ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

წერილი ანას

 

ანა, როგორ ხარ? წავიკითხე ,,როსი“. ჯერ სახელი ვერ დავარქვი განცდებს, ამ წიგნმა რომ გამიჩინა. ვკითხულობდი და ხან სევდიანი ვიყავი, ზოგჯერ – გახარებული, რამდენჯერმე შემეშინდა კიდეც.

კითხვის დროს ვფიქრობდი, ნეტავ, ანას ყურადღება რამ მიიქცია-მეთქი. გამოგიტყდები, რაც მასწავლებელი ვარ, მოსწავლეების თვალითაც ვკითხულობ. მაინტერესებს, რას აკვირდებით შენ და შენი თანატოლები.

ჩემი და წიგნების ურთიერთობა მრავალფეროვანია. კითხვის დაწყებამდე წარმოვიდგენ, რა შეიძლება იმალებოდეს გარეკანში. თუ ისეთ წიგნს ვკითხულობ, რომელიც მირჩიეს, კიდევ უფრო საინტერესოა ეს მოლოდინი. უშუალოდ კითხვის პროცესი ჩემთვის შემეცნებაა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც. ფურცლიდან ფურცლამდე ვფიქრობ, კითხვებს ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხებს ვეძებ. ხელში ყოველთვის ფანქარი მიჭირავს, ვინიშნავ და ვიწერ რაღაცებს. აი, კითხვის დასასრული ნამდვილ დასასრულს არ ჰგავს, მთავარი მერე იწყება. სწორედ ამ ეტაპზე ვარ ახლა და წერილს გწერ.

მოდი, თავიდან დავიწყოთ:

 

წაკითხვამდე

დავყურებ ნარინჯისფერ ყდას. გარეკანზე გამოსახული ბიჭი თითქოს თვალს მიკრავს. ძალიანაც რომ მინდოდეს, უყურადღებოდ არ მრჩება წარწერა: როგორ გადავურჩი საშუალო სკოლას მოჭუტული თვალით. ვაგრძელებ დაკვირვებას: გიტარა, ქუდი, კალამი, წიგნაკი – გარეკანზე მიხატული ეს სიმბოლოები მინიშნებები მგონია, ერთგვარი გასაღები, კლიტეს რომ უნდა მოარგო და მერე კარიც გაიღება. ვცდილობ, ამოვიცნო, რისი წაკითხვა მომიწევს…

ავტორი – რობ ჰარელი. სახელი და გვარი ვერაფერს ვერ მეუბნება, ჩემთვის უცნობია. ინფორმაციის მოძიებას ვიწყებ მასზე. არა მხოლოდ მწერალი, ილუსტრატორიც ყოფილა, ,,როსი“ რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაუწერია. ვპოულობ მწერლის საავტორო გვერდს, რომლითაც მასთან დაკავშირება და მისი სკოლაში მიწვევა შეიძლება. ამერიკიდან საქართველოში ჩამოყვანა გაგვიჭირდება, მაგრამ წერილი ხომ არ მივწეროთ? იქნებ დისტანციურ შეხვედრაზე დაგვთანხმდეს.

ამ ფიქრებში გართული ვფურცლავ წიგნს. თავგადასავალი საავადმყოფოში იწყება.  მაშინვე ვგრძნობ ბავშვობის სუნს. მოსწავლეობის დროს ხშირად მიწევდა საავადმყოფოში – ბაბუას და დედას სამსახურში – ყოფნა. სკოლიდან შევივლიდი ხოლმე  და შევაბიჯებდი თუ არა, იქაური სუნი ცხვირში შემომეპარებოდა. ამ სუნის მეშინოდა, რადგან აცრებს მახსენებდა. ეს მოგონება და ამ ყველაფრის გაცნობიერება კიდევ ერთხელ მარწმუნებს კითხვის ძალაში – გარდა იმ ამბისა, რომელსაც ეცნობა, რამდენ რამეს იხსენებს, იაზრებს, განიცდის მკითხველი. სწორედ ასე ვითარდება ჩვენი გონება.

 

კითხვის დროს

ბევრ რამეზე ვფიქრობდი:

  • რამდენი რამ ახარებთ / აწუხებთ მოსწავლეებს…

მასწავლებლები  ხანდახან მხოლოდ იმით ინტერესდებიან, შეასრულა თუ არა დავალება მოსწავლემ. დავალებების მიღმა უთვალავი თავგადასავალი იმალება. ჩემს თავს ყოველთვის ვახსენებ ამას.

  • როგორ უნდა შევხვდეთ სიახლეებს

წიგნის მთავარი პერსონაჟის, როსის, ცხოვრება, ფაქტობრივად, 1 დღეში იცვლება. ვერაგი დაავადება მის ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს. მეშვიდეკლასელ ბიჭს სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს და პარალელურად უამრავ სირთულეს უმკლავდება: იქნება ეს მეგობრის დაკარგვა, გარიყულობის შეგრძნება, დაცინვა თუ სხვა… მგონია,  რობ ჰარელი მკითხველს არა მხოლოდ იმას აჩვენებს, რის გადატანა უწევთ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის იბრძვიან, არამედ იმასაც – როგორ უნდა შევხვდეთ სიახლეებს და რა მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხარდაჭერა. ანა, ამ კუთხით შენ რომელ პერსონაჟ(ებ)ს გამოარჩევ? ვის გარეშე გაუჭირდებოდა როსს?

  • რა შეუძლია მუსიკას, რა გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე…

მგონია, რომ ,,როსი“ იმ მკითხველების ყურადღებასაც მიიქცევს, რომლებსაც მუსიკა უყვართ, ან შეიძლება ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდნენ.

ჩემი ყურადღება მიიქცია პირველმა შეკითხვამ პირველივე გვერდზე:

  • რა მუსიკას უსმენ, როს?

ამით დაინტერესდა რენტგენოლოგი და ასე შეეცადა ბავშვის გაცნობას. მეც ძალიან მაინტერესებს ხოლმე, რას უსმენთ თქვენ, ხშირად მოსწავლეების საშუალებით აღმომიჩენია და მომისმენია ჩემთვის უცნობი კომპოზიციები.

რომ არა ეს შეკითხვა, შეიძლება როსის და ფრენკის მეგობრობა არც დაწყებულიყო. მუსიკა ბიჭისა და ექიმის ურთიერთობის ენა გახდა და ძალიან დაეხმარა ვერაგი დაავადების წინააღმდეგ მებრძოლ მეშვიდეკლასელ ბიჭს, ეპოვა ის, რაც მოსწონდა, აღმოეჩინა თავშესაფარი.  ფრენკი რომ არა, ალბათ, ამ ყველაფერს გვიან იპოვიდა. მუსიკამ მამის უკეთ გაცნობაც შეაძლებინა. ანა, გახსოვს ეს ეპიზოდი? როსი სახლში ბრუნდება, მოძებნის მამამისის ძველ CD-პლეიერს და უსმენს იმას, რასაც წლების წინ მამა ისმენდა, მერე კი – ფრენკის შეთავაზებულ დისკს, საბოლოოდ ამას ამბობს: ,,რაც უნდა, უცნაური იყოს, ეს სრულიად ახალ ენას ჰგავს. იმ ენას, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, რომ მჭირდებოდა. სანამ ჩამეძინებოდა, მთლიან დისკს მინიმუმ სამჯერ მაინც მოვუსმინე“. ამ წიგნის წყალობით (და შენი დამსახურებით, ანა) მეც მოვუსმინე ჩემთვის აქამდე უცნობ მუსიკას და ჯორდანო ბრუნოს ნათქვამი გამახსენდა, შარშან რომ ისწავლეთ: ,,ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“.

  • როგორ შეიძლება დაიბადოს იდეა

ანა, დაკვირვებიხარ, როდის გიჩნდება რაღაცის შექმნის, ახლის დანერგვის, გაკეთების სურვილი? როგორ გებადება იდეა? წლებია, ვაკვირდები – როდის და როგორ იბადება იდეა. ყველაზე ხშირად იდეა მიჩნდება მაშინ, როცა ვკითხულობ. პერსონაჟების ქცევა ან მწერლის მინიშნება რაღაცას შთამაგონებს ხოლმე. აი, მაგალითად, ,,როსის“ კითხვის დროს მოსწავლეებისთვის ახალი აქტივობის ჩატარების იდეა გამიჩნდა, ეს კი ერთმა ეპიზოდმა შთამაგონა.

არ ვიცი, მიაქციე თუ არა ყურადღება – ყოველ შობას როსი იცავს საოჯახო ტრადიციას, რომელიც წლების წინ დედამისმა დაამკვიდრა – ბიჭი წერილს სწერს საკუთარ თავს, ინახავს და 1 წლის შემდეგ ხსნის. მისთვის ეს არის წერილი წარსულიდან მომავალში. მგონია, საინტერესო გამოვა ასეთი საკლასო აქტივობა – სასწავლო წლის ბოლოს მისწეროთ წერილები საკუთარ თავებს და ზუსტად 1 წლის შემდეგ წაიკითხოთ. რას იტყვი?

 

წაკითხვის შემდეგ

ჩემი მთავარი სათქმელი სამადლობელია. ანა, დიდ მადლობას გიხდი, რომ წიგნის წაკითხვა მირჩიე და ამ წერილის მოწერის სურვილი გამიჩინე. ძალიან მიხაროდა, შენი რეკომენდაციით რომ ვკითხულობდი და მერე წერილს გწერდი.

 

——————-

 

P.S. ანა ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეა. რამდენიმე თვის წინ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მას და მის კლასელებს წერილის წერის სტრუქტურა ავუხსენი, შემდეგ კი ვთხოვე, მოეწერათ ჩემთვის. დავალების პირობა ითვალისწინებდა იმას, რომ ადრესატი აუცილებლად მე – მათი მასწავლებელი – უნდა ვყოფილიყავი, წერილი ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ, მოეწერათ (მთავარია, თემა მათთვის სასურველი და საინტერესო ყოფილიყო).

მარტივი არ აღმოჩნდა ათეულობით წერილის წაკითხვა, თუმცა უაღრესად ნაყოფიერი იყო. ნათლად დავინახე, რა გაიგეს ჩემმა მოსწავლეებმა და რამდენად გამოიყენეს ცოდნა, დავაკვირდი, როგორ წერენ, ამოვიცანი, რა აფიქრებთ, ახარებთ თუ აწუხებთ მათ, ეს კი მასწავლებლისთვის ძალიან საჭირო ინფორმაციაა.

ანა მწერდა: ,,გამარჯობა, ნათია მას! როგორა ხართ? მე კარგად ვარ. როგორც გუშინ გავიგე, წაკითხული არ გქონიათ წიგნი ,,როსი“. აქამდე სულ თქვენ მირჩევდით წიგნებს, ახლა კი მე გირჩევთ, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ… თუ წაიკითხავთ, შთაბეჭდილება გამიზიარეთ!“

 

წერილების წაკითხვისა და მოსწავლეთა ნააზრევის გაცნობის შემდეგ რამდენიმე გაკვეთილის გეგმა შევცვალე, ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩნდა. რომ არა ეს დავალება და ანას რჩევა, ვინ იცის, როდის წავიკითხავდი წიგნს, რომელიც ჩემი მოსწავლეების ხელიდან ხელში გადადის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ბავშვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“