შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დააკვირდი – წარმოთქვი- დაფარე- დაწერე -შეამოწმე

გთავაზობთ მარტივ და  ეფექტურ მეთოდს, რომელიც  მოსწავლეებს ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.  ამავდროულად, ხელს უწყობს დაკვირვების, დამახსოვრებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას.

სტრატეგია ეფუძნება ხუთ მარტივ პრინციპს:

  1. დააკვირდით სიტყვას ყურადღებით.
  2. წარმოთქვით ხმამაღლა, გამოთქმის გასაძლიერებლად.
  3. დაფარეთ სიტყვა.
  4. დაწერეთ სიტყვა მეხსიერებიდან.
  5. შეამოწმეთ მართლწერა სიზუსტისათვის.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს წინასწარ მომზადებულ შაბლონებს, რომლის პირველ სვეტში მოცემულია სიტყვების ჩამონათვალი.

მოსწავლეები აკვირდებიან თითოეულ სიტყვას და  ხმამაღლა წარმოთქვამენ. როდესაც ყველა სიტყვას წაიკითხავენ, პირველ სვეტს დაფარავენ სუფთა ფურცლით და მეორე სვეტში დაწერენ მეხსიერებაში დამახსოვრებულ სიტყვებს. ბოლოს შეამოწმებენ დაწერილი სიტყვების სიზუსტეს პირველი სვეტის დახმარებით. თუ რომელიმე სიტყვა არასწორად იქნება დაწერილი, შეასწორებენ და ჩაწერენ მესამე სვეტში.

შენიშვნა: სიტყვების რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი.

მოსწავლეებს უჭირთ კომპოზიტების (რთული სიტყვების) მართლწერა. ამიტომ პერიოდულად ვიყენებ ამ მეთოდს.

შაბლონის პირველ სვეტში შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც ერთცნებიანი, ასევე – ორ- და მეტცნებიანი კომპოზიტები, რაც უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს. ქვემოთ განხილულია ყველაზე მეტად გავრცელებული კომპოზიტები.

ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები

კაშკაში,  რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო,  უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი..

ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში და კავშირია ჩასმული:

თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ…

სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები:

გლეხკაცი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი… დედაბუნება, ელექტროგადამცემი,  კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი… დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი… ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული… ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული…

ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა: ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი.

კომპოზიტები, რომლებიც დეფისით იწერება:

სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები;

ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი…

ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება;

გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა…

სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები;

ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი…

მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა, ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი…

გაორკეცებული რიცხვითი სახელები;

ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი…

უდეფისო, მაწარმოებელი სუფიქსების მქონე კომპოზიტები:

დედაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო,  სტუამრმასპინძლობა…

 

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სწავლების სამივე საფეხურზე,  სხვადასხვა მიზნით, განსაკუთრებულად მომგებიანია დიფერენცირებული სწავლების პროცესში, როცა  შაბლონში სიტყვების რაოდენობას, შინაარსს და სირთულეს განსაზღვრავს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. შესაბამისად, შეგვიძლია, გავამარტივოთ ან გავართულოთ დავალება.

შაბლონებით სწავლება უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ პრაქტიკას, რომელიც მოსწავლეებს  მოტივაციას უმაღლებს საკუთარი თავის ნდობისა და შესაძლებლობების მიმართ.

 

შაბლონი

 

გამოყენებული რესურსები:

https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/qartul_enis_marTlwera/qartul-enis_marTlwera-tavi-6.htm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“