„ვერაფერი ვერ გავიგე!“ – წუხს მოსწავლე, რომელსაც უწევს შერკინება რთულ ტექსტთან. მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა. ტექსტი – არქაული, რთული და გაუგებარი სიტყვებით სავსე. მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც ბოჭვისას – მორაგბესი.
არადა, მოსწავლეს ქართულში დავალება აქვს მოსამზადებელი: „ტექსტი კითხვით და კითხვებზე პასუხი ზეპირად!“
ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა ტექსტი უნდა წაიკითხოს არაერთხელ, კარგად გაიწაფოს ამ ტექსტის კითხვაში, შეძლოს ტექსტის სწრაფად და უშეცდომოდ წაკითხვა და გაგება-გააზრება იმდენად, რომ შინაარსობრივ კითხვებს უპასუხოს ზეპირად.
უნდა ეძლეოდეს თუ არა დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს ტექსტი, რომელიც მისი განვითარების უახლოეს დონეზე გაცილებით „შორსაა“?
საშუალო საფეხურზე პასუხი ერთმნიშვნეოვანია – რასაკვირველია, კი, რადგან განვითარება, ცოდნის კონსტრუირება და სწავლა სწორედ ასე აიგება – მოსწავლეს მიეწოდება მისი განვითარების უახლოესი დონის შესაბამისი მასალა, მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა განვითარების პოტენციალს და ამის მიხედვით გართულებულ, საინტერესო დავალებებს სთავაზობს მათ. პოტენციალი მუდმივ სტიმულაციას საჭიროებს, ამიტომ ეს უწყვეტი პროცესია და გრძელდება საგნის შესწავლის პროცესში ასევე უწყვეტად. მაგრამ დაწყებით საფეხურზე იგივე პრაქტიკა უსარგებლო და მეტიც, მავნეა.
დაუშვებელია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის ისეთი ტექსტის შეთავაზება, რომელშიც 10 სიტყვიანი წინადადებიდან 7 იქნება უცნობი. დაუშვებელია, აბზაცში თავმოყრილი წინადადებებიდან მას მხოლოდ ცალკეული სიტყვები ესმოდეს. ასეთი ტექსტისგან 6-11 წლის ბავშვები ვერაფერს მიიღებენ. უფრო სწორად, ძალიან კონკრეტულ შედეგს მიიღებენ – კითხვას შეიძულებენ, წერაში სათანადოდ ვერ გაიწაფებიან, დროს დაკარგავენ და შემეცნება ტანჯვად ექცევათ.
ტექსტის ნიმუში (ამონარიდი), რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის დაუძლეველი და უსარგებლოა:
„ლეჩხუმის შარაზე იმერეთის ეპისკოპოსი სვანეთიდან მობრძანდებოდა, მთელი ზაფხული ამ მიყრუებულ კუთხეში გაეტარებია, ხალხი დაერიგებია, ქრისტეს მოძღვრება ექადაგა და გულდამშვიდებული ქუთაისისკენ მოეშურებოდა. კრებული მთის წყაროზე შეჩერებულიყო და მღვდელმთავარს კი ცხენისთვის სადავე მიეშვა და ღრმა ფიქრებით გატაცებული მხოლოდ შარას დასჩერებოდა. არქიელი წყაროს კარგა მანძილზე მოშორებოდა, როვა მას უეცრად რაღაც ხმაურობა მოესმა, რამდენისამე კაცის ყვირილს დამბაჩის სროლაც მოჰყვა…“
ჩაატარეთ ექსპერიმენტი. წააკითხეთ ეს ტექსტი 8-10 წლის მოსწავლეს. ჰკითხეთ, რა გაიგო და რა ვერ გაიგო. მონიშნეთ, რამდენი რამ იქნება ასახსნელი იმისთვის, რომ ბავშვმა ტექსტი გაიგოს და გაიაზროს (მაგალითად, ეს სიტყვები უმრავლესობისთვის დანამდვილებით ასახსნელი და განსამარტია როგორც ცალკე, ისე კონტექსტის გათვალისწინებით: ლეჩხუმი, შარა, იმერეთის ეპისკოპოსი, მიყრუებული, ხალხის დარიგება, ქრისტე, ქრისტეს მოძღვრება, ქადაგება, გულდამშვიდებული, მოეშურება, კრებული, მღვდელმთავარი, სადავე, ფიქრებით გატაცება, არქიელი, კარგა მანძილი, დამბაჩა…).
ახლა დავსვათ კითხვა – როდესაც მასწავლებელი ამ ტიპის ტექსტს აძლევს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს, რისი მოლოდინი აქვს? რა მიზნები აქვს დასახული? რას მიიღებს მოსწავლე ამ ტექსტიდან?
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სირთულის სამუშაოს შესრულებისას „ვერგაგების შტურმი“ მოსწავლეს თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს. დამხმარეს, რომელთან ერთადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლემ ეს ტექსტი უნდა შეასრულოს, ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – მან დაწვრილებით და ბავშვისთვის გასაგებად უნდა ახსნას სიტყვები – მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, კრებული, ქადაგება, ქრისტეს მოძღვრება…
წარუმატებლობისა და იმედგაცრუების ყოვლისმომცველი განცდა გარანტირებული აქვთ დამხმარესაც და მსწავლელსაც…
ახლა ვნახოთ კვლევები ამ მიმართულებით.
2018 წლის მარტში ჟურნალ „განათლების ფსიქოლოგიაში“[1] გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სასწავლო მიზნებით რთული ტექსტის კითხვა ანელებს კითხვის დასწავლის პროცესს და სწრაფი კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას აფერხებს. რთული ტექსტის კითხვა ნეგატიურად მოქმედებს გაგება-გააზრებასა და მასალის ათვისებაზე.
ტექსტის სირთულის დასადგენი კრიტერიუმებია: სიტყვების სიდიდე (კომპოზიტები, მრავალასოიანი და მრავალმარცვლიანი სიტყვები), წინადადებების სიგრძე, ცალკე აღებული ლექსიკური ერთეულები, მათი მნიშვნელობა, კონკრეტულია სიტყვები თუ აბსტრაქტული, რა რაოდენობითაა გამოყენებული სიტყვები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ/დარგობრივ ცოდნას და ა.შ.
„დაწყებითი განათლების საერთაშორისო ელექტრონულ ჟურნალში“ გამოქვეყნებული საინტერესო კვლევის[2] თანახმად, ლექსიკური სირთულე მასალის გაგებას ართულებს და ახანგრძლივებს, ამასთან, სინტაქსური კონსტრუქციების სირთულე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას გაგება-გააზრების აქტივობებზე.
ლექსიკურად რთულად მკვლევრები მიიჩნევენ სიტყვებს, რომლებიც იშვიათად ან აღარ გამოიყენება თანამედროვე მეტყველებაში, სიტყვებს, რომლებიც სპეციფიკური-დარგობრივი მნიშვნელობისაა. თუ ტექსტში ასეთი სიტყვების რაოდენობა მრავლადაა და საჭირო ხდება მათი განმარტება, ეს ახანგრძლივებს მეცადინეობის პროცესს, სიტყვების დეკოდირება-გაგების პროცესი კონტექსტის აღქმას უშლის ხელს, მოსწავლის ყურადღება, ემოციური რესურსი, ენერგია გაიხარჯება დიდი რაოდენობით სიტყვების განმარტებაზე, რაც მყისიერი ეფექტის მქონე აქტივობაა (მოსწავლე ახსნა-განმარტების შემდეგ, იმ მოცემულ მომენტში, გაიგებს სიტყვის მნიშვნელობას), მაგრამ ეს სიტყვები არ გადაინაცვლებს აქტიურ ლექსიკურ მარაგში და არც ცოდნის კონსტრუირებას უწყობს რამენაირად ხელს.
საინტერესოა ის, რომ ამ კვლევის თანახმად სინტქსური კონსრუქციების ტევრს მოსწავლე ადვილად აღწევს თავს, თუ სიტყვათა მნიშვნელობა მისთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ტექსტის ლექსიკურ შემადგენლობას და გაუგებარი სიტყვების რაოდენობას ენიჭება.
შესაბამისად, დაწყებით საფეხურზე ტექსტი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ეხმიანებოდეს ბავშვის ასაკობრივ ინტერესებს, იყოს შესაბამისი მისი განვითარების ეტაპის, არ იყოს გადატვირთული გაუგებარი სიტყვებით.
რას გრძნობენ მოსწავლეები, როდესაც მათ უწევთ ამ ტიპის ტექსტებთან გამკლავება?
სცადეთ, ამ დიალოგის წაკითხვა.
ბოლომდე რომ გავითავისოთ სიტუაციის სიმწვავე და მოსწავლის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი, შეასრულეთ ეს დავალებებიც:
- დაახასიათეთ დიალოგის თითოეული მონაწილე
- დაწერეთ მოკლე შინაარსი:
– ნასხლეტები აირახტებიან, – ამბობდა ვაგა, – და შავრა ფაშატის ნასერალზე სხლაპანს გაადენენ ბუზარებს. ეგ შენი ოცი ზორბა ხელეური. ბარემ ყიყლიყოებსაც არ აწყენდათ გაყირმიზება, მაგრამ ხელეურები მძიმედ იძვრიან, ამიტომ აქ დავკრათ ჭდური. ეს არის ჩვენი ლასარი.
დონ რებამ გაპარსული ნიკაპი მოისრისა.
– ვერ ღაზოობს ნაბეჭავი, – თქვა შეფიქრიანებულმა.
ვაგამ მხრები აიჩეჩა.
– ეს არის-მეთქი ჩვენი ლასარი. არა მგონია, შენს ბალაგვს ჩვენთან კირწაკორწა ეხამფერებოდეს. გაიბალთა?
– გაიბალთა, – გადაჭრით მიუგო გვირგვინის დაცვის მინისტრმა.
– ჰოდა, თასი თასს, – თქვა ვაგამ და წამოდგა[3].
თუ პროზაული ტექსტი გაგიჭირდათ, პოეტურსაც აქვე შემოგთავაზებთ. დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებში ისეთი ლექსებიც ხშირად გვხვდება, რომელთა ადგილი უფრო ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველ კურსზეა. ამიტომ, არ დავზოგოთ თავი და ყურადღებით წავიკითხოთ გია გოკიელის გენიალური თარგმანიც:
ტარტალოკი[4]
მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები
ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში,
საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,
ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.
“ტარტალოკის გეშინოდეს, შვილოსა
– კბილმკბენია, კლანჭკაწრა და ვერაგი;
ჯანჯაფრინვიც უკვე ფრთისრებს ილესავს,
ზარდალტაცს ვერ დაუსხლტება ვერავინ.”
მუსრიბული მოიმარჯვა ხრმალი მან,
გმირს ქიშპანთან მუღლაღობა ეწადა;
ციხესრიდან განერილტვა მალი-მალ,
ტუშტუშ ხის ქვეშ დაჯდა საფიქრელადა.
და როს იქ ჯდა სვიურ ფიქრით აღსავსე,
სალხი ტყიდან, სად იყო და სად არა,
გამოიჭრა ტარტალოკი თავნასი
ერთი-ორი და მთა-გორი შეძიგდა.
სხიპ-სხაპ! ყრმის ხრმალს ბჟვიალაპი გაჰქონდა.
ჟრიკი-ფრიკი, ელდა-ხრიკი, ჩეხი და –
ურჩხის თავი უფსკულახში გაგორდა.
“შენ განგმირე ტარტალოკი წყეული,
მო, ჩაგიკრა გულში, ძევ სხივიერო!
ვაშა ვაჟმაჟს, დღე გათენდა რთხეული,
სამარჯვებლო ერთად ვადიდხმიეროთ!”
მიმწუხარშდა. მოქნიალა სლუკები
ზილობდნენ და ძვრიალებდნენ მარეხვში,
საბუდავად ცხოვდნენ ბარდალუკები,
ვით ფშუნები სურდაბილის გარეშე.
როგორია?
რა შედეგით დამთავრდა თქვენი შერკინება გაუგებარი სიტყვებით სავსე ამ ტექსტებთან?
შემთხვევით, ბოჭვით ხომ არა?
სათაურსა და ფინალურ ფრაზაში გამოყენებული სიტყვის განმარტება:
ბოჭვა – რაგბი: როდესაც ბურთიანი მოთამაშე (მკითხველი რთული ტექსტით ხელში) შებოჭილია ერთი ან რამდენიმე მოწინააღმდეგის (მრავალი და კიდევ მეტი გაუგებარი სიტყვვის) მიერ და წაქცეულია მიწაზე (დათრგუნული, დამარცხებულია ტექსტთან უთანასწორო შერკინებაში).
[1] “Does Text Complexity Matter in the Elementary Grades? A Research Synthesis of Text Difficulty and Elementary Students’ Reading Fluency and Comprehension” by Steven J. Amendum, Kristin Conradi, and Elfrieda Hiebert was published in the Educational Psychology
[2] The Effects of Syntactic and Lexical Complexity on the Comprehension of Elementary Science Texts by Diana J. Arya, Elfrieda H. Hiebert, P. David Pearson, International Electronic Journal of Elementary Education
[3] „ძნელია ღმერთობა“, არკადი და ბორის სტრუგაცკები, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, გვ. 118, ქეთევან ნიკოლეიშვილის შესანიშნავი თარგმანი
[4] ლუის კეროლი – სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა, გია გოკიელის ბრწყინვალე თარგმანი