საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევები და სწავლების ხარისხი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და სუსტი მხარეა. ამას ადასტურებს მრავალი საერთაშორისო კვლევა, რომლებიც პერიოდულად ტარდება.
PISA 2018 – წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.
საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო. მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018, 2022 წლებში. PISA-ს მიზანია, დაადგინოს, აქვს თუ არა 15 წლის მოსწავლეებს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით – კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
2023 წლის მონაცემებით, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის – აბიტურიენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ვერ გადალახა ზღვარი ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საგნობრივ გამოცდებში. ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5%, ანუ 601 სტუდენტი გავიდა, თუმცა მათგან 31%-მა პროცენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო.
ეროვნული გამოცდების ყოველწლიური შედეგები აჩვენებს, რომ აბიტურიენტებს, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება უჭირთ, მათგან ყველაზე მეტად – ფიზიკის. ფიზიკაში მინიმალური ზღვრის გადალახვა აბიტურიენტთა 30.95%-მა ვერ შეძლო, ქიმიაში – 19.53%, მათემატიკაში – 15.75%-მა და ბიოლოგიაში – 14.71%-მა.
საბუნებისმეტყველო საგნები საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო გეგმის ფუნდამენტური ნაწილია, რომლის შესწავლას საფუძველი დაწყებით საფეხურზე ბუნების საგნით ეყრება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო საგნები – ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია – პრიორიტეტულ საგნებს შორისაა, თუმცა, ის მონაცემები, რომლებსაც საერთაშორისო კვლევები და ასევე აბიტურიენტთა შედეგები აჩვენებს, მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეებში მათ მიმართ ინტერესი დღითიდღე ქრება.
სამშაბათი და ოთხშაბათი „ფიზიკის დღეა“ სკოლაში. დღე, რომელსაც ჩემი შვილი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. ანდრია წელს მეშვიდე კლასში გადავიდა, ახალ საგანს სწავლობს და მისთვის განსაკუთრებით ემზადება. ცდილობს ეს დღე არ გაუცდეს რაიმე მიზეზით, რადგან თუ „გაცდენები“ დაუგროვდება, ვეღარ გაიგებს საგანს და „ჩამორჩება“. აგერ უკვე მეორე თვე სრულდება და გაკვეთილები კვლავაც საკლასო ოთახში უტარდება. საბუნებისმეტყველო საგნების შესასწავლად კი, მნიშვნელოვანია შემეცნებისა და ექსპერიმენტირებისთვის ცოცხალი გარემოს არსებობა, სადაც ხალისით და ინტერესით შეისწავლის ისეთ დისციპლინას, რომელიც შემდგომ სამყაროს „მუშაობის“ ახსნაში დაეხმარება. დაეხმარება იმაშიც, რომ უფრო ღრმად იფიქროს და იაზროვნოს, რადგან მათემატიკა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები ეხმარება მოსწავლეს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ასევე ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარებაში, რაც სწავლის პროცესის მთავარი საფუძველია. კვლევით, ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ცოდნით მოსწავლეც უკეთ გაიაზრებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული ცოდნა ახალი ცოდნის შესაძენად და გაიაზრებს იმასაც, თუ რა გავლენას ახდენს ეს ცოდნა ჩვენს მატერიალურ, ინტელექტუალურ და კულტურულ გარემოზე.
ჯერჯერობით კი საქართველოს სკოლების უმრავლესობაში, საბუნებისმეტყველო დისციპლინები, რუტინულად, საკლასო ოთახში, უღიმღამო სივრცეში ტარდება, სადაც სწავლების მთავარი ორიენტირია, მოსწავლემ რაც შეიძლება დიდი მოცულობით ინფორმაცია დაისწავლოს. რესურსების სიმწირე, ლაბორატორიების, ტექნიკური აღჭურვილობის არქონა და პროფესიონალი კადრების არარსებობა – ყველა ეს შემაფერხებელი ფაქტორი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ქრება ინტერესი ამ საგნების მიმართ.
ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი მიიჩნევდა, რომ განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას თუ სამსახურისთვის მოსამზადებელ წვრთნას. მისი მთავარი საგანმანათლებლო სლოგანია: „სწავლა კეთებით“, რომელიც პირდაპირ ესადაგება საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. დიუის სქემის მიხედვით, სწავლის ეტაპებია – პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილების საფუძველზე და საუკეთესო გზის გამოცდა.
ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანაბრობის გამო, მოსწავლეების უმრავლესობა მოკლებულია ხარისხიანი სწავლების შესაძლებლობას. საჯარო სკოლების უმეტესობაში არ ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო კაბინეტები, არის პროფესიონალი კადრების სიმწირე და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ რომელიმე რეგიონის პრობლემა, ეს პრობლემა დგას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მოსწავლეებს ხარისხიანი სწავლებისთვის სჭირდებათ ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემო, ტექნიკური აღჭურვილობა და ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ ინტერესს კიდევ უფრო გაამძაფრებს შესასწავლი საგნის მიმართ. ეს განათლების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია, მტკივნეული და საჭირბოროტო და ამაზე საუბარი ყველას გვმართებს, ვინც შორიდან თუ ეპიცენტრიდან აკვირდება ჩვენი შვილების საგანმანათლებლო პროცესის სისტემურ ხარვეზებს. მანამდე კი ჩვენი შვილები და მოსწავლეები ზარალდებიან საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემებით, რომლებიც ასევე ქვეყნის უკეთესი მომავლის გზაზე დიდი დაბრკოლებაა…