ყველა, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება და მათ ქცევაზე დაკვირვების საშუალება ეძლევა, დამეთანხმება, რომ უფროსებთან ურთიერთობისას ბავშვები შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც პატარები სიამოვნებით უსმენენ, რომელთა რჩევებსაც იღებენ, რომლებთან ურთიერთობაც უხარიათ და ადამიანები, რომლებთანაც პატარები ურთიერთობის არანაირ სურვილს არ გამოხატავენ, რომლებთან საუბარსაც კი გაურბიან. ამის მიზეზი მათდამი ბავშვის უნდობლობაა.
უფროსებსა და ბავშვებს შორის ნდობით აღსავსე ურთიერთობები თავისთავად არ ყალიბდება. ამისთვის მუშაობაა საჭირო. ამასთან, სასურველია, ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად ზრუნვა იმ დროიდანვე დავიწყოთ, როცა ის ჯერ კიდევ პატარაა და თავად ისწრაფვის ჩვენთან ურთიერთობისკენ. გვახსოვდეს, რომ ნდობაზე პასუხისმგებლობა ჩვენ, უფროსებს გვეკისრება.
ნიშნები, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ბავშვის ჩვენდამი ნდობა შერყეულია:
* ბავშვი ხშირად იკეტება თავის ოთახში და კატეგორიულად გვიკრძალავს იქ შესვლას;
* აღარ გვესაუბრება, საკუთარ თავზე აღარაფერს გვიყვება, აღარაფერს გვეკითხება, აღარაფერს გვთხოვს;
* არ გვაცნობს მეგობრებს, უარს ამბობს მათ შინ მოპატიჟებაზე;
* სრულიად უწყინარი კითხვებიც კი აღიზიანებს;
* კითხვაზე: „როგორ ხარ?“, „როგორ არის საქმე?“ – გვპასუხობს უხალისოდ ან საერთოდ არ გვპასუხობს;
* გაურბის პრობლემებზე საუბარს, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში „ყველაფერი რიგზეა“.
* სკოლაში მისი პრობლემების შესახებ ვიგებთ მასწავლებლისგან და არა თავად მისგან.
თუ თავიდანვე ვერ მოვახერხებთ ბავშვთან ნდობით აღსავსე ურთიერთობის დამყარება, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ჩვენი ურთიერთობის მუდმივი თანმხლები გახდეს.
როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა
(რეკომენდაციები)
* უპირველეს ყოვლისა, გვახსოვდეს, რომ ნდობის მოპოვება გაცილებით ადვილია, ვიდრე დაკარგული ნდობის აღდგენა.
* რა უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ ბავშვის ქცევით, პატივი ვცეთ მის პიროვნებას, ნუ შეურაცხვყოფთ მის ღირსებას, საუბრისას ვეცადოთ, თანაბარ პოზიციაში ვიყოთ მასთან.
* ვეცადოთ, არ მოვუწოდოთ ბავშვს ისეთი რამისკენ, რასაც თავად არ ან ვერ ვაკეთებთ. თუ ბავშვს ვეუბნებით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თავად კი მას პირს არ ვაკარებთ, არასწორად ვიქცევით და ბავშვის ქვეცნობიერს არასწორ გზავნილს ვაწვდით. ვეცადოთ, მივცეთ მაგალითი ჩვენი ქცევით, ჩვენი თვისებებით. ბავშვი ისეთ პიროვნებად უნდა აღგვიქვამდეს, რომლის სიტყვა და საქმე ერთია.
* ვისწავლოთ ბავშვის მოსმენა. გამოვნახოთ დრო მასთან სასაუბროდ. გვახსოვდეს, რომ მოსმენა ნდობის ქვაკუთხედია. რაც უფრო გულახდილად ვესაუბრებით ბავშვს, მით უკეთესად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. მოვუსმინოთ სიყვარულით, თანაგრძნობით, ნუ გავკიცხავთ, ნუ გავაკრიტიკებთ მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, რომელიც სხვა მოსაზრებას არ ცნობს. ვეცადოთ, თავი მის ადგილას წარმოვიდგინოთ.
* ვეცადოთ, ვიყოთ ბავშვთან გულწრფელი. პატარები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სიყალბის მიმართ. გულწრფელობა ძლიერი კავშირის და ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გულწრფელობა თანამოსაუბრისადმი პატივისცემასაც ნიშნავს. მაგალითად, თუ ექიმთან მიმავალი ბავშვი გვეკითხება, მტკივნეული ხომ არ იქნება ნემსის გაკეთება, ვუთხრათ სიმართლე მისი ასაკისათვის შესაფერისი ფორმით.
* ნუ გავტეხთ ბავშვისთვის მიცემულ სიტყვას. ნურც ისეთ რამეს დავპირდებით, რასაც ვერ შევუსრულებთ. დანაპირების შეუსრულებლობამ შესაძლოა დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ბავშვთან ჩვენს ურთიერთობაზე. თუ პატარას ვეუბნებით, რომ ვერ წავიყვანთ სასეირნოდ, რადგან სასწრაფო საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ჩვენ ნამდვილად ამ საქმით ვართ დაკავებული. თუ ასე არ მოვიქცევით, მას ყოველთვის შეეპარება ეჭვი ჩვენს სიტყვებში და დაფიქრდება იმაზე, შეიძლება თუ არა ჩვენი ნდობა. თუ ვატყობთ, რომ ამა თუ იმ მიზეზით დანაპირების შესრულებას ვერ ვახერხებთ, უმჯობესია, ბავშვს წინასწარ ვუთხრათ ამის შესახებ, მოვუბოდიოთ და ავუხსნათ, რამ შეგვიშალა ხელი.
* ბავშვისთვის დაწესებული აკრძალვები უნდა იყოს რეალური და განხორციელებადი. თუ რამე დააშავა, სანამ დავემუქრებით, ერთი კვირა კომპიუტერს არ მიგაკარებო, დავფიქრდეთ, შევძლებთ თუ არა მუქარის შესრულებას. გვახსოვდეს, რომ სასჯელის ადეკვატურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაპირების შესრულებით ჩვენს ავტორიტეტს გავაძლიერებთ.
* ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ ვითარებაში. თუ ბავშვის სიტყვებსა და ქმედებებზე ემოციურად ვრეაგირებთ, ვღიზიანდებით, ვბრაზობთ, ისიც ასევე მოიქცევა. დავიკავოთ გონიერი და მშვიდი ზრდასრულის პოზიცია, რათა ბავშვს მოუნდეს კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენგან რჩევის მიღება.
* ვაღიაროთ ბავშვის დამოუკიდებლობა. მივცეთ საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, უმარტივეს სიტუაციებში მაინც. მაგალითად, ნუ ვაიძულებთ ჭამას, თუ არ შია, იმ ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც არ მოსწონს, იმ თანატოლებთან მეგობრობას, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობს.
* მივიღოთ ბავშვის ემოციები კრიტიკის და საყვედურების გარეშე. ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, აქვს უფლება, იყოს მოწყენილი, სევდიანი, გახარებული, შეწუხებული. ნუ გავკიცხავთ და ნუ შევარცხვენთ ბავშვს მისი გრძნობების გამო, რა მიუღებელიც უნდა იყოს ისინი ჩვენთვის. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვართ, სიხარულშიც და მწუხარებაშიც.
* საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოვუხადოთ. ისე არაფერი აძლიერებს ნდობას, როგორც საკუთარი შეცდომების აღიარება. გვახსოვდეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, არც ჩვენ ვართ უნაკლო. რაც უფრო ადრე გავიაზრებთ ამას, მით უფრო ადვილი იქნება ბავშვთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყარება. თუ მასთან ნებით თუ უნებლიეთ შეცდომას დავუშვებთ, ბოდიშის მოხდის ნუ მოგვერიდება. ვაგრძნობინოთ, რომ ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა. ვაჩვენოთ, რომ ვენდობით. ეს საპასუხო ნდობას გამოიწვევს.
* ნუ ვისაუბრებთ ბავშვის ნაკლოვანებებზე სხვების თანდასწრებით – ეს ბავშვს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს და გულს ატკენს. თუ ანგარიშს არ გავუწევთ ბავშვის გრძნობებს, მის ნდობას ადვილად დავკარგავთ.
* მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ბავშვებს არ უყვართ მუდმივად მარცხის განცდა – შესაძლოა, საერთოდ დაკარგონ მოტივაცია. ვიზრუნოთ იმაზე, რომ პერიოდულად წარმატებულობის განცდაც გავუჩინოთ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისი დავალებების შერჩევით.
თუ დროულად დავიწყებთ მუშაობას ბავშვის ნდობის მოსაპოვებლად და სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენ შორის ადვილად ჩამოყალიბდება ნდობით აღსავსე ურთიერთობა, რაც მრავალი სირთულის თავიდან აცილების და უკვე არსებული პრობლემების წარმატებით დაძლევის საშუალებას მოგვცემს.