როალდ დალი პატარების საყვარელი მწერალია. ვის არ ახსოვს, შოკოლადის სურნელი წიგნიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ჭკვიანზე ჭკვიანი გოგონა მატილდა ან სასწაულმოქმედი ბატონი მელია.
„დიდი კეთილი გოლიათი“ – როალდ დალის კიდევ ერთი, ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც წინა კვირას წიგნის კლუბში წავიკითხეთ.
ეს წიგნი, გარდა იმისა, რომ თავბრუდამხვევ ლიტერატურულ მოგზაურობას სთავაზობს პატარებს, ბევრ საკითხზე დააფიქრებს და ბევრ უნარსაც განავითარებინებს, მათ შორის, ლექსიკურ და გრამატიკულ უნარებს.
მივყვეთ თავიდან – როდესაც წიგნის კითხვას იწყებთ, შეიძლება იფიქროთ, ეს რა საბავშვო საკითხავიაო. წიგნი ხომ უცნაური, ჯადოსნური, ცოტა საშიში ამბით იწყება, როგორ დადის გოლიათი ბნელი ღამით ქუჩებში და სახლების ფანჯრებში იყურება.
ბავშვებს უყვართ საშიში ამბები, ოღონდ გაითვალისწინეთ შიშისა და დაძაბულობის ხარისხი. ეს უნდა იყოს მცირე, ზომიერი, ამბავი, რომელსაც „საშიში“ ელფერი აქვს, კარგად უნდა მთავრდებოდეს; შეიძლება წინასწარ გავაჩინოთ შეგრძნება, რომ ამბის საშიში ელფერის მიუხედავად, ჩვენ დაცული ვართ, არაფერი დაგვემართება. გრიმებისა და შიშის სასწავლებლად წასული ბიჭისა არ იყოს, მცირე დოზით შიშის გამოწრთობა, მისგან დაცვის შეგრძნება სასარგებლოა, ოღონდ, აუცილებლად, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მოზომილი, ფრთხილი, ისევე, როგორც ამ წიგნშია. უკვე მეორე თავშივე ვიგებთ, რომ არაფერია საშიში და სოფის, ობოლთა თავშესაფარში მცხოვრებ პატარა გოგოს, კეთილი გოლიათისგან არაფერი ემუქრება, პირიქით.
მოკლედ, რჩება ობოლი სოფი დიკეგოსთან და აქ იწყება ყველაზე მთავარი, სიზმრების ველზე სიზმრის ჭერა წარმოგიდგენიათ როგორია? სიზმრები ხომ იმდენნაირი და ისეთი ჯადოსნურია, მერე რა, რომ შემთხვევით კოშმარსაც წააწყდები.
მთავარი, რასაც ეს წიგნი გვასწავლის, სტერეოტიპებისგან თავის დაღწევაა. გოლიათი კაციჭამიებს შორის ცხოვრობს, მაგრამ ის კეთილია, განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ კაციჭამია გოლიათები ხშირად ჩაგრავენ და დასცინიან, ის მაინც კეთილია და არ ჭამს ადამიანებს.
მეგობრობა და სიკეთე ამ წიგნის მთავარი თემებია, როგორ უნდა გადალახო არცოდნის შიში, იპოვო მეგობარი და მერე მასთან ერთად იბრძოლო სიკეთის გამარჯვებისათვის. ბოლოს და ბოლოს, სოფი და დიკეგო, ინგლისის დედოფლის დახმარებით კაციჭამია გოლიათებს ციხეში გამოკეტავენ, ხოლო მათ მიერ დაზარალებულ ადამიანებს საჩუქრებს უგზავნიან.
თემატური ნაწილის გარდა, როალდ დალის ეს შესანიშნავი ტექსტი ენობრივი და ლექსიკური მუშაობის საშუალებასაც იძლევა:
- როგორ ვასწავლოთ აბრევიატურა? ციფრული სამყარო ხშირად ითხოვს ჩვენგან მოკლე შეტყობინებებს, ეს კი აბრევიატურების გარეშე ძალიან რთულია, „დიკეგო“ – საუკეთესო საშუალებაა აბრევიატურების სწორად დაწერის სასწავლებლად. შეგვიძლია გამოცნობობანაც ვითამაშოთ, აბა, „კაკები“ – რას ნიშნავს, კარგ კეთილს ბიჭს ხომ არა?
- დიდი კეთილი გოლიათი სიტყვებს შეცდომით ამბობს, ეს შეცდომები ერთდროულად ძალიან სახალისოა და თანაც ძალიან საინტერესო. ფონეტიკურად შეცვლილი სიტყვების გარდა, როგორიცაა, შიმშვილი, კანიბრალი და სხვა, ეს „შეცდომები“ სიტყვაწარმოებასა და ფრაზეოლოგიზმებსაც ეხება, რაც განსაკუთრებით გაამხიარულებს ბავშვებს: ტანგზა – თავგზას ნაცვლად, სიტყვაზე ნუ გამომეკონწიალე (სიტყვაზე ნუ მეკიდები), უტანბოლო (უთავბოლო)…
- სიტყვაწარმოება როალდ დალის ტექსტების საუკეთესო ნაწილია, შეგიძლიათ, გამოაცნობინოთ მოსწავლეებს და მერე თავადაც აწარმოოთ მწერლის შემოთავაზებული მოდელების მიხედვით: ტელექაქანა (ტელევიზორი), რადიოჯაჯღანა (რადიო), დაეხეტყებიან (დაეხეტებიან), დაკვენსოხრავენ, მცხუნვარვარავარა და ა.შ.
დანარჩენი თავად მოიფიქრეთ, ეს შესანიშნავი ტექსტი ბევრი საინტერესო გაკვეთილის ჩატარების საშუალებას მოგცემთ, მინიშნების სახით კი იმასაც გეტყვით, რომ წიგნს რამდენიმე ეკრანიზაციაც აქვს. რამდენი ხანია, კლასთან ერთად ფილმი არ გინახავთ?