შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე – 2

(პრაქტიკული ნაწილი)

განვიხილოთ რამდენიმე ინტეგრირებული დავალება, რომლებიც დაწყებითი საფეხურის (I-IV) მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მასში ინტეგრირებულია ბუნებისმეტყველება და ინგლისურ ენა. დავალებები აგებულია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომაზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე წერის, მოსმენის, კითხვისა და ზეპირი მეტყველების უნარების განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული აქტივობები და დავალებები შესაძლებელია განხორციელდეს ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის მასწავლებლის ერთობლივი მუშაობით. თუმცა, არანაკლებ ეფექტიანია, რომ ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა მოსწავლეებს დავალება შეასრულებინონ ცალკეულ გაკვეთილებზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ბუნებრივია, აღნიშნული მიდგომა საჭიროებს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, წინასწარ საგნობრივი სტანდარტების, სასწავლო შინაარსისა და არსებული შესაძლებლობების კარგად შესწავლას, პროცესის ინტეგრირებულად დაგეგმვასა და კურიკულუმში ასახვას.

დავალება 1: წყლის თვისებებზე დაკვირვება და აღწერა

მიზანი: მოსწავლეები დაკვირვებით აღმოაჩენენ წყლის ძირითად თვისებებს, აღწერენ მარტივი წინადადებებით, ამავდროულად ხელი შეეწყობა კვლევითი, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უნარების განვითარებას.

მოსწავლეები აკვირდებიან წყლით სავსე კონტეინერში წყლის ფიზიკურ თვისებებს, თერმომეტრის მეშვეობით ზომავენ წყლის ტემპერატურას, აკვირდებიან წყლის მოძრაობას ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმის დროს. პარალელურად, მასწავლებლის ფასილიტაციით, საუბრობენ დაკვირვების შედეგებზე – როგორია წყალი ფორმის, აგრეგატული მდგომარეობის, ტემპერატურისა თუ ფერის მიხედვით.

მასწავლებელი ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს, როგორიცაა მაგალითად,

სველი, ცივი, თბილი, ცხელი დასხმა, დაღვრა, თხევადი, უფერო, უსუნო.

Wet, cold, warm, hot, pouring, spilling, liquid, no color, no smell.

მასწავლებელი მოსწავლეებს ჩამოურიგებს ფურცლებს, სადაც მათ უნდა ჩაწერონ მინიმუმ ორი წინადადება ინგლისურად, მაგალითად, The water is wet. It is cold.

დავალება 2: წყლის ციკლის შესწავლა

მიზანი: მოსწავლეები განივითარებენ კითხვისა და ლაპარაკის უნარებს.

მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს მცირე ჯგუფებში და ურიგებს სამუშაო ფურცლებს მარტივი ტექსტით წყლის ციკლის შესახებ.

სამუშაო ფურცელი – წყლის ციკლი

„წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზმისთვის. ის ბუნებაში გარემო პირობების გავლენით იცვლის აგრეგატულ მდგომარეობას. როცა მზე ანათებს, ის ათბობს წყალს მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში. წყალი თბება და გადადის ორთქლში. ამას ეწოდება აორთქლება. ორთქლი ადის ცაში. აქ ორთქლი გრილდება და პატარა წვეთებად გარდაიქმნება, იკრიბება და ქმნის ღრუბლებს. ამას ეწოდება კონდენსაცია. როდესაც ღრუბლები ზედმეტად მძიმდება, წყალი ბრუნდება მიწაზე წვიმის, თოვლის ან სეტყვის სახით. ამას ეწოდება ნალექი. წყალი კვლავ უბრუნდება მდინარეებს, ტბებსა და ოკეანეებს და კვლავ ახალი ციკლი იწყება“.

Water Cycle

„Water is very important for all living organisms. It changes its state in nature due to environmental conditions. When the sun shines, it warms up the water in rivers, lakes, and oceans. The water heats up and turns into steam. This process is called evaporation. The steam rises into the sky. There, the steam cools down and turns into tiny droplets, gathering together to form clouds. This is called condensation. When the clouds become too heavy, the water returns to the ground as rain, snow, or hail. This process is called precipitation. The water then flows back into rivers, lakes, and oceans, and the cycle begins again“.

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს სთხოვს ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ახალი სიტყვების გაგებაში.

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს წაახალისებს, რომ განიხილონ ტექსტის შინაარსი და ერთად შეადგინონ მარტივი დიალოგი ინგლისურად. მაგალითად, „What happens to water when it is cold?” “It becomes ice“…

გაგრძელება იხილეთ შემდეგ სტატიაში

გამოყენებული ლიტერატურა:

ავალიანი ი., ბაღათრიშვილი ნ. (2023) ბუნებისმეტყველება II კლასი, მოსწავლის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინტელექტი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“