შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

როგორ მოვიპოვოთ მხარდამჭერები და რესურსები სკოლისთვის

სასკოლო გარემოს ცვლილება და არაფორმალური განათლების ელემენტების ინტეგრირება რესურსებთანაა დაკავშირებული. მასწავლებელს ინიციატივისა თუ იდეის განსახორციელებლად ესაჭიროება საკანცელარიო ნივთები, თანამედროვე ლიტერატურა,  სივრცის აღჭურვა ტექნიკით და ა.შ.

საჯარო სკოლები რესურსების სიმწირეს განიცდიან. სკოლების უმრავლესობას არ აქვთ დამატებითი ფინანსური სახსრები, მცირე კონტინგენტის გამო. მეორე ნაწილი მხოლოდ სკოლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ აუცილებელ შესყიდვებს ახორციელებს. არსებობს სკოლების (დირექტორების) კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ერიდებიან მასწავლებლების შესაბამისი რესურსებით მომარაგებას.

ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან სკოლებს და ვისთვისაც განათლება პრიორიტეტულია. დაინტერესებულ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ წინადადებების წარდგენა არსებული პრობლემის გადაჭრისა თუ რესურსების მობილიზების მიზნით.

საქართველოში ერთეულია ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მხოლოდ სკოლის რესურსებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. სწორედ ასეთ ფონდს წარმოადგენს www.donors.ge. წამოწყების მიზანია  თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს საბაზისო და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსები  სკოლის მოსწავლეებისათვის, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.  პლატფორმაზე ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დაამატოს საკუთარი იდეა და მისი მოწონების შემთხვევაში, გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ფინანსური რესურსის შეგროვების მიზნით.

ფონდი ფინანსების მოძიებას უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობით. დაინტერესებული პირები ნახულობენ მასწავლებლების ინიციატივებს და ფინანსური შენატანით ეხმარებიან მათ განხორციელებაში. სამიზნე თანხის შეგროვების შემდეგ, ფონდის წარმომადგენლები ყიდულობენ რესურსებს (წიგნები, ტექნიკა თუ სხვა რამ) და გადასცემენ  სკოლას/მასწავლებელს.

2021 წელს სწორედ ამ ფონდის დახმარებით, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მეწარმეთა კლუბს გადაეცა 1000 ლარის ღირებულების რესურსი.

სამოქალაქო განათლების პროგრამა

USAID-ის დაფინანსებით,  სამოქალაქო განათლების ახალი მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამა 2022 წელს დაიწყო. აღნიშნული პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს 650 სკოლასთან.

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად ცხადდება მცირე გრანტების კონკურსები. პროგრამაში ჩართული სკოლების, სამოქალაქო კლუბებს, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მოიპოვონ 450$ დაფინანსება ეკვივალენტი ლარში.

2023 წელს მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს ქალაქ მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ინიციატივებმა.

ვრცლად იხილეთ აქ: https://civics.ge/

მასწავლებლებს შორის ძალიან პოპულარულია პლატფორმა „ორბელიანი მეტი“. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სკოლების საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი აღჭურვა და განვითარებაა.

პლატფორმა „ორბელიანი მეტი“  თანადაფინანსების პრინციპითა და ფინანსური  რესურსის საზოგადოების მხარდაჭერით შეგროვების პრინციპით მუშაობს. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დაამატოს საკუთარი იდეა. გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ ინიციატივები ქვეყნდება პლატფორმაზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია  მიმდინარე პროექტების გაცნობა და სასურველი თანხის გადარიცხვა. სამიზნე თანხის შეგროვების შემდეგ, ორგანიზაცია აკეთებს თანადაფინანსებას და შეგროვებულ ფინანსურ რესურსს გადასცემს იდეის ავტორს.

დასრულებულ პროექტთა ჩამონათვალში უამრავია, რომელიც სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მათ შორის იხილავთ 2021 წელს დაფინანსებულ პროექტს ჩემი ავტორობით „განათლების ბაღი“.

საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო 3 წლიანი სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღია განაცხადების მიღებას ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი აჭარის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

ორგანიზაცია ვერ გასცემს გრანტებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. სკოლებს/მასწავლებლებს ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ვრცლად იხილეთ აქ:  https://una.ge/archive?lang=ge&id=866

საქართველოში ფუნქციონირებს ევროპის ფონდის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული იდეის 18 კომიტეტი შემდეგ რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში/დასახლებებში: ახმეტა, ასპინძა,ახალქალაქი, აჭარა, ბოლნისი,ჩოხატაური, დედოფლისწყარო, გარდაბანი, გორი, ხობი, ხონი, მარნეული, ფოთი, რაჭა, სვანეთი, ტყიბული, წალკა და წეროვანი.

ახალგაზრდული იდეა ყოველწლიურად აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების, აქტიური მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების დაფინანსებას 960 ლარამდე ოდენობის ფინანსური რესურსით. კონკურსში სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო კლუბებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა – ჩვენი მომავლისთვის 2022 წელს 960 ლარის დაფინანსება მიიღო პროექტისთვის „ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“.

უშუალოდ განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი. ფონდმა, 2022 წელს, ღია კონკურსის წესით  შეარჩია ორი სკოლა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ რვა ათასი ლარი. სკოლები, მიღებულ ფინანსურ რესურსს ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო საჭიროებების აღმოსაფხვრელად გამოიყენებენ.

საქართველოში საგრანტო კონკურსებს აცხადებენ ან აქვთ ღია წესით კონკურსები შემდეგი ფონდებს/ორგანიზაციებს:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პერიოდულად აცხადებს სხვადასხვა შინაარსის საგრანტო კონკურსებს, სადაც განათლების მიმართულებაა პრიორიტეტული.

ფინანსური რესურსის მოძიება, ასევე, შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მუნიციპალიტეტის მერიები, მათ სამოქმედო არეალში არსებული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით, ხშირად აცხადებენ მცირე საგრანტო კონკურსებს. გარდა საგრანტო კონკურსებისა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციით/განცხადებით და სთხოვონ თანამონაწილეობა კონკრეტული ინიციატივის განხორციელებაში.

მაგალითისათვის ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მიმართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვეს სკვერის სკამები და ნაგვის ურნები.

ვფიქრობ, აქტიურმა მასწავლებელმა მუდმივად თვალი უნდა ადევნონ ვებ-გვერდს პროექტები საქართველოში. აღნიშნულ პლატფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარე ფინანსური რესურსის მობილიზების გარე გზები მუშაობს. მნიშვნელოვანია გვყავდეს მოტივირებული, ცვლილებაზე ორიენტირებული მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები. ჩამოთვლილი თუ სხვა ორგანიზაციებთან/ფონდებთან თანამშრომლობით შესაძლებელია საინტერესო გავხადოთ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება, მოვაგვაროთ სკოლაში არსებული პრობლემები და წავახალისოთ ფორმალური თუ არაფორმალური განათლება სკოლაში.

***

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რამდენად ექნებათ საჯარო სკოლებს წვდომა დამატებით რესურსებზე ჯერ ბუნდოვანია. ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით USAID-ის პროექტები დროებით (90 დღით) შეჩერდა, რამაც სამოქალაქო განათლების პროგრამის გაჩერებაც გამოიწვია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“