ტესტი შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მას იყენებენ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მონაცემების შეგროვების თვალსაზრისით ტესტი ძალიან ძლიერი იარაღია. კოჰენი და მორისონი (2018) განსაზღვრავენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც აუცილებელია, ვიცოდეთ ტესტის გამოყენებამდე:
- რას ვამოწმებთ (მიღწევას, დამოკიდებულებას, უნარს და ა.შ.)?
- როგორ ტესტს ვიყენებთ?
- თავად შემფასებელმა უნდა გააკეთოს ტესტი თუ არა?
- როგორ ხდება შედეგების ანალიზი?
არსებობს უამრავი ტესტი, რომლებიც ამოწმებს მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით – ინტელექტი, დამოკიდებულება, მიღწევა, სოციალური ადაპტაცია და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევის შეფასება და მასთან დაკავშირებით გამოყენებული ტესტის სახეები. ამიტომაც განვიხილავთ ნორმაზე, კრიტერიუმსა და სფეროზე ორიენტირებულ ტესტებს. განათლების სფეროში ტესტთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტებია:
- ვალიდურობა: ტესტმა ზუსტად უნდა გაზომოს ის კონსტრუქცია, რომლის გაზომვასაც ის მიზნად ისახავდა.
- საიმედოობა: ტესტის შედეგები უნდა იყოს განმეორებადი, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურობას (მაგალითად, მოსწავლემ იგივე ქულა უნდა მიიღოს განმეორებითი ტესტის ჩატარების შემთხვევაში).
- ობიექტურობა: როდესაც სხვადასხვა მასწავლებელი იყენებს ერთსა და იმავე ინსტრუმენტს (რუბრიკას), შეფასება უნდა იყოს ერთნაირი.
- სტანდარტიზაცია: ტესტის აღება და შეფასება უნდა ხდებოდეს ერთნაირი პირობებით ყველა მონაწილისათვის.
- პრაქტიკულობა: ტესტი უნდა იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი როგორც შემუშავებისთვის, ასევე გამოყენებისთვის.
- რელევანტურობა: ტესტის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს სწავლის პროგრამასა და აკადემიურ საჭიროებებს.
ნორმაზე ორიენტირებული ტესტი არის იმგვარი ინსტრუმენტი, რომელიც ადარებს კონკრეტული მოსწავლის მიღწევას სხვა მოსწავლის მიღწევებს. მაგალითისთვის ავიღოთ მათემატიკის სახელმწიფო შეფასების შედეგები, შედეგების შეფარდება ეროვნულ/საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით. ნორმაზე ორიენტირებული ტესტები ძირითადად აჩვენებენ, როგორ იქცევა პირი დანარჩენ ჯგუფთან მიმართებით. ამ ტესტებში ქულების შედარება ხდება სტანდარტული ჯგუფის შედეგებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, სად არის მათი შედეგები საშუალო, სტანდარტულ მაჩვენებელთან მიმართებით.
კრიტერიუმზე ორიენტირებული ტესტი საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ შეასრულა თუ არა კონკრეტულმა პირმა რაღაც სტანდარტი, შეიძინა თუ არა რაიმე უნარი, რაც თავდაპირველად გვქონდა განსაზღვრული. ასეთი ტესტით მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება არ ხდება. კრიტერიუმებზე ორიენტირებული ტესტი მოსწავლისაგან მოითხოვს წინასწარ განსაზღვრული, აბსოლუტური კრიტერიუმის ან შედეგის მიღწევას. მაგალითად, მანქანის მართვის ტესტის ჩაბარება. „კრიტერიუმზე ორიენტირებული ტესტი მკვლევარს აწვდის ინფორმაციას, ზუსტად რა ისწავლა მოსწავლემ, რის გაკეთება შეუძლია მას. ხოლო ნორმაზე ორიენტირებული ტესტი აჩვენებს, სხვებთან შედარებით რამდენად კარგად შეასრულა სტუდენტმა მოცემული დავალება და რამდენად იძლევა იგი მიღწევის რანჟირების საშუალებას. ამგვარად, ნორმაზე ორიენტირებული ტესტის მთავარი მახასიათებელია სტუდენტებისა და მათი მიღწევების განსხვავების უნარი: კარგად აგებული ნორმაზე ორიენტირებული ტესტი იძლევა მიღწევაში განსხვავებების ზუსტად გაზომვის საშუალებას. კრიტერიუმზე ორიენტირებულ ტესტს ეს არ აინტერესებს. მისი მიზანია იმის ჩვენება, აკმაყოფილებს თუ არა მოსწავლე მოცემულ კრიტერიუმს, განურჩევლად იმისა, თუ რამდენმა მოსწავლემ დააკმაყოფილა ან ვერ დააკმაყოფილა ის. შესაბამისად, ცვალებადობა, ანუ დიაპაზონი აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია“ (კოჰენი, მორისონი 2018).
სფეროზე ორიენტირებული ტესტებით ხდება კონკრეტული საგნის, დარგის ან სფეროს სპეციფიკური უნარებისა და ცოდნის შეფასება. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ ღრმად შეაფასონ კონკრეტული დარგის კომპეტენციები და მიუთითონ სპეციალიზებული ცოდნის დონე, რაც ხშირად გამოიყენება პროფესიული ან აკადემიური შეფასებისთვის, მაგალითად, მედიცინის, ინფორმატიკის, ან სხვა სპეციალიზებული სფეროების ტესტები.
რადგან ვალიდური ტესტების შედგენა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ბევრი სკოლა სარგებლობს გარე შემფასებლის მიერ შედგენილი ტესტით, რაც მეტი ობიექტურობისა და მონაცემების დაცულობის გარანტიას იძლევა. ჩვენს რეალობაში გარე შემფასებლის როლში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვევლინება. სკოლების მხრიდან სრული ნდობის ცენტრისათვის მინიჭება ბუნებრივია, რადგან მათი ტესტები პილოტირებული და დახვეწილია, გამოცდილია და სტანდარტიზებული კონკრეტულ პოპულაციაზე, მაღალია სანდოობის ხარისხი და იძლევა სტატისტიკურად დამუშავების შესაძლებლობას. მარტივია მათი ჩატარება, შედეგების შეჯამება. ამასთან, მასწავლებელს არ უწევს უშუალოდ ტესტის შექმნაში მონაწილეობა.
ტესტის, როგორც ინსტრუმენტის, ფორმებში გამოყოფენ მიღწევისა და უნარის შეფასების ტესტებსაც. მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღწევის ტესტი ბაზისური უნარების მარტივი საზომი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, უნარის ტესტი კი შესაძლოა, მოიცავდეს კომბინაციებს (მსჯელობა, ანალიტიკა, მასალის ცოდნა). ტესტების ეს ორი ფორმა არ გამოირჩევა მხოლოდ იმით, თუ რას ზომავენ ისინი, არამედ შესაძლებელია მათი გამოყენება შედეგების პროგნოზირებისათვის. მაგალითად, მიღწევის ტესტი უფრო სპეციფიკურია და ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ შინაარსთან, რის გამოც ის ამ კონკრეტულ სფეროში მოსწავლის მომავალი მიღწევების მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. მეორე მხრივ, უნარების ტესტი მოიცავს უფრო ზოგად უნარებს, მაგალითად, „ინტელექტის“ ასპექტებს, ზოგად ცოდნასა და სასწავლო პროგრამის რამდენიმე სფეროსთვის საერთო უნარებსა და შესაძლებლობებს.
სტატიების ამ ციკლში განხილული იყო ტესტის ვალიდურობის, სანდოობის სტანდარტიზაციისა და ობიექტურობის პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შედეგები ზუსტად ასახავდნენ მოსწავლის უნარებსა და ცოდნას. ობიექტურად შემუშავებული ტესტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეფასების პროცესში და საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაში. ტესტების გამოყენება ხშირ შემთხვევაში ეხმარება სკოლებს მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების ზუსტი დონის დადგენაში.
სტატიის მომდევნო ნაწილებში ვისაუბრებთ ტესტების შედგენის პრინციპებსა და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების პრაქტიკულ ხერხებზე.