ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

აგვისტოს ბნელი – მთის ლოგინის ამბავი ანუ არჩილ ბადრიაშვილი

0

  თანამოსასმენი – The Necks – Blue Mountain

 

,,შენ ნახე, ბოლოს მარრთლაც ეგრეც იქნება’’

უილიამ ფოლკნერი – ,,აგვისტოს ნათელი’’

ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.  ის ბიჭი – არჩილ ბადრიაშვილი.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

რა ბედია, არ ვიცი. რატომ იწვენს მთა ლოგინში დიდ ხალხს. მის მოტრფიალე ხალხს. ეგებ ეგ დალის და მონადირეების ძველი მითის ამბავია და ახლანდელი კაცი ძნელად გაიგებს. ეგებ მათი სული რჩება იქ. მთას შეერევა. მთად იქცევა. რამდენია ასეთი მთასშერეული კაცი.

ვთქვათ – მიხეილ ხერგიანი, იტალიაში, სუალტოს კლდიდან დაშვებული დიდებული სვანი, ელისაბედ II -სგან ,,კლდის ვეფხვად’’ წოდებული, ამ საქმეში მსოფლიო რანგისა და გაქანების. თუ უცხოურ პრესას გადავხედავთ, იოლად მივხვდებით, რომ არჩილიც ამ სიმაღლის ალპინისტი იყო. ჩვენთან მასზე არავინ წერდა, რადგან ჩვენთან უყვართ ,,ჰაიპი’’ და ,,ინგეიჯმენტი’’. ეგ გახდა წმინდა. მთებთან ქორწინება კიდევ სხვა საქმეა.

სულ ბოლოს, ამ მეხამდე, არჩილი ჰიმალაის სტუმრობდა,  აუსვლელი მწვერვალი ნანდა შორი დალაშქრა და კიდევ – ჩანგუჩი. ესეც ძალზე რთული.

აქ, ჩვენთან, შხელდაზე, მეხმა ჩაიტანა.

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს.

 

 

 

„გულწრფელი“ ფერწერა

0

(ზოგ ქართველ მხატვარზე)

რა გამოარჩევს ნამდვილ მხატვარს? ეკითხებიან ლევან ხარანაულს. შემოქმედებითი გულწრფელობაო, ასეთია მისი პასუხი. ანუ ეს არის არა პოზა ან გამოგონილი სინამდვილე, არამედ გულიდან წამოსული, განცდილი სინამდვილე და თუ ამას ოსტატობაც ემატება, ჩვენ წინაშეა უკვე დიდი მხატვარი! ესაა მათი თვითმყოფადობაც, უშუალო სათქმელიცა და ეროვნულ გენეტიკაში ჩადებული, ღვთისგან უხვად დაფრქვეული ნიჭიერებაც…

ნიკალა ფიროსმანი „გოგონა საჰაერო ბუშტით“  – იყო ადამიანი. რთულად იცხოვრა, თუმცა წუთისოფლის სიმწარე სიტკბოშიც განაზავა. ბევრი თუ ცოტა განსაცდელი გამოიარა. ბევრმა მიატოვა, ბევრმა აღმოაჩინა, ბევრსაც უყვარდა ბოლომდე, როცა მაუსაფრობამ, სულიერმა თუ ხორციელმა სიცივემ, უსახსრობამ გატეხა. ასე წავიდა, განიბნა თავის მარტოობაში. სიკვდილში პატრონი ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე. წაიღეს და ჩაფლეს სადღაც, ვითომ ღვთისა თუ კაცის წინაშე ნამუსი მოიწმინდეს, როგორც იციან, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინეს.
…და დარჩა უკვე საფლავი მიტოვებული, უცნობი, კაცი კი ადამიანურიდან უკვე მისტიკურ, მიწის სიმარტოვეში გარდასახული – ისევ ღვთის ანაბარა, წითელბუშტიანი გოგონას დიდ და ნათელ სევდაში.
„იყო და არა იყო რა“ საწუთროში ახალი…
თუმცა იქნებ ღმერთი ადამიანის სახელიცაა, რომელსაც იგი ტოვებს დედამიწაზე?

მარტო ნიკალაზე არ ვწერდი.
ვის რა მოელის?…

დავით კაკაბაძე -„,იმერეთიდედაჩემი 1918 – ადამიანის გონის ეს ზედროული, სივრცითი (თითქოს, შესაქმის) გეომეტრია, წესრიგის სიყვარული და ჩუმი სევდა – ასეა სამშობლო გამოხატული ამ ნახატზე. მშობელივით, უძღებ შვილსაც ხელგაშლილი რომ გელოდება გულში ჩასაკრავად. რატომ ვართ მარადი უძღები შვილები?! ყველაზე მეტ ტკივილს ძალიან ახლობელს რომ ვაყენებთ და იმ გადაშლილ გულს მახვილისთვის რომ ვამზადებთ. მერე ფეხს წამოვკრავთ, ისიც, უცხო სატრფოსთვის მოპარვით ამორთმეული, „ფრთხილად, შვილოო“, რომ ამოიკვნესებს… და რა კარგს უნდა ველოდეთ ჩვენ, დედაშვილობის მადლის დამრღვევნი? ისევ დედა (სამშობლო) თუ შეავედრებს ჩვენს თავს ღმერთს…
იქნებ შეისმინოს? რომ ჩვენს გულებშიც დაბრუნდეს ის ნანატრი მშობლიური სიმყუდროვის განცდა სამყაროსადმი თუ ერთმანეთისადმი, რომელიც ავბედით დღეებში შექმნილ ამ ნახატზეა.
თორემ როდემდე?!…

ლადო გუდიაშვილი ფრესკის ღიმილი – ეს ღიმილი, რაღაცა უცნაური, ქართული სიდარბაისლით, ჯოკონდასას ჩამოუვარდება? ამაოების იმედგაცრუება, მრავალჟამიერი სევდაცაა მასში და მიღმიერის ტრფიალიც. თითქოს, გვეკითხება: ხომ არ დაგძალათ, როგორც მისი ზნე არის, წუთისოფელმაო? ეს სილამაზე, მართლაც, ფრესკულია, უკვე მიმქრალი, ძლივსღა შენარჩუნებული ყოფითობის ხიბლით. წმინდანიც ადამიანი იყო ერთ დროს, გვეუბნება ფილოსოფიური ნახატი და სწორედ ეს ურთულესი მეტამორფოზი, მიწიერის ზეციურში გარდამავლობისა, გაყრისა, იგრძნობა მასში. და ჩაგჩურჩულებს, მოგიწოდებს, გამუნათებს ისევ და ისევ ზოგადსაკაცობრიოს, რომ თუ ვერ შეძელი „…გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს“…

ელენე ახვლედიანის „კახეთი.ზამთარი“  – როცა გიჭირს, სულში სიცივეა და სიმარტოვე, გეუცხოება ყველაფერი, სახლში გინდება დაბრუნება – სადაც გელიან, ენატრები, გულში ჩაგიკრავენ. ასეთი „სახლი“ ჯერ სამშობლოა, მერე ოჯახი და ბოლოს, საკუთარი თავიც. ჩვენ გვაქვს მეტაფიზიკური სამშობლოც და წუთისოფელიც მისკენ სწრაფვისათვის გვეძლევა. ასეა, მოკლედ, ჩვენ სულ მივიჩქარით მატერიალური თუ არამატერიალური „შინისკენ“…
სწორედ ეს განცდაა ელენე ახვლედიანის ამ ნახატზე – როცა სახლში ხარ და გიხარია, სიმშვიდეა და კერიის ჰარმონია, ასე არქაული და მარად განახლებული: ყველა ცოცხალია, ირგვლივ სიყვარულია და ერთმანეთით სისავსე, როგორც ამ ზამთრის „სითბოში“…

ეს ნახატი ეროვნულიცაა და ზედროულიც…

დიმა ერისთავი „ინგა მილორავას პორტრეტი“ 2003  – როცა ინგასთან მივდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა ეს მშვენიერი პორტრეტი, როგორც მასპინძელზე უზადოდ „მოსაუბრე“, თავისი ჩუმი, იდუმალი, განუმეორებელი ხიბლითა და მხატვრისეული ხელწერით. ინგა ამბობდა, არ მგავს, მაგრამ მიყვარს და დიდ შინაგან მუხტს მაძლევსო. მე ვამბობ, რომ იშვიათია ასეთი ზუსტი გადმოცემა ადამიანის სულიერი სამყაროსი, მისი იდეალური „მესი“, სიფაქიზისა, რომელსაც ალბათ უცხო თვალს არც აჩვენებდა და მხოლოდ მაშინ იყო ასეთი, როცა თავთან მარტო რჩებოდა. სწორედ ესაა ჩემი ინგა და სწორედ ასეთი მიყვარს მე იგი – მელანქოლიური, სამყაროს დაკარგულ ჰარმონიაზე სევდის სიბრძნით, ტრაგიზმის ძალითა და მეოცნებე, ირეალური ოპტიმიზმით… ასეთს ვნახავ მე მას იმქვეყნად და, მგონია, სწორედ ასეთი მზერით მელოდება და დამხვდება…

თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) პეიზაჟი  – არაფერია უჩვეულო, თუ თოვლი იისფერია, ქვეყანა „დაბინდულ ქლიავის ფერი“, ხე – მეოცნებე, ადამიანივით… თუნდაც სინამდვილე მორუხო იყოს, როცა ეს პარალელური რეალობაც არსებობს, ვინმეს წარმოსახვაში, ლექსსა თუ ნახატში გაცოცხლებული, ჩვენს სულებს აქვთ ნეტარი კუნძული, რომელზეც გადასახლება შეუძლიათ. მავანნი ცდებიან და ზოგი ოცნების დრო არასდროს მიდის. სწორედ აუხდენელი ნატვრების ნაზი სიოს სიმსუბუქე გადაგალახვინებს წუთისოფლისა და მეტაფიზიკურის ზღვარს და შენც მიფრინავ, როგორც ამ ალისფერი ხის ფოთოლი, „შინისაკენ“, სადაც აღარაა შემოდგომა და ხასხასა, მარადიული გაზაფხულის ყვავილოვანი ველებია. იქ ცოტა სევდაცაა, როგორც ხსოვნა წუთისოფლისა, თითქოს, მინავლული ღველფი დედამიწიდან წამოყოლილი დიდებული შემოქმედებისა…

ესმა ონიანის „ბებიის ოთახში“  – ასე ჰქვია ესმა ონიანის ამ ნახატს. მასთან მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა ნახატი, როგორც მისი ყველა დანარჩენი ნამუშევარი.
ერთ მშვენიერ დღეს ვან გოგი დაიბადა ჩვენთა სულთა საოხად და ფიქრთა, შეგრძნებათა პარალელმა მისი „ღამის კაფე არლში“ გამახსენა, იმავე წითლის გრადაციით, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას და გგონია, პერმანენტულად რომ იჯდე ამ კაფეში და უყურო მის მარჯნისფერ კედლებს, შეიძლება გაგიჟდე, რადგან გონება უძლურია, როცა მას სთხოვ, ჩასწვდეს იმას, რაც მის საზღვრებს მიღმაა.
ესმა ონიანის უნივერსალიზმია ისიც, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, ზოგადად, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ი ს ი ც ხომ სიტყვაა?

ლევან ხარანაულის თანამედროვე არქაიკა (პორტრეტები)  – აქ ნაცელქარი და მყისიერად ჩაფიქრებული ბავშვების სევდაცაა; ავტოპორტრეტები, რომელთა სახე ექნებოდა იესოს, განკაცებულ ღმერთს და ისინი, თითქოს, დერვიშთა ინტუიციური სიბრძნის მფლობელნიც არიან; დედა, რომელიც სადღაც უხსოვარი დროიდან იმზირება, ისეთი ძველია და ისეთი ნორჩი, როგორც გაზაფხული; პაწაწა ფეხსაცმელები, ისეთივე „მოლაპარაკეები“, როგორც ვან გოგთან, მეტიც, ისინი რძისა და მიწის სურნელსაც დაატარებენ, ბავშვობისა და მოსალოდნელი დიდად გახდომის, წარმავალისა და უკვდავის სინთეზს, როგორც წუთისოფლისეულ მარად შერწყმას ფიზიკურისა და მეტაფიზიკურისა… ეს დიდი მხატვრობაა! არც მეტი, არც ნაკლები.

ამ ყოველივეს, უბრალოდ, კი არ უნდა უმზირო, არამედ მიეახლო, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას, რომლის შექმნის დიდი ნიჭიც ღმერთმა რადგან გიწყალობა, გამოდის, საკუთარ უბეში ჰყავხარ ტანჯულიც და უბედურიც…

 

ქალაქების გარემოსდაცვითი პრობლემები და ჩვენი მომავალი ქალაქურ გარემოში

0

 (ნაწილი მეორე)

„ქალაქი, წარმოადგენს ადამიანის მიერ განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ მცდელობას სურვილისამებრ გადააკეთოს სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. მაგრამ თუ ქალაქი ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროა, ეს ის სამყაროც არის, რომელშიც მან უნდა იცხოვროს მომავალში. შესაბამისად, ადამიანმა თავის საქმიანობის ბუნებაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენის გარეშე, ქალაქის შექმნით საკუთარი თავის გადაკეთებაც დაიწყო“.

რობერტ პარკი, ამერიკელი ურბანისტი და სოციოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, „ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი (1864-1944)

და მაინც, რა არის ქალაქი? ეს კითხვა შეიძლება ბევრს ეუცნაუროს, რადგან ყველამ იცის“, რა არის ქალაქი, თუმცა როგორც ხედავთ, ყველამ იცის ძალიან სუსტად ჟღერს, როდესაც ქალაქის შინაარსში ჩავიხედავთ და მისი არსებული მდგომარეობისა და მომავლის პერსპექტივების განხლვას დავიწყებთ. მოაზროვნენი და მეცნიერები ათასეული წლებია, ცდილობენ, განმარტონ ქალაქის შინაარსი, თუმცა ქალაქის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს!

ცნობილი ქართველი მეცნიერი, არქიტექტორი და ურბანისტი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე თავის ცნობილ ლექციების კრებულში ქალაქის კონტურები (2015) საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპის იმ შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ უდავოდ უნივერსალურ მახასიათებლებს შორის, რომლებიც მიმდინარე ისტორიული ეპოქის ეპითეტად, მისი შინაარსისა თუ თავისებურების მოკლედ და სხარტად წარმოსაჩენად გამოიყენება, ხშირად ფიგურირებს ტერმინი „ურბანიზაცია“. ლათინური ძირის „Urb“ ან „Urbs“ საფუძველზე, რაც ქალაქს აღნიშნავს, წარმოქმნილი ტერმინების მთელი წყება – „ურბანიზაცია“, „ურბანული“, „ურბანიზმი“ და ა.შ. – ქალაქ(ებ)თან დაკავშირებულ მრავალფეროვან პროცესებს, მოვლენებს, ფორმებსა და მდგომარეობებს ასახავს და ახასიათებს. და მაინც, რატომ არის ურბანიზაცია და მისი მთავარი იდეა და შინაარსი – ქალაქი ასე მნიშვნელოვანი, ასე ყოვლისმომცველი ჩვენი ეპოქისა და საზოგადოებისათვის? ურბანიზაციის მასშტაბების შესახებ თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესაქმნელად მშრალი სტატისტიკურ-რაოდენობრივი მახასიათებლების მოხმობის შემთხვევაშიც კი, ქალაქების ზრდის მეტად შთამბეჭდავი სურათი წარმოგვიდგება: სულ ორიოდ ასწლეულის წინ, 1800 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ერთი საუკუნის შემდეგ, 1900 წლისთვის ეს რიცხვი უკვე 13%-ს აღემატებოდა, ხოლო 2000 წლისთვის 47%-ს გადააჭარბა. 21-ე საუკუნის გლობალური მნიშვნელობის ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის კი უთუოდ ისიცაა აღსანიშნავი, რომ 2008 წელს, პირველად კაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიაში, მსოფლიო მოსახლეობის, რომელიც დღეისათვის 7 მილიარდს აღემატება, უმეტესობა ქალაქებში აღმოჩნდა თავმოყრილი. ამით ზღვარი დაედო სოფლად მცხოვრებთა რიცხობრივ უპირატესობას დედამიწაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი მანამდელი ისტორიის განმავლობაში”. (ვლ. ვარდოსანიძე, 2015)

ქალაქის შინაარსზე და ქალაქისა და ადამიანის ურთიერთობებზე საინტერსო აზრებს გვთავაზობს ცნობილი ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი და ურბანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოსო სალუქვაძე:

რა არის ქალაქი?… ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი და დამაჯერებელი პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ყველასთვის ცხადია, რომ ქალაქი ადამიანთა დასახლების ფორმაა, დედამიწაზე დღემდე არსებული მკვიდრი დასახლების ორი მთავარი ფორმიდან ერთ-ერთი და შესაბამისად, ის განსხვავდება თავისი ანტიპოდისგან – სოფლისგან. მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი დასაქმების სტრუქტურისა და სხვა მსგავსი პარამეტრების შესახებ არ არსებობს არც კრიტერიუმთა უნივერსალური სისტემა და არც რაოდენობრივი მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყანაში მოხდებოდა დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება. ჩვენს წარმოსახვაში, ქალაქი, ხალხმრავალი დასახლებაა. მისი ტერიტორია, სოფლებისგან განსხვავებით, უფრო კომპაქტურია, რადგან არ მოიცავს ვრცელ, სასოფლო-სამეურნეო მიწებს; შესაბამისად, ქალაქის მოსახლეობა არ არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, მოქალაქეები მჭიდროდ სახლობენ და მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან. ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალსართულიანი სახლები მნიშვნელოვნად განსხვავდება საოფლო განაშენიანებისგან, ქალაქის მოედნები, გზები და ქუჩები კი ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურა, უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანია, ვიდრე სოფლისა”. (ი. სალუქვაძე, ჟურნალი “ჩემი სამყარო”,3, 2014)

ბოლოს, მეც დავამატებ, რომ ქალაქის შინაარსის, მისი განვითარების ლოგიკისა და დინამიკის გასაგებად, აუცილებელია კარგად გავიაზროთ და მკაფიოდ გამოვყოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის; დავინახოთ ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა ადამიანთა საზოგადოებამ, ადამიანის საქმიანობამ და ყოფამ სოფლიდან ქალაქში გადმოსვლის შემდეგ; გავაანალიზოთ საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების ის მთავარი მიმართულებები და ტენდენციები, რომლებიც გაჩნდნენ ადამიანთა უმრავლესობის ქალაქებში დასახლების შემდეგ. ქალაქი, ადამიანის განვითარების ისტორიასთან შედარებით, რომელიც ასეულობით ათას წელს მოიცავს, ძალიან ახალი ფენომენია და იგი, სულ რამდენიმე ათასი წლის წინ გაჩნდა ისტორიაში. ჩვენი ბიოლოგიური სახეობა, Homo sapiens, არ აღმოჩნდა და არც არის მზად იმისთვის, რომ კარგად და ღირსეულად იცხოვროს მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, რაც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ადამიანების, თანაცხოვრება ურბანულ გარემოში ისე, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთი, არ დავაზიანოთ საცხოვრებელი გარემო, სტიქიური მოვლენების დროს დავიცვათ ქალაქში ადამიანთა უსაფრთხოება. ასევე გადაუჭრელ ურბანულ პრობლემებად გადაიქცა და რჩება ქალაქების დაბინძურებული ჰაერი, წყალი და საქალაქო ნარჩენების საკითხები, ნარკოტიკების გავრცელება, კრიმინალი, მოსახლეობის ნაწილის სიღარიბე, უმუშევრობა და ტრანსპორტი გადატვირთულობა, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის პრობლემები, ქალაქის უკონტროლო ურბანული ზრდა (ე.წ. ურბანული ცოცვა) გარეუბნებისა და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებისკენ.

როგორც ვხედავთ, ქალაქი, მისი შესაძლებლობების მრავალფეროვნების, მიმზიდველობისა და სიმდიდრის მიუხედავად, სერიოზული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პრობლემების ნაკრებიც გახლავთ, რომლის ზრდა და განვითარება, უმეტესწილად, ჩვენ გარშემო არსებული ბუნებისა და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სისტემების ხარჯზე მიმდინარეობს.

რა ელის ქალაქებს მომავალში? რა ელის მომავალში ქალაქის მცხოვრებლებს? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც ახალი თაობის მეცნიერებსა და მკვლევრებს მოუწევთ; ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს, მეცნიერების მრავალი დარგიდან: არქიტექტურიდან, ეკონომიკიდან, გეოგრაფიიდან, ფილოსოფიიდან, ქალაქგეგმარებიდან, საინჟინრო-ტექნიკური სამეცნიერო დისციპლინებიდან, ბიოლოგიიდან და ჯანდაცვის დარგებიდან.

ასე თუ ისე ქალაქები განაგრძობენ მოსახლეობის მოზიდვას და საბოლოოდ, მათ გაქალაქელებას. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ურბანიზაციის პროცესის შესაფასებლად კი უნდა ითქვას, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, მხოლოდ ურბანიზაციის მაღალი დონე ვერ იქნება ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტი, მაგრამ პრაქტიკულად არცერთი ქვეყნის გამოცდილება არ იძლევა იმის მაგალითს, რომ ასეთი ზრდისა და კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ურბანიზმის გარეშე”, გვეუბნება პროფესორი, სოსო სალუქვაძე და კიდევ უფრო მეტ საფიქრალს სთავაზობს ქალაქებისა და ქალაქების ფენომენის მომავალ მკვლევრებს.  

(სტატიის დასასრული)

გულის ენა

0

Illustration: A music staff with books on it.

ამ წიგნის ყიდვისას ვფიქრობდი, რომ სხვისთვის გაყოფა არ მომიწევდა, სოფელში, ივლის-აგვისტოს გრილ საღამოებში მშვიდად წავიკითხავდი. არადა, დავიწყე თუ არა, მაშინვე მომინდა, უხილავი მსმენელის ყურამდე ყველაზე ლამაზი თუ ყველაზე საგულისხმო ფრაზები მიმეწვდინა, სადღაც გამეტყუებინა.

კრებულში კითხვები განგებაა გამოტოვებული. მხოლოდ პასუხებია, რომლებმაც შეწინააღმდეგებაც შეიძლება გაგაბედვინოს და სიხარულიც გაგრძნობინოს: თურმე სწორ ბილიკს გაჰყოლიხარ, გადახვევაც დროულად მოგიხერხებია.

„გაუზავებლად“. მუსიკოსები ხელობასა და ხელოვნებაზე. ავტორი – კახა თოლორდავა წინასიტყვაობაში შენიშნავს, რომ ნამდვილ ავტორებად ამ წიგნის 31 რესპონდენტს მიიჩნევს, ჯო ზავინულიდან ჰერბი ჰენკოკამდე. მერე რა, თუ ხანდახან კითხვა მეტად მარტივად ამოსაცნობია, მუქი, განიერი ჩრდილით.

ჯო ზავინული: „მე უკვე ბავშვობაში ვიყავი მუსიკოსი“; „ჩემი პირველი ინსტრუმენტი აკორდეონი იყო, რომელზე დაკვრაც სულ რაღაც წამებში ვისწავლე. უბრალოდ, ხელში ავიღე და უკვე ვიცოდი, რა უნდა მექნა“.

რიჩარდ ბონა: „სამი წლის ვიყავი, როდესაც ის [ბაბუა] მიხვდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე, როდესაც მუსიკას მოვკრავდი ყურს. როცა ჩემ გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი. ამ დროს ჭამაც კი მავიწყდებოდა“; „ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ სანაგვეზე ნაპოვნ საქსოფონზე დავუკარი. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები“.

მარკუს მილერი: „ჩემებს ვეუბნებოდი, მუსიკოსი მინდა გამოვიდე-მეთქი. დამცინოდნენ. მუსიკოსი ან კალათბურთელი – ეს ყველა ჩემი უბნელი ბიჭის ოცნება იყო. ისე მიყვარდა მუსიკა, რომ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეუბნებოდნენ, მარკუს, შენი მუსიკოსობა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არც კი ვუსმენდი. […] საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს შესაძლებელია და მე ეს ვიცი-მეთქი“.

მუსიკის გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა. სამუსიკო სასწავლებლებში თუ მის მიღმა წესებს სწავლობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაარღვიონ.

მონტი ალექსანდერი: „მე მუსიკოსად მილტ ჯექსონმა, რეი ბრაუნმა და დიზი გილესპიმ მაქციეს. მათი მეშვეობით გავიზარდე, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. სწორად გამიგეთ, ქედს ვიხრი მუსიკალური სასწავლებლებისა და მათი ძალისხმევის წინაშე, მაგრამ ყველამ იცის, რომ მონტი ალექსანდერი მათ ხელში გაუვლელი მუსიკოსია“.

კურტ ელინგი: „ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის ასაკში. არტ ტეიტუმი, დიდი ჯაზ პიანისტი, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, ტეიტუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას უკრავდა და ეუბნებოდა: „აბა, მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი“.

მუსიკოსები რჩევებსაც უშურველად იძლევიან – თავისას თუ სხვისგან გაგონილს და დამახსოვრებულს.

კრის პოტერი: „ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამეების კეთებაც მოგიწიოს, რაც მსმენელს არ მოეწონება. შეიძლება შენი გაკეთებული არც არავის მოეწონოს, მაგრამ თუ შენ მოგწონს, ბოლომდე უნდა გაჰყვე ამ გზას“.

კრისტიან სკოტი: „ერთხელ დენი ბარკერმა, დიდმა მუსიკოსმა, მითხრა: „შენზე უკეთესად ვერავინ მოახერხებს შენადვე გახდომას!“

მაიკ სტერნი: „ყველაფერთან ერთად, მუსიკა გულის ენაა. რა თქმა უნდა, მუსიკალური ენის შესწავლისას მუსიკას მის ყველა გამოვლინებაში სწავლობ, მაგრამ მთავარი არ უნდა დაივიწყო – გული! მუსიკა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა, ხოლო ადამიანებს გულიდან გამომავალი ბილიკებით უნდა მიუახლოვდე“.

დასასრულს კი ჰერბი ჰენკოკის მომნუსხველი, გაკვეთილებზე ხშირად გასამეორებელი ახსნა: „ამერიკა ადგილობრივი ინდიელებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების ძვლებსა და სისხლზეა აშენებული. სწორედ მათ შექმნეს ის, რასაც ჩვენ ჯაზს ვუწოდებთ. ჯაზი ის მუსიკაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა. მართალია, მონათმფლობელობის პერიოდში შეიქმნა, მაგრამ მონობაზე კი არ გესაუბრებათ, არამედ ადამიანის იმ საოცარ უნარზე, როდესაც ის ყველაზე მძიმე სიტუაციას სასარგებლო გამოცდილებად აქცევს. ჯაზი გესაუბრება პრობლემის შემოქმედებით ენერგიად გარდასახვის შესაძლებლობებზე, საწამლავის წამლად გადაქცევის აუცილებლობაზე“.

მთავარი აქ ითქვა. სხვას გულის ენით გამოხატავენ.

 

 

რომანი, როგორც მრავალხმიანობა – ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო…“

0

ძალიან დიდი ხანია, წიგნი აღარ წამიკითხავს ისე, როგორც უბრალო მკითხველს. ეს განა ცუდია – პირიქით, ბოლო დროს სულ სხვანაირ გემოს ვატან წიგნებს. თუმცა ხანდახან მაინც მენატრება ძველებური, სკოლის მოსწავლეობის დროინდელი კითხვა, ზაფხულის ზანტ დღეებში რომ ვიცოდი, როცა გარედან კალიების ზიზინი და ფოთლების მშვიდი შრიალის ხმა შემოდიოდა. თითქოს რამ უნდა დამავიწყოს, რამ უნდა ჩამინაცვლოს ასეთი კითხვა? ვერც ვერაფერმა. შეხსენება კი მაინც დამჭირდა. არის წიგნები, საგანგებოდ ასე წასაკითხად რომ დაწერილა. „ვა სოფელოც…“ – ეს არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე რომანი სწორედ ასეთი წიგნია.

მახსოვს, ხელებს ვიბანდი და ვფიქრობდი, ევასნაირმა ამაყმა ქალმა რანაირად მიიღო გასაზრდელად თავისი ქმრისა და ვიღაც მეძავის შვილი-მეთქი. და უცებ მივხვდი: მან ხომ არ იცოდა! სპიროდონამ განა ასე არ გადაწყვიტა, სახლთან დავტოვებ, ვითომ მოგვიგდესო? მაგრამ დატოვა კი? ეს რომ რომანში აღარ წერია?

და აქ პირველად ვიგრძენი, რა დიდი მწერალი უნდა იყო, პერსპექტივით ასე რომ ითამაშო. როგორ ვბრაზობდი ევაზე და ვიჭერდი სპირიდონის მხარეს! სანამ ის საშინელი სიმართლე არ შევიტყვე სპირიდონასა და გიორგიზე. ის სიმართლე შეიტყო ევამაც, მაგრამ ხედავთ? სხვა სიმართლეც ყოფილა, ევას შვილობილის შესახებ, რომელიც მე, მკითხველმა, ვიცი, მან კი, პერსონაჟმა – არა.

ცხადია ტექსტის განზრახვა, გვაჩვენოს საბჭოთა რეპრესიების საშინელება, არათუ გვაჩვენოს, გვაგრძნობინოს კიდეც. უამრავი ასპექტი შეიძლებოდა, გამოგვეყო – ამ მშვენიერ წიგნზე არათუ ასეთი მომცრო წერილი, გამოკვლევები შეიძლება, დაიწეროს. მაგრამ ჩემთვის საინტერესო ამჯერად სწორედ პერსპექტივის საკითხია. სწორედ პერსპექტივის წყალობითაა, რომ ჩეკისტს, რომელმაც მთავარი პერსონაჟის მამა დაიჭირა, მაინცდამაინც სიძულვილით ვეღარ ვუცქერთ – ჩვენი მთხრობლის ბინაში, ერთ ოთახში შეყუჟული მისი ოჯახი, ცოლი და ავადმყოფი, მუდამ სიკვდილზე მოფიქრალი პატარა ბიჭი, არაფრით ჰგვანან ჯალათებს. შინ დაბრუნებული კი თავად ისიც, „ფორმიანი“ კაციც, ჩვეულებრივი მამა და ქმარია.

და თვითონ მთხრობლის პერსპექტივა? ეს ხომ ბავშვის თვალებია, ბავშვის თვალით დანახული დასმენები, ბავშვის თვალით დანახული სიღარიბე და გაუტანლობა, ბავშვისა, რომელიც ბევრ რამეს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ყველაფერს ამჩნევს.

ან განა მაროს რისხვა სამართლიანი არაა? განა სწორია, რომ ერთი ადამიანის ნაშრომი მეორემ კარტის თამაშში ფლანგოს? მაროსა და სპირიდონას ღირებულებათა სისტემა ერთია, ევა უცხო ადამიანია მათთვის. ამიტომაც იჭერს მარო მამამთილის მხარეს, ამიტომაც უყვარდება იგი სპირიდონას პირველი შეხვედრისთანავე, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მისი რძალი გახდება – ამ ერთი სოფლელი გოგოს ქცევაში არის სწორედ ის პატივისცემა, ვერაფრით რომ ვერ ეღირსა უგულო ცოლისგან.

მაგრამ განა ევა დამნაშავეა? ერთი სიხარული ჰქონდა ცხოვრებაში – გიორგი და ისიც დაკარგა. სხვა აღარაფერი უნდა. ევა ის ქალი როდია, პატრიარქალური ნორმების მორჩილებაში რომ გალევს სიცოცხლეს, ბედს შეეგუება და ხელს ჩაიქნევს, რაც არის, არისო. ის არც კი ცდილობს სპირიდონასთან დაახლოებას, მის გაცნობასაც არ ცდილობს, არათუ შეყვარებას.

ბებია რუსუდანს კი მართლადა რა მკვდრის დამარხვა აუტყდა? სხვა დამმარხავი არავინაა? თან თუ მის რძალს არ უნდა, ესე იგი, მართლაც არ იყო კარგი ადამიანი და რაღა მოხუცი რუსუდანი უნდა გადაჰყვეს ზედ? კითხვას განვაგრძობთ და ირკვევა: ორი ახლობელი სული – აი, ვინ იყვნენ ევა და რუსუდანი ერთმანეთისთვის.

მაკა და არჩილი? კი ამბობს დასაწყისში ბებია რუსუდანი, საკოცნელი პირი არჩილმა საფურთხებლად გაიხადაო, მაგრამ, აბა, რომანის ბოლოს ნახეთ მაკასა და არჩილის დიალოგი, მაკა რომ მექორწილეების გამოსახსნელად მივა, მართლა ასეა? ჰგავს ეს ნატანჯი, სახეგაფითრებული, დაავადებული კაცი ჯალათს? დამნაშავეა? თუ სხვებივით ისიც მსხვერპლია, ოღონდ სხვაგვარი მსხვერპლობა ერგო?..

ეს და კიდევ ორი ამდენი ამბავი ერთ წიგნში როგორ უნდა ჩაატიო? როგორ უნდა გადააბა, როგორ უნდა აკინძო? თქვენი არ ვიცი, მე კი მოქმედების ამგვარი სივრცე ტექსტში და სტრუქტურის ორგანიზების ასეთი ხერხი სხვა არ მახსენდება: ზის ორი ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა, მკვდარს აპატიოსნებს, ღამეს უთევს და თან ერთმანეთს საშინელი, სისხლიანი დროის ამბებს უყვება. ამბავი ამბავს მოსდევს, რადგან ერთი მოქმედი პირის ბედი მეორისას ებმის. ღერძი კი რომელზეც ეს ამბები იკინძება, რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსანია“ – ჩვენი მთავარი წიგნი და ბებია რუსუდანის სულის საწვრთნელი ბნელ და ბოროტ დროებაში. ასე იქმნება ერთი მშვენიერი, მრავალხმიანი სიმფონია, რომელშიც ყველას, თითოეულს თავისი სიმართლე აქვს.

ასე რომ, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, ნუღა აყოვნებთ – სწორედ რომ საზაფხულო საკითხავია, მწარე და ტრაგიკული, მაგრამ თან ნამდვილად რუსთაველისეული სიკეთითა და სინათლით სავსე.

 

დაკვირვების ობიექტი – გამოცდები. მოტივაცია

0

ჩაცხრა, მინელდა სააბიტურიენტო ციებ-ცხელება.

აგვისტო ყოფილი და ახლანდელი აბიტურიენტებისთვის ათვლის ახალი წერტილია. ნულოვანი.

ყოფილები შვებით ამოისუნთქავენ – სწავლა-წვალების დატვირთული წელი უკან დარჩა. ნიშნები გამოცხადებულია. ახლანდელები ძალებს იკრებენ – სმენიათ, იციან, უნახავთ, ვინ არიან და როგორები არიან აბიტურიენტები. წინ რთული გზა ელით. სწავლა-წვალების ესტაფეტა, ამოღამებული თვალები, ჩამქრალი ცნობისმოყვარეობა, ანთებული ფორიაქი.

ჩვენი განათლების სისტემა, მეთოდოლოგია და პროგრამები რამდენიმე მიმართულებით მუშაობს წარმატებით, უტყუარად, შედეგიანად.

მაგალითად, ჩვენ ვახერხებთ და შემეცნების პროცესს ვაქცევთ შინაარსების კონსერვირებაზე ორიენტირებულ პროცესად.

ასევე კარგად გამოგვდის სპეციფიკური აკადემიური მიმართულებით მთელი ძალებისა და ენერგიის მიმართვა შემოქმედებითი, კრიტიკული და სოციალური უნარების დაჩლუნგებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის უგულებელყოფის ხარჯზე.

საუკეთესო შედეგები გვაქვს სტრესული გარემოს შექმნის მიმართულებით. უკვე სექტემბრიდან მოზარდები კარგა გვარიანად დატვირთული ცხრილისა და დღის განრიგის „ბედნიერი მფლობელები“ გახდებიან. მოსასწრები ხომ ბევრია.

ცნობისმოყვარეობის გაღვივება, სამყაროს მოწყობისა და არსის მიმართ ინტერესი, საკუთარი ინტერესების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, უმნიშვნელოვანესი სოციალური უნარების გავარჯიშება, ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა, შემეცნების სიხარული, საინტერესო საკითხავი და საფიქრალი, ნაფიქრის მოწესრიგება, არგუმენტირებული მსჯელობა, შემოქმედებითი აქტივობები, მოსმენილის გაგება, გააზრება და პოზიციის შეცვლაში გაწაფვა, როცა საპირწონედ მნიშვნელოვან კონტრარგუმენტაციას იღებ – ყველა ეს სიკეთე როგორღაც მნიშვნელობას კარგავს. სწავლა-წვალების ერთადერთ მიზეზად გამოცდებისთვის მომზადება რჩება.

მთავარი კითხვა სააბიტურო წლის განმავლობაში არის – ეს გამოცდაზე შეგხვდება? საგამოცდო საკითხია? ეს მოგვივა გამოცდაზე?

სამწუხაროდ, სწავლის სურვილის „აღმძვრელ“ უმთავრეს მოტივატორად სწორედ ეროვნული გამოცდები იქცევა. სწავლას შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის ჩაენაცვლება სწავლა საგამოცდო საკითხების დასაზუთხად.

 წერილში ამჯერად მოტივაციაზე ვისაუბრებ. 

წიგნში„ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის“ მოტივაცია განისაზღვრება, როგორც ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი.

„რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან – შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს  მისი შინაგანი და გარეგანი მოტივაციით. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.
გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსისმოპოვება და ა.შ.) ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისთვის არ იყოს საინტერესო. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი…მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის  გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.
ამრიგად მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია“.

როგორც ხდება ხოლმე, წიგნებში თავმოყრილი თეორიების სიმწყობრე საკლასო ოთახის კარს იქით ვერ აღწევს. მასწავლებლებმა და მშობლებმა ვიცით –  საქმე ასე მარტივად არაა. საქმე გაცილებით რთულად და განსხვავებულადაა.

პირველ რიგში, დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ მთელი სასწავლო წლის სამყოფი „შინაგანი მოტივაცია“ ბუნებაში არ არსებობს.

ამასთან – კარგადაა განსასაზღვრი, რას ვგულისხმობთ კონკრეტულად  „შინაგან მოტივაციაში“. ამ სიტყვათშეთანხმების წარმოთქმისას სწავლის სურვილით ანთებულ თვალებგაფართოებულ მოსწავლეს წარმოვიდგენთ, რომელიც მზადაა გადააბულბულოს სახელმძღვანელოს შესაბამისი პარაგრაფი. ზედმიწევნით და დიდი სიხარულით შეასრულოს საშინაო წერითი დავალება, ხელაწეული და მიღებული ცოდნის გაზიარების სურვილით ანთებული გამოცხადდეს საკლასო ოთახში. გასაგებია, რომ არარეალური მოლოდინისა და ილუზიის ნაზავთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე რეალურ მოსწავლესთან.

როგორ „გამოიყურება“ მოტივაცია სასწავლო წლის სხვადასხვა პერიოდში და როგორ ვლინდება ის? 

განსხვავებულად. მრავალფეროვნად.

ჩემი დაკვირვებით, მოტივაცია, ანუ სასწავლო ქცევის განსახორციელებლად საჭირო, მნიშვნელოვანი სურვილი, მონდომება, იცვლება დროისა და პირობების შესაბამისად. რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის მიღწევა (მასწავლებელმა დააინტერესა მოსწავლე), მისი ხათრი ან პატივისცემა, „ჩაფლავების“ შიში, სხვებზე უკეთ რაღაცის გაკეთების ჟინი, მეგობრებისა და თანატოლების მაგალითი, დედმამიშვილის მიღწევის გამეორების სურვილი, მშობლებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მასწავლებელზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცება ( აი, შემძლებია!), ინტერესი საკითხისა თუ საგნისადმი, დაუოკებელი სურვილი, თავი გაგანებონ და მოგეშვან, რაიმე სარგებელი, მატერიალური ნივთი (კარგად ისწავლი – ახალ ტელეფონს მიიღებ) და ა.შ.

მოტივაცია ჩნდება, ქრება, ღვივდება, ძლიერდება, ნავლდება, გარდაიქმნება, სუსტდება.

მოტივაცია შეიძლება იყოს და არც იყოს. რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას – ის ვერ იქნება „წლიური მამოძრავებელი“.

არსებობს სამი უტყუარი ხერხი მოტივაციის სრულად ჩასახშობად და გასაქრობად. ამ ჩამონათვალიდან თუნდაც ერთ-ერთის სისტემატურად ან ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, მშობლებსა და მასწავლებლებს შეგვიძლია მოტივაცია ჩავახშოთ სამუდამოდ, დანამდვილებით, უკუქცევადად.

აი, ჩამონათვალი:

  1. კრიტიკა
  2. შეურაცხყოფა/დამცირება
  3. გაუფასურება

„არასწორად აკეთებ“, „შენი ნამუშევარი არ ვარგა!“, „ასე ეს საქმე არ კეთდება!“ – კრიტიკული მიდგომა, კრიტიკული აზროვნება, კრიტიკა ზოგადად – სასარგებლო რამეა. კრიტიკა მოტივაციის ასამაღლებლად – ნონსენსია. შესრულებული საშინაო დავალების შემოწმება აქ არ იგულისხმება, რასაკვირველია. კრიტიკა, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ ან წარუმატებელ გამოცდილებას წარმოაჩენს, სასიკეთო ვერ იქნება.

შეურაცხყოფასა და დამცირებაზე რა უნდა ითქვას – პირის პატივისა და ღირსების შელახვა კანონითაც აკრძალულია და სოციალურადაც მიუღებელი ქმედებაა.

გაუფასურებად უნდა ჩაითვალოს მსგავსი ტიპის გამონათქვამები „საკმარისად არ ინდომებ“, „რამ დაგღალა, ერთი საათია რაც მეცადინეობ!“, „სხვები ახერხებენ და მეცადინეობენ, შენზე მეტს აკეთებენ. მეტი გმართებს!“. გამაუფასურებელი შეძახილებით ამაღლებული მოტივაცია ბუნებაში არ არსებობს.

როგორ დავეხმაროთ მოზარდებს, აბიტურიენტებს ამ რთული პერიოდის გადაგორებაში?

გავითავისოთ:

  • მოტივაცია არ არის და ვერ იქნება სასწავლო წლის განმავლობაში მუდმივი მამოძრავებელი;
  • დავეხმაროთ თვითდისციპლინისა და სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში;
  • ყურადღება გავამახვილებიოთ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეზე – ყოველდღიური ვარჯიში, მოძრაობა, დიდხანს ჯდომის შემდეგ კუნთების ამუშავება – უმნიშვნელოვანესია. ადამიანის ორგანიზმი არაა შექმნილი მოკუნტული ჯდომისთვის.
  • ისედაც სტრესულ გარემოში დამატებით სტრესფაქორად არ ვუქციოთ სწავლების პროცესი. სწავლა მუდმივი წვალება არაა. სწავლა შემეცნების სიხარულის მომნიჭებელი აქტივობაცაა. როგორღაც ეს ბალანსი მისაღწევია.
  • წაახალისეთ არაფორმალური საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები. წრეები ინტერესების მიხედვით, კინოკლუბი, საინტერესო/სახალისო თამაშების ორგანიზება, ბუნებაში ლაშქრობა, ფეხით სეირნობა.
  • არ დატვირთოთ მოზარდები ისე, რომ თავისუფალი დროის დეფიციტი შეექმნათ. აკონტროლეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობა. ხშირი თავის ტკივილი, ოფთალმოლოგიური პრობლემები, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აპათია, დეპრესიული ფონი, უხასიათობა ხშირადაა ხოლმე ზღვარგადასული, არაჰიგიენური დღის რეჟიმის შედეგი.

წელს სწორედ მე-12 კლასი მყავდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო დაკვირვებების მოწმე გავხდი.

ერთი მოსწავლის ამბავს გაგიზიარებთ. მოსწავლისა, რომელსაც ჯამში ერთი საათიც არ ექნება წლის განმავლობაში ნამუშევარი კონკრეტულად „სააბიტურო“ მიმართულებით. მე ქართულს ვასწავლი. საგანში საგანგებოდ ეროვნული გამოცდის ფორმატში არც თემა დაუწერია, არც საპროგრამო თხზულებების დამუშავებით შეუწუხებია თავი. ამის ნაცვლად, დაკავებული იყო მისთვის საინტერესო ტექსტების კითხვით. გაკვეთილებზე ყურადღებითა და ინტერესით ისმენდა მასალას. ზოგჯერ – თავისას კითხულობდა. ერთვებოდა ან არ ერთვებოდა. ბევრს ვმსჯელობდით და ვსაუბრობდით მის მიმართებებსა და მოსაზრებებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მანგებისა და კომიქსების დიდი მოყვარული გახლავთ და საფუძვლიანად გამიმდიდრა პერსონაჟთა გალერეა საინტერესო გმირებით. მაცნობდა და მიხასიათებდა თავის საყვარელ გმირებს. ასაბუთებდა, რატომ მოსწონდა ეს გმირი, როგორ ვითარდებოდა გმირი ტექსტის კვალდაკვალ. ნიჭიერი და საზრიანი ახალგაზრდაა, ზომიერად ინტერესდებოდა ხოლმე მხატვრული საშუალებებით. უფრო იმიტომ, რომ კითხვისას უკეთ აღექვა წაკითული/ნანახი.  სკოლის გაკვეთილებზე შესასრულებელი დავალებების მინიმუმით კმაყოფილდებოდა. წელი საინტერესოდ ჩავლილად შეაფასა, რადგან ელექტრონული მუსიკის თეორიასა და კეთებაში გაიწაფა. ამ ეტაპზე მას განსაზღვრული აქვს სამომავლო პროფესია, იცის რისი კეთება უნდა და სიამოვნებს. აქვს საკუთარი თავის იმედი – რაც დააინტერესებს, იმას აუცილებლად შეისწავლის. პროფესია ერთხელ და სამუდამოდ მისჯილ ცხოვრებისეულ განაჩენად არ მიაჩნია. მთელი წელი დაკავებული იყო ფიზიკური აქტივობებით. მისი საქმიანობის (უკვე პროფესიული საქმიანობის) მიმართულება მუდმივ ფიზიკურ აქტიურობასთანაა დაკავშირებული.

უნივესიტეტში ჩასაბარებელი გამოცდები ჩააბარა ყოველგვარი ღელვის გარეშე.

მიიღო მაღალი ქულები.

რატომ მოვისურვე ამის ასე ვრცლად გადმოცემა?

მხოლოდ და მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ სახეობაში „აბიტურიენტი“ გარდა თვალებამოღამებული, სწავლით დათრგუნული წარმომადგენლებისა არსებობენ ასეთებიც.

თუ ვინმე შიშითა და ძრწოლით უყურებს გასავლელ გზას, იცოდეს – ასეთი ალტერნატიული მოდელიც არსებობს – სწავლობ ინტერესით. ისმენ. ერთვები. გამოერთვები. კვლავ მიუბრუნდები. ჩაუღრმავდები. კითხულობ. სვამ კითხვებს. იღებ პასუხებს. აანალიზებ. მუშაობ საკუთარ თავზე. შემოკრებ თანამოაზრეებს. მეცადინეობთ ერთად. ცალ-ცალკე. შესვენებებით. ზრუნავ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას აბალანსებ. აღწევ წარმატებას. სწავლობ წარუმატებლობის შედეგად მიღებული გამოცდილებითაც. სწავლობ შემეცნებისთვის და არა სწორი პასუხის შემოსახაზად, აზროვნებ ინტერესით და არა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად და კრიტერიუმში გაწერილი „სრული ქულის“ ასაღებად.

5E სტრატეგია ბიოლოგიის სწავლებისას

0

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი სტრატეგიაა 5E. მისი სახელწოდება ასე იშიფრება:

Engage – გამოწვევა;

Explore – შესწავლა, გამოკვლევა;

Explain – ახსნა;

Elaborate – დეტალური დამუშავება, ღრმა კვლევა;

Evaluate – შეფასება.

  1. გამოწვევის ფაზაში:
  • მასწავლებელი წარადგენს აქტივობას, რომელიც აღძრავს ინტერესს, აღვივებს ცნობისმოყვარეობას. ძალიან ეფექტურია ფოტო- და ვიდეომასალის, ქეისის გამოყენება;
  • მოსწავლეები სვამენ კითხვებს;
  • მასწავლებელი ამოწმებს წინარე ცოდნას;
  • მოსწავლეები ბრეინშტორმინგის ან სხვა მეთოდის გამოყენებით წარადგენენ და ადარებენ იდეებს.
  1. გამოკვლევის ფაზაში:
  • მოსწავლეები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას;
  • გამოცდიან ფენომენს, კონცეფციას;
  • შეისწავლიან კლასში წარმოდგენილ იდეებს;
  • ეძებენ დასმულ კითხვებზე პასუხს;
  • ამოწმებენ იდეებს;
  • გადაჭრიან პრობლემებს, ამოხსნიან ამოცანებს.
  1. ახსნის ფაზაში:
  • საკუთარ მოსაზრებებს ადარებენ უკვე არსებულ სამეცნიერო დასკვნებს;
  • იყენებენ სამეცნიერო ტერმინოლოგიას;
  • შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნიან ახალ ახსნა-განმარტებებს, ახდენენ საკითხების ფორმულირებას.
  1. დეტალური დამუშავების ფაზაში:
  • ახალ კონტექსტში იყენებენ, რაც ისწავლეს;
  • აყალიბებენ მოვლენის ან ფენომენის საფუძვლიან ახსნა-განმარტებას.
  1. შეფასების ფაზაში:
  • მასწავლებელი ადგენს, რა შეიცვალა მოსწავლეების ცოდნაში, დამოკიდებულებასა და უნარებში;
  • მოსწავლეები აფასებენ, რა იცოდნენ და რა გაიგეს;
  • მოსწავლეები აფასებენ, რისი გაკეთება არ შეეძლოთ და ახლა შეუძლიათ;
  • მოსწავლეები მოკლედ ჩამოთვლიან, რისთვის შეიძლება გამოიყენონ ნასწავლი საკითხი ცხოვრებაში, ვისთვის იქნება მიღებული ინფორმაცია სასარგებლო.

მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ გაკვეთილის დაგეგმვისას 5E სტრატეგიის გამოყენება, ცოდნის მყარი საფუძვლის შექმნაში ეხმარებიან მოსწავლეებს.

  1. მასწავლებელი სვამს კითხვას: რა კავშირი შეიძლება იყოს ფოტოზე წარმოდგენილ გირლანდებსა და ადამიანის ნერვულ სისტემას შორის?

და მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენის შემდეგ გააცნობს მათ ელენეს ქეისს:

ელენე საშობაო არდადეგებზე კოლეჯიდან დაითხოვეს. ერთ დღეს ის დედას ეხმარებოდა საახალწლო ნათურებით ნაძვის ხის მორთვაში. უცებ დედას ხელი აუკანკალდა და ნივთი ხელიდან გაუვარდა. იგივე კიდევ ორჯერ განმეორდა. ელენემ ჰკითხა, ცუდად ხომ არ გრძნობდა თავს, დედამ კი უპასუხა, რომ გადაიღალა, რადგან ყველა საქმეს დიდი ენერგია სჭირდება. ბოლო ცდაზე ქალი კინაღამ იატაკზე დაეცა.

საშობაო არდადეგები მიილია და ელენე სემესტრის დასასრულებლად კოლეჯში დაბრუნდა. იქიდან მამას ტელეფონით ესაუბრა – აინტერესებდა, დედა რამეს ხომ არ უმალავდა. მამას შეუმჩნევია, რომ მეუღლეს  საუბრის ტემპი შეუნელდა და წონასწორობასაც უფრო ხშირად კარგავდა. ხელების დაბუჟებას და ჩხვლეტის შეგრძნებასაც უჩიოდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი დაღლილობის შეგრძნება იყო, ზოგჯერ საწოლიდან ადგომაც კი არ შეეძლო.

ელენე ცდილობდა მამა დაერწმუნებინა, რომ დედა რომელიც მხოლოდ 40 წლის იყო, ასე არ უნდა ყოფილიყო და ეს უბრალო დაღლილობა არ იქნებოდა, და რომ რამე სერიოზულ დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.ბიოლოგიის გაკვეთილებიდან ახსოვდა, რომ ეს რაიმე სახის ნერვოლოგიური პრობლემა იქნებიდა. დაავადება კი გავლენას ახდენდა ტვინსა და ნერვებზე.

ელენემ დედას ექიმთან წასვლა ურჩია. (ნერვოლოგი ნერვული სისტემის დაავადებებს მკურნალობს). ექიმი სავარაუდოდ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას გაუკეთებდა და იპოვიდა პრობლემას.

 

 

  1. მოსწავლეები უპასუხებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს:

. ჩამოთვალე ელენეს დედის სიმპტომები.

.  რას ნიშნავს ნევროლოგიური დაზიანებები?

.  რა არის დაღლილობა? რომელმა დაავადებამ/დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ის?

. როგორ ადგენს ექიმი ნევროლოგი დაზიანებებს თავისა და ზურგის ტვინში?

 

  1. 3. მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს ნეირონის აგებულებას ელენეს ქეისის გამოყენებით:
ნაწილი 2:  ნეირონის აგებულება
დედამ გაითვალისწინა შვილის რჩევა და ექიმთან წავიდა. ექიმმა რამდენიმე მარტივ ტესტთან ერთად თავ-ზურგტვინის სითხის პუნქციის ჩატარებაც ურჩია. ახალგაზრდა ქალი შიშმა აიტანა. ექიმი ცდილობდა, კვლევის საჭიროებაში დაერწმუნებინა. პირველ ეტაპზე პაციენტს ანტიბიოტიკები დაუნიშნა, იმ შემთხვევითვის, თუ თავბრუხვევა შიგნითა ყურის ანთებით იქნებოდა გამოწვეული. ქალი დაეჭვდა – როგორ შეიძლებოდა, ყურის ანთება ჰქონოდა, როცა ყური არც კი წამოსტკივებია? ექიმის კაბინეტი ეჭვებით შეპყრობილმა დატოვა და გამოსვლისთანავე დაურეკა შვილს. ელენემ აუხსნა, რომ ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევით დაადგენდნენ, იყო თუ არა ორგანიზმში ინფექცია, მაგალითად, მენინგიტი, ასევე – დაზიანება ტვინში იყო თუ პერიფერიულ ნერვებში. მან უთხრა დედას, რომ თავისა და ზურგის ტვინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ქმნის, მათგან გამომავალი ნერვები კი პერიფერიულს. კუნთები სწორედ ამ ნერვებიდან იღებენ ინფორმაციას და ამავე ნერვებით გადასცემენ შეგრძნებებს თავისა და ზურგის ტვინს. ელენემ დედას ვიდეოც გაუგზავნა, რომელშიც მარტივად ხსნიან ნერვის მუშაობის პრინციპს:

https://youtu.be/6qS83wD29PY

 

 

 

– და ნერვული სისტემის აგებულებას საპრეზენტაციო მასალის დახმარებით, მოსწავლეები კი დაამუშავებენ საკითხავ მასალას, რომელიც მოცემულია ჰიპერბმულების სახით ან გამოიყენებენ მოსწავლის წიგნს და დამატებით ელექტრონულ რესურსებს:

  1. საპრეზენტაციო მასალა
  2. ნერვული სისტემა
  3. ნერვული იმპულსი
  4. ცენტრალური ნერვული სისტემა
  5. პერიფერიული ნერვული სისტემა
  6. როგორ დავიცვათ ნერვული სისტემა
  7. ნერვული სისტემის დაზიანებები
  8. ნერვული სისტემის დაავადებები

ბოლოს შეასრულებენ მარტივ დავალებას და უპასუხებენ შეკითხვას:

  1. 1. გააკეთე ნეირონის მონახაზი, მიუთითე ძირითადი სტრუქტურები და მათი ფუნქციები;
  2. 2. რა განსხვავებაა ცენტრალურსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემებს შორის?

1.1
2.2

 

 

ნაწილი 3:  ნეიროტრანსმიტერები

ვიდეოს ნახვის შემდეგ ელენეს დედამ უფრო მეტი იცოდა ნერვული სისტემის შესახებ. მან გაიგო, რა გზას გადის ინფორმაცია, მაგრამ ვერ გაარკვია, როგორ გადაეცემა სიგნალი ერთი უჯრედიდან მეორეს, რატომ იწვევს ამ სისტემის დაზიანება ხელების დაბუჟებას, სისუსტესა და დაღლილობის შეგრძნებას. ელენემ აუხსნა, როგორ „ელაპარაკებიან“ ერთმანეთს ნერვული უჯრედები:

 

●     ნეირონები უჯრედებია, რომლებსაც, მრავალ სხვა სტრუქტურასთან ერთად, აქვს მიტოქონდრია და უჯრედის მემბრანა.

●     როცა მოქმედების პოტენციალი აღიძვრება, ის აღწევს აქსონის დაბოლოებას. მან უნდა გადაკვეთოს ორ ნეირონს შორის არსებული ნაპრალი, რომელსაც სინაფსური ნაპრალი ეწოდება.

●     აქსონის დაბოლოება შეიცავს ვეზიკულებს, რომლებშიც დაგროვილია ნეიროტრანსმიტერები. როცა სიგნალი აღწევს აქსონის ბოლოს, ეს ქიმიური ნაერთები, მესენჯერები, ვეზიკულებიდან სინაფსურ ნაპრალში გადადის.

●     ნეირონის დენდრიტები შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც იკავშირებს ნეიროტრანსმიტერებს და აქტიურდება. საბოლოოდ ეს ნივთიერებები მიიტაცება ისევ აქსონის მიერ. პროცესში სპეციალური არხები მონაწილეობს. მის შესაფერხებლად გამოიყენება უკუმიტაცების ინჰიბიტორი.

ელენემ დედას სქემა დაუხატა და წარწერებიც გაუკეთა.

ქვედა სურათზე მონიშნე ზედა ტექსტში ხაზგასმული სიტყვები:

ნახატის ნახვის შემდეგ დედამ იკითხა:

– ფიქრობ, რომ ჩემი ნეიროტრანსმიტერები სწორად არ მუშაობენ?

ელენემ უპასუხა:

– შესაძლოა, გრეივის მიასთენიის მსგავსად, როცა რეცეპტორებს იმუნური სისტემა აზიანებს. კუნთები არ მუშაობენ, რადგან არ იღებენ სიგნალს.

– ღმერთო ჩემო, რა მეშველება?!

– ზოგიერთ წამალს შეუძლია, გაზარდოს სინაფსში ნეიროტრანსმიტერის კონცენტრაცია უკუმიტაცების არხების ბლოკირების გზით. მათ უკუმიტაცების ინჰიბიტორები ეწოდება.

 

 

ჩამოთვლილთაგან რომელი გააძლიერებს ნეირონებს შორის კომუნიკაციას?

  • ნეიროტრანსმიტერის კონცენტრაციის გაზრდა;
  • უკუმიტაცების ინჰიბიტორის კონცენტრაციის გაზრდა;
  • დენდრიტების რაოდენობის შემცირება;
  • რეცეპტორების რაოდენობის გაზრდა.

ნაწილი 4: მიელინის გარსი

ელენეს დედამ ჩაიტარა ნერვების გამტარობის ტესტი და ლუმბალური პუნქცია. ექიმმა შეამჩნია ანტიბიოტიკები სითხეში. ამასთან, გაირკვა, რომ ნერვები ისე არ ატარებდა ნერვულ იმპულსს, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში. დაისვა დიაგნოზი  – გაფანტული სკლეროზი.

გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნური დაავადებაა, რადგან სიმპტომებს იწვევს იმუნური სისტემის შეტევა ჯანმრთელ უჯრედებზე. სიმპტომები შესაძლოა დროებითი იყოს, რადგან მიელინს აქვს ხელახლა წარმოქმნის უნარი. სიმპტომების შესამცირებლად ელენეს დედას სტეროიდები დაუნიშნეს, რომლებიც თრგუნავს იმუნურ პასუხს.

ელენემ მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მიელინის აღდგენის დაჩქარება. გაუზიარა დედასაც:

კლემასტინის ფუმარატი გაფანტული სკლეროზისგან განკურნებას გვპირდება

2017 წელს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა კვლევა ალერგიის წამლის, კლემასტინის ფუმარატის შესახებ. მკვლევართა აზრით, მას შეეძლო დაეჩქარებინა გაფანტული სკლეროზის დროს მიელინის აღდგენის პროცესი.

კვლევაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, მათ ჰქონდათ გაფანტული სკლეროზი და მხედველობის ნერვის დაზიანება. საკვლევ პირებს 150 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ აძლევდნენ კლემესტინს ან პლაცებოს. პაციენტებმა გაიარეს შემოწმება სიგნალის გადაცემაზე. იმპულსის გადაცემა დაჩქარდა 1.7 მილიწამით.

 

  1. რატომ შეიძლება იყოს სიმპტომები დროებითი?
  2. რატომ მიიჩნევა გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნურ დაავადებად?
  3. რა ცვლილება მოხდება ბადურაზე სიგნალის გადაცემაში, თუ პაციენტი მიიღებს კლემესტინს?
  4. გუანაბენი ზრდის ოლიგოდენდროციტების (მიელინის მწარმოებელი უჯრედების) გადარჩენის ალბათობას. რა გზით შეამცირებს ეს მედიკამენტი გაფანტული სკლეროზის სიმპტომებს?

ყველა ეტაპის გავლის შემდეგ მოსწავლეები შეაჯამებენ თემას. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს გასასვლელი ბილეთები, ჩეკლისტი, მარტივი კითხვარი, ელექტრონული გამოკითხვის რომელიმე ფორმა. ძალიან ეფექტურია ვერბალური უკუკავშირი, რომლის დროსაც მოსწავლეები უფრო დეტალურად ახსნიან, რა გაიგეს, რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას, რა დამოკიდებულება გაუჩნდათ საკითხის მიმართ და სხვა.

მზის კოლექტორი და მისი მუშაობის პრინციპი

0

გასულ სასწავლო წელს სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა მუშაობის შესაძლებლობა მასწავლებლის სახლის მიერ ინიციირებულ ინტერდისციპლინარულ პროექტში ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“. პროექტმა მოიცვა 12 საგნობრივი მიმართულება. მონაწილეებს ჩაუტარდათ სამუშაო შეხვედრები. ყველას საგნის პედაგოგს გაეგზავნა პროექტის სავარაუდო გეგმა და საკითხავი მასალა.

https://educationhouse.ge/open_news/2108

პროექტის ფარგლებში ჩემი სკოლის მიერ გაწეული სამუშაოს მასალები სხვადასხვა საგნების მიხედვით განთავსებულია ბლოგზე:

https://klimatshkola.blogspot.com/

ზოგადად, მსგავსი პროექტის კეთებისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა სკოლის კლიმატურმა გეგმამ, შესაძლებელია თავისი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში. ასევე, დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებასა და გარემოზე. გააცნობიერებენ, როგორ შეარჩიონ შედარებით ეკონომიური და ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო ენერგიის წყაროები; რა გზები და საშუალებები არსებობს „სათბურის ეფექტის“ შესამცირებლად.

ინტერდისციპლინარულ პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას. მოსწავლეები სხვადასხვა საგანში განხილულ საკითხებს გააერთიანებენ ერთი იდეის ირგვლივ, რაც სამომავლოდ განუვითარებს მათ ანალიტიკურ, კრიტიკულ აზროვნებასა და ცოდნის ტრანსფერულ უნარებს. უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას მთავარი პროდუქტი – მზის კოლექტორი. სამომავლოდ შესაძლებელია მზის კოლექტორის დანერგვა განხორციელდეს რეგიონებში, დაწესებულებებში, ოჯახებში. მზის კოლექტორის მასობრივ გამოყენებას აქვს ბევრი დადებითი მნიშვნელობა.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებზე. რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განახლებადი წყაროების გამოყენების მასობრივად დანერგვა. რას წარმოადგენს მზის კოლექტორი და რა ფიზიკური კანონზომიერებები განაპირობებენ მის მუშაობას.

კლიმატის ცვლილების შედეგები გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე და თითოეულ ადამიანზე. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს წყალდიდობები და კოკისპირული წვიმები ემუქრება, ზოგი ტორნადოსა და ქარიშხლის „მსხვერპლია“, ზოგი კი – მტკნარი წყლის ნაკლებობით გამოწვეულ გვალვას, ნიადაგის დეგრადაციას, შედეგად კი მოსავლის დაკარგვასა და საკვების უკმარისობას ებრძვის; მატულობს ტყის ხანძრის ფართობები და გეოგრაფია.

ჩვენი პლანეტის ზოგიერთ რეგიონში ადამიანები იძულებულნი არიან, ეკოლტოლვილებად იქცნენ და საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილები ეძებონ. გაეროს ექსპერტების ჯგუფის მიერ დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილება დიდწილად ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდას უკავშირდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (95%-ზე მეტი) ადამიანის საქმიანობით, განსაკუთრებით კი საწვავი წიაღისეულის – ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვითაა განპირობებული. კლიმატის კრიზისის პრევენციისთვის თითოეულ ადამიანს შეუძლია, გახდეს „კლიმატის ცვლილების“ ინიციატორი. ამისათვის საჭიროამწვანე ენერგეტიკისდანერგვა.

არსებობს ენერგიის არაგანახლებადი და განახლებადი წყაროები. ენერგიის არაგანახლებადი წყაროებია: ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი. ენერგიის განახლებადი წყაროებ კი არის: მზის ენერგია, გეოთერმული ენერგია, წყლის ენერგია, ქარის ენერგია, ბიომასის ენერგია, საკვების ენერგია.

საწვავი არის მატერია, რომელსაც აქვს მზის საშუალებით ჭარბი რაოდენობით დაგროვილი ენერგია. კაცობრიობის მიერ ენერგიის მოხმარება იზრდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პროპორციულად. ადრე ადამიანებს მცირე ენერგეტიკული მოთხოვნილებები ჰქონდათ, ენერგორესურსებს ძირითადად იყენებდნენ საკვების მოსამზადებლად და საცხოვრებლებში სითბოს შესანარჩუნებლად. თანამედროვე ადამიანი 110-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვენი ადრეული წინაპარი. ენერგიის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ვიყენებთ, მოიპოვება წიაღისეული რესურსებიდან. ისინი წარმოიქმნა პრეისტორიული მცენარეებისა და ცხოველების დამარხული ფენებით, რომელიც ახლა გვხვდება წიაღისეულის სახით კლდოვან ფენებში, მიწის ქვეშ, ზღვებსა და ოკეანეებში. წიაღისეული საწვავი იმის გარდა, რომ არ არის განახლებადი, იგი გარემოზე პოტენციურად იწვევს სხვადასხვა სახის მავნე ზემოქმედებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ადამიანის მიერ გამოწვეული ემისიების თითქმის სამი მეოთხედი წიაღისეული საწვავის წვის შედეგია.

სახელმწიფოები ინახავენ საწვავი წიაღისეულის  საგანგებო რეზერვებს. პარალელურად, მეცნიერები ავითარებენ ტექნოლოგიებს ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, რათა თანდათანობით შეზღუდონ წიაღისეული ენერგიის წყაროების როლი და ინტენსიურად დაინერგოს სუფთა ენერგიის გამოყენება.

არაგანახლებადი რესურსის აღდგენა შეუძლებელია. არაგანახლებადი წყაროების მარაგი მუდმივად მცირდება. მათი განახლება ისეთივე სიჩქარით არ ხდება, როგორც მოხმარება. მის ფორმირებას რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება. კაცობრიობა წიაღისეულს ხარჯავს ძალიან სწრაფად. ამოწურვადია ბირთვული ენერგიის მისაღები ელემენტების რესურსიც. ურანი მიეკუთვნება იშვიათ ელემენტებს. დროთა განმავლობაში ამოიწურება მისი საბადოებიც.

მიწის ქვეშ ნავთობის მარაგი იწურება. ამიტომ, ადამიანმა მისი მოპოვება დაიწყო ოკეანის ფსკერიდან. ოკეანის ფსკერიდან ნავთობის ამოქაჩვა უფრო ძვირი ჯდება და ასევე, უფრო სახიფათოა. სურათზე წარმოდგენილია 2010 წელს მომხდარი აფეთქება, რამაც 11 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მილიონობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა წყალში, წყლის გასუფთავებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

განახლებადი რესურსების ახლიდან წარმოქმნა იწყება მოხმარებისთანავე. მაგალითად, ხე. ძველის ნაცვლად ახალი ხის დარგვით რესურსის განახლება მარტივად არის შესაძლებელი. ხე განახლებადი რესურსია; შეიძლება მისი დარგვა, მოვლა და მისგან ხის მასალის დამზადება. ტყე ცოცხალია, გამრავლების უნარის მქონე ეკოსისტემაა. ტყე განახლებადი რესურსია, თუმცა ხეების ზრდას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ უმჯობესია ხელოვნური ეკოსისტემის შექმნა. ტყის სიცოცხლისუნარიანობას ხელს უშლის ადამიანის დაუდევრობაც. მარცხენა სურათზე გამოსახულია ჯანმრთელი ტყე. მარჯვენა სურათზე კი ჩანს მჟავა წვიმებით განადგურებული ტყე. მჟავა წვიმა კი ადამიანის საქმიანობის შედეგია.

იმის იმედით, რომ რესურსი განახლებადია, მისი დაუდევრად გამოყენება არ შეიძლება. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ წყალი. თევზი განახლებადი რესურსია. მისი გამრავლება სწრაფად ხდება, მაგრამ თუ წყალი დაბინძურდა, თევზის გამრავლება შეიზღუდება და იგი არაგანახლებად რესურსად გადაიქცევა.

მზის ენერგია არის მომავლის ელექტროენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე ხელმისაწვდომი წყარო. თანდათანობით იზრდება მზის ენერგიის სისტემების მოხმარება ბიზნესის თუ საოჯახო მოხმარების მიმართულებით.

ამჟამად, საზოგადოება ძირითადად ეყრდნობა წიაღისეულ საწვავ ენერგიას. სტატისტიკური მონაცემებით არაგანახლებადი რესურსები დედამიწას ეყოფა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. კერძოდ: ნავთობი 125-200 წელი; ქვანახშირი – 200-300 წელი; ბირთვული ენერგიაც ამოწურვადია, თანაც მისი გამოყენება შეიცავს საფრთხეებს.

განახლებადი რესურსების გამოყენებაც სპეციფიკურია. ქარის წისქვილები დამოკიდებულია ქარის სიმძლავრეზე, რის გამოც მისი გამოყენება უნდა განისაზღვროს ტერიტორიების მიხედვით. იწვევს ხმაურს და ფრინველთა განადგურებას. ქარის წისქვილების დანერგვისას გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი.

რაც შეეხება ჰიდროელექტრორესურსებს, ისინი, სავარაუდოდ, დიდად არ გაიზრდება, რადგან მდინარეების უმეტესობა ამ მიმართულებით უკვე ათვისებულია. ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენება უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს მდინარეების კალაპოტის შეცვლას, რაც დიდი ზიანის მომტანია გარემოსთვის.

გეოთერმული ენერგია შემოიფარგლება კონკრეტული თერმული აქტივობის უბნებით (ბოლო დროს აქტიური ვულკანური უბნებით). გეოთერმული ენერგია ლოკალური მნიშვნელობით არის მძლავრი რესურსი, მაგრამ ამ ენერგიაზე დაყრდნობა ზოგადად ვერ იქნება მიზანშეწონილი.

მზის ენერგია უზარმაზარი და ამოუწურავი წყაროა, მაგრამ მისი დანერგვა საჭიროებს სხვა რესურსებს, მათ შორის ლითიუმს (Li ). ლითიუმი მიეკუთვნება იშვიათ ელემენტებს. მზის ელექტროდანადგარების უმეტესობა დაკავშირებულია ადგილობრივ ელექტროქსელთან, რაც ნიშნავს, რომ მზის ენერგიის შემგროვებელი სისტემის მიერ წარმოებული ჭარბი ენერგია უკან მიეწოდება ქსელს. მზის ბატარეა ინახავს მზის სისტემის მიერ წარმოებულ ენერგიას და სიჭარბის შემთხვევაში აბრუნებს მას ქსელში. ეს საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ შენახული ენერგია, როდესაც მზის პანელები არ გამოიმუშავებენ ენერგიას, მაგალითად, მზის ჩასვლის შემდეგ ან მოღრუბლულ დღეებში. ლითიუმის მზის ბატარეები არის ენერგიის შესანახი მოწყობილობები, როგორც წესი, დამზადებულია ლითიუმის რკინის ფოსფატით. არსებობს ლითიუმის ტექნოლოგიის რამდენიმე განსხვავებული ტიპი – ჩვეულებრივი ლითიუმი, ლითიუმ-იონი და ლითიუმის რკინის ფოსფატი (Li Fe PO4 – ასევე ცნობილია როგორც LFP). სტანდარტული ლითიუმის ბატარეები არ არის დატენვადი და შესაბამისად, არ არის შესაფერისი მზისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიები იყენებენ ლითიუმ-იონის ( Li-ion) ელემენტს. როგორც ვხედავთ, მზის ენერგიის გამოყენებაც საჭიროებს კვლევებს და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას.

წყალბადის საწვავი მიეკუთვნება პერსპექტიული რესურსების ჯგუფს, მაგრამ მისი დანერგვაც საჭიროებს უამრავ სამუშაოს, შემდგომ კვლევასა და ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას.

მომავალ ენერგორესურსებს აქვს უზარმაზარი გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა, რამაც შეიძლება შეცვალოს მსოფლიო წესრიგი.

მზის ენერგია არის ჩვენი მომავლის ენერგია. მზიდან წამოსული ენერგია დედამიწას აღწევს სინათლის, სითბოს და ულტრაიისფერი სხივების სახით. მზე ხომ შეუზღუდავი რესურსია, ამიტომაც ის წარმოადგენს განახლებადი ენერგიის მთავარ წყაროს. მისი ენერგიის მეტად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ჩვენი დამოკიდებულება ძლიერ დამაბინძურებელ წიაღისეულ საწვავზე.

მზის ენერგია შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც პასიური და აქტიური, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხდება მისი გარდაქმნა და გამოყენება. კაცობრიობამ მზის ენერგიის ათვისება უძველესი დროიდან დაიწყო და მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდა. თქმულების მიხედვით, ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ, ქალაქ სირაკუზის რომაელთა ჯარებისგან დასაცავად, სწორედ მზის ენერგია გამოიყენა. მან ლითონის სარკის ზედაპირზე არეკლილი სხივების ფოკუსირებით რომაულ საბრძოლო ხომალდებს ცეცხლი გაუჩინა. გარკვეული დროის შემდეგ კაცობრიობამ მზის ენერგიის გამოყენება უფრო რაციონალური მიზნებისთვის დაიწყო. 1515 წელს ლეონარდო და ვინჩმა შექმნა კონსტრუქცია, რომელიც მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდა.

მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პოტენციალი აქვს. ყოველ საათში დედამიწაზე მზიდან მოსული ენერგია საკმარისი იქნებოდა ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ენერგორესურსებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიურ მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებას. მისი მაგალითია საცხოვრებელი სახლების ისეთი დაპროექტება, რომ მზის ენერგია ეფექტურად იქნეს გამოყენებული.

საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პასიური მეთოდის მაგალითია ვარძია, რადგან კელიები მზისგან მაქსიმალური განათებითა და სითბოთი იყო უზრუნველყოფილი.

მზის ენერგიის გამოყენების აქტიური მეთოდია მზის პანელები. მათი საშუალებით შესაძლებელია არა მარტო წყლის გაცხელება, არამედ ელექტროენერგიის მიღებაც.

მზის კოლექტორი არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის სითბოდ. მზის კოლექტორ არის წყლის გაცხელების ალტერნატიული და იაფი საშუალება. საინტერესოა გავარკვიოთ მისი მუშაობის პრინციპი.

არსებობს განსხვავებული ტიპის მზის კოლექტორები, მაგრამ ყველა მათგანი შექმნილია ერთი და იგივე ძირითადი წინაპირობის გათვალისწინებით. თუნდაც განსხვავებული აგებულების კოლექტორის დასამზადებლად გამოიყენება ერთი და იგივე მასალა. განსხვავებაა მხოლოდ მათ კონსტრუქციაში.

მზის კოლექტორის ასაწყობად საჭირო შემდეგი რესურსები:

პლასტმასის 20მმ-იანი დიამეტრის მილები და შემაერთებლები, მილების გორგოლაჭიანი საჭრელი, ცხელი წებო, პლასტმასის ბოთლები, ანტიფრიზი, შავი ფერის მაღალი ტემპერატურის გამძლე საღებავი, ფუნჯი, თერმომეტრი, თუნუქის პრიალა ჭურჭელი (მაგ: ქილა), წყლის შესაგროვებელი ავზი.

მზის კოლექტორის დამონტაჟებამდე საჭიროა ტერიტორიის შესწავლა ჰელიორესურსების გამოყენების კუთხით. გასათვალისწინებელია მზის ნათების ხანგრძლივობის შესწავლა. მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა წინასწარი შეფასებები და ანალიზი.

მზის კოლექტორის აწყობის ინსტრუქცია:

  • ერთმანეთს უნდა მიუერთდეს პლასტმასის მილები და შემაერთებლები. მილები საჭიროა დაიჭრას, მაგალითად, 60სმ. სიგრძის ნაწილებად. ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეეწებოს და ზედ ჩამოეცვას პლასტმასის ბოთლები. მანამდე მილები შავად უნდა შეიღებოს, რადგან შავი ფერი ზრდის პლასტმასის ბოთლის მიერ შთანთქმული მზის სხივების რაოდენობას და შედეგად, მატულობს წყლის გათბობის ეფექტურობა.
  • სითბური ეფექტის გასაძლიერებლად პრიალა ზედაპირის მქონე თუნუქის ფირფიტით უნდა დამზადდეს ამრეკლი, რომელიც ბოთლებს უკანა მხრიდან ეკვრის.
  • ბოთლების სისტემა უნდა შეივსოს გლიკოლის სითხით ან ანტიფრიზით (ანტიფრიზი არის სითხე, რომელიც არ იყინება. უფრო ზუსტად, ის იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე: თანამედროვე ანტიფრიზი ჩვეულებრივ – 400C, – 65°С ტემპერატურას უძლებს. ანტიფრიზის მთავარი და ძირითადი კომპონენტი არის ეთილენგლიკოლი, მისი შემცველობა ანტიფრიზში დაახლოებით 90%-ს უდრის, ის ამცირებს წყლის გაყინვის ტემპერატურას ხოლო ადუღებისას კი ზრდის. ანტიფრიზი წყალს იცავს გაყინვისგან).
  • მილების სისტემის ქვედა ნაწილი უნდა მიუერთდეს მომწოდებელი ავზის ქვედა ნაწილს, ხოლო ზედა ნაწილი – სამარაგო ავზის ცენტრალურ ნაწილს. ცივი წყალი პლასტმასის მილების საშუალებით კოლექტორის ქვედა ნაწილს მიეწოდება, სადაც გათბება და ავზში აიწევს ზედა მილების საშუალებით.
  • შედეგად სისტემაში მოხდება წყლის ბუნებრივი ცირკულაცია. იმისთვის, რომ ცირკულაციის ინტენსივობა გაიზარდოს, სამარაგო ავზი უნდა განთავსდეს კოლექტორის ოდნავ ზევით, დაახლოებით3 მ-ით.
  • მიერთების სქემა:

ახლა გავაანალიზოთ ის ფიზიკური კანონზომიერებები, რომლებიც განაპირობებენ მზის კოლექტორის მუშაობას. არსებობს თბოგადაცემის სამი სახე: თბოგამტარობა, კონვექცია და გამოსხივება.

მზის ენერგია დედამიწამდე გამოსხივებით აღწევს. გამოსხივებით ყველაზე მეტად შავი სხეულები თბება. სწორედ ამიტომ, უნდა შეიღებოს პლასტმასის მილები შავად, შავი ზედაპირი მაქსიმალურად შთანთქავს მიღებულ ენერგიას. ვერცხლისფერი ზედაპირი მასზე დაცემულ ენერგიას არეკლავს, ამიტომ არის საჭირო მილების ქვევით ვერცხლისფერი თუნუქის ფურცელი. თუნუქის ზედაპირიდან არეკლილი სითბო წყლის მილების ირგვლივ კიდევ უფრო მეტი ენერგიის კონცენტრაციას მოახდენს.

როგორ ხდება წყლის ცირკულაცია მილებში? გავიხსენოთ კონვექციის განმარტება. კონვექცია შესაძლებელია სითხეებსა და აირებში. კონვექციის დროს ადგილი აქვს ნივთიერების გადატანას. მილებში გამთბარი წყალი გადაადგილდება მაღლა, და ცივი და ცხელი წყალი განიცდის ცირკულაციას. ასე ენაცვლება ცივი და გამთბარი წყალი ორი ავზის საშუალებით. ერთი ავზი არის დაბლა, მეორე კი – მაღლა. სწორედ კონვექცია ახდენს წყლის ცირკულაციას.

არ გვიხსენებია თბოგადაცემის მესამე სახე – თბოგამტარობა. სწორედ თბოგამტარობით ხდება მზის გამოსხივებით გახურებული ბოთლებით ანტიფრიზის, მილებისა და მასში არსებული წყლის გათბობა (თბოგამტარობის დროს ვრცელდება ენერგია და არა ნივთიერება). ორი სხეულის კონტაქტისას სითბო გადაეცემა ცხელი სხეულიდან ცივს; შედეგად, ცხელი სხეულის შინაგანი ენერგია კლებულობს, ხოლო ცივის – მატულობს. ანალოგიურ მოვლენას აქვს ადგილი, როცა გახურებული მილები ენერგიას გადასცემენ მასში არსებულ წყალს. რომ შევაჯამოთ, გამოსხივებით თბება პლასტმასის ბოთლები, გამოსხივებითა და თბოგამტარობით ანტიფრიზი, შემდეგ თბოგამტარობით წყლის მილები და წყალი, თბილი წყალი კი მილებში გადაადგილდება კონვექციით.

კაცობრიობას მომავალში „მწვანე ენერგეტიკის“ დანერგვის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი. საჭიროა, მოზარდებს მრავალჯერ დავუსაბუთოთ საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათ შორის ფიზიკის შესწავლის აუცილებლობა. ფიზიკოსთა თაობა თანდათან „ბერდება“… და არა მხოლოდ საქართველოში… განათლების მესვეურებისა და ფიზიკოსების ვალია, მაქსიმალურად იზრუნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიმართულებით, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ფიზიკის განვითარებისა და შესაბამისი კადრების აღზრდის საქმეში.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://educationhouse.ge/open_news/2108

www.isoconsulting.ge

https://ck12.edu.ge/

 

 

 

თვითშემეცნების გზაზე – რამდენიმე აქტივობა ჩვენი მოსწავლეებისთვის

0

მასწავლებლობა თავის თავში უამრავ პროფესიას მოიცავს. მასწავლებელს ხშირად უწევს ფსიქოლოგობა, მხატვრობა, მსახიობობა, რეჟისორობა… განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომელთა თვალწინაც პატარა ადამიანები პიროვნებებად ყალიბდებიან და ამ პროცესში მათ უდიდესი როლი აკისრიათ. მასწავლებელია ის, ვინც უამრავი წლის შემდეგაც ახსოვთ და უყვართ. პირველი მასწავლებელი მართლაც დაუვიწყარია. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასწავლებლის დიდი შრომა დევს იმ საქმეში, თუ ვინ, როგორი და რა ადამიანები ვართ ჩვენ დღეს.

დღეს ბავშვებს უამრავ პრობლემასთან უხდებათ გამკლავება, განსაკუთრებით კი – ემოციებთან, თვითშეფასებასთან, ბრაზის მართვასთან… გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს ასწავლოთ გრძნობების გამოხატვა, თვითრეფლექსია, შეაყვაროთ და მოაწონოთ საკუთარი თავი. საკუთარი თავის მიღება – ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევაა, და ამ გამოწვევას ძალიან მცირე ასაკიდან ვეჯახებით. შევეცადე, რამდენიმე სამუშაო ფურცელი მომემზადებინა და ქართულად გამემართა.

აიმაღლე თვითშეფასება – ამ ფურცელზე მუშაობისას, ბავშვები უღრმავდებიან საკუთარ თავს, ძალაუნებურად უწევთ საკუთარ კარგ თვისებებზე კონცენტრაცია. შეძლებენ, დაინახონ, რამდენად კარგები არიან და როგორ პოზიტიურად აფასებენ მათ სხვები.

გაბერე და გაუშვი შენი წუხილი შორს…

ამ ფურცლის შევსებისას თქვენი მოსწავლეები მოიშორებენ დარდს, სევდას – ვირტუალური საპნის ბუშტების გაშვებით. შეგიძლიათ იმსჯელოთ კიდეც, რომელი წუხილი გაუშვეს და რომელი დაიტოვეს, რატომ გაუშვეს, თავს როგორ გრძნობენ ამის შემდეგ, რამდენად შეუძლიათ ამ ყველაფრის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა და საკუთარ წუხილებთან შელევა.

 

 

დაე, შენმა ემოციებმა იწვიმოს!

უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა, გაანალიზება, ამოცნობა; თითოეული ემოციისთვის სახელის დარქმევა; დაფიქრება, საიდან მოდის, რატომ განიცდიან, რომ აუცილებლად მიიღონ და არ უარყონ. ამის შემდეგ კი გაუმკლავდნენ, იზრუნონ ემოციების რეგულაციაზე, მათ საბოლოოდ „დაბინავებაზე“. ფურცლის შევსების შემდეგ, შეგვიძლია ბავშვებს ინდივიდუალურად გავესაუბროთ, ვკითხოთ, რას ნიშნავს მათთვის ეს კონკრეტული ემოცია, გრძნობა.

 

ფოთლები ხეზე!

მშვენიერი ფურცელია თვითშემეცნებისთვის, „მეს“ კრეატიული აღქმისთვის. „წარმოიდგინე, რომ ხე ხარ“ – ასე იწყება ეს ფურცელი და ჩვენი მოსწავლე ეშვება წარმოსახვის სამყაროში, რომელიც ფოთლებთან გაიგივებით, მეტაფორულად, საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოხატავს. ეს სავარჯიშო განსაკუთრებით წაადგებათ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ და ეუხერხულებათ საკუთარ თავზე საუბარი. ვფიქრობ, რომ მასწავლებლისთვის მშვენიერი საშუალებაა, უკეთ გაუგოს მოსწავლეებს, ჩასწვდეს მათ შინაგან ბუნებასა და თვითაღქმის თავისებურებებს.

 

ჩემი ბრაზის ღილაკები

ეს სამუშაო ფურცელი იდეალურად დაეხმარება მათ, ვინც ცდილობს ბრაზთან გამკლავებას. ბრაზთან და აგრესიასთან ბრძოლა სწორედ მათი აღიარებით იწყება. მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, რა გვაბრაზებს, რაზე ვღიზიანდებით. როდესაც გვეცოდინება – პრევენციაც მარტივია – შევეცდებით, ასეთ სიტუაციებს მოვერიდოთ და ჩვენი ბრაზსაც აღარ მიეცემა გასაქანი. ბავშვებისთვის ასეთ ფურცელთან მუშაობა სასარგებლოსთან ერთად სახალისოცაა. მოკლედ, მგონია, რომ ეს ძალიან დაეხმარება მასწავლებელს იმ ბავშვებთან სამუშაოდ, რომლებსაც უჭირთ ბრაზის მართვა.

აირჩიე სიკეთე

დაბოლოს, ჩვენი, მასწავლებლების უპირველესი მოვალეობაა, მოსწავლეები კარგ, ჰუმანურ, კეთილ ადამიანებად აღვზარდოთ; ვასწავლოთ სიკეთის კეთება და საერთოდაც ჩვევად, ყოველდღიურ რუტინად და რიტუალად ვუქციოთ ის. გთავაზობთ პოსტერს, რომელსაც კლასში გამოაკრავთ. ის ერთგვარი „ინსტრუქციის“ როლს შეასრულებს. ბავშვები კითხულობენ ხოლმე, რა არის სიკეთე? ხშირად ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც კონკრეტული აქტია სიკეთე და არა ჩვენი ყოველდღიურობა.

 

ეს პოსტერი მათ სწორედ იმის აღმოჩენაში დაეხმარება, რომ, თურმე, რა მარტივია იყო კეთილი; რომ სიკეთის ჩადენას რაიმე სახის პრივილეგირებული მდგომარეობა არ სჭირდება, არც მაინცდამაინც დიდი მატერიალური რესურსი. მთავარია, გულით მოინდომო. შეგიძლიათ, გამოაცხადოთ სიკეთის კვირეული. მოსწავლეები ყოველდღიურად აღწერენ და აღრიცხავენ, „სიკეთის პლაკატიდან“ რომელი სიკეთე აირჩიეს და რატომ.

AI ჩატბოტები ლიტერატურის გაკვეთილზე: ახალი ეპოქის დასაწყისი  

0

ციფრული სამყარო ცვლის ჩვენს რეალობას, და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ეხება განათლებასაც. სწავლების ფორმებში სულ უფრო მეტად ინტეგრირდება AI ჩატბოტები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ციფრული ასისტენტები მოსწავლეებისთვის და არ შევუწყოთ ხელი არასასურველ პრაქტიკას – როდესაც მოსწავლეები მაინც იყენებენ ჩატბოტებს, მაგრამ ძირითადად პლაგიატისთვის.

ამიტომ გთავაზობთ, რომ ნებისმიერი საგნის, და ამ შემთხვევაში ლიტერატურის, გაკვეთილზე გამოვიყენოთ ჩვენი “ციფრული ასისტენტები”. განსაკუთრებით საინტერესოა დავალებები AI ჩატბოტებთან თანამშრომლობით.

ლიტერატურის მასწავლებლებო, წარმოიდგინეთ კლასი, სადაც მოსწავლეები აღფრთოვანებით განიხილავენ “ვეფხისტყაოსანს” (ან რომელიმე სხვა ნაწარმოებს), ხოლო მათი დისკუსიის მონაწილე და პარტნიორი არის ხელოვნური ინტელექტი. ახლა ეს აღარ არის ფანტასტიკის ჟანრი, ეს – რეალობაა! რადგან არც ისე დიდი ხანია, რაც ჩატბოტები გამართული ქართულით ალაპარაკდნენ, ძირითადად Chat GPT-4 და Claude.ai.

როგორც იცით, AI ჩატბოტები არ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო, არამედ არაჩვეულებრივი ინტერაქტიული თანამოსაუბრეც, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტების სიღრმისეულ ანალიზში.

 

მოდი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი ეფექტურად გამოყენება:

თავდაპირველად ავხსნათ ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც იმოქმედებენ მოსწავლეები. ეს არის როლის მინიჭება ჩატბოტისთვის, პერსონალიზაცია. (ამ მეთოდის გარდა, უამრავი სხვა მეთოდი არსებობს და ამის შესახებ სხვა წერილებში მოგიყვებით).

მეთოდის აღწერა: როლის მინიჭება და პერსონალიზაცია ჩატბოტისთვის ნიშნავს მისთვის კონკრეტული პიროვნების, პერსონაჟის ან ფუნქციის მიცემას, რაც მას საშუალებას აძლევს იმოქმედოს და უპასუხოს ამ როლის შესაბამისად. ეს მეთოდი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს თქვენს გაკვეთილზე:

  1. პერსონაჟის როლის მინიჭება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის როლი. მაგალითად, შექსპირის “ჰამლეტიდან” ჰამლეტის ან ოფელიას როლი, “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილის ან ნესტანის როლი;
  2. ავტორის როლის მინიჭება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული მწერლის როლი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ან აკაკი წერეთლის;
  3. ლიტერატურული ეპოქის წარმომადგენლის როლი: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ეპოქის წარმომადგენლის როლი.

როლის მინიჭების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები ჩატბოტს, რომელიც უპასუხებს მინიჭებული როლის პერსპექტივიდან. სწორედ ეს არის ძალიან საინტერესო, სახალისო და შედეგის მომტანი.

ეს მეთოდი მრავალმხრივ სასარგებლოა და ხელს უწყობს:

  • ინტერაქტიულ სწავლებას – პერსონაჟების და ავტორების უკეთ გაგებას;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • შემოქმედებითი წერის უნარების გაუმჯობესებას;
  • მასწავლებლებს შეუძლიათ ამ მეთოდის გამოყენება დისკუსიების წასახალისებლად, როლური თამაშებისთვის, ან შემოქმედებითი წერითი დავალებებისთვის.

 

პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები

პრაქტიკული მაგალითი: სთხოვეთ მოსწავლეებს, შეადგინონ კითხვები ავთანდილისთვის და დაუსვან AI ჩატბოტს, რომელიც “მოირგებს” ამ პერსონაჟის როლს. მაგალითად:

მოსწავლე: “ავთანდილ, რატომ გადაწყვიტე ტარიელის დასახმარებლად წასვლა?”

AI (ავთანდილის როლში): უპასუხებს შესაბამისად (აუცილებლად მოსინჯეთ);

ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს, ღრმად ჩასწვდნენ პერსონაჟების მოტივაციას და ხასიათებს.

 

ლიტერატურული სტილის ანალიზი

AI-ს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს ავტორის უნიკალური სტილის იდენტიფიცირებაში. მაგალითად, შეგიძლიათ სთხოვოთ AI-ს, გააანალიზოს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “მთაწმინდის მთვარე”. ამისათვის კი უნდა დასვას შესაბამისი კითხვები, შეადგინოს ინსტრუქცია/პრომპტი.

მოსწავლე: “რა არის გალაკტიონის სტილის თავისებურებები ამ ლექსში?”

AI: “გალაკტიონის სტილი ამ ლექსში გამოირჩევა…” და ამის შემდეგ უპასუხებს სრულყოფილად.

 

ინტერტექსტუალური კავშირების აღმოჩენა

AI შეიძლება დაგეხმაროთ სხვადასხვა ნაწარმოებს შორის კავშირების დადგენაში, იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი შეხედვით, ეს პერსონაჟები არ ჰგვანან ერთმანეთს. მაგალითად, ჰკითხეთ AI-ს:

მოსწავლე: “რა მსგავსებებია ვაჟა-ფშაველას ‘ალუდა ქეთელაურსა’ და შექსპირის ‘ოტელოს’ შორის?”

 

თემატური ანალიზი და დისკუსია

AI-ს შეუძლია წამოჭრას საინტერესო კითხვები ნაწარმოების შესახებ, რაც გააღვივებს ინტერესს და დისკუსიას კლასში.

მაგალითად, ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის” განხილვისას დაასმევინეთ AI-ს კითხვები (უთხარით, რომ დასვას კითხვები):

AI: “როგორ ასახავს ოთარაანთ ქვრივის პერსონაჟი ქართულ საზოგადოებაში ქალის როლის ცვლილებას? რა გავლენა აქვს მის ქცევას სოფლის საზოგადოებაზე?”

ასეთი კითხვები აიძულებს მოსწავლეებს, კრიტიკულად გააანალიზონ ნაწარმოები და დააკავშირონ ის ფართო სოციალურ კონტექსტთან.

 

კრეატიული წერის სტიმულირება

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ამ მიმართულებით დავალებები. აქ გიზიარებთ იმ ფორმატებს, რომლებიც თავად დავტესტე და ძალიან საინტერესო პასუხები მივიღე.

 

ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია ჩატბოტი გამოიყენოს კრეატიული წერის სტიმულირებისთვის შემდეგნაირად (რა თქმა უნდა, უამრავი იდეა თავადაც გაგიჩნდებათ):

  • პერსონაჟის ინტერვიუ: მოსწავლეს შეუძლია ჩატბოტს მიანიჭოს ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის როლი და გამართოს “ინტერვიუ” ამ პერსონაჟთან; შემდეგ დაწეროს სტატია ან ესე ამ ინტერვიუს საფუძველზე.
  • ალტერნატიული დასასრულები: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს ავტორის როლი. მოსწავლეებმა უნდა “შესთავაზონ” მას ნაწარმოების ალტერნატიული დასასრული და იმსჯელონ მასთან ამ ვერსიის შესახებ, შემდეგ კი დაწერონ საკუთარი ვერსია.
  • ეპისტოლარული ფორმატი: მოსწავლეებს შეუძლიათ მისწერონ წერილები ლიტერატურულ პერსონაჟებს (რომლის როლსაც ჩატბოტი ითამაშებს) და მიიღონ პასუხები. ეს დაეხმარება მათ პერსონაჟის უკეთ გაგებაში და წერის უნარების განვითარებაში.
  • ჟანრის ცვლილება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ჟანრის სპეციალისტის როლი (მაგ., დეტექტივის ავტორი). მოსწავლეებმა უნდა გადაწერონ ნაცნობი ისტორია ამ ახალ ჟანრში და განიხილონ შედეგი ჩატბოტთან.
  • დიალოგის შექმნა: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან დიალოგი ორ ლიტერატურულ პერსონაჟს შორის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ჩატბოტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთ-ერთი პერსონაჟის როლში.
  • ისტორიული კონტექსტი: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ისტორიული ეპოქის “მოწმის” როლი. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მოთხრობა ამ ეპოქაზე, ჩატბოტთან კონსულტაციის საფუძველზე.
  • პოეზიის ანალიზი და შექმნა: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს პოეტის როლი. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ ლექსი მასთან ერთად და შემდეგ შექმნან საკუთარი ლექსი მსგავს თემაზე ან სტილში.
  • მხატვრული აღწერის პრაქტიკა: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს “მხატვრის” როლი, რომელიც აღწერს სცენას. მოსწავლეებმა უნდა გადაწერონ ეს აღწერა მხატვრული პროზის ფორმატში.

მასწავლებელს შეუძლია ამ იდეების ადაპტირება კლასის დონისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად. მთავარია, რომ ჩატბოტის გამოყენება იყოს ინტერაქტიული და ახალისებდეს და სტიმულს აძლევდეს მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას.

 

დასკვნა

 

ხშირად ისმის კითხვა: თუ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, რა როლი რჩება მასწავლებელს?

AI ჩატბოტები არ ანაცვლებს მასწავლებლებს, არამედ აძლიერებს მათ შესაძლებლობებს. ისინი ქმნიან ინტერაქტიულ, დინამიურ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ღრმად ჩასწვდნენ ლიტერატურას, განავითარონ კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ AI არის ინსტრუმენტი და არ არის იდეალური. ყოველთვის წაახალისეთ მოსწავლეები, რომ კრიტიკულად შეაფასონ AI-ს პასუხები და გამოთქვან საკუთარი აზრი.

 

ლიტერატურის გაკვეთილზე AI-ის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით ახალ რეალობას – ერთგვარ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, როდესაც კლასიკურ ნაწარმოებებს ვაცოცხლებთ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ლიტერატურის სწავლებაში – ეპოქა, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...