პარასკევი, აგვისტო 1, 2025
1 აგვისტო, პარასკევი, 2025

სქოლიო – ჩემი ბავშვობის ვიკიპედია

0

სქოლიო [ბერძ.] შენიშვნა, განმარტება რაიმე ტექსტში; იწერება, ჩვეულებრივ, გვერდის ბოლოს ან კიდეზე, – ასეა განმარტებული ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა „სქოლიო“, რომლის შესახებ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.

საკითხავი ლიტერატურა, წიგნების ხარისხი, შრიფტის ზომა, ილუსტრაციები დროსთან ერთად იცვლება. ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, როგორი ნებისყოფა გვქონდა ადრე, სქელტანიან, წვრილი შრიფტით ნაბეჭდ, ფურცლებგაყვითლებულ წიგნებს გამალებით რომ ვკითხულობდით.

თანამედროვე სამყაროში გაწაფული კითხვის უნარი იმდენად გაიშვიათდა, რომ გამომცემლობები ხშირად ამჯობინებენ მრავალილუსტრაციიან და მცირეტექსტიან წიგნებს და ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან დროსთან ერთად მკითხველის გემოვნებაც იცვლება. ამავე დროს, ჩნდება კითხვა: რა ელით საოჯახო ბიბლიოთეკის თაროებზე შენახულ წიგნებს?

კარგ მკითხველს გაწაფულ კითხვასთან ერთად უნდა შეეძლოს/სურდეს თავფურცელზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა (გამომცემლობა, მთარგმნელი, გამოცემის თარიღი, ილუსტრატორი, რედაქტორი), ანოტაციის, შესავალი წერილის, სარჩევის გულდასმით გაცნობა, ჟანრის განსაზღვრა, ავტორის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სქოლიოში გატანილი ინფორმაციისთვის დროის დათმობა. ვფიქრობ, საგანგებოდ დაგეგმილი აქტივობებით პატარა მკითხველს ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლით ჩამოთვლილი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევას და ტექსტთან კავშირის დამყარებას.

სქოლიოს ჩემს ბავშვობაში ვიკიპედიის ფუნქცია ჰქონდა. კლასიკური ლიტერატურის კითხვისას მისი წყალობით ვიგებდი ახალ ინფორმაციას. ფრანგულ ლიტერატურაში ხშირად მხვდებოდა ფრანგულენოვანი ფრაზები, რომელთა ქართული მნიშვნელობა სქოლიოში იყო გატანილი. რამდენიმე ფრაზა სწორედ სქოლიოებიდან ვისწავლე და ახლაც მახსოვს. ამ პროცესმა ისე გამიტაცა, რომ ჩემს მეზობელ მაიასთან ფრანგულის სწავლასაც შევუდექი, თუმცა მოტივაცია მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილზე მეყო.

Homo homini lupus est – ეს ლათინური გამოთქმა („ადამიანი ადამიანისთვის მგელია“) ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „კაცი, რომელიც იცინის“ დამამახსოვრდა, ალბათ, მოზარდი ასაკისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმის გამო მომეწონა და მრავლისმეტყველი სახით წარმოვთქვამდი ხოლმე.

სიგრძის საზომი ერთეულები (იარდი, მილი, დუიმი…), ფულის ერთეულები (პენი, ფარტინგი, სტერლინგი…) და სხვა რეალიები უცხო ქვეყნის კულტურასთან მაახლოებდა.

კიდევ ერთი მოგონება მაჩუქა სქოლიომ. მეშვიდე კლასი რომ დავასრულე, სკოლამ ბანაკის საგზური მაჩუქა. მაშინ პირველად ვიმგზავრე მატარებლით და პირველად ვნახე ზღვა. ურეკში გამართულ ბანაკში თავი მოვიყარეთ ბავშვებმა თბილისის სკოლებიდან. ერთ საღამოს ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ახლაც მახსოვს, როგორი ემოციებით ვიყავი მოცული. ერთ-ერთი კითხვა ამგვარი იყო: უნდა გამოგვეცნო, რომელ კონტინენტზე გადაჰყავდათ ევროპიდან დამნაშავეები დასასჯელად. მაინ რიდისა და ჟიულ ვერნის წიგნებზე გაზრდილმა, მყისვე ვთქვი პასუხი. ჩვენს ბანაკს „ელდორადო“ ერქვა და ამ სიტყვის მნიშვნელობაც სქოლიოში მქონდა ამოკითხული.

მოსწავლეებისთვის სქოლიოზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. ერთი, რომ ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება, მეორეც, ინფორმაციის გაცნობისა და ცოდნის დაგროვების გზაა.

 

ლილიბულეროდან ოლივერ ტვისტამდე

ხუთი წლის წინ შვილებთან ერთად წავიკითხე სტივენსონის „განძის კუნძული“. ხმამაღალმა კითხვამ და ჩახლართულმა სიუჟეტმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. ერთ საღამოს სქოლიოში ამოვიკითხეთ, რომ „ლილიბულერო“ მეკობრეთა სიმღერას ერქვა, კითხვა შევწყვიტეთ, სიმღერა youtube-ში მოვძებნეთ და მხიარულმა რიტმმა ყველა აგვაცეკვა. მას შემდეგ წიგნებში სქოლიოებს უფრო მეტი გულმოდგინებით ვიკვლევთ.

ზაფხულის სტატიაში გიამბეთ, როგორ წამოვიწყეთ მე და ჩემმა 11 წლის ბიჭმა ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტის“ კითხვა და პარალელურად დღიურის წერა. სამი თვე გავიდა და მეორასე გვერდამდე ძლივს მივაღწიეთ. თუკი რამე გულს მიხარებს, ეს იმის მოლოდინია, რომ დროდადრო გაბრიელი მკითხავს: დედა, გინდა, „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხოთო? ბოლო დროს დღიურის წერასაც იშვიათად ვახერხებთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმამაღლა წაკითხვის რიტუალის ერთგულები ვრჩებით.

ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმნილ წიგნში, რომელიც 2014 წელს გამოსცა „პალიტრა L-მა“, ბევრი სქოლიოა. ახალი თავის წაკითხვამდე სქოლიოების გაცნობა მე და გაბრიელს ჩვევად გვექცა.

ებრაელი საიკსს რომ მიუყვანს ოლივერს და სახლის გასაქურდად წაიყოლებენ, ამ ეპიზოდზე ვართ. გაბრიელი ხმამაღლა მიკითხავს, მე ჭურჭელს ვრეცხავ. სანამ შვიდი თვის ბიჭს სძინავს, ბევრი რამ უნდა მოვასწრო. წყალი ჩხრიალებს, გაბრიელის ხმა რომ გავიგონო, სმენას ვძაბავ. უეცრად გაბრიელი კითხვას წყვეტს და მეკითხება, დეზები რას ნიშნავსო. პასუხის გასაცემად ონკანს ვკეტავ, მაგრამ გაბრიელი ამბობს, რომ ეს სიტყვა სქოლიოშია განმარტებული და კითხულობს: „დეზები (ინგლ. persuaders) – (აქ) ამ ტერმინით აღინიშნება ქლიბები“. ჭურჭლის რეცხვა დავასრულე და ხაჭაპურისთვის ცომის გაბრტყელებას შევუდექი. ფქვილით გადათეთრებული მაგიდა, გვიანი შემოდგომის დილა, ჩემთვის აჟღერებული შვილის ხმა ცხოვრების სირთულეებს მავიწყებს და ვფიქრობ, რომ ლიტერატურის ამ უდიდესი ძალის შესახებ აუცილებლად დავწერ.

ლონდონში წვიმიანი დილა თენდება. პატარა, გალეული ოლივერი ვერაგ საიკსს ბნელი საქმეების ჩასადენად მიჰყავს. ქუჩებში ხალხი უკვე საქმეს შესდგომია. ბაზრობა დღეა:

„გლეხები, ბიჭები, ქურდები, უსაქმურები და ყველა ჯურის მათხოვარი ბრბოს შერეოდა; მესაქონლეების სტვენა, ძაღლების ყეფა, ხარების ზმუილი, ბატკნების კიკინი, ღორების ჭყვიტინი და ღრუტუნი, ხორცის დამტარებლების ღრიალი, ყველა მხრიდან წყევლა და კრულვა; ეჟვნების წკარუნი, ლუდხანიდან გამომავალი ხმები, მუჯლუგუნების კვრა, ჭყლეტა, ჩხუბი, ღრიალი, გულისწამღები ბღავილი ბაზრის ყოველი კუთხიდან მოისმოდა; აქეთ-იქით დარბოდნენ დაუბანელი, საბრალო და ტურტლიანი ადამიანები და ეს ყველაფერი ერთობლივად გამაოგნებელ და განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ახდენდა“.

საიკსი და ოლივერი შორდიჩს, ფინსბერი-სკვერს, ბარბაკანს, ლონგ-ლეინს გაივლიან და ჰოლბორნისკენ გაემართებიან.

კითხვას ვწყვეტთ და Google map-ში ლონდონის ქუჩებსა და უბნებს ვეძებთ. წიგნის დაწერიდან თითქმის ორას წელს ჩაუვლია. მობილური ტელეფონის ეკრანიდან თანამედროვე ლონდონის გაწკრიალებული ქუჩები ამონათდა.

ჰოლბორნი – ლონდონის ძველი ქუჩა, რომელიც კვეთს სიტის, კემდენსა და უესტმინსტერს. წარსულში აქ სახლობდნენ სასამართლოების მოხელეები, რომლებიც ახლომდებარე ოლდ-ბეილიში მუშაობდნენ, ასევე ადვოკატები. აქვე მდებარეობდა იუველირებით ცნობილი ჰატონ-გარდენის ცენტრი. ამ ქუჩის ყველაზე სახელგანთქმული მცხოვრები ჩარლზ დიკენსი იყო“, – ვკითხულობთ სქოლიოს და ისევ Google map-ში ვძვრებით, ჰოლბორნში „დავხეტიალობთ“ და ეს ვირტუალური მოგზაურობა სიხარულით გვავსებს. მე და ჩემი 11 წლის ბიჭი ვამბობთ, რომ ერთ დღესაც ერთად მოვივლით „ოლივერ ტვისტში“ ნახსენებ ქუჩებს.

ასე მოვიარეთ გროსვენორ-სკვერი, კენინგტონი, რეტკლიფი, ჰოკლი-ინ-ზი-ჰოული, პენტონვილი და განსაკუთრებულად შევიყვარეთ იზლინგტონი (ინგლ. Islington), რომლის შესახებ სქოლიოში ამოვიკითხეთ, რომ ძველად ლონდონის შემოგარენი ყოფილა, ახლა კი შიდა ლონდონის საცხოვრებელი ადგილია და აქ მდებარეობს საფეხბურთო გუნდ „არსენალის“ კუთვნილი ჰაიბერის მოედანი. სქოლიოში გაჟღერებულმა „არსენალმა“ ფეხბურთზე შეყვარებული ბიჭის ყურადღება სულ სხვაგვარად მიიზიდა.

„ოლივერ ტვისტის“ სქოლიოებმა ლონდონის ქუჩებთან ერთად გაგვაცნო შემდეგი სიტყვები: ვოლანი, პანჩი, ბიდლი, „დაფის ელექსირი“, შრომის სახლი, გირვანქა სტერლინგი, შილინგი, სოვერენი, გინეა, კრონა, ფუტი, მილი, იარდი, დუიმი, პინტი… კიდევ 300 გვერდი გვაქვს წასაკითხი და ახალი სიტყვების გაცნობას კვლავ სიხარულით შევეგებებით.

ამგვარად, შეგვიძლია, სქოლიო პატარა მკითხველის ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად გამოვიყენოთ და ასე თამაშ-თამაშით კითხვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას შევუწყოთ ხე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ ამერიკის ადრეული კოლონიზაცია და ვირჯინიის დაარსება – ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

0

 

(პირველი ნაწილი)

 

სიმდიდრე კვლავ რამდენიმე ძალის ხელშია კონცენტრირებული, რომელთა არამომჭირნე ეკონომიკების შენარჩუნება კვლავ მშრომელთა ექსპლუატაციით ხდება, ისევე როგორც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ხალხების ეროვნული და სხვა რესურსების ძარცვითა და მათი ქვეყნებიდან გატანით“.

ფიდელ კასტრო, კუბის რესპუბლიკის პრეზიდენტი

მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის კონგრესი, ჰავანა, კუბა, 1979 წ.

 

XVI საუკუნის დასასრულს, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპელები ნელ-ნელა იწყებენ „ახალი კონტინენტის“ (ჩრდილოეთი ამერიკის) რესურსებისა და სიმდიდრეების შესწავლა-ათვისებას. ნიუფაუნდლენდის წყლებში (დღეს ეს კუნძული კანადას ეკუთვნის), რომელიც განთქმული იყო თევზის მდიდარი სარეწებით (აქ ერთმანეთს ხვდება ნიუფაუნდლენდის ცივი და გოლფსტრიმის თბილი დინებები, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის ოკეანის თევზების გამრავლებისთვის), ხშირად შეხვდებოდით ინგლისურ საზღვაო და თევზსაჭერ გემებს, თუმცა ბასკების, ფრანგების, ესპანელებისა და პორტუგალიელების გემებთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელო იყო.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელების გემები სხვა ევროპელებთან შედარებით უკეთ იყო აღჭურვილი და შეიარაღებული, რის გამოც ინგლისელი კაპიტნები სულ უფრო ხშირად გამოდიოდნენ მომრიგებელი მოსამართლეების როლში ნიუფაუნდლენდზე მცხოვრებ ევროპელ მეთევზეებს შორის თევზჭერის წესებისა და უფლებების გამო წამოჭრილი დავების დროს.

ინგლისელებისთვის ჩრდილოეთის ცივ წლებში მდებარე უცნობი კუნძული ნიუფაუნდლენდი, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა (108 000 კვ. კმ), ნაკლებად საინტერესო გახლდათ, რადგან რთული კლიმატური პირობებისა და მწირი ნიადაგების გამო (ცივი ზაფხული და სუსხიანი ზამთარი, ხშირი წვიმა, ნისლი და ქარიშხლები) კუნძულის შესწავლა და დასახლება ძვირი ჯდებოდა.

კუნძულისადმი ინგლისელების ინტერესი მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ინგლისელმა მოგზაურმა მარტინ ფრობიშერმა 1577 წელს დღევანდელი კანადური ნიუფაუნდლენდის ახლოს მდებარე კუნძულებიდან „ოქროს მადანი“ ჩამოიტანა (საბოლოოდ ფრობიშერის მიერ ჩამოტანილი მადანი რკინის პირიტი აღმოჩნდა, რომელსაც კომერციული ღირებულება არ ჰქონდა). ფრობიშერის აღმოჩენამ მაშინვე გაზარდა ინტერესი „ახალი მიწებისადმი“ (რომელიც აზია ეგონათ), ნიუფაუნდლედმა დაიმსახურა მნიშვნელოვანი კუნძულისა და საზღვაო გზის რეპუტაცია, რადგან ეს, სავარაუდოდ „უმოკლესი გზა“ იყო ჩინეთამდე, და მეორე – იქ აღმოჩნდა ფრობიშერის მიერ ნაპოვნი „ოქროს ქვეყანა“!

ინგლისელთა შემდეგი ნაბიჯი გახდა ჰამფრი გილბერტის მიერ (დედოფალ ელისაბედ I-ის ფავორიტის, სერ უოლტერ რეილის ნახევარძმა) დედოფლისგან სამეფო პატენტის მიღება „ნიუფაუნდლენდის შემდგომი გამოკვლევისა და მართვისათვის“. გილბერტმა, კუნძული ინგლისის საკუთრებად გამოაცხადა, რადგან მისი აღმოჩენა 1497 წელს სერ ჯონ კაბოტს (იტალიელი ზღვაოსანი ჯოვანი კაბოტო ინგლისის სამეფო საზღვაო სამსახურში) მიეწერება (მიუხედავად ფრანგების პროტესტისა, ინგლისელებმა ეს უფლება არ დათმეს და 1713 წელს უტრეხტის ზავის საფუძველზე საბოლოოდ გაიფორმეს ნიუფაუნდლენდი).

ჰამფრი გილბერტის ისტორია საინტერესოა იმით, რომ იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც გადაწყვიტა, კუნძულზე ინგლისიდან ჩამოყვანილი ახალმოსახლეები დაესახლებინა. 1583 წლის აგვისტოში გილბერტის გემებს, სამეფო კურთხევით, ნიუფაუნდლენდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩაჰყავთ 250 კოლონისტი, რომლებიც აარსებენ პირველ ინგლისურ კოლონიას ოკეანის გაღმა. მალევე გამოჩნდა, რომ მცდელობა წარუმატებელი იყო – კოლონისტებს აკლდათ თითქმის ყველაფერი, გარდა თევზისა და საწვავი ხე-ტყისა. მალე ახალმოსახლეებს შორის დაავადებები გავრცელდა, რამაც კოლონისტებში მღელვარება წარმოშვა. გილბერტმა უკმაყოფილების ჩასახშობად ბრძანა, ყურები დაეჭრათ (!) მღელვარების თავკაცებისათვის, თუმცა მალევე დანებდა და ახალმოსახლეთა გემები უკანვე, ინგლისში გაამგზავრა. უკანა გზა გილბერტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ქარიშხლის დროს იგი დაიღუპა. ამან ამერიკის ჩრდილოეთის კოლონიზაცია თითქმის ოცდახუთი წლით გადაავადა და ნიუფაუნდლენდზე ახალი დასახლება, სენტ-ჯონსი (პროვინციის დღევანდელი დედაქალაქი), მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.

ჩრდილოეთი ამერიკის კოლონიზაციის შემდგომი პერიოდი ატლანტის ოკეანეში დაღუპული ჰამფრი გილბერტის ნახევარძმას, სერ უოლტერ რეილის უკავშირდება. ეს ინგლისელი ბატონი 1553 წელს დაიბადა დევონის საგრაფოში, ღარიბი თავადის ოჯახში, რომელიც პროტესტანტული მრწამსის ერთგული მიმდევარი იყო. ოჯახის აღზევება უკავშირდება ინგლისის პროტესტანტი დედოფლის, ელისაბედ I-ის ტახტზე ასვლას. უოლტერ რეილი, მიუხედავად ხელმოკლეობისა, დარწმუნებული იყო, რომ დედოფლის სამსახურში ბევრს მიაღწევდა. ნათესავების დახმარებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით რეილი რამდენიმე წელიწადში დედოფლის უახლოეს კარისკაცთა წრეში შედის და მისი ფავორიტი ხდება. ამ დროს ის უკვე ხმამაღლა საუბრობს თავის „სანუკვარ“ გეგმებზე, რომლებიც უკავშირდება „ინდოეთის ურიცხვ“ სიმდიდრეს, მექსიკისა და პერუს სამეფოების ოქროს და „ოქროს სამეფოს“ – ელდორადოს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რეილის ძმამ, გილბერტმა, ბევრჯერ სცადა ჩინეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის პოვნა, მაგრამ ვერ შეძლო და უგზო-უკვლოდ დაიკარგა ატლანტიკის წყლებში. რეილი გადაწყვეტს, განაგრძოს დაღუპული ძმის საქმე და დედოფლისგან იღებს სამეფო პატენტს ჩრდილოეთი ამერიკის ტერიტორიის კოლონიზაციაზე ესპანური ტერიტორიების (ფლორიდის) ჩრდილოეთით. სამეფო პატენტისა და შეუპოვარი ხასიათის წყალობით ავანტიურისტული ბუნების მქონე რეილი ბევრს აღწევს: 1584 წელს ის სანაპირო ზოლის გამოსაკვლევად ოკეანის გაღმა გზავნის ორ მცირე ზომის გემს (კაპიტნები – ამადასი და ბარლოუ), რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს, კ. ნიუფაუნდლენდიდან ბევრად უფრო სამხრეთით, ჩრდილოეთი განედის 35o-მდე მიდიან (დღევანდელი ტენესისა და ჩრდ. კაროლინის მახლობლად). სამწუხაროდ, სანაპიროზე მეზღვაურები ვერ პოულობენ მოხერხებულ ყურეს, თუმცა გადადიან ორ მცირე კუნძულზე, სადაც მკვიდრ მოსახლეობას, ინდიელებს ხვდებიან. ამ ხანმოკლე ვიზიტის შემდგომ გემები ინგლისში ბრუნდებიან. გემეის კაპიტნების ანგარიშში ვკითხულობთ, თუ როგორ ახასიათებენ ინგლისელი ზღვაოსნები აბორიგენებს: „ინდიელები ველურები და ზარმაცები, მამაცნი და სტუმართმოყვარენი, მიმნდობნი და ცნობისმოყვარენი არიან და სიამოვნებით ცვლიან საკვებ პროდუქტებს ინგლისურ საქონელზე, განსაკუთრებით კი ლითონის ნივთებზე“. კაპიტნები ნანახ ადგილებს ახასიათებენ როგორც მშვენიერს, რბილი კლიმატით და ნაყოფიერი ნიადაგებით. ასეთი მონათხრობის შემდეგ, ჩვეულებრივ, მომჭირნე დედოფალი თანხმდება რეილის და ამერიკისკენ, „ახალი ქვეყნის“ კოლონიზაციის მიზნით, მიემგზავრება მეორე ექსპედიცია, რომელშიც უკვე ხუთი ხომალდი შედის. ექსპედიციას კაპიტანი რიჩარდ გრინვილი ხელმძღვანელობს.

მადლიერი სერ რეილი მომავალ ინგლისურ კოლონიას დედოფლის პატივსაცემად ვირჯინიას უწოდებს (Virgo – ლათ. ქალწული. დედოფალი ელისაბედ I, ტიუდორების დინასტიის უკანასკნელი მონარქი, მეფე ჰენრი VIII-ის უმცროსი ქალიშვილი, არასდროს გათხოვილა და მთელი სიცოცხლე ინარჩუნებდა „ქალწული დედოფლის“ სტატუსს, რითაც ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი „ინგლისზეა გათხოვილი“ და „მხოლოდ სამეფოს ერთგულია“). 1585 წელს იწყება დღევანდელი ამერიკის (აშშ-ის) ფაქტობრივი კოლონიზაცია, თუმცა პროცესი დიდი სირთულეებითა და მოულოდნელობებით მიმდინარეობს. პირველი დასახლება ინგლისელებმა კუნძულ როანოკზე, დღევანდელი ჩრდ. კაროლინის სანაპიროსთან გააშენეს და ხმელეთზე 180-მდე კოლონისტი გადმოსხეს. ახალმოსახლეთა უმრავლესობა გაკოტრებული თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო, რომლებსაც „ახალ სამყაროში“ გამდიდრების სურვილი ერეკებოდა. „ველურმა“ აბორიგენებმა მალევე გაიგეს ცივილიზებული ევროპელების რეალური „ღმერთის“ შესახებ და მათ დასაცინად უხვად მოუყვნენ ზღაპრებს ახალი ქვეყნის ოქროს საბადოებისა და მარგალიტით სავსე სანაპიროების შესახებ. შესაძლოა, ეს იყო ინდიელების საბედისწერო შეცდომა! ინგლისელები, რამდენიმეთვიანი ფუჭი ძიების შემდეგ, ისე გაბრაზდნენ აბორიგენებზე, რომ იარაღით ხელში დაესხნენ თავს ინდიელების რამდენიმე სოფელს. პასუხად ინდიელებმა ახალმოსახლეებს საკვების მიცემა შეუწყვიტეს.

1585 წლის გაზაფხულზე ინგლისელი კოლონისტებს შიმშილით სიკვდილი დაემუქრა. ბედად, დღევანდელი ჩრდ. კაროლინის ნაპირებს მოულოდნელად ინგლისური ფლოტილია მიადგა სერ ფრენსის დრეიკის ხელძღვანელობით (ფრენსის დრეიკი, ინგლისელი პრივატიერი – კონტრაქტით მოქმედი მეკობრე, ზღვაოსანი, ვიცე-ადმირალი და სამეფო კარის რაინდი), რომელიც ესპანურ გემებზე მორიგი მეკობრული თავდასხმის შემდეგ ინგლისში ბრუნდებოდა. დრეიკმა უხეირო კოლონისტები გემებზე აიყვანა და, ფაქტობრივად, მათი სამშობლოში ევაკუაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ ჩაიტანეს ევროპელებმა ინგლისში ამერიკული თამბაქო, რომლის მოწევაც უმალვე პოპულარული გახდა ინგლისის ელიტის წარმომადგენლებში.

როანოკის კოლონიზაციის მცდელობიდან მცირე ხნის შემდეგ კაპიტანმა გრინვილმა, რომელმაც არაფერი იცოდა წინამორბედთა ბედის შესახებ, დაცარიელებულ დასახლებაში სამი ხომალდით 15 ახალმოსახლე ჩაიყვანა, რათა ინგლისისთვის „ახალი სამფლობელოები“ შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, მათ წინამორბედებთან სავალალო გამოცდილების გამო ალგონკინებმა (ინდიელთა ადგილობრივი ტომი) ახალმოსახლეები ამოჟლიტეს.

1587 წლის დასაწყისში კაპიტანმა გრინვილმა ვირჯინიაში კვლავ ჩაიყვანა 200-მდე ახალმოსახლე, თუმცა ახალ კოლონიაში მათი მომავალიც უბედური აღმოჩნდა: ახალგაჩაღებული ინგლის-ესპანეთის ომის გამო კოლონისტები ყველას დაავიწყდა და ისინი, სავარაუდოდ, ან დაიხოცნენ, ან ინდიელებთან შეტაკებებში დაიღუპნენ.

ამის შემდეგ სერ რეილისა და დედოფლის ინტერესი ამერიკის კოლონიზაცის წამგებიანი პროექტის მიმართ საგრძნობლად განელდა და საბოლოდ გაქრა.

დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში: გამოწვევები და უსაზღვრო შესაძლებლობები

0

სტატიის თანაავტორები რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის X კლასის მოსწავლეები ბარბარე სოზიაშვილი და ბარბარე მორჩაძე

აქტიური სწავლება სწავლა-სწავლების ერთ-ერთ საუკეთესო მიდგომად მიიჩნევა. ეს არის ფართო ცნება, რომელიც აერთიანებს სწავლის მრავალ განსხვავებულ ფორმას, მათ შორის – თამაშზე, თანამშრომლობასა და კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომებს. ამ სტატიის წინაპირობა სამივე მიმართულებას აკმაყოფილებს. მოსწავლეებმა, საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, დაამუშავეს სახელმძღვანელოში მოცემული საკითხი, გაკვეთილებზე თანამშრომლობით, საკითხის ერთობლივი განხილვის შემდეგ, დამოუკიდებლად შექმნეს წარმოსახვითი სამოქმედო გეგმა და წარადგინეს. ორივე ძალიან კარგი პრეზენტატორია, მაგრამ დრო რომ მოგვეგო, შევთავაზე, ერთად წარედგინათ, ერთმანეთის მოსაზრებები შეევსოთ. გაამართლა – პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

– კი მაგრამ, ეს ყველაფერი საიდან იცით? – აღმოხდა დათის, რომელმაც რამდენიმე გაკვეთილი გააცდინა.

სახელმძღვანელოშია ყველაფერიო, უპასუხეს გოგონებმა. ახლა დათის ველოდებით –  ვნახოთ, როგორი იქნება მისი წარმოსახვითი გეგმა.

გთავაზობთ სტატიის მოკლე ვერსიას.

 

დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისთვის მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა გზას მიმართავენ.

ვიდრე საქართველოს მაგალითის განხილვასა და შეფასებას დავიწყებდეთ, განვიხილოთ ფაქტორები, რომლებიც დემოგრაფიულ პრობლემებს განაპირობებს.

დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოსახვითი გეგმა;

განვითარებული vs განვითარებადი ქვეყნები

 

თვალსაჩინოებისთვის ერთმანეთს შევადაროთ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე. განსხვავებები ძირითადად შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, ჯანმრთელობის, განათლების, სამუშაო ძალის ბაზარს, პოლიტიკურ სტაბილურობასა და გარემოს დაცვის პოლიტიკას.

განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა შედარებით დაბალია, რადგან დაბალია შობადობა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა – უფრო მაღალი. ასეთ ქვეყნებში მოსახლეობა დემოგრაფიულად სტაბილურია, თუმცა მკაფიოა დაბერების ტენდენცია. განვითარებულ ქვეყნებში გენდერული თანასწორობა უფრო დაცულია, სამუშაო ბაზარზე ქალებისა და კაცების უფლებები თანაბარია, ხოლო ეკონომიკური სისტემა – ძლიერი. ჯანმრთელობისა და განათლების სისტემები კარგად განვითარებულია და მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებაზე მიუწვდება ხელი.

პოლიტიკურ დონეზე განვითარებული ქვეყნები დემოკრატიული ინსტიტუტებითა და თავისუფალი არჩევნებით გამოირჩევა, რაც სტაბილურობას ქმნის. რაც შეეხება სოციალურ უზრუნველყოფას, ასეთ ქვეყნებში მოქმედებს სოციალური დაცვის ძლიერი სისტემები, რაც მოქალაქეების კეთილდღეობას განაპირობებს.

 

განვითარებადი ქვეყნებისთვის, პირიქით, დამახასიათებელია მოსახლეობის სწრაფი ზრდა, მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა. ამ ქვეყნებში შეზღუდულია ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს უშლის მოსახლეობის სრულფასოვან განვითარებას. უმუშევრობის დონე მაღალია, შრომის ბაზარი – ნაკლებად დივერსიფიცირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა ხშირად არასტაბილურია.

ძლიერი გამოწვევებია გენდერული უთანასწორობა და სოციალური სიღარიბე.

განვითარებად ქვეყნებში დაბალია ეკონომიკური დონე და დიდია სოციალური უთანასწორობა, თუმცა განსაზღვრულ სექტორებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ან მრეწველობაში, შესაძლოა ზრდა შეინიშნებოდეს.

იმავდროულად, სოციალური დახმარებისა და პენსიის სისტემები ნაკლებად განვითარებულია, რაც იწვევს მოსახლეობის გაუსაძლის სიღარიბეს და სოციალურ დაუცველობას.

აშკარაა, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-დემოგრაფიული გამოწვევები აქვთ, რაც განსაზღვრავს მათ პოლიტიკას, განვითარების სტრატეგიებს და დახმარების საჭიროებას.

 

რა ზოგადი დემოგრაფიული პრობლემების პირისპირ დგას საქართველო და რა არის ამ პრობლემების მიზეზები? ამ საკითხების ანალიზი დემოგრაფიული რეფორმების განხორციელებაში დაგვეხმარება.

 

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და გამოწვევები

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განპირობებული იყო კონფლიქტებით, ომებით, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველო დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე ფაზაში იმყოფება.

ამ ფაზაში მოსახლეობა იკლებს, საშუალო ასაკის ადამიანთა წილი მოსახლეობაში იზრდება. ადამიანები ფოკუსირებას იწყებენ კარიერასა და განვითარებაზე, იმატებს დასაქმებული ქალების რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ოჯახები სჯერდებიან საშუალოდ 1-2 ბავშვის ყოლას. შობადობა იწყებს კლებას.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 70 წელზე მეტია. მოსახლეობის დაბერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება: იცვლება დემოგრაფიული და მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურა, წარმოება და მოხმარება, საზოგადოებრივი ფენების მდგომარეობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საზოგადოების ცნობიერებაში, იცვლება ღირებულებები და ფასეულობითი ორიენტირები, თავად ხანდაზმული ადამიანების ფუნქციები და ადგილი საზოგადოებაში.

ჩნდება კითხვა: როგორია საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა და წარმართავს თუ არა სახელმწიფო ვითარების გამოსასწორებლად მიზანმიმართულ და გონივრულ დემოგრაფიულ პოლიტიკას?

დღესდღეობით დემოგრაფიული სტატისტიკა საქართველოში უარესდება. საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა, რათა ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია მოსახლეობის ზრდის სტიმულირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიმართულებებია:

  1. შობადობის ხელშეწყობა

სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკა ემსახურება შობადობის ხელშეწყობას, რათა შეამციროს მოსახლეობის კლება. პოლიტიკა მოიცავს პერინატალური [1]ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, მშობლებისთვის ფინანსური სტიმულირების პროგრამებს და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

  1. მოსახლეობის დაბერების პრობლემის მართვა

ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყნაში მიმდინარეობს პენსიების სისტემის რეფორმა და ჯანდაცვის სფეროში გრძელვადიანი პროგრამების დანერგვა, რათა გაუმჯობესდეს ასაკოვანი მოქალაქეების ცხოვრების პირობები.

  1. ბავშვთა დახმარება და ოჯახებისთვის ტვირთის შემსუბუქება

საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ოჯახებს ბავშვთა დახმარების პროგრამების საშუალებით, რომელთა მიზანი ოჯახის ხარჯების შემცირება და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებაა. მაგალითად, ოჯახებისთვის გაიცემა სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება, ისეთი, როგორიცაა საოჯახო პარკი და სხვადასხვა საბაჟო შეღავათი.

  1. დასაქმების მხარდაჭერა მშობლებისთვის

სახელმწიფოს მიზანია, სათანადო შრომითი პირობები შეუქმნას ოჯახებს, კერძოდ, ხელი შეუწყოს მშობლების მიერ სამუშაოსა და საოჯახო საქმეების შეთავსებას, რათა მათ დარჩეთ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო დრო.

ოჯახის მხარდაჭერის ერთ-ერთ გზაა სახელმწიფოს მიერ ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს ხელშეწყობა. დამქირავებელი დაქირავებულს სთავაზობს დეკრეტული შვებულების ან ბავშვის მოვლისთვის საჭირო შვებულების სათანადო პირობებს, ასევე ეხმარება ბავშვის აღზრდაში სამსახურში დაბრუნების შემდეგ.

 

შეჯამება

აუცილებელია ეკონომიკური ღიაობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის მატებაზე – იზრდება შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების რაოდენობა, რაც ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ მიზანია არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისიდან გამოყვანა, არამედ ოჯახების მორალურად გაძლიერება, ოჯახური აზროვნების მხარდაჭერა და ოჯახზე ორიენტირებული ქართული თემების დაცვა, რადგან ჩვენ გვიხდება ცხოვრება სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად უარყოფს ან ამცირებს ტრადიციულ ღირებულებებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლელა მენაბდიშვილი. დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში და მოსახლეობის თვალსაზრისი მისი დაძლევის გზების შესახებ.
  2. გეოგრაფია, მე-10 კლასი, ნაწილი I. მაია ბლიაძე, მანანა სეხნიაშვილი. საკითხები 5 და 6.

[1] (ბერძნ. peri ირგვლივ, ლათ. natus დაბადება) – ის, რაც ეხება დაბადებიდან 7 წლის პერიოდს. იწყება ჩასახვიდან 28 კვირის შემდეგ

EEE მოდელი

0

უცხო ენის სწავლების უამრავ მეთოდს შორის ყველაზე პოპულარულია ე.წ. PPP მოდელი. პირველი P პრეზენტაციას (Presentation) აღნიშნავს, მეორე – პრაქტიკას (Practice), მესამე – წარმოებას (Produce). გაგვიგონია თუ არა რამე ამ მოდელის შესახებ, მეტ-ნაკლებად მაინც ამ ხერხით ვასწავლით, რადგან ყველაზე ბუნებრივია: თავდაპირველად მასწავლებელი ხსნის თეორიას, მერე ამ თეორიას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამუშავებენ და ნელ-ნელა პრაქტიკაში გადააქვთ, საბოლოოდ კი მოსწავლეები მასწავლებლისგან დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას. ხშირად ყველაფერი ეს ერთ გაკვეთილზე ხდება.

მოდელი წარმატებით მუშაობს იმ ჯგუფებსა და კლასებთან, რომელიც უცხო ენის დამწყები ან მცირეწლოვანი მოსწავლეებისგან შედგება.

ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს, თუმცა ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლასში ან ჯგუფში რვა წლამდე ან ამაზე უმცროსი მოსწავლეები გვყავს.

გაკვეთილს დაგეგმვისას ჩვენი მიზანი ხშირად მხოლოდ კონკრეტულ გაკვეთილს უკავშირდება. ვფიქრობთ იმაზე, რა გვინდა შეძლონ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა. თუმცა გაკვეთილები ერთი დიდი თავის ცალკეული ნაწილებია და გრძელვადიან მიზნებზე დაფიქრება არანაკლებ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეს შედეგის მიღებასაც და გაკვეთილების დაგეგმვასაც გააადვილებს. გარდა ამისა, ზემოხსენებული PPP მოდელი, როგორც უკვე ვთქვი, მცირე ასაკის მოსწავლეებთან არც ისე კარგად მუშაობს და თუ ჩემი გაკვეთილის მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში წარდგენილი ახალი სიტყვები თუ წინადადების სტრუქტურა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დიალოგში გამოიყენონ, დიდი ალბათობით ისინი ამას ვერ შეძლებენ.

EEE მოდელი ამ შემთხვევაში უფრო „მეგობრული“ და ხელსაყრელია. პირველი E შეხვედრას (Encounter) აღნიშნავს, მეორე – ჩართვას (Engage), მესამე კი – გამოყენებას (Exploit). აღსანიშნავია, რომ ამ მოდელით მუშაობისას ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გრძელვადიანი მიზანი, რომელსაც კონკრეტული თავის ბოლოში გასვლისას უნდა მივაღწიოთ და, ამასთანავე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოდელის თითოეული ნაწილი ხშირად ორ ან მეტ გაკვეთილს მაინც მოიცავს, იმის მიხედვით, რამდენი გაკვეთილია თითოეულ თავში და რამხელაა დასაძლევი მასალა.

  1. შეხვედრა

როდესაც ჩემი ძმა პატარა იყო და ლაპარაკს სწავლობდა, ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: როცა ყურს მოჰკრავდა სიტყვას, რომელიც ჯერ არ იცოდა, რამდენჯერმე ჩუმად იმეორებდა – ამას მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდით. ვიდრე საკმაოდ კომფორტულად და თავდაჯერებულად არ იგრძნობდა თავს, მანამდე ამ სიტყვას ხმამაღლა არ ამბობდა. უცხო სიტყვების წარმოთქმისთვის 2-3 წლის, 4-5 წლის და 6-8 წლის ბავშვების მზაობა, ცხადია, სხვადასხვაა, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. ზრდასრულ ასაკშიც კი უცხო სიტყვის თქმა იმ ენაზე, რომელზეც ჯერ გამართულად ვერ ვლაპარაკობთ, საკმაოდ გვერთულება და არამხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა, სწორად ვერ წარმოვთქვათ და შევრცხვეთ.

შეხვედრის ეტაპი თავის დასაწყისია, როდესაც ახალ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს წარვადგენთ. ამ დროს, მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესი უმჯობესია ისე იყოს დაგეგმილი, რომ მეტი დრო ეთმობოდეს მოსმენას. პროცესი მასწავლებელს მიჰყავს, მოსწავლეები ხედავენ სურათებს, ასრულებენ მოძრაობებს, რომლებიც ახალ სიტყვებს უკავშირდება, იმეორებენ ახალ სიტყვებს, ოღონდ გუნდურად, რადგან ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი პრაქტიკა და მზაობა იმისთვის, რომ სიტყვები ინდივიდუალურად წარმოთქვან. გუნდურად ისინი ნელ-ნელა იძენენ იმ თავდაჯერებას, რომელიც მათ მომდევნო ეტაპზე სიტყვების დამოუკიდებლად წარმოთქმაში დაეხმარება.

  1. ჩართვა

თავის მეორე ან, უფრო ხშირად, მესამე გაკვეთილიდან უფრო მარტივია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, სადაც მასწავლებელი ინდივიდუალურად სთხოვს მოსწავლეებს, უცხო სიტყვები ან წინადადებები გაიმეორონ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს უკვე აქვთ საკმარისი პრაქტიკა, მათ ბევრჯერ მოისმინეს, ბევრჯერ გაიმეორეს გუნდურად, შესაბამისად, ისე ძალიან აღარ უჭირთ გამბედაობის მოკრება და სიტყვებისა თუ წინადადებების დამოუკიდებლად წარმოთქმა. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მასწავლებელია ცენტრში და ის არ ელის, რომ ყველა მოსწავლე უშეცდომოდ იტყვის ყველაფერს. ასეთ დროს შეიძლება გამოვიყენოთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების მიერ დროდადრო პასუხის დამოუკიდებლად გაცემას გულისხმობს. მაგალითად, შეიძლება ვაჩვენოთ სურათები, ვთხოვოთ, თვალები დახუჭონ, ერთი სურათი დავმალოთ, თვალები გავახელინოთ და ვკითხოთ, რომელი სურათია აკლია და ა.შ.

  1. გამოყენება

მესამე ეტაპზე გადასვლისას ცენტრში უკვე მოსწავლეები არიან, მასწავლებელი კი უკანა პლანზე გადადის. ის აკვირდება და შედარებით ჩუმად მართავს პროცესს. ეს თავის დაახლოებით მეხუთე ან მეექვსე გაკვეთილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე მოსწავლეებს საკმარისი მზაობა აქვთ, რათა გამოიყენონ ის ლექსიკური ერთეულები თუ გრამატიკის წესები, რომლებიც პირველ ორ ეტაპზე მოისმინეს და დაამუშავეს. ამ დროს მოსწავლეები იწყებენ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობას ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მცირე დიალოგი, როლური ან სამაგიდო თამაში, სიტყვების ლოტო და სხვ.

ამ მოდელის მიხედვით მთელი თავის დაგეგმვა გაცილებით ადვილია, რადგან ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ პირველ, მეორე თუ მეექვსე გაკვეთილზე. გაკვეთილის დაგეგმვისას მოკლევადიანი მიზნები და მათი მიღწევაც უფრო რეალური ხდება და თავიდან გვაცილებს იმ სტრესს, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმის დანახვისას, რომ ჩვენი პატარები ვერ ახერხებენ იმ სიტყვებისა თუ წინადადებების წარმოთქმა- გამოყენებას, რომლებიც ეს-ესაა ვასწავლეთ.

 თინათინის გამეფების ეპიზოდის სწავლებისათვის

0

მოსწავლეების ცნობიერებაში  „ვეფხისტყაოსანი“  როსტევან მეფის დახასიათებითა  და თინათინის გამეფების ეპიზოდით შემოდის. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება  აღნიშნული მონაკვეთის საბაზო საფეხურზე სწავლებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ტექსტის გაცნობას დიდი არაბეთის ძლევამოსილი მეფით ვიწყებთ, რომელიც გამოირჩევა სამართლიანობით, სიბრძნითა და დიდებულებით. მისი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოა, მეფე შიშის ზარს სცემს მტერს, სამართლიანია მოყვასის მიმართ და ამავეს ასწავლის თავის ერთადერთ ასულს – თინათინს.

როსტევანის სიდიადის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები იგებენ, რომ ის უკვე სიბერეში გადამდგარა და დროა, მის ნაცვლად ტახტზე მისი ასული ავიდეს. ის მიმართავს თავის ვეზირებს: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ…“. მეფის მრჩევლებიც ამაყად აცხადებენ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ და კანონიერ ლეგიტიმაციას აძლევენ ქალის მეფედ გამოცხადებას.  ვხედავთ, როგორ აჰყავს მამას  თინათინი სამეფო ტახტზე, როგორ სცემს მთელი ქვეყანა თაყვანს მას და როგორ ასწავლის ქალიშვილს სამეფოს მართვის წარმატების საიდუმლოს როსტევანი.

პოემიდან ამონარიდის დამუშავების შემდეგ  მოსწავლეები ნაწარმოებისადმი სიყვარულითა და ინტერესით რომ განიმსჭვალონ, მნიშვნელოვანია,  ტექსტს მიღმა გავახედოთ ისინი და შემოქმედებითი  უნარი განვუვითაროთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით. დავგეგმე პროექტ-გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო ტექსტის სიღრმისეული, ეპოქის თავისებურებების გააზრება და მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირება, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარება.

დასაწყისში  მოსწავლეები განვაწყვე  ფიქრისთვის, დავუსვი შეკითხვები:

  • როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თინათინის სადღესასწაულო კაბა?
  • როგორი იქნებოდა იმდროინდელი სამეფო ჩაცმის სტილი?
  • როგორი იქნებოდა თინათინის სამკაულები, სამეფო ტახტი და სკიპტრა?
  • როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა სახალხო ზეიმი, სუფრა?
  • რა იქნებოდა სადღესასწაულო სუფრაზე?

მათ კითხვებზე პასუხები ჩამოწერეს, ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად  დაესვათ შეკითხვები, რომლებზეც სურდათ პასუხების მიღება.

ამის შემდეგ ვისაუბრე  თამარის ეპოქის, მისი გამეფების  ისტორიული ამბის შესახებ,  პრეზენტაციის სახით გავაცანი თამარის ფრესკები და ყურადღება გავამახვილებინე მის ჩაცმულობაზე, სამკაულებსა და მორთულობაზე.  პრეზენტაციის დროს ვისაუბრე თემაზე, რას მიირთმევდნენ  შუა საუკუნეების საქართველოში.

https://bit.ly/4fyyyng- მასწავლებლის საპრეზენტაციო მასალა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  მოსწავლეები  დავყავი  ჯგუფებად და მივეცი დავალებები:

დავალება 1) წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როსტევანის სამეფო კარის თერძები. თქვენ მოგცეს დავალება, წარმოადგინოთ პერსონაჟთა ტანსაცმლის ესკიზები:

ა) თინათინის საზეიმო კაბისა, რომლითაც  გამეფების ცერემონიალზე შეიმოსება;

ბ) როსტევან მეფისა და მსახურების სამოსისა, რომლითაც ისინი წარდგებიან ცერემონიალის დღეს.

დავალება 2) წარმოიდგინეთ, რომ ხართ სამეფო კარის ოქრომჭედელი, თქვენი ამოცანაა შექმნათ სამკაულები  თინათინისთვის:   ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები. ასევე – სამეფო გვირგვინიც.

დავალება 3) წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამეფო კარის სტუმართუხუცესი და მისი გუნდი და დაგევალათ, მოამზადოთ  ჩამონათვალი კერძებისა, რომლებიც მომზადდება მეფედ კურთხევის ცერემონიალისთვის.

თითოეულ ჯგუფს დავალების შესაბამისი საკითხავი მასალა გადავეცი, რომელიც დაეხმარებოდა ამოცანის შესრულებასა და ცოდნის გაღრმავებაში. იხ. დამატებითი  მასალა

https://bit.ly/4frXr4w- რას მიირთმევდნენ მე-12 საუკუნეში?

https://bit.ly/3O52YBI- თამარის სამკაულები და სამოსი

მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისგან დავაკომპლექტეთ „სამეფო საბჭო“, რომლის წინაშეც თითოეულმა  გუნდმა  წარადგინა  საკუთარი ნამუშევარი, ხოლო საბჭომ შეარჩია საუკეთესო მოდელი.

ამის შემდეგ შევუდექით  პრაქტიკულ სამუშაოს. წინასწარ შეგროვებული  რესურსებით

( ნაჭრები, მძივები, ძაფები, ნემსები, ტყავის მასალა…)  შეიკერა კაბის მოდელები, დამზადდა სამკაულები და მოსართავები. შეიქმნა მენიუ canva .com  ინსტრუმენტის გამოყენებით.

პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ნამუშევრები და ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, როგორ გამოიყენეს არსებული ცოდნა პრაქტიკაში. რა ისწავლეს, რა აღმოაჩინეს, რა იყო მათთვის სიახლე.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შევქმენით ერთიანი საგამოფენო  სტენდი, სადაც გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები.

აქტივობების ამგვარი დაგეგმვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მიიღოს ცოდნა გამოცდილებით. მასწავლებელი მეგზურია ცოდნის სამყაროში, ხოლო მოსწავლე აღმომჩენი, შემსრულებელი, ის თავისუფალია საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ორგანიზებაში, რაც საშუალებას აძლევს ჩამოუყალიბდეს ცნობიერება  ამა თუ იმ  საკითხთან მიმართებით.

სწავლა გამოცდილებით, კვლევით, კეთებით  მოსწავლეში აღძრავს ინტერესს, უბიძგებს თავად გახდეს მკვლევარი და შემოქმედი.  საკუთარი ძალისხმევით დაგროვილი გამოცდილება გააზრებული  ცოდნის საფუძველია, რომელიც ღრმად ილექება მეხსიერებაში.

გლობალური საკითხები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გლობალური პრობლემა შეიძლება განისაზღვროს როგორც ხანგრძლივი, რთული გამოწვევა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს დიდ ნაწილს და რომელსაც აქვს ერთზე მეტი „სწორი“ პასუხი. გლობალური საკითხების გასაგებად ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორც გეოგრაფებმა და „ვისწავლოთ“ გეოგრაფია. ჩვენ გვსურს, გავცდეთ  ფაქტების დამახსოვრების ჩარჩოს. გეოგრაფები უნდა იყვნენ ანალიტიკურები და კრიტიკულები, რათა უფრო ღრმად გაიგონ ჩვენი კომპლექსური სამყარო.

გეოგრაფიული პროგნოზის კონცეფცია მოითხოვს გლობალური საკითხების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების გათვალისწინებას. პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილებების მისაღებად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ჩვენ უნდა შევძლოთ საკითხის მრავალი პერსპექტივიდან შესწავლა.

ვიდრე უშუალოდ თემას შევეხებოდეთ, მართებულად მიმაჩნია გაგაცნოთ, რაზე ვაპირებ საუბარს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

კლიმატის ცვლილება, რომელიც მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს, კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო პრობლემაა, რადგან ის მკვეთრად ცვლის ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობას. ეს პროცესი ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში შეამჩნიეს, როდესაც დედამიწაზე საშუალო წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა და გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები გახშირდა.

ამჟამინდელ კლიმატის ცვლილებას, რომელიც ტემპერატურის მატებას უკავშირდება, ადამიანის სამეურნეო საქმიანობისა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაციის შედეგად დედამიწის ატმოსფეროში წარმოქმნილი ზოგიერთი აირის გადაჭარბებული დაგროვება იწვევს.

ადამიანები წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი რესურსით სარგებლობენ, რასაც არა მარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, არამედ ცხოვრების ხარისხის ამაღლებაც განაპირობებს, თუმცა აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ რესურსების ჭარბი გამოყენება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც კლიმატს, ისე მთელ პლანეტასაც.

ახლა კი მოდი, დედამიწის კლიმატურ ისტორიაზე ვისაუბროთ.

გარემოში მიმდინარე ცვლილებები იმდენად გლობალური ხასიათისაა, რომ მთლიანად იცვლება არსებული გეოგრაფიული გარსი და ამ პროცესის დაწყებამდე მდგრადად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემო. უაღრესად მნიშვნელოვანია წინა პერიოდებში მომხდარი კლიმატის ძირეული ცვლილებები, რომლებიც გეოგრაფიული გარემოს შემდგომი განვითარების ხასიათს განაპირობებს. დედამიწის კლიმატური ისტორია ასობით მილიონ წელს ითვლის. გასული 900 ათასი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხანგრძლივი დათბობისა და აცივების პერიოდები, რომლებიც გამყინვარებისა და ამ პროცესის შემდგომი დათბობის პერიოდების სახელით არის ცნობილი. გეოგრაფიულ გარსში მიმდინარე ეს საყოველთაო ცვლილებები ციკლური ხასიათისა იყო და განსხვავებული მასშტაბითა თუ ხანგრძლივობით დედამიწის ისტორიაში მრავალჯერ განმეორდა. ამასთან, ბოლო გამყინვარება დედამიწაზე 2 მლნ წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 10 000 წლის წინ დასრულდა. მას შემდეგ ჩვენს პლანეტაზე კლიმატი მეტ-ნაკლებად მდგრადი გახდა. სწორედ ამან განაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარება, ქალაქების დაარსება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

იცით თუ არა, რა არის გლაციოლოგია?

გლაციოლოგიას როგორც მეცნიერებას საფუძველი 1779-1796 წლებში ჩაეყარა, როდესაც გამოქვეყნდა შვეიცარიელი მეცნიერის ორას ბენედიქტ დე სოსიურის ნაშრომი „ალპებში მოგზაურობა“. გლაციოლოგიის განვითარების პირველი ეტაპი უპირატესად მონაცემების აღწერას მიეძღვნა და მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების ფუნქცია შეასრულა. გლაციოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო პირველმა (1882-1883 წ.წ.) და მეორე (1932-1933 წ.წ.) საერთაშორისო პოლარულმა წელმა.

კლიმატი მუდმივად იცვლებაო, ამბობენ სკეპტიკოსები და ასეც არის. მოდი, გავიგოთ ამის მიზეზი.

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობისთვის ზოგადსაკაცობრიო საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი პრობლემაა, რადგან, როგორც გითხარით, ის ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობას თვალში საცემად ცვლის. ამ პროცესის კვლევა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს, როდესაც მსოფლიოს საშუალო წლიური ტემპერატურის მატებისა და გახშირებული კლიმატური კატასტროფების ტენდენცია გამოიკვეთა. ამჟამად მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს.

კლიმატის ცვლილება – ეს ტერმინი გულისხმობს კლიმატის ხანგრძლივ (10 მილიონიდან მილიონ წლამდე შუალედში) მერყეობას მთელ დედამიწაზე ან მის ცალკეულ რეგიონებში. კლიმატის ცვლილება მრავალწლიანი საშუალო ნიშნულიდან ამინდის პარამეტრების სტატისტიკურად დადასტურებული გადახრებით დგინდება. კლიმატის გლობალური ცვლილება დედამიწაზე ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურის მატებით ვლინდება.

ყინულის დნობა – უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მყინვარული საფარი დაახლოებით 30%-ით, ე.ი., ფაქტობრივად, მესამედით შემცირდა. მათი დნობის პროცესი განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაჩქარდა. განურჩევლად რეგიონისა, მყინვარის დნობას ხშირად მძიმე შედეგები მოსდევს. მყინვარული საფარის ფართობის ცვლილება გავლენას ახდენს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ კლიმატზე, ეკოსისტემასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

სად და რატომ დნება მყინვარები?

იმ ვრცელი მყინვარული საფარების ფართობის შემცირება, რომლებიც ადრე პოლარული რეგიონების უდიდეს ნაწილს ფარავდა, კლიმატის ცვლილების დამადასტურებელია. მყინვარები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა ეშვებოდა მთის ხეობებში, ახლა გლობალური დათბობის გამო დნება, ზოგი ძალიან სწრაფად პატარავდება, ხოლო ზოგი თანდათან ქრება კიდეც. 1994-დან 2017 წლამდე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დნობის შედეგად დედამიწამ 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. მსოფლიო ოკეანის დონემ საშუალოდ 34,6 ±3,1 მმ-ით მოიმატა. ყინულის კარგვის მაჩვენებელი 1990-იანი წლებიდან 57%-ით გაიზარდა – წელიწადში 0,8-იდან 1,2 ტრილიონ ტონამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის აქტიურობა, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში და მომავალ თაობას დავახვედროთ მომავალი!

ტუპუნგატოსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ამ სათაურით დავიწყეთ: „ტუპუნგატოს მყინვარი – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მყიფე ზონა“. ტუპუნგატოზე აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, სად მდებარეობდა, ამიტომ მან განსაკუთრებით დამაინტერესა. ტუპუნგატო ჩილესა და არგენტინის მენდოზას პროვინციაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 5000 მეტრამდეა. ხასიათდება დაბალი ტემპერატურით და ძალიან დიდ სიმაღლეებზე თოვლის ვარდნით, თუმცა, სამწუხაროდ, ისევე როგორც მრავალი სხვა მყინვარი მთელს მსოფლიოში, ტუპუნგატოც დაზარალდა და დღემდე განიცდის ყინულის კარგვას ტემპერატურის მატების გამო.

ხშირად მიფიქრია, რა საჭიროა მყინვარები, რა როლი აქვს. მეტიც – დარწმუნებული ვიყავი, რომ მყინვარები არაფერში გვჭირდებოდა და მათი დნობის შედეგად გაბევრებულ წყალს უფრო გამოვიყენებდით. თემის ბოლოს დავრწმუნდი, რომ ძალიან ვცდებოდი. ახლა აგიხსნით, რომ ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ (შეცდომებზე ვსწავლობთო, ნათქვამია).

პირველი: მყინვარების დნობა იწვევს წყლის ხელმისაწვდომობის შემცირებას მშრალ სეზონზე. მეორეა ალბედოს ეფექტი: მყინვარები ირეკლავს მზის სხივების მნიშვნელოვან რაოდენობას, ხოლო მიწა შთანთქავს მზის შუქს და ხელს უწყობს დათბობას. ტუპუნგატო მხარს უჭერს უნიკალური ეკოსისტემის სტაბილურობას, ხოლო მისი დნობა გამოიწვევს დინების ცვალებადობას და ა.შ.

არის საკითხები, რომლეთა შესახებ ყველა ჩვენგანს სხვადასხვა მოსაზრება აქვს, თავისი ღირებულებების, შეხედულებებისა და გამოცდილების კვალობაზე.

გეოგრაფიული პროგნოზი არის დამოკიდებულება ან თვალსაზრისი მოვლენის ან საკითხის მიმართ გეოგრაფიულ კონტექსტში.

ახლა, როდესაც უკვე იცით, როგორია გეოგრაფიული პროგნოზი, თუ ეს წაიკითხეთ და ოდნავ მაინც გაგიჩნდათ შიშისა და სიბრალულის გრძნობა, ძალიან კარგია, რადგან მე მჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ, გადავარჩინოთ მყინვარები.

სტატიის თანავტორი სსიპ-ქ. თბილისის N126 საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინი კერესელიძე

როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა

0

ყველა, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება და მათ ქცევაზე დაკვირვების საშუალება ეძლევა, დამეთანხმება, რომ უფროსებთან ურთიერთობისას ბავშვები შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც პატარები სიამოვნებით უსმენენ, რომელთა რჩევებსაც იღებენ, რომლებთან ურთიერთობაც უხარიათ და ადამიანები, რომლებთანაც პატარები ურთიერთობის არანაირ სურვილს არ გამოხატავენ, რომლებთან საუბარსაც კი გაურბიან. ამის მიზეზი მათდამი ბავშვის უნდობლობაა.

უფროსებსა და ბავშვებს შორის ნდობით აღსავსე ურთიერთობები თავისთავად არ ყალიბდება. ამისთვის მუშაობაა საჭირო. ამასთან, სასურველია, ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად ზრუნვა იმ დროიდანვე დავიწყოთ, როცა ის ჯერ კიდევ პატარაა და თავად ისწრაფვის ჩვენთან ურთიერთობისკენ. გვახსოვდეს, რომ ნდობაზე პასუხისმგებლობა ჩვენ, უფროსებს გვეკისრება.

ნიშნები, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ბავშვის ჩვენდამი ნდობა შერყეულია:

* ბავშვი ხშირად იკეტება თავის ოთახში და კატეგორიულად გვიკრძალავს იქ შესვლას;

* აღარ გვესაუბრება, საკუთარ თავზე აღარაფერს გვიყვება, აღარაფერს გვეკითხება, აღარაფერს გვთხოვს;

* არ გვაცნობს მეგობრებს, უარს ამბობს მათ შინ მოპატიჟებაზე;

* სრულიად უწყინარი კითხვებიც კი აღიზიანებს;

* კითხვაზე: „როგორ ხარ?“, „როგორ არის საქმე?“ – გვპასუხობს უხალისოდ ან საერთოდ არ გვპასუხობს;

* გაურბის პრობლემებზე საუბარს, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში „ყველაფერი რიგზეა“.

* სკოლაში მისი პრობლემების შესახებ ვიგებთ მასწავლებლისგან და არა თავად მისგან.

თუ თავიდანვე ვერ მოვახერხებთ ბავშვთან ნდობით აღსავსე ურთიერთობის დამყარება, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ჩვენი ურთიერთობის მუდმივი თანმხლები გახდეს.

როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა

(რეკომენდაციები)

* უპირველეს ყოვლისა, გვახსოვდეს, რომ ნდობის მოპოვება გაცილებით ადვილია, ვიდრე დაკარგული ნდობის აღდგენა.

* რა უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ ბავშვის ქცევით, პატივი ვცეთ მის პიროვნებას, ნუ შეურაცხვყოფთ მის ღირსებას, საუბრისას ვეცადოთ, თანაბარ პოზიციაში ვიყოთ მასთან.

* ვეცადოთ, არ მოვუწოდოთ ბავშვს ისეთი რამისკენ, რასაც თავად არ ან ვერ ვაკეთებთ. თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თავად კი მას პირს არ ვაკარებთ, არასწორად ვიქცევით და ბავშვის ქვეცნობიერს არასწორ გზავნილს ვაწვდით. ვეცადოთ, მივცეთ მაგალითი ჩვენი ქცევით, ჩვენი თვისებებით. ბავშვი ისეთ პიროვნებად უნდა აღგვიქვამდეს, რომლის სიტყვა და საქმე ერთია.

* ვისწავლოთ ბავშვის მოსმენა. გამოვნახოთ დრო მასთან სასაუბროდ. გვახსოვდეს, რომ მოსმენა ნდობის ქვაკუთხედია. რაც უფრო გულახდილად ვესაუბრებით ბავშვს, მით უკეთესად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. მოვუსმინოთ სიყვარულით, თანაგრძნობით, ნუ გავკიცხავთ, ნუ გავაკრიტიკებთ მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, რომელიც სხვა მოსაზრებას არ ცნობს. ვეცადოთ, თავი მის ადგილას წარმოვიდგინოთ.

* ვეცადოთ, ვიყოთ ბავშვთან გულწრფელი. პატარები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიყალბის მიმართ. გულწრფელობა ძლიერი კავშირის და ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გულწრფელობა თანამოსაუბრისადმი პატივისცემასაც ნიშნავს. მაგალითად, თუ ექიმთან მიმავალი ბავშვი გვეკითხება, მტკივნეული ხომ არ იქნება ნემსის გაკეთება, ვუთხრათ სიმართლე მისი ასაკისათვის შესაფერისი ფორმით.

* ნუ გავტეხთ ბავშვისთვის მიცემულ სიტყვას. ნურც ისეთ რამეს დავპირდებით, რასაც ვერ შევუსრულებთ. დანაპირების შეუსრულებლობამ შესაძლოა დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ბავშვთან ჩვენს ურთიერთობაზე. თუ პატარას ვეუბნებით, რომ ვერ წავიყვანთ სასეირნოდ, რადგან სასწრაფო საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ჩვენ ნამდვილად ამ საქმით ვართ დაკავებული. თუ ასე არ მოვიქცევით, მას ყოველთვის შეეპარება ეჭვი ჩვენს სიტყვებში და დაფიქრდება იმაზე, შეიძლება თუ არა ჩვენი ნდობა. თუ ვატყობთ, რომ ამა თუ იმ მიზეზით დანაპირების შესრულებას ვერ ვახერხებთ, უმჯობესია, ბავშვს წინასწარ ვუთხრათ ამის შესახებ, მოვუბოდიოთ და ავუხსნათ, რამ შეგვიშალა ხელი.

*  ბავშვისთვის დაწესებული აკრძალვები უნდა იყოს რეალური და განხორციელებადი. თუ რამე დააშავა, სანამ დავემუქრებით, ერთი კვირა კომპიუტერს არ მიგაკარებო, დავფიქრდეთ, შევძლებთ თუ არა მუქარის შესრულებას. გვახსოვდეს, რომ სასჯელის ადეკვატურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაპირების შესრულებით ჩვენს ავტორიტეტს გავაძლიერებთ.

* ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ ვითარებაში. თუ ბავშვის სიტყვებსა და ქმედებებზე ემოციურად ვრეაგირებთ, ვღიზიანდებით, ვბრაზობთ, ისიც ასევე მოიქცევა. დავიკავოთ გონიერი და მშვიდი ზრდასრულის პოზიცია, რათა ბავშვს მოუნდეს კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენგან რჩევის მიღება.

* ვაღიაროთ ბავშვის დამოუკიდებლობა. მივცეთ საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, უმარტივეს სიტუაციებში მაინც. მაგალითად, ნუ ვაიძულებთ ჭამას, თუ არ შია, იმ ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც არ მოსწონს, იმ თანატოლებთან მეგობრობას, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობს.

* მივიღოთ ბავშვის ემოციები კრიტიკის და საყვედურების გარეშე. ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, აქვს უფლება, იყოს მოწყენილი, სევდიანი, გახარებული, შეწუხებული. ნუ გავკიცხავთ და ნუ შევარცხვენთ ბავშვს მისი გრძნობების გამო, რა მიუღებელიც უნდა იყოს ისინი ჩვენთვის. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვართ, სიხარულშიც და მწუხარებაშიც.

* საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოვუხადოთ. ისე არაფერი აძლიერებს ნდობას, როგორც საკუთარი შეცდომების აღიარება. გვახსოვდეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, არც ჩვენ ვართ უნაკლო. რაც უფრო ადრე გავიაზრებთ ამას, მით უფრო ადვილი იქნება ბავშვთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყარება. თუ მასთან ნებით თუ უნებლიეთ შეცდომას დავუშვებთ, ბოდიშის მოხდის ნუ მოგვერიდება. ვაგრძნობინოთ, რომ ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა. ვაჩვენოთ, რომ ვენდობით. ეს საპასუხო ნდობას გამოიწვევს.

* ნუ ვისაუბრებთ ბავშვის ნაკლოვანებებზე სხვების თანდასწრებით – ეს ბავშვს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს და გულს ატკენს. თუ ანგარიშს არ გავუწევთ ბავშვის გრძნობებს, მის ნდობას ადვილად დავკარგავთ.

* მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ბავშვებს არ უყვართ მუდმივად მარცხის განცდა – შესაძლოა, საერთოდ დაკარგონ მოტივაცია. ვიზრუნოთ იმაზე, რომ პერიოდულად წარმატებულობის განცდაც გავუჩინოთ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისი დავალებების შერჩევით.

თუ დროულად დავიწყებთ მუშაობას ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად და სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენ შორის ადვილად ჩამოყალიბდება ნდობით აღსავსე ურთიერთობა, რაც მრავალი სირთულის თავიდან აცილების და უკვე არსებული პრობლემების წარმატებით დაძლევის საშუალებას მოგვცემს.

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

კოლეგიური დაკვირვება და თანამშრომლობითი კულტურა მასწავლებლის პროფესიონალიზმისთვის საჭირო 5 უმთავრესი კომპონენტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია (დანარჩენი ოთხია: კარიერული შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები, პრესტიჟი და რეპუტაცია, პასუხისმგებლობა და ავტონომია) – გვეუბნება მასწავლებლების, სკოლის ლიდერებისა და სკოლებში სასწავლო გარემოს შესახებ ჩატარებული საერთაშორისო, ფართომასშტაბიანი კვლევა TALIS 2018 (The Teaching and Learning International Survey) (OECD, 2020).

 

TALIS-ის გარდა, სხვა არაერთი კვლევა (მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული) გამოკვეთს სკოლებში კოლეგებს შორის თანამშრომლობის უდიდეს სარგებელს როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ასევე, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

 

ჩვენი ჟურნალის მოცემული ნომრის ძირითადი ფოკუსიც სწორედ კოლეგებს შორის თანამშრომლობა, სასკოლო კოლეგიური კულტურაა.

 

ამ ნომერში გიამბობთ ერასმუს+-ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის – COSERE-ს შესახებ, რომელიც სასკოლო თანამშრომლობას, კოლეგიურ კულტურას იკვლევს და მიზნად ისახავს სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას წევრი ქვეყნებისათვის (და არა მხოლოდ!).

 

გაგაცნობთ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილ სახელმძღვანელოს, რომლის მომდევნო ნაწილებსაც ჟურნალის შემდგომ ნომრებში შეხვდებით.

 

მოცემულ ნომერში ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გენდერულად მგრძნობიარე გარემოს მნიშვნელობასა და შემოქმედებითი აზროვნების მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგებზე, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

 

და იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელი გამოწვევებით გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე, ამ ნომრით კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ, რამდენის გაკეთება შეგვიძლია ერთმანეთისთვის თანადგომით, თანამშრომლობით, ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელით, მაღალი კოლეგიური კულტურით, რომლის წარმატება და სარგებელი სხვა არავისზე, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

 

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა#3

 

 

 

რთულ ტექსტთან შერკინება და ბოჭვა

0

 

„ვერაფერი ვერ გავიგე!“ – წუხს მოსწავლე, რომელსაც უწევს შერკინება რთულ ტექსტთან. მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა. ტექსტი – არქაული, რთული და გაუგებარი სიტყვებით სავსე. მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც ბოჭვისას – მორაგბესი.

არადა, მოსწავლეს ქართულში დავალება აქვს მოსამზადებელი: „ტექსტი კითხვით და კითხვებზე პასუხი ზეპირად!“

ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა ტექსტი უნდა წაიკითხოს არაერთხელ, კარგად გაიწაფოს ამ ტექსტის კითხვაში, შეძლოს ტექსტის სწრაფად და უშეცდომოდ წაკითხვა და გაგება-გააზრება იმდენად, რომ შინაარსობრივ კითხვებს უპასუხოს ზეპირად.

უნდა ეძლეოდეს თუ არა დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს ტექსტი, რომელიც მისი განვითარების უახლოეს დონეზე გაცილებით „შორსაა“?

საშუალო საფეხურზე პასუხი ერთმნიშვნეოვანია – რასაკვირველია, კი,  რადგან განვითარება, ცოდნის კონსტრუირება და სწავლა სწორედ ასე აიგება – მოსწავლეს მიეწოდება მისი განვითარების უახლოესი დონის შესაბამისი მასალა, მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა განვითარების პოტენციალს და ამის მიხედვით გართულებულ, საინტერესო დავალებებს სთავაზობს მათ. პოტენციალი მუდმივ სტიმულაციას საჭიროებს, ამიტომ ეს უწყვეტი პროცესია და გრძელდება საგნის შესწავლის პროცესში ასევე უწყვეტად. მაგრამ დაწყებით საფეხურზე იგივე პრაქტიკა უსარგებლო და მეტიც, მავნეა.

დაუშვებელია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის ისეთი ტექსტის შეთავაზება, რომელშიც 10 სიტყვიანი წინადადებიდან 7 იქნება უცნობი. დაუშვებელია, აბზაცში თავმოყრილი წინადადებებიდან მას მხოლოდ ცალკეული სიტყვები ესმოდეს. ასეთი ტექსტისგან 6-11 წლის ბავშვები ვერაფერს მიიღებენ. უფრო სწორად, ძალიან კონკრეტულ შედეგს მიიღებენ – კითხვას შეიძულებენ, წერაში სათანადოდ ვერ გაიწაფებიან, დროს დაკარგავენ და შემეცნება ტანჯვად ექცევათ.

ტექსტის ნიმუში (ამონარიდი), რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის დაუძლეველი და უსარგებლოა:

„ლეჩხუმის შარაზე იმერეთის ეპისკოპოსი სვანეთიდან მობრძანდებოდა, მთელი ზაფხული ამ მიყრუებულ კუთხეში გაეტარებია, ხალხი დაერიგებია, ქრისტეს მოძღვრება ექადაგა და გულდამშვიდებული ქუთაისისკენ მოეშურებოდა. კრებული მთის წყაროზე შეჩერებულიყო და მღვდელმთავარს კი ცხენისთვის სადავე მიეშვა და ღრმა ფიქრებით გატაცებული მხოლოდ შარას დასჩერებოდა. არქიელი წყაროს კარგა მანძილზე მოშორებოდა, როვა მას უეცრად რაღაც ხმაურობა მოესმა, რამდენისამე კაცის ყვირილს დამბაჩის სროლაც მოჰყვა…“

ჩაატარეთ ექსპერიმენტი. წააკითხეთ ეს ტექსტი 8-10 წლის მოსწავლეს. ჰკითხეთ, რა გაიგო და რა ვერ გაიგო. მონიშნეთ, რამდენი რამ იქნება ასახსნელი იმისთვის, რომ ბავშვმა ტექსტი გაიგოს და გაიაზროს (მაგალითად, ეს სიტყვები უმრავლესობისთვის დანამდვილებით ასახსნელი და განსამარტია როგორც ცალკე, ისე კონტექსტის გათვალისწინებით: ლეჩხუმი, შარა, იმერეთის ეპისკოპოსი, მიყრუებული, ხალხის დარიგება, ქრისტე, ქრისტეს მოძღვრება, ქადაგება, გულდამშვიდებული, მოეშურება, კრებული, მღვდელმთავარი, სადავე, ფიქრებით გატაცება, არქიელი, კარგა მანძილი, დამბაჩა…).

ახლა დავსვათ კითხვა – როდესაც მასწავლებელი ამ ტიპის ტექსტს აძლევს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს, რისი მოლოდინი აქვს? რა მიზნები აქვს დასახული? რას მიიღებს მოსწავლე ამ ტექსტიდან?

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სირთულის სამუშაოს შესრულებისას „ვერგაგების შტურმი“ მოსწავლეს თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს. დამხმარეს, რომელთან ერთადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ ეს ტექსტი უნდა შეასრულოს, ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – მან დაწვრილებით და ბავშვისთვის გასაგებად უნდა ახსნას სიტყვები – მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, კრებული, ქადაგება, ქრისტეს მოძღვრება…

წარუმატებლობისა და იმედგაცრუების ყოვლისმომცველი განცდა გარანტირებული აქვთ დამხმარესაც და მსწავლელსაც…

ახლა ვნახოთ კვლევები ამ მიმართულებით.

2018 წლის მარტში ჟურნალ „განათლების ფსიქოლოგიაში“[1] გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სასწავლო მიზნებით რთული ტექსტის კითხვა ანელებს კითხვის დასწავლის პროცესს და სწრაფი კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას აფერხებს. რთული ტექსტის კითხვა ნეგატიურად მოქმედებს გაგება-გააზრებასა და მასალის ათვისებაზე.

ტექსტის სირთულის დასადგენი კრიტერიუმებია: სიტყვების სიდიდე (კომპოზიტები, მრავალასოიანი და მრავალმარცვლიანი სიტყვები), წინადადებების სიგრძე, ცალკე აღებული ლექსიკური ერთეულები, მათი მნიშვნელობა, კონკრეტულია სიტყვები თუ აბსტრაქტული, რა რაოდენობითაა გამოყენებული სიტყვები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ/დარგობრივ ცოდნას და ა.შ.

„დაწყებითი განათლების საერთაშორისო ელექტრონულ ჟურნალში“ გამოქვეყნებული საინტერესო კვლევის[2] თანახმად, ლექსიკური სირთულე მასალის გაგებას ართულებს და ახანგრძლივებს, ამასთან, სინტაქსური კონსტრუქციების სირთულე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას გაგება-გააზრების აქტივობებზე.

ლექსიკურად რთულად მკვლევრები მიიჩნევენ სიტყვებს, რომლებიც იშვიათად ან აღარ გამოიყენება თანამედროვე მეტყველებაში, სიტყვებს, რომლებიც სპეციფიკური-დარგობრივი მნიშვნელობისაა. თუ ტექსტში ასეთი სიტყვების რაოდენობა მრავლადაა და საჭირო ხდება მათი განმარტება, ეს ახანგრძლივებს მეცადინეობის პროცესს, სიტყვების დეკოდირება-გაგების პროცესი კონტექსტის აღქმას უშლის ხელს, მოსწავლის ყურადღება, ემოციური რესურსი, ენერგია გაიხარჯება დიდი რაოდენობით სიტყვების განმარტებაზე, რაც მყისიერი ეფექტის მქონე აქტივობაა (მოსწავლე ახსნა-განმარტების შემდეგ, იმ მოცემულ მომენტში, გაიგებს სიტყვის მნიშვნელობას), მაგრამ ეს სიტყვები არ გადაინაცვლებს აქტიურ ლექსიკურ მარაგში და არც ცოდნის კონსტრუირებას უწყობს რამენაირად ხელს.

საინტერესოა ის, რომ ამ კვლევის თანახმად სინტქსური კონსრუქციების ტევრს მოსწავლე ადვილად აღწევს თავს, თუ სიტყვათა მნიშვნელობა მისთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ტექსტის ლექსიკურ შემადგენლობას და გაუგებარი სიტყვების რაოდენობას ენიჭება.

შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე ტექსტი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ეხმიანებოდეს ბავშვის ასაკობრივ ინტერესებს, იყოს შესაბამისი მისი განვითარების ეტაპის, არ იყოს გადატვირთული გაუგებარი სიტყვებით.

რას გრძნობენ მოსწავლეები, როდესაც მათ უწევთ ამ ტიპის ტექსტებთან გამკლავება?

სცადეთ, ამ დიალოგის წაკითხვა.

ბოლომდე რომ გავითავისოთ სიტუაციის სიმწვავე და მოსწავლის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი, შეასრულეთ ეს დავალებებიც:

  • დაახასიათეთ დიალოგის თითოეული მონაწილე
  • დაწერეთ მოკლე შინაარსი:

– ნასხლეტები აირახტებიან, – ამბობდა ვაგა, – და შავრა ფაშატის ნასერალზე სხლაპანს გაადენენ ბუზარებს. ეგ შენი ოცი ზორბა ხელეური. ბარემ ყიყლიყოებსაც არ აწყენდათ გაყირმიზება, მაგრამ ხელეურები მძიმედ იძვრიან, ამიტომ აქ დავკრათ ჭდური. ეს არის ჩვენი ლასარი.

დონ რებამ გაპარსული ნიკაპი მოისრისა.
– ვერ ღაზოობს ნაბეჭავი, – თქვა შეფიქრიანებულმა.
ვაგამ მხრები აიჩეჩა.
– ეს არის-მეთქი ჩვენი ლასარი. არა მგონია, შენს ბალაგვს ჩვენთან კირწაკორწა ეხამფერებოდეს. გაიბალთა?
– გაიბალთა, – გადაჭრით მიუგო გვირგვინის დაცვის მინისტრმა.
– ჰოდა, თასი თასს, – თქვა ვაგამ და წამოდგა[3].

თუ პროზაული ტექსტი გაგიჭირდათ, პოეტურსაც აქვე შემოგთავაზებთ. დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებში ისეთი ლექსებიც ხშირად გვხვდება, რომელთა ადგილი უფრო ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველ კურსზეა. ამიტომ, არ დავზოგოთ თავი და ყურადღებით წავიკითხოთ  გია გოკიელის გენიალური თარგმანიც:

ტარტალოკი[4]

მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები

ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში,

საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,

ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.

“ტარტალოკის გეშინოდეს, შვილოსა

– კბილმკბენია, კლანჭკაწრა და ვერაგი;

ჯანჯაფრინვიც უკვე ფრთისრებს ილესავს,

ზარდალტაცს ვერ დაუსხლტება ვერავინ.”

მუსრიბული მოიმარჯვა ხრმალი მან,

გმირს ქიშპანთან მუღლაღობა ეწადა;

ციხესრიდან განერილტვა მალი-მალ,

ტუშტუშ ხის ქვეშ დაჯდა საფიქრელადა.

და როს იქ ჯდა სვიურ ფიქრით აღსავსე,

სალხი ტყიდან, სად იყო და სად არა,

გამოიჭრა ტარტალოკი თავნასი

ერთი-ორი და მთა-გორი შეძიგდა.
სხიპ-სხაპ! ყრმის ხრმალს ბჟვიალაპი გაჰქონდა.

ჟრიკი-ფრიკი, ელდა-ხრიკი, ჩეხი და –
ურჩხის თავი უფსკულახში გაგორდა.

“შენ განგმირე ტარტალოკი წყეული,

მო, ჩაგიკრა გულში, ძევ სხივიერო!
ვაშა ვაჟმაჟს, დღე გათენდა რთხეული,

სამარჯვებლო ერთად ვადიდხმიეროთ!”

მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები

ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში,

საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,

ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.

 

როგორია?

რა შედეგით დამთავრდა თქვენი შერკინება გაუგებარი სიტყვებით სავსე ამ ტექსტებთან?

შემთხვევით, ბოჭვით ხომ არა?

სათაურსა და ფინალურ ფრაზაში გამოყენებული სიტყვის განმარტება:

ბოჭვა – რაგბი: როდესაც ბურთიანი მოთამაშე (მკითხველი რთული ტექსტით ხელში) შებოჭილია ერთი ან რამდენიმე მოწინააღმდეგის (მრავალი და კიდევ მეტი გაუგებარი სიტყვვის) მიერ და წაქცეულია მიწაზე (დათრგუნული, დამარცხებულია ტექსტთან უთანასწორო შერკინებაში).

[1]Does Text Complexity Matter in the Elementary Grades? A Research Synthesis of Text Difficulty and Elementary Students’ Reading Fluency and Comprehension” by Steven J. Amendum, Kristin Conradi, and Elfrieda Hiebert was published in the Educational Psychology

[2] The Effects of Syntactic and Lexical Complexity on the Comprehension of Elementary Science Texts by Diana J. Arya, Elfrieda H. Hiebert, P. David Pearson, International Electronic Journal of Elementary Education

[3] „ძნელია ღმერთობა“, არკადი და ბორის სტრუგაცკები, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, გვ. 118, ქეთევან ნიკოლეიშვილის შესანიშნავი თარგმანი

[4] ლუის კეროლი – სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა, გია გოკიელის ბრწყინვალე თარგმანი

ამბები ნოემბრიდან –  2

0

 

ეს დღეებია, კარგი კაცის, გელა ჩარკვიანის ჩანაწერს იმეორებს თურმე ბევრი: “განათლება არის გზა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ. მის გარეშე შეუძლებელია, როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების წინსვლა.

დემოკრატიულ ქვეყანაში განათლების როლი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მხოლოდ განათლებულ მოქალაქეს ძალუძს გააკეთოს სწორი პოლიტიკური არჩევანი”.

მართალია. უბრალოდ განათლების გავრცელებას ბრძოლა ჭირდება. შრომა. რუტინა. და არა მტრის მიერ შემოცურებული ფრაზა, მანტრასავით რომ იმეორებს ორმოცი წელი გაღმა და გამოღმა მყოფი – ,,რა დროს ეგ არის?!” დიახ, ოდესმე უნდა დადგეს ამ ნათქვამის გაუქმების დრო, რადგან სწორედ მისი სიცოცხლე ახალისებს ისეთ დროებს – ახლა რომ დგას. გუშინ, გუშინწინ და იმისწინ რომ იდგა.

როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ რასაც ახლა ვიტყვი, ეს ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება – არის ცოტა, ძალიან ცოტა.

და აი, რა მინდა ვთქვა:

ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ ახალციხის სოფლებში ვიყავი ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – ახალქალაქის სოფლებში მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ცუდს მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და თავის და თვალის მოტყუების ამბავი. გადარჩენის და იმედის ძებნის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის, რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი” დაიბადა.

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ახალი გზით მაგათაც აცდებით და ალბათ საბოლოოდ ამოისუნთქავთ. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ – ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, რომელიღაც სასტუმროს საკონფერენციოში ნასწავლ საათიან ტრენინგს ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით და ბოლოს იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური ჰოტელი არ არის, რომ დაძინება შევძლო?”

ამ ქვეყანას დაძინება რომ ვერ გადაარჩენს, ამ ქვეყნისვე მთავარმა კაცმა თქვა ლექსად ოდესღაც. სიფხიზლის სწავლა რთული ამბავია? ,,მაი როის იქნება?” – იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ. ბრძოლა ღირს თუ დანებება? მე მგონია, რომ ადამიანს უწევს ერთი გენერალური, გარდაუვალი დანებება – სიკვდილი – დანარჩენ დროს დანებება უბრალოდ სირცხვილია სიცოცხლის – ამ აურჩეველი საჩუქრის – წინაშე. სხვა არაფერი.

მე აქ ვრჩები, დღეს და ხვალაც და საკუთარ ბრძოლას გავაგრძელებ, რადგან ერთი რამ ვიცი – ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ოკუპანტის ყოველგვარი საცეცისგან თავისუფალი. არ ჩამოვთვლი, რა შევწირე ამ ამბავს – რუსეთუმე ტროლ-ბოტის თუ ტრაგიკომიკური სასარგებლო იდიოტების გამო. არ ჩამოვთვლი და არ ვწუწუნებ – ბრძოლაა და ბრძოლა შეწირვასაც ნიშნავს. სხვანაირად არ გამოდის. ვიცი. თუმცა მე ამ აზრით საწუწუნო რა მაქვს – ამ ქვეყანაში უმრავლესი ადამიანის ჯერაც დაუმსახურებელ, დიდ სიყვარულს ვგრძნობ – ყოველ ნაბიჯზე რომ მხვდება. ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც, ვაკეთებ შეიძლება ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით – ამიტომაც და კიდევ სხვა, პერსონალური და საზოგადოებისთვის არცთუ უცნობი მიზეზითაც ვწერ ამგვარ თემებზე იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა – განა გამორჩეული ან უკეთესი – უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა სცადოს, რაც უკეთ შეუძლია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...