კოლეგიური დაკვირვება და თანამშრომლობითი კულტურა მასწავლებლის პროფესიონალიზმისთვის საჭირო 5 უმთავრესი კომპონენტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია (დანარჩენი ოთხია: კარიერული შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები, პრესტიჟი და რეპუტაცია, პასუხისმგებლობა და ავტონომია) – გვეუბნება მასწავლებლების, სკოლის ლიდერებისა და სკოლებში სასწავლო გარემოს შესახებ ჩატარებული საერთაშორისო, ფართომასშტაბიანი კვლევა TALIS 2018 (The Teaching and Learning International Survey) (OECD, 2020).
TALIS-ის გარდა, სხვა არაერთი კვლევა (მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული) გამოკვეთს სკოლებში კოლეგებს შორის თანამშრომლობის უდიდეს სარგებელს როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ასევე, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.
ჩვენი ჟურნალის მოცემული ნომრის ძირითადი ფოკუსიც სწორედ კოლეგებს შორის თანამშრომლობა, სასკოლო კოლეგიური კულტურაა.
ამ ნომერში გიამბობთ ერასმუს+-ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის – COSERE-ს შესახებ, რომელიც სასკოლო თანამშრომლობას, კოლეგიურ კულტურას იკვლევს და მიზნად ისახავს სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას წევრი ქვეყნებისათვის (და არა მხოლოდ!).
გაგაცნობთ ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილ სახელმძღვანელოს, რომლის მომდევნო ნაწილებსაც ჟურნალის შემდგომ ნომრებში შეხვდებით.
მოცემულ ნომერში ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გენდერულად მგრძნობიარე გარემოს მნიშვნელობასა და შემოქმედებითი აზროვნების მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგებზე, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
და იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელი გამოწვევებით გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე, ამ ნომრით კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ, რამდენის გაკეთება შეგვიძლია ერთმანეთისთვის თანადგომით, თანამშრომლობით, ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელით, მაღალი კოლეგიური კულტურით, რომლის წარმატება და სარგებელი სხვა არავისზე, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!
რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი
დიზაინერი : ბესიკ დანელია
ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური
ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან: