შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

უსენ ზორაბაბელი- ისტორიული ალუზიების კვალი ვეფხისტყაოსანში

გაოცებული კითხულობს მეფეთამეფე თამარი:

კაცნო ვითარ ღირს [არს] შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“.[1] როგორ გავყვე ამ კაცს, არ ვიცნობ, არც ზნენი ვიცი მისი და არც ვნებანიო. არავინ არ დაუჯერა.  გამორჩეულ და სათაყვანებელ ქართველ მეფეზე, უხეშად რომ ვთქვათ, იძალადა სამეფო კარმა- არსებითად, ის ძალად დააქორწინეს და  ამ საქმის  მოგვარების ნიშანმესვეტედ ზანქან ზორაბაბელი გამოდის, დამკვეთად კი საერო და სასულიერო დიდებულთა ხომლი.

[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათჳს.[2]

ალბათ,  რუსუდანი უბრალოდ დაჰყვა სამეფო კარის ნებას,- როგორც გახსოვთ, ამ ეტაპზე  ახალჩამცხრალია  „ისნის კარავის“  იდეოლოგთა წინააღმდეგობა, იმავდროულად თამარმა საკმაოდ მძიმე  დაპირისპირება დათმო ქართლის კათალიკოს მიქაელთან[3], რომელიც იმავდროულად, იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი[4]  და თამარის მამიდა, როგორც ჩანს სიფრთხილეს იჩენს და ამიტომაც  არის სასიძოს ჩამომყვანთა ბანაკში. არახალია, და ამ ისტორიული ეპიზოდის გამოძახილად ითვლება  რუსთველის ვეფხისტყაოსანში ნესტან-დარეჯანისთვის სასიძოდ ხვარაზმშას შვილის მოწვევის ეპიზოდი. ეს ყველასთვის ცნობილია და არ გავაგრძელებთ ამაზე  საუბარს, ჩვენ გვაინტერესებს  ამ ამბავში  ერთ-ერთი მთავარი პირის,  დიდვაჭარ ზანქან ზორაბაბელის  როლი და შესაძლო პროტოტიპობა  გულანშაროს  დიდვაჭარ უსენთან. თუმცა, ალბათ უპრიანი იქნება ერთ სავარაუდო პროტოტიპის შესაძლო შტრიხიც ვახსენოთ, მამიდა რუსუდანთან დაკავშირებით: გვახსოვს ვეფხისტყაოსანში დავარ მამიდა რა სახითაცაა გამოხატული; საერთოდ უბედურების მთავარი წყაროა, ისტორიული პარალელი რომ გავავლოთ, შეიძლება დავუშვათ, რომ  თამარის მამიდის, რუსუდანის, ქცევას საერთოდ არ განაპირობებდა  სიფრთხილე; რუსთველი არაფერს წერს შემთხვევით და შესაბამისად არაა ალბათ  აზრსმოკლებული ის ამბავი, თუ რატომ სძულს ასე ავტორს „დავარ მამიდა“, უსენზე მეტად, რეალურად, სწორედ ის აღიქმება პოემაში უბედურების მთავარ სიმბოლოდ. ახლა დავუბრუნდეთ სტატიის მთავარ ხაზს:

ჩვენი ისტორიის ასეთი საკვანძო  შემთხვევისას, მთელი სამეფო კარი დაირაზმა თამარისთვის  ქმრის „შესართველად“.  „ვეფხისტყაოსანში“  ტარიელის გარდა სამიოდე  დიდებული ზის თათბირზე, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, უზუსტესად წარმოვიდგინოთ, რა უდევს ამ სიუჟეტს საფუძვლად და რამ შთააგონა  ეს სცენა მწერალს, მით უმეტეს, როცა პოემაშიც აშკარაა დედოფლის როლი,- ნესტანის დედა, ფარსადანთან ერთად, უტყვი  მებაირაღეა ამ იდეის, რომლის განხორციელებასაც ისტორიაში თამარის მამიდა ითავსებს. ეზოსმოძღვარი წერს:

ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს…“ [5]. დაუფარავად ამბობს ისტორიკოსი, რომ ძალიან ცუდად „მოაკვარახჭინეს“ ეს ამბავი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეზოსმოძღვარი არსად აღარ ახსენებს ზანქან ზორაბაბელს, უფრო სწორედ, მას ყველგან სახელდების გარეშე წარმოგვიდგენს:

რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს.

შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ. რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათჳს მისისა.[6]

ისტორიკოსი პირდაპირ წერს, რომ ელჩი თუ დესპანი ამ საქმისთვის  შეარჩიეს არა ღირსი. რადგან ამ პატარა სტატიას ზორაბაბელისა და  ვეფხისტყაოსანში  მისი უსენთან პროტოტიპობის ჭრილში განვიხილავთ, ვფიქრობთ, რომ ეს ერთი შტრიხი აშკარად ემთხვევა უსენისას, პოემაში  მისი დახასიათებიდან:

დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი, ფრიად არადადებითი გმირი უსენია პოემაში, ასეთ დამამცირებელ-სატირულ-სალანძღავ პერსონაჟად თითქმის არავინ არ გამოჰყავს რუსთველს. საერთოდ, ვაჭართა ფენას ნამდვილად არ ეპყრობა უდიერად, პირიქით, ზედმეტი პატივისცემითაც კი- ლამის თავს წირავს მათთვის ავთანდილი. ერთი ხანი, საერთოდაც, ვაჭრად არათუ შეიმოსება, იღვწის კიდევაც… ვაჭართა ქარავნის უხუცესი უსამი მხოლოდ დადებითი შტრიხებითაა დახატული[7]. აი, უსენს კი ლამის წირავს ავტორი, როგორც კაცს, როგორც ქმარს, როგორც სამეფო ტახტთან ვაჭართა უპირველესს… მიწასთან ასწორებს:

„აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი.“

„მართლად თქმულა: «არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».“

„უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:“

„მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი,“

„რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,“

„უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,

ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.“

 

მართალია, უსენი ხვარაზმშას შვილის მოწვევასთან არაფერ შუაშია, მაგრამ „უგვანო მაჭანკლობა“ აშკარად არის მის  „მოღვაწეობაში“: სწორედ ის გადასცემს მელიქ-სურხავს არაამქვეყნიური სილამაზის ნესტან-დარეჯანს, ფიცის გატეხითა და ღალატით შვილისთვის, სარძლოდ.

 

მოკლედ, თავადაც გახსოვთ, სიუჟეტურადაც რა ზნედაცემულადაა დახატული პოემაში…

ჰოდა, მგონია- წარმოუდგენელია უსენში ზორაბაბელის სახე არ იყოს: სასახლის დიდვაჭართა უხუცესია. სხვა ვაჭარი, ამ რანგის, პოემაში არ არის აღწერილი და გამოყვანილი. უსენ-ზორაბაბელის სიძულვილი კი ცხადია, საიდანაც შეიძლებოდა ჰქონოდა პოეტს (რომელიც თვითონ, ვინ იცის, რა  დონის დიდებული იყო თამარის სამეფო კარზე): ზანქანმა დღე და ღამე იარა და იური რუსი, ვადაზე ადრე ჩამოიყვანა, ციმ-ციმ ჩამოიყვანა უცხოთესლი… ალბათ,ისედაც  ანტითამარელთა გუნდს მიეკუთვნებოდა სამეფო კარზე…

უკვე აღვნიშნეთ, რომ ბასილი ეზიოსმოძღვარი სახელით არ მოიხსენიებს დიდვაჭარს. სახელით  მას თამარის პირველი ისტორიკოსი იხსენიებს მატიანეში- „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ – „მაშინ მომსმენართა მისთა უმეს ერთი მხედრთაგანი დიდვაჭარი, სახელით ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნისა მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად. ამისთა მნახველთა და გამცდელთა პატრიაქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა მოასენეს თამარს და მათგან ნებადაურთავი განმზადეს ქორწილი.[8]

არა, აშკარად იძალადა მაშინ სამეფო კარმა თამარზე…

ზანქანმა კი, ვაიდა, არ დავაგვიანო, ვაიდა, სხვას არ უწიოს თამარმაო, იცვალა და იცვალა ცხენები და  ვარდის ფურცლობის ნიშანზედ ადრე, პაემანზედ ადრე ჩამოიყვანა ტახტიდან მოსროლილი რუსი ნაუფლისწულარი გაბრწყინებულ საქართველოში.

…უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითაო… ჰო, როგორ აიტანდა ფიცის გამტეხსა და ღვთისმგმობს… თამარის წამრთმევს…

 

 

[1] ქართლისა ცხოვბრება. თბილისი 2008. ბასილი ეზოსმოძღვარი.- “ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი” გვ 487

[2] ქართლისა ცხოვრება. თბილისი 2008. ბასილი ეზოსმოძღვარი.- “ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი”  გვ 486

[3] ქართლისა ცხოვრება. თბილისი 2008. ბასილი ეზოსმოძღვარი.- “ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი”  გვ 486

[4] საქართველოს ისტორიის ნარკვევები. თბილისი 1979.გვ 310

[5][5] ქართლისა ცხოვრება. თბილისი 2008. ბასილი ეზოსმოძღვარი.- “ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი”   გვ 486

[6] იქვე გვ 486

[7] „უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.“ 1031. რუსთაველი. სიმფონია. https://saunje.nekeri.net/rustaveli/symphony/2009.htm#6164

[8]ქართლისა ცხოვრება. თბილისი 2008. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”  გვ 486 გვ411

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“