ზე.

მსგავსი სიტუაციაა ნავთობთან დაკავშირებითაც, მაგრამ პროგნოზი ნაკლებად ექსტრემალურია. ნახშირი ადრე IEA-ს მიერ კლასიფიცირებული იყო, როგორ მილევადი რესურსი, მაგრამ მისი კლება ახლა უფრო მეტი სიჩქარით არის მოსალოდნელი. საერთო ჯამში, 2050 წლისთვის წიაღისეული საწვავი კვლავ გლობალური ენერგიის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. მაგრამ იმის გამო, რომ მათი გამოყენება მცირდება, უახლესი სცენარის მიხედვით გლობალური ემისიები უმაღლეს ნიშნულს 2025 წელს მიაღწევს.

IEA-ს აზრით, ამჟამინდელი ენერგეტიკული ბაზრები კრიზისის გამო უკიდურესად დაუცველია, მაგრამ ასევე დაასკვნა, რომ მიმდინარე არეულობამ გამოავლინა გლობალური ენერგომომარაგების მდგომარეობის სუსტი მხარეები, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს, არამედ დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე და ასევე ფასების მკვეთრ რყევებსა და არაპროგნოზირებად კრიზისებზე.

მსოფლიო ენერგომომარაგება განსაზღვრული პოლიტიკის სცენარის მიხედვით 2021 და 2050 წლებში

განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, 2022 წელს 13,7 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ერთი მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით. დასაქმება ამ სექტორში განაგრძობდა გლობალურ ზრდას 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IRENA) დაიწყო ყოველწლიური შეფასება. მზის ენერგია განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წყაროა

ყველაზე მეტი ადამიანი განახლებადი ენერგიის სექტორში გასულ წელს მზის ფოტოელექტრულ (PV) სისტემაში იყო დასაქმებული (4,9 მილიონი სამუშაო ადგილი). ამას მოჰყვება ბიოენერგია, მათ შორის თხევადი ბიოსაწვავი, მყარი ბიომასა და ბიოგაზი, დაახლოებით 3,6 მილიონი დასაქმებულით.

ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილია არის ჩინეთი. აქ 5,5 მილიონზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული მზის ფოტოელექტრულ სისტემაში და ქარის ელექტროენერგიის ინდუსტრიაში. დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი მუშაობს ევროკავშირის სექტორის სხვადასხვა ნაწილში.

IRENA-ს გენერალურმა დირექტორმა ფრანჩესკო ლა კამერამ 2022 წელს უწოდა “შესანიშნავი წელი” განახლებად ენერგიაში დასაქმებისთვის. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მილიონობით დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა მოითხოვს ინვესტიციების უფრო სწრაფ ზრდას.

განახლებადი ენერგიის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა

IEA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ომმა აიძულა ქვეყნები „მეტად დაეფასებინათ განახლებადი ენერგიის ენერგეტიკული უსაფრთხოების სარგებელი“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უფრო მოკლევადიანი გადაწყვეტა შესაძლოა ფოკუსირებული იყოს წიაღისეულ ან ბირთვულ წყაროებზე, მომავალი უფრო მწვანედ გამოიყურება.

 

სიახლეებს გაეცნობით შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.statista.com ; https://www.statista.com/chart/31242/employees-in-the-renewable-energy-sector/

https://www.statista.com/chart/31508/e0uropean-countries-with-the-highest-total-photovoltaic-capacity/

 

ფიქრები „მობი დიკზე“ – „მობი დიკის“ ენა

0

ხშირად გამიგონია, ქართული ენა გაღარიბდაო. მგონი, ეს მეტნაკლებად ყველა ენაზე შეიძლება, ითქვას. ადრე ვფიქრობდი, ეს ნაწილობრივ მაინც იმის ბრალია, რომ ენები ამერიკანიზაციას განიცდის-მეთქი. „მობი დიკის“ კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ინგლისურიც გაღარიბებულა.

ენობრივი თვალსაზრისით, თანამედროვე ამერიკული რომანები ვერც კი შეედრება „მობი დიკს“. ამ წიგნში ინგლისური ენა სრულიად სხვა სიმაღლეებს აღწევს: ის არის საოცრად ზუსტი და რაციონალური, ამავე დროს, საოცრად პოეტური და ემოციურად დამუხტული. „მობი დიკის“ ენის ეს თვისებები რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:

უწინარესად, ესაა ლექსიკური სიმდიდრე: წიგნში უამრავ ისეთ სიტყვას გადააწყდებით, თანამედროვე ინგლისურში რომ აღარ გამოიყენება. არადა, სულ ტყუილად – ლექსიკონს თუ ჩახედავთ, გაოცდებით, როგორ ზუსტად შეუძლია, ინგლისურ ენას ცალკეული ფენომენების აღწერა.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია შედარებები. შედარებები „მობი დიკში“ ანტიკური ლიტერატურის ტრადიციას მიჰყვება – ფრაზა გრძელია და მასში მხოლოდ ერთი საგანი კი არ ედარება მეორეს, არამედ ერთი მოვლენა – მეორე მოვლენას. შედარების ეს ტიპი უთუოდ ნანახი გექნებათ, მაგალითად, ჰომეროსთან:

„როგორც დამარტოხელებულ ძუ ლომს შესაპყრობად ალყად შემოერტყმიან ხოლმე მონადირენი და დამფრთხალს თანდათან უახლოვდებიან, ისე შესეოდნენ პენელოპეს შავი ფიქრები და ძილს უფრთხობდნენ.“ („ოდიესეა“, წიგნი მეოთხე)

„როგორც მათრახგადაწნული ოთხი ულაყი გააქროლებს ხოლმე მიწიდან მეყსეულად მოწყვეტილ ეტლს, თითქოს ჰაერში აიტაცესო, ისე მიაქროლებდნენ მეწამულ ზღვაზე კიჩოაწეულ ხომალდს ფეაკელი მეზღვაურები […]“ („ოდისეა“, წიგნი მეთორმეტე)

შედარების სწორედ ამ, ეპიკურ, ტრადიციას მისდევს ჰერმან მელვილიც. ვინაიდან იგი მკითხველისთვის უცნობ ფენომენებს აღწერს, მათ ყოველთვის რაღაც ნაცნობთან აკავშირებს. ხშირად ეს კავშირი მეტად უჩვეულოა. მაგალითად, ამ პასაჟში სპერმაცეტი ქოქოსის გულთანაა შედარებული:

„But the spermaceti itself, how bland and creamy that is; like transparent, half-jellied, white meat of a cocoanut in the third month of its growth, yet far too rich to supply a substitute for butter.“ (Chapter 65)

ვეშაპის გატყავება კი ფორთოხლის გაფრცქვნასავით ყოფილა:

„Now as the blubber envelopes the whale precisely as the rind does the orange, so is it stripped off from the body precisely as an orange is sometimes stripped by spiralizing it.“ (Chapter 67)

კანის ხვეული ნაწილები თურმე გველებს ჩამოჰგავს:

„Into this twilight apartment sundry nimble hands keep coiling away the long blanket-piece as if it were a great live mass of plaited serpents.“ (Chapter 67)

ხოლო ზვიგენები ისე ფუთფუთებენ ოკეანეში, როგორც მატლები – ყველის ნაჭერში:

„Though, to be sure, any man unaccustomed to such sights, to have looked over her side that night, would have almost thought the whole round sea was one huge cheese, and those sharks the maggots in it.“ (Chapter 66)

და ერთი შედარებაც, იმის ხაზგასასმელად, როგორი უცხო რამაა ვეშაპი მისთვის, ვინც ამ საქმეში ახალია – ისევე უცხო, როგორც სპილო ინდოეთში პირველად მოხვედრილთათვის:

„And as in the great hunting countries of India, the stranger at a distance will sometimes pass on the plains recumbent elephants without knowing them to be such, taking them for bare, blackened elevations of soil; even so, often, with him, who for the first time beholds his species of the Leviathans of the sea.“ (Chapter 58)

ზოგჯერ შედარება სრულიად შემზარავ სურათს პოეტურად აქცევს. მაგალითად, ამ მონაკვეთში ნათქვამია, რომ არქტიკის ცივ წყლებში ჩაცვენილი და ჩაყინული მეზღვაურები ქარვაში გაქვავებულ მწერებს ჰგვანან:

„Arctic seas! Where, when seamen fall overboard, they are sometimes found, months afterwards, perpendicularly frozen into the hearts of fields of ice, as a fly is found glued in amber.“ (Chapter 68)

ზოგჯერ შედარებას ინტერტექსტუალური ხასიათი აქვს:

„There that blood-dripping head hung to the Pequod’s waist like the giant Holofernes’s from the gridle of Judith.“ (Chapter 72)

ზოგჯერ ფილოსოფიურ განზოგადებას შეიცავს (რაზეც შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ), ზოგჯერ კი – იუმორისტულ შენიშვნას. ქვემოთ მოცემულ პასაჟში, მაგალითად, ორი წყალწაღებული პერსონაჟი სხვადასხვა ფერის პონის შეედარება, რომლებსაც მხოლოდ ფერი აქვთ განსხვავებული, უნიათობა კი ანუ განვითარების დონე, როგორც მთხრობელი ირონიულად შენიშნავს – საერთო:

„In outer aspect, Pip and Dough-Boy made a match like a black pony and a white one, of equal developments, though of dissimilar color, driven in one eccentric span.“ (Chapter 93).

იუმორისტული და ირონიული პასაჟები „მობი დიკში“, საერთოდაც უხვადაა. ცხადია, მათ რეალიზებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კვლავ ენას, მოსწრებულ სიტყვას აქვს. 50-ე თავის ერთ აბზაცში, მაგალითად, ისმაელი გვიყვება, რომ ოკეანეში უამრავ ნარჩენს ნახავ, ამიტომაც ვეშაპზე მონადირე გემზე ერთმანეთზე უცნაური არსებები შეიძლება, შემოგხვდეს. შესაბამისად, ყველა საოცრებას მალევე ეკარგება ხიბლი. შემდეგ დასძენს, ეგ კი არა, თავად ბელზებელიც კი შეიძლება, გემზე ამოძვრეს, კაპიტნის კაიუტაში შეისეირნოს და ებაასოს და ეს დიდად არავის ააღელვებსო:

„That Beelzebub himself might climb up the side and step down into the cabin to chat with the captain, and it would not create any unsubduable excitement in the forecastle.”

ერთგან კი მოერიდება რა იმის აღწერას, როგორ გალანძღა აქაბმა თავისი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, დასძენს: „უმჯობესია, ეს სიტყვები აქ გამოვტოვოთ – თქვენ ხომ სახარებისეული ნათლით კურთხეულ მიწაზე ცხოვრობთ“ (თარგმანი ჩემია – ნ.ა.); „these words best omitted here; for you live under the blessed light of the evangelical land.“ (Chapter 48)

ზოგგან კი არც შედარებაა, არც ირონია ან იუმორი, მხოლოდ ლამაზი ფრაზაა, სპეციფიკური რიტმით, რომელიც ზუსტად შეესაბამება პასაჟში აღწერილ სცენას:

„Quitting the pump at last, with the rest of his band, the Lakeman went forward all panting, and set himself down on the windlass; his face fiery red, his eyes bloodshot, and wiping  the profuse sweat from his brow.“ (Chapter 54)

„On the second day, a sail drew near, nearer, and picked me up at least.“(Epilogue)

ბოლო მახასიათებელი, რომელიც „მობი დიკის“ ენას უნიკალურს ხდის, მისი მრავალხმიანობაა – აქ ორ პერსონაჟს ვერ ნახავთ, ერთნაირად რომ მეტყველებდნენ. თითოეული მათგანის სამეტყველო ენა ნამდვილად არის მათი დახასიათების საშუალება, როგორც ნამდვილად კარგ ტექსტში უნდა იყოს…

გაგრძელება იქნება

 

ბესიკ გაბაშვილი

0

ქართულ ლიტმცოდნეობაში მიღებული აზრის თანახმად, ჩვენს პოეზიას ჰყავს ე. წ. „შვიდკაცა“: რუსთაველი – გურამიშვილი – ბარათაშვილი – ილია – აკაკი – ვაჟა – გალაკტიონი. ანუ პოეტები, რომლებიც ქმნიან მაგისტრალურ ხაზს.

ეს სია რევიზირებას მოითხოვს: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ილიას როგორც პოეტის ამ სიაში ყოფნა ერთობ კონტროვერსიული ახირებაა, მასში აუცილებლად უნდა იყოს ქართული „კლასიციზმის“ კორიფე ბესიკ გაბაშვილი, რომლის ვერსიფიკაციულმა გარდატეხამ – მცირე ბესიკურის (5/4/5) შექმნამ და კულტივირებამ – თითქმის მთლიანად განსაზღვრა შემდგომი დროის ქართული პოეზიის მეტრული მდინარება: მცირე ბესიკური გახდა მთავარი საზომი „რომანტიკოსებთან“, ნაწილობრივ ილიასთან, შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბელთან, მოდერნისტულ ქართულ პოეზიაში… შემდეგ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ლოგაედური ათმარცვლიანის (5/5) პრევალენტურობის ფონზე, მცირე ბესიკური ოდნავ მიიკარგა, თანამედროვე პოეზიაში კი ისევ მთავარი საზომი გახდა: დღეს ვინც კონვენციურ ლექსს წერს, მათი ოთხმოცდაათი პროცენტი მცირე ბესიკურს იყენებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართული ვერლიბრის პრევალენტური და ყბად აღებული რიტმული სქემა სწორედ მცირე და დიდბესიკურის (5/5/5 – რომელიც მართალია, მას არ შეუქმნია, მაგრამ მაინც მისი სახელი ჰქვია) მოდულაციებს ეყრდნობა, ამ სქემაში არის ასევე ლოგაედური ათმარცვლედი და ლოგაედურ-მეორე პეონური (და დიქორული) რამდენიმე მეტრული ერთეული, მაგრამ რიტმულ ამინდს მაინც მცირე ბესიკური და დიდბესიკური ქმნიან.

ერთი სიტყვით, ბესიკ გაბაშვილი საეტაპო პოეტია, რომელსაც სიცოცხლეშივე ჰყავდა ეპიგონების მთელი არმია. არსებობს კიდეც ლიტმცოდნეობაში ასეთი სინტაგმა – „ბესიკის სკოლა“. ბესიკი იყო ლექსის დიდოსტატი, ის სხვა ფორმებითაც წერდა (მაგ., ლოგაედური ათმარცვლედით, დაბალ-მაღალი შაირით…), მაგრამ მისი ლექსების უმეტესობა სწორედ თავისივე შექმნილი თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი.

ბესიკი უფაქიზესი სმენის პოეტი იყო. ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ ანაწილებს იგი თავისივე შექმნილ თოთხმეტმარცვლედში ბოლოდაქტილურ და ბოლოქორეულ ტაეპებს, სამმარცვლიანი და ორმარცვლიანი კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობით გაბაშვილი აღწევს სრულ ინტონაციურ ინდივიდუალიზმს. ამ სქემით დაწერილი მისი ლექსები (მიუხედავად მისი თოთხმეტმარცვლედის, ასე ვთქვათ, აკადემიური, დინჯი ევფონიური მდინარებიას) უაღრესად მელოსურ-სიმფონიურია. ამ მოდულაციებს იგი იყენებს მუხამბაზური სქემით დაწერილ ლექსებში, სადაც თითოეული სტროფი ხუთტაეპიანია, პირველი სტროფი მონორიმულად არის გარითმული, დანარჩენი სტროფების გარითმვის წესი კი შემდეგია: პირველი ოთხი ტაეპი მონორიმულად არის გარითმული, ყოველი მეხუთე ტაეპი კი პირველ სტროფს ერითმება. საზოგადოდ, აღმოსავლურ მუხამბაზურ ლექსში სტროფების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენთან მუხამბაზური ლექსის სტროფების რაოდენობა თავიდანვე ხუთით განისაზღვრა (ბესიკი ერთი მათგანია, ვინც მუხამბაზი ჩვენში დაამკვიდრა). ის ბევრ ლექსში იცავს სტროფების რაოდენობას, თუმცა ზოგან არღვევს წესს, მხოლოდ ტაეპთა რაოდენობის დაცვით და კადენციების მისეული მოდულაციებით შემოიფარგლება, სტროფი კი ხან – ოთხია, ხან – ექვსი და ა. შ.

ბესიკურ თოთხმეტმარცვლედში ქორეული და დაქტილური კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობის საილუსტრაციოდ ორ სტროფს მოვიხმობ მისი ყველაზე ცნობილი შედევრიდან:

 

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

პირველი სტროფის ტაეპთა კადენციები დაქტილურია (სამმარცვლიანია): – მარებო-(სა)კარებო-(შემა)ზარებო-(წა)მარებო-დარებო; მეორე და დანარჩენი სტროფების ტაეპთა კადენციები კი ქორეულია (ორმარცვლიანია): მწველად-მცველად-ველად-ხელად. და უცებ, სტროფის ფინალში, ისევ დაქტილი – (დამა)მწარებო.

ეს მონაცვლეობა საოცარ ევფონიურ ეფექტს იძლევა და სულ მიკვირდა, რატომ ვერ ამჩნევდნენ ამას პოეტები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ ბესიკურ თოთხმეტმარცვლედს, თუ არ ვცდები, ბოლო, ვინც ავთენტიკური ბესიკურით (შიდა რითმებით, გარითმვის სტრუქტურით, სტროფთა რაოდენობით) წერდა, ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო, მის მერე ბესიკური საზომის გამომყენებელი პოეტები კადენციების ქაოსურ, შემთხვევით თანმიმდევრობას მიმართავდნენ. სამი თუ ოთხი წლის წინ ბესიკური თოთხმეტმარცვლიანით მე დავწერე ლექსების ციკლი „ორშაბათი დილის პენტაპტიქი“, ბესიკისეული შიდა რითმები და მონორიმულად გარითმვის სქემა მოვაშორე და რეფრენი დავამატე, თუმცა ქორეულ-დაქტილური კადენციების კანონზომიერი მონაცვლეობა დავტოვე. ეს ჩემი ერთგვარი რევერანსი იყო დიდი პოეტის ხსოვნის წინაშე.

***

შინაარსობრივად ბესიკის პოეზია მრავალფეროვანია. აქ არის სატრფიალო ლირიკა, საყოფაცხოვრებო მოტივები, ისტორიული თემატიკა… თუმცა მისი პოეზიის ჩემთვის უსაყვარლესი ნაწილი მაინც ეპიგრამებია – საოცარი იუმორით, სატირით, გროტესკით დაწერილი ლექსები. ეპიგრამებით ერთმანეთის გაქილიკება მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ზოგჯერ ეს სერიოზულ სახეს იღებდა და შეურაცხყოფაში, მტრობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ასეთი იყო ბესიკის და ჭაბუა ორბელიანის პაექრობა. ჭაბუა შეუხედავი კაცი იყო, ბესიკი – წარმოსადეგი, მის გარეგნობაში საქილიკოს ვერაფერს იპოვიდით, თავად კი საშინელებებს უწერდა ჭაბუას, წასაკითხად შეგეზარება ადამიანს. სხვათა შორის, წლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.

ამას წინათ ფეისბუქზე ბესიკის ერთ-ერთი, მარად თემატური, ეპიგრამა დავდე, რომელიც ბევრს მოეწონა. ამ ბლოგს სწორედ იმ ეპიგრამით და ეპიგრამისთვის წამძღვარებული ტექსტით დავასრულებ:

ამ ჩვენს ნაპატივებ, ჩაკურატებულ, ნასვამ-ნაჭამ სასულიერო პირებს რომ ვუყურებ, სულ ბესიკ გაბაშვილის ეპიგრამა მახსენდება, გაიოზ რექტორისადმი მიძღვნილი.

გაიოს არქიმანდრიტს

მაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე

მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე.

აგრე ძალიან რად გაიბუყე?

ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლის მომყმუყე!

აღმართე აფრა, მოიზუნზრუყე;

გზით მოიქარვე, აქ ჩაიყუყე!

უკადრი ამათ დავილუყლუყე, –

მსურს ხილვა შენი, არა ვარ ცრუყე!

ამას გწერ გრიგოლ კრემენჩუკელი;

გირჩევ, ცოტადრე ჭამას უკელი!

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 

ყარაულის თოფი

0

ჯერ კიდევ ბოლომდე ვერგამოტირებულ დიდ საბჭოთა კავშირს ბევრი რამ ჰქონდა განსაკუთრებული, მათ შორის – შრომის კულტურაც. ჯერ იყო და პატივაყრილი და საკუთრებაჩამორთმეული ხალხი ცხვრებივით შერეკეს კოლექტივის ბაღ-ვენახებში და უთხრეს, ეს ყველაფერი თქვენია და თავი არ დაზოგოთო. იმავე სულისკვეთებით ქალაქად ქარხნები ააშენეს და მუშებს „გადასცეს“. კაი დედის შვილი იყავი და არ გემუშავა – დეზერტირის იარლიყი და ვირის აბანო არ აგცდებოდა. საკუთარი თავისთვის რამის კეთება რომც მოგენდომებინა, ვერაფერს გახდებოდი – დეზერტირობაზე კერძო მეწარმეობას დაგიმატებდნენ და ათმაგად დაისჯებოდი. უქონელ საზოგადოებაში ხელმრუდობისკენ მიდრეკილებამ იმატა, თუმცა ამაზე, როგორც წესი, თვალს ხუჭავდნენ. ყველაფერი „ხალხის“ ანუ სახელმწიფოსი იყო, სახელმწიფოს ქონებას კი დიდად არავინ უფრთხილდებოდა.

ეს ქონება თქვენია და თქვენვე დაიცავითო, ამიტომ თითო ობიექტს თითო დარაჯი ჰყავდა მიჩენილი. იმ დროიდან მოდის ფრთიანი გამოთქმაც: „ყარაულის თოფივით გაუვარდაო“. სად ჰქონდა ყარაულს თოფ-იარაღი და რაცია. დიდ-დიდი, სასტვენი მიეცათ განგაშის სიგნალის მისაცემად… საბჭოეთის ბოლოს ზოგიერთ ორგანიზაციაში თანამშრომლების ღამით მორიგეობაც კი შემოიღეს, დარაჯებისთვის რომ ედარაჯათ…

„ყარაულის თოფივით გავარდნილ“ ანუ შემთხვევით გამოსულ საქმეებს კი რა დალევს ამქვეყანად… ქიმიის ისტორიაშიც არაერთი ასეთი ფაქტის პოვნა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს გავიხსენებ.

 

***

იდგა 1879 წელი. სახალხო მედიცინაში ქვანახშირის ფისს კანის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. კონსტანტინე ფალბერგმა, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერად ითვლებოდა, გადაწყვიტა, ქვანახშირის ფისში შემავალ ნივთიერებებს შორის ფსორიაზის წამალი ეპოვა. ერთხელაც, შინ დაბრუნებულს და მთელი დღის მუხლჩაუხრელი შრომით დაქანცულს, ვახშმობის წინ ხელების დაბანა დაავიწყდა. მაგიდიდან ხელით აიღო რულეტი და ჩაკბიჩა, მაგრამ უზომოდ ტკბილი მოეჩვენა. ფალბერგმა შეამჩნია, რომ ტკბებოდა რულეტის იმ ადგილები, სადაც ხელს ჰკიდებდა და თავის შეცდომასაც და სიტკბოს მიზეზსაც უმალვე მიხვდა, სამსახურში დაბრუნდა და ლაბორატორიაში მუშაობის წესების სრული დარღვევით, გემო გაუსინჯა ყველა ჭურჭელს, რომელსაც კი იმ დღეს ხელი შეახო. ბოლოს სიტკბოს წყაროს მიაგნო – ბენზოსულფიმიდს, ო-ბენზოლსულფომჟავას, ფოსფორის (V) ქლორიდისა და ამიაკის ურთიერთქმედების პროდუქტს, რომელსაც ჩვენ საქარინის სახელით ვიცნობთ.

***

დღეს ფარმაცევტულ თუ კოსმეტიკურ ინდუსტრიაში უამრავი პროდუქტი მზადდება ვაზელინის საფუძველზე, თუმცა მისი პირველაღმომჩენი არც კოსმეტოლოგია და არც ფარმაცევტი. მას მე-19 საუკუნის შუა ხანებში პენსილვანიის პატარა ქალაქ ტიტუსვილთან არსებული ნავთობის ჭაბურღილის მუშებმა მიაგნეს. ნავთობის გადაქაჩვის დროს ეს ცვილისმაგვარი მასა მილსადენებში გროვდებოდა და მთელი სისტემა მწყობრიდან გამოჰყავდა. ტუმბოების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად დროდადრო გადაქაჩვას წყვეტდნენ და მილსადენებს ნადებისგან ასუფთავებდნენ. იმავე პერიოდში ნიუიორკელი ქიმიკოსი რობერტ ჩესბროუ იკვლევდა ვეშაპის ცხიმის გამოყენების შესაძლებლობას კანის სამედიცინო თუ კოსმეტიკური მოვლისთვის. მთელი წლის კვლევა-ძიების შემდეგ მიხვდა, რომ საჭირო იყო უფრო იაფი, შენახვის ხანგრძლივი ვადის მქონე და ეფექტური ალტერნატიული მასალის მოძიება. ერთ-ერთ ასეთ წყაროდ ჩესბროუ ნავთობს განიხილავდა, ამიტომ ტიტუსვილთან მდებარე ჭაბურღილსაც ეწვია. ნავთობსადგურის მუშებმა კი ცვილისმაგვარი მასა აჩვენეს და უთხრეს, რომ როდესაც მას ჭრილობაზე ისვამდნენ, შედარებით მალე ურჩებოდათ. ლაბორატორიაში დაბრუნებულმა მეცნიერმა ამ მასის გასუფთავების მეთოდები დაამუშავა და დაიბადა ახალი პროდუქტი – ვაზელინი.

***

DuPont-ში მუშობის დროს როი პლუნკეტს ახალი სამაცივრო რეაგენტის მოძიება დაევალა. ის უფრო უსაფრთხო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამიაკი და გოგირდის დიოქსიდი, რომლებსაც იმჟამად იყენებდნენ – მაცივრიდან გაჟონვის დროს ისინი არასასიამოვნო სუნს აყენებდნენ და ტოქსიკურობითაც გამოირჩეოდნენ. პლუნკეტმა ტეტრაფთორეთილენის გამოყენება სცადა, წინასწარ დაამზადა მარაგი და სპეციალურ ბალონებში შეინახა, მაგრამ გამოყენების დრო რომ მოვიდა, ბალონები ცარიელი დახვდა. პლუნკეტს ეგონა, რომ ჭურჭლის ჰერმეტულობა დაირღვა და გაზი გაიპარა, ამიტომ ხელახლა მიიღო ტეტრაფთორეთილენი, ჩატვირთა ბალონებში და ჰერმეტულობაც საგულდაგულოდ შეამოწმა, მაგრამ გამოყენების დრო რომ მოვიდა, ჭურჭელი ისევ ცარიელი დახვდა. ამ თავსატეხის ამოხსნის მცდელობისას ქიმიკოსმა, უპირველეს ყოვლისა, ბალონების წონა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ წონა არ იცვლებოდა. მაშასადამე, ტეტრაფთორეთილენი ისევ ბალონში იყო, მაგრამ არ ჩანდა. პლუნკეტი იძულებული გახდა, ბალონები გაეჭრა და ისე მოეძებნა დაკარგული ნივთიერება. ტეტრაფთორეთილენი ვერ იპოვა, მაგრამ შუაზე გაჭრილი ბალონების შიდა კედლების ზედაპირი უჩვეულოდ სრიალა მოეჩვენა. რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ტეტრაფთორეთილენიდან შეიძლებოდა პოლიმერის მიღება, რომელიც მაღალი მექანიკური სიმტკიცით (ცვეთამედეგობა) და თერმული მდგრადობით გამოირჩეოდა. ასე დაიბადა ახალი პოლიმერი, რომელიც დღეს  ტეფლონის  სახელით არის ცნობილი.

 

***

ომებს ნგრევა და უბედურება მოაქვს, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესის საწინდარიცაა. მრავალმა გამოგონებამ ომის თაროდან ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე გადაინაცვლა და პოვა ფართო ნავსაყუდელი. ერთი მათგანია ე.წ. სუპერწებო, რომელსაც დღეს ყველა მაღაზიაში შეხვდებით და სიმტკიცით და სწრაფმოქმედებით გამოირჩევა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰარი კუვერს პლასტიკური იარაღის სამიზნეებად ახალი მასალის მოძიება დაევალა. კვლევის ერთ-ერთ ობიექტად ციანოაკრილატი იქნა შერჩეული, რომელიც იდეალური იქნებოდა მიზნისთვის, ყველაფერზე რომ არ მიწებებულიყო, ამიტომ დაიწუნეს. მოგვიანებით, 1951 წელს, კიდევ ერთხელ სცადეს მისი გამოყენება რეაქტიული კაბინების თერმომედეგი საფარის დასამზადებლად, მაგრამ ვერც აქ გაამართლა და ისევ შემოსწყრნენ. 1959 წელს კი ჰარი კუვერმა და ჯოინერმა ამ ნივთიერებას ახალი სიცოცხლე შთაბერეს და ციანოაკრილატის საფუძველზე დამზადებული სუპერწებო შესთავაზეს მომხმარებელს.

ასეა, ექსპერიმენტის შედეგები მიმოფანტულ რიყის ქვებს ჰგავს, მიგნება კი – მათში შერეულ ბროლის ქვას, ამიტომ თუ ახალი სიტყვის თქმა გსურს, მოცადეობა არ არის საკმარისი, მახვილი თვალიც უნდა გქონდეს.

კითხვა – უწინ და ახლა, ჩუმად და ხმამაღლა

0

ერთი გასართობი მაქვს – ცნებებში ღრმად ყვინთვა.

დავინტერესდი, როდის იქცა კითხვა – ეს აქტი – იმად, რაც ახლაა, რატომ და რა მიზნით კითხულობენ ადამიანები, რა იყო „კითხვა“ უწინ და რა არის ის დღეს.

კითხვა – ეგოცენტრიზმი?

როგორ გგონიათ, დიდი ხანია ვკითხულობთ ჩუმად და მარტო?

უცნაური კითხვაა, არა?

თუმცა კითხვის ისტორიას, ამ აქტის ისტორიული განვითარების ხაზს თუ დავაკვირდებით, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. ამასთან, აღმოჩნდება, რომ წინა საუკუნეებში მარტო კითხვა და საკუთარი თავისთვის კითხვა მიიჩნეოდა უცნაურ, უჩვეულო ქმედებად.

ამის დასტურად ერთ ამონარიდს მოვიშველიებ ნეტარი ავგუსტინეს წიგნიდან „აღსარებანი“:

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი „აღსარებანი“ საოცრად წარმტაცი საკითხავია თანამედროვე მკითხველისთვის. წიგნში ავგუსტინე ავრელიუსი (354-430 წლები) მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, გულწრფელად გვიზიარებს ფიქრებს, მოსაზრებებს, თვალთახედვას და საოცრად საინტერესოდ აღწერს თანამედროვეობის რეალიებს.

მეექვსე წიგნის მესამე თავში ავგუსტინე ახსენებს მისთვის პატივცემულ სასულიერო პირს, ამბროსის. აღწერს მის ერთ ჩვეულებას – როცა მთხოვნელები არ ჰყავდა, დროის მცირე მონაკვეთს როგორც კი იხელთებდა თავისუფალს, ხორციელ ძალას საზრდოთი ივსებდა და სულიერს – კითხვითო. საგანგებოდ ჩერდება მისთვის ჩვეული კითხვის მანერაზე, რომელიც უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე (ანუ უჩვეულოს იმ პერიოდისთვის). ავგუსტინე წერს:

კითხვისას მისი (ამბროსის) მზერა სწრაფად დასრიალებდა წიგნის ფურცლებზე, ენა კი დუმდაო.

ავგუსტინე ცდილობს ამოიცნოს, რატომ მიმართავს კითხვის ამ უჩვეულო მანერას ამბროსი და ასკვნის – ხმამაღლა კითხვას იმიტომ არიდებდა თავს, რომ მისი სმენით მოხიბლული რომელიმე მსმენელი აღარ შეაწუხებდა, არ შეაჩერებდა და რაიმეს განმარტებას არ ითხოვდაო. ამბროსის არ უნდოდა უფრო ნაკლები დრო დარჩენოდა საკითხავად, ვიდრე თავად სურდა და სულაც, ეგეც რომ არ იყოს, ჩუმად კითხვით ხმას უფრთხილდებოდა, რომელიც ხშრად ეხრინწებოდა ხოლმეო.

ასე საფუძვლიანად „ამართლებს“ ავგუსტინე ამბროსის „ეგოცენტრულ“ და სათავისო ქმედებას – კითხვას.

კითხვა – რეტროსპექტივა

 

ზოგადად, კითხვა სოციალური, საჯარო, ფუნქციური კულტურული აქტი იყო საუკუნეების განმავლობაში. სახალხო მთქმელები, შაირობები, გაბაასებები, ზღაპრებისა და თქმულებების ზეპირსიტყვიერად გადაცემის ტრადიცია – ეს ყველაფერიც „კითხვის“ წინამორბედი ფორმებია.

 

გავიხსენოთ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ტექსტების სპეციფიკა და დანიშნულებაც – ტექსტები იკითხებოდა ეკლესიებში, საჯაროდ, ხმამაღლა და განკუთვნილი იყო მორწმუნეებისთვის: რწმენის გასაძლიერებლად, სწორი/საჭირო მორალური ორიენტირების მოსანიშნად, ინდოქტრინაციისთვის.

 

აქვე ვახსენოთ მე-19 საუკუნის დასაწყისში აღმოცენებული კულტურული „კერები“ – სალონები. ზოგადად, უძველესი დროიდან ქართველ მეფეთა კარზე ტრადიციულად იმართებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური პაექრობები და თეატრალური წარმოდგენები, კითხვა და პოეტური „შერკინებები“ პოპულარული იყო ოდითგანვე და ამის დამადასტურებელი ფოლკლორული მასალები მრავლად გვაქვს. მე-19 საუკუნეში საჯარო კითხვის ტრადიციამ სალონებში გადაინაცვლა. აქ იკრიბებოდნენ საზოგადოების ნიჭიერი, მოაზროვნე წარმომადგენლები, პოეტები, მუსიკოსები, კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს, თარგმანებს, აწყობდნენ განხილვებს…

ამ საკითხების შესწავლა და ხსენება რომანტიკოსების შემოქმედების შესწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა თავის დროზე „არ გვქონოდა ბარათაშვილის კრებული“. კითხვისა და წიგნების გავრცელების ისტორია ბევრ კითხვას მოფენს ნათელს.

სასკოლო სისტემური განათლების საწყის ეტაპზე ხმამაღლა კითხვა დასწავლის ერთადერთი საშუალებაც იყო, რადგან სახელმძღვანელოების საკმარისი რაოდენობით ბეჭდვა ვერ ხერხდებოდა.

წიგნი ყოველთვის ძვირი სიამოვნება გახლდათ და წიგნებით ხელში პორტრეტების გამოსახვა სოციალურ უპირატესობაზე მიუთითებდა.

 

ცოტა რამ საერო ტექსტებზეც ითქვას. საინტერესოა, რომ მხატვრულ ლიტერატურას საუკუნეთა განმავლობაში იგივე დანიშნულება ჰქონდა, რაც დღეს სერიალების ინდუსტრიას აქვს. გაიხსენეთ კლასიკური რომანების, სარაინდო და ისტორიული რომანების სტრუქტურა – თავებად დაყოფა, თავების საინტერესო ადგილებზე „შეჩერება“, რომ ინტერესი გაღვივებულიყო, სიუჟეტური სვლები და ინტრიგები, კომპოზიციური აგებულება ტექსტებისა. სერიალების შემოქმედები მეტწილად იყენებენ და აგრძელებენ ამ ტრადიციას.

 

ცნობილია ისიც, რომ მატარებელმა, როგორც პოპულარულმა სატრანსპორტო საშუალებამ, გავლენა იქონია მე-19 საუკუნეში დაწერილი ევროპული ტექსტების ჟანრსა და ფორმაზე. წიგნები იწერებოდა და იბეჭდებოდა იმ გათვლებით, რომ მატარებლების მგზავრებს შესძლებოდათ ბაქანზე შეეძინათ იაფი გამოცემები და მგზავრობის დროსვე წაეკითხათ. მოთხრობები, რასაკვირველია, ამ მიზნით ზედგამოჭრილი იყო.

 

რომანები დოზირებულად და გაგრძელებებით იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. მკითხველი ხშირად „ზემოქმედებდა“ სიუჟეტის განვითარებაზე. საყვარელი ან საძულველი პერსონაჟების ბედსა და იღბალს მწერლები ზოგჯერ სწორედ მკითხველთა „დაკვეთით“ ცვლიდნენ (ნიმუშად შეიძლება დასახელდეს ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“, რომელშიც მთავარი გმირის, პიპის ბედი მეტად ტრაგიკული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მკითხველთა და ასევე გამომცემლის თხოვნით, მწერალმა „გარემოებები შეამსუბუქა“).

 

კითხვა – მნიშვნელობა

წიგნში „კითხვის ისტორია“ სტივენ როჯერ ფიშერს მოჰყავს ასეთი პარადოქსული ილუსტრაცია: ჯონსმა დაისწავლა ბერძნული ანბანი, ასო-ნიშნები, მაგრამ ბერძნული ენა – ჯერ არ იცის. ანდროპოლისი გაიზარდა ბერძნულენოვან გარემოში, საუბრობს ბერძნულად, მაგრამ ბერძნული ანბანი არ იცის, ვერ კითხულობს. ერთ დღეს ანდროპოლისმა მიიღო წერილი საბერძნეთიდან და ჯონასმა წაუკითხა მას. ჯონასს შეუძლია ასო-ნიშნების ამოკითხვა, გახმოვანება, მაგრამ არ შეუძლია ამოკითხულის გაგება. ანდროპოლისს შეუძლია ამოკითხულის გაგება, მაგრამ არ შეუძლია ასო-ნიშნების ამოკითხვა.

 

ისმის შეკითხვა – ვინ წაიკითხა? ვინ არის მკითხველი?

 

პასუხი თვალსაჩინოა (ასკვნის ფიშერი) – ორივე!

 

მაშ, რას ნიშნავს კითხვა?

 

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – კითხვა მხოლოდ სტრიქონებისთვის თვალის გაყოლება და დაწერილის მექანიკური ამოკითხვა არაა. კითხვა ინტელექტუალური გარჯაა და აუცილებლად უნდა ტოვებდეს საფიქრალს. საზრდოს მიღებისას რომ დაკმაყოფილების განცდა გვრჩება, ამავენაირად უნდა გასდევდეს კითხვის აქტს დაკმაყოფილების შეგრძნება – რომ რაღაც შეიძინე, ახალი საფიქრალი გაჩნდა, ან – ძველი „დალაგდა“. კითხვა, ერთი შეხედვით, პასიური აქტი, სინამდვილეში შინაგანი დინამიკურობითაა გამორჩეული. საინტერესოა, რომ დასმულ კითხვაზე – რა არის კითხვა (მასალის მომზადებისას მცირე გამოკითხვა გავაკეთე) – გამოკითხულთაგან უმრავლესობამ ასოციაციურად ის სწორედ დინამიკურ პროცესს, მოგზაურობას, სხვა სამყაროში გადაბარგებას დაუკავშირა.

 

კითხვა – თერაპია, კათარსისი

 

კითხვა ბევრ სხვა სარგებელთან ერთად სიამოვნების მომნიჭებელი, თერაპიული აქტია. ზოგჯერ – განტვირთვაში გვეხმარება, დაძაბულობის მოხსნაში. ზოგჯერ – მაკურნებელი ეფექტი აქვს. მხატვრულ გამონაგონში, მხატვრულ სამყაროში გადაბარგება, იქ ყოფნის განცდა, სხვა როლის მორგება და სხვად გარდასახვის მიმზიდველი მდგომარეობა საინტერესოა. ნაბოკოვი თავის ლექციებში განასხვავებდა კითხვის ორგვარ ეფექტს – მკითხველს შეუძლია თავი ტექსტის გმირად წარმოიდგინოს და ამას ის ინფანტილურ მიდგომას უწოდებდა; მკითხველს, ამავდროულად, შეუძლია თავადაც იქცეს დემიურგად, თანაშემოქმედად და საკუთარი სამყარო შექმნას წაკითხულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინტიმური აქტი დაუვიწყარი, ფასდაუდებელი გამოცდილებაა და რა თქმა უნდა, საბაზისო საჭიროებად ვერ ჩაითვლება, თუმცა ხარისხიანი, სისხლსავსე ცხოვრების უცილობელ შემდგენლად – კი.

საინტერესო შემეცნებით თავგადასავლებსა და მოგზაურობას გისურვებთ კითხვის საოცარ სამყაროში, ძვირფასო მკითხველებო!

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...